Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

ეგვიპტეში სამშვიდობო სამიტი მიმდინარეობს

ეგვიპტეში სამშვიდობო სამიტი მიმდინარეობს, – ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიის დაწყებამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამიტში მონაწილე ლიდერებს ხელი ჩამოართვა.

დონალდ ტრამპი პირადად მიესალმა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, ესპანეთის პრემიერ-მინისტრს პედრო სანჩესს, იტალიის პრემიერ-მინისტრს ჯორჯია მელონის, თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს, კანადის პრემიერ-მინისტრს მარკ კარნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ანტონიო კოშტას, გაერო-ს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს, პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს, იორდანიის მეფე აბდულასა და სხვა ლიდერებს.

სამიტის დაწყებამდე ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.

„ჩვენი ოცნებაა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვითამაშოთ, ფეხბურთელებს ეს ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული“ – ვილი სანიოლი თურქეთთან მატჩის წინ

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქეთის ნაკრებთან მოახლოებული მატჩის შესახებ საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„თურქეთთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის. ჩვენს ჯგუფში არის გამოკვეთილი ლიდერი, ესპანეთის ნაკრები, რომელიც, ალბათ, მსოფლიოში უძლიერესი გუნდია. რაც შეეხება ამ გუნდთან მატჩს, მათთან პირველი შეხვედრა ცუდად დავიწყეთ, თუმცა შემდეგ კარგად ვითამაშეთ. ველოდები, რომ მოახლოებულ თამაშში 90 წუთის მანძილზე აგრესიულად ვიმოქმედებთ და გვექნება სწორი დამოკიდებულება, რაც დადებითი შედეგის მისაღწევად აუცილებელია.

ვიცით, საიდან მოვდივართ და როგორ განვითარდა ქართული ფეხბურთი. საჭიროა, გქონდეს ამბიცია, რომ მიაღწიო დიდ შედეგს. ჩვენი ოცნებაა, მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშოთ, ფეხბურთელებს ეს კარგად აქვთ გაცნობიერებული და ეს ოცნება რომ შევინარჩუნოთ, ხვალ შესანიშნავი თამაში უნდა ვაჩვენოთ. ყველაფერი პირველად ხდება, გასულ წელს პირველად გავედით ევროპის ჩემპიონატზე, რაც ისტორიული შედეგი იყო. ფეხბურთი სწორედ ამიტომაა საინტერესო სპორტი, სიურპრიზები ხდება.

არ ვიცი, რამდენად შემიძლია ფეხბურთელებთან გამართული საუბრის დეტალებზე აქ ვილაპარაკო, ეს შიდა საკითხი და გუნდში სამუშაო გარემოს ნაწილია. რაც შეეხება მარცხენა მცველის პოზიციას, ეს ახალი პრობლემა არ არის, უბრალოდ ჯერ კიდევ ვერ ვიპოვეთ იდეალური ვარიანტი. არ ვგულისხმობ კონკრეტულ ფეხბურთელებს, არამედ უფრო იმ სისტემას, რომელიც ამ ფლანგზე უნდა მუშაობდეს.

მწვრთნელს შეუძლია გუნდის შემადგენლობის შეცვლა. მისი მთავარი დანიშნულებაა, იპოვოს სწორი ბალანსი და კომბინაცია. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის იდენტობაა, რაც მოედანზე უნდა გამოჩნდეს მთელი თამაშის განმავლობაში.

დარწმუნებული ვარ, ხვალინდელი მატჩი ესპანეთთან შეხვედრისგან განსხვავებული იქნება, რადგან მხოლოდ ჩვენი სტილითა და თვისებებით შეგვიძლია მართლაც გამორჩეული შედეგის მიღწევა.

როგორც ფეხბურთელები, ისე სამწვრთნელო შტაბი კარგად ვაცნობიერებთ, რომ თუ მოვდუნდებით, შანსი არ გვექნება. მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, მოთამაშეებთან ბევრი ვისაუბრეთ და დარწმუნებული ვარ, ისინი ბოლომდე მოტივირებულები არიან, რათა ხვალ სრულიად სხვა გუნდი დავინახოთ, ვიდრე ორი დღის წინ“, – განაცხადა სანიოლმა.

თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი ქალაქ იზმითში 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

დონალდ ტრამპმა ქნესეთში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო შეთანხმების ამოქმედების შემდეგ რუსეთზე უნდა ფოკუსირდნენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქნესეთში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო შეთანხმების ამოქმედების შემდეგ რუსეთზე ფოკუსირება სურს.

ისრაელის აპრლამენტში გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ სურს ირანთან ბირთვული შეთანხმების მიღწევა, თუმცა, მისი თქმით, თავდაპირველად რუსეთზე უნდა ფოკუსირდნენ.

