Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

ევროკავშირი მტკიცედ უარყოფს და გმობს საქართველოს ხელისუფლების დეზინფორმაციასა და უსაფუძვლო ბრალდებებს საქართველოში ევროკავშირის როლთან დაკავშირებით – ევროკავშირის პრესსპიკერი

ევროკავშირი მტკიცედ უარყოფს და გმობს საქართველოს ხელისუფლების დეზინფორმაციასა და უსაფუძვლო ბრალდებებს საქართველოში ევროკავშირის როლთან დაკავშირებით , – ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საგარეო საქმეებისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში პრესსპიკერი, ანუარ ელ ანუნი ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისთვის რუსული სტილის შეთქმულების თეორიებითა და გახლეჩის შემომტანი ნარატივებით ძირის გამოთხრა მხოლოდ მათ არგებს, ვინც საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას ეწინააღმდეგება.

განცხადების თანახმად, ევროკავშირი მტკიცედ გმობს საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის წინააღმდეგ პერსონალურ თავდასხმებს და აცხადებს, რომ ელჩს ევროკავშირის სრული ნდობა და მხარდაჭერა გააჩნია.

“ევროკავშირი მტკიცედ უარყოფს და გმობს საქართველოს ხელისუფლების დეზინფორმაციასა და უსაფუძვლო ბრალდებებს საქართველოში ევროკავშირის როლთან დაკავშირებით. ბოლო განცხადებები, რომლებიც ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ თითქოსდა ევროკავშირი საქართველოს დესტაბილიზაციას, ომში ჩათრევას ან ე.წ. “არატრადიციული ღრებულებების” თავს მოხვევას ცდილობს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის განზრახ მცდელობას წარმოადგენენ.

ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისთვის რუსული სტილის შეთქმულების თეორიებითა და გახლეჩის შემომტანი ნარატივებით ძირის გამოთხრა მხოლოდ იმათ არგებს, ვინც საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას ეწინააღმდეგება.

მტკიცედ ვგმობთ საქართველოში ევროკავშირის ელჩის [პაველ ჰერჩინსკის] წინააღმდეგ პერსონალურ თავდასხმებს. ელჩი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ზრდაში. მას ევროკავშირის სრული ნდობა და მხარდაჭერა გააჩნია. საქართველოში ყველა პოლიტიკურ ძალას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან, თავი აარიდონ წამაქეზებელ პერსონალურ თავდასხმებს, და ევროპული მომავლისკენ იმუშაონ საკუთარი მოსახლეობისთვის.

ევროკავშირი საქართველოს თანმიმდევრული და სანდო პარტნიორია. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი თავის ურყევ მხარდაჭერას და კიდევ ერთხელ გამოხატავს ქართველ ხალხთან თავის ურყევ სოლიდარობასა და მზაობას, გააგრძელოს ქართველების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მათ გზაზე,” – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში წითელი ნუსხის სახეობის კეთილშობილი ირმის აღდგენის ისტორიული პროგრამა იწყება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, „სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის“ ფარგლებში, ალგეთის ეროვნულ პარკში კეთილშობილი ირმის (Cervuselaphusmaral) საშენი მეურნეობა გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი დაესწრნენ.

„ეს მართლაც ისტორიული ნაბიჯია საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით. კეთილშობილი ირმის აღდგენის პროგრამის გრძელვადიანი მიზანია ქვეყნის მასშტაბით სიცოცხლისუნარიანი და მდგრადი პოპულაციების შექმნა, ჩვენი ვალდებულებაა, მომავალ თაობებს შევუნახოთ ის ბუნებრივი სიმდიდრე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აყალიბებდა საქართველოს უნიკალურ ეკოსისტემას“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

საშენი მეურნეობა, რომელიც კავკასიის მასშტაბით ყველაზე დიდია, 60 ჰექტარ ფართობზეა გადაჭიმული. ტერიტორია სრულად შემოღობილია და აღჭურვილია თანამედროვე მონიტორინგის სისტემებით, მათ შორის ფოტოხაფანგებითა და სატელიტური საყელურებით.

„საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში პირველად ხდება წითელ ნუსხაში შეტანილი კავკასიური ირმის აღდგენა. ეს არის სახეობების აღდგენის პროგრამის ნაწილი, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოში ინტენსიურად მიმდინარეობს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს უფროსის, რევაზ ბეჟაშვილის განცხადებით, მეურნეობაში შექმნილია ხელსაყრელი პირობები ირმების გამრავლებისა და გარემოსთან ადაპტაციისთვის.
„სპეციალურად მოწყობილ გარემოში შეგვიძლია დეტალურად შევისწავლოთ ირმების ქცევა, სოციალური დინამიკა და ადაპტაციის ეტაპები. ეს ინფორმაცია მოგვცემს შესაძლებლობას, ვაწარმოოთ სახეობის ბუნებაში დაბრუნების პროცესი“, – განაცხადა რევაზ ბეჟაშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში, ალგეთის ეროვნული პარკის დაცული ტყის მონაკვეთში კეთილშობილი ირმის 7 ინდივიდი – 5 ფური და 2 ხარირემი გაუშვეს, რომლებიც თბილისის ზოოპარკში არიან გამრავლებულები. პროგრამის პირველ ეტაპზე მათი რიცხვი 15-მდე გაიზრდება. სტაბილური და მზარდი პოპულაციის ჩამოყალიბების შემდეგ, კეთილშობილი ირმის ინდივიდების ველურ ბუნებაში გაშვება თანდათანობით მოხდება.

ალგეთის ეროვნული პარკი ამ პროგრამისთვის მიზანმიმართულად შეირჩა – ტერიტორია მდებარეობს კავკასიონის შუაგულში, სადაც ბუნებრივი ჰაბიტატები, ეკოლოგიური დერეფნები და მაღალი დაცულობის ხარისხი ქმნის ოპტიმალურ პირობებს როგორც პოპულაციის აღსადგენად, ისე მის დასაცავად.

2025 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის საბოლოო შედეგები

  • გამოვლინდა2025 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის გამარჯვებული საკონკურსო განაცხადები.

დეტალური ინფორმაცია გთხოვთ, იხილოთ ფონდის ვებგვერდზე :

https://shorturl.at/t4wNe

“ურსულა ფონ დერ ლაიენი პეკინიდან ცარიელი ჩემოდნით ბრუნდება: ჩინეთ-ევროკავშირის საიუბილეო სამიტი სალუტის გარეშე ჩატარდა”-Независимая газета

რუსული „ნეზავისიმაია გაზეტა“ (Независимая газета) ეხმაურება პეკინში ხუთშაბათს, 24 ივლისს გამართულ ჩინეთ-ევროკავშირის სამიტის შედეგებს და აქვეყნებს სტატიას სათაურით: “ურსულა ფონ დერ ლაიენი პეკინიდან ცარიელი ჩემოდნით ბრუნდება: ჩინეთ-ევროკავშირის საიუბილეო სამიტი სალუტის გარეშე ჩატარდა” (ავტორი – ვლადიმერ სკოსირევი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მიუხედავად იმისა, რომ სამიტის თარიღი იუბილეს დაემთხვა – მხარეებს შორის ურთიერთობის დამყარების 50 წლისთავს, მოლაპარაკებას საქმიანი, უფრო სწორად კი ხისტი ხაიათი ჰქონდა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ სი ძინპინმა მიუთითა, რომ მეტი ყურადღება უნდა მიექცეს არა იმდენად სავაჭრო ტარიფების მატებას, რამდენადაც იმას, თუ როგორ უნდა იქნას შენარჩუნებული მსოფლიო წესრიგი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა და როგორ უნდა მოგვარდეს კონფლიქტები. პეკინმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ გახდეს დამოუკიდებელი ძალა საერთაშორისო არენაზე ჩინეთთან, რუსეთთან და აშშ-სთან ერთად.

თავის მხრივ, ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რომელმაც სამიტის წინ ჩინეთის გასაგონად საკმაოდ არასასიამოვნო განცხადება გააკეთა და პეკინი დემპინგში დაადანაშაულა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მხარდაჭერის გამო, სი ძინპინის წინაშე ყოფნისას კი უკვე ორჭოფულად განაცხადა, რომ მხარეთა ურთიერთობა შემობრუნებით მომენტს მიუახლოვდაო.

რა თქმა უნდა, სი ძინპინმა სტუმარ-მასპინძლობის წესი დაიცვა, სიტუაცია არ გაამწვავა და ევროპელ სტუმრებს – ურსულა ფონ დერ ლაიენს და ევროსაბჭოს ხელმძღვანელს ანტონიუ კოშტას – იმ პოლიტიკის ღირსეულად გაგრძელებისაკენ მოუწოდა, რომლებიც ევროპამ და ჩინეთმა 50 წლის წინათ, 1975 წელს დაიწყეს, მაო ძე დუნის სიკვდილის შემდეგ.

მაგრამ ფაქტია, რომ პეკინს და ბრიუსელს შორის ნდობა „მოიკოჭლებს“. პეკინში არ დავიწყნიათ, რომ ჯერ კიდევ ორიოდე კვირის წინ ევროკომისიის ხელმძღვანელი და სხვა ევროპელი ბიუროკრატები ჩინეთს მწარედ აკრიტიკებდნენ – პეკინს თავისი იაფი პროდუქციით ევროპული ეკონომიკის ძირის გამოთხრა სურსო. უფრო მეტიც – ჩინეთი რუსეთს ეხმარება და ორმაგი დანიშნულებს პროდუქციას აწვდის მოსკოვს, ანუ „ცისქვეშეთი“ (ასე უწოდებენ ჩინეთს ხშირად) ირიბად მონაწილეობს უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში.

ანტონიუ კოშტამ პირდაპირ უთხრა სი ძინპინს, რომ „ჩინეთმა რუსეთს დახმარება უნდა შეწყვიტოს და ვლადიმერ პუტინს უნდა უთხრას, რომ ის გაეროს წესდებას არღვევს“. მაგრამ ევროსაბჭოს პრეზიდენტის ნათქვამს სი ძინპინზე არავითარი გავლენა არ მოუხდენია. ჩინეთი რუსეთ-უკრაინი ომის („სპეციალური სამხედრო ოპერაციის“) მიმართ მიუკერძოებელ პოზიციას ავლენს და მხარეებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისაკენ მოუწოდებს. ამასთან დაკავშირებით ჩინეთის პრესამ ევროპელ სტუმრებს გაახსენა ჩინეთ-ბრაზილიის ერთობლივი ინიციატივა, რომელშიც მკაფიოდ და თანმიმდევრულად, პუნქტუალურად არის მითითებული, თუ რომელი გზით უნდა იმოქმედოს ორივე დაპირისპირებულმა მხარემ მშვიდობის მისაღწევად.

მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ ევროპელ სტუმრებს და ჩინელ მასპინძლებს ერთმანეთის მიმართ სასაყვედურო ბევრი ჰქონდათ, გარეგნულად, პრესის წინაშე ერთმანეთის მიმართ მოსიყვარულედ გამოიყურებოდნენ: ერთმანეთს არა მარტო პატივს სცემდნენ, არამედ უხაროდათ კიდეც, რომ შეხვედრა გაიმართა.

როგორ შეიძლება შეფასდეს სამიტის შედეგები?

შემაჯამებელ კომუნიკეში თვალსაჩინოდ არის ასახული ის ღრმა უთანხმოება, რომელიც მხარეებს აქვთ როგორც გეოპოლიტიკური საკითხების, ისე ვაჭრობის მიმართ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აუცილებელია განახლებადი ენერგიის წყაროებით სარგებლობა და ტექნოლოგიების გადაცემა განვითარებადი ქვეყნებისთვისაც. იგივე ეხება ე.წ. „მწვანე ტექნოლოგიებსაც“ – მდიდარმა ქვეყნებმა ღარიბებს გამოცდილება უნდა გაუზიარონ, რადგან ყველაზე მეტად სწორედ ისინი ზარალდებიან როგორც კლიმატის გლობალური დათბობით, ისე ენერგორესურსების დეფიციტით.

თუ დავუკვირდებით, კომუნიკეში არაფერია ნათქვამი მხარეთა ურთიერთობის მწვავე პრობლემების გადაწყვეტის თაობაზე. ამიტომაც ისინი საერთოდ არ იქნა შეტანილი საბოლოო შემაჯამებელ დოკუმენტში.

ცუ ხუნძიანმა – პეკინის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის პროფესორმა – სამიტის შედეგები ასე შეაფასა: „დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადის დასაწყისში ჩინეთი და ევროკავშირი მივიდნენ შეთანხმებამდე, რომ თეთრი სახლის მიერ დაწესებულ მომატებულ ტარიფებს წინააღმდეგობას ერთად გაუწევდნენ, მაგრამ შემდეგ ევროკავშირმა აშშ-სთან კომპრომისის ძებნა დაიწყო. შედეგმაც არ დააყოვნა: ჩინეთსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის სტიმული გაქრა“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

რა ეღირება დოლარი და ევრო 26 ივლისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7086 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7086 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7094 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1783 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1825 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0042 ლარი შეადგინა.

მასპინძელი ხელისუფლების პარტიად მოხსენიებას, უმჯობესი იქნებოდა, თუ ბრიტანეთის ელჩი უპასუხებდა, რატომ აპირებდა ექსტრემისტული დღის წესრიგის „ევრონაცების“ დაფინანსებას -შალვა პაპუაშვილი

მასპინძელი ხელისუფლების პარტიად მოხსენიებას და ქართველი ხალხის მიმართ მსგავს შეუფერებელ ლაზღანდარობას, უმჯობესი იქნებოდა, თუ ბრიტანეთის ელჩი უპასუხებდა, რატომ აპირებდა ექსტრემისტული დღის წესრიგის „ევრონაცების“ დაფინანსებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილი გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებას, სადაც აღნიშნულია: „გაერთიანებული სამეფო და საქართველო ერთად მუშაობდნენ კიბერმედეგობის გასაძლიერებლად და ამ შეტევის საჯაროდ დასამტკიცებლად. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ჩამოშორდა ევროატლანტიკურ თანამშრომლობას, თუმცა რუსეთის მხრიდან საფრთხე კვლავ არსებობს, მათ შორის კიბერსივრცეშიც“.

„მასპინძელი ხელისუფლების პარტიად მოხსენიებას და ქართველი ხალხის მიმართ მსგავს შეუფერებელ ლაზღანდარობას, უმჯობესი იქნებოდა, თუ ბრიტანეთის ელჩი საკუთარ ქცევაზე გასცემდა ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვას პასუხს: რატომ აპირებდა ექსტრემისტული დღის წესრიგის მქონე ევრონაცების „ტაბულას“ და ნაცების „გია ჯაფარიძის“ დაფინანსებას, რომელთა გაცხადებული მიზანი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლაა, ანუ მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, რომელთა მიზანია „საქართველოს სუვერენიტეტის შესუსტება, შუღლის დათესვა და ქართველი ხალხის ყოველდღიური ცხოვრების შეფერხება“, – წერს პაპუაშვილი.

https://www.facebook.com/shpapuashvili/posts/1379328584198905?ref=embed_post

საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატება ფიზიკის  საერთაშორისო ოლიმპიადაზე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა  პარიზში  გამართულ  ფიზიკის   (IPhO 2025) 55 -ე საერთაშორისო სასწავლო  ოლიმპიადაზე.

ბრინჯაოს  მედლები  მოიპოვეს ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა არჩილ ზაბახიძემ და ცოტნე გიორგაძემ, საპატიო სიგელი გადაეცა ამავე სკოლის მოსწავლე  ირაკლი მექვაბიშვილს.

ფიზიკის   საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადისთვის  საქართველოს ნაკრები გუნდების შერჩევა, მომზადება  და    მონაწილეობა    შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით,  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

გუნდის ლიდერია რამაზ ხომერიკი, თანალიდერი – -გიორგი ბახტაძე, ასისტენტი- -გიორგი გრიგოლია, , დამხმარე პედაგოგი- დაჩი ჭოტაშვილი.

საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადები  მასშტაბურობითა და ხანგრძლივი გამოცდილებით გამოირჩევიან;  მათი მიზანია სხვადასხვა დისციპლინაში მოსწავლეების ცოდნისა და უნარ-ჩვევების ამაღლება-დახვეწა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ქვეყნის მასშტაბით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან, თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, შეხვედრებს განაგრძობს.
დღეს, კობა კობალაძე, გორს სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში, სამსახურის დირექტორმა, შეხვედრა გამართა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, ალექსანდრე მღებრიშვილთან.
შეხვედრის ფარგლებში, კობა კობალაძემ ვრცლად ისაუბრა სამსახურისა და სახელმწიფო ინსტიტუციების ერთობლივი ძალისხმევით, ასევე, კერძო სექტორისა და პარტნიორი ქვეყნების თანადგომით განხორციელებულ პროექტებზე, რომლებიც ვეტერანთა წინაშე არსებული სოციალური, ეკონომიკური, ჯანდაცვის კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად, ქვეყნის წინაშე მათი ღვაწლის დაფასებისთვის და საზოგადოებაში ვეტერანთა მეტად ინტეგრაციისთვის ხორციელდება. სამსახურის დირექტორმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი თანამედროვე მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, განათლებაზე ორიენტირებული, ეროვნული სულისკვეთებით განმსჭვალული ახალგზარდების მნიშვნელობას ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობაში. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდობისთვის ხარისხიანი, კვალიფიციური განათლების მიღებაში ხელშეწყობა სამსახურისთვის, ისევე, როგორც სახელმწიფოს მესვეურთათვის, პრიორიტეტული საკითხია და ამ მიმართულებით, ინტენსიური მუშაობა კვლავ გაგრძელდება.
მასპინძლებმა აღნიშნეს, რომ შიდა ქართლმა საქართველოს უახლესი ისტორიის მანძილზე არა ერთი ბრძოლა გამოიარა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის და რეგიონმა ბევრი გმირი და ღირსეული მამულიშვილი გაუზარდა სამშობლოს; სწორედ ამიტომ, ამ კუთხის მკვიდრთათვის, განსაკუთრებით დასაფასებელია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გადაწყვეტილება ვეტერანთა და მათი შვილების უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის თანადაფინანსებასთან დაკავშირებით; უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ გამოთქვა სურვილი, სამსახურთან მჭიდროდ ითანამშრომლოს ყველა იმ პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებისთვის, რომლებიც ახალგაზრდებში ეროვნული სულისკვეთების ამაღლებისკენ და მათი პოტენციალის ქვეყნის სამსახურში ჩართვისკენ იქნება მიმართული.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი ჭანტურიძე, რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე, ამავე დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი, ზვიად საბაშვილი, გორის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, ზურაბ ზურაბაშვილი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით კვერნაძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი.
შეხვედრის დასასრულ, მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი კობა კობალაძემ და ალექსანდრე მღებრიშვილმა მოაწერეს.
სამსახურის დირექტორის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელობასთან შეხვედრებისა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმების მიზანი გახლავთ სწავლის დაფინანსების პროგრამის უფრო ეფექტიანი და მოქნილი განხორციელებისათვის უნივერსიტეტსა და სამსახურს შორის ინფორმაციის მიმოცვლის პროცესის გაუმჯობესება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოსადგენად სტუდენტებზე არსებული ტვირთის შემსუბუქება. მემორანდუმით, ასევე, გათვალისწინებულია ურთიერთობის გაღრმავება და თანამშრომლობა განათლებისა და მეცნიერების სფეროში, ვეტერანებისა და მათი ოჯახების ინტერესების მხარდასაჭერად.
ინფორმაციისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, ჯანდაცვის, შშმ ვეტერანთა დახმარების, სოციალური უზრუნველყოფისა და სხვა პროგრამებთან ერთად, 2023 წლიდან მოქმედებს ვეტერანებისა და მათი შვილების უმაღლესი განათლების (ბაკალავრიატის) 50%-ით დაფინანსების პროგრამა, რომლის ამოქმედებიდან დღემდე, 5000-მდე სტუდენტმა-ვეტერანის შვილმა და ხუთმა თავად ვეტერანმა ისარგებლა;
აღსანიშნავია, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის 66 სტუდენტის თანადაფინანსებაში მიიღო მონაწილეობა.

პრეზიდენტმა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების წევრები, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენებით, ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები სახელმწიფო ჯილდოებით დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ქართველი კალათბურთელების თავდადებას, პატრიოტიზმს და მიღწეული წარმატებისთვის მათ მადლობა გადაუხადა.

„ნიჭიერი ხალხი ვართ ქართველები. სპორტში განსაკუთრებით ვლინდება ეს ნიჭი, თუმცა, ნიჭთან ერთად, რომ არა თავდადება, შრომისმოყვარეობა, პატრიოტიზმი ვერავითარი წარმატება ვერ შედგებოდა. თქვენ ხართ იმის მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს ქართველი კაცის შემართება, როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ღირსების დაცვას. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კაპიტანს. დღეს ჩვენთან ერთად არის თორნიკე შენგელია, რომელმაც, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატზე გავდიოდით, ხუთი დღის განმავლობაში ჯერ იტალიაში ითამაშა, შემდეგ ისლანდიაში გაფრინდა, შუალედში ისევ ბოლონიაში ითამაშა და შემდეგ თბილისში ჩამოვიდა გადამწყვეტ თამაშზე. მან ლომის წილი დაიდო იმ გამარჯვებაში, რომელმაც საბოლოო ჯამში მსოფლიო ჩემპიონატზე გაგვიყვანა და ასეთია თითოეული თქვენგანის შემართება. კაპიტნის მაგალითი არის განსაკუთრებული, მაგრამ თითოეულ თქვენგანს უნდა გადაგიხადოთ განსაკუთრებული მადლობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მთავრობის გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველი კალათბურთელების წარმატება მომავალი თაობისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის მაგალითია.

„მას შემდეგ, რაც ქართულმა კალათბურთმა იზეიმა განსაკუთრებული გამარჯვებები, ძალიან გაიზარდა ბავშვებში, ახალგაზრდებში მოტივაცია, რომ დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით. ჩვენი, მთავრობის, პასუხისმგებლობაა, მაქსიმალური პირობები შევქმნათ ამისათვის. განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ინფრასტრუქტურის განვითარებას, რათა ყველა ბავშვს, ყველა მოზარდს, რომლებსაც აქვთ ინტერესი, დაკავდეს კალათბურთით, მივცეთ ამის საშუალება. წინ გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირი, ძალიან ძლიერი გუნდით მივდივართ ევრობასკეტზე და მინდა, გისურვოთ მაქსიმალური წარმატება. თქვენ გვერდით ვართ და გგულშემატკივრობთ“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა კალათბურთელებს.

საქართველოსთვის მოპოვებულ გამარჯვებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო – წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადაეცათ საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრებს – გიორგი შერმადინს და თორნიკე შენგელიას. პრეზიდენტმა ღირსების ორდენებით დააჯილდოვა საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე და ვიცე-პრეზიდენტები – ვლადიმერ ბოისა, ნიკოლოზ ცქიტიშვილი და დავით საყვარელიძე, ასევე – ფედერაციის გენერალური მდივანი ლაშა გამყრელიძე. ღირსების მედლები გადაეცათ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ნაკრებების მენეჯერებს, ექიმებსა და ფედერაციის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2025 ოფიციალურად გაიხსნა

საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „მტკიცე სული“ (Agile Spirit) მეთორმეტედ მასპინძლობს. სწავლება კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ოფიციალურად გაიხსნა.

სამწყობრო მოედანზე, საერთაშორისო წვრთნებში მონაწილე ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაატა პატიაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის მე-7 არმიის წვრთნების სარდლობის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ტერი ტილისმა.

სიტყვით გამოსვლისას, მათ საერთაშორისო სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.

საქართველოში საერთაშორისო წვრთნებს ერთობლივად ხელმძღვანელობენ საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის წარმომადგენელი, პოლკოვნიკი უილიამ კოქსი. სწავლების გახსნის ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეები, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის, აშშ-ის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურისა (ODC) და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) წარმომადგენლები დაესწრნენ.

Agile Spirit 2025 რეგიონის ორ ქვეყანაში – საქართველოსა და თურქეთში ტარდება, რაც რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას უწყობს ხელს. სწავლების აღსრულება თურქეთში, ადანას პროვინციასთან ახლოს ამერიკულ-თურქული ერთობლივი საჰაერო სადესანტო ოპერაციით 21 ივლისს დაიწყო. Agile Spirit 2025-ში საქართველოს, აშშ-ის, თურქეთის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, კიდევ რვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ; სწავლებაში ასევე ჩართულია ორი მრავალეროვნული ქვედანაყოფი; წვრთნების მიმდინარეობას ორი სახელმწიფოს წარმომადგენლები დააკვირდებიან. სწავლება მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ძალების მზადყოფნის დონის ამაღლებას, ურთიერთთავსებადობისა და ოპერატიული შესაძლებლობების გაძლიერებას.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე ევროპარლამენტი არ ცნობს საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას, ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ფაქტობრივად შეჩერებულია -ევროპარლამენტი

„საქართველო ვერ შეუერთდება ევროკავშირს, ვიდრე მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის. ევროპარლამენტი ქართველი ხალხის გვერდით დგას“, – ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროპარლამენტი არ ცნობს საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას.

„ევროპარლამენტარების თქმით, ათწლეულების განმავლობაში დემოკრატიული პროგრესის შემდეგ, გასულ წელს ჩატარებული გაყალბებული არჩევნები საქართველოში ავტორიტარული მთავრობისკენ გარდამტეხი მომენტი იყო. მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ უკანონოდ მიიტაცა სახელმწიფო ინსტიტუტები, მიიღო რეპრესიული კანონები, ჩაახშო ოპოზიცია, უარი თქვა ევროკავშირში ინტეგრაციაზე და რუსეთის მხარეს დადგა. ევროპარლამენტარების განცხადებით, უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მანამდე პარლამენტი არ ცნობს საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას და ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ფაქტობრივად შეჩერებულია“, – ნათქვამია ევროპარლამენტის განცხადებაში.

ევროპარლამენტი ასევე აზიარებს საქართველოს შესახებ 9 ივლისს მიღებულ ანგარიშს.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=1287487589408799&set=a.460085995482300&type=3&ref=embed_post

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა: სავალუტო შემოდინებები გაიზარდა, კვლავ ევროკავშირის წამყვანი წილით

 წმინდა სავალუტო შემოდინებების ჩვენი ყოველთვიური შეფასება, რომელიც საქონლით ვაჭრობას, ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებსა და ფულად გზავნილებს აერთიანებს, ივნისში კვლავ გაუმჯობესდა. ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, რომ, როგორც ბოლო თვეების განმავლობაში არაერთხელ აღვნიშნეთ, სწორედ ძლიერი წმინდა სავალუტო შემოდინებები წარმოადგენს ლარის მხარდამჭერი სამი მთავარი ფაქტორიდან ერთ-ერთს. ბალანსის გაუმჯობესება ასევე მიანიშნებს, რომ მეორე კვარტალში მოსალოდნელია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებაც, რომელიც პირველ კვარტალში, სეზონური ფაქტორების გამორიცხვით, მშპ-ის 6.7%-მდე გაიზარდა. სავალუტო ნაკადების ყველაზე დიდი წყარო კვლავ ევროკავშირია, რომელზეც მეორე კვარტალში ჯამური შემოდინებების 20.3% მოდიოდა, ნაცვლად პირველი კვარტლის 21.7%-ისა.

 საკუთრივ ბალანსის გაუმჯობესება კი განპირობებულია როგორც უფრო ძლიერი სავალუტო შემოდინებებით, ასევე – შესუსტებული გადინებით. სახელდობრ, ივნისის მდგომარეობით, საგარეო ვაჭრობაში კვლავ ნარჩუნდება ბოლო თვეებისათვის დამახასიათებელი დინამიკა – ექსპორტი ძლიერი რჩება მეტწილად ავტომობილების რე-ექსპორტის ხარჯზე, ხოლო იმპორტის ზრდა სუსტია, მათ შორის სწორედ ავტომობილების შემცირებული იმპორტის შედეგადაც. კერძოდ, აშშ დოლარში გამოხატული საქონლის ექსპორტი ივნისში წლიურად 10.4%-ით გაიზარდა (წლის პირველ 6 თვეში ზრდა – 13.7%), ხოლო იმპორტი – მხოლოდ 0.9%-ით (5.8%-ით 6 თვეში, იანვრის ერთჯერადი ფაქტორის გამორიცხვით).

 ავტომობილების რე-ექსპორტისა და იმპორტის ურთიერთსაპირისპირო დინამიკას სავარაუდოდ ხელს უწყობს ქვეყანაში საექსპორტოდ შემოტანილი ავტომობილების მოცულობითი მარაგის დაგროვებაც, რომელიც ნაწილობრივ მაინც აკმაყოფილებს არსებულ მოთხოვნას. ამ ფონზე, წლიურად შემცირება ფიქსირდება ადგილობრივი ექსპორტის ისეთ ტრადიციულად მნიშვნელოვან კატეგორიებში, როგორებიცაა ღვინო და ფერო-შენადნობები, თუმცა, ადგილობრივი ექსპორტი წლის პირველ 6 თვეში მაინც გაიზარდა 6.4%-ით, რაშიც ძირითადი წვლილი ძვირფასი ლითონების, ბოსტნეულის, ხილის, თხილეულის, მინერალური წყლებისა და გამაგრილებელი სასმელების გაზრდილმა ექსპორტმა შეიტანა.

 გაუმჯობესება გრძელდება ფულადი გზავნილების დინამიკაში, რომელიც ივნისში 12.2%-ით გაიზარდა. გზავნილებში ევროკავშირის წილი ბოლო 12 თვის განმავლობაში თითქმის უცვლელად ნარჩუნდება ისტორიულ მაქსიმუმზე და 46%-ს უტოლდება. ასევე პიკზეა შემოდინებების წილი ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც, საიდანაც საქართველო გზავნილების თითქმის 19%-ს იღებს. 2022 წლიდან მზარდი ტენდენციით ხასიათდება ისრაელიც, თუმცა მეორე კვარტალში ამ ქვეყნიდან მიღებული შემოდინებების წილი მარტში დაფიქსირებული 8.8%-დან 7.6%-მდე შემცირდა. რაც შეეხება რუსეთს, წილი ფულად გზავნილებში მიმდინარე წლის იანვარში ისტორიულ მინიმუმამდე – 10.5%-მდე შემცირდა, ხოლო, ივნისის მდგომარეობით, მცირედით გაიზარდა და 13.0%-ს მიაღწია.

 ამავდროულად, ტურიზმიდან შემოსავლების წლიურმა ზრდამ მეორე კვარტალში 5% შეადგინა, რაც პირველი კვარტლის მაჩვენებელს მცირედით აღემატება (2.3%), ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტიდან გარკვეული დროებითი უარყოფითი ეფექტის მიუხედავად. მათ შორის, ევროკავშირიდან შემოსავლებმა მთლიან ზრდაში 3.3 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა. გარდა ამისა, მეორე კვარტალში ევროკავშირის წილმა ტურიზმიდან ჯამურ შემოსავლებში 15.2%-ს მიაღწია, რაც 2021 წლის მე-3 კვარტლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სიდიდით მეორე იყო წლიურ ზრდაში კონტრიბუცია ისრაელიდან, მიუხედავად იმისა, რომ, სეზონურად შესწორების შემთხვევაში, ისრაელიდან შემოსავლები პირველ კვარტალთან შედარებით მცირედით შენელდა. ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის საქართველოს ეკონომიკაზე ზეგავლენის რეალურ დროში შეფასება, რომელიც შეზღუდული ხანგრძლივობისა და მასშტაბის ეფექტზე მიუთითებდა, კვლავ ძალაში რჩება: არარეზიდენტების უნაღდო ხარჯები ტურისტულ კატეგორიებში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შემდგომ ზრდის ტენდენციით ხასიათდება, ხოლო ისრაელიდან Google-ის საძიებო სისტემაში საქართველოს შესახებ ძებნათა სიხშირე, კონფლიქტის პერიოდში ვარდნის შემდეგ, თვალსაჩინოდ გაიზარდა და ივლისში ბოლო ოთხი თვის მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია. ზრდაში კონტრიბუციების კუთხით, აგრეთვე გამოვყოფთ აზერბაიჯანს, ხოლო, საპირისპიროდ, კლების კუთხით ყველაზე დიდი წილი რუსეთსა და თურქეთზე მოდიოდა. მართალია, ოფიციალური მონაცემები მხოლოდ კვარტალური სიხშირითაა ხელმისაწვდომი, მაგრამ ჩვენი საპროგნოზო მოდელის თანახმად, ივნისში ტურიზმიდან ჯამური შემოსავლები, სეზონურად შესწორების შემთხვევაში, თვიურად თითქმის უცვლელი იყო, თუმცა ივლისში უფრო მზარდი ტენდენცია იკვეთება.

 გარდა უცხოური ვალუტის წმინდა შემოდინებისა, ლარის მხარდამჭერი სხვა ფაქტორების კუთხით, აღსანიშნავია, რომ აშშ დოლარი მსოფლიო ბაზარზე კვლავ სუსტი რჩება, ხოლო დეპოზიტების უკან ლარში კონვერტაციების მიმდინარე დინამიკა ივლისში შედარებით შერეულ სურათს აჩვენებს. პარალელურად, ჩვენი შეფასებით, სებ-მა ივნისში, წინა თვეების მსგავსად, საკმაოდ დიდი მოცულობით აშშ დოლარი შეიძინა და ამავე მიმართულებით ინტერვენციებს ივლისშიც განაგრძობს.

 რაც შეეხება უახლეს ინდიკატორებს, ჯამური უნაღდო დანახარჯები ივნისსა და ივლისში დაახლოებით ერთ დონეზე ნარჩუნდება, რამაც, ზედიზედ სამთვიანი მატების შემდეგ, წლიური ზრდის შენელება გამოიწვია. დინამიკა მსგავსია მიგრანტების დანახარჯების კუთხითაც, ხოლო, როგორც ზემოთ აღინიშნა, არარეზიდენტების ხარჯვაში, რომელიც ტურისტული შემოსავლების რეალურ დროში შეფასებისთვის გამოიყენება, ივლისში გაუმჯობესება ფიქსირდება.

 გასული თვეების ტენდენციები მეტწილად ნარჩუნდება სამომხმარებლო ფასების დინამიკაშიც. ინფლაცია კვლავ მზარდია და ივნისის მდგომარეობით წლიურად 4.0%-ს უტოლდება. აჩქარება შეინიშნება წინა თვესთან შედარებითაც, თუმცა ეს მაჩვენებელი დიდწილად მოლოდინების შესაბამისია. ფასების ზრდის მთავარ განმაპირობებელ ფაქტორად კვლავ სურსათი რჩება, მაგრამ ივნისში შედარებით მაღალი იყო მომსახურების ინფლაციაც. ამ კუთხით აღსანიშნავია, რომ ივლისსა და აგვისტოში ამოიწურება ინტერნეტის გადასახადის კლების ეფექტიც, რომელიც ჯამურ ინფლაციას დაახლოებით 0.4 პროცენტული პუნქტით ამცირებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ფასების ზრდა სამომხმარებლო კალათაში შემავალი კატეგორიების უმეტესობაში ფიქსირდება და არაა განპირობებული რომელიმე ცალკეული საქონლისა თუ მომსახურების გაძვირებით. ამასთან, შერეული წარმოების საქონლის ინფლაცია ივნისში 7.2%-ია, ხოლო ადგილობრივი წარმოების პროდუქტების ინფლაცია – 5.2%, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ეროვნული ბანკის 3%-იან სამიზნე მაჩვენებელს. შესაბამისად, რომ არა იმპორტული კატეგორიის დაახლოებით 2%-იანი დეფლაცია, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი ნავთობის გლობალურად გაიაფებას შეაქვს, სამომხმარებლო ფასების ზრდა კიდევ უფრო გამოკვეთილი იქნებოდა. ამ ფონზე, შეიძლება ითქვას, რომ ინფლაცია სულ უფრო მეტადაა განპირობებული ადგილობრივი ფაქტორებით, ეს კი, მათ შორის, ივნისში გაზრდილ მომსახურების ინფლაციაში აისახა, რაც გასაკვირი არ არის, ეკონომიკურ აქტივობასთან ისტორიულად ყველაზე მაღალი კორელაციის გათვალისწინებით.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007037-macro-update-georgia

(R)