Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

ავღანეთში, შეიარაღებულმა პირებმა სამი ესპანელი ტურისტი მოკლეს

JPG edited with https://ezgif.com/resize

ავღანეთში, ბამიანის პროვინციაში შეიარაღებულმა პირებმა სამი ესპანელი ტურისტი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ France24-ი ავრცელებს.

„მოკლულია ერთი ავღანელი და სამი უცხოელი ტურისტი“, – განაცხადეს ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ასევე სროლის შერდეგად, დაჭრილია კიდევ ოთხი უცხოელი და სამი ავღანელი.

ბამიანში მდებარეობს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი და ბუდას ორი გიგანტური ქანდაკების ნაშთები, რომელიც თალიბებმა 2001 წელს ააფეთქეს.

ეს იყო უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული – საპატრიარქო

მთლიანობაში ეს იყო უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით… შეიძლება ითქვას, მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მთელმა მოსახლეობამ, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა, დასტურად იმისა, რომ ოჯახური ღირებულებები ყველასთვის არსებითია და უმნიშვნელოვანესი, – ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს მიერ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაშიაში.

„17 მაისი, როგორც ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა და მოიცავს ერთკვირიან მსვლელობას რიზედან თბილისამდე.

წელსაც, 11 მაისს, სამღვდელოებამ (გასული წლების მსგავსად) წმ. ანდრია მოციქულის მიერ განვლილი გზის მსგავსად, აწყურის ღვთისმშობლის ხატით გადმოკვეთა საქართველო-თურქეთის საზღვარი და დაიწყო ლოცვითი მსვლელობა.

17 მაისს აწყურის ღვთისმშობლის ხატი შემობრძანდა დედაქალაქში. ქაშვეთის წმინდა გიორგის ტაძარში და მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ ურიცხვ ხალხს საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მიმართა სიტყვით, შემდეგ კი მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად გადაიხადა პარაკლისი. პარაკლისი გადახდილ იქნა წმ. სამების საკათედრო ტაძარშიც, სადაც დასრულდა ხატით მოგზაურობა.

ქაშვეთისა და სამების ტაძარში აღვლენილ პარაკლისებს დაესწრნენ და მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, ბატონმა შალვა პაპუაშვილმა, ქალაქ თბილისის მერმა, ბატონმა კახა კალაძემ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.

მისი უწმინდესობის კურთხევით, ოჯახის დღე დიდი ზეიმით აღინიშნა საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც: მცხეთაში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ფოთში, თელავში, სენაკში, სამტრედიაში, ზუგდიდში, ახალციხეში, მარტვილში, ოზურგეთში, ონში, ცაგერში, დუშეთში, ზესტაფონში და სხვ.

მთლიანობაში ეს იყო უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით… შეიძლება ითქვას, მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მთელმა მოსახლეობამ, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა, დასტურად იმისა, რომ ოჯახური ღირებულებები ყველასთვის არსებითია და უმნიშვნელოვანესი“, – ნათქვამია განცხადებაში.

სადარბაზოსთან დამხვდა 5 პირბადიანი, სპორტულად ჩაცმული „ზონდერი“, ცოლთან და 1 წლის  შვილთან ერთად ვიყავი, გვერდზე გაყვანა მომთხოვეს და სიტყვიერად დამემუქრნენ – ირაკლი ფავლენიშვი

დღეს, სადარბაზოსთან დამხვდა 5 პირბადიანი, სპორტულად ჩაცმული „ზონდერი“, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს, დილას 12 საათზე სადარბაზოსთან დამხვდა 5 პირბადიანი, სპორტულად ჩაცმული „ზონდერი“. ცოლთან და 1 წლის შვილთან ერთად ვიყავი, გვერდზე გაყვანა მომთხოვეს და სიტყვიერად დამემუქრნენ.

ჩვენ იმ გვარის ვართ უკანდახევა რომ არ სჩვევიათ!

შინაგან საქმეთა სამინისტრო, დღისით, მზისით ქალაქის ქუჩებში მოთარეშე ზონდერებზე ხომ არ ფლობთ ინფორმაციას?”, – წერს ირაკლი ფავლენიშვილი სოციალურ ქსელში.

18 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ახლობლებისგან შესაძლოა, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც დაგეხმარებათ ახალი შემოსავლის წყაროების მიგნებაში. თუ ძალებს სწორად გადაანაწილებთ, შეიძლება, სამომავლოდ, დამატებითი საქმე და შემოსავლის წყაროც გაგიჩნდეთ.

კურო

გაგიჭირდებათ თანამოაზრეების პოვნა და ამაოდ ჩაივლის თქვენი მცდელობა, დააინტერესოთ ირგვლივ მყოფნი. მიუხედავად დაპირებებისა, შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ ყველას თავისი ფარული მიზნები ამოძრავებს. ნუ დაამყარებთ დიდ იმედებს სხვებზე.

ტყუპები

შეეცადეთ, გააფართოოთ საკომუნიკაციო წრე და ეძებეთ ახალი მოკავშირეები ძველი სამეგობროს მიღმა. შეიტანეთ სიახლეები იმიჯში, იყავით უფრო მოქნილი, რათა მოიპოვოთ გარშემომყოფთა ნდობა და ახალი შესაძლებლობები მიიზიდოთ ცხოვრებაში.

კირჩხიბი

შესაძლოა, აღდგეს ძველი ურთიერთობები, რომელიც აზრთა სხვადასხვაობით იყო გამოწვეული, ან შესაძლოა, ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადახვიდეთ, მთავარია, იყოთ გახსნილი და საშუალება მისცეთ სხვებს, დაინახონ თქვენი კეთილგანწყობა.

ლომი

ყველაფერი თქვენს ხელთაა, შესაძლოა, საკმაოდ რთული ვითარება განმუხტოთ თქვენი დიპლომატიურობითა და მომხიბვლელობით, ეს ერთ-ერთი საუკეთესო დღეა, ამ უახლესი პერიოდის განმავლობაში.

ქალწული

შესაძლოა, დღეს, გაგიჭირდეთ საყოფაცხოვრებო პრობლემებთან გამკლავება, დახმარება სთხოვეთ ოჯახის წევრებს ან ახლობლებს, მათი მხარდაჭერით ყველაფერს მოაგვარებთ. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისგან.

სასწორი

მოსალოდნელია შეხვედრები, რომელიც სრულიად გაანეიტრალებს უსიამოვნო ემოციებს და დადებითად აისახება სამომავლო ურთიერთობებზე.

მორიელი

წარმატება გელით ნებისმიერ საქმეში, სასიკეთო დღეა დასახული მიზნების რეალიზებისთვის, როგორც პირად, ასევე საქმიან სფეროში. აკონტროლეთ ემოციები და მოერიდეთ ღამით სიარულს.

მშვილდოსანი

დღეს, შესაძლოა, შეგახსენონ წინა პერიოდში აღებული პასუხისმგებლობა და მოითხოვენ აქტიური მოქმედებები გადაწყვეტილების მისაღებად, შეეცადეთ, არ აჰყვეთ ემოციას და არ გააღრმაოთ კონფლიქტები.

თხის რქა

თავი შეიკავეთ არამიზნობრივი ხარჯებისგან და იყავით უფრო პრაგმატული, ვინაიდან, გაუმართლებელი ფინანსური გასავლები დაამძიმებს თქვენს ეკონომიკურ მდგომარეობას და ოჯახური უკმაყოფილების მიზეზად იქცევა.

მერწყული

იზრუნეთ ოჯახური ურთიერთობების განმტკიცებაზე და მეტი ყურადღება დაუთმეთ უმცროსი ასაკის ადამიანებს, კარგი იქნება, თუ დაინტერესდებით მათი პრობლემებით და შეძლებისდაგვარად დაეხმარეთ მათ მოგვარებაში.

თევზები

ნუ გადადებთ სამომავლოდ პრობლემების მოგვარებას და იყავით ფრთხილად და ყურადღებით, არის დანაკარგის ალბათობა. მოსალოდნელია ახალი რომანტიკული ნაცნობობა და თავგადასავლები.

 სალომე ზურაბიშვილმა უღალატა იმ იდეას, რითაც ის გახდა საქართველოს პრეზიდენტი – მიხეილ სარჯველაძე

სალომე ზურაბიშვილმა უღალატა იმ იდეას, რითაც ის გახდა საქართველოს პრეზიდენტი. ის უნდა ყოფილიყო ზეპარტიული, არ უნდა ყოფილიყო მიკერძოებული რომელიმე მხარის სასარგებლოდ – რა მიზეზითაც ის აირჩიეს, ის ამ საქმეს ღალატობს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ მედიასთან განაცხადა.

„საინტერესო კითხვას დაბადებს, როგორ შეძლებენ ბატონი გვარამია და ქალბატონი ზურაბიშვილი ერთ პარტიაში შეხმატკბილებულად მოღვაწეობას“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

დღეს ფაქტობრივად, კონსტიტუციური კანონის პროექტზე რეფერენდუმი შედგა – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლისს დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მცირე პარაკლისი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამღვდელოებასთან ერთად აღასრულა, რომლის დასრულების შემდეგ მოეწყო საზეიმო ლოცვითი მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ, სადაც შესრულდა სამადლობელი პარაკლისი.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ოჯახი სიწმინდის დღე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელიც საქართველოს ეკლესიის ინიციატივით 10 წლის წინ დაწესდა.

„დღევანდელ სამყაროში ბევრი რამ დგას გამოწვევის წინაშე და მათ შორის, გამოწვევის წინაშე დგას ოჯახის ის ტრადიციული გაგება, რომელიც ათასწლეულებია მოგვდგამს, როგორც საქართველოში, ისე ზოგადად, სამყაროში. დღეს ცდილობენ, რომ ბევრი რამე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ, ამოაყირაონ ღირებულებითი თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ ამ დღეს განსაკუთრებით გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ოჯახური ღირებულებების, უფროსების პატივისცემის, სტუმარ-მასპინძლობის მიმართ. როგორც დღეს მეუფე შიომ აღნიშნა, ოჯახში არის სამი ჰიპოსტასი – მამა, დედა და შვილი, ოჯახი არის კაცი, ქალი და ბავშვი და ოჯახის ეს გაგება სრულად უნდა იყოს აღქმული და წარმოჩენილი ხალხის მხრიდან”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღეს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გამოსულმა მოსახლეობამ ფაქტობრივად გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება კონსტიტუციური კანონის პროექტის მიმართ.

„საპარლამენტო უმრავლესობამ დააინიცირა კონსტიტუციური კანონის პროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის” შესახებ. დღეს ამ კონსტიტუციური ცვლილების საყოველთაო – სახალხო განხილვის ბოლო დღე იყო. ასიათასობით მოქალაქე გამოვიდა თბილისში და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და დღეს, ფაქტობრივად, რეფერენდუმი შედგა ამ კონსტიტუციური კანონის პროექტზე. დღეს, ქართველმა ხალხმა თავისი გამოსვლით ამ კონსტიტუციურ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ახლა უკვე პარლამენტის ვალდებულებაა, რომ ეს რეფერენდუმი კანონად გადააქციოს და ჩვენ დავიწყებთ უკვე კონსტიტუციური კანონის პროექტის საპარლამენტო განხილვას. ახლა უკვე ოპოზიციას დაუდგება „ჭეშმარიტების მომენტი”, როდესაც მას მოუწევს თვალში ჩახედოს ამ რეფერენდუმში მონაწილე ხალხს, რომელიც დღეს გამოვიდა საქართველოს ქალაქებში და მიიღოს გადაწყვეტილება – ის დგას ქართველი ხალხის მხარეს, თუ ის დგას იმ პატარა ჯგუფების მხარეს, რომლებიც ცდილობენ ეს ღირებულებები შეარყიონ სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოში”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღვთისმსახურებას და მსვლელობას პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ არის გამოცხადებული.

რადიკალები კიდევ ერთხელ იტყუებიან, თითქოს ფიზიკურ პირებს უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ სუბიექტად დარეგისტრირება ევალებათ – ანრი ოხანაშვილი 

ოჯახის სიწმინდის დღის და ხალხის ამ ბუნებრივი ძალის გადაფარვა ვერ შეძლეს რადიკალმა ოპოზიციონერებმა და გამჭვირვალობის კანონზე მორიგი სპეკულაცია წამოიწყეს, თითქოს კანონში ფიზიკური პირების რეგისტრაციის ვალდებულება დაემატა და თითქოს ტექსტში დაზუსტებები ფარულად შევიდა. როგორც ჩანს რადიკალურ ოპოზიციას ეს თემა დღევანდელი დღისთვის სპეციალურად შემონახული ჰქონდა, რომელზეც პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმა არ ამოუღიათ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ოხანაშვილი განმარტავს, კანონპროექტის ჯერ კიდევ დაინიცირებულ ვერსიაშივე ეწერა, რომ იუსტიციის სამინისტროს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია კონკრეტული ორგანიზაციის შემოსავლების/ხარჯების დადგენის მიზნით. მისივე თქმით, „მე-2 მოსმენის დროს, სხდომათა დარბაზში სრულად იყვნენ წარმოდგენილი რადიკალებიც, რასაც პლენარული სხდომის ვიდეოც ადასტურებს“.

„ოჯახის სიწმინდის დღის და ხალხის ამ ბუნებრივი ძალის გადაფარვა ვერ შეძლეს რადიკალმა ოპოზიციონერებმა და გამჭვირვალობის კანონზე მორიგი სპეკულაცია წამოიწყეს, თითქოს კანონში ფიზიკური პირების რეგისტრაციის ვალდებულება დაემატა და თითქოს ტექსტში დაზუსტებები ფარულად შევიდა.

როგორც ჩანს რადიკალურ ოპოზიციას ეს თემა დღევანდელი დღისთვის სპეციალურად შემონახული ჰქონდა, რომელზეც პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმა არ ამოუღიათ.

რადიკალები მსგავს სპეკულაციაში ჩემი წინა პოსტითაც (კომიტეტზე მე-3 მოსმენის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით) ვამხილე, ამიტომ ახლაც საჭიროდ ვთვლი მათ მხილებასა და ჩვენი საზოგადოების დამატებით ინფორმირებას (იხ. აგრეთვე პლენარულ სხდომაზე კანონპროექტში ვითომ ფარულად შეტანილი დაზუსტების ამსახველი ვიდეომასალა):

რადიკალები კიდევ ერთხელ იტყუებიან, თითქოს ფიზიკურ პირებს (ჩვენს მოქალაქეებს) უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ სუბიექტად დარეგისტრირება ევალებათ. კანონი ამას არც ითვალისწინებდა და არც ახლა ითვალისწინებს!

კანონპროექტის ჯერ კიდევ დაინიცირებულ ვერსიაშივე ეწერა, რომ იუსტიციის სამინისტროს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია კონკრეტული ორგანიზაციის შემოსავლების/ხარჯების დადგენის მიზნით.

მე-2 მოსმენის დროს, პლენარულ სხდომაზე, სადაც ეს რადიკალებიც სრულად იყვნენ წარმოდგენილნი, მე-9 მუხლში დაზუსტდა შემდეგი:

ამ კანონის შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ორგანიზაციის შემოსავლების/ხარჯების დადგენის მიზნით არის შესაძლებელი ასეთი ინფორმაციის გამოთხოვა და არა ზოგადად, როგორც რადიკალები ამბობენ, თითქოს ფიზიკური პირის მიერ ფინანსური დეკლარაციის შევსებისა და მისი დარეგისტრირების მიზნით.

დასკვნა: ის პრინციპი, რაც კანონპროექტის დაინიცირებულ ვერსიაში ეწერა, არც განხილვის პროცესში შეცვლილა.

არა დეზინფორმაციას!

კი გამჭვირვალობას!

კი ქართულ კანონს!

ღირსებით ევროპისკენ!” – წერს ანრი ოხანაშვილი.

საქართველო და ჩვენი საზოგადოება არის ერთიანი, როდესაც საქმე ეხება სამშობლოს და ოჯახს – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე საუბრობს.

„დღეს მთელი ერი და ბერი გაერთიანდა ჩვენი უნივერსალური ღირებულებების დასაცავად. ერთმანეთს და მთელ საერთაშორისო საზოგადოებას დღეს ვაწვდით ხმას, რომ საქართველო და ჩვენი საზოგადოება არის ერთიანი, როდესაც საქმე ეხება სამშობლოს და ოჯახს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

დღეს, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით საზეიმო მსვლელობები გაიმართა.

პანიკის დათესვის მცდელობა ქვეყნისა და საკუთარი ხალხის ცალსახა ღალატია – ლევან დავითაშვილი

მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები მჭიდრო კავშირშია ეკონომიკურ დინამიკასთან, ეკონომიკის პროგრესთან და ეკონომიკურ პოლიტიკასთან. სამწუხაროდ, ის მოწოდებები, რომლებიც ოპონენტების მხრიდან ისმის, ბუნებრივია, დადებითად არ აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მოვლენებზე – ეს არის, პრინციპში, გამიზნული პოლიტიკა, რომელიც, ამ შემთხვევაში, ცდება პოლიტიკის მორალურ ჩარჩოებს ანუ ყველა გზით მიზნის მიღწევა, ვფიქრობ, არ არის მთლად ღირსეული და საქმე ზუსტად ამასთან გვაქვს, – ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა დღეს არის საკმაოდ მყარი და ჯანსაღი, რაც აღიარებულია ყველა საერთაშორისო კომპეტენტური ინსტიტუტის მიერ. მისი შეფასებით, ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები აბსოლუტურად ჯანსაღია და შესაბამისად, პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა, ეკონომიკის მინისტრის თქმით, ამავე დროს, ეკონომიკა საკმაოდ მგრძნობიარეა, სტაბილურობასთან პირდაპირ არის კავშირში, ამიტომ პოლიტიკოსები პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ თავიანთ განცხადებებს.

„ოპონენტები გამიზნულად ცდილობენ, რომ ჩვენი ეკონომიკური განვითარება შეაფერხონ, მაქსიმალური ზიანი მოუტანონ საკუთარი ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს, საკუთარ ქვეყანას. რა თქმა უნდა, ქვეყანა განზოგადებული ცნება არ არის, ამ შემთხვევაში საუბარია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე, რადგან ეკონომიკის დაზიანება პირდაპირ აისახება თითოეული ჩვენი მოქალაქისა თუ ოჯახის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. ვხედავთ, ბოლო დღეებში როგორი გამიზნული, მიზანმიმართული შეტევაა საქართველოს ეკონომიკაზე, არის განცხადებები, რომ ეკონომიკა დაზიანდება, ჩამოიქცევა, ლარის კურსი გაუფასურდება, ასევე არის მოწოდებები, რომ მოსახლეობამ გამოიტანოს დეპოზიტები და ა.შ. აქედან გამომდინარე, გადაჭარბების გარეშე, პირდაპირ შემიძლია განვაცხადო, რომ პანიკის დათესვის მცდელობა, რომელიც არაერთი პოლიტიკოსის მხრიდან მოვისმინეთ ბოლო დღეების განმავლობაში, ქვეყნისა და საკუთარი ხალხის ცალსახა ღალატია“, – აღნიშნა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილმა საქართველოს მოსახლეობის საყურადღებოდ კიდევ ერთხელ ხაზგასმით განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ჩვენს ეკონომიკაში რაიმე ნეგატიური მოვლენების არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს.

„დავინახეთ, რომ მათ შორის, ლარის კურსმა დაიწყო დასტაბილურება და იმ შემთხვევაში, თუ პანიკას აჰყვებიან მოქალაქეები, სამწუხაროდ, იზარალებენ. ამიტომ, ცალსახაა, რომ უნდა შევინარჩუნოთ ამ შემთხვევაშიც სიმშვიდე და ობიექტურად შევხედოთ მოვლენებს“, – განაცხადა პირველმა, ვიცე-პრემიერმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურთან ნათლად ვთქვი, რომ ეს კანონი შეცდომაა და არ უნდა იქნას მიღებული – ოლაფ შოლცი 

საქართველოს მთავრობის მეთაურთან ძალიან ნათლად ვთქვი, რომ ეს კანონი შეცდომაა და ის არ უნდა იქნას მიღებული, ახლა არაფერი შეცვლილა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა შვეიცარიის პრეზიდენტ, ვიოლა ამჰერდთან ერთად, 15 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

„აქ, ზუსტად ამ ადგილას, საქართველოს მთავრობის მეთაურთან ერთად ვიდექი და ძალიან-ძალიან ნათლად ვთქვი, რომ ეს კანონი შეცდომად მიმაჩნია და ის არ უნდა იქნას მიღებული. ახლა, როდესაც ეს [კანონის მიღება] გადაწყდა, არაფერი შეცვლილა,” – განაცხადა შოლცმა.

რამდენჯერ აღგვინიშნავს 17 მაისი, მაგრამ ამდენი ადამიანი მგონი არასოდეს გამოსულა – მამა შალვა კეკელია

რამდენჯერ აღგვინიშნავს 17 მაისი, მაგრამ ამდენი ადამიანი მგონი არასოდეს გამოსულა. ეს ნიშნავს იმას, რომ ერმა გაიაზრა, რა საფრთხის წინაშე დგას და თუნდაც ოჯახის სიწმინდე რამდენად მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ ჟურნალისტებს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გამართულ მსვლელობაზე განუცხადა.

„ხალხმაც გამოაჩინა, რამდენად მნიშვნელოვანია ქართველებისთვის ოჯახი, ოჯახის სიწმინდე. რამდენჯერ აღგვინიშნავს 17 მაისი, მაგრამ ამდენი ადამიანი მგონი არასოდეს გამოსულა. ეს ნიშნავს იმას, რომ ერმა გაიაზრა, რა საფრთხის წინაშე დგას და თუნდაც ოჯახის სიწმინდე რამდენად მნიშვნელოვანია და ქვეყნის დაცვა. ოჯახი არის სიხარული, ბედნიერება, სიმტკიცე, ქვეყნის საძირკველი და საფუძველი და როგორი ოჯახებიცაა ქვეყანაში, ისეთი ქვეყანა გვაქვს. ამ [მსვლელობაზე მისულ] ხალხს ესმის, რომ ოჯახზე დგას ყველაფერი და ოჯახის სიწმინდისთვის, მართლმადიდებლობის დაცვისთვის გამოვიდნენ დღეს ქუჩაში“, – აღნიშნა შალვა კეკელიამ.

ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო – ირაკლი კობახიძე

ემოციები უმეტესწილად ჩაცხრა. ბევრმა ადამიანმა, რომელიც მანამდე სხვაგვარად ფიქრობდა, უკვე გაიაზრა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, სინამდვილეში, სულაც არ არის რუსული. ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს.

„ენჯეოების“ გამჭვირვალობის გასაპროტესტებლად მოწყობილ ბოლო აქციებზე ძალადობის ხარისხი მნიშვნელოვნად იყო შემცირებული, რისთვისაც აქციებში მონაწილე ყველა ჩვენს გულწრფელ თანამოქალაქეს მადლობა მინდა გადავუხადო.

აქციებზე ძალადობას კონკრეტული ორგანიზატორები ჰყავდა. ესენი იყვნენ რადიკალური პარტიები და „ენჯეოები“ და მათთან დაკავშირებული ძალადობრივი დაჯგუფებები. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ძალადობაზე უარის თქმა ამ ადამიანების გადაწყვეტილება იყო.

შესაბამისად, უნდა ვიფიქროთ, რომ ძალადობის შემცირება იმ ახალგაზრდების დამსახურებაა, რომლებიც აქციებში არა პოლიტიკური მოტივით მონაწილეობდნენ, არამედ რომლებმაც გულწრფელად დაიჯერეს, რომ კანონს ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის დაბრკოლება შეიძლებოდა შეექმნა. უნდა ვიფიქროთ, რომ საბოლოოდ, სწორედ მათ შესძინეს აქციებს ქართული კულტურისთვის მისაღები, მშვიდობიანი სახე.

ემოციები უმეტესწილად ჩაცხრა. ბევრმა ადამიანმა, რომელიც მანამდე სხვაგვარად ფიქრობდა, უკვე გაიაზრა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, სინამდვილეში, სულაც არ არის რუსული. გარე შანტაჟის მიუხედავად, ბევრმა ისიც გაიაზრა, რომ ეს კანონი არც საქართველოს ევროინტეგრაციას შეაფერხებს.

ბევრი იმასაც გაიხსენებდა, რომ გარედან ზუსტად ასევე გვაშანტაჟებდნენ, როდესაც ჩვენგან სანქციებზე მიერთებას და საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლას, მთავრობის ოფიციალური თანხმობით უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას და სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვას, სასამართლო ხელისუფლებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მორღვევას, თითქოსდა მომაკვდავი სააკაშვილის გათავისუფლებას, გვარამიას ციხიდან გაშვებას, კეზერაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტას და ბიძინა ივანიშვილის დასჯას ითხოვდნენ. თუმცა, ისიც ყველას ახსოვს, რომ არცერთ ამ შეურაცხმყოფელ მოთხოვნას არ დავთანხმდით და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მაინც მივიღეთ. თუ მომავალშიც ასეთივე ღირსებას ვაჩვენებთ, აუცილებლად მივაღწევთ შედეგს ყველა მიმართულებით, მათ შორის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

ყველას ახსოვს, რომ მმართველი გუნდი მთელი ამ დროის განმავლობაში სრულიად ღია იყო დისკუსიისთვის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. ჩვენ ამგვარი ღია დისკუსია იმ ქვეყნების ელჩებსაც შევთავაზეთ, რომლებიც საქართველოს შიდაპოლიტიკურ საკანონმდებლო დებატებში უხეშად ერეოდნენ. თუმცა, სამწუხაროდ, ელჩები საჯარო დისკუსიას გაექცნენ, მათი ქვეყნების წარმომადგენლებმა კი, ზღვის თუ ოკეანის გაღმიდან, კვლავაც არგუმენტებს მოკლებული უხეში განცხადებების კეთება განაგრძეს. ზუსტად ანალოგიურად გაექცნენ ჯანსაღ დისკუსიას რადიკალური ოპოზიციის კუთვნილი მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც. ეს ყველაფერი იმის ნიშანია, რომ კანონის წინააღმდეგ არგუმენტები, სინამდვილეში, არ არსებობს და ჩვენს ოპონენტებს ამოძრავებთ ერთადერთი მიზანი, „ენჯეოების“ ფინანსების შესახებ ინფორმაცია საქართველოს მოსახლეობას რამენაირად დაუმალონ.

საქართველოს მომავალი ახალგაზრდებს ეკუთვნის. ჩვენს ქვეყანას ჰყავს სანიმუშო, გამორჩეულად ნათელი და პროგრესული ახალგაზრდობა და ამ ქვეყნის მართვისა და განვითარების საქმე მომავალში სწორედ მათ უნდა გადაიბარონ. ეს ქვეყანა მომავალში ერთად უნდა მართონ ახალგაზრდებმა, რომლებიც დღეს იწონებენ ან აპროტესტებენ გამჭვირვალობის შესახებ კანონს. შესაბამისად, ყველა ჯანსაღ ახალგაზრდასთან შეხვედრა და მნიშვნელოვან საკითხზე მსჯელობა ჩემთვის განსაკუთრებული პატივია. მზად ვარ, მათგან არა მხოლოდ მოვისმინო, არამედ, სათანადო შემთხვევაში, აგრეთვე გავიზიარო შენიშვნები და ახალგაზრდებისგანაც ასეთივე დამოკიდებულებას მოველი. თუ ადამიანი დარწმუნდება, რომ არასწორად ფიქრობდა, აღიარება და პოზიციის შეცვლაც უნდა შეეძლოს, რაც ადამიანის არა სისუსტეზე, არამედ სწორედ ღირსებაზე მეტყველებს.

ვფიქრობ, ჩამცხრალი ემოციების ფონზე, არსებობს უკეთესი შესაძლებლობა იმისა, რომ გაიმართოს ჯანსაღი დისკუსია კანონთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო. შეგიძლიათ დისკუსიას დაასწროთ 2-3 არაახალგაზრდაც, რომელსაც თქვენ ავტორიტეტულ ექსპერტად განიხილავთ.

იმედი მაქვს, ჩვენ კონსტრუქციულობასა და ღიაობაზე ამჯერად მაინც მივიღებთ შესატყვის პასუხს და ელჩებისგან და რადიკალური ოპოზიციის კუთვნილი მედიასაშუალებებისგან განსხვავებით, ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებთ ჯანსაღ დისკუსიაში გამჭვირვალობის კანონის შესახებ“, – წერს კობახიძე.