„ჩვენ უნდა მოვაგვაროთ ეს. წინააღმდეგი თუ არ ხარ, სტივ უიტკოფ, მოდით, თავდაპირველად ვფოკუსირდეთ რუსეთზე. ჩვენ ამას მოვაგვარებთ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა ისრაელის საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას.

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე

თიბისი ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავს მომხმარებლების საჭიროებებზე და მათ, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, მრავალფეროვან შეთავაზებებს სთავაზობს.

მორიგი განსაკუთრებული შეთავაზება ამჯერად ონლაინ შოპინგის მოყვარულთათვის აქვს. 13 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით, Trendyol-ზე  ახალი თიბისი Mastercard ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ Mastercard ბარათით ან ერთგული Mastercard საკრედიტო ბარათით გადახდისას, მომხმარებლები შერჩეულ პროდუქტებზე მიმდინარე ფასდაკლებებთან ერთად, დამატებით 30%-იან ფასდაკლებას მიიღებენ.  

ერთ ტრანზაქციაზე ფასდაკლების მაქსიმალური ოდენობა 1,070 თურქული ლირაა, რაც მიმდინარე კურსის შესაბამისად, 70 ლარია. თუმცა, TL–GEL კურსის ცვლილების შემთხვევაში, თანხა ლარში, შესაძლოა მცირედით შეიცვალოს.

შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია, როგორც Trendyol-ის ვებგვერდზე, ისე აპლიკაციაში შოპინგისას; აქციის პერიოდში (13 ოქტომბერი-26 ოქტომბერი) იმდენჯერ, რამდენჯერაც მოგესურვებათ.

შეთავაზება არ ვრცელდება Apple Pay და Google Pay გადახდებზე. გადახდა უნდა განხორციელდეს ბარათის Trendyol-ის აპლიკაციაში ან ვებგვერდზე დამატებით, აუცილებლად ქართული IP მისამართიდან. 

შეთავაზებით სარგებლობისთვის, შეკვეთის გაფორმებისას აირჩიეთ საქართველოს ან თურქეთის რეგიონი.

შეთავაზების დამატებითი პირობების სანახავად, ეწვიეთ ბმულს.

უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით, საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლო განჩინების საფუძველზე, აჭარის რეგიონში ერთდროულად ხუთ სხვადასხვა ადგილას, სპეციალური ღონისძიება ჩაატარა. შედეგად დაკავებულია საქართველოს სამი მოქალაქე.

ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე სუს-ის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა.

„კონტრტერორისტული ცენტრის მიერ, გატარებული ოპერატიულ/სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, გამოვლინდა გარკვეული ტერორისტული აქტივობები. ტერორისტულ იდეოლოგიაზე ჩამოყალიბებული, ე.წ. „თექბირისტების“ ჯამაათის წევრებს კავშირი ჰქონდათ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ უცხო ქვეყანაში მყოფ  გავლენიან ლიდერებთან, რომელთა მითითებებით და სამომავლო ტერორისტული მიზნებისთვის,  ჯამაათის სახით ჩამოაყალიბეს რადიკალურ-ექსტრემისტულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული დაჯგუფება. ისინი გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აგრესიით სხვა რელიგიის მიმდევრების მიმართ.

საქმეში არსებული ინფორმაციით, ხსენებული დაჯგუფების წევრები გეგმავდნენ, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენიანი წევრების  საქართველოში არალეგალურად შემოყვანას და მათი ლიდერობით, გარკვეული პლაცდარმის მოწყობას, რითაც უზრუნველყოფდნენ თანამოაზრეების არალეგალურად დახვედრა/დაბინავებას, ლოჯისტიკური მომსახურების გაწევას და ტერორისტული მიზნისთვის საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტულად გამოყენებას.

დღეს დილით, გამთენიისას ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ტერორისტული სიმბოლიკის ამსახველი ნივთები, ასაფეთქებელი ნივთიერებები, დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღები, სამხედრო აღჭურვილობა, მობილური ტელეფონები და სხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა ვალუტის ფულადი თანხა და გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი სხვა მტკიცებულებები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 328-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას,  უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განაცხადა ლაშა მაღრაძემ.

საელჩოს თითოეული თანამშრომელი უერთდება მძევლების ოჯახის წევრებისა და სრულიად ისრაელის სახელმწიფოს სიხარულს -ისრაელში საქართველოს საელჩო

ისრაელში საქართველოს საელჩოს თითოეული თანამშრომელი უერთდება მძევლების ოჯახის წევრებისა და სრულიად ისრაელის სახელმწიფოს სიხარულს, – ამის შესახებ აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

„მძევლების დაბრუნება სინათლის სხივია და იმედით გვავსებს. გვინდა, მათ ვუსურვოთ, სწრაფად აღიდგინონ ძალები და წარმატებით გააგრძელონ ცხოვრება. სიხარულთან ერთად, არ ნელდება მწუხარება გარდაცვლილების გამო“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

„ჰამასის“ ტყვეობაში სულ 20 მძევალი იყო. მძევლები „ჰამასმა“ ორ ეტაპად გაათავისუფლა. პირველ ეტაპზე „ჰამასმა“ შვიდი მძევალი გაათავისუფლა და ისინი უკვე ისრაელში იმყოფებიან. გათავისუფლებულ მძევლებს წინასწარი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდებათ რეიმის საველე ჰოსპიტალში, სადაც ისინი ოჯახის წევრებს შეხვდებიან. ამასთან, დარჩენილი 13 მძევალი „ჰამასმა“ „წითელ ჯვარს“ გადასცა და უახლოეს საათებში გათავისუფლდებიან.

პატიმრების გასათავისუფლებლად ემზადება ისრაელის მხარეც, რომელმაც „ჰამასს“უნდა გადასცეს 250 პალესტინელი პატიმარი და 1 700 ღაზელი, მათ შორის 22 ბავშვია.

გამოვლინდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2025 წლის პრემია მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისათვის – კონკურსის საბოლოო შედეგები.

🔊გამოვლინდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2025 წლის პრემია მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისათვის – კონკურსის საბოლოო შედეგები.
🔹 სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2025 წლის პრემიის – მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისათვის – კონკურსის ფარგლებში შეფასდა 49  საკონკურსო განაცხადი.
🔹 დეტალური ინფორმაცია კონკურსის შედეგების შესახებ იხილეთ ფონდის ვებგვერდზე ⤵️

13 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თქვენი ზოდიაქოს ნიშანს ყველაზე უიმედო ვითარებიდანაც კი შეუძლია გამოსავლის პოვნა.
შეიძლება ახლობელ ადამიანს თქვენი დახმარება დასჭირდეს. ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი და წვრილმანებს ნუ გამოეკიდებით, რათა ჭორების და ინტრიგების სამიზნე არ გახდეთ.
ვიღაც თქვენს მოტყუებას ეცდება, ამიტომ აუცილებლად ყველაფერი გადაამოწმეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მცირე ემოციური განტვირთვა მოახდინოთ —თქვენი სირთულეების შესახებ სანდო მეგობარს ან ახლობელ ადამიანს მოუყევით.

კურო

ამ დღეს ინტუიცია ძალიან გამძაფრებულია, ამიტომ გადაწყვეტილებების მიღებისას საკუთარ შეგრძნებებს დაეყრდენით.
ელოდეთ პოზიტიურ ცვლილებებს როგორც სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაში.
ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ამ დღეს უმჯობესია, შორეული მგზავრობისგან თავი შეიკავოთ.
ბედი მზად არის, სანუკვარი სურვილი აგიხდინოთ, ოღონდ ამისთვის სიფხიზლე და აქტიურობა უნდა გამოიჩინოთ.

ტყუპები

ზოგ ტყუპს შეიძლება საქმიანი მიზნით ან ხელმძღვანელობის დავალებით გრძელ გზაზე მგზავრობა მოუწიოს, თუმცა ეს სასურველ შედეგებს არ მოიტანს.
არახელსაყრელი დროა სასიყვარულო თავგადასავლებისთვის — ამ დღეს დაწყებული რომანი იმედგაცრუებით დასრულდება.
სამსახურში მკაცრად დაიცავით დადგენილი გრაფიკი და ნუ მისცემთ გარე ფაქტორებს ყურადღების გაფანტვის საშუალებას, თორემ საქმეების ნაწილი დაუმთავრებელი დაგრჩებათ.

კირჩხიბი

რთული დღე გელით, რომელიც მოთმინებას და თავშეკავებას მოითხოვს. მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას და დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ.
ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით, მალე ბრწყინვალე შესაძლებლობა მოგეცემათ, უბრალოდ ყურადღებით უნდა იყოთ, რათა ხელსაყრელი შანსი არ გამოგეპაროთ.
სანამ რაიმე ჩანაფიქრის განხორციელებას დაიწყებთ, საკუთარ ინტუიციას მოუსმინეთ.
თუ შიგნიდან წინააღმდეგობას გრძნობთ, გეგმები უმჯობესია გადადოთ.

