Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

,,იმედია, ტრამპი ხელს არ მოაწერს ისეთ აქტს, რომელიც პირველ რიგში, მისივე პოლიტიკას ეწინააღმდეგება”- გურამ მაჭარაშვილი

საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვის მოლოდინის პროცესში შექმნილი პაუზის მიზეზები ახსნა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საუბრისას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. როგორც მან განაცხადა, პაუზის რამდენიმე მიზეზი არსებობს და მათ შორისაა რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც ტრამპმა ხელისუფლებაში მოსვლისას წამოჭრა.

გურამ მაჭარაშვილმა Deep State-ის სიძლიერეზეც ისაუბრა, რომელსაც მისი თქმით, როგორც ჩანს შტატების ახალი ადმინისტრაცია ბოლომდე ვერ გაუმკლავდა.

„ამ პაუზას ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის ძალიან ბევრი ის საკითხი, რაც ტრამპმა დღის წესრიგში დასვა, ასევე თავად Deep State-ის სიძლიერე, რაზეც აშშ-ს პრეზიდენტიც აღნიშნავდა და სხვა. ახლა ვიღაცები იცინიან – Deep State-მა დამირეკა და ა.შ. ეს არასერიოზული განცხადებებია, რადგან ამ შემთხვევაში ტრამპსაც უნდა დასცინონ. ჩვენ ამ ძალას გლობალური ომის პარტია ვუწოდეთ, ტრამპმა კი Deep State უწოდა. რადიკალებს ტრამპის დაცინვის თავი არ აქვთ, საქილიკოდ კი დიდი გული აქვთ. როგორც ჩანს, Deep State ბოლომდე ვერ აღმოფხვრა ტრამპმა…
ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს ამ პაუზის, მაგრამ ჩვენ გვაქვს ვალდებულება (პრემიერმაც სწორედ ამიტომ მისწერა აშშ-ს პრეზიდენტს ღია წერილი და პარლამენტმაც ამიტომ მიიღო კონგრესის მიმართ დადგენილება), რომ ჩვენი პოზიცია იყოს ცნობილი არა მხოლოდ ტრამპის, არამედ, მსოფლიო საზოგადოებისათვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სიმართლე ძლიერია, მას ვერსად გაექცევი. 3 წელი, რასაც ჩვენ ვამბობდით და ვამტკიცებდით (ჯერ „ხალხის ძალა“ და შემდეგ ხელისუფლებასაც მიეცა ამის შესაძლებლობა ესაუბრა ოჯახურ ღირებულებაზე, პარტნიორულ ურთიერთობაზე, ჩაურევლობაზე, უსამართლობაზე), მოდის პრეზიდენტი ტრამპი და იმავეს ამბობს. ამ ნარატივით იგებს არჩევნებს და აგრძელებს მსოფლიო დღის წესრიგის შექმნას. ამ დროს საკანონმდებლო ორგანოში [აშშ-ს კონგრესი] იღებენ აბსოლუტურად საწინააღმდეგო შინაარსის მქონე ე.წ. „მეგობარ აქტს“, სად არის სიმართლე? ეს სიმართლე უნდა მიუვიდეს საბოლოოდ პრეზიდენტ ტრამპს და ამიტომ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის არ მოაწერს ხელს ისეთ აქტს, რომელიც პირველ რიგში, მისსავე პოლიტიკას ეწინააღმდეგება. ჩვენი პოლიტიკური ნარატივი – წერილები, განცხადებები, კომენტარები ხომ არის საჯარო? საჯაროა ასევე ე.წ. „მეგობარი აქტის“ შინაარსი და პრეზიდენტ ტრამპის განცხადებები. ჩვენი და ტრამპის განცხადებები ერთი ერთში ემთხვევა ერთმანეთს, ე.წ. „მეგობარი აქტი“ კი, აბსოლუტურად საწინააღმდეგოა. ჩვენ ის არ გვინდა სწორედ, რომ ტრამპმა ხელი მოაწეროს მისივე პოლიტიკის საწინააღმდეგო აქტს, რადგან გვინდა, რომ რაღაცნაირად მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

,,უხამსობაა პრეზიდენტ ტრამპისთვის მოთხოვნების წამოყენების თავხედობა”- ჯო უილსონი

უხამსობაა პრეზიდენტ ტრამპისთვის მოთხოვნების წამოყენების თავხედობა , – ასე ეხმაურება აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის წერილს აშშ-ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის მიმართ.

“ოქტომბერში თავისუფლების მოყვარე ქართველი ნების საწინააღმდეგოდ ქართული სახელმწიფოს უკანონოდ მიტაცების შემდეგ, კრიმინალი ივანიშვილის დაჯგუფებამ:

ყოველდღიურად ანტი-ამერიკული პროპაგანდა გაავრცელა;

პრეზიდენტ ტრამპს კორუმპირებულობა დააბრალა;

ჩინეთის კომუნისტური პარტიის სასარგებლოდ ამერიკული კომპანიები გააგდო;

ირანში ტერორისტულ რეჟიმთან კავშირები გააღრმავა;

ოპოზიცია აკრძალა;

უდანაშაულო ხალხი სცემა და დააპატიმრა.

უხამსობაა პრეზიდენტ ტრამპისთვის მოთხოვნების წამოყენების თავხედობა”, – წერს უილსონი.

,,საქართველო ევროპის, დასავლეთის ქვეყნების სანდო პარტნიორია რეგიონში, ამ ურთიერთობებს კი ორივე მხრიდან გაფრთხილება სჭირდება”- მაკა ბოჭორიშვილი

საქართველო ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროპის ნაწილი და ერთ – ერთი მთავარი დამცველი იმ ევროპული ფასეულობების, რომელზეც დგას თანამედროვე ევროპა,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ლუქსემბურგში განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველო არის ევროპის, დასავლეთის ქვეყნების სანდო პარტნიორი რეგიონში, ამ ურთიერთობებს კი ორივე მხრიდან სჭირდება გაფრთხილება.

„ევროინტეგრაცია არა მხოლოდ ქვეყნის მთავარი საგარეო პოლიტიკური მიმართულებაა, რომელიც კონსტიტუციაშია ასახული, ეს არის ჩვენი ისტორიული და ეროვნული სწრაფვა ევროპული ოჯახის წევრობისკენ. საქართველო ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროპის ნაწილი, ერთ – ერთი მთავარი დამცველი იმ ევროპული ფასეულობების, რომელზედაც დგას დღევანდელი, თანამედროვე ევროპა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სპეკულაცია და ის ცრუ ნარატივები, რომლებსაც თავად ქმნიან და შემდგომ, თავად ატრიალებენ საქართველოს წინააღმდეგ, საბოლოო ჯამში კარგად ჩანს და კიდევ უფრო უკეთ გამოჩნდება, რომ არაფრის მომცემია, არის უბრალოდ ტყუილზე აგებული. საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც არაერთხელ დაუდასტურებია მისი ერთგულება იმ პრინციპებისა და ფასეულობებისადმი, რაზეც დგას თანამედროვე ევროპა და არაერთხელ დაუდასტურებია, რომ საქართველო არის ევროპის, დასავლეთის ქვეყნების სანდო პარტნიორი რეგიონში. აქედან გამომდინარე, ამ ურთიერთობებს სჭირდება გაფრთხილება. ამ ურთიერთობებს მხოლოდ ჩვენ ვერ გავუფრთხილდებით, მეორე მხრიდანაც სჭირდება, ვნახოთ იგივე დამოკიდებულება, რა დამოკიდებულებაც ჩვენ გვაქვს ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიმართ“,- აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ხშირად, საქართველოში მიმდინარე პროცესებს ორმაგი სტანდარტებით აფასებენ.

“ სამწუხაროა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე, სუვერენიტეტზე, ამ შემთხვევაში ძალიან ხშირად ხდება სხვადასხვა აქტორების მხრიდან ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო აზრების ცირკულირება და სხვადასხვა მოვლენების ორმაგი სტანდარტებით შეფასება. პარტიების აკრძალვა უცხო არ არის არც ერთი ევროპული ქვეყნისთვის. როდესაც ჩვენ ვადევნებთ თვალს, პარტიების აკრძალვისას სხვადასხვა ქვეყნები ამბობენ, რომ ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობენ, ეს არის მათთვის გამართლება. როდესაც ჩვენ გვაქვს სამართლიანი საფუძვლები, ვისაუბროთ იმაზე, რომ საქართველოშიც უნდა იყოს აღნიშნული პრაქტიკა გამოყენებული, ვხედავთ, რომ ზოგიერთი აქტორის მხრიდან ამ საკითხის გამოყენება ხდება საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ“,- აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელის თქმით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის არის ჯანსაღი აზრი, რომელიც ხშირად იფარება ცრუ ნარატივებით და საქართველოს იმიჯის დამაზიანებელი პოზიციებით.

„ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის არც დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო შეზღუდვის საკითხზე იყო ერთსულოვნება, არც ეს საკითხი მიღებულა ევროკავშირის წევრების მხრიდან ერთხმად იმიტომ, რომ ცხადია, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის არის მოსაზრებები, ჯანსაღი აზრი, რომელიც სამწუხაროდ, ძალიან ხშირად იფარება ცრუ ნარატივებით და საქართველოს იმიჯის დამაზიანებელი პოზიციებით. სიმართლეს ყოველთვის აქვს თავისი გზა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიმართლე ყოველთვის იპოვის თავის გზას, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და ინსტიტუტებს შორის. თუმცა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ ევროკავშირის ელჩის განცხადებიდან, რომ არ იშურებენ ძალისხმევას იმისთვის, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია, ევროკავშირთან ურთიერთობები საქართველოს წინააღმდეგ იყოს გამოყენებული ინსტრუმენტად“,- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა

,,მათი რეალური ინტერესია არა უკრაინაში მშვიდობის მიღწევა, არამედ კონფლიქტის გაჯანჯლებაა”- ლევან მახაშვილი კუბილიუსის განცხადებაზე

პოლიტიკური შეფასებების საგანია თავდაცვის საკითხებში ევროკომისარი ანდრიუს კუბილიუსის განცხადება. “ქართული ოცნებისთვის” ეს არის აღიარება, რომ გარკვეული ჯგუფების ინტერესში არ შედის ომის შეჩერება.

