Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

დიპლომატი იმ იარაღს, რომელიც მისცეს, ქვეყნის წინააღმდეგ არ ატრიალებს, მრცხვენია, რომ სერიოზული ადამიანი ზეზვაზე უფრო ევროპელად აცხადებს თავს და სახელმწიფოს თითს უქნევს – თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება გოჩა ჯავახიშვილის განცხადებას საფრანგეთში ელჩის თანამდებობის დატოვების შესახებ.

როგორც თეა წულუკიანი წერს, დიპლომატი და ჯარისკაცი ერთი და იგივე პროფესიაა, ნამდვილი დიპლომატი იმ იარაღს, რომელიც მისცეს, ქვეყნის წინააღმდეგ არ ატრიალებს.

„როცა ჩემთვის პროფესიულად ახლობელ და ძვირფას ადამიანს, მით უმეტეს, ელჩის მაღალი სტატუსის მქონე პირს, არ ერიდება, საჯაროდ მომაყენოს შეურაცხყოფა (თურმე ვერ ერევა მისი წარმდგენი ხელისუფლების – ცუდი ქალების და კაცების, ნამოქმედარის შედეგების გამო საყვედურებს ადგილსამყოფელ ქვეყანაში), არც ის უნდა ეწყინოს, თუ პასუხს ასევე საჯაროდ დაუბრუნებენ. დაუბრუნებენ, რადგან კლავიატურა ჩვენც გვაქვს (ან კი როგორ იცლის ზოგიერთი ამდენი რახარუხისთვის, სულ პოსტის მცხობლად რომ მუშაობს ნამდვილი სამსახურის პარალელურად).

უპირველესად, არ ვთვლი საინტერესოდ და საჭიროდ განვიხილო როგორ მოხვდა თანამდებობაზე და რატომ. საინტერესო ჩემთვის ისაა, რომ მას და მის მსგავსად მოაზროვნე ადამიანებს ჰგონიათ, რომ ისინი ყველაზე მეტად ევროპელები არიან. უფრო მეტიც, ისინი თავად არიან ევროპა ან ევროპაზე ფეხმძიმედ. რაც მთავარია, იმდენი იცხოვრეს ევროპაში (“ცუდი” მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე და საკუთარი ხალხის ხარჯზე), რომ ევროპული ღირებულებების მატარებელნი კი არ გახდნენ მხოლოდ, არამედ ამ ღირებულებებმა სისხლთან ერთად დაიწყო მათ ვენებში ჩქეფა. აჩქეფდა, ადგაფუნდა და გარდაიქცა იმ ცისფერ სითხედ, რომლის პრიმატსაც წარსულში სხვებიც ქადაგებდნენ. პრიმატი არ ვიცი და ეს გახლავთ პრიმიტიული ევროპეიზმი. დაე, ნუ გვაპატიებთ ამ შეფასებას, ვისაც გვაქვს სისხლი წითელი. ჩვენ ხომ გლეხები ვართ, არ გაგვიხედავს ჩვენი სოფლის იქით. ეს გახლავთ ის პრიმიტიული, რომელიც წარმოშობს წყურვილს, ვინმემ გმირი გიწოდოს, შეგაქოს და ტაში დაგიკრას, დაგიდასტუროს, რომ ხარ. ეს წყურვილი ბანგივითაა და ისეთ კეთილშობილ ხალხსაც კი ჩაადენინებს მავნებლობას, როგორც ეს ამ შემთხვევაში მოხდა.

ასეთი საქციელებით ვერ ხდებიან ლევან მიქელაძეები. აქ თვით ანალოგიაც კი მკრეხელობაა! ვწუხვარ და ვგმობ ამ საქციელს. და მრცხვენია, რომ მშრომელი, სერიოზული ადამიანი თავს უფლებას აძლევს, საკუთარი თავი ზეზვაზე უფრო დიდ ევროპელად გამოაცხადოს და საკუთარ სახელმწიფოს თითი დაუქნიოს. ფეხი რამეს არ წამოკრათ ამ ერთმანეთთან შეჯიბრსა და რბოლაში. ერთმანეთთან, რადგან მე, ჩვენ და ჩვენნაირებს შეჯიბრი, ვთვლით, რომ არ გვჭირდება. ჩვენ სხვა გამოწვევები გვაქვს. ჩვენ ვხედავთ, რომ მრავალ საფრთხეს ერთდროულად მოუცლია საქართველოსთვის და ეს საფრთხეები ყველა მხრიდან მომდინარეობს. თქვენ კი ცხოვრობთ მავნებლურ ილუზიაში და ამტკიცებთ, რომ ზოგ საფრთხეზე სახელმწიფომ თვალი უნდა დახუჭოს და ამ ელჩივით მოიქცეს, რადგან შეგვაქებენ. ეს ჩვენი არჩევანი არ არის. ჩვენი გზა უფრო რთულია. ამ რთულ გზაზე სიარული დამღლელია ზოგიერთისთვის, როგორც ჩანს. ვაი მას, ვინც დაიღლება და ვუი იმას, ვისაც დაავალებენ, აბა, დაღლის დროა, ქვეყნის სამსახურს განუდექიო. მადლობას ვუხდი ყველა იმ დიპლომატს, რომელიც ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დგას დამოუკიდებლობის სადარაჯოზე, მათ, ვინც შემდგომ ჩაება ამ ჯაჭვს და დღემდე მედგრად შესდგომია სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრივი ღირსების აღმავალ, რთულ გზას. დიპლომატი და ჯარისკაცი ერთი და იგივე პროფესიაა. ნამდვილი დიპლომატი იმ იარაღს, რომელიც მისცეს, ქვეყნის წინააღმდეგ არ ატრიალებს“, – წერს წულუკიანი.

გოჩა ჯავახიშვილმა საფრანგეთში ელჩის თანამდებობის დატოვების შესახებ 4 მაისს განაცხადა. ამ ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. ილია დარჩიაშვილის თქმით, ჯავახიშვილმა განცხადება უფლებამოსილების შეჩერებიდან რამდენიმე საათში გააკეთა, მან შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს, უწყებას და თითოეულ ღირსეულ დიპლომატს.

გაგვლახავენ და ავდგებით, „რობოკოპებით“ გაგვწევენ და რუსთაველზე დავბრუნდებით, დაგვიჭერენ – გამოვალთ! – დიმიტრი ჩიქოვანი

გაგვლახავენ და ავდგებით, „რობოკოპებით“ გაგვწევენ და რუსთაველზე დავბრუნდებით, დაგვიჭერენ – გამოვალთ. ამ რუსულ კანონს ბიძინა ივანიშვილს გავუკეთებთ ერთ ადგილას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, დიმიტრი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ყველაფრის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი, ბიძინა ივანიშვილის უკან დგას რუსეთი და ამით ყველაფერი ნათქვამია.

„გაგვლახავენ და ავდგებით, “რობოკოპებით” გაგვწევენ და რუსთაველზე დავბრუნდებით, დაგვიჭერენ გამოვალთ. ამ რუსულ კანონს ბიძინა ივანიშვილს გავუკეთებთ ერთ ადგილას. მე მახსოვს, ორი ადამიანი, მაგრამ ვიდეოზე ყველამ ნახეთ რამდენი იყვნენ. შემდეგ ვნახეთ სხვა ვიდეოებიც, რომ დაჯგუფებით მოძრაობენ დაქირავებულები „ტიტუშკები“. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არაფერია. ხვალაც აქციაზე უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი და ზეგაც. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ვერაფერს დაგვიშავებენ. არავინ დაინტერესებულა, არც დავუკითხივარ არავის. შსს არის ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ჩვეულებრივი იარაღი და ის მოქმედებს ხალხის წინააღმდეგ. ამ ყველაფრის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი, ბიძინა ივანიშვილის უკან დგას რუსეთი და ამით ყველაფერი ნათქვამია, მაგრამ ქართველი ხალხის წინააღმდეგ არის ეს ყველაფერი. ქართველი ხალხის ნება არის ევროპა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ რამდენჯერაც საჭიროა, ამ მთავრობის წინააღმდეგ აქციაზე უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი,“ – განაცხადა დიმიტრი ჩიქოვანმა.

რწმუნებულებმა 8 პირი მოინახულეს, მათ შორის, უჩა აბაშიძე, რომელსაც დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს ადვოკატთან შეხვედრის შესაძლებლობა – ომბუდსმენის აპარატი

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა გასული ღამის განმავლობაში 8 პირი მოინახულეს, მათ შორის, ბლოგერი უჩა აბაშიძე, რომელიც ძალოვანთა მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მიუთითებდა.

ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ინფორმაცია უკვე მიეწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.

ომბუდსმენის აპარატი მიუთითებს, რომ დაკავებულს დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს ადვოკატთან შეხვედრის შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად მოხდეს მისი დაცვის უფლების რეალიზება.

სახალხო დამცველი შეისწავლის ადვოკატის საქმიანობისთვის ხელშეშლის ფაქტის ეპიზოდსაც.

„სახალხო დამცველის რწმუნებულებმა გასული ღამის განმავლობაში 8 პირი მოინახულეს, მათ შორის, ბლოგერი უჩა აბაშიძე, რომელიც ძალოვანთა მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მიუთითებდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ინფორმაცია უკვე მიეწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.

ამასთან, დაკავებულმა, სახალხო დამცველის რწმუნებულთან გასაუბრებისას აღნიშნა, რომ მისი სახლის ჩხრეკის პერიოდში იგი სისტემატურად ითხოვდა ადვოკატების შეშვებას, თუმცა უშედეგოდ.

სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ დაკავებულს დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს ადვოკატთან შეხვედრის შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად მოხდეს მისი დაცვის უფლების რეალიზება. სახალხო დამცველი შეისწავლის ადვოკატის საქმიანობისთვის ხელშეშლის ფაქტის ეპიზოდსაც.

არასათანადო მოპყრობაზე საუბრობდა ასევე დაკავებულთა ნაწილიც, რომელთა შესახებ სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ ჩააყენა საქმის კურსში სპეციალური საგამოძიებო სამსახური.

სახალხო დამცველის აპარატი კვლავ აგრძელებს დაკავებულთა მოძიებასა და მათთან გასაუბრებას, მათი ფიზიკური მდგომარეობისა და დაკავების პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

განხორციელებული ვიზიტებისა და შედეგების შესახებ პერიოდულად მოვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას.

უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი – 14 81 – მუშაობს 24 საათიან რეჟიმში“,-აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვნების კვირაში ამდენი მუქარა, სიძულვილი, ცემა, ძალადობა არ გამიგია, თან ოფიციალურ პირებისგან – პრეზიდენტი

ახალგაზრდებსა და ბერბიჭაშვილს შორის რაიმე ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა – ვნების კვირაში, აღდგომისა და ბრწყინვალე შვიდეულის დროს, ამდენი მუქარა, სიძულვილი, ცემა/ძალადობა არ გამიგია, თან ოფიციალურ პირებისგან, – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრის ღია წერილს „გულწრფელ ახალგაზრდებისადმი“.

როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, მმართველობა ჯერ საკუთარი ხალხის სიყვარულით იწყება.

„ახალგაზრდებს და ბერბიჭაშვილს შორის რაიმე ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა. ეს სიტყვები პრემიერ-მინისტრს როცა ეკუთვნის, ეს მას უკვე სხვა განზომილებაში გადასულ ადამიანად წარმოაჩენს და მის მთავრობის გაუცხოებას საკუთარ ხალხისგან ადასტურებს! მმართველობა ჯერ საკუთარი ხალხის სიყვარულით იწყება, „მამულის” სიყვარული სხვა არაფერია. ვნების კვირაში, აღდგომისა და ბრწყინვალე შვიდეულის დროს, ამდენი მუქარა, სიძულვილი, ცემა/ძალადობა არ გამიგია, თან ოფიციალურ პირებისგან ( გამონაკლისის გარეშე) …ესეც სარწმუნოება!!! რაც ეხება ენას … თქვენი სიძულვილის ენა ქართული არასოდეს ყოფილა! – წერს პრეზიდენტი.

დამფრთხალი და შეშინებული ავტოკრატია ყველგან ზუსტად ისე იქცევა, როგორც „ქართული ოცნება“ – ასეთი ხელისუფლებები ძალიან მალე ასრულებენ – პაატა მანჯგალაძე

დამფრთხალი და შეშინებული ავტოკრატია ყველგან ზუსტად ისე იქცევა, როგორც „ქართული ოცნება“, მაგრამ ეს არის იმისი ჩვენება, რომ ასეთი ხელისუფლებები ძალიან მალე ასრულებენ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც ქვეყანაში ბოლოდროინდელ განვითარებულ მოვლენებს, აქციის მონაწილეებზე თავდასხმას გამოეხმაურა.

მანჯგალაძის თქმით, „ჭაობში რაც უფრო მეტს იმოძრავებ, მით უფრო ჩაეფლობი და სწორედ ამ პროცესშია, სამწუხაროდ, „ქართული ოცნება”.

“დამფრთხალი და შეშინებული ავტოკრატია ყველგან ზუსტად ისე იქცევა, როგორც “ქართული ოცნება”, მაგრამ ეს არის იმისი ჩვენება, რომ ასეთი ხელისუფლებები ძალიან მალე ასრულებენ. “ქართულ ოცნებას” უნდა, შეცვალოს დემოკრატიის პარადიგმა, როცა ხალხის ეშინია, ხალხს უწევს ანგარიშს და არა პირიქით – ხალხს ეშინია ხელისუფლების. ეს დაშინება ვერცერთ ადამიანს ვერ შეაშინებს – ვისაც თავს დაესხნენ, არცერთი არ აპირებს, რომ სახლში დარჩნენ იმის გამო, რომ ვიღაც თავს დაესხა, პირიქით, ისინი უფრო მოტივირებული არიან. გუშინვე მე უმეტესობა მათგანი ვნახე, ზოგიერთი გუშინწინ ვნახე, ალბათ, “ქართულ ოცნებას” დღევანდელი სიაც გამზადებული ექნება, მაგრამ ამის არავის ეშინია.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ “ქართულ ოცნებაში”, ვისაც ელემენტარული ღირსება შერჩენია და პატრიოტიზმი, თუ არიან ასეთები, ტყუილად ფიქრობთ და გგონიათ, რომ ფსკერზე დადგით ახლა ფეხი და ამის იქით ბიძინა ივანიშვილი და რუსეთი არაფერს მოგთხოვთ. გგონიათ, რომ “რუსულ კანონს” მიიღებთ და ამით დასრულდება ყველაფერი, გეგონათ, რომ თქვენი შვილების ტოლა ახალგაზრდებს გადაუვლიდით, მოგუდავდით ამ აირით, წიწაკის სპრეით, შემდეგ გეგონათ, რომ სახლში მიუვარდებოდით ადამიანს და აქ გაჩერდებოდით, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს პროცესი პირიქით არის. ჭაობში რაც უფრო მეტს იმოძრავებ, მით უფრო ჩაეფლობი – ამ პროცესშია, სამწუხაროდ, “ქართული ოცნება”, – აღნიშნა მანჯგალაძემ.

ამასთან, მან ისაუბრა პრემიერის, ირაკლი კობახიძის წერილზეც და უმრავლესობას მოუწოდა, რომ “დაასრულონ ეს თავის მოტყუება და შეხედონ სიმართლეს თვალებში, რომ ისინი საქართველოს საწინააღმდეგო მხარეს არიან”.

“მე ეჭვი მაქვს, “ქართულ ოცნებაში” არ დარჩა არცერთი ადამიანი, ვინც გაუბედავს და ივანიშვილს ეტყვის: “ბატონო ბიძინა, ბრძენო ადამიანო, ახლა ჩვენი წასვლის დრო მოვიდა”. ამის მთქმელი არავინ დარჩა “ქართულ ოცნებაში”. ატყუებენ, ჯერ 300 რეკრუტირებული ეძახა კობახიძემ ახალგაზრდებს, ახლა გამოუსწორებია და ათი ათასზე გაიყვანა და ახლა ლაპარაკობს, რომ თურმე 10 000 პარტაქტიური ახალგაზრდა გვყავს ჩვენ – მაშინ დასრულებულა ყველაფერი. ათი ათასი ახალგაზრდა, ხელისუფლებაშია “ქართული ოცნება” და იმათ არ ჰყავთ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში, ეროვნული მოძრაობის პარტიებში არ იყო ათი ათასი ახალგაზრდა გაწევრიანებული. დაასრულეთ ეს თავის მოტყუება და შეხედეთ სიმართლეს თვალებში – თქვენ ხართ საქართველოს საწინააღმდეგო მხარეს”, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გამოაქვეყნა წერილი, სადაც ის წერს, რომ “გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს, აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი ნაწილი სრულიად არაგულწრფელი ახალგაზრდა „ნაციონალები“ არიან”.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი ნაწილის ახალგაზრდულ ასაკზე, ასევე მათ გულწრფელობაზე და ატრიალებენ დალაგებულ „მესიჯს“, რომ ხელისუფლება გულწრფელ ახალგაზრდებს არ უსმენს.

გოჩა ჯავახიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას, რომელშიც მრავალი წელი იმსახურა – საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს დიპლომატიური სამსახური ყოველთვის იდგა და დგას მოწოდების სიმაღლეზე და სრულად აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე, გოჩა ჯავახიშვილმა კი, სამწუხაროდ, ამ საქმეში მონაწილეობის შანსი საკუთარი გადაწყვეტილებით გაუშვა ხელიდან, – შესაბამისი განცხადებით საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი საფრანგეთში საქართველოს ელჩის გოჩა ჯავახიშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას და მის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

როგორც დარჩიაშვილი აღნიშნავს, გოჩა ჯავახიშვილმა თავისი განცხადებით, შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას, რომელშიც მრავალი წელი იმსახურა.

„მსურს გამოვეხმაურო გოჩა ჯავახიშვილის განცხადებას, რომელიც მან ჩემ მიერ მისი თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერებიდან რამდენიმე საათში გააკეთა.

ამ განცხადებით გოჩა ჯავახიშვილმა, ნებსით თუ უნებლიეთ, შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას, რომელშიც მრავალი წელი იმსახურა, აგრეთვე თითოეულ ღირსეულ დიპლომატს, რომელიც ერთგულად ემსახურება ქართული სახელმწიფოს ინტერესებს.

უკანასკნელი წლების განმავლობაში გოჩა ჯავახიშვილი უმაღლესი პოზიციიდან – ელჩის რანგში – წარმოადგენდა ჩვენს ქვეყანას ერთ-ერთ წამყვან ევროპულ სახელმწიფოში და ყველაზე კარგად უნდა უწყოდეს, რა ძალისხმევა გავწიეთ ამ პერიოდში საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად.

საქართველოს დიპლომატიური სამსახური ყოველთვის იდგა და დგას მოწოდების სიმაღლეზე და სრულად აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე. ჩვენი უწყების თანამშრომლებმა განუზომელი წვლილი შეიტანეს საქართველოს ევროპული მომავლის შეუქცევადობაში და აუცილებლად მიიყვანენ ბოლომდე ევროკავშირში ინტეგრაციის საქმეს. ეს ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის ღირსეული და სრულუფლებიანი წევრი.

გოჩა ჯავახიშვილმა კი, სამწუხაროდ, ამ საქმეში მონაწილეობის შანსი საკუთარი გადაწყვეტილებით გაუშვა ხელიდან“, – აცხადებს დარჩიაშვილი.

ცნობისთვის, საფრანგეთში საქართველოს ელჩმა გოჩა ჯავახიშვილი თანამდებობა გუშინ დატოვა. დიპლომატმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ვეღარ ხედავს საკუთარ როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: – ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს“.

გირგვლიანის ადვოკატობიდან დახვედით „ნაციონალური მოძრაობის“ ადვოკატობამდე! – ანრი ოხანაშვილი შალვა შავგულიძეს, რომელმაც კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

[სანდრო] გირგვლიანის ადვოკატობიდან დახვედით „ნაციონალური მოძრაობის“ ადვოკატობამდე, ეს არის თქვენი სახე! – ასე მიმართა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა, ოპოზიციონერ დეპუტატს, შალვა შავგულიძეს, რომელმაც სხდომა, სადაც რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მეორე მოსმენით იხილებოდა, პროტესტის ნიშნად დატოვა.

შალვა შავგულიძე საკითხის მომხსენებლისთვის კითხვის დასმას ცდილობდა, თუმცა მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა, რომელიც კომიტეტის სხდომას თავმჯდომარეობდა, რამდენჯერმე მიუთითა, რომ კითხვის დასმა დროულად დაესრულებინა და მას მიკროფონი ამის გამო რამდენჯერმე გაუთიშა.

როგორც შავგულიძემ აღნიშნა, ასეთ პირობებში სხდომაში მონაწილეობას აზრი არ აქვს და შესაბამისად, სხდომის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

„ასეთ პირობებში, უბრალოდ აზრი არ აქვს კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას. პროტესტის ნიშნად ვტოვებ ასეთ ცუდ საკომიტეტო მოსმენას“,- განაცხადა შავგულიძემ.

როგორც საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტების მომხსენებელმა, ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, სამწუხაროა, რომ კონკრეტული ოპოზიციონერი დეპუტატი იმ საკითხებზე აპელირებს, რომელიც არ დგას დღის წესრიგში.

„დაიდგა სცენა, არ ვიცი, რას ემსახურება ეს ყველაფერი. გირგვლიანის ადვოკატად მოგქონდათ თავი და „ნაციონალური მოძრაობის“ ადვოკატი ხართ. გირგვლიანის ადვოკატობიდან დახვედით „ნაციონალური მოძრაობის“ ადვოკატობამდე. ეს არის თქვენი სახე. „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ადვოკატი ხართ, იყავით, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ“,- განაცხადა ოხანაშვილმა.

ამასთან, მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა, შალვა შავგულიძეს მიმართა და უთხრა, რომ მას კითხვის დასმის საშუალება ჰქონდა.

„თქვენ კითხვის დასმის საშუალებაც გქონდათ, გისმენდით კიდეც, მაგრამ ეტყობა პროფესიონალიზმი არ გყოფნით და კიდევ სხვა საკითხებია თქვენში პრობლემა“,- განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტი დღეიდან იმ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტების განხილვას უბრუნდება, რომლის მომზადება მმართველი გუნდის განმარტებით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკავშირდება.

დღეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით მუხლობრივად “სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონებში დაგეგმილ ცვლილებებს იხილავენ.

ჩვენ ვიმოქმედებთ ქართველი ამომრჩევლის 60 პროცენტზე მეტის დაკვეთით, რომელიც „ენჯეოების“ გამჭვირვალობას და შესაბამისად, საქართველოს მშვიდობიან მომავალს უჭერს მხარს – ირაკლი კობახიძე

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ არა ჩემი ნაცნობი გულწრფელი ახალგაზრდის მოთხოვნების მიხედვით, არამედ 29 აპრილს „ქართული ოცნების“ აქციაზე მოსული 200 ათასი ახალგაზრდა, საშუალო ასაკისა და ასაკოვანი ადამიანის კარნახით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ღია წერილში აცხადებს, რომლითაც მისი თქმით, გულწრფელ ახალგაზრდებს მიმართავს.

მთავრობის მეთაური ახალგაზრდებს მიმართავს, თავიანთ ნაბიჯებს კრიტიკულად შეხედონ, რომ მომავალში მსგავსი შეცდომები აღარ დაუშვან.

„ჩვენ ვიმოქმედებთ ქართველი ამომრჩევლის 60 პროცენტზე მეტის დაკვეთით, რომელიც „ენჯეოების“ გამჭვირვალობას და შესაბამისად, საქართველოს მშვიდობიან მომავალს მყარად და გააზრებულად უჭერს მხარს.

ყველა გულწრფელ ახალგაზრდას კი, რომელიც არასწორ გზას ადგას, გულწრფელად ვთხოვ, საკუთარ წარსულ ნაბიჯებს კრიტიკულად შეხედონ, რომ სამომავლოდ მსგავსი შეცდომები აღარ დაუშვან. ასეც და ისეც, გპირდებით, რომ ქართული სახელმწიფო იზრუნებს ყველა გულწრფელ ახალგაზრდაზე, მათ შორის, ისეთებზეც, რომლებიც დღეს შეცდომაში არიან შეყვანილი და ვერ აცნობიერებენ, თუ რამხელა უბედურება ააცილა მას ქართული საზოგადოების უმრავლესობამ და მის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ თავიდან. ყველა გულწრფელ ახალგაზრდას ვთხოვ, კარგად გაიაზრონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ვიაროთ ღირსებით ევროპისკენ, რადგან ევროკავშირში შესვლა მხოლოდ ღირსებით არის შესაძლებელი. 2030 წლისთვის საქართველო სწორედ ღირსებით გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო“, – წერს კობახიძე „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში.

ირაკლი კობახიძე პირობას დებს, რომ ქართული სახელმწიფო იზრუნებს ყველა გულწრფელ ახალგაზრდაზე, მათ შორის ისეთებზეც, “რომლებიც დღეს შეცდომაში არიან შეყვანილი და ვერ აცნობიერებენ, რამხელა უბედურება ააცილა მას ქართული საზოგადოების უმრავლესობამ და მის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ თავიდან”.

„ასეც და ისეც, გპირდებით, რომ ქართული სახელმწიფო ყველა გულწრფელ ახალგაზრდაზე იზრუნებს, მათ შორის ისეთებზეც, რომლებიც დღეს შეცდომაში არიან შეყვანილი და ვერ აცნობიერებენ, თუ რამხელა უბედურება ააცილა მას ქართული საზოგადოების უმრავლესობამ და მის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ თავიდან“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

საპროტესტო აქციებში სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს, მათი დიდი ნაწილი კი სრულიად არაგულწრფელი ახალგაზრდა „ნაციონალები“ არიან – ირაკლი კობახიძე

გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს, აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი ნაწილი სრულიად არაგულწრფელი ახალგაზრდა „ნაციონალები“ არიან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ღია წერილში საუბრობს, რომლითაც, მისი თქმით, „გულწრფელ ახალგაზრდებს“ მიმართავს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი ნაწილის ახალგაზრდულ ასაკზე, ასევე მათ გულწრფელობაზე და ატრიალებენ დალაგებულ „მესიჯს“, რომ ხელისუფლება გულწრფელ ახალგაზრდებს არ უსმენს.

„ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი ნაწილი სრულიად არაგულწრფელი ახალგაზრდა “ნაციონალები” არიან. ესენია „ნაცმოძრაობის“, გვარამია-მელიას, გახარიას და ხაზარაძის ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომლებიც ათეულობით მოძალადე ახალგაზრდას აერთიანებს. ხაზარაძე აფინანსებს მოძრაობა „ჯენზისაც“, რომლის ლიდერიც ჯენ-ზის ასაკს მკვეთრად არის გადაცილებული. აქციებზე აქტიურობენ კეზერაშვილისა და უცხოელი დონორების მიერ შავი და გაუმჭვირვალე ფულით დაფინანსებული ძალადობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციები – „სირცხვილია“, „ფრანკლინის კლუბი“, „მომავლის აკადემია“, „სტუდენტები ევროპული მომავლისთვის“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ჯიუტი“, „ტალღა“, „ნაბიჯი“, „წერტილი“, „დაფიონი”, რომლებიც 200-მდე აქტივისტს რეგულარულად უყრიან თავს და უშუალო პარტიულ აქტივთან ერთად, მოძალადე ახალგაზრდების ძირითად ბირთვს შეადგენენ“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

პრემიერ-მინისტრი „გულწრფელ ახალგაზრდებს“ ღია წერილით მიმართავს

ყველა გულწრფელ ახალგაზრდას, რომელიც არასწორ გზას ადგას, გულწრფელად ვთხოვ, საკუთარ წარსულ ნაბიჯებს კრიტიკულად შეხედონ, რომ სამომავლოდ მსგავსი შეცდომები აღარ დაუშვან – ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ უნდა ვიმოქმედოთ არა ჩემი ნაცნობი გულწრფელი ახალგაზრდის მოთხოვნების მიხედვით, არამედ 29 აპრილს „ქართული ოცნების“ აქციაზე მოსული 200 ათასი ახალგაზრდა, საშუალო ასაკისა და ასაკოვანი ადამიანის კარნახით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ღია წერილში საუბრობს, რომლითაც, მისი თქმით, „გულწრფელ ახალგაზრდებს“ მიმართავს.

კობახიძე ასახელებს მაგალითებს, როდესაც მისი აზრით, აქციაზე არაგულწრფელ ადამიანებთან ერთად მდგომმა გულწრფელმა ახალგაზრდებმა შეცდომები დაუშვეს და სვამს რიტორიკულ კითხვას, ვის უნდა გაჰყვეს ხელისუფლება – „საშუალო ინტელექტის მქონე გულწრფელ ახალგაზრდას და მის თანამოაზრეებს, თუ იმ ახალგაზრდა, საშუალო ასაკის და ასაკოვან თანამოქალაქეებს, რომლებიც არცერთ ხელოვნურად შემოგდებულ პროვოკაციას არ აჰყვნენ“.

„გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი ნაწილის ახალგაზრდულ ასაკზე, ასევე მათ გულწრფელობაზე და ატრიალებენ დალაგებულ “მესიჯს”, რომ ხელისუფლება გულწრფელ ახალგაზრდებს არ უსმენს.

ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი ნაწილი სრულიად არაგულწრფელი ახალგაზრდა ნაციონალები არიან. ესენია „ნაცმოძრაობის“, გვარამია-მელიას, გახარიას და ხაზარაძის ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომლებიც ათეულობით მოძალადე ახალგაზრდას აერთიანებს. ხაზარაძე აფინანსებს მოძრაობა „ჯენზისაც“, რომლის ლიდერიც “ჯენ-ზის” ასაკს მკვეთრად არის გადაცილებული. აქციებზე აქტიურობენ კეზერაშვილისა და უცხოელი დონორების მიერ შავი და გაუმჭვირვალე ფულით დაფინანსებული ძალადობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციები – „სირცხვილია“, „ფრანკლინის კლუბი“, „მომავლის აკადემია“, „სტუდენტები ევროპული მომავლისთვის“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ჯიუტი“, „ტალღა“, „ნაბიჯი“, „წერტილი“, „დაფიონი”, რომლებიც 200-მდე აქტივისტს რეგულარულად უყრიან თავს და უშუალო პარტიულ აქტივთან ერთად, მოძალადე ახალგაზრდების ძირითად ბირთვს შეადგენენ.

ამ არაგულწრფელ ახალგაზრდებთან ერთად, რა თქმა უნდა, აქციებში მონაწილეობენ გულწრფელი ახალგაზრდებიც, რომლებსაც სჯერათ, რომ აქციაზე დგომით კარგ და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ. ერთ-ერთი ასეთი, ჩემი ნაცნობი გულწრფელი ახალგაზრდის პოსტები ხშირად მხვდება „ფეისბუკში“ და შევეცადე მივყოლოდი მის ლოგიკას. ეს ახალგაზრდა დღეს 25-27 წლის იქნება. 2020 წლიდან ის რევოლუციის ორივე მცდელობას აქტიურად უჭერდა მხარს და ალბათ, არცერთი ოპოზიციური აქცია არ გამოუტოვებია.

2020 წელს მან ხმა მისცა ნაციონალებს. იმდენჯერ აქვს „ფეისბუკში“ დაწერილი, რომ ნაცი არ არის, სავარაუდოდ, პარტია „ნაცმოძრაობისთვის“ ხმის მიცემის თავის თავთანაც მოერიდებოდა. თუმცა, მის „ფეისბუკ“-აქტივობას თუ დავაკვირდებით, აშკარაა, რომ 2020 წელს მან „ნაცმოძრაობის“ ორი დანაყოფიდან ერთ-ერთი – „ევროპული საქართველო“ ან „ლელო“ შემოხაზა.

ეს ახალგაზრდა არჩევნების ღამეს აღშფოთდა, როცა „მთავარი არხისგან“ შეიტყო, რომ ცესკომ არჩევნების შედეგები „დაგვიანებით“ გამოაქვეყნა და ერთ-ერთი პირველი გავიდა ნაცების აქციაზე, რომელიც ცესკოში შეჭრის მცდელობით დასრულდა. მართალია, ცესკოში შეჭრა თვითონ არ უცდია, მაგრამ ამ ყველაფერს აქციაზე დგომით ამაგრებდა.

ეს ახალგაზრდა კიდევ უფრო აღშფოთდა, როცა „მთავარი არხის“ მიერ გაჟღერებული ბრალდება „ენჯეოებისგანაც“ მოისმინა. მართალია, რამდენიმე თვის შემდეგ გაიგო, რომ ერთმაც და მეორემაც მოატყუა და სინამდვილეში, ცესკომ შედეგები სტანდარტულ დროს გამოაქვეყნა, მაგრამ „მთავარი არხისა“ და „ენჯეოებისთვის“ საყვედურის „დაპოსტვა“ აზრადაც არ გაუვლია. ასეთია ნაციონალის ბუნება – მისთვის ნაცისგან, „ენჯეოსგან“ და „მთავარი არხისგან“ მოსმენილი ტყუილიც კი წმინდაა.

ეს გულწრფელი ახალგაზრდა მაშინაც აღშფოთდა, როცა ცესკოს შედეგები „ენჯეოს“ პარალელური ხმის დათვლას ასცდა. თუმცა, აღშფოთება იმაზე აღარ გამოუხატავს, როცა ამ „ენჯეომ“ 5 კვირის დაგვიანებით თავადვე აღიარა, რომ სწორედ მისი პარალელური დათვლა ასცდა ცესკოს შედეგებს და არა პირიქით.

მოკლედ, ამ გულწრფელმა ახალგაზრდამ არჩევნები „ფეისბუკზე“ გაყალბებულად გამოაცხადა და თამარ ჟვანიას მსოფლიოს მთავარი გამყალბებლის ტიტული თამამად მიანიჭა. რამდენიმე თვეში ამ ახალგაზრდას ბოდიში აღარ მოუხდია, როდესაც ეს „მსოფლიოს მთავარი გამყალბებელი“ – თამარ ჟვანია ამერიკელებმა ერთ-ერთ ქვეყანაში თავიანთი მთავარი საარჩევნო ორგანიზაციის ხელმძღვანელად დანიშნეს.

ჩვენი გულწრფელი ახალგაზრდა 2021 წელს აქტიურად ითხოვდა ხელისუფლების მიერ მიშელის შეთანხმების ხელმოწერას. თუმცა, ის საერთოდ არ აღშფოთებულა, როცა „ნაცმოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ ამ შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს და საქართველოში ჩამოსულ მიშელთან მისვლაც კი არ იკადრეს. სამაგიეროდ, გაგულისდა, როდესაც ნაცების ხელმოწერის 100-დღიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ, ეს შეთანხმება „ქართულმა ოცნებამ“ ანულირებულად გამოაცხადა.

მოკლედ, ჩემი ნაცნობი გულწრფელი ახალგაზრდის პირველი რევოლუციური მცდელობა იმით დასრულდა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მან ისევ „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ დანაყოფს – ხაზარაძეს ან გახარიას მისცა ხმა, თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 47 პროცენტი მიიღო და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების იდეაც წარსულს ჩაბარდა.

2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის თებერვლის ბოლომდე ამ ახალგაზრდის „ფეისბუკ“-აქტივობა ექსკლუზიურად სააკაშვილის შიმშილობას და გათავისუფლებას უკავშირდებოდა. როგორც ყველა კლასიკური ფსევდოშუაშისტი, ისიც წერდა, რომ ახლა სააკაშვილის წარსულის გარჩევის დრო არ იყო და მხოლოდ მისი სიცოცხლის გადარჩენაზე უნდა გვეფიქრა. ამ გულწრფელ ახალგაზრდას მოგვიანებით ოდნავი გულისწყვეტაც კი არ გამოუხატავს, როცა სააკაშვილმა ორი წლის თავზე გადაწყვიტა, რომ აღარ კვდებოდა და სიმულანტობა პრინციპულად შეწყვიტა.

მრავალი დაშვებული შეცდომის მიუხედავად, გულწრფელმა ახალგაზრდამ საკუთარი ანალიტიკური უნარების კიდევ ერთხელ მყარად ირწმუნა, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო. ომის პირველივე დღეს მან ვლადიმირ ზელენსკი ცივილიზებული სამყაროს ლიდერად და მსოფლიო გმირად გამოაცხადა. დღეს კი ხვდება ეს ახალგაზრდა, რომ მისი ანალიტიკური დასკვნები სიმართლისგან უკიდურესად შორს იყო, თუმცა, შეცდომის აღიარება ერთხელაც არ უფიქრია. ამ ახალგაზრდის „ფეისბუკს“ დღემდე ამშვენებს წარწერა „სლავა უკრაინე“ და ჩარჩო ევროკავშირისა და უკრაინის დროშებით, სადაც საქართველოს დროშისთვის ადგილი ვერ გამოიძებნა.

2022 წლის თებერვალში გულწრფელი ახალგაზრდა ერთ-ერთი პირველი გავიდა აქციებზე და პირველ რიგში, რუსეთისთვის სანქციების დაწესება მოითხოვა. მან მყისიერად გააზიარა ლომჯარიას განცხადება, სანქციების არდაწესებას მირჩევნია, ბომბებისგან მიღებულმა ცეცხლმა დაგვწვასო. სანქციების დაწესების პირობებში, საქართველოს ეკონომიკა რომ ჩამოიქცეოდა, ამაზე ეს ახალგაზრდა პასუხს არა საკუთარ თავს, არამედ ისევ ხელისუფლებას მოსთხოვდა. ნაცის ტვინი ასეა მოწყობილი – ხან ვერ ფიქრობს და ხან არ ფიქრობს.

შემდეგ, ამ ახალგაზრდამ საქართველოს მთავრობის ოფიციალური თანხმობით უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნაც მოითხოვა. მაშინაც კი არ დაუხევია უკან, როცა ბაიდენმა და ჯონსონმა თქვეს, უკრაინაში ჩვენგან მოხალისეების წასვლას რეკომენდაციას არ ვუწევთ, რადგან არ გვინდა, ნატო რუსეთთან ომში ჩაებასო. მეტიც, ომისკენ ღიადაც იქაჩებოდა და გიგაურის განცხადება გააზიარა: რუსეთი უკრაინაში ომს აგებს, ყველა მიმართულებით ომს ვერ დაიწყებს და შესაძლებლობის ეს ფანჯარა უნდა გამოვიყენოთო.

ეს ახალგაზრდა, რომელიც, ზოგადად, თავს ვალდებულად მიიჩნევს, ყველაფერ რუსულზე გაღიზიანდეს, საერთოდ არ გაღიზიანდა, როდესაც კიდევ ერთმა „მსოფლიო გმირმა“, დავით არახამიამ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მას რუსულ ენაზე მიმართა. აქედან ჩანს, რომ ნაცი ყველაფერ რუსულზე კი არ ღიზიანდება, არამედ თავს იღიზიანებს. ასე იღიზიანებენ დღეს თავს რუსეთზე ნიკოლოზ ე.წ. რაჭველი, ნინო ქათამაძე და სხვა ცნობილი ნაციონალები, რომლებიც 2019 წლამდე რუსეთში კონცერტს კონცერტზე მართავდნენ. ამ და სხვა ნაციონალებმა საკუთარ თავს დააჯერეს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტი არა საქართველოს ტერიტორიების ოკუპირების შემდეგ, არამედ უკრაინის ტერიტორიების ოკუპირების შემდეგ გახდა. ასეა ნაცის ტვინი მოწყობილი – ხან ვერ ფიქრობს და ხან არ ფიქრობს. ამიტომ, მისთვის რუსულზე გაღიზიანებაც შერჩევითია.

2022 წლის 1-ელ მარტს ჩვენი გულწრფელი ახალგაზრდა საერთოდ გადაირია, როდესაც სანქციების არ დაწესებისა და მებრძოლების არგაგზავნის საბაბით, „მსოფლიო გმირმა“ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი გაიწვია. „მრცხვენია, რომ ქართველი ვარ“ – ასე გამოეხმაურა ეს ახალგაზრდა ზელენსკის დემარშს. კითხვაც კი არ გასჩენია, რატომ უნდა გაეწვია ზელენსკის ელჩი საქართველოდან, როცა ომის დაწყებიდან წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ელჩი ბელარუსიდანაც კი არ გაუწვევია. არც დაფიქრდა, ხომ არ უკავშირდებოდა ეს ყველაფერი პოდოლიაკისა და დანილოვის პირდაპირ მოწოდებებს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის შესახებ. იმაზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ, რომ პოდოლიაკისა და დანილოვის ამ განცხადებებზე ოდნავი პროტესტიც კი არ გამოუხატავს.

გულწრფელი ახალგაზრდის ანალიტიკური ამბიციები მწვერვალებს მისწვდა, როდესაც დღის წესრიგში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საკითხი დადგა. საზოგადოებას მრავლად გავუზიარეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს არაკეთილმოსურნეები და მეორე ფრონტის მსურველები კანდიდატის თემას შანტაჟისთვის იყენებდნენ. ყველას გავუზიარეთ ინფორმაცია ბაკურიანის შეხვედრის შესახებ, სადაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ – პარტიები, ენჯეოები და ტელევიზიები შეიკრიბნენ და დაგეგმეს, როგორ უნდა მოეწყოთ რევოლუცია, როდესაც (ხაზს ვუსვამ – როდესაც და არა თუ) ივნისში კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებდნენ.

ეს ჩვენი გულწრფელი ახალგაზრდა პირველი გავიდა აქციაზე, როდესაც კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს. მან ყველაფერზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა და კითხვაც არ დაუსვამს იმაზე, თუ რატომ არ მიანიჭეს სტატუსი საქართველოს და მიანიჭეს მოლდოვას, რომელიც დსთ-ს წევრია, რუსეთთან სანქციებს თავადაც არ მიუერთდა და თუკი რაიმეთი გამოირჩევა, კორუფცია და გაუმართავი სახელმწიფო ინსტიტუტებია. გულწრფელ ახალგაზრდას კითხვები მაშინაც არ გასჩენია, როდესაც ევროკომისიამ რამდენიმე თვეში ქულებით შეფასება გამოაქვეყნა და გაირკვა, რომ საქართველო კანდიდატ მოლდოვასაც და კანდიდატ ბოსნიასაც დიდი უპირატესობით უსწრებდა.

გულწრფელმა ახალგაზრდამ მაშინ გააზიარა „ნაციონალი“ პოლიტიკოსების, „ენჯეოშნიკების“ და ჟურნალისტების განცხადებები იმის შესახებ, რომ სტატუსის ვერ მიღებით საქართველომ 14 მილიარდი ევრო დაკარგა და ქვეყანამ მყისიერი გამდიდრების შანსი გაუშვა ხელიდან. წელიწად-ნახევარში ეს გულწრფელი ახალგაზრდა საერთოდ არ გაბრაზებულა, როდესაც იმავე ადამიანებმა მას უთხრეს, რომ თურმე, კანდიდატის სტატუსი არავითარი ფინანსურ-ეკონომიკური სარგებლის მომცემი არ ყოფილა.

შუალედში, ამ გულწრფელმა ახალგაზრდამ გააზიარა სხვადასხვა სტილის ნაციონალების არაერთი განცხადება იმის შესახებ, რომ ამ ხელისუფლებით საქართველო ვერასოდეს მიიღებდა კანდიდატის სტატუსს. თუმცა, დღემდე ეს პოსტებიც კი არ წაუშლია, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი „ქართული ოცნების“ პირობებში უკვე მიიღო. გასული წლის დეკემბერში ის არ მივიდა აქციაზე, სადაც ხელისუფლებამ და ევროკავშირის ელჩებმა კანდიდატის სტატუსი ერთად აღვნიშნეთ.

მოკლედ, ამდენი შეცდომის მიუხედავად, ეს ჩვენი გულწრფელი ახალგაზრდა დღესაც აქციაზე დგას. არც ქართული კანონი წაუკითხავს და მით უმეტეს, არც რუსული, თუმცა, აქვს რწმენა, რომ ქართული კანონი რუსულია. ხშირად აზიარებს ხოლმე ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორების და „ენჯეოშნიკების“ ვიდეოებს, სადაც ეს ადამიანები ათას ტყუილს ამბობენ. ის კი, ამ ყველაფერს არც ამოწმებს, რადგან მისთვის ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორიც და „ენჯეოშნიკიც“ ღმერთის სწორია, რომლის სიტყვასაც გადამოწმება საერთოდ არ სჭირდება.

ამ ყველაფრის ფონზე, დღის წესრიგში დგება საკითხი: ვის უნდა გაჰყვეს ხელისუფლება – საშუალო ინტელექტის მქონე ამ გულწრფელ ახალგაზრდას და მის თანამოაზრეებს, თუ იმ ახალგაზრდა, საშუალო ასაკის და ასაკოვან ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც გასული 3 წლის მანძილზე მოვლენებს სწორად აანალიზებდნენ, არცერთ ხელოვნურად შემოგდებულ პროვოკაციას არ აჰყვნენ და სახელმწიფოს სიმყარის შენარჩუნებაში დაეხმარნენ?

ერთი თვის წინ საინტერესო კვლევა ჩავატარეთ. გამოვიკითხეთ, ამომრჩევლის რამდენი პროცენტი უჭერდა მხარს „ქართულ ოცნებას“ ინტელექტის დონის მიხედვით. რესპონდენტების ინტელექტი, ანუ IQ შევამოწმეთ და ისინი მაღალი, საშუალო და დაბალი ინტელექტის კატეგორიებად დავყავით. კვლევით დადგინდა, რომ „ქართულ ოცნებას“ მარტში ამომრჩევლის 61,3 პროცენტი უჭერდა მხარს. ამასთან, მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში ჩვენი მხარდაჭერა 73,8 პროცენტი იყო, ხოლო საშუალო ინტელექტის მქონე ამომრჩეველში – მხოლოდ 45,6 პროცენტი.

ზოგადად, სახელმწიფოსთვის ყველაზე საშიში საშუალო ინტელექტისა და ცოდნის მქონე ადამიანების დომინირებაა, რასაც დანინგ-კრუგერის თეორიაც ადასტურებს. ამ თეორიის თანახმად, საშუალო ინტელექტისა და ცოდნის მქონე ადამიანს ახასიათებს თავდაჯერებულობის ყველაზე მაღალი ხარისხი. ადამიანს, რომელსაც კანონი არ წაუკითხავს, მაგრამ ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორისგან და ოკეანის გაღმიდან მოისმინა, რომ ეს კანონი რუსულია, ყველაზე მყარად სწამს, რომ მის მიერ წაუკითხავი კანონი ცუდია.

გულწრფელობას რაც შეეხება, მას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, როდესაც ის ცოდნითა და ინტელექტით არის გამყარებული. ცოდნისა და ინტელექტის არმქონე და თავდაჯერებული ადამიანი რუსულ ტანკზე უარესია.

როდესაც 29 წლის გიგლა ბერბიჭაშვილმა 70 წლის ილია ჭავჭავაძეს ესროლა, მას ღრმად სწამდა, რომ თავად იყო პროგრესული გულწრფელი ახალგაზრდა, ხოლო ილია ჭავჭავაძე – ჩამორჩენილი არაკეთილსინდისიერი მოხუცი. ბერბიჭაშვილს და მის თანამოაზრე ახალგაზრდებს ეს რწმენა ბოლშევიკურმა იდეოლოგიამ ჩაუნერგა. მსგავსი მეთოდებით მუშაობს ფსევდოლიბერალური იდეოლოგიაც, რომელმაც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პირდაპირ თუ ირიბად მიმდევარ ახალგაზრდებს დააჯერა, რომ სწორედ ისინი არიან გულწრფელობისა და პროგრესულობის მაგალითი ამ ქვეყანაში.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ არა ჩემი ნაცნობი გულწრფელი ახალგაზრდის მოთხოვნების მიხედვით, არამედ 29 აპრილს „ქართული ოცნების“ აქციაზე მოსული 200 ათასი ახალგაზრდა, საშუალო ასაკისა და ასაკოვანი ადამიანის კარნახით. ჩვენ ვიმოქმედებთ ქართველი ამომრჩევლის 60 პროცენტზე მეტის დაკვეთით, რომელიც „ენჯეოების“ გამჭვირვალობას და შესაბამისად, საქართველოს მშვიდობიან მომავალს მყარად და გააზრებულად უჭერს მხარს.

ყველა გულწრფელ ახალგაზრდას კი, რომელიც არასწორ გზას ადგას, გულწრფელად ვთხოვ, საკუთარ წარსულ ნაბიჯებს კრიტიკულად შეხედონ, რომ სამომავლოდ მსგავსი შეცდომები აღარ დაუშვან. ასეც და ისეც, გპირდებით, რომ ქართული სახელმწიფო იზრუნებს ყველა გულწრფელ ახალგაზრდაზე, მათ შორის ისეთებზეც, რომლებიც დღეს შეცდომაში არიან შეყვანილი და ვერ აცნობიერებენ, თუ რამხელა უბედურება ააცილა მას ქართული საზოგადოების უმრავლესობამ და მის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ თავიდან. ყველა გულწრფელ ახალგაზრდას ვთხოვ, კარგად გაიაზრონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ვიაროთ ღირსებით ევროპისკენ, რადგან ევროკავშირში შესვლა მხოლოდ ღირსებით არის შესაძლებელი. 2030 წლისთვის საქართველო სწორედ ღირსებით გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო“,- წერს კობახიძე „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ წერილში“,- ნათქვამია ირაკლი კობახიძის ღია წერილში, რომელსაც ის „ფეისბუქზე“ აქვეყნებს.

პარლამენტი დღეიდან იმ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტების განხილვას უბრუნდება, რომლის მომზადება მმართველი გუნდის განმარტებით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკავშირდება

პარლამენტი დღეიდან იმ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტების განხილვას უბრუნდება, რომლის მომზადება მმართველი გუნდის განმარტებით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკავშირდება.

დღეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც მეორე მოსმენით – მუხლობრივად “სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონებში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავენ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 09:00 საათზეა ჩანიშნული.

სპეციალურ საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურებთან დაკავშირებული ცვლილებების თანახმად, როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ენიჭება უფლებამოსილება საკუთარი ინიციატივით ნებისმიერ დროს გამოაქვეყნოს სპეციალური ანგარიში იმ საკითხების თაობაზე, რაც მის საქმიანობას უკავშირდება და მას მნიშვნელოვნად მიაჩნია.

კანონის პროექტებით, ორივე სამსახურის ხელმძღვანელების არჩევის დროს, სახალხო დამცველს ენიჭება უფლებამოსილება საკონკურსო კომისიაში მის მიერ დასანიშნი წევრი კონკურსის გარეშე შეარჩიოს. საკონკურსო კომისია ორივე სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატებს გაზრდილი კვორუმით – კერძოდ, სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით შეარჩევს, ნაცვლად დამსწრეთა ხმათა უმრავლესობისა. გარდა ამისა, ორივე სამსახურისთვის იზრდება საკონკურსო კომისიის მიერ სამსახურის უფროსის კანდიდატურის შესარჩევი კონკურსის ჩატარების ვადები – 11 კვირიდან 14 კვირამდე.

ცვლილებებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსების მიმართ “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით“ გათვალისწინებული ღონისძიებების დასაწყებად საჭირო იქნება, რომ პარლამენტმა თანხმობა სრული შემადგენლობის უმრავლესობით – 76 ხმით გასცეს, ნაცვლად 50 ხმისა.

გარდა ამისა, პროექტით იზრდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა. კერძოდ, განისაზღვრება, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური „სისხლის სამართლის კოდექსის“ რიგი მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულს იმ შემთხვევაშიც გამოიძიებს, თუ ის პროკურორის მიერ არის ჩადენილი.

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებებით განისაზღვრება, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი ხელშეუხებელია. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით იქნება შესაძლებელი. გამონაკლისი დანაშაულზე წასწრების შემთხვევა იქნება, რაც პარლამენტს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს და თუ პარლამენტი თანხმობას 48 საათის განმავლობაში არ მისცემს, დაკავებული ან დაპატიმრებული ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

ამავე პროექტით, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ის საფუძველი უქმდება, რომელიც დაკავშირებულია მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასთან ან სავალდებულო ნარკოლოგიური შემოწმების გავლისთვის თავის არიდებასთან.

ცვლილებით განისაზღვრება, რომ თუ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ხარვეზს შეიცავს, ანტიკორუფციული ბიურო შესაბამის პირს ამ ხარვეზზე დეკლარაციის წარდგენიდან ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მიუთითებს და მისი აღმოფხვრისათვის 1-თვიან ვადას განუსაზღვრავს. აღნიშნული 1-თვიანი პერიოდის ან 1-თვიანი ვადის მიმდინარეობისას დეკლარაციის გასაჯაროება ან მასში ასახული ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა დაუშვებელი იქნება.

პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში უქმდება კანონით განსაზღვრული ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია პრეზიდენტის, პარლამენტის წევრების, მთავრობის წევრებისა და მათი მოადგილეების, ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წარმომადგენლების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა თავმჯდომარეების და მათი მოადგილეების მიერ ნარკოლოგიური შემოწმების გავლასთან.

საკანონმდებლო პაკეტით, პოლიტიკური პარტიის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების მიზნით ანტიკორუფციული ბიუროს ენიჭება უფლებამოსილება, “ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით“ დადგენილი წესით განახორციელოს სპეციალური ადმინისტრაციული წარმოების შემდეგი ღონისძიებები: – ფიზიკური პირის გამოკითხვა; ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა; საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან (მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან), სხვა სუბიექტისგან ინფორმაციის (მათ შორის, პერსონალური მონაცემის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემის) გამოთხოვა.

საკანონმდებლო პაკეტის კიდევ ერთი ცვლილებით განისაზღვრება, რომ თუ პოლიტიკური პარტია ანტიკორუფციულ ბიუროს კანონით გათვალისწინებულ საფინანსო დეკლარაციას ზედიზედ 2 კალენდარული წლის განმავლობაში არ წარუდგენს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილი იქნება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიმართვის საფუძველზე პარტიის რეგისტრაცია გააუქმოს.

რაც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, პროექტის თანახმად, მოსამართლის თანხმობის გარეშე მისი სხვა სასამართლოში მივლინების ვადის გაგრძელების მაქსიმალური ხანგრძლივობა 2 წლიდან 1 წლამდე მცირდება. ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება ზუსტდება – კანონში მიეთითება, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ იმ გარემოების არსებობა უნდა დაასაბუთოს, რომელმაც მოსამართლის თანხმობის გარეშე მისი სხვა სასამართლოში მივლინების ან მივლინების ვადის გაგრძელების აუცილებლობა განაპირობა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით მკაცრდება აკრძალვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4-ზე მეტი მოსამართლე წევრის რომელიმე 3-თვიან პერიოდში არჩევის თაობაზე. კერძოდ, აღნიშნული 3-თვიანი პერიოდი 6 თვემდე იზრდება. ამასთანავე, დგინდება, რომ პარლამენტის მიერ პარლამენტის ერთი და იმავე სესიის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4-ზე მეტი წევრის არჩევა დაუშვებელია.

ამავე პროექტით, მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო საბჭოს წევრთა ხმების მინიმალური რაოდენობა, საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობიდან საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორ მესამედამდე იზრდება.

გარდა ამისა, ზუსტდება ერთ-ერთი დისციპლინური გადაცდომის − მოსამართლის მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით აზრის საჯაროდ გამოთქმის – შინაარსი.

10 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება 

სხვადასხვა სამუშაოის ჩატარების გამო, 10 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო, 01:00 საათიდან 04:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, ცოტნე დადიანის გამზირის (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის, ქსოვრელის, გუდამაყრის, დაისის, კნოლევის, ცისარტყელა, ჭიჭიკო ბენდელიანის, გიორგი სააკაძის, გურამიშვილის, გვაზაურის, ხვინგიას, რიონჰესის, გიორგი ჭყონდიდელის, ზესტაფონის, ტრაქტორის, მექანიზაციის, ჯავის, მოლოკოვის, თორნიკე ერისთავის, თმოგვის, ცოტნე დადიანის, ზედაზენის, იმერეთის, პეტრე გრუზინსკის, ქართლის, ღრმაღელის, კოკინაკის, დიდი ჯიხაიშისა და ნესტორ გარდაფხაძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების, ცოტნე დადიანის გამზირის (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის, რევაზ ურიდიას, ცოტნე დადიანის, რკინიგზის, ვახტანგ მახალდიანის, ეროსი მანჯგალაძის, ქავთარაძისა და გუდამაყრის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), სოფელი ზურგოვანის, ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), შალვა ნუცუბიძის, ინტენსიფიკაციის, ელგუჯა ამაშუკელის, ილია აბულაძის, დემეტრე თავდადებულისა და ასი ათასი მოწამის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის I, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის (ნაწილობრივ), ნიკო მუსხელიშვილის, ვალერი უტიაშვილის, შანდორ პეტეფის, დავით კვაჭანტირაძისა და შალვა მშველიძის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ალექსეევკის დასახლების (ნაწილობრივ), ქვემო ალექსეევკის დასახლების, აეროპორტის დასახლებისა (ნაწილობრივ) და კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ხუდადოვის, ხაჩატურიანის, რეხის, მარიამ დადიანი-ანჩაბაძის, ახალი რეხის, თამუნა დოლიძის, თინა ენუქიძის, მანანა ლოლაძისა და თამარ მამულაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვისა და რომან ჭელიძის ქუჩების მოსახლეობას.