Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

ამიერიდან, საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარება აკრძალული იქნება – დონალდ ტრამპი

ამიერიდან, საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარება აკრძალული იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ლოს-ანჯელესში საიმიგრაციო რეიდების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით წერს.

„ორდღიანი ძალადობის, შეტაკებებისა და არეულობის შემდეგ, ლოს-ანჯელესში ეროვნულმა გვარდიამ შესანიშნავი სამუშაო შეასრულა. ჩვენ გვყავს არაკომპეტენტური გუბერნატორი (ნიუსომი) და მერი (ბასი), რომლებიც, როგორც ყოველთვის სამუშაოს შესრულებას ვერ ახერხებენ“, – წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.

დონალდ ტრამპის თქმით, მისი ადმინისტრაცია „რადიკალურ მემარცხენე საპროტესტო აქციებს, რომლებშიც ადამიანები ანაზღაურების სანაცვლოდ მონაწილეობენ, არ მოითმენს“.

„ასევე, ამიერიდან, საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარება აკრძალული იქნება. რა აქვს ამ ხალხს დასამალი და რატომ??? კიდევ ერთხელ, მადლობა ეროვნულ გვარდიას“, – აღნიშნავს დონალდ ტრამპი.

შეგახსენებთ, ლოს-ანჯელესში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. პარასკევს, ICE-ს აგენტებმა საიმიგრაციო წესების დარღვევისთვის, სულ მცირე 44 მიგრანტი დააკავეს. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ პარასკევს გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით „1000 წესრიგის დამრღვევი“ მონაწილეობდა. დემონსტრანტებთან დაპირისპირებისას სამართალდამცავებმა წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის 2000 ჯარისკაცის გაგზავნის ბრძანება გასცა.

თუ მასკი დემოკრატებს დაუჭერს მხარს, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და და მის ყოფილ მრჩეველ, მილიარდერ ილონ მასკს შორის დაპირისპირება გრძელდება. ტელეკომპანია NBC News-ს ეთერში ტრამპი მასკს დემოკრატების მხარდაჭერის შემთხვევაში სერიოზული შედეგებით დაემუქრა.

„ეს თუ გააკეთა, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს“, – განაცხადა მან.

ამასთან, ტრამპმა აღიარა, რომ ჭორები იმის შესახებ, თითქოს Tesla-ს ხელმძღვანელმა შესაძლოა შემდგომ არჩევნებზე მხარი დემოკრატიული პარტიას დაუჭიროს, მასში „დეპრესიას იწვევს“.

პრეზიდენტმა ასევე უარყოფითად უპასუხა კითხვას იმის შესახებ, სურს თუ არა მასკთან ურთიერთობების მოგვარება და აღნიშნა, რომ მისი და მასკის ურთიერთობას დასრულებულად მიიჩნევს.

ილონ მასკსა და დონალდ ტრამპს შორის საჯარო დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მილიარდერმა გააკრიტიკა რესპუბლიკელების „დიდებული და მშვენიერი კანონპროექტი“ საგადასახადო შეღავათების შესახებ. ტრამპი კი თავის ყოფილ მრჩეველს მის კომპანიებთან სახელმწიფო კონტრაქტების გაუქმებით დაემუქრა.

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის შვიდ ოლქში 61 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის შვიდ ოლქში 61 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„23:00 საათიდან 7:30 საათამდე პერიოდში, მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 61 უკრაინული დრონი გაანადგურეს“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, დრონები ბრიანსკის, ბელგოროდის, კალუგის, ტულას, ორიოლის, კურსკისა და მოსკოვის ოლქებში ჩამოაგდეს.

ქალაქ მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ დედაქალაქის ოლქში თავდაცვის სისტემებმა ცხრა უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

სობიანინის ცნობით, დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო ვნუკოვოსა და დომოდედოვოს აეროპორტებში დროებითი შეზღუდვები მოქმედებდა.

ყოველდღე ვკარგავთ ჩვენს ხალხს მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთი გრძნობს დაუსჯელობას. საჭიროა რუსეთის მკაცრი იძულება მშვიდობისკენ – ვოლოდიმირ ზელენსკი

მორიგი სასტიკი მკვლელობა. საჰაერო ბომბები ქალაქში მშვიდობიან მოსახლეობაზე – იქვე არის საბავშვო რკინიგზაც. ამას სამხედრო აზრი არ აქვს. სუფთა ტერორიზმია და ეს სრულმასშტაბიანი ომი, სამ წელზე მეტია გრძელდება, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რითაც გამოეხმაურა რუსეთის მორიგ შეტევას ხარკოვზე.

მისი თქმით, ამ ყველაფრის იგნორირება არ შეიძლება.

„ამაზე თვალს ვერ დავხუჭავთ და ეს არ არის რაიმე სახის თამაში. ყოველდღე ჩვენ ვკარგავთ ჩვენს ხალხს მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთი გრძნობს დაუსჯელობას. საჭიროა რუსეთის მკაცრი იძულება მშვიდობისკენ. რაც არ უნდა თქვას ვინმემ, ეს რუსული დარტყმები არ არის საპასუხო, არამედ ეს არის განადგურება, სიცოცხლის სრული განადგურება. ჩვენ ვმუშაობთ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაზრდაზე. პოზიტიური სიგნალები აშშ-დან ძალიან საჭიროა, კონკრეტული სიგნალები საჰაერო თავდაცვაზე. ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით პასუხს წინადადებაზე, რომ შევიძინოთ სისტემები, რომლებიც დაგვეხმარება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

რუსეთმა ბოლო 24 საათში საჰაერო ხარკოვზე თავდასხმა ორჯერ განახორციელა, დაღუპულია 4 ადამიანი

რუსეთმა ბოლო 24 საათში საჰაერო თავდასხმა ხარკოვზე ორჯერ განახორციელა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა, 60-ზე მეტი კი დაშავდა.

როგორც ქალაქის მერმა, იგორ ტერეხოვმა განაცხადა, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ხარკოვზე ახლა ყველაზე ძლიერი შეტევა მიმდინარეობს.

უკრაინის სამხედრო ძალები იუწყებიან, რომ რუსეთმა ღამით გაუშვა 206 დრონი, ორი ბალისტიკური და შვიდი სხვა ტიპის რაკეტა.

8 ივნისს მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობას დღესასწაულობს

8 ივნისს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს სულთმოფენობას – სულიწმიდის გარდამოსვლის დღეს. აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს ეკლესია აღნიშნავს სულთმოფენობის დღესასწაულს, სულიწმიდის გარდამოსვლის დღეს. ეს დღე ითვლება ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღედაც. ამაღლების შემდეგ მოწაფეები იერუსალიმში დაბრუნდნენ. ისინი ერთად ელოდებოდნენ დაპირებული ნუგეშისმცემლის – სულიწმიდის – მოვლინებას. და აი, ამაღლებიდან მეათე დღეს, დილის ცხრა საათზე, იერუსალიმში ამოვარდა უცნაური ქარი, ციდან გარდამოვიდა ღვთაებრივი ცეცხლი და მოწაფეებს ცეცხლის ენების სახით დაადგა თავზე. მოწაფეებმა საოცარი ძალით დაიწყეს ქადაგება სხვადასხვა ენაზე. სულთმოფენობის დღესასწაულს მეტად ღრმა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს: როდესაც წმინდა წინასწარმეტყველი მოსე ებრაელებს ეგვიპტიდან გამოუძღვა, მან ისინი მეორმოცე დღეს სინას წმინდა მთასთან მიიყვანა, ხოლო ორმოცდამეათე დღეს მისცა ღვთაებრივი სჯული ძველი აღთქმისა. აქედან მოყოლებული, დღე სჯულის მიღებისა ებრაელებისათვის უდიდესი ყოველწლიური დღესასწაული იყო, რომლის დროსაც იერუსალიმში მთელი მაშინდელი მსოფლიოდან თითქმის ყველა ებრაელი იკრიბებოდა. ღმერთმა სწორედ ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს სულიწმიდის მადლი, რაც ძველი სჯულის ახლით შეცვლის ნიშანი იყო. ეს დღე ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღედ ითვლება. ტრადიციულად, სულთმოფენობის დღესასწაულზე ეკლესიები მწვანით უნდა შეიმოსოს. ტაძარი შიგნიდან ირთვება ყვავილებით, ფოთლებითა და აყვავებული ტოტებით; ძირს ეფინება რაც შეიძლება ბევრი ბალახი. მორწმუნეები წირვაზე მიდიან ყვავილის ლამაზი თაიგულებით; შუაში დამაგრებულია ანთებული სანთლები, რომლებიც წირვის შემდეგ იკურთხება. ეს ყველაფერი საოცარი სანახაობაა. ტაძრის მწვანით შემოსვის ტრადიციაც ძველი აღთქმიდან მოდის: ებრაელები სჯულის მიღების დღესასწაულზე უფალს მადლობის ნიშნად ტაძარში პირველ ნაყოფს სწირავდნენ. იგულისხმება, რომ სულიწმიდის მადლი ამ სიმწვანეზე გადმოდის, რის გამოც მორწმუნეები ტაძარში დაფენილ სიმწვანეს, ბალახებს მთელ წელს ინახავენ – ამ ბალახის ნახარშს კურნების სასწაულთმოქმედი ძალა აქვს. შევთხოვოთ უფალს – სულიწმიდას, რომ მოგვმადლოს ნიჭი სიკეთისა, სიყვარულისა, სიმდაბლისა, სარწმუნოებისა, სიმშვიდისა, ლოცვისა, მარხვისა, მიტევებისა და მოთმინებისა… შევთხოვოთ სულიწმიდას საქართველოს გამთლიანება, გაძლიერება, საქართველოში სიყვარულისა და მშვიდობის დამკვიდრება…

8 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შეეცადეთ, გამოიჩინოთ ობიექტურობა მიმდინარე მოვლენების მიმართ. მშვიდად შეაფასეთ საკითხები, რაც გაშინებთ და გაფორიაქებთ. დაზოგეთ თქვენი ჯანმრთელობა და გაუფრთხილდით ახლობლებს.

კურო

დღეს დაისვენეთ და  გააკეთეთ გასულ კვირაზე დასკვნები. დაფიქრდით იმაზე, რა გიშლით ხელს მიზნის მიღწევაში და შეცვალეთ მოქმედების გეგმა.

ტყუპები

ელოდეთ სასიამოვნო სიახლეებს. შესაძლოა ოჯახში მცირე სირთულეებმა და გაუგებრობებმა იჩინოს თავი, თუმცა, ეს დროებითია და მალე ყველაფერი დალაგდება.

კირჩხიბი

იყავით მშვიდად და გამოიჩინეთ მეტი თავდაჯერებულობა, ყველაფერს კარგად გაართმევთ თავს.

ლომი

შესაძლოა, გარკვეულმა პრობლემებმა იჩინოს თავი ახლობლებთან. ამ ეტაპზე, სჯობს, თავი აარიდოთ არაფრისმომცემ კამათსა და გარჩევებს, მალე, ყველაფერი თავისთავად დალაგდება.

ქალწული

ყურადღება გაამახვილეთ ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე – ტელეფონით, სოციალური ქსელებით, ფოსტით. ახლა თქვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენთვის აუცილებელია, დაისვენოთ და მშვიდად გააანალიზოთ საკითხები, რომელიც მოსაგვარებელი გაქვთ.

სასწორი

დღეს, შესანიშნავი შესაძლებლობა გექნებათ, მოაგვაროთ ის საქმეები, რომელზეც ხელი არ მიგიწვდებოდათ, დღეს თქვენთვის მარტივია წარმატების მიღწევა, ამიტომ, არ შეგეშინდეთ რამდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთების. ამასთან, არ დაივიწყოთ, რომ აუცილებელია დასვენება.

მორიელი

შესაძლოა, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ეცდებიან მიღებული გადაწყვეტილებები შეგაცვლევინონ. ნუ იჩქარებთ, იყავით წინდახედული და მშვიდად მიიღეთ გადაწყვეტილებები.

მშვილდოსანი

ძალების მოზღვავება და შემოქმედებითი ენერგია ახალი სივრცეებისკენ, შეუცნობელი სამყაროს იდუმალების ამოსაცნობად გიწვევთ. ახლა ერთფეროვნება ნამდვილად არ გემუქრებათ, არც მოსაწყენად გეცლებათ.

თხის რქა

შესაძლოა, გაგიჩნდეთ რეალობისა და ყოველდღიური რუტინისგან მოწყვეტის მძაფრი სურვილი, ახლა სწორედ ის დროა, როდესაც უნდა დაისვენოთ.

მერწყული

დღეს, უფრო მეტად საოჯახო საქმეების მოგვარებით იქნებით დაკავებული, შესაძლოა, მოგიწიოთ ნათესავებთან შუამავლის როლის მორგება და მათი პრობლემების მოგვარება.

თევზები

მაქსიმალურად განიტვირთეთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაახარისხეთ დაგროვილი საკითხები, ამ ეტაპზე, მხოლოდ პირველხარისხოვანი საქმეების მოგვარებით დაკავდით. დაზოგეთ ძალები და შედეგიც უფრო ნაყოფიერი და სწრაფი იქნება.

„ჯეი დი ვენსი – ყოველთვის პრეზიდენტის ერთგული ვიქნები და იმედი მაქვს, საბოლოოდ ილონ მასკიც დაუბრუნდება

უბრალოდ ვფიქრობ, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის მხრიდან უდიდესი შეცდომაა ამ ომში მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანთან ყოფნა, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.

ვენსი არ არის დარწმუნებული, შეძლებს თუ არა ილონ მასკი დონალდ ტრამპის კეთილგანწყობის დაბრუნებას.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, მასკის მხრიდან აშშ-ის პრეზიდენტზე თავდასხმა „დიდი შეცდომა“ იყო.

„მე ყოველთვის პრეზიდენტის ერთგული ვიქნები და იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ ილონიც დაუბრუნდება. შესაძლოა, ეს ახლა შეუძლებელია, რადგან ის ძალიან ფეთქებადი გახდა. ის და პრეზიდენტი რაიმე სისხლისმღვრელ დაპირისპირებაში თუ იქნებიან, რაც მთავარია, ეს ქვეყნისთვის ცუდი იქნება, მაგრამ არა მგონია, ეს ილონისთვისაც კარგი იყოს”, – განაცხადა ჯეიმს დევიდ ვენსმა.

გლდანში, სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ავტომობილების გადაადგილების სქემა იცვლება – თბილისის მერია

გლდანის რაიონში, სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 ივნისის 09:00 საათიდან – აგვისტოს ბოლომდე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება ომარ ხიზანიშვილის ქუჩიდან – ქერჩის ქუჩის მიმართულებით ორმხრივად. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მერიის ცნობით, შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ალტერნატიული გზებით, შესაბამისი საგზაო ნიშნების გამოყენებით.

„კერძოდ, ომარ ხიზანიშვილის ქუჩიდან ქერჩის ქუჩის მიმართულებით მიმავალი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ: ხიზანიშვილის, შეშელიძისა და ბოჭორიშვილის ქუჩების გამოყენებით. ხოლო უკუმიმართულებით მოძრაობისას ფორე მოსულიშვილის ქუჩას გამოიყენებენ.

სამუშაოების წარმოების პერიოდში, შეზღუდულ მონაკვეთში გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სარეაბილიტაციო არეალში მცხოვრები მოსახლეობისთვის.

გარდა ამისა, ცვლილებები შევიდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებშიც.

კერძოდ, ავტობუსები N304, N308, N323, N335, N351 და მიკროავტობუსები N512, N517 – ქერჩის ქუჩიდან მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმართულებით მოძრაობისას მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე აღარ შეუხვევენ და ფორე მოსულიშვილის ქუჩით დაუკავშირდებიან ომარ ხიზანიშვილის ქუჩას, შემდეგ კი სვლას დადგენილი სქემით – გლდანის VIII მიკრორაიონისკენ განაგრძობენ. უკუმიმართულებისას მარშრუტები მეტრო „ახმეტელის თეატრის“ გავლით კვლავ ფორე მოსულიშვილის ქუჩით ქერჩის ქუჩას დაუკავშირდებიან და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

ქერჩის ქუჩიდან მიმავალი ავტობუსები N292, N348, N355, N365, N373 და მიკროავტობუსები N518, N548, N486, N496 – მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ ფორე მოსულიშვილის ქუჩის გამოყენებით მოხვდებიან, შემდეგ
დაუკავშირდებიან ომარ ხიზანიშვილის ქუჩას, რის შემდეგაც სვლას ილია ვეკუას ქუჩაზე გააგრძელებენ და შემდეგ კვლავ ომარ ხიზანიშვილის ქუჩის გავლით მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიასთან მოხვდებიან. უკუმიმართულებისას ომარ ხიზანიშვილის ქუჩის გავლით ფორე მოსულიშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან და ქერჩის ქუჩიდან დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ მგზავრთნაკადის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, N339 ავტობუსის ხაზს კიდევ რამდენიმე ერთეული ავტობუსი დაემატება და გადაადგილების ინტერვალი საშუალოდ 4 წუთამდე შემცირდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“, – ნათქვამია განცხადებაში.

“გარედან უთხრეს, რევოლუციების თავი თქვენ არ გაქვთ და საერთოდ რომ არ გაქრეთ პოლიტიკური ველიდან, იქნებ თვითმმართველობის არჩევნებში მიიღოთ მონაწილეობაო” – ირაკლი ქადაგიშვილი

“ხვდებიან იმას, რომ მათი პოლიტიკა იყო აბსოლუტურად წარუმატებელი, აბსურდული და დამაზიანებელი, რადგან რა მოუტანა მათ პარლამენტის ბოიკოტმა? – არაფერი კარგი. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ხედავენ, რომ ის გზა, რაც მათ გაიარეს, აბსოლუტურად უპერსპექტივოა,” – ეს განცხადება “ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციასთან დაკავშირებით გააკეთა.

ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, საბოლოოდ, თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია მიიღებს.

“დარწმუნებული ვარ, რომ არამარტო ხაზარაძე, არამედ ოპოზიციაში თითქმის ყველა, საბოლოო ჯამში, მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მიიღოს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, გარედანაც უთხრეს, რომ რევოლუციების თავი თქვენ არ გაქვთ და საერთოდ რომ არ გაქრეთ პოლიტიკური ველიდან, იქნებ ისევ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღოთ მონაწილეობაო. შედეგები იქნება ისეთივე, რა შედეგებიც იყო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ – “ქართული ოცნება” დამაჯერებლად გაიმარჯვებს დედაქალაქშიც და სხვა მუნიციპალიტეტებშიც,” – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი

ვინ გაიმარჯვებს ტრამპსა და მასკს შორის დაპირისპირებაში?

დონალდ ტრამპსა და ილონ მასკს შორის მწვავე დაპირისპირება დაიწყო. ტრამპი მასკს ამერიკაში ყველაზე ჭკვიან ადამიანად მოიხსენიებდა, მაგრამ ბოლო პრესკონფერენციაზე თავის ყოფილ მოკავშირეს შეშლილი უწოდა.

რამ გამოიწვია ტრამპისა და მასკის ერთმანეთთან ღია დაპირისპირება? ერთი შეხედვით, უთანხმოების შემთხვევაშიც კი, ორივესთვის სასარგებლო იქნებოდა თანამშრომლობის მშვიდობიანად დასრულება. ტრამპს საკმარისი შესაძლებლობები აქვს მასკის ბიზნესზე ზეწოლისთვის. თავის მხრივ, მასკის მედია და ფინანსური რესურსები საშუალებას აძლევს მას ტრამპს დიდი პრობლემები შეუქმნას. თუმცა, მასკმა და ტრამპმა ღია კონფლიქტის სცენარი აირჩიეს და ამას რამდენიმე ახსნა აქვს.

ორივე კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ტრამპმა ფაქტობრივად წააგო სავაჭრო ომები. მისი საგარეო პოლიტიკური პროექტებიც ჩავარდა: უკრაინასა და ღაზას სექტორში მშვიდობა ვერ იქნა მიღწეული; ირანი არ ეთანხმება ბირთვული იარაღის შესახებ შეთანხმებას. იმისათვის, რომ ამომრჩევლების ყურადღება გადაიტანოს, ტრამპს ხმამაღალი სკანდალი სჭირდება.

მასკი ასევე დაინტერესებულია აუდიტორიის მანიპულაციითა და ინვესტორების ყურადღების გადატანით. ილონ მასკმა დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიაში დიდი თანხები ჩადო. მასკი სამთავრობო ხარჯების ეფექტურობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა და სამთავრობო ხარჯების მკვეთრად შემცირება დაიწყო. მასკის საქმიანობამ ამერიკელებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. Tesla-ს ავტომობილების გაყიდვები მკვეთრად დაეცა. მასკის ბიზნეს იმპერია კრახს მიუახლოვდა.

მასკი არა მხოლოდ ნიჭიერი ინჟინერია, არამედ PR-ის ოსტატიც. რთულ სიტუაციებში მასკმა იცის, როგორ შექმნას სკანდალი, რომელიც მის ბიზნესს განვითარების ახალ ტრაექტორიაზე შესვლის საშუალებას მისცემს.

ამრიგად, როგორც ტრამპს, ასევე მასკს სკანდალი სჭირდებათ. ამ მხრივ მათი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. თუმცა, პრეზიდენტსა და მილიარდერს განსხვავებული მიზნები აქვთ.

მასკი აშშ-ის ტექნოლოგიური კომპანიების ელიტის წარმომადგენელია, რომლებმაც მიზნად დაისახეს ტრადიციული ამერიკული პოლიტიკური სისტემის შეცვლა ახალ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით. მასკს და მის თანამოაზრეებს სჭირდებოდათ მართვადი პრეზიდენტი, რომელიც მათ ტრანსფორმაციის პროგრამას განახორციელებდა. თუმცა, ტრამპი უმართავი აღმოჩნდა. მან გამოიყენა მასკის და სხვა ტექნოლოგიური კომპანიების რესურსები არჩევნებში გამარჯვებისთვის, მაგრამ ტრამპს მიზნათ არ ჰქონდა პრეზიდენტის რანგში მათი წესებით ეთამაშა.
ტრამპმა პრეზიდენტობის პირველი 100 დღის განმავლობაში გადასცა ინიციატივა მასკს. მასკმა ბევრი მტერი შეიძინა სამთავრობო ხარჯების მკვეთრად შემცირების გამო. ამასობაში, ტრამპი უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებით იყო დაკავებული და მთელ მსოფლიოსთან სატარიფო ომს აწარმოებდა.
მასკსა და ტრამპს შორის პირველი უთანხმოება ტარიფებთან დაკავშირებით დაიწყო. მასკმა გააკრიტიკა ტრამპის მიდგომა სატარიფო პოლიტიკის მიმართ და აშშ-სა და ევროკავშირს შორის უბაჟო ვაჭრობის შემოღებაც კი შესთავაზა. Tesla-ს მანქანების წარმოება ჩინეთშია, ამიტომ ჩინეთთან სატარიფო ომი მასკისთვის არახელსაყრელია.
კონფლიქტის მიზეზი ტრამპის მიერ კონგრესისთვის წარდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი გახდა. ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს გადასახადების შემცირებას, თავდაცვისა და სხვა სამთავრობო საჭიროებებისთვის ხარჯების ზრდას. ეს გამოიწვევს აშშ-ის სახელმწიფო ვალის გაზრდას. ტრამპი ჰპირდება, რომ გადასახადების შემცირება და ტარიფები მნიშვნელოვნად გაზრდის ბიუჯეტის შემოსავლებს. მასკი არ არის ოპტიმისტურად განწყობილი და თვლის, რომ ბიუჯეტზე ვალის ტვირთი უფრო დიდი გახდება, ვიდრე იყო. მასკმა თქვა, რომ .. ვენსი უნდა იყოს პრეზიდენტი და ტრამპს იმპიჩმენტი უნდა გამოუცხადონ.
ფაქტიურად, მასკმა ახალი საარჩევნო კამპანია დაიწყო, რომლის მიზანია ხელისუფლებაში მოიყვანოს კანდიდატი, რომელიც ტრამპზე უფრო მართვადი იქნება. სოციალური ქსელ X-ის მეშვეობით მასკს შეუძლია ტრამპის რეიტინგის შემცირება და კონკურენტების პოზიციების გაძლიერება. ტრამპის კრიტიკით, მასკი ასევე აღადგენს თავის შერყეულ რეპუტაციას. მასკის ბიზნესის წარმატება პირდაპირ დამოკიდებულია მის რეპუტაციაზე.

ამ ზაფხულს იწყება კონგრესის შუალედური არჩევნების კამპანია, რომელიც 2026 წლის ნოემბერში გაიმართება. ტრამპს ტექნოლოგიურ კომპანიებთან მკაცრი კონფლიქტი არ აწყობს. ამიტომ, ტრამპი მასკთან გარიგების დადების შესაძლებლობებს ეძებს. კითხვა ისაა, დათანხმდება თუ არა მასკი, თუ გადაწყვეტს ტრამპის დამარცხებას და პოლიტიკურ ფსონს დადებს ვენსზე ან სხვა კანდიდატზე.

ავთანდილ წულაძე, პოლიტოლოგი

ოპოზიციური პარტიების გარე უფროსები მიხვდნენ, რომ “ნაცმოძრაობა” იმდენად სამარცხვინოა, მათზე ფსონის დადება არ შეიძლება, ფსონს დებენ “ლელოსა” და გახარიას პარტიაზე -ლევან მაჭავარიანი 

ოპოზიციური პარტიების გარე უფროსებიც მიხვდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იმდენად სამარცხვინოა, რომ მათზე ფსონის დადება არ შეიძლება, ამიტომ ისინი ფსონს დებენ „ლელოსა“ და პარტიაზე „გახარია საქართველოსთვის“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, წინა არჩევნებზე „ახალი“ შემოაპარეს, მაგრამ მიხვდნენ, რომ საზოგადოებისთვის „ახალი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი და იგივეა.

„„ლელოს“ შეცვლილი პოზიცია, რომელსაც წინასწარ ვაანონსებდით, კიდევ ერთხელ მეტყველებს მათ არაპრინციპულობაზე. თვეების განმავლობაში თავიანთ ამომრჩეველს ჰპირდებოდნენ, რომ არ მიიღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას, თუ არ ჩაინიშნებოდა რიგგარეშე არჩევნები. როგორც ჩანს, ინსტრუქციები წამოსულია და დაავალეს, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და სხვა გზა არ აქვთ, თუმცა „ლელოს“ არაპრინციპულობის ძალიან ბევრი მაგალითია. არ შემიძლია, საზოგადოებას არ შევახსენო, როდესაც პირდაპირ ეთერში ბატონმა ელისაშვილმა ბატონი ხაზარაძე ათას უბედურებაში დაადანაშაულა და რა სიტყვებით ლანძღა, შემდეგ მიიღო დავალება და მოუწია ბატონი ელისაშვილის შემოერთება თავის პარტიაში“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

რაც შეეხება გიორგი გახარიას, როგორც ლევან მაჭავარიანი აცხადებს, აქაც იგივე სცენარი ვითარდება.

„ხელოვნურად დადგმული სპექტაკლია ამ ოთხ რადიკალურ პარტიას შორის, თითქოს ვიღაც ისევ ბოიკოტის რეჟიმში რჩება, ვიღაც არ რჩება. გარე უფროსების გათვლა სწორია, რადგან ისინი ფსონს დებენ „ლელოსა“ და ბატონი გახარიას პარტიაზე, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ბრენდი, იმდენად სამარცხვინოა, რომ გარე უფროსებიც მიხვდნენ, მათზე ფსონის დადება არ შეიძლება. წინა არჩევნებზე „ახალი“ რომ შემოაპარეს, ამასაც მიხვდნენ, რომ საზოგადოებისთვის „ახალი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ აბსოლუტურად ერთი და იგივეა. გარე უფროსები იმასაც დააკვირდებიან, რამდენად იქნება შესაძლებელი, „ნაციონალური მოძრაობის“ ხმები „ლელოსა“ და გახარიას პარტიაზე განაწილდეს. თუ ისინი ამაში დარწმუნდებიან, შეიძლება, საერთოდ აუკრძალონ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, თუმცა „ნაციონალურ მოძრაობას“ ისეთი ამომრჩეველი ჰყავს, რომლის უმეტესი ნაწილი ტიპური მიშისტები არიან, არ მგონია, მიშა სააკაშვილის პარტიის გარდა, ვინმეს მისცენ ხმა. შესაბამისად, ამაში თუ ვერ დარწმუნდნენ, შეიძლება, კიდევ უფრო დაშალონ და დაანაწევრონ პარტიები, რათა მეტი ბუნდოვანება შემოიტანონ საზოგადოებაში, უფრო მარტივად მოატყუონ საზოგადოების გარკვეული ნაწილი. შეიძლება, პირიქით, დაავალონ, გაერთიანდნენ ერთი ლიდერის გარშემო, როგორც, მაგალითად, წინა არჩევნებზე ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი მოავლინეს. ახლა, შეიძლება, ბატონ პაატა ბურჭულაძეზე დადონ ფსონი, ეს ადამიანი, რუსული ბანი, გამოირჩევა ორიგინალური იდეებით და უფრო გააქტიურებული არის“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ნებისმიერი სცენარისთვის, კონფიგურაციისთვის 100 პროცენტით არის მზად.

„საშტაბო მუშაობა დაწყებული გვაქვს. ეს პარტიები როგორც არ უნდა დაყონ თუ გააერთიანონ, მათ ძალიან დიდი ანგარიშით დავამარცხებთ. გვირჩევნია კიდეც, მიიღონ მონაწილეობა და მოხდეს მათი რეიტინგის რეალური ლუსტრაცია, ვინაიდან დრამატულად არის შემცირებული წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.