Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

ცხრა რეგიონში 162 უკრაინული დრონი ჩამოვაგდეთ – რუსეთის თავდაცვის უწყება

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ცხრა რეგიონში 162 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ყველაზე მეტი, 57 დრონი კურსკის ოლქში მოიგერიეს.

ამასთან, 31 დრონი ბელგოროდის ოლქის თავზე ჩამოაგდეს, 27 – ლიპეცკის ოლქში, 16 – ვორონეჟის ოლქში, 11-11 უპილოტო საფრენი აპარატი ბრიანსკისა და რიაზანის ოლქებში, 6 – ორიოლში, ერთი ტამბოვში და ორი – დროებით ოკუპირებულ ყირიმში.

კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრე ხინშტეინმა განაცხადა, რომ ოლქში, ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, რამდენიმე კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა, ასევე საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა, თუმცა არავინ დაშავებულა. ვორონეჟის ოლქში, დრონი ელექტროგადამცემ ხაზს დაეცა, რის შედეგადაც სადენები გაწყდა. მისივე განცხადებით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს უნდა გაიმართოს

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი სტამბოლში დღეს უნდა გაიმართოს. თურქეთში დელეგაციის გაგზავნა გუშინვე დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ დელეგაციის ახალი, 14-კაციანი შემადგენლობა დაამტკიცა, რომელსაც თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს.

უკვე სტამბოლშია რუსეთის დელეგაცია ვლადიმირ მედინსკის ხელმძღვანელობით. შეხვედრაზე ორივე მხარემ სამშვიდობო შეთანხმების პირობები უნდა წარადგინოს. ცნობილია, რომ კიევი სრულყოფილ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას, ტყვეების გათავისუფლებას, გატაცებული ბავშვების დაბრუნებას და მტკიცე და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უმაღლეს დონეზე შეხვედრას ითხოვს.

რუსეთის მიერ მომზადებული მემორანდუმის შინაარსი ჯერ ისევ უცნობია.

2 ივნისის ამინდის პროგნოზი

2 ივნისს საქართველოს უმეტეს ქალაქში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:

გაგრა +18 – წვიმა

სოხუმი +19 – წვიმა

ზუგდიდი +19 – წვიმა

მესტია +15 – წვიმა 

ფოთი +19 – უმეტესად ღრუბლიანი

ბათუმი +19 – წვიმა 

ოზურგეთი +23 – უმეტესად ღრუბლიანი

ქუთაისი +19 – წვიმა 

ამბროლაური +18 – წვიმა 

ახალციხე +19 – წვიმა

ბორჯომი +14 – წვიმა 

ბაკურიანი +13 – წვიმა 

გორი +21 – უმეტესად ღრუბლიანი

ცხინვალი +19 – უმეტესად ღრუბლიანი

სტეფანწმინდა +15 – წვიმა

გუდაური +13 – წვიმა

თელავი +27 – მზიანი

რუსთავი +30 – უმეტესად მზიანი

თბილისი +27 – უმეტესად მზიანი

2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შესაძლოა, ირგვლივ მყოფებს თქვენი დახმარება ან არ სურთ, ან არ შეუძლიათ, ამიტომ მათი იმედი ნუ გექნებათ. ემოციურად რთული დღეა. ეცადეთ, წვრილმანებზე არ ინერვიულოთ და სამყაროს ოპტიმიზმით უყუროთ. შოპინგისთვის არახელსაყრელი დღეა, თუმცა სიყვარულში შეიძლება გაგიმართლოთ. ამ დღეს შეძლებთ მოაგვაროთ საკითხი, რომელიც ადრე გაწუხებდათ.

კურო

ურთიერთობისთვის ხელსაყრელი დღეა. შეგიძლიათ კოლეგებთან ერთად სოციალურ ღონისძიებებს დაესწროთ ან ახლობელ ადამიანებთან როგორც პირადი საკითხები, ისე საქმიანი თემები განიხილოთ – მათი რჩევები სასურველი შედეგის მიღებაში დაგეხმარებათ. შეიძლება დღის მეორე ნახევარში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მცირე პრობლემა შეგექმნათ – გახსოვდეთ, რომ ახლა დასვენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ტყუპები

იდეალური დღეა ახალი, უჩვეულო და საინტერესო საქმის დასაწყებად. შესაძლოა, თავიდან რაღაც არ გამოგივიდეთ, მაგრამ მალე ვითარებაში გაერკვევით, მიხვდებით როგორ იმოქმედოთ და წარმატებასაც მიაღწევთ. მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლე. შეიძლება მონატრებულმა ადამიანებმა თავი შეგახსენონ.

კირჩხიბი

ნაყოფიერი დღეა, განსაკუთრებით – თუ შემოქმედებით საქმიანობას ეწევით. ამ დღეს ადვილად ხვდებით, რა არის მთავარი და რა მეორეხარისხოვანი და აცნობიერებთ, რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება. ძველ ნაცნობებთან შეხვედრა და წარსულის გახსენება სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ. თუ ახალი ეტაპისთვის მზად ხართ, შეგიძლიათ ცხოვრებაში რაღაცები შეცვალოთ.

ლომი

რთული დღეა. თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, სერიოზულ პრობლემებს აიცილებთ. ურთიერთობებში სიფრთხილე გმართებთ. უმჯობესია, დაპირებების გაცემისგან თავი შეიკავოთ – მით უფრო, თუ საქმე შორეულ მომავალს ეხება. შეეგუეთ იმას, რომ მოვლენები გეგმის მიხედვით არ განვითარდება, თუმცა დღის ბოლოს შედეგი ნამდვილად გაგახარებთ.

ქალწული

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავლები და ძველი კავშირების აღდგენა. ახალი ნაცნობობა შეიძლება სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზარდოს. ბევრი ქალწულისთვის ეს ოცნების ადამიანია, რომელიც დაუვიწყარ ემოციებს მოგიტანთ. სასურველია, საღამოს მეგობრების ან ოჯახის წევრებისთვის პატარა წვეულება მოაწყოთ – ასეთი პატარა ცვლილება თქვენს ურთიერთობებზე სასიკეთოდ იმოქმედებს.

სასწორი

სიმტკიცე წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. თუ გზაზე დაბრკოლებები შეგხვდათ, ვარსკვლავების დახმარებით აუცილებლად გაუმკლავდებით. ძველი ბიზნესპარტნიორებისგან მოსალოდნელია მიმზიდველი შეთავაზებები. ძლიერი ინტუიციის დახმარებით ადამიანების განზრახვებს ადვილად ხვდებით. ეს უნარი ძველი მტრების „განიარაღებაში“ დაგეხმარებათ.

მორიელი

პრობლემებით სავსე დღეა. ეცადეთ მოთმინება გამოიჩინოთ, რადგან მოვლენები იმაზე ნელა განვითარდება, ვიდრე გსურთ. არ არის გამორიცხული ოჯახური უთანხმოებები. სასურველია, თავი შეიკავოთ შორი მოგზაურობისგან. შესაძლებელია, გეგმების შეცვლაც მოგიხდეთ. საქმეებში არეულობა შეიძლება თქვენს განწყობაზე აისახოს.

მშვილდოსანი

ამ დღეს შეიძლება გეგმების შეცვლა მოგიწიოთ, მაგრამ სირთულეები არ გაშინებთ და მიზნებზე უარს არ ამბობთ. ძველი ნაცნობები მზად არიან, რომ დაგეხმარონ. ძალიან ღიზიანდებით, როცა ირგვლივ მყოფები თქვენს საქმეებში ერევიან და ცდილობენ საკუთარი წესები გიკარნახონ. ყველაფრის მიუხედავად, კონფლიქტები ნაკლებად სავარაუდოა. კარგი დღეა საყიდლებისთვის, განსაკუთრებით ისეთი ნივთებისთვის, რომლებიც სწავლას ან განვითარებას ეხება.

თხის რქა

ეცადეთ, საკუთარი ძალების ირწმუნოთ. ახალი ნაცნობობისას ადამიანს კარგად დააკვირდით – შეცდომის დაშვების ალბათობა საკმაოდ მაღალია. მოსალოდნელია იღბლიანი დამთხვევა, რომელიც ოცნების ასრულების საშუალებას მოგცემთ. არ არის გამორიცხული, რომ საღამოს გეგმები შეგეცვალოთ.

მერწყული

თუ სიფრთხილეს და ყურადღებას გამოიჩენთ, შეიძლება სერიოზული პრობლემების თავიდან აირიდოთ. მოსალოდნელია უთანხმოება ახლობლებთან – თქვენი უხეში ან ირონიული გამონათქვამები შეიძლება კონფლიქტის მიზეზი გახდეს. გირჩევთ მთელი ყურადღება ახალ საქმეებზე გადაიტანოთ.

თევზები

სწავლის ან კვალიფიკაციის ამაღლების კურსები წარმატებით ჩაივლის. დროა, საყვარელ ადამიანებთან გულწრფელი საუბრის დრო გამონახოთ – ჰკითხეთ, რა აწუხებთ და რთულ სიტუაციაში დახმარებას დაჰპირდით. თქვენს თვალში ზოგმა საგანმა ან ადამიანმა ფასი დაკარგა და სასურველია, მათგან გათავისუფლდეთ. მოერიდეთ გულწრფელობას ადამიანთან, რომელსაც თქვენი შურს.

,,ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილს თავისი პირადი ინტერესი სახელმწიფო ინტერესზე მაღლა არასოდეს დაუყენებია”- გია ვოლსკი

როდესაც საელჩო – წინა ელჩი, ახლანდელი ელჩი, გარკვეულ ინტენსიურ მოლაპარაკებებშია ოპოზიციურ ჯგუფებთან, მით უმეტეს ასეთი ექსტრემისტული გამოვლინებების ფონზე, გვაფიქრებინებს, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ინტერესებს ჰქონდა ადგილი წინა ადმინისტრაციის დროს, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ.

მან „ქართულ ოცნებასთან“ კომუნიკაციის შესახებ აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაზე ისაუბრა, რომელშიც აღნიშნულია, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა.

„განცხადება ორაზროვნებას შეიცავს, რბილად რომ ვთქვათ, იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ს და საქართველოს შორის არსებობს რაღაც გადაუწყვეტელი პრობლემები და იმ შემთხვევაში, რომ ბიძინა ივანიშვილს დაწესებული აქვს ეს ფორმალური და არაფორმალური აბსოლუტურად უსამართლო სანქციები, ამ ვითარებაში არასერიოზული იქნებოდა ამ თემებზე რაღაც მოლაპარაკებების გამართვა.

ხალხმაც კარგად უნდა იცოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილს თავისი პირადი ინტერესი სახელმწიფო ინტერესზე მაღლა არასოდეს დაუყენებია“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, აშშ-ის საელჩოს განცხადებას თავად ბიძინა ივანიშვილიც გამოეხმაურა.

ერთად დავძლიოთ აუტიზმი – მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა და თანადგომა გამოხატა ბავშვებისთვის 1 ივნისის გალამაზებაში

დღეს, 1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღეს,   პროექტ ,,ერთად დავძლიოთ აუტიზმის“  ფარგლებში, აუტისტური სპექტრის მქონე და შშმ ბავშვთა  უფლებადამცველი ეკა სეხნიაშვილი, მხარდამჭერ ორგანიზაციებთან ერთად,  ნეირობალანსირების ცენტრს ეწვია და პატარა ბენეფიციარები საჩუქრებითა და ტკბილეულით გაახარა.

შემეცნებით-გასართობ ღონისძიებასთან ერთად პატარებმა ინტეგრირებისთვის უამრავი საჩუქარი და კომპანია ,,უნივერსამის” სათამაშოები მიიღეს. კლინიკა ,,ლიდერმედმა” კი პატარებს სპეციალური ვაუჩერები დაურიგა, კონტაქტური ზოოპარკისა და საჩუქრებისთვის. ბავშვებს 1 ივნისი გაულამაზეს და უამრავი სიხარული აჩუქეს, საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ, კომპანია ,,სანდომმა”, ,,ნავნემ” კომპანია ,,ბებემ”, ,,ბიბლუსმა” ,,ხინკლის სახლმა ივერონი” , ,,ჯინო ფერედაისმა” .

1 ივნისის ნამდვილი ფეირვერკი კი კომპანია ,,ასორტის” ულამაზესი დიდი ტორტი გახლდათ . ეკა სეხნიაშვილი-შშმ და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა უფლებადამცველი, ჟურნალისტი,  ,,ერთად დავძლიოთ აუტიზმის“-ის  პროექტის ხელმძღვანელი: ,,საოცარი შეგრძნებაა, როცა ამ  ბავშვებთან მიდიხარ და ესაუბრები. საოცრად ნიჭიერები, აღქმის უმაღლესი უნარებითა და გამოხატვის ყველაზე კეთილი ფორმებით. ნეირობალანსირების ცენტრი მართლაც რომ გამორჩეული ადგილი და ცენტრია ასეთი სპექტრის მქონე პატარების განვითარებისათვის. განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია მათი საზოგადოებრივი მხარდაჭერა და ინტეგრირება ყველა დონეებზე. მათ შორის, სახელმწიფოებრივი ჩართულობა მათი განვითარების ხელშეწყობისთვის. ასევე მნიშვნელოვანია ბიზნეს-სექტორის მხრიდან ხელშეწყობა და თანადგომა. 

სამწუხაროდ, ბიზნესის გარკვეულ ნაწილში სოციალური პასუხისმგებლობის შეგრძნება ჯერ კიდევ დაბალია, თუმცა ქართული ბიზნესის დიდი ნაწილი თანადგომას იჩენს და აუტისტური სპექტრის  მქონე ბავშვთა მხარდაჭერას გამოხატავს.  აუტიზმი დაძლევადია და  თუ ჩვენ ყველა ერთად დავდგებით, ყველაფერს შევძლებთ. დიდი მადლობა მინდა გამოვხატო მხარდამჭერი კომპანიების მისამართით, რომელთაც გამოიჩინეს დიდი გულისხმიერება და ქართულ ბაზარზე წარმოადგენენ სოციალურად პასუხისმგებლიან კომპანიებს: მათ შორის, განსაკუთრებული მადლობა საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციას, ასევე კომპანიებს: ,,სანდომი“ ,  ,,ბებე“, ,,უნივერსამი”, ,,ჯინო ფერედაისი“ , ,,ასორტი”, ,,ნავნე” , ,,კლინიკა ლიდერმედი” ,,ხინკლის სახლი ივერონი” და ა.შ. ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა და თანადგომა გამოხატა ასეთი ბავშვებისთვის 1 ივნისის გალამაზებაში. დიდი მადლობა მათ ! აუტიზმი დაძლევადია! ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ! “

,,უკრაინის დელეგაციას რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის დელეგაცია სტამბოლში რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის თავდაცვის მინისტრის, რუსტემ უმეროვის ხელმძღვანელობით გაემგზავრება, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სახელმწიფოს მეთაურმა შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბის, უშიშროებისა და დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელობასთან და ასევე ორშაბათს სტამბოლში დაგეგმილ შეხვედრამდე პოზიციები განსაზღვრა.

„პირველი, სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა. მეორე, ტყვეების გათავისუფლება. მესამე, გატაცებული ბავშვების დაბრუნება. საიმედო და მდგრადი მშვიდობის დამყარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, მზადება უმაღლესი დონის შეხვედრისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

,,რაოდენ გასაკვირია, როდესაც აშშ პირდაპირ აღიარებს საქართველოში ჩამოსვლის უსაფრთხოებას, ცალკეული ევროპული ქვეყნებიდან ხდება კონტექსტიდან ამოვარდნილი განცხადებების გაკეთება”- მათიკაშვილი

ჩვენი ქვეყანა, ამ ხელისუფლების მშვიდობის პოლიტიკიდან გამომდინარე, გახლავთ ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა ევროპაში და უსწრებს ევროკავშირის წევრ ზოგ ქვეყანასაც კი, – ასე გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, საქართველო სამოგზაუროდ უსაფრთხო ქვეყნების რიგშია.

მისი თქმით, გასაკვირია, რომ ამ ფონზე ზოგი ევროპული სახელმწიფო ცდილობს, შექმნას აღქმა, თითქოს საქართველო ტურისტებისთვის უსაფრთხო არ არის.

„რაოდენ გასაკვირია, როდესაც ამ ვითარებაში, როცა შეერთებული შტატები პირდაპირ აღიარებს საქართველოში ჩამოსვლის უსაფრთხოებას, ცალკეული ევროპული ქვეყნებიდან ხდება სრულიად კონტექსტიდან ამოვარდნილი განცხადებების გაკეთება – საფრანგეთის და პოლონეთის საელჩოებს ვგულისხმობ. შეგნებულად იქმნება იმის ტირაჟირების მცდელობა, თითქოს საქართველო არ არის უსაფრთხო ტურისტებისთვის. არადა, სინამდვილეში არის აბსოლუტურად საპირისპირო მდგომარეობა, რაც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სტატისტიკურ მონაცემებში კიდევ ერთხელ მკაფიოდ აისახა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ოპოზიციის ინტერესი მხოლოდ არეულობა და რევოლუციური სცენარებით მოქმედებაა – თენგიზ შარმანაშვილი

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოების ფონზე, ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე შეფასებებს აკეთებენ მმართველ გუნდში. 

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის თქმით, ოპოზიციის ინტერესი მხოლოდ არეულობა და რევოლუციური სცენარებით მოქმედებაა.

“აქ ორი ვარიანტი შეიძლება არსებობდეს. ერთი – ჯერ კიდევ არ მოსვლიათ საბოლოო დირექტივა მათი პატრონეებისგან, როგორ მოიქცნენ და ერთმანეთის ჭამაზე არიან გადასულები. მეორე – თვითონ “დიფსთეითმა” გადაუნაწილა როლები. ნაწილს ათამაშებს რადიკალობანას, მეორე ნაწილს ნაკლებად რადიკალებად აჩენს და ისინი მიიღებენ მონაწილეობას. ამან შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს, ეს არის მათ ერთიანი თამაშის სხვადასხვა ნაწილი. არჩევნების გზით კი არ აპირებენ ხელისუფლებაში მოსვლას, არამედ რაღაც რევოლუციური სცენარებით”, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

,,მადლიერება გვმართებს იმ დიდებული ადამიანების, ვინც გამოთქვა და განაცხადა ჭეშმარიტება, ვინც ჩვენამდე მოიტანა და გადმოგვცა”- მეუფე შიო

როდესაც ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ხორციელდება და ახლდება ერთობა ჩვენი ღმერთთან და ერთმანეთთან. ეს არის ერთობა ქრისტეში, მის სხეულში, რომელიც სიტყვისამებრ პავლე მოციქულისა, არის ეკლესია და რომლის თავიც არის თვით უფალი იესო ქრისტე, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების წმინდა მამათა კვირას და ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს ქადაგებისას განაცხადა.

მიტროპოლიტი შიოს განცხადებით, „ვმადლობთ უფალს და ვხარობთ, რომ მოგვიყვანა მის წმინდა ეკლესიაში, რათა ვეზიაროთ ამ რწმენას და ვსაზრდოობდეთ მარადიული სიცოცხლის წყაროსგან…გვმართებს განსაკუთრებული მოწიწება და მადლიერება იმ დიდებული ადამიანების მიმართ, ვინც გამოთქვა და განაცხადა ეს ჭეშმარიტება, ვინც ჩვენამდე მოიტანა და გადმოგვცა ის”.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ყოვლადსამღვდელო მეუფეო, პატიოსანნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. დღეს არის ნინოობა და დღევანდელ დღეს დაემთხვა პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამების კვირა.

ამ კვირა დღესთან დაკავშირებით წაკითხული იყო სახარებიდან მონაკვეთი, საიდანაც ვიგებთ, რომ მას შემდეგ, როცა უფალი იესო ქრისტე უკანასკნელად ესაუბრა თავის მოციქულებს საიდუმლო სერობაზე, მან ლოცვით მიმართა მამაზეციერს. ამ ლოცვაში განსაკუთრებით კარგად ჩანს მამა ღმერთის და ძე ღმერთის ერთობა. უფალი სთხოვს მას მორწმუნეთათვის და ამბობს: „იყვნენ ესენი ერთ’’, როგორც მამა ღმერთი და ძე ღმერთი ერთ არიან“(ინ. 17,21). ასევე ამბობს ასეთ სიტყვებს: „ყოველივე ჩემი შენი არს და შენი ჩემი არს“(ინ. 17,10). საოცარი სიტყვებია ეს, არცერთ ადამიანს, არცერთ რელიგიას არ უქადაგია ასეთი ერთობა ღმერთსა და ადამიანს შორის. ღმერთი გახდა ადამიანი იმისთვის, რომ ადამიანიც გახდეს მადლით ღმერთი. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი, რაც აქვს ღმერთს, მადლით ჰქონდეს ადამიანსაც.

ეს საოცარი და განსაკუთრებული ერთობა, ძვირფასო ძმებო და დებო, ხორციელდება მაშინ, როდესაც ჩვენ ერთი ბარძიმიდან ვეზიარებით. ყოველთვის, როდესაც ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ხორციელდება და ახლდება ეს ერთობა ჩვენი ღმერთთან და ერთმანეთთან. ეს არის ერთობა ქრისტეში, მის სხეულში, რომელიც სიტყვისამებრ პავლე მოციქულისა, არის ეკლესია და რომლის თავიც არის თვით უფალი იესო ქრისტე.

ამ საოცარ ლოცვაში უფალი იესო ქრისტე კიდევ განმარტავს იმას, თუ რა არის საუკუნო სიცოცხლე და ამბობს: „საუკუნო სიცოცხლე არის, რათა გიცნობდნენ შენ (ანუ მამა ღმერთს ეუბნება) და იმას, ვინც მოავლინე, იესო ქრისტეს“ (ინ. 17,3). ე. ი. საუკუნო სიცოცხლე ყოფილა არამხოლოდ ერთი ღმერთის შეცნობა და რწმენა, არამედ იესო ქრისტეს რწმენაც, თორემ ერთი ღმერთი იმათაც სწამდათ, ვინც ითხოვდა მის ჯვარცმას და სიკვდილს და ვინც ეს საშინელი ცოდვა ჩაიდინა; დღესაც არიან მრავლად ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ სწამთ ერთი ღმერთი, მაგრამ ისინი უარყოფენ მისგან კაცობრიობის გამოხსნისთვის მოვლენილ ძე ღმერთს და ათასგვარ უბედურებას ჩადიან.

ეს სახარება, ძვირფასო ძმებო და დებო, არ იყო შემთხვევით წაკითხული დღევანდელ წირვაზე, რადგან დღეს არის ხსენება პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამების, რომლებიც წინ აღუდგნენ არიოზის მწვალებლობას, რომელიც აკნინებდა იესო ქრისტეს საღვთო ღირსებას და ამბობდა, რომ ის არის ქმნილება. ამიტომ ეს წმინდა მამები წინ აღუდგნენ მას, დაგმეს ეს სწავლება და გამოთქვეს ჭეშმარიტება, რომ იესო ქრისტე არ არის ქმნილება, არც მხოლოდ წინასწარმეტყველი, არც რომელიმე ზნეობის მასწავლებელი, არამედ არის მხოლოდშობილი ძე ღვთისა, განკაცებული ღმერთი და მაცხოვარი სოფლისა; და ამ რწმენას აღიარებს წმინდა ეკლესია იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც უფალმა იესო ქრისტემ უბრძანა თავის მოციქულებს, წასულიყვნენ საქადაგებლად და მოენათლათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა; იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც პავლე მოციქულმა განაცხადა, რომ იესო ქრისტე არის ძე ღვთისა და მაცხოვარი სოფლისა და იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც წმინდა მამებმა განმარტეს ეს ჭეშმარიტება და დაამტკიცეს პირველ მსოფლიო კრებაზე.

დღეს ჩვენ ვმადლობთ უფალს და ვხარობთ, რომ მოგვიყვანა მის წმინდა ეკლესიაში, რათა ვეზიაროთ ამ რწმენას და ვსაზრდოობდეთ იმ მარადიული სიცოცხლის წყაროსგან, რომელზეც საუბრობს უფალი იესო ქრისტე თავის სამეუფეო ლოცვაში. ამიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო, გვმართებს განსაკუთრებული მოწიწება და მადლიერება იმ დიდებული ადამიანების მიმართ, ვინც გამოთქვა და განაცხადა ეს ჭეშმარიტება, ვინც ჩვენამდე მოიტანა და გადმოგვცა ის. ვიმეორებ, ესენი არიან პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამები, ეს არის წმინდა მოციქულთა სწორი, ქართველთა განმანათლებელი, ქალწული ნინო, რომელმაც ეს რწმენა ჩვენთან მოიტანა და იქადაგა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დიდებულ დღესასწაულს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დღეს, როდესაც ვიხსენიებთ და ვადიდებთ ამ დიდ მოღვაწეებს (წმინდა ნინოსთან ერთად დღეს არის ასევე ხსენება მოციქულთასწორთა, მეფე მირიანისა და დედოფალ ნანასი), ვევედროთ უფალს, რომ მათი ლოცვით შევძლოთ ამ წმინდა და საღვთო რწმენის – მართლმადიდებელი სარწმუნოების – შენახვა და ღირსი გავმხდარიყავით, ამ რწმენით სასურველი, მარადიული და ნეტარი ცხოვრების მიღწევის, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ჩვენთან არს ღმერთი!”, – განაცხადა მეუფე შიომ თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს ბირთვულ შეთანხმებაზე პირველი ოფიციალური წინადადება გაუგზავნა-ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს ბირთვული შეთანხმების თაობაზე პირველი ოფიციალური წინადადება გაუგზავნა, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.

არაღჩის თქმით, ირანი ამ წინადადებას პრინციპების, ეროვნული ინტერესებისა და ირანელი ხალხის უფლებების შესაბამისად უპასუხებს.

მოგვიანებით ინფორმაცია დაადასტურეს თეთრ სახლშიც. როგორც პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა ირანს დეტალური წინადადება გაუგზავნა. ლევიტის თქმით, ამ წინადადებაზე თანხმობა ირანის ინტერესებშია.

მიუხედავად იმისა, რომ ირანისთვის გაგზავნილი წინადადება საჯაროდ არ გამოქვეყნებულა, „ნიუ იორკ თამსს“ ანონიმური წყაროები უცხადებენ, რომ ეს უფრო ძირითადი პუნქტების სიაა, ვიდრე შეთანხმების საბოლოო პროექტი.

წყაროებზე დაყრდნობით „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, რომ წინადადება ითვალისწინებს ირანის მხრიდან ურანის გამდიდრების შეწყვეტას, ასევე რეგიონული ბირთვული ენერგიის გაერთიანების შექმნას, რომელშიც შევლენ აშშ, ირანი, საუდის არაბეთი და სხვა არაბული სახელმწიფოები.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის მთავარი მოთხოვნაა, ირანი არ ფლობდეს ბირთვულ იარაღს. ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ირანმა და აშშ-მა ომანის შუამავლობით მოლაპარაკებები აპრილის თვეში დაიწყეს.

ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება -თბილისის მერია

ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 2 ივნისიდან 5 ივნისის ჩათვლით მგზავრებს ვერ მოემსახურება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში საბაგირო გზაზე განხორციელდება გეგმიური სამუშაოები.

„კერძოდ, საბაგირო გზის მზიდი, გამწევი და კუდის ბაგირების მაგნიტურ-ინდუქციურ დეფექტოსკოპიური კვლევა, ბაგირის ჩამაგრების ქუროების შემოწმება და აკრედიტებული ორგანოს მიერ საბაგირო გზის ტექნიკურ ინსპექტირება. გარდა ამისა, მომსახურე პერსონალს საევაკუაციო სწავლება ჩაუტარდება. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის“,- აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.