Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

სახალხო დამცველმა დაინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირს მიმართა

სახალხო დამცველმა დაინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირს მიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, ეუთო/ოდირის დასკვნის გამოქვეყნებამდე, არ მისცეს კანონპროექტს შემდგომი მსვლელობა.

„დღეს, 5 თებერვალს სახალხო დამცველმა მიმართა ეუთო/ოდირს და სთხოვა სამართლებრივი დასკვნის მომზადება იმ კანონპროექტებთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარე კვირას დაინიცირდა საქართველოს პარლამენტში. წარმოდგენილი ინიციატივა დაჩქარებულად განიხილება და მიზნად ისახავს ცვლილებების შეტანას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში.

მითითებულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მოწოდების მიუხედავად, პარლამენტი კვლავ დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რაც არ იძლევა მასში სრულფასოვანი მონაწილეობის და ჩართვის შესაძლებლობას.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, ეუთო/ოდირის დასკვნის გამოქვეყნებამდე, არ მისცეს კანონპროექტს შემდგომი მსვლელობა და იმედს გამოთქვამს, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა წარმოდგენილ კანონპროექტებთან დაკავშირებით, სრულად იქნება მხედველობაში მიღებული. ამასთან, მიღებული იქნება ყველა ზომა ადამიანის უფლებებზე ნეგატიური ეფექტების აღმოსაფხვრელად”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ქართველიშვილი: აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველოსთან საზღვარი იმიტომ დაკეტა, რომ საზღვრის გავლით ე.წ. ოპოზიციური მედიისა და მესამე სექტორისთვის USAID-ის გავლით ქეშად შეტანილი არაერთი მილიონის ფაქტი ამხილა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა იმაზე, თუ რა გახდა საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე აზერბაიჯანთან სახმელეთო საზღვრის დიდი ხნით ჩაკეტვის მიზეზი.

ექსპერტის თქმით, სწორედ საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის გავლით USAID-ი და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციები ახდენდნენ თანხების შეტანას აზერბაიჯანში ე.წ ოპოზიციური მედიისა და მესამე სექტორის გააქტიურებისთვის, რის საბოლოო მიზანიც იყო აზერბაიჯანში ფერადი რევოლუციის მოწყობა.

„პარტია „ხალხის ძალა“ უკვე მესამე წელია საუბრობს USAID-ზე, სოროსის ფონდზე, NED-ზე და ასევე სწავლობს ჩვენს მეზობელ და სტრატეგიულ მოკავშირე აზერბაიჯანში განვითარებულ მოვლენებს. აზერბაიჯანში USAID-ის საქმიანობა უკვე დიდი ხანია შეჩერებულია, სოროსის ფონდები კი ვერ ამზადებენ სახელმწიფო გადატრიალებას და ფერად რევოლუციებს.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი დღემდე დაკეტილია. ამის მიზეზი კი ის არის, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ამ საზღვრის გავლით ე.წ ოპოზიციური მედიისა და მესამე სექტორის გააქტიურების მიზნით და USAID-ის ხაზის გავლით ქეშად შეტანილი არაერთი მილიონის ფაქტი ამხილა.

ახლა საქართველოში დგას ძალიან საინტერესო პერიოდი. ყოველდღიურად და სხვადასხვა ბრუნვაში თავს არ გვახსენებენ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერები. აღარ გვაქვს იმის შიში, რომ კვალავ ათეულობით მილიონი შემოვა ქვეყნის აყირავებისთვის, გადატრიალებისა და მაიდანიზაციის მიზნით.
ახლა საქართველოს აქვს ხელსაყრელი პერიოდი, როცა ჩვენი ძალისხმევა მთლიანად არ უნდა მივმართოთ გარე ძალების შეჩერებაზე. ჩვენი ძალები ახლა უნდა მოვახმაროთ ქვეყნის აღმშენებლობას და სხვადასხვა სფეროების რეფორმას.

