Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

 სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულება რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობისკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯია-საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დასრულებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება.

სოციალურ ქსელ X-ში საგარეო უწყება წერს, რომ მოლაპარაკებების დასრულება რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობისკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯია.

„საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულებას სამშვიდობო შეთანხმების ჩვიდმეტივე მუხლთან დაკავშირებით. ეს არის რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობისკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯი!“ – წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა სამშვიდობო მოლაპარაკებების დასრულების შესახებ 13 მარტს ოფიციალურად განაცხადეს.

 რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოთხი დრონი ჩამოაგდეს, რომლებიც მოსკოვისკენ მიფრინავდნენ-მოსკოვის მერი

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, რომლებიც მოსკოვისკენ მიფრინავდნენ, – ამის შესახებ მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა.

„მოვიგერიეთ ოთხი უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმა, რომლებიც მოსკოვისკენ მიფრინავდნენ“, – დაწერა ქალაქის მერმა ტელეგრამის არხზე.

მოსკოვის მერმა ასევე აღნიშნა, რომ დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.

როგორც რუსული მედია წერს, უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ახალი მოსკოვის ერთ-ერთ კერძო სახლს მოხვდა.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ გავრცელებულა.

უკრაინა არ დათანხმდება გაყინულ კონფლიქტს-ანდრეი ერმაკი

უკრაინა არ დათანხმდება გაყინულ კონფლიქტს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

„ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ არ დავთანხმდებით გაყინულ კონფლიქტს. ჩვენ ნამდვილად წინააღმდეგი ვართ და ამ საკითხში ჩვენი პოზიციები ამერიკელი პარტნიორების პოზიციას სრულად ემთხვევა. ისინიც წინააღმდეგი არიან კონფლიქტის გაყინვის, ისინი წინააღმდეგნი არიან ე.წ. მინსკი 3-ის, ან რამე შეთანხმებების, როგორიც იყო ბუდაპეშტის მემორანდუმი. სამწუხაროდ, ვერცერთმა მათგანმა ვერ იმუშავა. ყველა აცნობიერებს ამას. ყველამ გააკეთა თავისი დასკვნები“, – განაცხადა ერმაკმა.

ამასთან, ერმაკმა ისაუბრა ევროპის როლის შესახებ აშშ-ის მონაწილეობით უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პროცესში.

„ეს შეხვედრა, ვფიქრობ, იყო ძალიან წარმატებული. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ წინ დიდი სამუშაო გვაქვს. მთავარია, რომ უკრაინა არ არის მარტო, უკრაინა პარტნიორებთან ერთად არის. ასევე, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან მუდმივ კონტაქტში ვართ. ჩვენ ვაწვდით მათ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხდება“, – აღნიშნა ერმაკმა.​​​​​​​​​​​​​​​​

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

ქუთაისში დღისით +27 და ღამით 11 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ.

მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც, დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11. ბათუმშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. მზეა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +28, ღამით კი 10 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიანი დღეა სოხუმშიც. +25 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში მზიანია ამინდია, დღისით +18 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 3 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +25 გრადუსი, ღამით კი 5 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება.

მზიანი დღეა ბორჯომში, +22 იქნება დღისით, ღამით კი 3 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +26 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 4 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა 25 გრადუსი იქნება, ღამით კი 3 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება. ომალოში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +11, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც მზიანი ამინდია. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება თელავშიც, +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში მზეა. დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავშიც მზიანი დღეა, დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც მზიან ამინდის ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.

ნატოს წევრები ჩამორჩებიან რუსეთსა და ჩინეთს იარაღის წარმოებაში-ნატოს გენერალური მდივანი

ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ნატოს წევრები ჩამორჩებიან რუსეთსა და ჩინეთს იარაღის წარმოებაში.

„ჩვენ გვჭირდება მეტი იარაღის წარმოება. საკმარისად არ ვაწარმოებთ. არც აშშ-ში, არც ევროპაში. ჩვენ ჩამოვრჩებით, თუ შევადარებთ რუსებსა და ჩინელებს“, – აღნიშნა მარკ რუტემ თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან გამართულ შეხვედრაზე.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს თავდაცვის ძლიერი მრეწველობა აქვს, თუმცა მეტი უნდა გაკეთდეს წარმოების გასაძლიერებლად.

14 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს ხელიდან არ უნდა გაუშვათ შანსი, რომელსაც ცხოვრება გთავაზობთ. თუ ამ შესაძლებლობას ახლა არ გამოიყენებთ, მოგვიანებით მის განხორციელებას გაცილებით მეტი ძალისხმევა დასჭირდება.

რჩევა: მოუცლელობის მიუხედავად, დიდი ხნის უნახავი მეგობარი ან ნათესავი აუცილებლად მოინახულეთ.

კურო

ფრთხილად იყავით საოჯახო ტექნიკასთან მუშაობისას — მისი გაფუჭების რისკი მაღალია. მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ მანქანის მართვის დროსაც, რადგან არსებობს ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი. უკეთესი იქნება, თუ ამ დღეს სახლში გაატარებთ და ემოციურ მდგომარეობას აღიდგენთ.

რჩევა: სანამ რამეს შეიძენთ, კარგად დაფიქრდით, რა გჭირდებათ ახლა ყველაზე მეტად და რაზე შეიძლება უარი თქვათ.

ტყუპები

ამ დღეს შეიძლება რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეთ. ამასთან, მიღებული გადაწყვეტილება თქვენს მომავალზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. ამიტომ მაქსიმალურად ცივი გონებით და ფრთხილად იმოქმედეთ, რადგან არასწორი ნაბიჯი შეიძლება სავალალოდ დასრულდეს.

რჩევა: ეცადეთ, გადაწყვეტილება ოჯახის წევრებთან შეთანხმებით მიიღოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს ეცადეთ, რომ ზედმეტი ყურადღება არ მიიქციოთ. ახლა ის დროა, როცა ჩრდილში ყოფნით უფრო მეტ წარმატებას მიაღწევთ, ვიდრე აქტიურობით. გარშემო ბევრი ორპირი ადამიანია და სანამ ვინმეს რჩევას სთხოვთ, დარწმუნდით, რომ მისი ნდობა შეიძლება. დღის მეორე ნახევარში ბევრ საქმეს მოაგვარებთ, მათ შორის ისეთებსაც, რომლებიც სხვისთვის დაუძლეველი აღმოჩნდა.

რჩევა: შეცდომების თავიდან ასაცილებლად, ამ დღეს სხვა ადამიანების გამოცდილება უნდა გაითვალისწინოთ.

ლომი

ამ დღეს ლომებს იღბალი გაუღიმებთ, განსაკუთრებით — მოგზაურობისას. ნებისმიერი საქმე, რომელსაც ხელს მოჰკიდებთ, წარმატებით დასრულდება. ამ დღეს შეგიძლიათ საკუთარ თავს არაჯანსაღი, მაგრამ ძალიან გემრიელი საკვების დაგემოვნების უფლება მისცეთ.

რჩევა: გირჩევთ, ამინდის მიხედვით ჩაიცვათ.

ქალწული

ამ დღეს ფიზიკურ აქტიურობას უნდა მოერიდოთ — ტრავმების რისკი საკმაოდ მაღალია. მოერიდეთ კამათში და კონფლიქტებში ჩართვას, რადგან ისინი განწყობას დიდი ხნით გაგიფუჭებენ. მამაკაცებმა გაითვალისწინეთ, რომ თქვენი საეჭვო სურვილები ფსიქიკურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.

რჩევა: დილას ცივ სასმელებს, საღამოს კი უხარისხო პროდუქტების მიღებას უნდა ერიდოთ.

სასწორი

ამ დღეს ვენერა სასწორების მხარესაა. შესანიშნავი დღეა ჩანაფიქრის განხორციელებისა და ახალი უნარების ათვისებისთვის, რაც მომავალში დიდ სარგებელს მოგიტანთ. ფრთხილად იყავით კრიტიკულად განწყობილ ადამიანებთან — ისინი დღეს განსაკუთრებით აგრესიულად მოიქცევიან.

რჩევა: არახელსაყრელი დღეა შოპინგისთვის – შეიძლება უხარისხო ნივთზე დიდი თანხა დახარჯოთ.

მორიელი

მშვიდი და წარმატებული დღე გელით. ბევრი მორიელი შემოსავლის ახალ წყაროებს იპოვის და ფინანსურ მდგომარეობას გაიუმჯობესებს. რაღაც მნიშვნელოვანმა ინფორმაციამ შეიძლება აზრის შეცვლა გაიძულოთ. ამ დღეს ვალის აღება კატეგორიულად აკრძალულია.

რჩევა: ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, განსაკუთრებით – უცნობ ადამიანებთან.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა ახალი იდეების განხორციელებისთვის. დღის განმავლობაში მოვლენები შეიძლება ისე განვითარდეს, რომ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღოთ, მაგრამ ნუ ინერვიულებთ — ვარსკვლავები თქვენს მხარეზე არიან. საღამოს შეძლებთ, ცოტა მოეშვათ და ოცნებებს მიეცეთ.

რჩეევა: ამ დღეს მოერიდეთ რადიკალურ ნაბიჯებს და საქმიანი თუ მეგობრული კავშირების გაწყვეტას.

თხის რქა

ეს დღე შემოსავლის მიღების და პროფესიული პოზიციის გაძლიერების საშუალებას მოგცემთ, მაგრამ ამისთვის მეტი აქტიურობა დაგჭირდებათ. საღამოს საშუალება გექნებათ, საჭირო ადამიანები გაიცნოთ. ამ დღეს მიღებული გამოცდილება მოგვიანებით ბევრჯერ გამოგადგებათ.

რჩევა: ამ დღეს მთავარია, წესები არ დაარღვიოთ და საეჭვო მაქინაციებში არ ჩაერთოთ.

მერწყული

ამ დღეს მერწყულებს ბევრი უთანხმოება ელით. ფრთხილად იყავით იმ ადამიანებთან, რომლებზეც ფინანსურად თუ ემოციურად ხართ დამოკიდებული. ეცადეთ, თქვენი ენერგია სასარგებლო საქმეზე მიმართოთ და საყვარელ ადამიანებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. სავარაუდოდ, მათ დახმარებას შეძლებთ.

რჩევა: გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს შენაძენით იმედგაცრუებული დარჩეთ.

თევზები

დღის პირველ ნახევარში საინტერესო ცნობას მიიღებთ, რომელიც ყველა სირთულის დაძლევაში დაგეხმარებათ. ქალბატონებო, სკანდალებს მოერიდეთ, თორემ განწყობას დიდი ხნით გაიფუჭებთ. ამ დღეს მასაჟი, ცურვა და წყლის პროცედურები განსაკუთრებით სასარგებლო იქნება.

რჩევა: თავი შეიკავეთ საბუთებზე ხელის მოწერისგან და შეთავაზებაზე საბოლოო პასუხი არ გასცეთ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქს წერილით მიმართავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქს წერილით მიმართავს.

„ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქს, უნეტარეს იოანე X-ს  თქვენო უნეტარესობავ,
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილს სირიაში ბოლო დროს მომხდარი ტრაგიკული მოვლენების გამო, რამაც მსოფლიო საზოგადოება აღაშფოთა.
ჩვენც ვუერთდებით საერთო პროტესტს, გიცხადებთ სოლიდარობას და, ვიმედოვნებთ, ხელისუფლება მსგავს ბოროტებას აღარ დაუშვებს.
ამასთან, გთხოვთ, ჩვენი თანადგომა გადასცეთ თქვენს სამწყსოს, გარდაცვლილი და დაზარალებული ბავშვების, ქალების, ცალკეული მოქალაქეების ოჯახებს და, საერთოდ, სირიელ ხალხს.
აღვავლენთ ლოცვებს უდანაშაულო მსხვერპლთათვის და მშვიდობისათვის სირიასა და მთელ მსოფლიოში“, – ნათქვამია წერილში.

გაზსადენის დაზიანების გამო გაზის მიწოდება 11 200 აბონენტს შეუწყდა-“თბილისი ენერჯი”

გაზსადენის დაზიანების გამო გაზის მიწოდება 11 200 აბონენტს შეუწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი” ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 14 მარტის, 11:00 საათიდან და დასრულდება 21:00 საათამდე.

„გაზსადენის დაზიანების გამო გაზის მიწოდება შეუწყდა: შპს ,,მილენიუმ მატერიალს ჯორჯია”-ს, შპს ,,ლილოს სახლს”, შპს ,,ჯეომილ”-ს, შპს ,,ამმა”-ს, შპს ,,როიალ ჯორჯია”-ს, შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის სერვისული კომპანია”-ს, ი.მ ზ. მსუქნიშვილს, შპს ,,ლილო სითი”-ს, სსიპ ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრის ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, მოქ. მანანა დალაქიშვილს, შპს ,,ფრანკოს”, შპს ,,ჰუკა ინტერნეიშენალს”, საჯარო სკოლა #76-ს, აეროპორტის ტერიტორიაზე: შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას”, მიმდებარედ შპს ,,აეროპორტის მრავალპროფილიან პოლიკლინიკას” – მსხვილ კომერციულ ობიექტს, შპს ,,ფორტუნას”, შპს ,,საქაერონავიგაციის” ობიექტებს, შპს ,,ლასარეს”, შპს ,,ჩობანს”, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს, დიდი ლილოს დასახლებაში – სსიპ შემოსავლების სამსახურს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივს, სსიპ ქ. თბილისის # 217 საჯარო სკოლას, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შპს ,,უნივერსალს”, საქართველოს სასაზღვრო პოლიციას, ააიპ ,,თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარს”, სს ,,ბანკი ქართუ”-ს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტს, დიდი ლილოს საბავშვო ბაგა-ბაღს, შპს ,,ATM BATUMI”-ს, შპს ,,დუგლაძეების ღვინოების კომპანიას”, ქართულ-ევროპული მაკარონის ინდუსტრიას, შპს ,,დიპლომატ ჯორჯიას”, შპს ,,ხის სახლს”, შპს ,,ალეკო და კომპანია”-ს, შპს ,,სოლარის”, შპს ,,ბრასერის”, შპს “ჯორჯიან ქარდბოარდის”, შპს ,,მშენებელი 80″-ს, საქართველოს მელიორაციას, სს ,,ფი ეს სი ფროფერთის”, თავდაცვის სამინისტროს ობიექტს, შპს ,,ვანის სათბურებს” და მიმდებარედ განთავსებულ სხვა ობიექტებს.

„თბილისი ენერჯი“ ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო. გთხოვთ ყურადღებით იყავით. არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ევროკავშირი ძალიან, ძალიან საზიზღარია-დონალდ ტრამპი

JPG resized with https://ezgif.com/resize

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროკავშირს საზიზღარი უწოდა.

ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

„ჩვენ არ ვყიდით მანქანებს ევროპაში, ვგულისხმობ, პრაქტიკულად არ ვყიდით მანქანებს და ისინი გვყიდიან მილიონობით მანქანას. ისინი არ იღებენ სოფლის მეურნეობის ჩვენს პროდუქციას. ჩვენ ვიღებთ მათ პროდუქციას – ეს ცალმხრივი მოძრაობის ქუჩას ჰგავს. ევროკავშირი ძალიან, ძალიან საზიზღარია“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„ისინი ჩვენს კომპანიებს უჩივიან. Apple-ი იძულებული გახდა გადაეხადა $16 მილიარდი. ისინი უჩივიან Google-ს, ისინი უჩივიან Facebook-ს, ისინი უჩივიან ყველა ამ კომპანიას და ისინი იღებენ მილიარდობით დოლარს ამერიკული კომპანიებისგან“, – დასძინა მან.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ვლადიმერ პუტინის განცხადება ძალიან პერსპექტიულია, მაგრამ არ არის სრული -დონალდ ტრამპი

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადება ძალიან პერსპექტიულია, მაგრამ არ არის სრული, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრისას განაცხადა.

ტრამპის თქმით, მზად არის, რუსეთის პრეზიდენტთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისაუბროს.

„იმედია, რუსეთი სწორად მოიქცევა“, – აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, ისურვებდა პუტინთან შეხვედრას უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულების მიზნით.

„მაგრამ ჩვენ ეს სწრაფად უნდა დავასრულოთ“,  – აღნიშნა ტრამპმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსული მხარე ეთანხმება საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შეთავაზებებს. „თუმცა, გამოვდივართ იქიდან, რომ ეს შეწყვეტა უნდა იყოს ისეთი, რომელიც მიგვიყვანდა გრძელვადიან მშვიდობამდე და აღმოფხვრიდა ამ კრიზისის თავდაპირველ მიზეზებს“, – აღნიშნა პუტინმა. მისივე თქმით, არის ნიუანსები, რომლებზეც მოლაპარაკება უნდა აწარმოონ ამერიკელ კოლეგებთან, შესაძლოა, დაურეკონ ტრამპს და მასთან განიხილონ.

ვეთანხმებით ზავის იდეას, თუმცა არის ნიუანსები, რომლებზეც მოლაპარაკება უნდა ვაწარმოოთ ამერიკელ კოლეგებთან, შესაძლოა, დავურეკოთ ტრამპს და მასთან განვიხილოთ-ვლადიმერ პუტინი

ჩვენ ვეთანხმებით საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შეთავაზებებს, თუმცა გამოვდივართ იქიდან, რომ ეს შეწყვეტა უნდა იყოს ისეთი, რომელიც მიგვიყვანდა გრძელვადიან მშვიდობამდე და აღმოფხვრიდა ამ კრიზისის თავდაპირველ მიზეზებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რაც შეეხება უკრაინის მზადყოფნას, შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები. ამერიკულ-უკრაინული შეხვედრა საუდის არაბეთში შესაძლოა, გარეგნულად  გამოიყურება როგორც უკრაინული მხარის მიერ ამერიკული ზეწოლით გადაწყვეტილების მიღება, თუმცა სინამდვილეში, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინულ მხარეს უნდა ეთხოვა ეს ამერიკელებისთვის ყველაზე დაჟინებული გზით იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც შექმნილია ადგილზე. ალბათ ყველამ ნახა, რომ გუშინ ვიმყოფებოდი კურსკის ოლქში და მოვისმინე გენშტაბის უფროსის, დაჯგუფება „სევერის“ უფროსისა და მისი მოადგილის ანგარიში საზღვრისპირეთში, უპირველეს ყოვლისა კურსკის ოლქში არსებულ სიტუაციაზე. რა ხდება იქ? იქ სიტუაცია მთლიანად ჩვენი კონტროლის ქვეშ არის და დაჯგუფება, რომელიც შემოიჭრა ჩვენს ტერიტორიაზე, იმყოფება სრულ იზოლაციაში. უკრაინული ძალების მართვა ამ შემოჭრის ზონაში დაკარგულია. თუ 1-2 კვირის წინ უკრაინელი სამხედროები ცდილობდნენ იქიდან მცირე ჯგუფებით გასვლას, ახლა ეს შეუძლებელია. ისინი ცდილობენ იქიდან გასვლას ორ-სამკაციანი ჯგუფებით, რადგან ყველაფერი ჩვენი სრული საცეცხლე კონტროლის ქვეშ არის. ტექნიკა მთლიანად მიტოვებულია, მისი გაყვანა შეუძლებელია. ის იქ დარჩება, ეს უკვე გარანტირებულია. უახლოეს დღეებში თუ მოხდება ფიზიკური ბლოკირება, მაშინ გასვლას უკვე საერთოდ ვეღარავინ შეძლებენ. იქნება მხოლოდ ორი გზა – ტყვედ ჩაბარება ან სიკვდილი“,- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ამასთან, როგორც რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, „ასეთ პირობებში უკრაინული მხარისთვის ძალიან კარგი იქნებოდა ზავის მიღწევა თუნდაც 30 დღით. პუტინის თქმით, ამას რუსეთი მხარს უჭერს, თუმცა არის ნიუანსები“

„რაში მდგომარეობს ეს ნიუანსები. პირველი – რა უნდა გავაკეთოთ კურსკის ოლქში ამ შემოჭრის მონაკვეთთან დაკავშირებით? ჩვენ თუ ვწყვეტთ საბრძოლო მოქმედებებს 30 დღით, რას ნიშნავს ეს? ყველა, ვინც იქ იმყოფება, უნდა გავიდეს ბრძოლის გარეშე? ჩვენ ისინი უნდა გავუშვათ იქიდან იმის შემდეგ, რაც მათ ჩაიდინეს მრავალი დანაშაული მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ? თუ უკრაინის ხელმძღვანელობა მისცემს მათ ბრძანებას, დაყარონ იარაღი და უბრალოდ ჩაბარდნენ ტყვედ? როგორ იქნება ეს? გაუგებარია. როგორ გადაწყდება სხვა საკითხები შეხების მთელი ხაზის გასწვრივ, ეს კი თითქმის ორი ათასი კილომეტრია. იქ კი, როგორც იცით, რუსეთის ჯარები შეტევას ახორციელებენ პრაქტიკულად ყველა მონაკვეთზე და იქაც იქმნება პირობები, რომ ჩვენ საკმაოდ მსხვილი დანაყოფების ბლოკირება მოვახდინოთ.

ანუ, როგორ მოხდება ამ 30 დღის გამოყენება? იმისთვის, რომ უკრაინაში გაგრძელდეს იძულებითი მობილიზაცია? იმისთვის, რომ მიაწოდონ იარაღი? იმისთვის, რომ მობილიზებულმა დანაყოფებმა მომზადება გაიარონ? თუ ეს ყველაფერი არ მოხდება, მაშინ ჩნდება კითხვა – როგორ გადაწყდება კონტროლის, ვერიფიკაციის საკითხები? როგორ მივიღებთ გარანტიას, რომ მსგავსი არაფერი მოხდება? კონტროლი როგორ იქნება ორგანიზებული? ვიმედოვნებ, საღი აზრის დონეზე ყველასთვის გასაგებია, რომ ეს სერიოზული საკითხებია. ვინ გასცემს განკარგულებებს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ და როგორია ამ ბრძანებების ფასი? წარმოგიდგენიათ, თითქმის ორი ათასი კილომეტრია. ვინ განსაზღვრავს, ვინ და სად დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შესაძლო შეთანხმება? და შემდეგ, ვინ ვის გადააბრალებს ამ შეთანხმების დარღვევას? ამ საკითხებს სჭირდება ორივე მხრიდან დეტალური შესწავლა. ამიტომ, თავისთავად იდეა სწორია და ჩვენ მას უპირობოდ მხარს ვუჭერთ, თუმცა არის საკითხები, რომლებიც უნდა განვიხილოთ. ვფიქრობ, ჩვენ ამაზე მოლაპარაკებები უნდა ვაწარმოოთ ჩვენს ამერიკელ კოლეგებთანაც, პარტნიორებთან, შესაძლოა, ტრამპს დავურეკოთ და მასთან განვიხილოთ, თუმცა თავისთავად ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დასრულების იდეა ჩვენი მხრიდან მხარდაჭერილია“,- აღნიშნა პუტინმა.

პუტინმა, ასევე, მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელიც, მისი თქმით, „ამდენ დროს უთმობს უკრაინაში ვითარების დარეგულირებას“.

ბათუმის საქალაქო სასამართლო მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილებას 18 მარტს გამოაცხადებს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის განხილვა დასრულდა.

მოსამართლე სათათბიროდ გავიდა და გადაწყვეტილებას 18 მარტს გამოაცხადებს.

მზია ამაღლობელი პროცესს დისტანციურად ესწრებოდა. იგი თავს სამართალდამრღვევად არ ცნობს. მზია ამაღლობელი აცხადებს, რომ სტიკერი ნამდვილად გააკრა, მაგრამ ტყუილია, რაც დაკავების ოქმში წერია, რომ სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

დაკავების ოქმის გაყალბებაზე საუბრობენ ადვოკატებიც. მათი განცხადებით, არსებობს ვიდეოჩანაწერები, რომლითაც ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება დასტურდება. მათი განცხადებით, ვიდეოჩანაწერში ამაღლობელის დაკავების დროს ისმის ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით აკავებენ სტიკერის გაკვრისთვის.

დაკავების ოქმის მიხედვით კი, მზია ამაღლობელი პოლიციელების შეურაცხყოფის გამო, 173-ე მუხლით დააკავეს.

საწინააღმდეგოს აცხადებენ მოწმე სამართალდამცველები. მათი თქმით, მზია ამაღლობელი მას შემდეგ დაკაავეს, რაც პოლიციელებს აქციის მონაწილეების დაკავებაში ხელს უშლიდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ასევე დაიკითხნენ დაცვის მხარის მოწმეები. დაიკითხა ადგილზე მომუშავე რამდენიმე ჟურნალისტი, მათ შორის „ნეტგაზეთის“ თანამშრომლები. მათი განცხადებით, ამაღლობელის მხრიდან პოლიციელების მიმართ შეურაცხყოფა არ გაუგიათ.

მზია ამაღლობელი 11 იანვარს, გვიან ღამით აჭარის პოლიციის სამმართველოს შენობასთან თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით, ერთი საათით დააპატიმრეს, გათავისუფლების შემდეგ კი ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, ხელმეორედ, უკვე სისხლის სამართლის ბრალდებით დააკავეს. მზია ამაღლობელი თავს დამნაშავედ არ ცნობს. იგი პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა.