„პუტინის გულში შიში სუფევს. სასოწარკვეთილმა დიქტატორმა შეიძლება ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს მიმართოს, რომლითაც ორივე არმია განადგურდება – რუსულიც და უკრაინულიც“ – ასეთი სათაური აქვს ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 11 ივლისის ნომერში გამოქვეყნებულ სტატია-კომენტარს, რომლის ავტორია ჰემიშ ბრეტონ-გორდონი – სამხედრო-პოლიტიკური ექსპერტი, გადამდგარი პოლკოვნიკი.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:
შესაძლოა ყველაზე პოზიტიური ამბავი, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ლონდონში ვიზიტის დროს მოხდა, არის ის, რომ გამოცხადდა ერთობლივი ფრანგულ-ბრიტანული ალიანსი ბირთვული იარაღთან დაკავშირებით.
ჩვენ, რასაკვირველია, დიდი ხნის წინ ვვარაუდობდით, რომ საფრანგეთი მხარს დაგვიჭერდა ნებისმიერი ბირთვული აგრესიის შეკავებაში, მაგრამ მტკიცედ დარწმუნებულები მაინც არ ვიყავით: დღევანდელ რთულ და დაძაბულ მსოფლიოში აღქმა და ფსიქოლოგიური განწყობა შედარებით ნაკლებ გავლენას ახდენს პოლიტიკაზე, ვიდრე ფიზიკური საბრძოლო მზადყოფნა. ახლა კი ემანუელ მაკრონისა და კირ სტამერის ერთობლივი ბირთვული განცხადება ბევრად უფრო მეტ რეზონანსს გამოიწვევს კრემლში, ვიდრე იმ ყველა ჭურვისა და რაკეტის წარმოება, რაზედაც პარიზი და მოსკოვი შეთანხმდა – მით უმეტეს, რომ მათი გამოშვება ხვალვე კი არა, არამედ 3-4 წლის შემდეგ თუ დაიწყება.
კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში გავრცელდა და რომელიც ასევე ევროპის ბირთვულ თავდაცვას უკავშირდება, არის ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის განცხადება, რომლის თანახმად, დიდი ბრიტანეთი შეისყიდის ამერიკულ რეაქტიულ „უჩინარ“ თვითმფრინავს F-35A-ს, რომელსაც ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა აქვს, მაგალითად, ამერიკული ტაქტიკური ატომური გრავიტაციული ბომბისა, სახელწოდებით B61.
ბირთვული შეკავების ეფექტურობა, საყოველთაო გაგებით, ეფუძნება პარიტეტს და წონასწორობას, თუმცა ეს პოზიცია სერიოზულად შეილახა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კომენტარებით ბოლო თვეების განმავლობაში. შესაძლოა, კრემლმა იფიქრა, რომ აშშ არ მოახდენს რეაგირებას, თუ რუსეთი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს უკრაინაში ან ევროპაში. ვლადიმერ პუტინი და მისი ბანდიტები მუდმივად იმუქრებოდნენ ბირთვული დარტყმით მანამდეც, სანამ უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბურ ომს დაიწყებდნენ, მაგრამ ახლა, როცა სამდღიანი ომი სამწლიანად გადაიქცა, ისინი შესაძლოა უკვე ფიქრობენ რადიკალური ნაბიჯის გადადგმას ომი სწრაფად დასრულების მიზნით. კრემლს ჰგონია, რომ ჩვენ რეაგირებას ვერ გავბედავთ.
ერთი მხრივ,კრემლის ასეთ პოზიციას აზრი აქვს: პუტინმა კარგად იცის, რომ ლონდონს ტაქტიკური ბირთვული იარაღი არ აქვს (უფრო სწორად, ჰქონდა და ნაადრევად გაანადგურა 1990-იან წლებში) და აქედან გამომდინარე ნაკლებად სავარაუდოა, რომ დიდი ბრიტანეთი, რუსეთის მოქმედების ანუ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების საპასუხოდ, მოსკოვისაკენ ბევრად უფრო მეტი პოტენციალის მქონე სტრატეგიული დანიშნულების რაკეტას „ტრაიდენტს“ გაუშვებს. არმაგედონის გაჩაღება ჩვენს გეგმებში ნამდვილად არ შედის, მაგრამ აუცილებელია გარკვეული პასუხის გაცემა.
გასაგებია, რომ F-35A-სა და B61-ის შესყიდვას, მათი ექსპლოატაციის დაწყებას და საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანას წლები დასჭირდება, მაგრამ ახლა, როცა საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს, თანამედროვე „ანტანტას“, უკვე აქვთ [ფრანგული] ტაქტიკური ბირთვული იარაღი ერთობლივი სარგებლობისათვის, ვლადიმერ პუტინს მოუწევს იფიქროს, რომ თუ იგი უკრაინის არმიის წინააღმდეგ ბირთვულ დარტყმას განახორციელებს, იგი აუცილებლად მიიღებს პასუხს რუსეთის არმიაზე იგივე ბირთვული დარტყმის სახით.
სავარაუდოდ, რუსეთის ლიდერისათვის ასეთი პერსპექტივა შიშისმომგვრელი და გულისშემძვრელი უნდა იყოს, რადგან მისი არმია არამარტო თავდასხმისა და აგრესიის ინსტრუმენტს წარმოადგენს, არამედ კრემლის დიქტატორული ხელისუფლების საყრდენსაც. (…)
ევროპას ძლიერი სამხედრო ხელმძღვანელობა ჭირდება: იმდენად, რამდენადაც ჩვენ ვუპირისპირდებით უკანასკნელ ევროპელ ტირანს, არაფერი მას არ შეაშინებს, გარდა საპასუხო ბირთვული დარტყმის შიში. ორი დღევანდელი მომენტი – ფრანგულ-ბრიტანული ბირთვული ალიანსი და ნატოს ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტის 5%-იანი ზრდა – აი, ეს არის ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ მიმართული რეალური და დამაჯერებელი ფსიქოლოგიური სიგნალი, რომელსაც იგი გააცნობიერებს. ძალის პოზიციით ლაპარაკი ვლადიმერ პუტინს უკეთ ესმის, რადგან ეს მისი ენაა. სამწუხაროდ, ამ ენის შესწავლაზე და მის დამახსოვრებაზე ჩვენ დიდი დრო დავკარგეთ.
უეჭველია, პრესაში გამოქვეყნებული ვიზიტის ამსახველი პუბლიკაციების სათაურები უფრო მეტად მიძღვნილი იქნება მიგრანტებისა და თევზჭერის საკითხების (რაც ორივე ქვეყნის პრობლემაა) და არა ბომბებისა და რაკეტების მიმართ, მაგრამ თუ ჩვენ თავდაცვაზე არ ვიფიქრებთ, მალე დადგება დრო, როცა ლა-მანშის სრუტეში მცურავი არალეგალი მიგრანტებით სავსე ნავები და უკანონო თევზსაჭერი გემები ჩვენი ყველაზე ნაკლები პრობლემა იქნება.
ვფიქრობ, მისასალმებელია ფრანგი პრეზიდენტისა და ჩვენი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება. მადლობა მათ იმის გაცნობიერებისათვის, რომ პუტინი პატივს სცემს მხოლოდ ძალას და უმოწყალოდ სარგებლობს მეტოქის სისუსტით. აშშ-ის პრეზიდენტმაც, ალბათ, ეს გააცნობიერა: იგი ბოლო დროს მტკიცე ხასიათს ავლენს და თავის მეგობარ ვლადიმერ პუტინს მკაცრად აკრიტიკებს. თუ იგი უკან არ დაიხევს, ჩვენ, ალბათ, თავიდან ავიცილებთ უფრო მასშტაბურ ომს ევროპაში და უკრაინისათვის სამართლიანი მშვიდობის მოწმენი გავხდებით.
მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო: