Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

,, საარჩევნო პროცესში გარე ჩარევის ყველა მცდელობა განწირულია წარუმატებლობისთვის,”- პრემიერი

დღეს ჩვენ გვაქვს დაახლოებით 60 პროცენტი, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები ამ არჩევნებში ვერავითარ წარმატებას ვერ მიაღწევენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სანქციების დაწესებაც არის საარჩევნო პროცესში გარე ჩარევა.

„ვიღაცას აქვს იმედი, რომ სანქციებით, რაღაცნაირად, აიწევა ოპოზიციის პროცენტები, შესაბამისად, დაიწევს „ქართული ოცნების“ პროცენტი. ეს არის, რეალურად, ინტერესი. არიან გარკვეული ძალები, რომელთაც აქვთ ეს ინტერესი. ესენი არიან იგივე ძალები, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოში ომის გაჩაღებას 2022 წელს განსაკუთრებით, ამის შემდეგაც, თუმცა საბოლოო ჯამში, ყველა ეს მცდელობა არის განწირული წარუმატებლობისთვის. საბოლოოდ, არჩევნები დასრულდება ისე, როგორც შედის ეს ქართული საზოგადოების, ქართველი ხალხის ინტერესებში – ძალიან მყარად გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“. 60 პროცენტზე მეტი გვინდა ავიღოთ და დღეს გვაქვს დაახლოებით 60 პროცენტი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ასეთი ძალები, ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები ამ არჩევნებში ვერავითარ წარმატებას ვერ მიაღწევენ“, – განაცხადა პრემიერმა.

,,თუ ამას დაემატება კიდევ ერთი ნაბიჯი, მოგვიწევს პრინციპულად მსჯელობა გარკვეული პოზიციების გადახედვაზე”- კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ სანქციებს კიდევ ერთი ნაბიჯი დაემატება, საქართველოს ხელისუფლებას „გარკვეული პოზიციების გადახედვასთან დაკავშირებით პრინციპული მსჯელობა მოუწევს“.

ჟურნალისტის შესაბამის კითხვაზე, კობახიძე არ აკონკრეტებს რა პოზიციების გადახედვას გულისხმობს, თუმცა იმედოვნებს, რომ მომავალში აშშ მსგავს გადაწყვეტილებას აღარ მიიღებს.

„იმედი მაქვს, გუშინწინდელი გადაწყვეტილება [სანქციებზე] იქნება ბოლო, ურთიერთობის დანგრევის მიმართულებით. იმედი მაქვს, ასეთი გადაწყვეტილება მომავალში აღარ იქნება მიღებული. ეს იმედი გამოვთქვი ელჩთან შეხვედრაზე. მინდა, ელჩს მადლობა გადავუხადო მისი კონსტრუქციული დამოკიდებულებისთვის. თუმცა, როგორც ჩანს, მისი კონსტრუქციული დამოკიდებულება არაა საკმარისი, რომ მთლიანობაში ჯანსაღი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული, რაც ძალიან სამწუხაროა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, სანქციებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დანგრევისკენაა მიმართული.

„ასეთი ნაბიჯები, გადაწყვეტილებები, ხელს არ უწყობს ურთიერთობების გადატვირთვას. 4 წლის განმავლობაში ამ ურთიერთობებში იყო სერიოზული სირთულეები. ძირითადად წინა ელჩის საქმიანობა განაპირობებდა ამ სირთულეებს. ასეთ პირობებში, ამ ფონზე ურთიერთობების გადატვირთვა ძალიან მნიშვნელოვანია. ამას ესაჭიროება ჯანსაღი და სამართლიანი მიდგომა, თუმცა ასეთი სანქციები, გადაწყვეტილებები ხელს არ უწყობს ურთიერთობების გადატვირთვას, მით უმეტეს, როდესაც სანქციები უწესდებათ მაღალი რანგის პოლიციელებს, ადამიანებს, რომლებიც აგვისტოს ომში იბრძოდნენ. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს უკიდურესი შეურაცხყოფა. ეს ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია. შეშფოთება გამოვხატე ამერიკის ელჩის მიმართ და მკაფიოდ დავაფიქსირე ერთი რამ – თუ ამას დაემატება კიდევ ერთი ნაბიჯი, მოგვიწევს პრინციპულად მსჯელობა გარკვეული პოზიციების გადახედვასთან დაკავშირებით. პრინციპულად მიუღებელია არა პარტნიორული დამოკიდებულება ისეთი სახელმწიფოს მხრიდან, რომელსაც ეწოდება არა მხოლოდ პარტნიორი, არამედ სტრატეგიული პარტნიორი. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, იმოქმედონ რაციონალურად, სამართლიანად. ეს წაადგება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს.

რაც შეეხება ნაბიჯს, რომელიც გადაიდგა [სანქციებს], მიმართულია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დანგრევისკენ. ვის შეიძლება აწყობდეს ეს, თავად შეგიძლიათ იმსჯელოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, კობახიძე ფიქრობს, რომ სანქციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებული არაა.

„ვხედავთ, რომ ბაიდენი არ იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს. სამწუხაროდ, არსებობს ოლიგარქიული პრობლემები და ამის შედეგია ის უსამართლო გადაწყვეტილებების, რომელიც მიიღება. დარწმუნებული ვარ, ბაიდენი საქმის კურსშიც კი არაა ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, აშშ-მა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირები და ექსტრემისტები დაასანქცირა. კერძოდ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და ორ კერძო პირს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ დასანქცირდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“ და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე.

გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო შეზღუდვებს აწესებს საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ.

 ,,სურთ ცრუ განცხადებებით გადაფარონ საკუთარი დანაშაული – მეხსიერება არ იშლება” – პრემიერი

კიდევ ერთხელ უნდა განიმარტოს, რომ საქართველოს ტერიტორიების მთლიანობის აღდგენის 2 გზა არსებობს: ერთი გზა არის ომი, მეორე გზა არის შერიგება. ვინც შერიგებას უპირისპირდება, ის ავტომატურად მიდის ომისკენ , – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს ცრუ განცხადებებით გადაფაროს საკუთარი დანაშაული, რაც არ გამოუვა, რადგან „არსებობს არქვი, რომელიც ინახავს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით თუ როგორ დაიწყო სამხედრო მოქმედებები 7 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმმა“.

„მოღალატეობრივი იყო ის დანაშაული, რომელიც ამ ადამიანებმა [ნაციონალური მოძრაობა} 2008 წლის აგვისტოში ჩაიდინეს. მათ სურთ ცრუ განცხადებებით გადაფარონ საკუთარი დანაშაული, თუმცა არ გამოუვათ, საზოგადოებამ ყველაფერი იცის ამ ომთან დაკავშირებით, როგორ დაიწყო, მანამდე რა მოხდა, როგორ თანმიმდევრობით მიდიოდა ამ ყველაფრისკენ სააკაშვილის რეჟიმი, საბოლოო ჯამში რა გააკეთეს მათ 7 აგვისტოს . სინამდვილეში ყველამ ყველაფერი იცის. მეხსიერება არ იშლება, ყველას მძიმედ გვახსოვს თითოეული წამი, წუთი , რაც ხდებოდა 7 აგვისტოს, ამას ხომ ვერ წაშლილი?! ასევე არსებობს არქვი, რომელიც ინახავს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით თუ როგორ დაიწყო სამხედრო მოქმედებები 7 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმმა.

რაც შეეხება შერიგებას, აქ კიდევ ერთხელ უნდა განიმარტოს, რომ საქართველოს ტერიტორიების მთლიანობის აღდგენის 2 გზა არსებობს: ერთი გზა არის ომი, მეორე გზა არის შერიგება. ვინც შერიგებას უპირისპირდება, ის ავტომატურად მიდის ომისკენ. ისინი არიან ომის პარტია, ჩვენ სხვა დღის წესრიგი გვაქვს. შერიგება მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ძმათა მკვლელი ომი გვქონდა, შეიძლება მოხდეს მხოლოდ ურთიერთ პატიების საფუძველზე. ეს იმდენად აქსიომური ჭეშმარიტებაა, რომ მისი გაპროტესტება შეიძლება მოხდეს ისეთი ძალების მხრიდან , რომლებიც დაფუძნებულები არიან სიცრუეზე , ძალადობაზე ,ეს ჩვენთვის მიუღებელია“,- განაცხადა კობახიძემ.

,,კაცი უნდა იყოს კაცი, ქალი უნდა იყოს ქალი, კაცს უნდა ერქვას კაცი და ქალს უნდა ერქვას ქალი და ამასაც გვიცხადებენ რუსულ კანონად – ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი მოვლენა” – პრემიერი

ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონი ეძღვნება ტრადიციული ქრისტიანული ფასეულობების, ოჯახის ინტერესების, არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას. როცა ამაშიც კი ეძებ უარყოფით მხარეს, ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც არასწორი გინდა ამ ქვეყნისთვის , – ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპა, პირველ რიგში, გამჭვირვალობას, ტრადიციულ ფასეულობებს, ქრისტიანულ ფასეულობებს ნიშნავს.

„ჯერ ჩვენ მივიღეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი ფუნდამენტური, ევროპული პრინციპი და სრულიად უტიფრად ეს კანონი გამოგვიცხადეს რუსულ კანონად. ახლა ჩვენ მივიღეთ მეორე კანონი, რომელიც აწესრიგებს უმარტივეს რამეს, კაცი უნდა იყოს კაცი, ქალი უნდა იყოს ქალი, კაცს უნდა ერქვას კაცი და ქალს უნდა ერქვას ქალი და ამასაც გვიცხადებენ რუსულ კანონად. ეს არის კიდევ ერთი აბსოლუტურად გაუგებარი მოვლენა. არ შეიძლება ქართული საზოგადოების აღქმაში ევროპა ასოცირდებოდეს გაუმჭვირვალობასა და ლგბტ პროპაგანდასთან, ეს არასწორია. ეს, რა თქმა უნდა, არ წაადგება ევროკავშირის იმიჯს ქართულ საზოგადოებაში. ჩვენს აღქმაში, რა თქმა უნდა, ევროპა ნიშნავს, პირველ რიგში, გამჭვირვალობას, ტრადიციულ ფასეულობებს, ქრისტიანულ ფასეულობებს. საუკუნეების განმავლობაში ქართველები იმიტომ მიილტვოდნენ ევროპისკენ, რომ ჩვენ გვაერთიანებდა საერთო ქრისტიანული ტრადიციები და ქრისტიანული კულტურა. როცა ამის საპირისპიროდ შენ გეუბნებიან, რომ ევროკავშირი დღეს, თითქოს, არის ქრისტიანული ტრადიციების საპირისპირო მოვლენა, ეს მიუღებელია. გვჯერა, რომ რაც აერთიანებს ევროპას, ეს არის, პირველ რიგში, სწორედ ქრისტიანული ფასეულობები. სწორედ ამას ეძღვნება ის კანონი, რომელიც მიღებულია. ეძღვნება ტრადიციული ქრისტიანული ფასეულობების, ოჯახის ინტერესების, არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას. როცა ამაშიც კი ეძებ უარყოფით მხარეს, ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც არასწორი გინდა ამ ქვეყნისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

„გიორგი გახარიას შევთავაზეთ, რომ ამ გაერთიანებაში შემოვიდეს თანაბარსწორუფლებიან პარტნიორად“ – გახარია-ხაზარაძეს შორის მორიგი შეხვედრა დასრულდა

მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის მორიგი შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. მათ პოლიტიკურ გაერთიანებაზე იმსჯელეს. როგორც გახარიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მამუკა ხაზარაძემ დამატებითი დრო ითხოვა, რომ გარკვეული საკითხები საკუთარ გუნდთან შეათანხმოს.

მედიასთან კომენტარი გააკეთა ხაზარაძემაც. მისი თქმით, გახარიას „თანაბარსწორუფლებიან პარტნიორად“ შესთავაზა კოალიციაში შემოსვლა. „ლელოს“ ლიდერს აღნიშნულთან დაკავშირებით, დამატებითი განმარტება არ გაუკეთებია.

„ლელოს ბაზაზე ახალი გაერთიანება შევქმენით, სადაც გვყავს კოალიციური პარტნიორები. ვუსმენ და ვითვალისწინებ მათ აზრს და შესაბამისად, მათთან შეთანხმების გარეშე მე დამოუკიდებლად ნაბიჯს არ გადავდგამ. ბატონ გიორგის შევთავაზეთ, რომ ამ გაერთიანებაში შემოსულიყო თანაბარსწორუფლებიან პარტნიორად, შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს. არჩევნებამდე გვინდა მოქალაქეებს ვაჩვენოთ, როგორ გამოიყურება კოალიცია“, – განაცხადა ხაზარაძემ.

საქართველოში ეკონომიკა მთლიანად ივანიშვილს ემსახურება – ზურაბ ჭიაბერაშვილი

კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივნის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, საქართველოში ეკონომიკა ხალხისთვის არ მუშაობს, “ეკონომიკა მთლიანად ბიძინა ივანიშვილს ემსახურება”.

მისივე თქმით, 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ უნდა დამარცხდეს, რათა ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნდეს,

„სამწუხაროდ, ივანიშვილის საქართველოში მასობრივი გაღარიბება მიდის და ხალხი ქვეყნიდან გარბის. ჩვენ დემოგრაფიული კატასტროფა გვაქვს და სხვათა შორის, ამ გაღარიბების გამო შობადობაც უმძიმესია, ამიტომ ეს სურათი, რომ გაზრდილია სოციალური დახმარების მიღებაზე მოთხოვნა, ასახავს იმ სამწუხარო რეალობას, რაშიც ივანიშვილმა ქვეყანა ჩააგდო და ამას აქვს ერთადერთი გამოსავალი – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, 14 მილიარდიანი დახმარების მიღება საქართველოსთვის და არა კორუმპირებული ხალხის ინტერესებით მოქმედი მთავრობის მიერ ამ ფულის ყველა ადამიანამდე, ყველა ოჯახამდე მიტანა. ქართულ ოჯახს სტუმრის მიღების არ უნდა ეშინოდეს. სიღარიბე ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავძლიოთ და ეს შესაძლებელია იმით, რომ საქართველოს იაროს ევროპის მიმართულებით და აქ ევროპული კეთილდღეობა იყოს.

საქართველოში ეკონომიკა ხალხისთვის არ მუშაობს, ეკონომიკა მთლიანად ივანიშვილს ემსახურება და ამ კორუმპირებულ მაფიოზურ „კლანს“, მათ ჯიბეში მიდის ფული, ხალხი ღარიბდება, ეს არის დიაგნოზი და აქედან გამოსავალი არის ქართველი ხალხის გამარჯვება 26 ოქტომბერს და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 19 სექტემბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7136 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7136 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6998 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0138 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0211 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0060 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0151 ლარი შეადგინა.

საქართველოში ბრიტანული ავიაკომპანია easyJet შემოდის

საქართველოში ბრიტანული ავიაკომპანია easyJet შემოდის, – ამის შესახებ ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს.

Independent-ის ცნობით, დიდი ბრიტანული უმსხვილესი ბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet ლუტონის აეროპორტიდან თბილისში ფრენებს მომავალი აპრილიდან დაიწყებს. ამასთან, ავიაკომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ავიაკომპანია თბილისიდან ფრენებს ასევე ჟენევისა და მილანის მიმართულებითაც შეასრულებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკომპანია ლუტონსა და თბილისს კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და შაბათს დააკავშირებს.

Independent-ი წერს, რომ ფრენა ლუტონიდან თბილისის მიმართულებით 6 საათს, ხოლო თბილისიდან ლუტონის მიმართულებით კი 6 საათსა და 40 წუთს გაგრძელდება.

ივანიშვილის რუსული დავალება ნათია თურნავას მიმართ, რომლის ოჯახის წევრი, „ქართული ოცნების“ სიაშია, იმის მაჩვენებელია, რომ ივანიშვილი მზადაა საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსური სექტორის ჩამოშლისთვის – ხატია დეკანოიძე

ბიძინა ივანიშვილის რუსული დავალება ნათია თურნავას მიმართ, რომლის ოჯახის წევრი, სხვათა შორის, „ქართული ოცნების“ სიაშია, იმის მაჩვენებელია, რომ ივანიშვილი მზად არის საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსური სექტორის ჩამოშლისთვის, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც საქართველოს მოქალაქეების სანქცირების საკითხზე საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ხატია დეკანოიძე აღნიშნავს, „ეს ბიძინა ივანიშვილის რუსული დავალებაა ნათია თურნავასადმი“.

„საქართველოს ბანკები ჩართულია საერთაშორისო-საფინანსო ორგანიზაციებში და ეს არის ციკლი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის და ბიძინა ივანიშვილის რუსული დავალება ნათია თურნავას მიმართ, რომლის ოჯახის წევრი, სხვათა შორის, არის „ქართული ოცნების“ სიაში, ზუსტად იმის მაჩვენებელია, რომ ბიძინა ივანიშვილი მზად არის იმ შემთხვევაში, თუ ეს სანქციები არ აღსრულდება, მაშინ საქართველოს მოქალაქეები დააყენოს რისკის ქვეშ საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსური სექტორის ჩამოშლის კუთხით.

საქართველოს ეროვნული ბანკი ამბობს, რომ მურუსიძის გადაწყვეტილების გარეშე სანქციები ვერ აღსრულდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ათასობით, ასი ათასობით საქართველოს მოქალაქეს შეექმნება პრობლემა გადმორიცხვებზე, გზავნილებზე საქართველოში, ასევე ეს ნიშნავს იმას, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასული „თიბისი ბანკსა“ და „საქართველოს ბანკს“ ძალიან სერიოზული პრობლემა შეექმნება და ეს ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის რუსული დავალებები, რომელსაც ასრულებს თურნავა და რომელიც დაფასებულია „ქართული ოცნების“ რუსული გავლენის მიერ, მისი ოჯახის სიაში ყოფნით, ნიშნავს იმას, რომ მთელი ეკონომიკური სექტორი არის ძალიან სერიოზული რისკის ქვეშ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირები და ექსტრემისტები დაასანქცირა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კიდევ ერთხელ განმარტა, რა შემთხვევაში ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე სანქციათა აღსრულების რეჟიმი. ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ „ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით“. ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქეზე სანქციათა რეჟიმი ვრცელდება მაშინ, „თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი“. მათივე განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკი სისტემატურ ზედამხედველობას უწევს საფინანსო სექტორის ცალკეული მონაწილის მხრიდან როგორც საერთაშორისო სანქციების აღსრულების, ისე საკუთარი რეგულაციების და ეროვნული კანონმდებლობის შესრულების პროცესს.

საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებები არც საქართველოსა და არც ქართველ ხალხს არ ეხმარება – რობინ დანიგანი

საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებები არც საქართველოსა და არც ქართველ ხალხს არ ეხმარება, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებები, დეზინფორმაცია აშშ-ისა და დასავლეთის შესახებ და განცხადებები, პრემიერ-მინისტრის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების მსგავსი, არც საქართველოსა და არც ქართველ ხალხს არ ეხმარება. ქმედებები და განცხადებები, რომლებიც დასავლეთისგან, ევროპისგან და აშშ-ისგან საქართველოს კიდევ უფრო იზოლირებას იწვევს, ქართველი ხალხის ინტერესებში არ შედის. ქართველმა ხალხმა დიდი უმრავლესობით განაცხადა, რომ მათი მომავალი ევროპასთან და დასავლეთთან ერთად არის და ქმედებები და განცხადებები, რომლებიც საქართველოს იზოლირებას ახდენს, ამ მიზანს ხელს არ უწყობს“, – განაცხადა რობინ დანიგანმა.

აშშ-ის ელჩმა საქართველოში აღნიშნა, რომ მსოფლიოში ქართველი ხალხის აშშ-ზე ძლიერი მხარდამჭერი არ არსებობს.

„მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ მსოფლიოში ქართველი ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციის აშშ-ზე ძლიერი მხარდამჭერი არ არსებობს. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერასა და დახმარებას, რათა საქართველო გახდეს უფრო ძლიერი, ეკონომიკურად წარმატებული ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრი იქნება და განცხადებები, რომლებიც საქართველოს აშშ-ისგან იზოლირებას ცდილობენ, არავისთვის სასარგებლო არ არის“, – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა საქართველოში.

ბორელი მოუწოდებს საქართველოს, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი გააუქმოს

J

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.

„საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რაც ძირს უთხრის ადამიანის ძირითად უფლებებს და აძლიერებს დისკრიმინაციასა და სტიგმატიზაციას. მოვუწოდებ საქართველოს, გააუქმოს კანონი, რომელიც უფრო მეტად აშორებს ქვეყანას ევროკავშირის გზას“, – დაწერა ბორელმა სოციალურ ქსელ X-ში.

84 მომხრე, 0 – წინააღმდეგი, პარლამენტმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ კანონპროექტთან ერთად, მესამე მოსმენით მიიღო.

ჩაფიძის გულის ცენტრი ვეტერანებისთვის მორიგ 168-ე საქველმოქმედო აქციას ჩაატარებს

მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 168-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარებენ.

აქცია მოიცავს კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ).

ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან;

მისამართი: ქ.თბილისი; ნ.ჯავახიშვილის ქ. N 1; აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი.