Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

20 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ენერგიით სავსე ხართ და ერთ ადგილზე გაჩერება გიჭირთ. სახლში ყოფნა არაფერს მოგცემთ — უმჯობესია იმოძრაოთ და იმოქმედოთ. დაუგეგმავი მგზავრობა დადებით ემოციებს და სასიამოვნო შთაბეჭდილებებს მოგიტანთ. თუ სახლიდან გასვლას ვერ ახერხებთ, ეცადეთ რამე სასარგებლო გააკეთოთ — მაგალითად, სახლის დალაგება და დასუფთავება, რაც სტრესისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ.

კურო

ამ ისეთი შეგრძნება გაქვთ, თითქოს კალეიდოსკოპში ცხოვრობთ — თქვენ გარშემო ყველაფერი მუდმივად იცვლება და წინასწარ ვერ გაიგებ, რა მოხდება რამდენიმე წუთში. ნუ ღელავთ, ცუდი არაფერი მოხდება, პირიქით, ეს აურზაური მხიარულებას და სიამოვნებას მოგიტანთ. თავი შეიკავეთ ახლობელ ადამიანებთან მტკივნეული საკითხების განხილვისგან, რომელსაც აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება მოჰყვება.

ტყუპები

ამ დღეს შეიძლება შესანიშნავი იდეა გაგიჩნდეთ და დაუყოვნებლივ მისი განხორციელება დაიწყოთ. ნუ ეცდებით, რომ ყველას ასიამოვნოთ, თორემ იმედგაცრუებული დარჩებით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ზედმეტი პასუხისმგებლობა არ აიღოთ, თორემ ვიღაც აუცილებლად ახალი თხოვნით მოგმართავთ. ისწავლეთ უარის თქმა — თქვენც გჭირდებათ დრო დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის. მით უმეტეს, რომ მომავალ კვირას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას გეგმავთ.

კირჩხიბი

ამ დღეს შეიძლება იმედგაცრუება იგრძნოთ. მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობით, თქვენს ზურგს უკანაც მოქმედებს და მახეს გიგებთ. ასეთ სიტუაციაში ყველაზე მტკივნეული ის არის, რომ დამნაშავე არც სინანულს და არც სირცხვილს არ გრძნობს და ბოდიშის მოხდას არ აპირებს. როგორი რთულიც არ უნდა იყოს, ალბათ ამ ურთიერთობის დასრულება მოგიწევთ.

ლომი

ამ დღეს შეიძლება დიდი იმედგაცრუება იგრძნოთ — ახლობელი ადამიანი დახმარებას დაგპირდებათ, მაგრამ დანაპირებს არ შეასრულებს და ხელცარიელი დარჩებით. ეს ძალიან უსიამოვნო იქნება, თუმცა, ეცადე ემოციები მართოთ. ასეთი მშვენიერი დღე ერთი უღირსი ადამიანის გამო არ უნდა გაიფუჭოთ. მალე დარწმუნდები, რომ მისი ბოროტება მასვე დაუბრუნდება.

ქალწული

წინ სასიამოვნო და თბილი დღე გელით, რომელიც უჩვეულო შეხვედრებსა და საინტერესო ნაცნობობას გპირდებათ. შეიძლება გაჩნდეს ახალი გეგმები სამსახურთან, სწავლასთან ან შემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებით. განწყობას ამინდიც ხელს შეუწყობს და დღესასწაულის შეგრძნებას შეგმატებს. თუნდაც ვიღაცამ თქვენ მიმართ არაკეთილგანწყობა გამოხატოს, ყურადღებას ნუ მიაქცევთ — შურიანი ადამიანი არ იმსახურებს, რომ მის გამო განწყობა გაიფუჭოთ.

სასწორი

ამ დღეს შეგიძლიათ, ოჯახურ შეკრებაში მონაწილეობაზე უარი თქვათ და მარტო დარჩენა და დასვენება აირჩიოთ. ამით შინაგან სიმშვიდეს დაიბრუნებთ რაც ახლა ყველაზე მეტად გაკლიათ. სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში საქმიანი კავშირების აღდგენას შეძლებთ. შესაძლოა, ძველმა ბიზნესპარტნიორებმა რაიმე ახალი და საინტერესო წინადადება შემოგთავაზონ.

მორიელი

ამ დღეს შეიძლება შორეული ქვეყნისკენ გამგზავრება, ეგზოტიკური ადგილების მონახულება და ახალი ადამიანების გაცნობა მოგინდეთ. თუ დროც გაქვთ და სურვილიც, მაშინ მოქმედება უნდა დაიწყოთ. სულაც არ არის აუცილებელი შორს წასვლა — რამდენიმედღიანი მოგზაურობაც კი ახალ სამყაროს დაგანახვებთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც გიკარნახებთ, წარმატების მისაღწევად რა უნდა გააკეთოთ.

მშვილდოსანი

მნიშვნელოვან საკითხზე მუშაობა დაძაბულობას და სტრესს გამოიწვევს, მით უფრო, თუ არ იცით, როგორ შედეგს უნდა ელოდოთ. სახლში ყოფნა მხოლოდ მოლოდინის განცდას გაამწვავებს, ამიტომ ეცადეთ, მეგობრებს შეხვდეთ ან, უბრალოდ, სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა გეგმების შეცვლა მოგიწიოთ, ამიტომ იმპროვიზაციისთვის უნდა მოემზადოთ.

თხის რქა

ამ დღეს ფიქრებით სხვაგან ხართ და რეალობაში დაბრუნება არ გსურთ. დროა განოხვდეთ თქვენი ოცნებებიდან, რომელსაც აქვს ასრულების შანსი და არარეალურზე ფიქრი შეწყვიტოთ. იმ ადამიანთან ურთიერთობაში, რომელსაც კარგად არ იცნობთ, მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა გამოიჩინეთ. გამორიცხული არ არის, რომ მოგატყუოთ და თქვენი სიკეთე ბოროტად გამოიყენოს.

მერწყული

დღევანდელი დღე სილამაზისთვისაა— შეგიძლიათ ვარცხნილობა შეიცვალოთ, მასაჟი გაიკეთოთ, სპა-აბონემენტიც შეიძინოთ ან უბრალოდ დაისვენოთ. ოჯახში სასიამოვნო მოვლენები გელით. საყვარელი ადამიანები და ძველი მეგობრები დაგეხმარებიან, რომ ემოციურად განიტვირთოთ და სამსახურის პრობლემები დაივიწყოთ. ეცადეთ, გარშემო მყოფი ადამიანების განწყობა გაითვალისწინოთ, რათა თქვენი ერთობლივი საქმიანობა ნაყოფიერი იყოს.

თევზები

დღეს თქვენს თავდაჯერებულობას საზღვარი არ ექნება. ნუ შეგეშინდებათ სიმართლის თქმის, მაშინაც კი, თუ გეჩვენებათ, რომ ამან შეიძლება რაღაც ძველი გაანადგუროს. ამ სიმართლით მხოლოდ ის განადგურდება, რაც თქვენს წინსვლას აფერხებდა. თუ საღამოს წვეულების გამართვას გადაწყვეტთ, დიდებული საღამო გელოდებათ.

“მხოლოდ თავისუფალი არჩევნები”-რვა ოპოზიციური პარტიის ერთობლივი განცხადება

8 ოპოზიციური პარტია, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, რეგიონებში წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას იწყებს. პარტიების ერთობლივი განცხადება საზოგადოებას პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ გააცნო.

“ივანიშვილის რეჟიმი 4 ოქტომბერს საქართველოში მორიგ რუსულ სპეცოპერაციას გეგმავს. ჩვენ, 8 პროდასავლური ძალა არ გავხდებით რეჟიმის თანამზრახველი საქართველოს მოქალაქეების მოტყუებაში. ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში და არ გავწირავთ საქართველოს მოქალაქეებს ეგზისტენციალური საფრთხისთვის. ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმის მიერ შექმნილი განუკითხაობის და უსამართლობის დაკანონებაში მონაწილეობას არ მივიღებთ. ვაღიარებთ მხოლოდ თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ რეჟიმის პრინციპული და თანმიმდევრული იზოლაციით.

იმისთვის, რომ ცვლილება დადგეს და ის შედეგი მოიტანოს, რაც ისტორიულ გზაზე დაგვაბრუნებს, სასიცოცხლოდ აუცილებელია ქართული პოლიტიკის სისტემური გადატვირთვა. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ვიწყებთ წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას იმისთვის, რომ პოლიტიკური ბრძოლა თითოეულ ქალაქსა და სოფელში გაიშალოს და ხალხიდან წამოსულ იმპულსს, მათ ინტერესებსა და ენერგიას დაეფუძნოს“,- აცხადებენ პარტიები.

მზად უნდა ვიყოთ, არა მხოლოდ მივიღოთ და დავამუშაოთ ტვირთები, არამედ გადავამისამართოთ საქართველოს გავლით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე თურქეთამდე და შემდეგ ხმელთაშუა ზღვის პორტებამდე -ილჰამ ალიევი

მზად უნდა ვიყოთ, არა მხოლოდ მივიღოთ და დავამუშაოთ ტვირთები, არამედ გადავამისამართოთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გავლით თურქეთამდე და შემდეგ ხმელთაშუა ზღვის პორტებამდე, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა შუშის გლობალური მედიაფორუმზე ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხად განაცხადა.

ილჰამ ალიევმა ისაუბრა სამხრეთ კავკასიის რეგიონის ტრანზიტული როლის მნიშვნელობაზე.

„რაც შეეხება ზანგეზურის დერეფანს, ეს არტერიაა, რომელიც  დააკავშირებს მრავალ ქვეყანას, და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ სარკინიგზო თუ საავტომობილო გზით გადაზიდვების განხორციელების აუცილებლობაზე, საუბარი არ არის მხოლოდ აზერბაიჯანის ძირითადი ტერიტორიის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებაზე, საუბარია საერთაშორისო სატრანზიტო დერეფანზე. ჩვენ აქტიურად ვდებთ ინვესტიციებს სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში. ბოლო წლებში ჩადებულია მილიარდობით დოლარი, აშენებულია კასპიის ზღვაზე უმსხვილესი საერთაშორისო სავაჭრო პორტი. ახლა ჩვენ ვმუშაობთ მის გაფართოებაზე. აშენებულია რკინიგზა, რომელიც აზერბაიჯანს თურქეთთან აკავშირებს საქართველოს ტერიტორიის გავლით. იზრდება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სატრანზიტო გადაზიდვების მოცულობა იმის შედეგად, რომ არსებობს თანამედროვე ინფრასტრუქტურა. ასევე მიმდინარეობს გაციფრულების პროცესი, ხდება საბაჟო ადმინისტრირების გამარტივება, თუმცა ასევე ეს დაკავშირებულია ჩვენს რეგიონში გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან, როდესაც სხვა სატრანზიტო გზები ხდება უფრო პრობლემატური. ამიტომ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ზანგეზურის დერეფნის პოტენციალს ვაფასებთ საწყისს ეტაპზე 15 მილიონი ტონა ტვირთის მოცულობით. ჩვენ პრაქტიკულად ვასრულებთ რკინიგზის მშენებლობას სომხეთთან და ირანთან ჩვენს საზღვრამდე და ალბათ ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში, შესაძლოა, მომავალი წლის გაზაფხულზე, ამ გზის აზერბაიჯანული ნაწილი აშენებული იქნება“, – განაცხადა ალიევმა.

ალიევის თქმით, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იზრდება ტვირთების ტრანზიტი ჩინეთიდან აზერბაიჯანის გავლით. შენდება ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთი-თურქმენეთის რკინიგზა კასპიის ზღვაზე გავლით.

„ხედავთ, რამხელა ნაკადები უკვე მოდის და წამოვა ჩვენი მიმართულებით. ამიტომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, არა მხოლოდ მივიღოთ და დავამუშაოთ ტვირთები ბაქოს პორტში, არამედ ასევე გადავამისამართოთ ისინი საქართველოს გავლით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე თურქეთამდე და შემდგომ ხმელთაშუა ზღვის პორტებამდე და ზანგეზურის გავლით, რომელიც ასევე იქნება მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანი“, – განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით სომხურ მხარეს არანაირი სამუშაოები არ ჩატარებულა. ალიევი აცხადებს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგიდან იხსნება.

„ისინი თუ გააგრძელებენ მომავალშიც ამ პროცესის დაბლოკვას, აღმოჩნდებიან არა მხოლოდ სატრანსპორტო იზოლაციაში, რომელშიც დღეს იმყოფებიან, არამედ, გარკვეულწილად, პოლიტიკურ იზოლაციაშიც“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

“ნაციონალური მოძრაობა“ კი 4 ოქტომბერსაც იქნება ბრძოლის წინა ხაზზე – შევიკრიბეთ, რათა ვუთხრათ არა, რუსულ სპეცოპერაციას და ვიბრძოლოთ თავისუფალი საპარლამენტო არჩევნებისთვის”- თინა ბოკუჩავა

სამწუხაროდ, ზოგმა დემოკრატიულმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ გაუძლო ცდუნებას, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“, ისევე როგორც 13 წლის განმავლობაში, დღესაც, ხვალაც, 4 ოქტომბერსაც იქნება ბრძოლის წინა ხაზზე და აუცილებლად აწევს გამარჯვების დროშას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ თანაპარტიელ საკრებულოს წევრებთან ერთად „მზიურში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეიკრიბნენ კიდევ ერთხელ ერთად, რათა დააფიქსირონ, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ.

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, საკრებულოს 378 წევრის სახელით, ჩვენ ვთქვათ – „არა“ 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციას და ვიბრძოლოთ მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალი და სამართლიანი ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის.

სამწუხაროდ, ზოგმა ვერ გაუძლო ცდუნებას, მათ შორის, ზოგმა დემოკრატიულმა პოლიტიკურმა პარტიამ, მაგრამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ისევე როგორც 13 წლის განმავლობაში, დღესაც, ხვალაც, 4 ოქტომბერსაც იქნება ბრძოლის წინა ხაზზე და აუცილებლად აწევს გამარჯვების დროშას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ.

ჩვენ ვხედავთ, რომ პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში არის განცხადებები საერთაშორისო ასპარეზზე. მათ შორის, დღეს ევროპარლამენტმა განაცხადა, რომ ის არ აღიარებს ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას, არ ითანამშრომლებს ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან და ის ითანამშრომლებს მხოლოდ იმ ხელისუფლებასთან, რომელიც ჩვენს ქვეყანას წაიყვანს ევროპისკენ ახალი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების შედეგად.

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს ჩემთან ერთად არიან „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრები. ესენი ის ადამიანები არიან, ვისაც ძალიან კარგად ესმით ბრძოლის ფასი სოფლებში, დაბებში, ქალაქებში, საქართველოს ყველა წერტილში და ყველა რეგიონში. დიახ, ესენი არიან სწორედ ის გაუტეხელი ადამიანები, რომლებმაც საქართველოს თავისუფლება და სახელმწიფოებრიობა, ივანიშვილის მოღალატეობრივი რეჟიმის ძალისხმევის მიუხედავად, დღევანდელ დღემდე მოიტანა. ხვალ სწორედ ეს გუნდი, სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ აწევს გამარჯვების დროშას და ეს გამარჯვება გადის პრინციპულობაზე, უკომპრომისობაზე, ბრძოლაზე. სწორედ ასე – ერთიანობით, პრინციპულობით, უკომპრომისობით ჩვენ აუცილებლად ავწევთ გამარჯვების დროშას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

“რუსეთი უკრაინის მოქალაქეების საქართველოს გავლით დეპორტაციას იარაღად იყენებს” – ანდრეი სიბიგა

“რუსეთის უკრაინის მოქალაქეების საქართველოს გავლით დეპორტაციას იარაღად იყენებს. მათ [უკრაინის მოქალაქეების] პირდაპირ უკრაინის საზღვართან ტრანსპორტირებას ვთავაზობთ”,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი საბიგა წერს.

როგორც ის აღნიშნავს, რუსული მხარე უკრაინის მოქალაქეთა დეპორტაციისთვის საქართველოს საზღვარს იყენებს, რაც მათ ქვეყანაში დაბრუნებას ართულებს. საბიგას განცხადებით, ივნისის შემდეგ ათობით ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა.

“ივნისის შემდეგ რუსეთმა საგრძნობლად გაზარდა უკრაინის დეპორტირებულ მოქალაქეთა რაოდენობა, ძირითადად ყოფილი პატიმრების, საქართველოს საზღვარზე. შედეგად, ათეულობით ადამიანი, სათანადო დოკუმენტაციის გარეშე, სატრანზიტო ზონაშია გაჭედილი. უკრაინული საკონსულოები აქტიურად მუშაობენ მათთვის დოკუმენტაციის მიწოდებაზე და ქვეყანაში მოლდოვას გავლით მათ დაბრუნებაზე. ამ გზით უკვე დავაბრუნეთ 43 მოქალაქე, მათ შორის ყოფილი პოლიტპატიმარი ანდრეი კოლომიეცი. თუმცა ბევრი ადამიანი კვლავ რჩება მძიმე სასაზღვრო პირობებში.

ქართულ და მოლდავურ მხარესთან აქტიურად ვმუშაობთ, რათა ჩვენი ხალხი უკრაინაში დავაბრუნოთ. თუმცა არ არსებობს გარანტია, რომ რუსეთი დეპორტირებულთა რაოდენობას არ გაზრდის. გართულებების თავიდან ასარიდებლად, რუსეთს საჯაროდ ვთავაზობთ, რომ ამ კატეგორიის უკრაინის მოქალაქეები პირდაპირ უკრაინის საზღვართან გამოუშვან. ჩვენ მზად ვიქნებით, რომ მათ დავხვდეთ. არსებობს სასაზღვრო ნაწილები, სადაც ეს შესაძლებელია”, – წერს საბიგა და აღნიშნავს, რომ რუსეთს ეს ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური არხებითაც მიეწოდება.

 უნდა გქონდეს კარგი ურთიერთობები არა მხოლოდ შენს მეზობლებთან, არამედ შენი მეზობლების მეზობლებთანაც, ამისთვის საჭიროა აქტიური დიპლომატია და სანდო პარტნიორის კარგი იმიჯი -ილამ ალიევი

მეზობლებთან კარგი ურთიერთობების გარეშე ტრანზიტული ქვეყანა ვერ გახდები, – ამის შესახებ ილჰამ ალიევმა შუშის გლობალური მედიაფორუმზე ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანი ცდილობს აჩვენოს, რომ სანდო პარტნიორია და მის სიტყვას ისეთივე ღირებულება აქვს, რაც ხელმოწერას.

„დაკავშირებადობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია კარგი ურთიერთობები მეზობლებთან, რადგან ამის გარეშე ვერ გახდები ტრანზიტული ქვეყანა. შენ უნდა გქონდეს კარგი ურთიერთობები არა მხოლოდ შენს მეზობლებთან, არამედ შენი მეზობლების მეზობლებთანაც, ამისთვის საჭიროა აქტიური დიპლომატია და სანდო პარტნიორის კარგი იმიჯი. ის, რასაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ვცდილობთ, არის ნდობის შენება, რათა ჩვენ შევძლოთ ჩვენება, რომ ვართ სანდო პარტნიორი და ჩვენს სიტყვას იგივე ღირებულება აქვს, რაც ჩვენს ხელმოწერას“, – განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე  ისაუბრა შავ ზღვაში მწვანე ენერგეტიკული კაბელის პროექტზე, რომელსაც საქართველო, აზერბაიჯანთან, რუმინეთსა და უნგრეთთან ერთად ახორციელებს.

„თქვენ ხედავთ, რომ დაკავშირებადობა ცდება კავკასიის რეგიონს, ცენტრალურ აზიას და ევროპას და აერთიანებს მათ. შეხვედრის წერტილი, მე ვიტყოდი, არის აზერბაიჯანი, რადგან მოგწონს თუ არა, გეოგრაფიას ვერ შეცვლი. თუმცა გეოგრაფია ყოველთვის არ მოგიტანს უსაფრთხოებას, დაცულობას და პროგრესს. საჭიროა გეოგრაფიის გამოყენება კარგი მიზნებისთვის. ასე რომ, ჩვენ უკვე შეგვიძლია, წინასწარ დავინახოთ იმ შეთანხმებების გათვალისწინებით, რომლებსაც უკვე მოვაწერეთ ხელი ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, რომ აზერბაიჯანი იქნება ერთგვარი ჰაბი მწვანე ენერგიის ტრანსპორტირებისთვის, წარმოებისა და დისტრიბუციისთვის“, – აღნიშნა ალიევმა.

რაც შეეხება ტრადიციულ ენერგორესურსებს, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ დღეს აზერბაიჯანმა მიაღწია ყველაფერს, რაც დაგეგმილი ჰქონდა. მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს ევროპას აზერბაიჯანისგან მეტი გაზი სჭირდება და ბაქო ამისთვის მზად არის.

თურმე მმართველობის ფორმა უნდა შევცვალოთ და იყოს ისეთი, როგორიც სააკაშვილს ჰქონდა, „დემოკრატიის შუქურა“ ასე უხეშად არ უნდა ჩაგვექრო და უნდა გამოვასწოროთ -მამუკა მდინარაძე

შარშან გვეუბნებოდნენ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე უარი თქვენ თქვითო და პროტესტს ამით კვებავდნენ. „ირკვევა“, თურმე „ავტორიტარული მმართველობის“ ბრალი ყოფილა და სასწრაფოდ კურსი უნდა შევცვალოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ამბობენ, რომ თურმე დღევანდელი მმართველობის ფორმა უნდა შეიცვალოს და იყოს ისეთი, როგორიც მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა.

„შარშან გვეუბნებოდნენ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე უარი თქვენ თქვითო და პროტესტს ამით კვებავდნენ. „ირკვევა“, თურმე „ავტორიტარული მმართველობის“ ბრალი ყოფილა და სასწრაფოდ კურსი უნდა შევცვალოთ. ახლა ყველაფერი გასაგებია. რა არის ამისთვის საჭირო?

1. დღევანდელი მმართველობის ფორმა უნდა შევცვალოთ და ისეთი უზრუნველვყოთ, როგორც ეს სააკაშვილს ჰქონდა. „დემოკრატიის შუქურა“ ასე უხეშად არ უნდა ჩაგვექრო და უნდა გამოვასწოროთ. პრინციპში, ჩვენ გაგვიჭირდება, აგენტებმა უკეთესად იციან, ეს როგორ დაალაგონ და „სამართლიანი არჩევნებიც“ მათ მმართველობაში მოყვანას გულისხმობს;

2. უნდა შევიდეთ დსთ-ში და ეკონომიკის განვითარებაც მოლდოვისნაირი უნდა გვქონდეს;

3. უნდა ვიყოთ ისეთივე ურთიერთობაში რუსეთთან, როგოც უკრაინა – ღია ომში;

4. ოჯახურ ღირებულებებზე და მსგავს „ქართულ-ეროვნულ ახირებებზე“ უარი რომ უნდა ვთქვათ, ეს, პრინციპში, პირდაპირ მოგვწერეს რამდენიმე დღის წინ.

აი, ამ შემთხვევაში ევროპარლამენტის განცხადება იქნება აბსოლუტურად განსხვავებული, მეტიც, პოზიტიური და მხარდამჭერი. მხოლოდ ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი, როგორც ჩანს, არ ჭრის, დამატებითი ზომებია საჭირო ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც საკუთარ თავზე უარი არასდროს უთქვამს – ყველას მოუწევს ამასთან შეგუება.

პ. ს. დღეს რადიკალებს აქცია აქვთ დაანონსებული, რომელიც, ორკვირიანი მზადების მიუხედავად, ფაქტობრივად ჩავარდნილი იყო და მის „დასაბუსტად“ რაღაც იყო საჭირო. რა საოცარი დამთხვევაა ეს განცხადება“, – დაწერა მამუკა მდინარაძემ.

ვიზალიბერალიზაცია არის იარაღი „დიფ სთეითის“ ხელში, ისინი ფიქრობენ, რომ ვიზალიბერალიზაციას თუ რაიმე საფრთხე დაემუქრება ქართველი ხალხი რევოლუციას მხარს დაუჭერს -თენგიზ შარმანაშვილი

ვიზალიბერალიზაციაზე საუბრის დაწყება არ არის დაკავშირებული კონკრეტულად ამ ფაქტთან. ჩვენ, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არის იარაღი „დიფ სთეითის“ ხელში, შეიძლება, ითქვას ბოლო ტყვია, რომ არეულობა შეიტანოს საქართველოში, ძალადობრივად მოახდინონ ხელისუფლების ცვლილება, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

შარმანაშვილის თქმით, ვიზალიბერალიზაცია არის შანტაჟის იარაღი ევრობიუროკრატთა ხელში.

„ეს იმდენად ნათელია, ამის მტკიცება აღარც არის საჭირო, უბრალოდ პრემიერ-მინისტრმა ეს ყველაფერი შეახსენა ხალხს. ეს რომ ასე იყო, იქიდანაც დასტურდება, რომ ოთხი მცდელობა იყო სერიოზული რევოლუციის და დესტაბილიზაციისა საქართველოში, ეს ხომ არ არის პირველი შემთხვევა. ეს პირობები როდესაც დგება, არ იფიქროთ, რომ ეს არის დაკავშირებული რაღაცა პირობებთან, რომლის შემდეგაც საქართველოს ვიზალიბერალიზაცია იქნება ან არ ექნება. უბრალოდ, ეს არის მათთვის იარაღი. ეს არის შანტაჟის იარაღი“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ცვლილება უნდათ, რადგან ისინი იცავენ ქართულ სუვერენიტეტს და გადაწყვეტილებების მიღება ხდება თბილისში და ისინი არანაირ შანტაჟს არ ექვემდებარებიან.

„ხელისუფლების ცვლილება უნდათ იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება იცავს ქართულ სუვერენიტეტს და გადაწყვეტილებებს იღებს თბილისში, არ ექვემდებარება არანაირ შანტაჟს და, პირველ რიგში, ყურადღებას აქცევს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ეს არის ყოვლად მიუღებელი ამ წრეებისთვის. ჩვენდა სამწუხაროდ, ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველოში უნდა იყოს ხელისუფლება, თვითონ მათი ტერმინია ჩვენი რადიკალური ოპოზიციის მიმდევრებისა, რომ „ცალ ფეხზე იდგეს“ და რასაც ეტყვიან, ყოველგვარი კრიტიკის და დაფიქრების გარეშე, ცხოვრებაში გაატარონ. ეს არის იგივე შანტაჟი, მათ იციან, რომ ამას ჩვენთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს. ქართველი ხალხი თვლის, რომ საქართველოს მომავალს დიდი საფრთხე მიადგება, შეიძლება დამღუპველი ზემოქმედება მოახდინოს, თუ ამ კანონმდებლობას გვერდზე გადავდებთ და არ მივაქცევთ ყურადღებას, რა ხდება ჩვენთან, საქართველოში. ევროკავშირის ელჩი, რომელიც აქ არის პირდაპირ მოუწოდებს ქართველ ხალხს, ჩვენ მოგვისმინეთ და ის გააკეთეთ, თორემ საფრთხე გელოდებათო, მეტი ჩარევა რა გინდათ?!“ – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

თიბისისა და VELI.store-ის 1-თვიანი პარტნიორობა დაიწყო – არ გამოტოვოთ განსაკუთრებული შეთავაზებები

19 ივლისიდან 17 აგვისტოს ჩათვლით, თიბისის ერთგულ მომხმარებლებს VELI.store-ზე განსაკუთრებული შეთავაზებით შოპინგის შესაძლებლობა აქვთ.

VELI.store-ის აპლიკაციაში ან ვებგვერდზე ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, დახარჯული თანხის 10%, ყოველ შენაძენზე მაქსიმუმ 100 ლარის დაბრუნებას შეძლებთ; თუმცა, თუ თიბისი კონცეპტის მომხმარებელი ხართ და ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადაიხდით, ეს ლიმიტი 150 ლარი გახდება.

ველი და თიბისი, დამატებით, ყოველ კვირას სასიამოვნო მოულოდნელობებს გიმზადებენ – არ გამოტოვოთ ყოველკვირეული შეთავაზებები.

გახსოვდეთ, რომ ეს შეთავაზება მხოლოდ VELI.store-ის აპლიკაციაში და ვებგვერდზე განხორციელებულ გადახდებზე ვრცელდება და არ იმოქმედებს Apple Pay ან Google Pay ტრანზაქციების შემთხვევაში.

თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ ახალი თიბისი ბარათი, შეგიძლიათ მარტივად, რამდენიმე წამში გაიაქტიუროთ ციფრული ბარათი მომენტალურად მობაილბანკიდან ან თიბისის ნებისმიერ ფილიალში შეუკვეთოთ.

დაგეგმეთ საზაფხულო შოპინგი საუკეთესო შეთავაზებით VELI.store-ზე.

(R)

ხალხში უკვე გაჩნდა ტერმინი „პროევროპული ძალადობა“ და ამ ვითარების ყურება მართლაც გულსატკენია -შალვა პაპუაშვილი

პაველ ჰერჩინსკი „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელზე, პიროტექნიკის დამმიზნებელზე, პოლიციელზე წიხლებით შემდგომზე როცა ამბობს, რომ უსამართლოდაა დაკავებული, დაკავებას უსამართლოს იმიტომ უწოდებს, რომ ის ამ ძალადობას ამართლებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილის თქმით, არ არსებობს ევროკავშირის ელჩის არცერთი განცხადება, რომლითაც ჰერჩინსკიმ ქუჩის ძალადობა დაგმო.

„გუშინ ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ „უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლება“ მოითხოვა. ერთი რამე უნდა გვესმოდეს. როდესაც პაველ ჰერჩინსკი „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელზე, პიროტექნიკის დამმიზნებელზე, პოლიციელზე წიხლებით შემდგომზე ამბობს, რომ უსამართლოდაა დაკავებული, ის იმას კი არ ამბობს, რომ „მოლოტოვი“ არ უსვრია ერთს ან წიხლით პოლიციელზე არ შემდგარა მეორე. ის დაკავებას უსამართლოს იმიტომ უწოდებს, რომ ის ამ ძალადობას ამართლებს – კი, „მოლოტოვის კოქტეილი“ სასროლი იყო და იმიტომ ესროლა; კი, წიხლებით შესადგომი იყო და შედგა კიდეც; კი, პიროტექნიკაც უნდა ესროლა და ჯობდა უკეთ დაემიზნებინა – ესაა, როგორც ჩანს, მისი სათქმელი.

ამიტომაც არის, რომ ვერ ნახავთ მის ვერცერთ, ხაზს ვუსვამ, ვერცერთ განცხადებას, სადაც მან ეს ქუჩის ძალადობა დაგმო. არადა, თითქოს რა უდგას წინ იმის თქმას, რომ ადამიანის ცოცხლად დაწვის მცდელობა, ელჩის ლექსიკითვე რომ ვთქვათ, ამაზრზენია. მაგრამ არა, არცერთი გადაბრუნებული სიტყვაც კი. ამ პოსტის შემდეგაც, არა“, – წერს პაპუაშვილი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ადამიანის უფლებების უპატივცემულობა და ღირებულებების თავდაყირა დაყენება უცხოელ პოლიტიკოსთა თუ დიპლომატთა რიტორიკაში სამწუხარო ყოველდღიურობად იქცა.

„ადამიანის უფლებების უპატივცემულობითაა გამოწვეული, რომ დარღვევის საზომად იქცა თავდამსხმელი და არა მსხვერპლი. თქვი, რომ ხარ „პროევროპელი“ და მაშინ „მოლოტოვის კოქტეილიც“ და წიხლიც ლეგიტიმური ბრძოლის იარაღია. თქვი, რომ შენი მიზანი „დიადია“ და მაშინ შენი ყველა საშუალება გამართლებულია (როგორ გინდა, აქაც საბჭოთა კავშირი არ გაიხსენო). ეს არის, სინამდვილეში რასთანაც გვაქვს საქმე. ევროკავშირის სახელით თუ ძალადობ, მაშინ შენი ძალადობა პროევროპული ანუ სამართლიანია, ხოლო შენი დასჯა – უსამართლო. ეს ჯერ კიდევ მაშინ თქვეს, როდესაც ბრიუსელმა „მე ვისროლე“ კამპანია დააფინანსა და დღისით, მზისით, ევროპარლამენტარებით და დიპლომატებით, ლამის ეროვნულ გმირად გამოგვიცხადეს მოძალადე, რომელიც „მოლოტოვის კოქტეილით“ ადამიანის ცოცხლად დაწვას ცდილობდა. გინახავთ სადმე ევროკავშირის ელჩის სინანული ამაზე? არა. ამასობაში კი ხალხში უკვე გაჩნდა ტერმინი – „პროევროპული ძალადობა“ და ამ ვითარების ყურება, მართლაც გულსატკენია.

P.S. და აქვე სტანდარტული წინადადება მოსალოდნელი ვიქტიმიზაციის თავიდან ასაცილებლად. არა, ეს არ არის ელჩზე თავდასხმა, ეს არის ლეგიტიმური კრიტიკა, რომელსაც თვითრეფლექსია და პასუხი სჭირდება“, – წერს პაპუაშვილი.

ბათუმში, ერთ-ერთ რესტორანში თურქეთის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე, ასევე თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე: 2003 წელს დაბადებული ა.ე. და 1998 წელს დაბადებული მ.ჯ. დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ა.ე. – ეს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო-შეძენა-შენახვა ტარება. ხოლო მ.ჯ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვისა და საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებითაა დაკავებული.

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დგინდება, რომ ა.ე. – მ ბათუმში, მდებარე ერთ-ერთ რესტორანში მყოფ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს 1976 წელს დაბადებულ ჰ.თ. -ს თურქეთში, დანაშაულებრივ მხარეებს შორის დაწყებული შესაძლო დაპირისპირების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ დანაშაულს შეესწრო ა.ე. -ს თანხმლები მ.ჯ., თუმცა მან მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავა.

განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 236-ე, 376 -ე და 344-ე მუხლებით მიმდინარეობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შესაძლოა, კოლეგების მხრიდან საყვედური დაიმსახუროთ, თავის მართლება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება სწორი, თუ დარწმუნებული ხართ თქვენს სიმართლეში.


კურო

ჰორიზონტზე ახალი პერსპექტივები ჩნდება, რაც მთლიანად თქვენს ჩართულობასა და ძალისხმევას მოითხოვს. შეეცადეთ, ასეთ საქმეებზე სრულად იყოთ მობილიზებული.

ტყუპები

სასურველია, მეტი იმოძრაოთ, სამომავლოდ გადადეთ ის საქმეები, რომელიც ერთ ადგილზე ყოფნას მოითხოვს. მეტი ყურადღება დაუთმეთ თქვენთვის სასარგებლო და მეგობრული კავშირების გაფართოებას.

კირჩხიბი

გამოიჩინეთ მეტი ძალისხმევა და კონცენტრირდით აქტუალურ თემებზე, მაქსიმალურად ეცადეთ, ბოლომდე მიიყვანოთ საქმეები, რაზედაც პასუხისმგებლობა აიღეთ. შეძლებისდაგვარად, გათავისუფლდით ვალებისგან.

ლომი

დაგეგმეთ შეხვედრები, გააფორმეთ ხელშეკრულებები და შეეცადეთ, ყველა წვრილმანი საკითხი ახლავე მოაგვაროთ, რათა შემდგომში არ მოგიწიოთ მათზე ორმაგად დროის დახარჯვა.

ქალწული

გამორჩეული დღეა სხვადასხვა აქტივობებით. უამრავი შეხვედრა, საქმე, მგზავრობა, თუ მოულოდნელი ვიზიტი. ნუ გადადებთ სამომავლოდ მნიშვნელოვან ღონისძიებებს.

სასწორი

შესაძლოა, მიაგნოთ შემოსავლის ახალ წყაროს. გამოიყენეთ როგორც ძველი, ასევე ახალი სასარგებლო კავშირები და იყავით ჩვეულზე მეტად გაბედული.

მორიელი

რთული ამოცანების გადაჭრაში მეგობრები და ახლობლები ახლა მეტად დაგეხმარებიან. ეცადეთ, იმოქმედოთ დამაჯერებლად, რათა შეძლოთ დაწყებული ბოლომდე მიიყვანოთ.

მშვილდოსანი

თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობები შესაძლოა, საკმაოდ დაიძაბოს. ახლა კარგი იქნება, თუ არ ჩაერევით და დამკვირვებლის პოზიციას მიიღებთ.

თხის რქა

ახლა პარტნიორებთან დაპირისპირება სახიფათოა, პირიქით, ეცადეთ, გამონახოთ ისეთი გზები, რომელიც მათთან საერთო ენას გაპოვნინებთ.

მერწყული

შეავსეთ თქვენი დრო მრავალფეროვანი საქმეებით, ეცადეთ, მეტი ფერები და მოტივაცია შეიტანოთ მასში. ახლა ურთიერთობებიც სასიამოვნოდ ვითარდება.

თევზები

პირად საკითხებში. მოერიდეთ ცვლილებებსა და სიტუაციების დაჩქარებას, საჭიროების შემთხვევაში, რჩევა ჰკითხეთ მეგობრებს.