Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

ფინეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარისგან მივიღე მესიჯი, სადაც ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსასვლელად არც თუ ისე სწორი ადამიანი შეირჩა – მარიამ ლაშხი

ფინეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარისგან მესიჯი მივიღე, სადაც ამბობს, რომ არც თუ ისე სწორი ადამიანი შეირჩა, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ ლაშხმა განაცხადა.

„მან ერთგვარი წუხილი გამოთქვა და ფინეთში მიმიწვია, რათა დეტალურად განვიხილოთ ეს საკითხი. მომწონს, რომ არსებობს გარკვეული ხიდები, რათა ამას გარკვეული შეფასებები მოჰყვეს და მათი წარმომადგენლების მხრიდან დაგმონ ეს საქციელი“, – აღნიშნა მარიამ ლაშხმა.

ცნობისთვის, 14 მაისს რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გერმანიის, ჩეხეთის, პოლონეთის, ლიეტუვის, ფინეთის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებმა.

პრეზიდენტმა კანონს ვეტო დაადო – შანსით ისარგებლეთ, ძვირფასო საქართველოს მთავრობა – ძალიან გვიანი არ არის ევროპის რუსეთის ნაცვლად ასარჩევად – მაიკლ როთი

ძალიან გვიანი არ არის ევროპის რუსეთის ნაცვლად ასარჩევად, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.

„პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური აგენტების კანონს“ ვეტო დაადო. შანსით ისარგებლეთ, ძვირფასო საქართველოს მთავრობა. ძალიან გვიანი არ არის ევროპის რუსეთის ნაცვლად ასარჩევად“, – წერს როთი.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო.

„დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუციას და ყველა ევროპულ სტანდარტს და წარმოადგენს შეფერხებას ევროპულ გზაზე. ვეტო სრულიად გამართულია იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას. ეს კანონი უნდა გაუქმდეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტის ვეტო წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი – მარგუს ცაჰკნა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის „უცხოური აგენტების“ კანონზე ვეტო წინ მიმავალ გზას ხსნის, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.

„საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის უცხოური აგენტების კანონზე ვეტო წინ მიმავალ გზას ხსნის. ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი და საქართველოს ევროკავშირის გზას დაუბრუნდნენ“, – წერს ცაჰკნა.

გაიწვიეთ ეს კანონი – ჯერ კიდევ არ არის ძალიან გვიან, უნდა დავაჩქაროთ მუშაობა რეფორმებზე და გადავჭრათ კანონპროექტის საკითხი – ევროკავშირის ელჩი

„ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის სრულიად განსხვავებული რამ, რომელსაც საერთო არაფერი აქვს გამჭვირვალობასთან, არამედ იწვევს მარგინალიზაციას, სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას. ეს [კანონი] გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლებისთვის სერიოზული საფრთხეა… მე არ ვარ იურიდიული ექსპერტი, მაგრამ არსებითად ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ძირითად ღირებულებებს და ევროკავშირის ძირითად ნორმებს, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აცხადებს.

„ვფიქრობ, რომ როგორც ევროკავშირმა, ჩვენ ნათლად გამოვხატეთ ჩვენი მოლოდინები – რა უნდა მოხდეს და რა არა საქართველოში იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სურს წინსვლა ევროკავშირის წევრობისკენ. მაგრამ ქართველმა ხალხმა, საქართველოს პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს, რა ურჩევნიათ.

ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის საქმე არ არის იმის თქმა, თუ რომელი კანონია სწორი ან რომელი არა, მაგრამ ჩემი მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, ვუთხრა საზოგადოებას, რა შედეგები მოჰყვება ამას, ევროკავშირის გაფართოების პროცესის კუთხით, გარკვეული კანონების მიღების შემთხვევაში. და ეს არის ის, რასაც ჩვენ ხმამაღლა და გარკვევით ვაკეთებთ აქ, ევროკავშირის დელეგაციაში თბილისში. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ლიდერების მეშვეობით, რომლებმაც გაავრცელეს განცხადება კანონის ხელახლა ინიცირებიდან მეორე დღეს და საქართველოს პარლამენტში მესამე მოსმენის შემდეგ. ბოდიში, მაგრამ განცხადებაში ყველაფერი ნათლადაა ნათქვამი: გაიწვიეთ ეს კანონი. დიახ, ჩვენ სრულიად ნათელი ვართ გზავნილში. თუმცა, ევროკავშირი არის ევროკავშირის ინსტიტუტების ჯგუფი და ასევე ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ჯგუფი. ასე რომ, შეიძლება შეგვხვდეს სხვადასხვა [სიმუქის] ჩრდილები. თუმცა, საერთო მიმართულება სრულებით ნათელია და არ ვეთანხმები არგუმენტს, რომ არსებობს გაურკვევლობა, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის განცხადებას. ჩვენ ისევ და ისევ ვიმეორებთ, რომ ჩვენი პრობლემა არ არის გამჭვირვალობისკენ სწრაფვა. პირიქით, ჩვენ გვესმის, რომ გამჭვირვალობა აბსოლუტურად აუცილებელია. თუმცა, საქართველოს აქვს საკმარისი კანონები და საკმარისი ადმინისტრაციული პროცედურები გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. შესაძლოა, გარკვეული გაუმჯობესებაა საჭირო. და ჩვენ ასევე მზად ვართ მოგაწოდოთ ჩვენი ექსპერტიზა, რათა ეს მოხდეს. მაგრამ ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის სრულიად განსხვავებული რამ, რომელსაც საერთო არაფერი აქვს გამჭვირვალობასთან, არამედ იწვევს მარგინალიზაციას, სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას. ეს [კანონი] გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლებისთვის სერიოზული საფრთხეა“, – განაცხადა ელჩმა.

ამასთან, პაველ ჰერჩინსკი აღნიშნავს, რომ საქართველო ათწლეულების განმავლობაში აკაკუნებდა ევროკავშირის კარზე, რომელიც დაკეტილი იყო, თუმცა, მისივე თქმით, „ახლა კარები საბოლოოდ გაიღო და ეს არის სასწაული“.

„დიახ, ჩვენ ვუხსნით კარებს უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს. და რა ხდება [საქართველოში]? – ვხედავთ ყოყმანს, ეჭვებს, ფეხის ათრევას. კიდევ ერთხელ, ეს საქართველოს და ქართველების გადასაწყვეტია. დიახ, მაგრამ, რაც შეეხება ევროკავშირს, ჩვენ გავხსენით ჩვენი კარები და გადავდივარ თქვენი კითხვის მეორე ნაწილზე: ვიმედოვნებთ, რომ არ გადავალთ ფორმულიდან – მეტი შედეგი მეტი ძალისხმევისთვის, ნაკლები შედეგი ნაკლებისთვის – ფორმულაზე, რადგან ეს საშინელ გავლენას მოახდენს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე. და ვინ იქნება პირველი მსხვერპლი? უბრალო ხალხი, უბრალო ქართველს მოუწევს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუარესების საფასურის გადახდა. ჩემი პასუხისმგებლობაა, არ დავუშვა, რომ ეს მოხდეს. ჩემი პასუხისმგებლობაა, გამოვიყენო ყოველი შესაძლებლობა, რაც ჯერ კიდევ არსებობს, რათა არ გადავიდეთ მოვლენების ამ უარყოფით სპირალში, რომელიც რიგით ქართველს ძვირი დაუჯდება“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ელჩის თქმით, საქართველო ღია კარში უნდა შევიდეს.

„ვფიქრობ, ქართველები გზაჯვარედინზე იმყოფებიან, სადაც უნდა გადაწყვიტონ, როგორ, განვითარების რომელ კურსს აირჩევენ და როგორი მომავალი სურთ მათთვის და მათი შვილებისთვის. მე მოხარული ვარ, რადგან საბოლოოდ, მრავალწლიანი, საკმაოდ რთული დისკუსიის შემდეგ, ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ევროკავშირის შემდეგი დიდი გაფართოება მყისიერი უნდა იყოს.

საქართველოს გადასაწყვეტია, შევა თუ არა ის ღია კარში. კარი ღიაა, თუმცა თქვენ მასში უნდა შეხვიდეთ. ამ მიზნისთვის, თქვენ გჭირდებათ ხელისუფლება, რომელიც გაითვალისწინებს ჩვენს ნორმებსა და წესებს. კიდევ ერთხელ, თავად საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა განაცხადი, რომ კლუბის წევრობა სურს. ამ კლუბს გარკვეული წესები აქვს და მათი გათვალისწინება სჭირდება. როდესაც ხალხის სახეებს ვხედავ, იმედს ვიტოვებ, რომ ქართველები, მათგან უამრავი ახალგაზრდაა, მომდევნო წლების განმავლობაში გახდებიან ევროკავშირის მოქალაქეები და ამ ოცნების ასახდენად კიდევ მრავალი თაობის განმავლობაში არ მოუწევთ მოცდა.

იქიდან გამომდინარე, რომ თავად პოლონელი ვარ, შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ევროკავშირის წევრობა იყო უდიდესი ოცნების ახდენა. ქვეყანა მნიშვნელოვნად წინ წავიდა. მე ამაყი ვარ, რომ ვარ ევროპელი და ვარ პოლონელი და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ იგივე ელოდებათ ქართველებსაც. ჯერ კიდევ არ არის ძალიან გვიან.

ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია. თუმცა ჩვენ აჩქარება გვმართებს. უნდა დავაჩქაროთ მუშაობა საჭირო რეფორმებზე და ცხადია, უნდა გადავჭრათ ამ კანონპროექტის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვნად ართულებს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.

ამასთან, ელჩმა უპასუხა სანქციებზე დასმულ კითხვას და აღნიშნა „როგორც ვიცი, ამ დროისთვის არ არის საუბარი საქართველოს, ან რომელიმე პირის მიმართ სანქციებზე. არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეულ ეტაპზე ეს დადგეს დღის წესრიგში, თუმცა არ არის ამ მომენტში“.

ეს კანონი თავიდან ბოლომდე რუსულია, ამიტომ უნდა გაუქმდეს, კოსმეტიკური ცვლილებით ვერ გაკეთილშობილდება და ვერ გახდება ევროპული – გიორგი ვაშაძე

აბსოლუტურად სწორია ის, რომ ეს კანონი თავიდან ბოლომდე რუსულია, ამიტომ ის უნდა გაუქმდეს და რაღაც კოსმეტიკური ცვლილებით ვერ გაკეთილშობილდება და ვერ გახდება ევროპული – სრული პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებაზეა”, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ

ფხიზლად იყვნენ დასავლელი პარტნიორები, მუდმივი რყევა იყოს იმ რეჟიმის, რომელიც ქვეყანაშია დამყარებული და ასევე, მხარდაჭერა ყველა იმ ადამიანის, ვის წინააღმდეგაც გამოძიებას იწყებენ ან ფიზიკურად ესხმიან თავს”.

„პირველ რიგში, აბსოლუტურად სწორია ის, რომ ეს კანონი თავიდან ბოლომდე რუსულია, ამიტომ ის უნდა გაუქმდეს და რაღაც კოსმეტიკური ცვლილებით ვერ გაკეთილშობილდება და ვერ გახდება ევროპული. მეორე – „ქართული ოცნების” არგუმენტები ბოლომდე დასრულებულია, რადგან ქვეყნის შიგნით თუ გარეთ აბსოლუტური კონსენსუსია. მესამე – სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებაზეა”. საზოგადოებასაც მყარი პოზიცია აქვს ამ საკითხზე. ჩვენ გვჭირდება, კანონის ბედის მიუხედავად, დიდი ცვლილებები, რომ შევაბრუნოთ საქართველოს განვითარების მიმართულება ევროკავშირისკენ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩამოყალიბდეს დიდი პოლიტიკური ერთობა, რომელიც დარაზმავს საქართველოს და ეროვნულ მუხტს გარდაქმნის გამარჯვების მუხტში.

„ოპოზიციას ერთმანეთთან კოორდინაცია აქვს. მესმის, რომ საზოგადოების დაკვეთაა, რომ საერთო ოპოზიციური ერთობა შედგეს, რომელიც ხალხთან ერთად გამარჯვებას მოუტანს საქართველოს. მე სრულად ვემხრობი ამას, რომ რაც შეიძლება სწრაფად ჩამოყალიბდეს დიდი პოლიტიკური ერთობა, რომელიც დარაზმავს საქართველოს და ამ ეროვნულ მუხტს გარდაქმნის გამარჯვების მუხტში, რომელიც აუცილებლად გვჭირდება არჩევნების დღეს”,- განაცხადა ვაშაძემ.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო გადააზრებისთვის ქმნის მომენტს – ყველა პოლიტიკოსს და ლიდერს მოვუწოდებ, კარგად გამოიყენონ შესაძლებლობის ეს ფანჯარა – შარლ მიშელი

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამჭვირვალობის კანონზე ვეტო კიდევ ერთხელ გადააზრებისთვის ქმნის მომენტს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.

„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამჭვირვალობის კანონზე ვეტო კიდევ ერთხელ გადააზრებისთვის ქმნის მომენტს. ამჟამინდელ ფორმაში – კანონი ევროკავშირის ღირებულებებსა და გზას არ შეესაბამება. საქართველოში ყველა პოლიტიკოსსა და ლიდერს მოვუწოდებ, რომ კარგად გამოიყენონ შესაძლებლობის ეს ფანჯარა და საქართველოს ევროპულ კურსზე დარჩენა უზრუნველყონ, რასაც მოსახლეობა უჭერს მხარს. საქართველოში მიმდინარე მოვლენების ახლოდან დაკვირვებას განვაგრძობ”, – წერს მიშელი.

ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი

ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს შეფასებისას.

„თუ რამეს შეიძლება, ვუწოდოთ რუსული ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, ეს არის ვეტო. ეს არის ის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, რომელიც დღეს ზურაბიშვილმა იკადრა და გააკეთა. მან ყველა რეკორდი მოხსნა კონსტიტუციის დარღვევის და ქვეყნის ინტერესების საზიანო გადაწყვეტილებების მიღების. ვნახავთ იმ ფარატინა ქაღალდს, ფურცლის ნაგლეჯს, რომელსაც გამოაგზავნის. თვითონ როგორც აუწყა საზოგადოებას, იქ არანაირი არგუმენტი არ წერია“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დღეს დაადო.

კობა კობალაძემ ბუნდესვერში ვეტერანთა ბიუროს ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაცნობითი შეხვედრა გამართა ბუნდესვერის ვეტერანთა ბიუროს უფროსთან, ვიცე-პოლკოვნიკ მაიკლ კრაუსესთან და მის მოადგილესთან, ვიცე-პოლკოვნიკ სილვია მელთან.

შეხვედრაზე, რომელსაც, ასევე, ესწრებოდა თავდაცვის ატაშე გერმანიასა და შვეიცარიაში, ბრიგადის გენერალი შავლეგო ტაბატაძე, გერმანელმა მასპინძლებმა ქართველ სტუმრებს, გერმანიის ვეტერანთა ბიუროს შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს; გააცნეს მუშაობის სპეციფიკა, ადმინისტრაციული მოწყობა და ის პროგრამები, რომლებიც გერმანელ ვეტერანთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლადაა შემუშავებული.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 10 მილიონი ვეტერანია. ქვეყანაში ვეტერანის სტატუსი ენიჭება ყველა იმ პირს, ვინც სამხედრო სამსახურში 2 წელი იმსახურა. ბუნდესვერის ვეტერანთა ბიურო 2024 წელს ჩამოყალიბდა და თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. როგორც გერმანელმა მასპინძლებმა აღნიშნეს, ქართული დელეგაცია,ბუნდესვერის ვეტერანთა ბიუროში, იყო პირველი საერთაშორისო ვიზიტორი.

კობა კობალაძე და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ვალერიან ძებისაშვილი მასპინძლებს სამსახურის შესახებ ესაუბრნენ, გააცნეს ის პროგრამები, რომლებიც ქართველ ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად სამსახურისა და სახელმწიფო ინსტიტუციების, ასევე, კერძო სექტორის ჩართულობითაა შექმნილი.

მხარეებმა ისაუბრეს მომავალი თანამშრომლობის სფეროებზე, ურთიერთობის გაფართოებაზე, რაც სხვადასხვა მიმართულებით, ერთობლივ პროექტებს გულისხმობს. კობა კობალაძემ, მასპინძლებს განუცხადა, რომ საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკას შორის ათწლეულების მანძილზე, პარტნიორული, შედეგზე ორიენტირებული ურთიერთობებია და ეს დამოკიდებულება განსაკუთრებით ფასეულია ჩვენი ქვეყნისთვის. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ბუნდესვერის ვეტერანთა ბიუროს, ისევე, როგორც ქართველ და გერმანელ ვეტერანებს შორის თანამშრომლობის გაფართოება ქვეყნებს შორის პარტნიორულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს. დასასრულ, კობა კობალაძემ, გერმანელ მასპინძლებს გულთბილი მიღებისა და საინტერესო შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

კობა კობალაძისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელთა ოფიციალური ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დასრულდა.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვეტო ქარიშხლიდან გზას აჩენს – საქართველოს შეუძლია ეს კანონი უარყოს და ევროპა აირჩიოს – გაბრიელიუს ლანდსბერგისი

პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვეტო ქარიშხლიდან გზას აჩენს, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო ქარიშხლიდან გზას აჩენს. საქართველოს შეუძლია ეს კანონი უარყოს და ევროპა აირჩიოს,” – წერს ლანდსბერგისი.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო.

„დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუციას და ყველა ევროპულ სტანდარტს და წარმოადგენს შეფერხებას ევროპულ გზაზე. ვეტო სრულიად გამართულია იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას. ეს კანონი უნდა გაუქმდეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

იმედია მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან ზაფხულში დაიწყება, მაგრამ საქართველოსთან არა! ჩვენ არ ვაჯახუნებთ კარს, არამედ საქართველოს მთავრობა – მაიკლ როთი

თბილისში ჩასვლით გვსურდა გაგვეგო, როგორ უგულებელყოფს ევროკომისიასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საქართველოს მთავრობა, რომელიც ყველგან ევროკავშირის დროშებს აფრიალებს, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაიკლ როთმა გამოცემა Die Tageszeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.

„[საქართველოში ვიზიტით] გვსურდა გაგვეგო, როგორ მივიდა მთავრობა, რომელიც ყველგან ევროკავშირის დროშებს აფრიალებს, თვეების მანძილზე იმის უგულებელყოფამდე, რასაც ევროკომისია და ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოს მთავრობას როგორც საშინაო დავალებას აძლევენ. რეკომენდაციები შესრულებული უნდა იყოს, სანამ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაწყება. ერთი წინ გადადგმული ნაბიჯიც კი არ არის, მაგრამ ბევრი მნიშვნელოვან უკან გადადგმული ნაბიჯია. კანონები მზადდება, რომლებიც რუსეთის მაგვარი ავტორიტარული რეჟიმების მსგავსია. ამავდროულად, მთავრობა ამტკიცებს, თითქოს ევროკავშირისკენ უნდა სვლა. სიტყვები და ქმედებები უბრალოდ ერთმანეთს არ შეესაბამება. ტყუილის საშინელი კამპანიები იყო ჩემი და ჩემი კოლეგების წინააღმდეგ. შაბათს, ჩვენს ვიზიტამდე, გავრცელდა, ვითომ ოლიგარქისგან 50,000 აშშ დოლარს მივიღებდით თუ ოპოზიციას შევხვდებოდით და კიდევ 50,000 აშშ დოლარს თუ დემონსტრაციაში მივიღებდით მონაწილეობას… ჩემმა ლიეტუველმა კოლეგამ, რომელიც [ტყუილის] კამპანიების მსხვერპლი იყო წლების განმავლობაში, გამაფრთხილა ამის შესახებ… [საქართველოს] მთავრობა ამტკიცებს, რომ რუსეთი საქართველოს მტერია და 2008 წლიდან საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. ეს სიმართლეა! მაგრამ რაც ახლა საქართველოში ხდება, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ რუსიფიკაციად აღიქმება. ეს კანონები და კამპანიები რუსეთში არსებობს. მაგრამ ისინი ნამდვილად არ გვსურს ქვეყნებში, რომლებსაც ევროკავშირში შესვლა სურთ. საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ისინი მზად არიან რუსული რეპრესიული მექანიზმები შემოიტანონ… სიცხადე ერთადერთი ენაა, რომელიც იმ ძალებს ესმის, რომლებსაც საკუთარი ქვეყნების ავტორიტარულ სახელმწიფოებად ტრანსფორმაცია სურთ. არასწორი იქნება შეკავებასა და ჩუმ დიპლომატიას დავეყრდნოთ, და რეალიზებადი კომპრომისის იმედი გვქონდეს. წლების განმავლობაში ვცდილობდით ამას – და მარცხი განვიცადეთ… იმედია [გაწევრიანების შესახებ] მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან ზაფხულში დაიწყება, მაგრამ საქართველოსთან არა. საქართველო დიდხანს იყოს სამაგალითო მოსწავლე, როდესაც საქმე ევროკავშირთან დაახლოებას ეხებოდა. ჩვენ არ ვაჯახუნებთ კარს, არამედ საქართველოს მთავრობა. მაგრამ ის შეიძლება ძალიან სწრაფად კვლავ გაიღოს თუ საქართველოს კანონები, რომლებიც ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს არ შეესაბამება, გაწვეული იქნება,” – განაცხადა როთმა.

გამჭვირვალობის შესახებ კანონი იმდენად მარტივია, ყველაზე მოუცლელ კონგრესმენსაც შეუძლია წაიკითხოს, გამჭვირვალობა არ აწყობთ – ირაკლი ქადაგიშვილი

გამჭვირვალობის შესახებ კანონი იმდენად მოკლე და მარტივია, ყველაზე მოუცლელ კონგრესმენს და სხვა უცხოელ პოლიტიკოსსაც შეუძლია წაიკითხოს, ანუ კანონთან დაკავშირებით ინფორმაციის დეფიციტი არ არის, საქმე სხვა რამეშია – გამჭვირვალობა არ აწყობთ, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„ეს კანონი ითვალისწინებს, რომ ურთიერთობა უნდა გახდეს გამჭვირვალე და აი ეს გამჭვირვალეობა არ აწყობთ. საქართველოს დახმარებების ძირითადი ნაწილი ხმარდება „ენჯეო“ სექტორის სწორედ იმ ნაწილს, რომელიც პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკაში და აი ეს ხდება საჯარო და გამჭვირვალე ამ კანონით და ეს გამჭვირვალობა არ აწყობთ. სხვანაირად წარმოუდგენელია, რომ რომელიმე ნორმალურმა ადამიანმა თქვას, რომ დახმარება, რომელიც არის საჯარო, სასიკეთო, ჰუმანური იდეებისთვის მოწოდებული, ამის გასაჯაროება არ მინდა. ეს კანონი არანაირ სანქციას, არანაირ ჩარევას, არანაირ შეზღუდვას არ ითვალისწინებს“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დიდი მადლობა სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც საბოლოოდ დაადასტურა, რომ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ არ არსებობს შენიშვნები და არგუმენტები – მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის ვეტოზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს Facebook-ზე ეხმაურება.

„1. დიდი მადლობა სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც საბოლოოდ დაადასტურა, რომ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ არ არსებობს შენიშვნები და არგუმენტები.

(ვეტოს ახალი ნაირსახეობის გამოგონებაზე კი სხვადასხვა თაობის იურისტები დიდი ხნის განმავლობაში იმსჯელებენ)

2. რაც შეეხება ჩვენს კონსტრუქციულ შეთავაზებას, ვეტოს პროცედურაში ჩაერთო უცხოელი პარტნიორები, მან უარით და დესტრუქციით უპასუხა!

3. ნაცების, მდიდარი ენჯეოების და მათი დავალების მიმცემების ყალბი პროექტი გამჭვირვალობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ – „არა რუსულ კანონს” ჩავარდა!”, – წერს მამუკა მდინარაძე.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დღეს დაადო.