Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

ლეგიტიმურ კრიტიკაზე გაღიზიანების გამო ქართველი ხალხის არჩეულ წარმომადგენლებზე გერმანიის ელჩის თავდასხმები ღრმად არაევროპული ქცევაა, მნიშვნელოვანია, ამგვარი თავდასხმები შეწყდეს-შალვა პაპუაშვილი

ლეგიტიმურ კრიტიკაზე გაღიზიანების გამო გერმანიის ელჩის პერიოდული თავდასხმები ქართველი ხალხის არჩეულ წარმომადგენლებზე თავისი არსით და ფორმით ღრმად არაევროპული ქცევაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი თავდასხმები შეწყდეს.

„კრიტიკის „ცუდად საუბრად“ შერაცხვა არის სწორედაც საბჭოური და არა ევროპული აზროვნება.

ევროპა გულისხმობს ღიაობას კრიტიკისთვის და არა კრიტიკული აზრის ჩახშობას. ის, რომ ევროკავშირი დიდია და ჩვენ იქ გაწევრიანება გვსურს, არავის აძლევს უფლებას, აგვიკრძალოს, გავაკრიტიკოთ ის, რაც კრიტიკას იმსახურებს.

ლეგიტიმურ კრიტიკაზე გაღიზიანების გამო გერმანიის ელჩის პერიოდული თავდასხმები ქართველი ხალხის არჩეულ წარმომადგენლებზე თავისი არსით და ფორმით ღრმად არაევროპული ქცევაა. მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი თავდასხმები შეწყდეს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა: „ვფიქრობ, თუ გსურთ, შეუერთდეთ ისეთ ორგანიზაციას, როგორიცაა ევროკავშირი, არ არის კარგი იდეა, მასზე ცუდად ილაპარაკოთ“.

რა ეღირება დოლარი და ევრო 17 მაისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7415 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7415 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7425 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0010 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0686 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0732 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0046 ლარი შეადგინა.

“თურქიშ ეარლაინსი” საქართველოს მიმართულებით დამატებით ხუთ ფრენას დანიშნავს

„თურქიშ ეარლაინსი“ თბილისის მიმართულებით დამატებით – ორ, ბათუმის მიმართულებით კი დამატებით სამ ფრენას დანიშნავს, ხოლო ჯამში, საქართველოსა და თურქეთს შორის კვირაში 48 რეისს განახორციელებს. ინფორმაციას ამის შესახებ „თურქიშ ეარლაინსი“ ავრცელებს.

ავიაკომპანიის ცნობით, გაფართოების შედეგად თბილისის მიმართულებით კვირაში – 34, ბათუმის მიმართულებით კი კვირაში 14 რეისი დაინიშნება, რაც მგზავრებს სთავაზობს უფრო მეტ მოქნილობასა და წვდომას თურქული ავიახაზების უნიკალურ გლობალურ ქსელთან სტამბოლის აეროპორტის გავლით.

„თურქიშ ეარლაინსის“ საქართველოს ოფისის მენეჯერმა, ქენან ინჯემ განაცხადა, რომ ახალი სიხშირეების დამატება ასახავს საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ მნიშვნელოვან საჰაერო ხიდს ტურიზმის, ვაჭრობისა და კულტურის მიმართულებით.

„ხუთი ახალი სიხშირის დამატება ასახავს ჩვენს მტკიცე რწმენას საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობასა და მზარდ საბაზრო პოტენციალზე.

48 ყოველკვირეული რეისით ქართველ მოგზაურებს ვანიჭებთ მეტ შესაძლებლობას და კიდევ უფრო ვაძლიერებთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მნიშვნელოვან საჰაერო ხიდს ტურიზმის, ვაჭრობისა და კულტურის მიმართულებით გამოცდილების გაცვლისთვის“,- აღნიშნა ინჯემ.

