Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

ჩვენ დაველოდებით ვეტოს პროცედურას, მზად ვართ დისკუსიისთვის – ირაკლი კობახიძე

ჩვენ დაველოდებით ვეტოს პროცედურას, 14-დან 28 მაისის ჩათვლით, შეუძლიათ, მოგვაწოდონ ნებისმიერი სამართლებრივი კომენტარი, შენიშვნა და მზად ვართ დისკუსიისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ოპოზიციას არ აქვს არავითარი იმედი, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს და ამიტომ, ითხოვენ ამ კანონის ამოქმედების გადავადებას.

„გაიმარჯვონ და გააუქმონ. ნოემბერში უკვე შეუძლიათ, ამ კანონის გაუქმება. თვითონაც იციან, რომ ხალხის მხარდაჭერა არის „ქართული ოცნების“ მხარეს. ხალხის მხარდაჭერა არის მათ შორის, ამ კანონის მხარეს. ამიტომ, არ აქვთ არავითარი იმედი, რომ შეუძლიათ, ამ არჩევნებში გამარჯვება და ამიტომ, ითხოვენ ამ კანონის ამოქმედების გადავადებას. სინამდვილეში, ერთადერთი ამოცანა უნდა ჰქონდეთ მათ – წარმოადგინონ სამართლებრივი არგუმენტები კანონთან დაკავშირებით – ნული არგუმენტი. ვერც ექნებათ ვერავითარი ობიექტური არგუმენტი ამ კანონთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც, ეს კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს, წელიწადში ერთხელ „ენჯეომ“ უნდა შეიტანოს თავისი დეკლარაცია, მეტი არაფერი წერია, დანარჩენი არის ტექნიკური ნორმები. ექვსი გვერდია სულ, აქედან ეს არის მთავარი რეგულაცია, დანარჩენი არის ამ ყველაფრის ტექნიკური შევსება. როდესაც მეტს არაფერს ითვალისწინებს ეს კანონი, როგორ შეიძლება, გქონდეს რაიმე არგუმენტი გამჭვირვალობის წინააღმდეგ. იმის წინააღმდეგ, რომ თავისი ფული საიდან მოაქვთ და სად იხარჯება, ის დაადეკლარირონ „ენჯეოებმა“, ამაზე ხომ ვერ იქნება ვერც ერთი სამართლებრივი არგუმენტი.

ჩვენ დაველოდებით ვეტოს პროცედურას, 14-დან 28 მაისის ჩათვლით, შეუძლიათ, მოგვაწოდონ ნებისმიერი სამართლებრივი კომენტარი, შენიშვნა და მზად ვართ დისკუსიისთვის, დანარჩენს შევხედავთ“, – განაცხადა პრემიერმა.

ათიათასობით ქართველი ადასტურებს, რომ ევროპის გული მხოლოდ ვარშავასა და ლისაბონს შორის არ ცემს – ანალენა ბერბოკი

ათიათასობით ქართველი ადასტურებს, რომ ევროპის გული მხოლოდ ვარშავასა და ლისაბონს შორის არ ცემს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი სოციალურ ქსელში წერს და თბილისის საპროტესტო აქციებიდან ფოტოებს აქვეყნებს.

„შეიძლება თქვენ ეს ახალ ამბებში ნახეთ. საქართველოში, თავისი ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის მხარდასაჭერად ათიათასობით ადამიანი რამდენიმე კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციებში მონაწილეობს: სტუდენტები, მშობლები, ბებიები და ბაბუები შვილიშვილებთან ერთად. ისინი თავიანთი მთავრობის მიერ შემოთავაზებულ კანონს აპროტესტებენ, რომელიც არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობას შეზღუდავს, რომელთაგან ნაწილი საზღვარგარეთიდან ფინანსდება.

კანონის უზენაესობა, დემოკრატიული სტანდარტები და მედიის თავისუფლება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი პირობებია. ათიათასობით ქართველი ადასტურებს, რომ ევროპის გული მხოლოდ ვარშავასა და ლისაბონს შორის არ ცემს. მას დემოკრატიული, ენერგიული და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება თბილისის ქუჩებშიც ატარებს. საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა და ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, გაიგონებს თუ არა იგი ამ ხმას“, – წერს ანალენა ბერბოკი.

სანქციების თემა არის აბსოლუტურად არასერიოზული, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ დღესაც მოქმედებს დე-ფაქტო სანქციები – პრემიერი

რაც შეეხება სანქციების თემას, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ დღესაც მოქმედებს დე-ფაქტო სანქციები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებები ვერ დაიგეგმება, ვინაიდან ხვალ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღება, თუმცა მმართველი გუნდი მზად არის ვეტოს ფარგლებში დისკუსიისთვის.

„ცვლილებები ჩვენი მხრიდან ბუნებრივია ვერ დაიგეგმება, გამომდინარე იქიდან, რომ ხვალ მესამე მოსმენით მიიღება უკვე ეს კანონი და მესამე მოსმენის ფარგლებში ვერავითარი არსებითი ცვლილება ვერ იქნება შეტანილი. თუმცა ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ მზად ვართ, ღია ვართ დისკუსიისთვის ვეტოს ფარგლებში. მართალია, გუშინ გააკეთა არაკონსტრუქციული განცხადება სალომე ზურაბიშვილმა, თუმცა მას მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო, იმოქმედოს ისე, როგორც აქამდე მოქმედებდა.

თქვენ ყველამ იცით, რომ სალომე ზურაბიშვილი თვითონ არასოდეს წერდა საკუთარ ვეტოს კანონპროექტებს, მას უწერდნენ ან NGO-ები, ან გარედან უწერდნენ, აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ ეს ბერკეტი, ინსტრუმენტი გამოყენებული იყოს ახლაც და თუ ამის შესაძლებლობას არ მისცემს არც ხელისუფლებას, არც საერთაშორისო პარტნიორებს სალომე ზურაბიშვილი, ეს იქნება ბუნებრივია მისი პასუხისმგებლობა.

არის ორი კვირა 14 მაისიდან 28 მაისამდე, ამ ორი კვირის განმავლობაში შესაძლებელია პოზიციების შეჯერება და შემდეგ ამ პოზიციების ასახვა ვეტოს კანონპროექტში, თუმცა არ ვიცი, თუ სალომე ზურაბიშვილს ექნება დესტრუქციული პოზიცია, რაც გუშინ უკვე დააფიქსირა, ამ შემთხვევაში გართულდება ეს პროცესი. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ მზაობას და ღიაობას დისკუსიისთვის“,- განაცხადა პრემიერმა.

დიდი იმედი მაქვს, რომ მაქსიმალურად გათავისუფლდება, როგორც აშშ, ისე ევროკავშირი გლობალური ომის პარტიის გავლენებისგან – პრემიერი

დიდი იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ ვითარება თვისებრივად შეიცვლება და მაქსიმალურად გათავისუფლდება, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ისე ევროკავშირი გლობალური ომის პარტიის გავლენებისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც გლობალური ომის პარტიის ინტერესებს შეეხებოდა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გლობალური ომის პარტიას აქვს გადამწყვეტი, კრიტიკული გავლენა ოფიციალურ სტრუქტურებზე, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროკავშირში.

„რამდენიმე დღის წინ მე ვთქვი, რომ გამიჭირდება ამ სუბიექტების დაკონკრეტება, რა თქმა უნდა, დღესაც ვერ შევცვლი პოზიციას, გამომდინარე იქიდან, რომ ამ სუბიექტების დაკონკრეტებამ შეიძლება, უარყოფითი გავლენა იქონიოს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებზე. მე დავაკონკრეტე ასევე რომ აქ არ ვგულისხმობ ევროკავშირსა და აშშ-ს, პირიქით, ევროკავშირი არის სწორედ მთავარი მსხვერპლი, თუმცა აქვე ვიტყვით იმასაც, რომ გლობალური ომის პარტიას აქვს გადამწყვეტი, ასე ვთქვათ, კრიტიკული გავლენა ოფიციალურ სტრუქტურებზე, როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირში, რაც არის სამწუხარო მოვლენა. განსაკუთრებით ადვილია ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებზე გავლენის მოპოვება, გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირში გადაწყვეტილებები არსებითად მიიღება სრული კონსენსუსით 27 ქვეყნის მიერ, შესაბამისად, იქ საკმარისია გლობალურმა ომის პარტიამ გავლენა მოახდინოს თუნდაც ერთ ქვეყანაზე და უკვე ის განაპირობებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც შედის მის ინტერესებში.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დაკონკრეტება გამიჭირდება, თუმცა გავლენების მასშტაბი არის ძალიან დიდი და ვიტყვი, რომ ოფიციალურ სტრუქტურებზე აქვთ სერიოზული გავლენა როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით, ანუ საუბარია აშშ-სა და ევროკავშირზე, რაც არის სამწუხარო მოვლენა. მე მაქვს დიდი იმედი, რომ სამომავლოდ ეს ვითარება თვისებრივად შეიცვლება და მაქსიმალურად გათავისუფლდება, როგორც აშშ, ისე ევროკავშირი გლობალური ომის პარტიის გავლენებისგან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ჩვენ არც ერთ მხარეს არ ვიწონებთ ძალადობას და ყველა მიმართულებით აუცილებელია ძალადობაზე სათანადო სამართლებრივი რეაგირება -პრემიერი

საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი არ არის, რა არის სამართალდარღვევა და რა – არა; სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისად მიიღება ყველა გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ხელისუფლებას, ოპონენტებისგან განსხვავებით, აქვს ერთმაგი სტანდარტი. მისივე თქმით, სადაც არის სამართალდარღვევა, ყველგან უნდა იყოს რეაგირება.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სამწუხაროა ინციდენტები, რომელიც ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ინციდენტებიც კი შეესატყვისება ამერიკულ და ევროპულ სტანდარტებს.

„შემიძლია, გაჩვენოთ ვიდეოები, რა ხდება ნიუ იორკში, როტერდამში, ბერლინში, ან პარიზში. ამერიკული სტანდარტი არის ამაზე დაბალი, ჩვენ გვინდა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტი. მე არ მომწონს ეს სტანდარტი, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში 2012 წლიდან დაამკვიდრა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტი. ამიტომ, ძალიან არ მომწონს ეს ინციდენტები და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, მაქსიმალური მოთმინებით შეხვდნენ ნებისმიერ პროვოკაციას. მე ეს არ მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ შესატყვისობაშია ამერიკულ და ევროპულ სტანდარტებთან. სადაც იქნება სამართალდარღვევა, აუცილებლად იქნება შესაბამისი რეაგირებაც“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სამართალდარღვევის შეფასება მთავრობის კომპეტენცია არ არის და ამას შესაბამისი სტრუქტურები დაადგენენ.

„საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი არ არის, რა არის სამართალდარღვევა და რა – არა. სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისად მიიღება ყველა გადაწყვეტილება. ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს ჩვენი ოპონენტებისგან განსხვავებით ერთმაგი სტანდარტი და არა ორმაგი სტანდარტი. სადაც არის სამართალდარღვევა, ყველგან უნდა იყოს რეაგირება. ჩვენი ოპონენტებისგან განსხვავებით, რომლებიც ვერ ხედავენ ძალადობას, ან იწონებენ ძალადობას ერთ მხარეს, ჩვენ არც ერთ მხარეს არ ვიწონებთ ძალადობას და ყველა მიმართულებით აუცილებელია ძალადობაზე სათანადო სამართლებრივი რეაგირება“, – აღნიშნა პრემიერმა.

მინდა მადლობა გადავუხადო სამართალდამცველებს მომიტინგეების ძალადობის და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების  მიმართ ამერიკულ და ევროპულზე მაღალი სტანდარტით რეაგირებისთვის

მინდა მადლობა გადავუხადო სამართალდამცველებს მომიტინგეების ძალადობისა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების მიმართ არსებითად ამერიკულ და ევროპულზე მაღალი სტანდარტით რეაგირებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელ აქციაზეც დაფიქსირდა რამდენიმე ინციდენტი, რომელიც მართალია, სრულ შესატყვისობაში იყო ძალადობაზე რეაგირების ამერიკულ და ევროპულ სტანდარტებთან, თუმცა არ შეესატყვისებოდა იმ სტანდარტებს, რომელიც საქართველოში 2012 წლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა.

„იმედი მაქვს, რომ მომავალში ამგვარი ცალკეული ინციდენტებიც თავიდან იქნება აცილებული“, – აღნიშნა კობახიძემ.

ჩვენ ვაფიქსირებთ მზაობას დისკუსიისთვის, თუმცა თუ სალომე ზურაბიშვილს ექნება დესტრუქციული პოზიცია, გართულდება ეს პროცესი-ირაკლი კობახიძე

ცვლილებები ჩვენი მხრიდან ვერ დაიგეგმება, რადგან ხვალ მესამე მოსმენით მიიღება ეს კანონი და მესამე მოსმენის ფარგლებში ვერავითარი არსებითი ცვლილება ვერ იქნება შეტანილი, თუმცა, ჩვენ ვთქვით, რომ ღია ვართ დისკუსიებისთვის ვეტოს ფარგლებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერის თქმით, მმართველი გუნდი მზად არის დისკუსიებისთვის.

„მართალია, გუშინ სალომე ზურაბიშვილმა არაკონსტრუქციული განცხადება გააკეთა, თუმცა მას მინდა, მოვუწოდო, იმოქმედოს ისე, როგორც აქამდე. ის თვითონ არასდროს წერდა საკუთარი ვეტოს კანონპროექტებს, უწერდნენ ან „ენჯეოები“ ან გარედან უწერდნენ. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ ეს ინსტრუმენტი გამოყენებული იყოს ახლაც და თუ ამის შესაძლებლობას არ მისცემს არც ხელისუფლებას, არც საერთაშორისო პარტნიორებს სალომე ზურაბიშვილი, ეს იქნება მისი პასუხისმგებლობა. არის ორი კვირა, 14 მაისიდან 28 მაისამდე და ამ დროში შესაძლებელია პოზიციების შეჯერება, შემდეგ კი ამ პოზიციების ასახვა ვეტოს კანონპროექტში. თუმცა თუ სალომე ზურაბიშვილს ექნება დესტრუქციული პოზიცია, ამ შემთხვევაში გართულდება ეს პროცესი. ჩვენ ვაფიქსირებთ მზაობას დისკუსიისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

სტუდენტები მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან

ილიას სახელწიფო უნივერსისტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები თსუ-ს უნივერსიტეტამდე მსვლელობით მივიდნენ, საიდანაც ერთობლივი მსვლელობით პარლამენტის მიემართებიან, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები დილიდან მართავენ აქციას.

სტუდენტებმა ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე საგზაო მოძრაობა ცალმხრივად გადაკეტეს და ასე მიემართებიან პარლამენტამდე. მსვლელობის მონაწილეებს თან მიჰყვება საპატრულო ეკიპაჟის რამდენიმე მანქანა.

დღის განმავლობაში ეს მეორე მსვლელობაა. სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დღეს, 13:00 საათზე მსვლელობით შეუერთდნენ პარლამენტთან მყოფ აქციის მონაწილეებს.

როგორც სტუდენტები აცხადებენ, პროტესტი და უნივერსიტეტებში გაფიცვა არ შეწყდება მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ არ გაიწვევს კანონპროექტს.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო პირველი უნივერსიტეტი, რომელმაც ოფიციალურად გამოაცხადა გაფიცვა, დღეს ეს გაფიცვა შედგა. აუდიტორიის უმრავლესობა არის ცარიელი. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ შევბრუნდეთ აუდიტორიებში, მანამ, სანამ „ქართული ოცნება” არ გაიწვევს ამ კანონს და მანამ, სანამ ჩვენი რექტორი, ჯაბა სამუშია არ დააფიქსირებს საკუთარ მკაფიო პოზიციას ამ კანონთან დაკავშირებით.

დღეს უკვე მეორე მარში იმართება თსუ-დან. კიდევ ერთხელ დავიძვრებით და საკანონმდებლო ორგანოში გამოკეტილ მმართველ პარტიას კიდევ ერთხელ გავაგონებთ ჩვენ ხმას”,- განაცხადა სტუდენტმა, დიტო ბელქანიამ.

გვახსოვს ვენეციის კომისიისგან ერთი და იგივე საკითხებთან დაკავშირებით არათუ განსხვავებული, არამედ, ერთმანეთის გამომრიცხავი გადაწყვეტილებები – რატი იონათამიშვილი


რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას, ამ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის შემოტანა საკითხში, არ არის არგუმენტირებული, არ არის მიზანშეწონილი და საერთოდ, კონტექსტში არ არსებობს, ვინაიდან, ჩვენ არც გაგვიგზავნია, – ამის შესახებ განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, უფრო მნიშვნელოვანია, ვისაც ნამდვილი დიალოგი უნდა, მოვიდეს და ამ საკითხებზე, ნამდვილ მაგიდასთან, ნამდვილი არგუმენტებით ისაუბროს და ისე მოხდეს აზრის გაცვლა-გამოცვლა.

„ზოგადად, ვენეციის კომისიას რაც შეეხება, ჩვენ გვახსოვს ვენეციის კომისიისგან ერთი და იგივე საკითხებთან დაკავშირებით არათუ განსხვავებული, არამედ, ერთმანეთის გამომრიცხავი გადაწყვეტილებები და ასეთი, როგორც წესი, არაერთხელ ყოფილა. ძალიან მარტივი მაგალითი რომ გავიხსენო კენჭისყრასთან დაკავშირებით საერთო სასამართლოების ინიციატივასთან იყო ეს საკითხი, ვთქვათ როდესაც ინიციატივაში, გაგზავნილ პროექტში ეწერა, რომ კენჭისყრა უნდა ყოფილიყო დახურული, შენიშვნა იყო, რომ არა, ღია უნდა იყოს კენჭისყრა. როდესაც იყო გაგზავნილი კანონის რედაქცია, რომელიც უნდა ამოქმედებულიყო, რომ ღია კენჭისყრაა, იქ დახურულზე გააკეთეს აქცენტი. ანუ, რაც ეწერა ყოველ ჯერზე, იმის საპირისპირო გააკეთეს, რითაც ერთმანეთის გამომრიცხავი პოსტულატები გააჩინეს დასკვნებში და მე ვფიქრობ, რომ ეს, ზოგადად, არასერიოზული მიდგომა იყო მათი მხრიდან, ვინაიდან იგივე ღია კენჭისყრა და დახურული კენჭისყრის ფორმებიც, ორივე დემოკრატიული ფორმებია და ამის საწინააღმდეგო არ შეიძლება ვინმეს რამე გააჩნდეს და შესაბამისად, ასეთ დონეზე ჩასვლა და ერთმანეთის გამომრიცხავი განცხადებების გაკეთება მინიმუმ უხერხულია.

ვენეციის კომისია არ არის პოლიტიკური ორგანო. ეს არის ძირითადად სამართლებრივი შეფასების მიმართულებით საინტერესო.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ნამდვილ დიალოგზე, ნამდვილი დიალოგი იმართება პოლიტიკურ აქტორებს შორის და ეს არის მნიშვნელოვანი, ცალსახა და ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ ზუსტად.

რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას, ამ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის შემოტანა საკითხში, არ არის არგუმენტირებული, არ არის მიზანშეწონილი და საერთოდ, კონტექსტში არ არსებობს, ვინაიდან, ჩვენ არც გაგვიგზავნია და გულწრფელად რომ გითხრათ, დიდი ინტერესის სფეროს ჩემთვის არც წარმოადგენს ამის მიმართულებით ვენეციის კომისია საერთოდ რას იტყვის, ვინაიდან ეს ცხადია ჩვენი ინიციატივა არ არის. უფრო მნიშვნელოვანია, ვისაც ზუსტად ეს ნამდვილი დიალოგი უნდა, მოვიდეს ჩვენთან და ამ საკითხებზე, ნამდვილ მაგიდასთან, ნამდვილი არგუმენტებით გვესაუბროს და ისე მოხდეს აზრის გაცვლა-გამოცვლა“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას და კენჭისყრით დამტკიცებას 14 მაისის პლენარულ სხდომაზე გეგმავს

„ქართული ოცნების“ უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას და კენჭისყრით დამტკიცებას 14 მაისის პლენარულ სხდომაზე გეგმავს.

მესამე მოსმენა მხოლოდ ტექნიკურ-რედაქციული შინაარსის განხილვას ითვალისწინებს. ამით კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდება და პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა.

14 მაისს პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით დაიწყება. სესიის გახსნამდე კი ბიუროს სხდომა გაიმართება, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის დღის წესრიგში ასახვაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” პროექტის ავტორი და ინიციატორია ფრაქცია “ქართული ოცნება”.

კანონპროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით”, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – კერძოდ კი, 20%-ზე მეტი – უცხოეთიდან არის მიღებული. კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად” მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს.

რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.

კანონპროექტი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციის გამოსავლენად“ იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს. პროექტის პირველი მოსმენით წარდგენილ ვარიანტში ეწერა, რომ მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას შეიცავს”. განხილვის პროცესში ტერმინი “სათანადო მინიშნება” შეიცვალა და მის ნაცვლად “სათანადო ინფორმაცია” ჩაიწერა.

პროექტის გათვალისწინებით, თუ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სუბიექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, მაგრამ მან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო, იუსტიციის სამინისტროს “შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე”, მას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დაარეგისტრირებს, რაც აღნიშნულ სუბიექტს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან არ გაათავისუფლებს.

უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით.

პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: – იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას – 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში – 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა – 20 ათასი ლარი.

ბიძინა ივანიშვილი არ არის ის პიროვნება, რომელიც ამა თუ იმ მუქარის თუ სანქციების შიშის გამო, უარს იტყვის საქართველოს ინტერესების და სუვერენიტეტის დაცვაზე -ირაკლი ქადაგიშვილი

ქართველმა ხალხმა კარგად დაინახა, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ის პიროვნება, რომელიც ამა თუ იმ მუქარის, სანქციების შიშის გამო უარს იტყვის საქართველოზე, საქართველოს ინტერესების, სუვერენიტეტის დაცვაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორი ჯიმ ო’ბრაიენი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების პაკეტის წარდგენას გეგმავს, რის გამოც მმართველი გუნდი „გამჭვირვალობის კანონპროექტს“ შეარბილებს.

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ორი წელია, ბიძინა ივანიშვილი არაფორმალურად სანქცირებულია და მას საქართველოს ინტერესებისთვის არასდროს უღალატია.

„ბიძინა ივანიშვილის მთავარი გზავნილი ყოველთვის იყო ერთი რამ – საქართველო არის სახელმწიფო და ამ სახელმწიფოსთან დაკავშირებით ყველას შესაბამისი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს. ასე რომ, სანქციებით ბიძინა ივანიშვილთან საუბარი არასდროს არის ეფექტური. ფაქტობრივად, ორი წლის განმავლობაში იგი არაფორმალური სანქციების ქვეშ ისედაც იმყოფება და თავისი ქვეყნის ინტერესებისთვის ერთხელ არ უღალატია“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

თუ დასავლეთს უკრაინისთვის ბრძოლის ველზე ბრძოლა სურს, რუსეთი ამისთვის მზადაა -ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, თუ დასავლეთს უკრაინული კონფლიქტის ბრძოლის ველზე გადაჭრა სურს, მაშინ ეს მოხდება ბრძოლის ველზე. ეს განცხადება სერგეი ლავროვმა რუსეთის ფედერაციის საბჭოში გააკეთა, სადაც მისი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნის საკითხი განიხილება.

„თუ სურთ ბრძოლის ველზე, ეს მოხდება ბრძოლის ველზე“, – განაცხადა ლავროვმა.

მისივე თქმით, რუსეთი მზადაა მოლაპარაკებებისთვის არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც.

„ჩვენ სტამბოლში ნამდვილად ვიყავით ერთ ნაბიჯში დოკუმენტის პარაფირებისაგან და ამით სპეციალური საომარი ოპერაციის დასრულებასთან, რასაც უკრაინის სპონსორები აღიარებენ, ეს მოხდებოდა უკრაინისთვის ძალიან ხელსაყრელი პირობებით. ჩვენი პოლიტოლოგებიც ამბობენ ამას. მე ამას ვეთანხმები“, – განაცხადა ლავროვმა.

მისივე განცხადებით, ეს იყო უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც რუსეთის ხელმძღვანელობამ, „დასავლეთის მხრიდან მრავალრიცხოვანი მოტყუების შემდეგ, გადაწყვიტა, მაინც დაეჯერებინა და გამოევლინა კეთილი ნება“.

„ისევ მოიტყუეს. ისევ გვაიძულეს ომი“, – განაცხადა ლავროვმა.