Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

არ ვეთანხმებით “ძლიერი საქართველოს” გადაწყვეტილებას  “არჩევნებში” მონაწილეობის შესახებ, ეს მათი არჩევანი კი არის, მაგრამ ყველა დანარჩენის პოლიტიკური რისკია – “თავისუფლების მოედანი”

არ ვეთანხმებით „ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას „არჩევნებში“ მონაწილეობის შესახებ, – ამის შესახებ აღნიშნულია პარტიის, „თავისუფლების მოედანი“ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „თავისუფლების მოედანი“ ფოკუსირებული იქნება ბოიკოტზე.

„არ ვეთანხმებით „ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას „არჩევნებში“ მონაწილეობის შესახებ. ეს მათი არჩევანი კი არის, მაგრამ ყველა დანარჩენის პოლიტიკური რისკია. ამის მიუხედავად, არ ვაპირებთ, მომავალი თვეები შიდაოპოზიციური ბრძოლის ველად ქცევას დავუთმოთ, ჩვენი მთავარი სამიზნე რუსული პარტიის „ქართული ოცნებაა“.

„თავისუფლების მოედანი“ ფოკუსირებული ვიქნებით აქტიური ბოიკოტის და ალტერნატიული, დემოკრატიული და ინკლუზიური პოლიტიკური პროცესის ორგანიზებაზე. ჩვენს რესურსებს სწორედ ამისკენ მივმართავთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩვენებზე „თავისუფლების მოედანი“ „ლელოსთან“ ერთად იყო კოალიციაში „ძლიერი საქართველო“.

“ლელოს”შეცდომა ქვეყანას დაუჯდება მაღალი ფასი, საერთაშორისო პარტნიორებთან გამოიწვევს გაუგებრობას, უპატიებელი შეცდომაა -ხატია დეკანოიძე

ლელოს“ შეცდომა ქვეყანას დაუჯდება მაღალი ფასი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.

დეკანოიძე ეხმაურება კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.

დეკანოიძის შეფასებით, ეს არის უპატიებელი შეცდომა.

„საერთაშორისო პარტნიორებთან გამოიწვევს გაუგებრობას; საქნციების პროცესი შეიძლება, შეჩერდეს და კიდევ უფრო დიდი ძალისხმევა დაგვჭირდეს ივანიშვილის და მისი კარტელის წინააღმდეგ ფინანსურ სანქციებზე; სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ჩვენს საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ძალიან, ძალიან დიდი, უპატიებელი შეცდომაა“, – წერს დეკანოიძე.

კოალიცია „ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

დანაშაულია ამ არჩევნების ადგილობრივ არჩევნებად იდენტიფიცირება, ეს არის დე ფაქტო არჩევნებში ბრძოლა, დე ფაქტო ხელისფულებასთან დე ფაქტო არჩევნებში ბრძოლა გამოგვიცხადებია, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს კოალიცია „ძლიერი საქართველო“ აკეთებს თავის განაცხადს, ოფიციალურად და დეკლარირებულად იწყებს ბრძოლას საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.

„მრავალკვირიანი მოლაპარაკებების მცდელობების, კომუნიკაციის, იმედის პირობებში, ჩვენ ეს გადაწყვეტილება გადავავადეთ. „ძლიერ საქართველოს“ აქვს თავისი გზა და ამ გზიდან ვერავინ გადაგვიყვანს, განსაკუთრებით ივანიშვილის სათამაშო პრეზიდენტი. ეს გზა არის უკომპრომისო ბრძოლა ყველა შესაძლო ველზე. დღეს, კოალიცია „ძლიერი საქართველო“ აკეთებს თავის განაცხადს. ოფიციალურად და დეკლარირებულად იწყებს ბრძოლას თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის. ჩვენ რუსულ რეჟიმთან შევდივართ ბრძოლაში. ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას სხვა ველზეც. დანაშაულია ამ არჩევნების ადგილობრივ არჩევნებად იდენტიფიცირება. ეს არის დე ფაქტო არჩევნებში ბრძოლა. დე ფაქტო ხელისფულებასთან დე ფაქტო არჩევნებში ბრძოლა გამოგვიცხადებია, ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე და ეს ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე“, – განცხადა ირაკლი კუპრაძემ.

პოლიციამ თბილისში დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1984 წელს დაბადებული ი.ე. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას ორ პირს: 1982 წელს დაბადებულ რ.ს.-ს და 1984 წელს დაბადებულ მ.ღ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.

სამართალდამცველებმა ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ი.ე. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

როგორი ამინდი იქნება 5 ივლისს საქართველოში

5 ივლისს ქუთაისში დღისით +23 და ღამით +16 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები წვიმიან ამინდს ვარაუდობენ.

წვიმას ელოდებიან ოზურგეთშიც, დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17. ბათუმშიც ნალექიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

იწვიმებს ფოთშიც. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +22, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექიანი დღეა სოხუმში. +21 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც წვიმაა, დღისით +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც ნალექიანი დღე იქნება. ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

იწვიმებს ჭიათურაში, დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც ნალექიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება.

ნალექიანი დღეა ბორჯომში, +22 იქნება დღისით, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში ნალექიანი დღეა. დღისით +24 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ცხინვალში, ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. დღის განმავლობაში +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება. ომალოში იწვიმებს, დღისით +18, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში წვიმიანი ამინდია. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი ამინდი იქნება თელავში, სადაც დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში ნალექიან ამინდს ელოდებიან. დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში წვიმიანი დღე იქნება. დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში ნალექიანი ამინდი იქნება. დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

რა გახდა რუსთავში მომხდარი ავარიის მიზეზი – ახალი დეტალები

დღეს საღამოს რუსთავში ავარია მოხდა. ავტომობილი მოულოდნელად ტროტუარზე შევარდა, იქ მდგომ ახალგაზრდა კაცს დაეჯახა, შემდეგ კი აფთიაქში შევარდა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, მას სავარაუდოდ მცირე მოტეხილობა აღენიშნება.

თვითმხილველები ამბობენ, რომ მანქანაში ორი ახალგაზრდა იჯდა. მძღოლი იმავე კორპუსში ცხოვრობს, სადაც პირველ სართულზე აფთიაქია გახსნილი. ახალგაზრდა მამაკაცს ბავშვობიდან ეპილეფსიის დიაგნოზი აქვს და როგორც თავად მძღოლმა თქვა, მას იმ დროს შეტევა დაემართა, რაც ავარიის მიზეზი გახდა.  

დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, არ დაშავებულან მანქანაში მსხდომნი და არც აფთიაქის თანამშრომლები.  დაზიანებულია აფთიაქის ინფრასტრუქტურა.

5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

იყავით ფრთხილად, შესაძლოა, ძველმა მეგობარმა თქვენზე შური იძიოს. სერიოზულს ნურაფერს დაგეგმავთ, ყველაფერი, შესაძლოა, მომენტალურად შეიცვალოს.

კურო

მთავარი საკითხები სახლსა და ოჯახს უკავშირდება. ბევრ სიახლეს ელოდეთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ცვლილებები კარგია გონიერების ფარგლებში. თვალი გაუსწორეთ რეალობას.

ტყუპები

საინტერესო საქმიან წინადადებებს შემოქმედებითად მიუდექით და რისკს ნუ შეუშინდებით. ახლა ყველაფერს შეძლებთ და მცდელობა ღირსეულად დაგიფასდებათ.

კირჩხიბი

ელოდეთ პერსპექტიულ, საქმიან ნაცნობობას, მაგრამ საჭიროა, გათავისუფლდეთ შინაგანი დაძაბულობისგან, ამისთვის კი თვითშეფასების ამაღლება აუცილებელია.

ლომი

შესაძლოა, დღეს, რომელიმე მნიშვნელოვანი საკითხი საკმაოდ წარმატებულად გადაჭრათ. პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენს ავტორიტეტს.

ქალწული

შესაძლოა, დღეს, მძაფრი გარჩევების წინაშე აღმოჩნდეთ, თუმცა, საბოლოოდ, პირად თუ საქმიან საკითხებში, შეთანხმებასა და ურთიერთობების გაუმჯობესებას ელოდეთ.

სასწორი

კარდინალური ცვლილებების დიდი ალბათობაა, ოჯახური მდგომარეობა უმჯობესდება, ნუ დაიშურებთ  კეთილგანწყობის გამოხატვას ირგვლივ მყოფთა მიმართ.

მორიელი

ნაკლები დრო დაუთმეთ ყოყმანს და ეჭვებს, იმოქმედეთ, იყავით დარწმუნებული, რომ თქვენ ყველაფერს მოაგვარებთ, გამოყავით დრო დასვენებისა და გართობისთვის.

მშვილდოსანი

თავი შეიკავეთ გადამეტებული გართობისგან, განსაკუთრებით კი, ალკოჰოლისგან, ასევე, სპორტის ექსტრემალური სახეობებისგან. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს.

თხის რქა

მკაცრად დაიცავით ჰიგიენის წესები, ამასთან, სჯობს, დღეს, თავი შეიკავოთ სალონებსა და სხვადასხვა ესთეტიკურ დაწესებულებებისგან.

მერწყული

ნუ დაუპირისპირდებით მეგობრებს და მაქსიმალურად შეეცადეთ, მეტი ყურადღება დაუთმოთ დოკუმენტებთან მუშაობას, რათა თავიდან აიცილოთ შეცდომები და წარმატებით განახორციელოთ მოგებიანი პროექტი.

თევზები

დააფასეთ და პატივი ეცით თქვენს შრომას, მეტი ოპტიმიზმით და თავდაჯერებით იმოქმედეთ. ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ წარიმართება.

თუ მათთვის არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის მიმართვას თაკილობენ, ამავე პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას როგორ აპირებენ? – თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის განცხადებაზე

თუ მათთვის არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის მიმართვას თაკილობენ, ამავე პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას როგორ აპირებენ?, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი,“ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებას, რომელმაც მსჯავრდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზება უარყო.

შარმანაშვილის თქმით, ოპოზიციას აღნიშნული შეთავაზებით არავინ ევაჭრება და მათ გზა შესთავაზეს.

“არავინ ევაჭრება, გზა შესთავაზეს. თუ ამ მათთვის არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის მიმართვას თაკილობენ, ამავე პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას როგორ აპირებენ?” – წერს თენგიზ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.

მიხეილ ყაველაშვილი მსჯავრდებულ პოლიტიკოსებს სთავაზობს, მიმართონ შეწყალების შესახებ განცხადებით და დაადასტურონ საკუთარი სურვილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, რის შემთხვევაშიც დაუყოვნებლივ გამოსცემს აქტს მათი შეწყალების თაობაზე.

მიხეილ ყაველაშვილს უპასუხა “ლელო-ძლიერი საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ და განაცხადა, რომ მისი კოალიცია არ აპირებს შეწყალების განცხადებით მიმართოს “არალეგიტიმურ პრეზიდენტს” და დასძინა, რომ მას მიუთითებენ “გზას რუსული ხომალდის მიმართულებით”. მან მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზებას უწოდა “სასაცილო და უბადრუკი მცდელობა, ივაჭროს პოლიტიკური ლიდერების თავისუფლებით” და განაცხადა, რომ “ლელო – ძლიერი საქართველო” “ვაჭრობაში არ შედის რუსულ რეჟიმთან”.

ამასთან, კუპრაძემ დასძინა, რომ საპატიმროს წესებისა და დროის ფაქტორის გათვალისწინებით, მისი განცხადება არ არის შეთანხმებული პატიმრობაში მყოფ ლიდერებთან, თუმცა სწამს, რომ “ეს არის 100%-ით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პოზიცია”.

“არანაირი შეწყალების მიმართვა არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის არ იქნება. ჩვენ მას მივუთითებთ გზას რუსული ხომალდის მიმართულებით”,- განაცხადა კუპრაძემ.

ახლო აღმოსავლეთი განსაზღვრავს მსოფლიო პოლიტიკის მომავალს – ავთანდილ წულაძე

ისრაელსა და ირანს შორის 12-დღიანი ომის დასრულების შემდეგ, ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლავ დაძაბული რჩება. ირანი არ თანხმდება ბირთვული პროგრამის გაუქმებაზე. ირანის ბირთვულ ობიექტებზე ამერიკული დარტყმების შედეგებიც გაურკვეველია. მთლიანად განადგურებულია თუ მხოლოდ ნაწილობრივ დაზიანებულია ირანის ურანის წარმოების ობიექტები? ამ საკითხმა შეერთებულ შტატებში დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის მწვავე დებატები გამოიწვია.

ირანი გაურკვევლობის ფაქტორს იყენებს შეერთებული შტატების წინააღმდეგ საინფორმაციო ომისთვის და მოლაპარაკებების პოზიციების გასაძლიერებლად. მსოფლიო მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ირანმა 400 კილოგრამი 60%-ით გამდიდრებული ურანი საიდუმლო მიწისქვეშა საცავებში დამალა, სანამ ამერიკული საჰაერო ძალები ბირთვულ ობიექტებზე დარტყმას განახორციელებდნენ.

ახლო აღმოსავლეთში გავლენის სფეროების გადანაწილება აისახება სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებზე. რუსეთის კონფლიქტი აზერბაიჯანთან და სომხეთთან რეგიონში თურქეთის დიპლომატიური აქტივობის ფონზე მიმდინარეობს. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ცდილობს სომხეთისა და აზერბაიჯანის შერიგებას რუსეთის მონაწილეობის გარეშე. რუსეთმა ბაქოსა და ერევანზე ზეწოლის გაზრდით უპასუხა. საქართველო ჯერჯერობით დიდ სახელმწიფოებს შორის კონფლიქტების გვერდით რჩება. თუმცა, ამჟამინდელ პირობებში სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ზესახელმწიფოების ბრძოლაში ნეიტრალიტეტის შენარჩუნება შეუძლებელია.

უკრაინაში ომიც შორს არის დასასრულისგან. დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის ბოლო სატელეფონო საუბრის შემდეგ, რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა. ეს მოსკოვისგან ვაშინგტონისთვის სიგნალია, რომ რუსეთი არ აპირებს ზავის პირობების დათმობას. ეს ასევე დარტყმაა ტრამპის იმიჯისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ პუტინთან საუბრის წინა დღეს აშშ-მ უკრაინაში იარაღის მიწოდება შეაჩერა. ტრამპი სუსტად გამოიყურება. აშშ-ს მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის მედია ეფექტი უკვე გავიდა.  ამავდოულად, რუსეთი ბრძოლის ველზე თავდასხმებს აძლიერებს, ჩრდილოეთი კორეა უკრაინაში საბრძოლველად 30 000 ჯარისკაცს აგზავნის, ირანი კი უარს ამბობს ბირთვული პროგრამის შეჩერებაზე და ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობაზე მიანიშნებს.

ახლო აღმოსავლეთი ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის მთავარ რეგიონად რჩება. ამერიკელი ანალიტიკოსები კამათობენ იმის შესახებ, თუ რა მეთოდები უნდა გამოიყენოს აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში. ჟურნალმა Foreign Affairs-მა გამოაქვეყნა ანალიტიკოს ჯეფრი ჯეიმსის სტატია სახელწოდებით „როგორ შეუძლია ტრამპს საქმის დასრულება ირანსა და ახლო აღმოსავლეთში“.

სტატიაში ავტორი აღნიშნავს, რომ აშშ-ის პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში ათწლეულების განმავლობაში დიდად წარმატებული არ ყოფილა. ამერიკა რეგიონში დაძაბულობის შემცირებას მხოლოდ გარკვეული ხნით ახერხებდა, მაგრამ შემდეგ კონფლიქტები კვლავ იწყებოდა.

ჯეფრი ჯეიმსის თქმით, ახლა რეგიონის სტაბილიზაციის საუკეთესო დროა, რადგან ირანის მარიონეტული ძალები და თავად ირანი დასუსტებულნი არიან. სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ ტრამპს აქვს ისტორიული შანსი, დაასუსტოს ირანი იმდენად, რომ ის საფრთხეს არ შეუქმნის მეზობელ ქვეყნებს. ჯ.ჯეიმსი მხარს უჭერს ირანზე ეკონომიკურ ზეწოლას და საჭიროების შემთხვევაში სამხედრო ძალის გამოყენების იდეას. ასევე მნიშვნელოვანია აშშ-ს ახლო აღმოსავლეთის არაბულ სახელმწიფოებთან  ურთიერთობა. ეს ქვეყნები დაინტერესებულნი არიან რეგიონული სტაბილურობითა და ეკონომიკური განვითარებით.

ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ კავკასიაში შემდგომი განვითარება გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება მსოფლიო პოლიტიკისთვის. მას შემდეგ, რაც იმპერატორმა კონსტანტინემ რომის იმპერიის დედაქალაქი კონსტანტინოპოლში გადაიტანა, ეს რეგიონი მნიშვნელოვან როლს თამაშობს საერთაშორისო პოლიტიკაში.

ავთანდილ წულაძე, პოლიტოლოგი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. საუკეთესო 15 კომპანია, 5 ნომინაციაში გამოვლინდა და მათ ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს ჯილდოები გადაეცათ. ღონისძიება „რადიო ქალაქში“ გაიმართა და მას 600-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა.

ღონისძიებაზე, სპეციალურად პროექტისთვის შერჩეულმა ჟიურიმ, რეკორდული რაოდენობის მონაწილე 443 ბიზნესიდან, საუკეთესოები დაასახელა შემდეგ ნომინაციებში:

1.საუკეთესო პროდუქტი

  • კატეგორიის გამარჯვებული Theatre Factory 42 • თეატრი სახელოსნო 42 გახდა, რომელიც ექსპერიმენტული მეთოდებით მაყურებლებს უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს;
  • მეორე ადგილი ქართულმა ტანსაცმლის ბრენდმა – Reckless • რექლეს-მა დაიკავა, რომელიც ახალ თაობას ინდივიდუალიზმის გამოხატვაში ეხმარება;
  • მესამე ადგილზე კი კონცეპტუალური რესტორნებისა და ბუტიკ სასტუმროების ქსელი – Communal Hotels გავიდა.

2.საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი 

  • ნომინაციის გამარჯვებული სტარტაპი Tasteit გახდა, რომელიც საკვების გარშემო შექმნილი სოციალური ქსელია და ადამიანებს რეალურ ცხოვრებაში აკავშირებს;
  •  მეორე ადგილი დაიკავა სტარტაპმა – „QACanvas“. კომპანია QA ინჟინრებს უზრუნველყოფს ხელოვნური ინტელექტის ასისტენტით, რომელიც ამარტივებს ტესტის სცენარების გენერაციასა და მართვას;
  • მესამე ადგილი კი, სტარტაპმა – Awork • ევორქი-მა დაიკავა, რომელიც ახალი თაობაზე ორიენტირებული დასაქმების ციფრულ პლატფორმაა.

3.გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა

  • ნანა ჯანაშიას სახელობის ნომინაციაში – გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა  გამარჯვებული გახდა კაფე მზიური Cafe Mziuri, რომელიც ემსახურება ინკლუზიური და საგანმანათლებლო საზოგადოებრივი სივრცის შექმნას;
  • მეორე ადგილი დაიკავა Adamiani • ადამიანი-მა, რომელიც სხვადასხვა მასალის გადამუშავებით ქმნის ყოველდღიურ ნივთებს;
  • მესამე ადგილზე  სოციალური კონცეფციის მაღაზია – Social Concept Store ESKI გავიდა, რომელიც აერთიანებს სოციალური საწარმოების ხელნაკეთ პროდუქციას.

4.გამორჩეული როლი რეგიონის განვითარებაში

  • რეგიონის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მთავარი ჯილდო გადაეცა ღვინის ტესტირების თანამედროვე ლაბორატორია აგროლაბი – AgroLab-ს;
  • ამავე კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავა სამთო სასტურმო AltiHut-მა, რომელიც 3014 მეტრ სიმაღლეზე დამსვენებლებს უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს;
  • მესამე ადგილზე კი Agrometa • აგრომეტა გავიდა, რომელიც ფერმერებს მაღალტექნოლოგიური აგრო-დრონების სერვისს სთავაზობს.

5. საუკეთესო ფრილანსერი

  • ნომინაციის გამარჯვებული მხატვარი და დიზაინერი მანანა არაბულია, რომელიც უნიკალური წიგნების დიზაინით არის ცნობილი;
  • კატეგორიაში მეორე ადგილი გიორგი მესხმა დაიკავა, რომელიც სტარტაპებს საერთაშორისო წარმატების მიღწევაში ეხმარება;
  • მესამე ადგილი გიგა მეტრეველმა დაიკავა, რომელიც სტარტაპებს ზრდისა და განვითარებისთვის კონსულტაციებს სთავაზობს.

გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა სასტუმრო Le Méridien Batumi-ს, რომელიც სისტემურად ახორციელებს ინკლუზიურ აქტივობებს ქალთა გაძლიერების კუთხით

მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის სპეციალური ჯილდო კი ვინტაჟური ტანსაცმლის მაღაზია, Vintylator ვინტილატორი-ს გადაეცა, რომელიც გარემოს დაცვითი აქტივობებისა და მდგრადი მოხმარების პოპულარიზაციას ეწევა

ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულებისთვის სხვადასხვა პრიზია დაწესებული. თითოეულ მათგანს შესაძლებლობა ექნება, საკუთარი ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე, თავად შეარჩიოს ჯილდოდან ერთ-ერთი, მათ შორის: ახალი ვებ-გვერდის შექმნა, ბრენდინგი, საკომუნიკაციო მხარდაჭერა და სხვა.

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის  მთავარი პარტნიორია – Visa. მხარდამჭერები –  აჭარა ჯგუფი, Tegeta Business. მედიამხარდამჭერები: Marketer.ge, BMG, On.ge და Entrepreneur Georgia.

ვთავაზობ ყველა მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შეწყალების თაობაზე – მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილი მსჯავრდებულ პოლიტიკოსებს სთავაზობს, მიმართონ შეწყალების შესახებ განცხადებით და დაადასტურონ საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, რის შემთხვევაშიც დაუყოვნებლივ გამოსცემს აქტს მათი შეწყალების თაობაზე.

ყაველაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” გავრცელებულ განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია, 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და ყველა პარტიამ შეძლოს სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარება.

„ზუსტად სამ თვეში, 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელშიც საქართველოს მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულო უნდა აირჩიოს. მნიშვნელოვანია, ამ არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არის რეგისტრირებული და არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოხატავს. ასევე მნიშვნელოვანია, სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარება ყველა პოლიტიკურმა პარტიამ შეძლოს.

როგორც საზოგადოებას მოეხსენება, რამდენიმე პოლიტიკური პარტიის კონკრეტული ლიდერები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იხდიან სასჯელს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. ამ გარემოების გათვალისწინებით, ვთავაზობ ყველა შესაბამის მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ამგვარი განცხადებით მომართვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე”, – წერს ყაველაშვილი “ფეისბუქზე”.

დონალდ ტრამპთან შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ ჩვენი ცის დაცვის გასაძლიერებლად – ზელენსკი

JPG resized with https://ezgif.com/resize

დონალდ ტრამპთან ვისაუბრეთ შესაძლებლობებზე საჰაერო თავდაცვაში და შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ ჩვენი ცის დაცვის გასაძლიერებლად. შესაბამისი განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ კოლეგა, დონალდ ტრამპტან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ X-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

ამასთან, ზელენსკის თქმით, დეტალურად ისაუბრეს თავდაცვითი ინდუსტრიის შესაძლებლობებზე და ერთობლივ წარმოებაზე. ზელენსკის განცხადებით, შეთანხმდნენ უკრაინა-აშშ-ს გუნდების შეხვედრაზე.

“ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი საუბარი მქონდა აშშ-ის პრეზიდენტთან. პრეზიდენტ ტრამპსა და მთელ ამერიკელ ერს შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე მივულოცე.

ჩვენ, უკრაინაში, მადლობელები ვართ მთელი მოწოდებული დახმარებისთვის. ის გვეხმარება სიცოცხლის დაცვაში, ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვაში. ბევრს მივაღწიეთ ამერიკასთან ერთად და მხარს ვუჭერთ ყველა ძალისხმევას, მკვლელობების შესაჩერებლად და სამართლიანი, მყარი და ღირსეული მშვიდობის აღსადგენად. კეთილშობილი შეთანხმებაა საჭირო მშვიდობისთვის.

დღეს მიმდინარე ვითარება განვიხილეთ, მათ შორის რუსეთის ავიადარტყმები და უფრო ფართო ფრონტის ხაზის მოვლენები. პრეზიდენტი ტრამპი ძალიან კარგადაა ინფორმირებული, და მადლობას ვუხდი მას უკრაინისადმი ყურადღებისთვის. ვისაუბრეთ შესაძლებლობებზე საჰაერო თავდაცვაში და შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ ჩვენი ცის დაცვის გასაძლიერებლად. ასევე ჩვენი გუნდების შეხვედრაზე შევთანხმდით.

დეტალური საუბარი გვქონდა თავდაცვითი ინდუსტრიის შესაძლებლობებზე და ერთობლივ წარმოებაზე. შეერთებულ შტატებთან პირდაპირი პროექტებისთვის მზად ვართ და გვჯერა, რომ ეს კრიტიკუალდ მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება დრონებსა და დაკავშირებულ ტექნოლოგიებს”, – წერს ზელენსკი.