“სამწუხაროა, როდესაც ასეთ განცხადებებს ვისმენთ, რადგან ეს პირდაპირ, საჯაროდ არის აღიარება, რომ მათი რეალური ინტერესი არის არა უკრაინაში მშვიდობის, რაც შეიძლება მალე მიღწევა, არამედ კონფლიქტის და დაძაბულობის გაჯანჯლება, რაც შეიძლება დიდი ხანი, რათა რუსეთი დაკავებული იყოს სხვა რაღაცებით და ნაკლები წნეხი შეუქმნას ევროკავშირისა და NATO-ს წევრ ქვეყნებს. ამდენი წლის განმავლობაში, სწორედ ეს იყო მიზანი ზოგიერთების რომ საქართველო მაქსიმალურად ჩაერთოთ ამ დაძაბულობის კერაში,” – განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, კუბილიუსმა რუსულ საფრთხეებსა და ომზე საუბრის დროს თქვა, რომ თუ უკრაინაში მშვიდობა დამყარდება ან ცეცხლი შეწყდება, რუსები გააგრძელებენ იარაღის წარმოებას და ახალ საფრთხეს შეუქმნიან ევროპას. მისივე თქმით, მშვიდობა უკრაინაში მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი სამომავლოდ აგრესიას შეწყვეტს.

მათი რეალური ინტერესია არა უკრაინაში მშვიდობის მიღწევა, არამედ კონფლიქტის გაჯანჯლება, რათა რუსეთმა ნაკლები წნეხი შეუქმნას ევროკავშირისა და NATO-ს ქვეყნებს – ლევან მახაშვილი კუბილიუსის განცხადებაზე

 ,,უკრაინაში მშვიდობა არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი შეწყვეტს შემდგომი აგრესიის დანერგვას”- ანდრიუს კუბილიუსი

თავდაცვის საკითხებში ევროკომისარი ანდრიუს კუბილიუსის განცხადება, პოლიტიკური შეფასებების საგანი გახდა. კუბილიუსმა რუსულ საფრთხეებსა და ომზე საუბრის დროს თქვა, რომ თუ უკრაინაში მშვიდობა დამყარდება ან ცეცხლი შეწყდება, რუსები გააგრძელებენ იარაღის წარმოებას და ახალ საფრთხეს შეუქმნიან ევროპას.

მისივე თქმით, მშვიდობა უკრაინაში მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი სამომავლოდ აგრესიას შეწყვეტს.

“თუ უკრაინაში მშვიდობა ან ცეცხლის შეწყვეტა დამყარდება, რუსები გააგრძელებენ იარაღის წარმოებას, დაგროვებას ისეთი რაოდენობით, რაც საშუალებას მისცემს, დაიწყონ ახალი აგრესია. ეს ნიშნავს, რომ გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტა ევროკავშირზე სრულმასშტაბიან თავდასხმას დააახლოებს. რა თქმა უნდა, მშვიდობა უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, და ჩვენ მას მაქსიმალურად ვუჭერთ მხარს. მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ უაღრესად რეალისტურები, რომ უკრაინაში მშვიდობა არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი შეწყვეტს შემდგომი აგრესიის დანერგვას,” – აღნიშნა კუბილიუსმა.

სირიის პრეზიდენტი ახალგაზრდა, მიმზიდველი, მებრძოლი კაცია, ძალიან ძლიერი წარსულით, მას აქვს შანსი, კარგი საქმე გააკეთოს -დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა ახალგაზრდა, მიმზიდველი კაცია, ძალიან ძლიერი წარსულით.

ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს ერ-რიადიდან დოჰაში გამგზავრებისას თვითმფრინავის ბორტზე განუცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა ალ-შარაასთან დღეს დილით გამართული შეხვედრა და აღნიშნა, რომ სირიის ლიდერი არის „ახალგაზრდა, მიმზიდველი კაცი. მაგარი კაცი. ძალიან ძლიერი წარსულით. მებრძოლი“.

დონალდ ტრამპის თქმით, ალ-შარაას აქვს რეალური შანსი სირიის ერთიანობის შესანარჩუნებლად.

„მე ველაპარაკე პრეზიდენტ ერდოღანს, რომელიც მასთან ძალიან მეგობრულადაა. ის ფიქრობს, რომ მას აქვს შანსი, კარგი საქმე შეასრულოს. ეს დანგრეული ქვეყანაა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ სირია შეუერთდება აბრაამის შეთანხმებას, რომელიც ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებას ითვალისწინებს.

„მან თქვა – „კი“. თუმცა მათ ბევრი სამუშაო აქვთ შესასრულებელი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ერ-რიადში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და სირიის პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარაას შეხვედრა დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა. შეხვედრას საუდის არაბეთის პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი ესწრებოდა, ასევე, თურქული მედიის ცნობით, მას ონლაინ ფორმატში შეუერთდა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

თეთრი სახლის განცხადების თანახმად, შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა ალ-შარაას შესთავაზა დირექტივების სერია, მათ შორის ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით აბრაამის შეთანხმებებზე ხელმოწერა, ყველა უცხოელი ტერორისტის მიერ სირიის დატოვებისკენ მოწოდება, პალესტინელი ტერორისტების დეპორტაცია, შეერთებული შტატების დახმარება ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხელახალი აღორძინების თავიდან აცილებაში და პასუხისმგებლობის აღება ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დაკავების ცენტრებზე ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში.

შეგახსენებთ, 13 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიას სანქციებს მოუხსნის. როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, მან სირიისთვის სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანსა და ასევე, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან განხილვის შემდეგ მიიღო.

აჰმედ ალ-შარაა 2003 წელს ერაყში ამერიკული სამხედრო ინტერვენციის შემდეგ ტერორისტული ორგანიზაციის, „ალ-ქაიდას“ რიგებში იბრძოდა. 2006 წელს ის დააპატიმრეს და 2011 წელს მტკიცებულებების ნაკლებობის გამო გაათავისუფლეს. ამის შემდეგ მან დააარსა „ალ-ნუსრას ფრონტი“, რომელიც სირიაში „ალ-ქაიდას“ შტოდ მიიჩნეოდა. 2016 წელს „ალ-ნუსრას ფრონტმა“ „ალ-ქაიდასთან“ კავშირის გაწყვეტის შესახებ გამოაცხადა. მალევე მის საფუძველზე შეიქმნა ორგანიზაცია „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი“, რომელმაც გასული წლის ბოლოს ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.

შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც ავტომობილით გადაადგილებისას, ავარიული ვითარება შეუქმნა სხვა ავტომობილს, რომლის მძღოლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი 2002 წელს დაბადებული ი.ს. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ს.-მ მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გადაადგილებისას, ავარიული ვითარება შეუქმნა სხვა ავტომობილს, რომლის მძღოლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა.

„მეხანძრე-მაშველებმა მყისიერი რეაგირების შედეგად, აღნიშნულ ავტომობილში მყოფი ერთ-ერთი პირის წყლიდან უვნებლად ამოყვანა შეძლეს, ავტომობილში მყოფი სხვა მგზავრების მიმართ ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიება, რომელშიც მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი და ყველა შესაბამისი სამაშველო სპეცტექნიკა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

რა ეღირება დოლარი და ევრო 15 მაისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7436 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7436 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7440 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0822 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0464 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0358 ლარი შეადგინა.

გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება “ენთები”-სგან

ბაზრის ლიდერი კომპანია „ენთები“ უკვე 10 წელზე მეტია ბიზნესებს აწვდის თანამედროვე ბუღალტრულ და საგადასახადო მომსახურებას.

„ენთები“ თიბისის მიერ ორგანიზებული ქვეყნის ყველაზე მასშტაბური ბიზნესდაჯილდოების ღონისძიების გამარჯვებულია ნომინაციაში „გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილებისთვის“. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ასობით კომპანიამ და ჟიურიმ სწორედ „ენთები“ გამოარჩია. „ენთები“ ყოველდღიურად 700-ზე მეტ კლიენტ კომპანიას უწევს ბუღალტრულ მომსახურებას და უზრუნველყოფს მათი ბუღალტერიის სრულ გამართულობას.

2025 წლიდან, „ენთები“-მ მომხმარებელს ასევე შესთავაზა ახალი სერვისი – „ბუღალტრული გატარებების“ (ე.წ. Bookkeeping). სტანდარტული ბუღალტრული სერვისისგან განსხვავებით, ეს სერვისი ბიზნესებს საშუალებას მისცემს შეინარჩუნონ საკუთარი მთავარი ბუღალტერი და მას გაუჩინონ გამოცდილი დამხმარე „ენთების“ სახით. კერძოდ, „Bookkeeping“-ის ფარგლებში „ენთები“ უზრუნველყოფს ყველა ბუღალტრული გატარების შესრულებას, ხოლო კომპანიის მთავარი ბუღალტერი მხოლოდ ინფორმაციის ანალიზსა და საგადასახადო დეკლარაციების გადაგზავნაზეა პასუხისმგებელი. შედეგად, მთავარ ბუღალტერს უმარტივდება საკუთარი საქმე და თავისუფლდება „შავი სამუშაოსგან”. აღრიცხვის წარმოება ხდება ხარისხის მონიტორინგის მექანიზმების სრული დაცვით, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს შეცდომების ალბათობა. კომპანიის მთავარი ბუღალტერი კი ელექტრონულად აკონტროლებს დავალებების შესრულებას.

კომპანიები, რომელთაც სურთ ერთხელ და სამუდამოდ მოაწესრიგონ საკუთარი ბუღალტერია და გათავისუფლდნენ საგადასახადო რისკებისგან, შეუძლიათ მიანდონ საქმე „ენთებს“, რომელიც დაკომპლექტებულია 100-ზე მეტი ბუღალტრითა და საგადასახადო ექსპერტით. „ენთები“ უზრუნველყოფს მომხმარებელი კომპანიების ინტერესების დაცვას საგადასახადო ორგანოსთან, რაც გულისხმობს საგადასახადო აუდიტის დანიშვნის შემთხვევაში, კლიენტი კომპანიის წარმომადგენლობასა და შემოწმების პროცესის წარმართვას. გარდა ამისა, „ენთების“ ბუღალტრული და საგადასახადო მომსახურება დაზღვეულია ბაზრის ლიდერი სადაზღვევო კომპანიის მიერ, რაც იმას ნიშნავს, რომ „ენთები“ პასუხს აგებს მის მიერ წარმოებული ბუღალტერიისას დაშვებული შეცდომების მიერ გამოწვეულ საგადასახადო ჯარიმებსა და საურავებზე.

ასევე აღსანიშნავია, რომ განსხვავებით სტანდარტული ბუღალტრული მომსახურებისა, „ენთები“ მომხმარებელს სთავაზობს პოზიტიურ ატმოსფეროს, რომელიც ორიენტირებულია მომხმარებლის კომფორტზე და ამავდროულად კლიენტი კომპანიების ინტერესების მაქსიმალურად დაცვაზე.

ენთების საკონტაქტო ინფორმაცია:

facebook.com/AccountAnts.ge

ტელეფონი: +995 32 212 22 12

საიტი: www.ants.ge

®

ე.წ. მეგობარი აქტი სამ ძირითად ცრუ ბრალდებას ეფუძნება, ერთი შეხედვითაც იკითხება მტრული სულისკვეთება საქართველოს, ქართველი ხალხისა და ხელისუფლების მიმართ-პარლამენტი

ე.წ. მეგობარი აქტი სამ ძირითად ცრუ ბრალდებას ეფუძნება, – ამის შესახებ ნათქვამია „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის განცხადებაში, რომელიც პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 87 ხმით არცერთის წინააღმდეგ მიიღო.

საქართველოს პარლამენტის განცხადებით თანახმად, აქტში ერთი შეხედვითაც იკითხება მტრული სულისკვეთება საქართველოს, ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების მიმართ.

„2025 წლის 5 მაისს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მიიღო ე.წ. მეგობარი აქტი, რომელიც, თავისი არსით, არის უკიდურესად მტრული აქტი საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების, მათ შორის საქართველოს პარლამენტის მიმართ.

ე.წ. მეგობარი აქტი სამ ძირითად ცრუ ბრალდებას ეფუძნება, რომელთა თანახმად: ა) საქართველოში აღინიშნება დემოკრატიის მნიშვნელოვანი უკუსვლა; ბ) საქართველოში აღინიშნება ხელისუფლების მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა; გ) საქართველო ამყარებს არასათანადო კავშირებს „რუსეთთან, ჩინეთთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან“ (როგორც მოგვიანებით დაკონკრეტდა, „სხვა ავტორიტარულ რეჟიმებში“ ირანი იგულისხმება).

ე.წ. „მეგობარი აქტი“ საგანგებო ანალიზს არ საჭიროებს, რადგან მასში ერთი შეხედვითაც იკითხება მტრული სულისკვეთება საქართველოს, ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ეს აქტი ტექნიკურადაც კი გაუმართავია და არაერთ ფაქტობრივ შეცდომასა და ლოგიკურ წინააღმდეგობას შეიცავს“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ განცხადებაში.

პოლიტიკური დევნისა და რეპრესიების ახალი ეტაპი გახსნილად გამოცხადდა, ღირს კი ადგილობრივ თვითმმართველობაზე და ამათი სიგიჟის ნორმალიზაციაზე ფიქრი? -ნიკა მელია

პოლიტიკური დევნისა და რეპრესიების ახალი ეტაპი გახსნილად გამოცხადდა, ღირს კი ადგილობრივ თვითმმართველობაზე და ამათი სიგიჟის ნორმალიზაციაზე ფიქრი? – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც მელია აღნიშნავს, ნებისყოფა და გამძლეობა ის გზაა, რომელიც ახალ არჩევნებამდე მიდის.

„ამ წამს, წულუკიანთან არმისვლის გამო, ირაკლი ოქრუაშვილი დაიჭირეს. ანუ მიზეზი არის, უნდოდათ და დაიჭირეს. პოლიტიკური დევნისა და რეპრესიების ახალი ეტაპი გახსნილად გამოცხადდა. ღირს კი ადგილობრივ თვითმმართველობაზე და ამათი სიგიჟის ნორმალიზაციაზე ფიქრი?!

პრინციპულობა, ნებისყოფა და გამძლეობა არის გზა, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე“, – წერს მელია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული გირაო პატიმრობით შეუცვალა, ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზში დააკავეს.

პარლამენტმა „მეგობარი აქტის“ შესახებ განცხადება მოამზადა

საქართველოს პარლამენტმა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ „მეგობარი აქტთან“ დაკავშირებით განცხადება მოამზადა.

განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს წარუდგინა.

განცხადების თანახმად, ე.წ. მეგობარ აქტში იკითხება მტრული სულისკვეთება საქართველოს, ქართველი ხალხისა და ქვეყნის ხელისუფლების მიმართ, ასევე შეიცავს არაერთ ფაქტობრივ შეცდომასა და ლოგიკურ წინააღმდეგობას.

ამასთან, განცხადების მიხედვით, საქართველოს პარლამენტი გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესთან ყველა საკითხზე, რომლებმაც შეიძლება, საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების გაჯანსაღება უზრუნველყოს.

„მეგობარი აქტის“ შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„2025 წლის 5 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მიიღო ე.წ. მეგობარი აქტი (MEGOBARI Act), რომელიც, თავისი არსით, საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის მიმართ უაღრესად მტრული აქტია.

ე.წ. მეგობარი აქტი ეფუძნება სამ ძირითად ცრუ ბრალდებას: ა) საქართველოში აღინიშნება დემოკრატიის მნიშვნელოვანი უკუსვლა;

ბ) საქართველოში აღინიშნება ხელისუფლების მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა;

გ) საქართველო ამყარებს არასათანადო კავშირებს „რუსეთთან, ჩინეთსა და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან“ (მოგვიანებით დაკონკრეტდა, რომ „სხვა ავტორიტარულ რეჟიმებში“ ირანი იგულისხმება).

ე.წ. მეგობარი აქტი საგანგებო ანალიზს არ საჭიროებს, რადგან მასში ერთი შეხედვითაც იკითხება მტრული სულისკვეთება საქართველოს, ქართველი ხალხისა და ქვეყნის ხელისუფლების მიმართ. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს აქტი ტექნიკურადაც კი გაუმართავია და არაერთ ფაქტობრივ შეცდომასა და ლოგიკურ წინააღმდეგობას შეიცავს.

თუმცა საქართველოს პარლამენტს მიზანშეწონილად მიაჩნია, ე. წ. მეგობარ აქტში წარმოდგენილ თითოეულ ცრუ ბრალდებას ფაქტებზე დაყრდნობით გასცეს პასუხი:

1. საქართველოში „მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლის“ შესახებ ბრალდების მცდარობას უტყუარად ადასტურებს კონკრეტული ფაქტები და ის საერთაშორისო რეიტინგები, რომელთა თანახმად, საქართველომ 2012 წლის შემდეგ ყველა მიმართულებით ფუნდამენტური პროგრესი განიცადა; კერძოდ, ქვეყანაში 2012 წლის შემდეგ:

მიღებულ იქნა კონსტიტუცია, რომელიც სრულად შეესატყვისება უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტებს და რომელმაც „დიპ სტეიტის“ მიერ მართული სააკაშვილის რეჟიმის პროავტორიტარული კონსტიტუცია ჩაანაცვლა;

ორ-ნახევარჯერ შემცირდა ციხეებში პატიმართა რაოდენობა, ხოლო ათჯერ − მათი სიკვდილიანობა. აღიკვეთა ხელისუფლების მიერ პატიმრების წამებისა და მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა, რომელიც „დიპ სტეიტის“ მიერ მართული სააკაშვილის რეჟიმის ხელწერის ერთ-ერთი უმთავრესი შტრიხი იყო, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღიარა და დაადასტურა;

აღიკვეთა ბიზნესის რეკეტის სისტემური პრაქტიკა, რომელსაც „დიპ სტეიტის“ მიერ მართული სააკაშვილის რეჟიმი ავტორიტარული მმართველობის ერთ-ერთ უმთავრეს ინსტრუმენტად იყენებდა. აღსანიშნავია, რომ ფრეიზერის ინსტიტუტის ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ინდექსში საქართველოს 25-ე ადგილი უკავია;

ჩამოყალიბდა მრავალფეროვანი მედიაგარემო უმაღლესი ხარისხის პლურალიზმით. თუ 2012 წლამდე „დიპ სტეიტის“ მიერ მართულ სააკაშვილის რეჟიმს მედიასივრცე, პრაქტიკულად, სრულად ჰქონდა მონოპოლიზებული, დღეს საქართველოს შეუძლია, მედიის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, აშშ-სა და ევროპის ქვეყნების უდიდეს უმრავლესობას მაგალითი მისცეს. საქართველოს პარლამენტი ყურადღებით უსმენს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებებს ამერიკულ მედიაში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის შესახებ და ხედავს, რომ მედიას ევროპის უმეტეს ქვეყნებშიც, პრინციპულად, „დიპ სტეიტი“ აკონტროლებს და მართავს;

ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, რომელიც მანამდე სრულად ექვემდებარებოდა „დიპ სტეიტის“ მიერ მართული სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკურ კონტროლს. ოპონენტები ვერ ასახელებენ კონკრეტულ სასამართლო საქმეებს, რომლებიც 2012 წლის შემდეგ უსამართლოდ გადაწყდა. უცხოელი თანამდებობის პირების, არასამთავრობო ორგანიზაციების (NGO) და ოპოზიციური პარტიების მიერ გაკრიტიკებული ყველა სასამართლო გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამართლიანად აღიარა. მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსში საქართველო რეგიონის ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა და ევროკავშირის წევრ არაერთ სახელმწიფოს უსწრებს. „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ კვლევის თანახმად, ხელისუფლების ჩარევისგან მართლმსაჯულების თავისუფლების ინდექსში საქართველოს ევროპაში მე-9 ადგილი უკავია. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილი საჩივრების რაოდენობა სამჯერ შემცირდა. ამის საპირისპიროდ, ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის პირობებში იყო შემთხვევა, როდესაც საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა ქართველ მოსამართლეს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით, ღიად მოსთხოვა კონკრეტულ საქმეზე ანგარიში, ხოლო შემდეგ, მისთვის მიუღებელი გადაწყვეტილების გამო ამერიკაში ვიზიტი გაუუქმა. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ამ გადაწყვეტილების სამართლიანობაც აღიარა;

საქართველოს ძლიერი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სახელმწიფო ინსტიტუტები აქვს. კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, იგი ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. მაგალითად, ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველო მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა, კორუფციის არარსებობის ინდექსში კი, მას მსოფლიოში 29-ე, ხოლო ევროპაში − მე-18 ადგილი უკავია;

საქართველოში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები იმართება. მიუხედავად იმისა, რომ 2020 და 2024 წლებში „დიპ სტეიტს“ საპარლამენტო არჩევნების დელეგიტიმაციის მასშტაბური კამპანია წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, ორივე არჩევნები იმდენად სამართლიანი იყო, რომ არსებითი დარღვევის ფაქტები და მტკიცებულებები ვერავინ წარმოადგინა. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის არჩევნები ჩატარდა მსოფლიოში მოწინავე ამერიკული კომპანიის მიერ დამონტაჟებული ელექტრონული მთვლელებით, რომელთა აუდიტიც შემდგომ ასევე მსოფლიოში მოწინავე ამერიკულმა კომპანიამ განახორციელა და შედეგების უტყუარობაც დაადასტურა. ამის საპირისპიროდ, 2008 წელს სააკაშვილის რეჟიმმა ძალაუფლება არჩევნების ტოტალური გაყალბების შედეგად შეინარჩუნა, რასაც „დიპ სტეიტმა“ „მწვანე შუქი აუნთო“;

სამოქალაქო თავისუფლების კუთხით არსებული 11-წლიანი პროგრესით საქართველოს მსოფლიოში მე-9 ადგილი უკავია. ქვეყანაში მშვიდობიანი შეკრების უფლება უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად არის უზრუნველყოფილი. 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში ხელისუფლებამ კონსტიტუციური წყობილების დამხობის 5-დღიანი, უკიდურესად ძალადობრივი მცდელობა ისე აღკვეთა, რომ შეკრებების დაშლისას მათი არცერთი მონაწილის ჯანმრთელობას გრძელვადიანი კვალი არ დაჩნევია, მოძალადეთა ქმედების შედეგად კი, ერთმა პოლიციელმა ცალ თვალში მხედველობა დაკარგა. 150 დღეზე მეტია, ადამიანთა ძალზე მცირერიცხოვანი ჯგუფი იკრიბება და ყოველდღიურად კეტავს თბილისის ცენტრალურ გამზირს, თუმცა ამ პროცესში სამართალდამცავი ორგანოები არ ერევიან. ისტორიულად, შეკრების ამგვარი თავისუფლების პრეცედენტი, სავარაუდოდ, არცერთ ქვეყანაში არ ყოფილა.

საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას „დიპ სტეიტი“ და მისი ინსტიტუტები ცდილობდნენ. აღსანიშნავია, რომ 2023-2024 წლებში ქვეყანაში დემოკრატიაზე თავდასხმის მთავარი ხაზი უკავშირდებოდა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს, რომლებიც USAID-ის, NED-ისა და სხვა, მსგავსი ფონდების დაფინანსების გამჭვირვალობასა და ლგბტ-პროპაგანდის შეზღუდვას ითვალისწინებდა. ამასთანავე, 2020 წლიდან დღემდე „დიპ სტეიტი“ ცდილობს, ხელისუფლებაში დააბრუნოს პოლიტიკური ძალა, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის უშვერი სიტყვებით ლანძღვით გამოირჩეოდა, რისი ვიდეომტკიცებულებებიც საჯარო წყაროებში მრავლად მოიპოვება.

ყველა ეს ფაქტი უტყუარად ადასტურებს არა მხოლოდ საქართველოს მიერ 2012 წლის შემდეგ განცდილ ფუნდამენტურ დემოკრატიულ პროგრესს, არამედ იმასაც, რომ დღეს ის არის დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც მტკიცედ იცავს სამართლის უზენაესობას და ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.

2. საქართველოს „ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვის“ შესახებ ბრალდების მცდარობას ასევე უტყუარად ადასტურებს კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები. 2017 წელს სწორედ მოქმედმა ხელისუფლებამ შეიტანა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილება, რომლითაც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქვეყნის ხელისუფლების ამოცანად განისაზღვრა, რასაც იმ დროს პარლამენტში წარმოდგენილმა არცერთმა ოპოზიციურმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა. საქართველო ყოველთვის გამოხატავდა სრულ მზადყოფნას ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, თუმცა ამის საპასუხოდ პარტნიორებისგან თავშეკავებულ პოზიციას იღებდა. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელოვნურ დაბრკოლებებს ხელისუფლება კი არ უქმნიდა, არამედ პარტნიორი ქვეყნები. ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე ყველა ხელშესახებ შედეგს სწორედ მოქმედი ხელისუფლების პირობებში მიაღწია. კერძოდ, 2014 წელს ხელი მოეწერა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას, ხოლო მოგვიანებით საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი დაწესდა. 2022 წლის მარტშიც მოქმედმა ხელისუფლებამ შეიტანა განაცხადი საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე, თუმცა მას და ქართველ ხალხს იმავე წლის ივნისში სრულიად დაუსაბუთებლად ეთქვათ უარი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე, რაც „დიპ სტეიტის“ წარმომადგენლებმა, კერძოდ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), დემოკრატიის ეროვნული ფონდისა (NED) და სხვა, მსგავსი ფონდების მიერ დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა რევოლუციის მოწყობის მცდელობისთვის გამოიყენეს. ევროპული ბიუროკრატიის უსამართლო მიდგომის მიუხედავად, საქართველომ თავისი ხელისუფლების წყალობით, ქართველი ხალხის თანადგომით 2023 წლის დეკემბერში მაინც მოიპოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. თუმცა უსამართლო მიდგომა 2024 წლიდან ისევ განახლდა, კერძოდ, საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნის მიუხედავად, ევროპულმა ბიუროკრატიამ საქართველოს ევროინტეგრაციას ხელოვნური დაბრკოლება შეუქმნა იმით, რომ ქვეყნის ხელისუფლებასა და ქართველ ხალხს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე უარი უთხრა. საქართველო დღესაც ცდილობს, გაუმკლავდეს ამგვარ უსამართლო მიდგომას, რომელიც მას ევროინტეგრაციის გზაზე ერთადერთ ხელოვნურ ბარიერს უქმნის. რაც შეეხება საქართველოს ნატო-ში გაწევრებას, როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასა და ნატოს უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია საშუალოვადიან პერსპექტივაშიც არარეალურად მიაჩნიათ, ასეთ პირობებში კი საქართველოს ზედმეტი აქტიურობა აზრს მოკლებულია. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ცხადია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ „ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვის“ შესახებ ბრალდება უსაფუძვლოა.

3. ასევე სიცრუეს ეფუძნება ბრალდება საქართველოს მიერ რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან არასათანადო კავშირების დამყარების შესახებ:

იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული, საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნების უდიდესი უმრავლესობისგან განსხვავებით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ აქვს. 2012 წლის შემდეგ რუსეთში არცერთი ქართველი პოლიტიკოსის ვიზიტი არ შემდგარა. საქართველოს სავაჭრო ბრუნვაში რუსეთთან ვაჭრობის წილი 12 პროცენტზე ნაკლებია. აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის საერთო შემფასებელმა მისიამ დაადგინა, რომ საქართველო არ უშვებს მისი ტერიტორიის რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლისთვის გამოყენებას, რაც ჯერ კიდევ ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის დროს სენატს მოახსენა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ჯეიმს ო’ბრაიენმა. 2022 წლის თებერვლის შემდეგ საქართველო შეუერთდა 600-ზე მეტ საერთაშორისო აქტს, რომლებიც გამოხატავდა მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გმობდა რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთის ფედერაციასთან საქართველოზე ბევრად მჭიდრო ურთიერთობები აქვს საქართველოს ყველა მეზობელ ქვეყანას, აგრეთვე მოლდოვას, რომელიც დსთ-ის წევრად რჩება და რომლის პოლიტიკოსები რუსეთში ვიზიტებსაც არ ერიდებიან. ლიეტუვა და ლატვია კი რუსეთში იმაზე რამდენჯერმე მეტ ღვინოს ყიდიან, ვიდრე საქართველო, რომელიც ღვინის მწარმოებელი ქვეყანაა. ყველა ეს ფაქტი მოწმობს სიცრუესა და ორმაგ სტანდარტს, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული;

საქართველოსა და ჩინეთს იმ დონის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები აქვთ, როგორიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის არსებობს. საქართველოს პარლამენტი ყურადღებით აკვირდება პრეზიდენტ ტრამპის ოპტიმისტურ განცხადებებს ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. ამ ფონზე სრულიად გაუგებარია აშშ-ის საყვედური საქართველოს მიმართ ჩინეთთან ურთიერთობებთან დაკავშირებით;

იგივე ითქმის საქართველოსა და ირანის ურთიერთობებზე, რომლებიც, სამწუხაროდ, იმ დონისაც კი არ არის, როგორიც ირანს რეგიონის სხვა ქვეყნებთან აქვს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ირანთან დაკავშირებით სპეკულაციების საბაბად იქცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის დასწრება ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, რომელშიც რეგიონის ყველა სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენელი მონაწილეობდა. ინაუგურაციას ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის მქონე სახელმწიფოებისა და ევროკავშირის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, სპეკულაციების სამიზნე მხოლოდ საქართველო გახდა, რაც კვლავ უსამართლობასა და ორმაგ სტანდარტზე მიანიშნებს.

ყველა ეს სიცრუე და უსამართლობა ადასტურებს, რომ ე. წ. მეგობარი აქტი საქართველოსადმი „დიპ სტეიტის“ უხეში, მტრული დამოკიდებულებით არის ნაკარნახევი. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი, იმის ნაცვლად, რომ „დიპ სტეიტისგან“ დამოუკიდებლად მოქმედებდეს და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას წინა ადმინისტრაციის მიერ დაწესებული უსამართლო სანქციების გაუქმებას სთხოვდეს, პირიქით, მისგან ახალი სანქციების დაწესებასაც კი მოითხოვს.

საბედნიეროდ, ამგვარ აბსურდულ გადაწყვეტილებებზე ქართველ ხალხს ადეკვატური რეაქცია აქვს. უკვე დიდი ხანია, ქართული საზოგადოება სრულიად არასერიოზულად აღიქვამს ევროპარლამენტს, რომელმაც 2022 წლიდან ქვეყნის წინააღმდეგ 6 მტრული რეზოლუცია დაამტკიცა. სამწუხაროდ, ასეთივე რეპუტაციულ ზიანს აყენებს საკუთარ თავს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი. დასანანია, რომ კონგრესმა, რომელსაც ამერიკელმა დამფუძნებელმა მამებმა − ჯორჯ ვაშინგტონმა, ტომას ჯეფერსონმა, ბენჯამინ ფრანკლინმა, ჯეიმზ მადისონმა და სხვებმა − ჩაუყარეს საფუძველი და რომელიც ერთ დროს დემოკრატიის ციტადელად იყო ცნობილი, 2025 წლის 5 მაისს საკუთარი იმიჯი და რეპუტაცია ქართული საზოგადოების თვალში მძიმედ შელახა.

საქართველოს პარლამენტის შეფასებით, ქვეყნისადმი უხეშ, უსამართლო დამოკიდებულებასა და ორმაგ სტანდარტს შეიძლება ერთადერთი რამ განაპირობებდეს − „დიპ სტეიტმა“ საქართველოს ვერ აპატია ის, რომ მისმა ხელისუფლებამ არ შეასრულა „დიპ სტეიტის“ წარმომადგენლის მიერ ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირებთან გამართულ შეხვედრებზე დაყენებული მოთხოვნა „მეორე ფრონტის გახსნის“ თაობაზე.

საქართველოს პარლამენტი გამოთქვამს იმედს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია „დიპ სტეიტს“ წარმატებით შეასუსტებს, რის შედეგადაც აშშ-ის კონგრესი დაიბრუნებს ძველ დიდებასა და სახელს, რომელიც მას 200-წლიანი მოღვაწეობით ჰქონდა მოპოვებული.

საქართველოს პარლამენტი გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესთან ყველა საკითხზე, რომლებმაც შეიძლება, საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების გაჯანსაღება უზრუნველყოს“, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებულ განცხადებაში.