ყოველდღიურიო ბრძოლა წესების გარეშე ამ ყველაფრის საშუალებას ამდენი ხნის განმავლობაში არ გვაძლევდა. დღეს კი საქართველოს ეძლევა პოლიტიკურ და იდეოლოგიურ სამშვიდობოზე გასვლის ძალიან კარგი შესაძლებლობა,“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

,,USAID არა მხოლოდ არ თანამშრომლობს, არამედ ძირს უთხრის იმ სამუშაოს, რომელსაც იმ ქვეყანაში ვასრულებთ”- რუბიო

თუ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აშშ-ის საელჩოებს ესტუმრებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირებისა და ელჩებისგან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრეტენზია იქნება ის, რომ USAID-ი არა მხოლოდ არ თანამშრომლობს, არამედ ძირს უთხრის იმ სამუშაოს, რომელსაც ჩვენ მასპინძელ ქვეყანაში ვასრულებთ, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.

„თუ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აშშ-ის საელჩოებს ესტუმრებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირებისა და ელჩებისგან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრეტენზია იქნება ის, რომ USAID-ი არა მხოლოდ არ თანამშრომლობს, არამედ ძირს უთხრის იმ სამუშაოს, რომელსაც ჩვენ მასპინძელ ქვეყანაში ვასრულებთ, მხარს უჭერენ პროგრამებს, რომლებიც აღაშფოთებენ მასპინძელი ქვეყნის მთავრობას, ვისთანაც ჩვენ ვცდილობთ ვითანამშრომლოთ უფრო ფართო მასშტაბით და ა.შ.“ – აღნიშნა მარკო რუბიომ.

„ასე რომ, ისინი აბსოლუტურად არ რეაგირებენ. ისინი უბრალოდ არ მიიჩნევენ, რომ მუშაობენ აშშ-სთვის, ისინი უბრალოდ ფიქრობენ, რომ გლობალური ორგანიზაცია არიან და რომ მათი პატრონი არის მსოფლიო და არა შეერთებული შტატები. და ეს არ არის ის, რასაც დებულება ამბობს და ეს არ არის მდგრადი“, – დასძინა მან.

 გიგი უგულავას და კიდევ 7 პირის მიმართ პროკურატურა 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაოს გამოყენებას მოითხოვს

„თბილისი მოლთან” სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით დაკავებულების, გიგი უგულავას და კიდევ 7 პირის მიმართ პროკურატურა 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაოს გამოყენებას მოითხოვს.

როგორც პროკურორმა ირაკლი ყვავაძემ შუამდგომლობაში განმარტა, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები არსებობს.

მისივე განმარტებით, დაკავებულები გიგი უგულავა, ვასილ ელიავა, ირაკლი ტაბატაძე, ირაკლი წიგნაძე, დიმიტრი ბიძინაშვილი, ნიკოლოზ კუპატაძე, ნიკოლოზ ქუმსიშვილი და ალექსანდრე გოგოლაძე სამართალდამცავების მიმართ აგრესიულები იყვნენ და არ ემორჩილებოდნენ მათ კანონიერ მოთხოვნას.

პროკურორის თქმით, დაკავებულების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეები არსებობს.

ადვოკატები ბრალდების შუამდგომლობას არ დაეთანხმნენ, ისინი დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვენ. იმ შემთხვევაში, თუკი, სასამართლო გირაოს გამოყენებას მაინც გადაწყვეტს, უფლებადამცველები მინიმალური ოდენობით გირაოს გამოყენებას ითხოვენ.

ცნობისთვის, დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლით წარედგინათ, რაც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.

,,საკანონმდებლო ცვლილებებს მეტი ერთიანობა და პროტესტი უნდა დავუპირისპიროთ”- გიორგი ვაშაძე

საკანონმდებლო ცვლილებებს მეტი ერთიანობა და პროტესტი უნდა დავუპირისპიროთ, რაც უფრო ღრმად შეტოპავენ, უფრო სწრაფად დაასრულებს საკუთარ თავს ვერშემდგარი ივანიშვილის დიქტატურა, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნების“ დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია, მედიის გაჩუმება, პროტესტის ჩახშობა და პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება.

“რაც შემოაქვთ ახლა სამ მიზანს ისახავს. პირველი გააჩუმონ მედია და მედიასთან დაკავშირებით კანონი შემოიღეს. თქვენ კოლეგებს შეიძლება, ციხეშიც უკრან თავი ისე, როგორც მზია ამაღლობელი ჰყავთ გამოკეტილი. ვფიქრობ, სოლიდარობა მასთან მიმართებით ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. მეორე მიზანია ჩაახშონ პროტესტი, ანუ აღკვეთონ პროტესტის შესაძლებლობა და აი ეს კანონებია. მესამე მიზანია დააპატიმრონ პოლიტიკური ოპონენტები ანუ ჩვენ, პოლიტიკური ოპონენტები გამოგვკეტონ ციხეში. აი, ეს არის მათი მიზანი. ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ მეტი ერთიანობა, მეტი პროტესტი და რაც უფრო ღრმად შეტოპავენ მოკლე პერიოდში, მით უფრო სწრაფად დაასრულებს თავის თავს ვერშემდგარი ივანიშვილის დიქტატურა“, – განაცხადა ვაშაძემ.

“USAID – ამერიკის საგარეო დახმარების უწყება ძირეული ცვლილებების წინაშე დგას”-“ამერიკის ხმა”

აშშ-ის (და საერთოდ, საზღვარგარეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ფართოდ და აქტიურად იხილება საკითხი ამერიკული საერთაშორისო განვითარების სააგენტოს – „იუესაიდის” (USAID) სამომავლო პერსპექტივის თაობაზე – გაუქმდება საბოლოოდ თუ დარჩება (მაგრამ რეფორმირებული სახით) 1961 წელს კონგრესის მიერ შექმნილი უწყება, რომელსაც უცხოური ქვეყნების დახმარების მიზნით შეიქმნა? 

პრეზიდენტის ადმინისტრაცია და დონალდ ტრამპის მიერ ჩამოყალიბებული მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტი, რომელსაც მილიარდერი ილონ მასკი ხელმძღვანელობს, ფიქრობს, რომ „იუესაიდი“ მხოლოდ ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა მიერ ბიუჯეტში შეტანილი ფულის გაფანტვის ერთ-ერთ ინსტრუმენტს წარმოადგენს. მისი საქმიანობა – უცხო ქვეყნებისადმი დახმარება არ ჯდება დონალდ ტრამპის პრინციპში – „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“.

აშშ-ის რადიოსადგური Voice of America („ამერიკის ხმა“) აქვეყნებს სტატიას სათაურით „USAID – ამერიკის საგარეო დახმარების უწყება ძირეული ცვლილებების წინაშე დგას“, რომელშიც მსოფლიოში ცნობილი ამ სტრუქტურის ბედ-იღბალია განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, 3 თებერვალს შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), რომელიც ათობით მილიარდი დოლარის ღირებულების საგარეო დახმარების პროგრამებს განკარგავს, პრაქტიკულად დაიხურა, თუმცა ჯერ-ჯერობით იურიდიულად არ გაუქმებულა. ორგანიზაციის თანამშრომლებს სამსახურის კომპიუტერული სისტემა დაებლოკათ, ნაწილმა ხელმძღვანელების სახელით მიწერილი შეტყობინება მიიღეს, რომელიც ამბობს, რომ შენობა “სააგენტოს პერსონალისთვის 3 თებერვალს დახურული იქნება”.

3 თებერვალს, ელ-სალვადორში ვიზიტით მყოფმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ ის USAID-ის დირექტორის მოვალეობასაც შეითავსებს. რუბიოს განცხადებით, ის სათავეში ჩაუდგება USAID-ის მუშაობის თეთრი სახლის ადმინისტრაციის პოლიტიკასთან შესაბამისობაში მოყვანას. რუბიომ სააგენტოს კონგრესისა და თეთრი სახლის მიმართ, ისტორიულად „უპასუხისმგებლო“ უწოდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მტკიცებით, სააგენტოს მიმართულება სახელმწიფო დეპარტამენტისგან უნდა მიეღო.

„USAID ერთგვარად უგულებელყოფდა ამას და ისე იღებდა გადაწყვეტილებებს, თითქოს ის ეროვნული ინტერესებისგან ცალკე არსებული, რაღაც გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია იყო”, – თქვა მარკო რუბიომ და დასძინა: “ეს გადასახადის გადამხდელთა თანხებია და ჩვენ ამერიკის ხალხისადმი გვაქვს იმის ვალდებულება, რომ უცხოეთში გახარჯული თითოეული დოლარი ხელს უწყობდეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს”.

მარკო რუბიოს კომენტარებთან შედარებით, გაცილებით მკაცრი იყო ილონ მასკის განცხადება. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, მილიარდერი ილონ მასკი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ახლადშექმნილ უნიკალურ სამთავრობო უწყებას ხელმძღვანელობს, სახელად “დოჯი”, რომელიც იშიფრება, როგორც მთავრობის ეფექტიანობის სააგენტო. ის მიზნად სამთავრობო ხარჯების შემცირებას და ფედერალური ორგანიზაციების რესტრუქტურიზაციას ისახავს.

„აშკარა გახდა, რომ იქ მატლის გარეშე ერთი ვაშლიც კი არ არის”, – განაცხადა ილონ მასკმა ორშაბათს, 3 თებერვალს. მისი თქმით, სინამდვილეში USAID “ჭიების ბურთია”, რომელიც უნდა მოიშორო, რადგან მისი გაჯანსაღება შეუძლებელია. ამიტომაც, “ჩვენ მას ვხურავთ”, – თქვა მასკმა.

შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ისტორია დაახლოებით ექვს ათწლეულს ითვლის. ის დემოკრატი პრეზიდენტის, ჯონ კენედის მიერ დაარსებული ფედერალური ორგანიზაციაა. ამერიკის დახმარებისა და განვითარების სააგენტო ჰუმანიტარულ, განვითარებისა და უსაფრთხოების პროგრამებს დაახლოებით 120 ქვეყანაში ზედამხედველობს.

USAID პრეზიდენტ ტრამპისა და რესპუბლიკელ კანონმდებელთა ერთი ნაწილის კრიტიკის საგანი გახდა. “მას რადიკალი შეშლილების ჯგუფი მართავს. ჩვენ მათ ვიშორებთ”, – უთხრა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2 თებერვალს ჟურნალისტებს.

მომხდარს დემოკრატი კანონმდებლები აკრიტიკებენ. მათი აზრით, პრეზიდენტ ტრამპს მსგავსი ნაბიჯების გადასადგმელად, საკონსტიტუციო უფლებამოსილება არ გააჩნია და USAID-ის დახურვა კონგრესის ავტორიზაციის გარეშე, პრეზიდენტს განკარგულების საფუძველზე არ შეუძლია.

2 თებერვალს, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ათივე დემოკრატმა მარკო რუბიოს ერთობლივი წერილი გაუგზავნა, რომელშიც ისინი USAID-ს იცავენ. “კონგრესმა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) დააფუძნა, როგორც დამოუკიდებელი სააგენტო, სახელმწიფო დეპარტამენტისგან განცალკევებული, რათა მან უზრუნველყოს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების მიზნების მისაღწევად, საგარეო დახმარების განვითარების ექსპერტიზის სწრაფად გამოყენება, განსაკუთრებით – კრიზისის დროს”, – აღნიშნავენ სენატორები.

დასასრულს კანონმდებლები აცხადებენ: “აქედან გამომდინარე, USAID-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან გაერთიანების ნებისმიერი მცდელობა საჭიროა, და კანონით უნდა იყოს კიდეც, კონგრესის მიერ გადახედული, განხილული და დამტკიცებული”.

დემოკრატმა სენატორმა ელიზაბეტ უორენმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მასკს უფლებრივად ამერიკის ფედერალურ თანამშრომელთა პირად ინფორმაციაზე წვდომა არ უნდა ჰქონდეს. ”ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისათვის, რომ რეაგირება მოვახდინოთ და ხალხი ზიანისგან დავიცვათ”, – განაცხადა მასაჩუსეტსის შტატის სენატორმა.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

,,შეიზღუდება საჯარო სამსახურში უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული სარგებლის მიღება”- მამუკა მდინარაძე

შეიზღუდება საჯარო სამსახურში უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული სარგებლის მიღება. შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე აიკრძალება საჯარო მოსამსახურის მიერ უცხოური წყაროდან რაიმე სარგებლის მიღება, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, საუბარია პირდაპირ ან ირიბ სახელფასო დანამატზე, ტრენინგზე, ვიზიტზე და სხვა.

„აბსოლუტურად ყველა კანონიდან და კანონქვემდებარე აქტიდან ამოღებული იქნება ნორმები, რომლებიც ითვალისწინებს საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობას; გამარტივდება საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების დანიშვნები. გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების დანიშვნა და გათავისუფლება განისაზღვრება მინისტრის ან სხვა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის დისკრეციულ უფლებამოსილებად;
შეიზღუდება საჯარო სამსახურში უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული სარგებლის მიღება. შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე აიკრძალება საჯარო მოსამსახურის მიერ უცხოური წყაროდან რაიმე სარგებლის მიღება (ეს იქნება პირდაპირი ან ირიბი სახელფასო დანამატი, ტრენინგი, ვიზიტი და სხვ.)“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

„ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებისთვის სახელმწიფოს მართვის ყველა შესაბამისი ბერკეტის მისაღებად რამდენიმე კანონს დააინიციირებს.

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს. მხარეებმა ერთმანეთს 150-150 სამხედრო ტყვე გადასცეს. როგორც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელებში წერს, რუსეთიდან დაბრუნებულ უკრაინელ დამცველებს შორის არიან ჯარისკაცები, სერჟანტები, ოფიცრები, სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალების სამხედროები, სადესანტო-მოიერიშე და სახმელეთო ჯარების წევრები, ეროვნული გვარდიის წევრები, მესაზღვრეები, ტერიტორიული თავდაცვის წევრები და სამართალდამცველები.

„ყველა მათგანი ფრონტის სხვადასხვა მიმართულებიდანაა, თუმცა მათ აერთიანებთ საერთო: ისინი უკრაინისთვის იბრძოდნენ. ზოგიერთი მათგანი ტყვეობაში ორ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა“ – წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტი ტყვეების დაბრუნების პროცესის მხარდაჭერისთის მადლობას უხდის პარტნიორებს, კერძოდ, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს.

უკრაინიდან 150 სამხედრო ტყვეს დაბრუნების შესახებ განცხადებას ავრცელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროც. უწყების ცნობით, ამჟამად რუსი სამხედრო მოსამსახურეები ბელარუსში იმყოფებიან, სადაც ისინი საჭირო ფსიქოლოგიურ და სამედიცინო დახმარებას იღებენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ ტყვეების დაბრუნებაში ჰუმანიტარული შუამდგომლობა არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა შეასრულა.

,,ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ სახელმწიფო არის სახელმწიფო და არავის უნდა მიეცეს სახელმწიფოს შეურაცხყოფის, ან დაკნინების უფლება”- პრემიერი

სახელმწიფო იქნება ხელშეუხებელი და ჩვენ ვერავის, მით უმეტეს გარე ძალებს და უცხოელ აგენტებს ვერ მივცემთ უფლებას, ხელი აღმართონ ქართულ სახელმწიფოსა და ამ სახელმწიფოს წარმომადგენლებზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ სახელმწიფო არის სახელმწიფო და არავის უნდა მიეცეს სახელმწიფოს შეურაცხყოფის, ან დაკნინების უფლება.

„ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ სახელმწიფო არის სახელმწიფო და არავის უნდა მიეცეს სახელმწიფოს შეურაცხყოფის, დაკნინების უფლება და ა.შ. იგივე პოლიცია გამოხატავს სახელმწიფოს, იგივე სასამართლო, მოსამართლე გამოხატავს სახელმწიფოს. როგორც კი ეს პრინციპი ირღვევა, სახელმწიფოს წარმომადგენლის ხელშეუხებლობის პრინციპი, მაშინვე იწყება ხოლმე სახელმწიფოს შერყევა, როგორც ასეთი. რასაც ვაკვირდებოდი, ამის მიზანმიმართული მცდელობა იყო მთელი ამ თვეების განმავლობაში, თუმცა თქვენ ხედავთ, რომ სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე. იმისათვის, რომ შეუქცევადი გახდეს ის პროცესი, რაც უკავშირდება სახელმწიფოს განმტკიცებას, ჩვენ გვჭირდება ამ ყველაფრის უზრუნველყოფა საკანონმდებლო ცვლილებებითაც და ზუსტად ამას ემსახურება ის ცვლილებები, რომლებიც შედის როგორც სისხლის სამართლის, ისე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. სახელმწიფო იქნება ხელშეუხებელი და ჩვენ ვერავის, მით უმეტეს გარე ძალებს და უცხოელ აგენტებს ვერ მივცემთ იმის უფლებას, რომ ხელი აღმართონ ქართულ სახელმწიფოსა და ამ სახელმწიფოს წარმომადგენლებზე,”- აღნიშნა პრემიერმა.

დაინიცირდება მედიის კანონი, რომელსაც მივიღებთ ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად-მამუკა მდინარაძე

დავიწყებთ მუშაობას ხვალიდანვე და დაინიცირდება მედიის კანონი, რომელსაც მივიღებთ ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის განმარტებით, კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე, ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგისა და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები.

„შეიზღუდება მედიასაშუალებების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან. ბუნებრივია, ეს არ შეეხება კომერციული რეკლამიდან მიღებულ და სხვა ამგვარ შემოსავლებს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 საქართველო მიესალმება ყაზახური ენერგორესურსების ტრანსპორტირების ზრდის პერსპექტივებს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და შავი ზღვის პორტების მეშვეობით -პრემიერი

საქართველოს, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შესაძლებელი გახდა შუა დერეფნის პროექტის განხორციელება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ოლჟას ბეკტენოვთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ მარშრუტის გამოყენებით ხორციელდება სარკინიგზო-საკონტეინერო გადაზიდვები ჩინეთიდან ევროპისა და საპირისპირო მიმართულებით.

„მიზანშეწონილია ძალისხმევის გააქტიურება „შუა დერეფნის“ განვითარების ხელშეწყობისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიმართულებით. საქართველოს აქვს შესაძლებლობა, იყოს დამაკავშირებელი რგოლი ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიას შორის, ასევე ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის. დაკავშირებადობის საერთაშორისო მარშრუტები გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ვიქცეთ ევროპასა და აზიას შორის ციფრულ ცენტრად. საქართველო მიესალმება ყაზახური ენერგორესურსების, კერძოდ, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების ზრდის პერსპექტივებს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და შავი ზღვის პორტების მეშვეობით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 6 თებერვალს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8224 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8224 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8378 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0154 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9418 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9317 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0101 ლარი შეადგინა.