„თურქული ავიახაზების ბილეთები საქართველოში და საქართველოდან ფრენებისთვის ხელმისაწვდომია ავიაკომპანიის ოფიციალური ვებგვერდის, მობილური აპლიკაციის, სავაჭრო ოფისებისა და ავტორიზებული ტურისტული სააგენტოების მეშვეობით“, – წერს ავიაკომპანია.

ირაკლი კობახიძე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას მიწვევით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას მიწვევით, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მონაწილეობს.

სამიტის მონაწილე ლიდერებს ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა მასპინძლობს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ისაუბრებს მთავარ გზავნილებზე, რაც ქვეყნის ძირეულ ეროვნულ ინტერესებს უკავშირდება.

„სამიტზე ევროპიდან ყველა ქვეყნის ლიდერი იქნება წარმოდგენილი. მექნება საშუალება, სიტყვით გამოვიდე მრგვალი მაგიდის ფორმატში. ამ ფორმატს ასევე გამოვიყენებთ იმისთვის, რომ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს გავესაუბროთ. ბუნებრივია, საუბარი გვექნება ჩვენი ქვეყნის მთავარ გზავნილებზე, რაც ჩვენს ძირეულ ეროვნულ ინტერესებს უკავშირდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაური EPC-ს რიგით მე-6 კონფერენციის გახსნით სესიას დაესწრო, რომლის შემდეგ კონფერენციის მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-6 სამიტში 50-მდე ქვეყნის ლიდერი, ევროპული და საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელები მონაწილეობენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა გაიმართა

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრა გაიმართა.

ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეექვსე სამიტში მონაწილეობენ.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე, სამშვიდობო ხელშეკრულებასა და სხვა საკითხებზე. ორი ქვეყნის ლიდერებს შორის ცალკე შეხვედრის შემდეგ მათ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები – არარატ მირზოიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი შეუერთდნენ.

“სტამბოლოს სამშვიდობო მოლაპარაკებაზე, რომელიც თვითონ კრემლის მიერ იქნა ინიცირებული,  ვლადიმერ პუტინის არყოფნა დიალოგის ჩაშლას არ ნიშნავს”-The Independent

ბრიტანულ გაზეთ „ინდეფენდენთის“ (The Independent) 16 მაისის ნომერში გამოქვეყნებულია ცნობილი ჟურნალისტის მერი დეჟევსკის სტატია სათაურით “სტამბოლოს სამშვიდობო მოლაპარაკებაზე, რომელიც თვითონ კრემლის მიერ იქნა ინიცირებული,  ვლადიმერ პუტინის არყოფნა დიალოგის ჩაშლას არ ნიშნავს”. ავტორის აზრით, თუ მხარეებს მართლაც სერიოზულად სურთ მშვიდობის მიღწევა, მაშინ მოილაპარაკებენ, დოკუმენტის პროექტს შეიმუშავებენ, რომლებსაც შემდეგ პრეზიდენტები ხელს მოაწერენ.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ბევრისთვის სტამბოლში დაგეგმილი რუსულ-უკრაინული შეხვედრის წინ მთავარი კითხვა ასე ჟღერდა – ჩავიდოდა თუ არა თურქეთში ვლადიმერ პუტინიც? ახლა უკვე ნათელია, რომ რუსეთის პრეზიდენტი სტამბოლში არ გაემგზავრება. რა თქმა უნდა, უკრაინელმა ლიდერმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არ დააყოვნა რუსეთი დელეგაცია პუტინის გარეშე „ბუტაფორიულ შემადგენლობის“ მქონედ ჩათვალა. თუმცა წესით პუტინის არყოფნამ მოლაპარაკების წარმატებას ხელი არ უნდა შეუშალოს.

როცა ერთი კვირის წინ დონალდ ტრამპმა სამომავლო შეხვედრის შესახებ განაცხადა, რუსეთის პრეზიდენტმა, რომელსაც ასევე ჰქონდა ნათქვამი – „პირდაპირი შეხვედრა წინასწარი პირობების გარეშე გაიმართებაო“, ვოლოდიმირ ზელენსკისაგან გამოწვევა მიიღო: „მე მხოლოდ იმ შემთხვევაში დავთანხმდები მოლაპარაკებას, თუ ჩემს წინ მხოლოდ პირადად პუტინი დაჯდებაო“. კრემლი ბოლო მომენტამდე დუმილს ინარჩუნებდა – არც ადასტურებდა და არც უარყოფდა პრეზიდენტის მონაწილეობას და მხოლოდ სამიტის წინა დღეს, როცა რუსული დელეგაციის შემადგენლობა გამოცხადდა, აშკარა გახდა, რომ ვლადიმერ პუტინი სტამბოლში არ მიდიოდა და მოსკოვში რჩებოდა.

მაგრამ ამ სიტუაციას ორი მნიშვნელოვანი ნიუანსი აქვს:

პირველ რიგში ის, რომ თავიდანვე ნაკლებად სავარაუდოდ ჩანდა ვლადიმერ პუტინის გამგზავრება სტამბოლში, თანაც ესოდენ მოკლე ვადაში. ტრადიციულად, მსოფლიოს დიდი ლიდერებისათვის (ალბათ, დონალდ ტრამპის გამოკლებით) ერთკვირიანი ვადა არასაკმარისია საზღვარგარეთული ვიზიტის მოსამზადებლად. ყველას კარგად მოეხსენება, რომ კრემლი და პირადად ვლადიმერ პუტინი უცხოურ ვიზიტებს წინასწარი მტკიცე მომზადების გარეშე არ ახორციელებს, ყოველ საპრეზიდენტო ვიზიტს წინ უძღვის მინიმუმ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მაინც, ნებისმიერი მოულოდნელობები რომ გამორიცხული იყოს.

ვლადიმერ პუტინისათვის კარგად არის ცნობილი ვოლოდიმირ ზელენსკის პიარ-ტალანტი და ის სიმპათიები, რომლითაც დასავლეთში უკრაინელი ლიდერი სარგებლობს. ამასთან დაკავშირებით კრემლს ორმაგი სიფრთხილით უწევს მოქმედება, რომ ყველანაირ ხაფანგ-მახეებს თავი აარიდოს.. ერთ-ერთი ასეთი მახე იყო დონალდ ტრამპის შეთავაზება 30-დღიან ზავზე, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მცირე ყოყმანის შემდეგ, მხარი დაუჭირა. კრემლისათვის კი ეს მოულოდნელი იყო, რუსეთის ხელმძღვანელობას სიურპრიზები არ უყვარს. შესაბამისად, საეჭვო ჩანდა, რომ ვლადიმერ პუტინი დათანხმებოდა ისეთ ერთთვიან ზავს, რომლის დროსაც უკრაინისათვის დასავლური იარაღის მიწოდების შეწყვეტა გარანტირებული არ იქნებოდა. ასეა თუ ისე, რუსეთ-უკრაინის დელეგაციათა მოლაპარაკება 16 მაისს მაინც გაიმართება, თუნდაც შედარებით დაბალ დონეზე და არ არის გამორიცხული სასიკეთო შედეგის მიღწევა. მოლაპარაკების პერსპექტივა დადებითად შეფასდა ნატოს გენმდივნის მარკ რიუტეს მხრიდანაც, რომელიც 15 მაისს თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ ერდოღანს შეხვდა. როგორც ჩანს, მატულობს იმის გააზრება, რომ კონფლიქტი თავის დასასრულს უახლოვდება. თუ სტამბოლში მხარეები მართლაც მოილაპარაკებენ, არ არის გამორიცხული, რომ დონალდ ტრამპი შეძლებს მოულოდნელი სიუჟეტური შემობრუნების განხორციელებას – ზელენსკისა და პუტინს ერთმანეთს შეახვედრებს. ამ ეტაპზე მათი რანდევუ ნაკლებსავარაუდოდ ჩანს, მაგრამ საბოლოო ხელის ჩაქნევაც ნაადრევი იქნებოდა.

მეორე ნიუანსი ეხება რუსეთის დელეგაციის დონეს სტამბოლის მოლაპარაკებაზე, რომელიც ზოგიერთმა ევროპელმა ლიდერმა გააკრიტიკა, მათ შორის ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლემმაც, რომლის თქმით, კრემლი თავისი მოქმედებით ვოლოდიმირ ზელენსკის იმიჯს „ამცირებს და დიპლომატიურ შეურაცხყოფას აყენებსო“. ასეთი კრიტიკა მაინცდამაინც სამართლიანი არ არის, რადგან ვოლოდიმირ ზელენსკი აშკარად ემზადებოდა სხვადასხვა ვარიანტებისათვის: მან თურქეთში ჩასვლით თავისი საქმეც გააკეთა – რეჯეფ ერდოღანს შეხვდა (ვლადიმერ პუტინის ჩასვლა-არჩასვლის მიუხედავად). მას ასევე შეუძლია სტამბოლში გამგზავრება – იგი მიჩვეულია ასეთი სწრაფი რეჟიმის მქონე ვიზიტებს. თავის მხრივ, რუსეთის დელეგაცია შედგება ძირითადად მინისტრების მოადგილეებისაგან, მაგრამ ეს ფორმატი სავსებით მოსალოდნელი ჩანდა  – ასე იყო 2022 წლის მარტ-აპრილშიც, როცა რუსეთის ჯარები კიევთან იდგნენ.

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ნებისმიერი დონის პირდაპირი მოლაპარაკების ფაქტი დიდ დათმობას წარმოადგენს უფრო მეტად უკრაინისათვის, ვიდრე რუსეთისათვის. კიევი ხანგრძლივი დროის განმავლობაში უარს აცხადებდა რუსეთთან ნებისმიერ კონტაქტებზე, თუმცა ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა ვლადიმერ პუტინს სტამბოლში შეხვედროდა. კრემლის დელეგაციის საკვანძო ფიგურას ვლადიმერ მედინსკი წარმოადგენს, რაც მოსკოვის განზრახვის სერიოზულობას ადასტურებს. მედინსკი ოფიციალურად მხოლოდ კულტურის საკითხებშია პუტინის თანაშემწე, მაგრამ 2022 წლის მარტ-აპრილის მოლაპარაკების დროსაც რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი იყო. როგორც ცნობილია, იმ დროს მხარეებმა წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს საომარი მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე, მაგრამ მოგვიანებით დოკუმენტს ხელი არ მოეწერა და გარიგება ჩაიშალა. მოლაპარაკების ჩაშლის მიზეზები დღემდე საკამათოა, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ომი გაგრძელდა, ორივე მხრიდან მსხვერპლი კატასტროფულად გაიზარდა და ახლა მშვიდობის მიღწევა უფრო გართულებულია, ვიდრე იმ დროს. რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა იმას აჩვენებს, რომ მოსკოვი სტამბოლის შეხვედრაში 2022 წელს შეწყვეტილი პროცესის გაგრძელებას ხედავს. კაცმა რომ თქვას, ეს გარემოება არც უკრაინისთვის არის ცუდი. მართალია, რუსეთმა მიაღწია გარკვეულ პროგრესს ტერიტორიების დაკავებაში, მაგრამ ამით კრემლის დღევანდელი პირობები 2022 წლის მარტ-აპრილის პირობებისაგან მაინცდამაინც დიდად არ განსხვავდება; რუსულენოვანი მოსახლეობის დაცბა (ე.წ. „დენაციფიკაცია“), უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის ოთხი რეგიონის გადაცემა რუსეთისათვის, ყირიმის მიერთების აღიარება და კრემლის მთავარი მარადიული მოთხოვნა – უკრაინის ოფიციალური უარი ნატოს წევრობაზე (დასაშვებია ევროკავშირში მიღება).

მართალია, უკრაინისათვის ასეთი პირობები მიუღებლად ითვლება იმდენად, რამდენადაც აკანონებს ქვეყნის ტერიტორიულ დანაკარგებს, მაგრამ თუ ისინი ადრეც დღის წესრიგში იყვნენ შეტანილნი, ახლაც შეიძლება მათი განხილვა, მით უმეტეს, რომ რუსეთს ამჟამადაც უპირატესი პოზიციები აქვს.

თუ ამას დავამატებთ ათასობით ბავშვის დაბრუნებას უკრაინაში, რომელთა უკანონო გაყვანას ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიევი მოსკოვს აბრალებდა (ეს ფაქტი პუტინისათვის დაპატიმრების ორდერის გამოწერის ერთ-ერთი მიზეზი გახდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ), მაშინ შეიძლება ისეთი შეთანხმების კონტურები დავინახოთ, რომელიც უკრაინას დაეხმარება დარჩეს დამოუკიდებელ, სუვერენულ და პროდასავლურ სახელმწიფოდ.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის მეშვიდე სეზონი წინანდლის ისტორიულ მამულში 4-14 სექტემბერს გაიმართება.  ტრადიციულად, წინანდლის ფესტივალი მუსიკის მოყვარულებს პანკავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად, მსოფლიოს წამყვან მუსიკოსებს, გამოჩენილ დირიჟორებს და სოლისტებს წარუდგენს.

2025 წლის სეზონს პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის თანხლებით გახსნიან ფესტივალის მხატვრული ხელმძღვანელი ჯანანდრეა ნოზედა და პიანისტი ბეჰზოდ აბდურაიმოვი, რომელიც მსოფლიოს წამყვან ორკესტრებთან და ცნობილ დირიჟორებთან თანამშრომლობს. ლეგენდარული დირიჟორი ზუბინ მეტა წელს წინანდალს კვლავ ეწვევა და მალერის პირველი სიმფონიით 14 სექტემბერს საზეიმოდ დახურავს ფესტივალს.

წლევანდელ სოლისტებს შორის არიან პიანისტები ბეჰზოდ აბდურაიმოვი, გიორგი გიგაშვილი, ალექსანდრა დოვგანი, ჟულიენ კვენტინი, ნიკოლაი ლუგანსკი, ანდრას შიფი და ცოტნე ზედგინიძე; მევიოლინეები მარკ ბუშკოვი, მიშელ გუტმანი, დანიელ ლოზაკოვიჩი და იემენ საადი; ვიოლონჩელისტები მიშა მაისკი, ჯინგ ჟაო და პაბლო ფერანდესი; კონტრაბასისტი ბრენდან კეინი და ალტისტი სარა ფერანდესი.

წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონში იერუსალიმის კვარტეტი პირველად მიიღებს მონაწილეობას, სუხიშვილების ეროვნული ბალეტი კი ტრადიციულად წელსაც ესტუმრება ფესტივალს.

გაეცანით ფესტივალის დეტალურ პროგრამას.

თიბისი კონცეპტის Mastercard ბარათის მომხმარებლებს, წინასწარი გაყიდვების ფარგლებში, 15 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, შესაძლებლობა გექნებათ შეიძინოთ ფესტივალის ფარგლებში გათვალისწინებული ნაკრებები* და ბილეთები 25%-მდე ფასდაკლებით.

*ნაკრების შესაძენად გთხოვთ, დაუკავშირდეთ კონცეპტ ასისტენტს.

ბილეთების შესაძენად, ეწვიეთ ბმულს.

წინასწარი გაყიდვის ამოწურვის შემდეგ, ნაკრებებსა და ბილეთებზე გავრცელდება 15%-მდე ფასდაკლება მხოლოდ თიბისი კონცეპტის Mastercard ბარათებზე.

®

 

 

ტელეფონით ჩატარებული არჩევნები დედამიწის ზურგზე არავის გაუგი -არჩილ გორდულაძე

ტელეფონით ჩატარებული არჩევნები დედამიწის ზურგზე არავის გაუგია, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

არჩილ გორდულაძემ კომენტარი გააკეთა პაატა ბურჭულაძის გუშინდელ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა, რომ „ტელეფონებით არჩევნები, სავარაუდოდ, სექტემბერში ჩატარდება“.

გორდულაძის შეფასებით, ეს არასერიოზულია.

„აგენტურის წარმომადგენლებმა რაღაც ხომ უნდა თქვან? სათქმელი რომ არაფერი აქვთ, უტოპიაში გადავიდნენ – ტელეფონით ჩატარებული არჩევნები დედამიწის ზურგზე არავის გაუგია. ისინი აბსოლუტურ ნონსენსზე საუბრობენ. თავი სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს. როცა საუბრობენ, რომ არჩევნებზე ბიულეტენებმა გაჟონა და ხმის ფარულობა დაირღვა, ტელეფონით ჩატარებული არჩევნებში რა შეიძლება მოხდეს და რა რისკები შეიძლება არსებობდეს? ეს ყველაფერი არასერიოზულია. ეს ადამიანები სასაცილო მდგომარეობაში არიან, მათ სათქმელი არაფერი აქვთ და აბსოლუტურ ნონსენსზე საუბრობენ. ზოგადად, პაატა ბურჭულაძეს ასეთი განცხადებები სჩვევია“, – აღნიშნა გორდულაძემ.

“ლონდონის საფონდო ბირჟა უმასპინძლებს საქართველოს საინვესტიციო ფორუმს, რომელშიც 180-ზე მეტი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიიდან”- ირაკლი ნადარეიშვილი

ლონდონში საქართველოს საინვესტიციო ფორუმი ტარდება, რომელსაც ლონდონის საფონდო ბირჟა მასპინძლობს. შესაბამისად, განხილული იქნება ის საინვესტიციო გარემო, რომელსაც ქვეყანა გლობალურ ინვესტორებს სთავაზობს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, რომელიც საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობს.

გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი საქართველოს საინვესტიციო ფორუმს მესამედ მასპინძლობს. ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, ლონდონში ფორუმის მიმართ ამჯერადაც ძალიან მაღალი ინტერესია.

„ღონისძიებაზე 180-ზე მეტი წარმომადგენელია დარეგისტრირებული სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიებიდან და ჯგუფებიდან. მოლოდინი გვაქვს, რომ ფორუმი წელსაც ძალიან საინტერესო და პროდუქტიული იქნება“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

საქართველოს დელეგაცია საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ლონდონში პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით იმყოფება. ლონდონში იმყოფებიან ქვეყნის ეკონომიკური უწყებების და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირები, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები.

ირაკლი ნადარეიშვილი საქართველოს საინვესტიციო შეთავაზებაზე საუბრისას ყურადღებას რამდენიმე მთავარ მიმართულებაზე ამახვილებს – ბიზნესის კეთების სიმარტივე, საგადასახადო გარემო, ასევე ის მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რომელსაც ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია, განსაკუთრებით რეგიონში დღემდე არსებული გლობალური გამოწვევების ფონზე.

„ის მაჩვენებელი, რომ ჩვენი საინვესტიციო პორტფელის 60%-ზე მეტი არის რეინვესტირება, კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ინვესტორები საქართველოს განიხილავენ არა როგორც მხოლოდ სტაბილური ეკონომიკის ქვეყანას, არამედ როგორც საკუთარი ზრდის პლატფორმას. ეს არის სწორედ ის მიზეზი, რის გამოც ჩვენ, უკვე მესამე წელია, ვიკრიბებით ლონდონში, რომ ვესაუბროთ ინვესტორებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ“, – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.  

საერთაშორისო მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA მსოფლიოში მიმდინარე ჰიპერტენზიის კამპანიას წელსაც უერთდება

GM PHARMA-ს ორგანიზებით პაციენტებს საქართველოს მასშტაბით უფასო სამედიცინო კონსულტაციით და კვლევებით სარგებლობა შეუძლიათ.

ჰიპერტენზიის მსოფლიო დღე არის გლობალური ჯანდაცვის საინფორმაციო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას მაღალი არტერიული წნევის რისკების შესახებ და ხაზს უსვამს რეგულარული მონიტორინგისა და ჯანმრთელი ცხოვრების წესის მნიშვნელობას. ჰიპერტენზია წარმოადგენს გულის დაავადებებისა და ინსულტის ერთ-ერთ მთავარ რისკფაქტორს და მსოფლიო მასშტაბით მილიარდზე მეტ ადამიანს აწუხებს.

მსოფლიო ჰიპერტენზიის დღე (WHD) 2005 წელს დაარსდა ჰიპერტენზიის მსოფლიო ლიგის (WHL) მიერ. მისი მთავარი მიზანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ჰიპერტენზიის შესახებ და პრევენციული სკრინინგის წახალისება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეს მდგომარეობა ხშირად სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს და პაციენტები ექიმს უკვე სერიოზული გართულებებით მიმართავენ.

სწორედ ამიტომ, ჰიპერტენზიის მსოფლიო დღის მთავარ გზავნილს – „გაიზომე და აკონტროლე წნევა, გაიხანგრძლივე სიცოცხლე!“ – საერთაშორისო მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA უკვე წლებია უერთდება. კომპანია აქტიურად აწყობს უფასო გამოკვლევებსა და სკრინინგებს, რაც მიზნად ისახავს მოსახლეობის აქტიურ ჩართულობასა და მათი ინფორმირებულობის გაზრდას.

GM PHARMA-ს მიერ ორგანიზებული უფასო გასინჯვების კამპანია ეტაპობრივად ტარდება საქართველოს მასშტაბით პარტნიორ კლინიკებში. აღსანიშნავია, რომ GM PHARMA, როგორც საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია, მსგავს აქტივობებს პარალელურად უზბეკეთსა და ტაჯიკეთშიც ახორციელებს.

საქართველოში უფასო გასინჯვები უკვე დაიწყო რუსთავში, თელავში, ქუთაისსა და მესტიაში. თბილისში მოქალაქეებს უფასო კონსულტაციების მიღების შესაძლებლობა ექნებათ ორ კლინიკაში – „ნიუ ჰოსპიტალსსა“ და „ჩაფიძის გულის ცენტრში“. ჰიპერტენზიის მსოფლიო კამპანიას უერთდება გორიც.

GM PHARMA-ს შეთავაზების ფარგლებში, პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ შემდეგი უფასო სამედიცინო მომსახურებით:

  • კარდიოლოგის კონსულტაცია
  • ელექტროკარდიოგრაფია (ე.კ.გ.)
  • ექოკარდიოსკოპია (საჭიროებისამებრ)

როგორც GM PHARMA-ს აღმასრულებელი დირექტორი, ბ-ნი ლევან ვარდუაშვილი აღნიშნავს, „ჰიპერტენზია მრავალი კარდიოვასკულარული გართულების წინაპირობაა, ასევე ჰიპერტენზია გულ-სისხლძარღვთა იმ ქრონიკულ დაავადებას განეკუთვნება, რომლის პრეპარატები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამაშია ჩართული.

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში აქტიურად არის წარმოდგენილი  GM PHARMA-ს მედიკამენტებიც. სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა სოციალურად დაუცველ პირებს, პენსიონერებს, ვეტერანებს, შშმ პირებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას შეუძლია. შესაბამისად ჩვენ ვეცადეთ, უფასო გასინჯვების პროექტის ფარგლებში მაქსიმალურად მოგვეცვა ყველა შესაძლო კატეგორია  და მაქსიმალურად ხელი შეგვეწყო უკვე არსებული ჰიპერტენზიის  გამოვლენისთვის და აგრეთვე ცნობიერების გაზრდისათვის.

ასევე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ კომპანიის კვლევა განვითარების ლაბორატორიაში მიმდინარეობს ახალ პრეპარატებზე მუშაობა, რაც იმას ნიშნავს რომ დამატებით ადგილობრივ და უცხოურ ბაზარზე სადაც GM PHARMA ოპერირებს გამოჩნდება ახალი პრეპარატები, რაც დაავადებებთან ბრძოლას კიდევ უფრო გაამარტივებს. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ადამიანების ჯანმრთელობაა! GM PHARMA-ს სლოგანიც ხომ შესაბამისია: ვემსახურებით მათ ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება.“

®

ნარკოდანაშაულის ბრალდებით, თბილისში 5 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ქვემო ქართლსა და სამეგრელოში რვა პირი
დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, მათ შორის ორი „კანონიერი ქურდია“.

„„ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე დაკავებული არიან: 1982 წელს დაბადებული გ.ს., 1989 წელს დაბადებული ა.ქ., 1982 წელს დაბადებული ვ.ს., მეტსახელად „პოვერა“, 1991 წელს დაბადებული გ.რ., 1980 წელს დაბადებული ო.მ., მეტსახელად „გეგე“, და წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირები: 1978 წელს დაბადებული მ.ჩ., 1985 წელს  დაბადებული ბ.შ. და 1978 წელს დაბადებული ლ.ც.

რაც შეეხება საზღვარგარეთ მცხოვრებ, 1982 წელს დაბადებულ ბაჩანა ნადარეიშვილს, მეტსახელად „ბაჩო ტბილისკის“ და 1979 წელს დაბადებულ მანუჩარ გასვიანს „კანონიერი ქურდობისთვის” წარედგინათ ბრალი, ხოლო 1978 წელს დაბადებულ თ.რ.-ს „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისთვის“.

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული „ქურდული სამყაროს“ წევრები და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის
მხარდამჭერები პირადი სარგებლის მიღების მიზნით მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში ერთვებოდნენ.

ბრალდებულები საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ და ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად შეკრებებს აწყობდნენ“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება

ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება. პროექტი უკვე მეცხრე წელია იმართება და ის ქვეყანაში,  ბიზნესის კეთების პოპულარიზაციასთან ერთად, ბიზნესსოციუმის განვითარებას და ბიზნესების წარმატების ისტორიების საზოგადოებისთვის გაცნობას ისახავს მიზნად.

წლევანდელი ბიზნესდაჯილდოება ბევრი საინტერესო სიახლით ბრუნდება, მათ შორის ახალი ნომინაციებით. ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ბიზნესებს 5 კატეგორიაში შეუძლიათ დარეგისტრირება:

  1. საუკეთესო პროდუქტი
    2. საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი
    3. გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა
    4. გამორჩეული როლი რეგიონში
    5. საუკეთესო ფრილანსერი

გამარჯვებულებისთვის სამი კატეგორიის პრიზია დაწესებული. თითოეულ მათგანს შესაძლებლობა ექნება, საკუთარი ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე, თავად შეარჩიოს სამი ჯილდოდან ერთ-ერთი:

  • ახალი ვებ-გვერდი
  • ბრენდინგი
  • საკომუნიკაციო მხარდაჭერა

ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულებს სხვადასხვა დარგის ექსპერტებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს. გამარჯვებულების ვინაობა, ივლისის თვეში, დასკვნით ღონისძიებაზე გახდება ცნობილი.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა, ასევე, სასურველ ნომინაციაში დარეგისტრირება შესაძლებელია ბიზნესდაჯილდოების ვებგვერდზე:                                      ბიზნეს დაჯილდოება 2025 .

წელს, პროექტის მთავარი პარტნიორია – Visa. მხარდამჭერი –  აჭარა ჯგუფი. ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მედიამხარდამჭერები არიან: Marketer.ge, BMG, On.ge და Entrepreneur Georgia.

(R)