ლომი

დღეს წითელი პლანეტა მაღალი ენერგიულობით გამოირჩევა, რაც ზოგიერთს აგრესიისკენ უბიძგებს. ასტროლოგები გირჩევენ, სიტუაციის გამწვავებისა და დაპირისპირებისგან თავი შეიკავოთ.
ამ დღეს საშუალება გექნებათ, რომ რამე მნიშვნელოვანი ისწავლოთ ან დაუახლოვდეთ მათ, ვისი გამოცდილებაც მომავალში აუცილებლად გამოგადგებათ.
სამსახურში მზად იყავით მოულოდნელი ცვლილებებისთვის. თქვენი გამჭრიახობა და მოქნილობა რთული ვითარებიდან გამოსავლის პოვნაში დაგეხმარებათ.

ქალწული

ეს დღე გაიძულებთ, ცხოვრების მთავარ ღირებულებებსა და პრიორიტეტებზე დაფიქრდეთ.
შესაძლოა, სურვილი გაგიჩნდეთ, რომ საკუთარ ცხოვრებაში რაღაც საფუძვლიანად შეცვალოთ.
თანამოაზრეებთან ურთიერთობაში შეიძლება მცირე უთანხმოებაც კი სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდოს, ამიტომ კამათს და სხვის საქმეებში ჩარევას უნდა მოერიდოთ.
სასიყვარულო ურთიერთობაში მეტი აქტიურობა გჭირდებათ – თქვენგან უფრო გაბედულ ნაბიჯებს ელიან.
საკუთარი ძალების რწმენა, ტაქტი და პარტნიორისადმი პატივისცემა სასურველ შედეგს მოიტანს.

სასწორი

სარისკო საქმეებში ნუ ჩაერთვებით — ამ დღეს იღბალი მხოლოდ ერთეულებს გაუღიმებს.
ეცადეთ ურთიერთობებში გულწრფელობა გამოიჩინოთ და არავინ მოატყუოთ. სასიყვარულო ურთიერთობებში მოსალოდნელია გარკვეული სირთულეები, თუმცა ეს დროებითი პრობლემებია.
პროფესიულ საქმიანობაში უმჯობესია ექსპერიმენტებს მოერიდოთ და გამოცდილი მეთოდები გამოიყენოთ.

მორიელი

პლანეტების განლაგება არასტაბილურია და თაღლითობის საფრთხე არსებობს, ამიტომ საბუთებზე ხელის მოწერის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.
თანდაყოლილი გამჭრიახობა და ძლიერი ინტუიცია შეიძლება რთული გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმაროთ.
თუ საყვარელი ადამიანი თქვენკენ ნაბიჯს არ დგამს, შესაძლოა, თქვენი უარის ეშინია, ამიტომ ინიციატივის საკუთარ ხელში აღება მოგიწევთ.
სამსახურში ხელსაყრელი დროა საქმიანი შეხვედრებისთვის. გირჩევთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას კოლეგებს არ დაუპირისპირდეთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს შეგიძლიათ, ცოტა დაისვენოთ და გაერთოთ. თუ ამინდი ხელს გიწყობთ, ქალაქგარეთ წადით ან, უბრალოდ, პარკში გაისეირნეთ — შესაძლოა ბედისწერამ მნიშვნელოვან ადამიანს სწორედ ახლა შეგახვედროთ.
ის, რის გამოც ნერვიულობთ, საბედნიეროდ, არ ასრულდება. ამ დღეს ბუზის სპილოდ ქცევაზე ხართ განწყობილი, თუმცა თქვენი ინტუიცია სწორი მიმართულების პოვნაში დაგეხმარებათ.
თუ პირად ცხოვრებაში რაღაც არ გამოგდით, მიდგომა უნდა შეცვალოთ.

თხის რქა

შესაძლოა, ამ დღეს მეგობრის რჩევა ან მხარდაჭერა დაგჭირდეთ. ასტროლოგიური გავლენა მეგობრებთან შეხვედრებს და საინტერესო თავგადასავლებს გპირდებათ.
ვიღაც თქვენთვის ხაფანგის დაგებას ეცდება, ამიტომ მზად იყავით, რომ საკუთარი ინტერესები დაიცვათ. გახსოვდეთ, რომ უიმედო სიტუაციები არ არსებობს. მთავარია, რეაგირება დროულად მოახდინოთ და თქვენს პრობლემას პასუხისმგებლობით მიუდგეთ.
უარი თქვით რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებაზე, აირჩიეთ ყველაზე მნიშვნელოვანი და მთელი ყურადღება მასზე გადაიტანეთ.

მერწყული

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე გარშემომყოფების აზრიც გაითვალისწინოთ.
ამ დღეს ძლიერია უარყოფითი ასტროლოგიური გავლენები, ამიტომ ავარიებისა და სხვა სახის ინციდენტების საფრთხე არსებობს.
არ ენდოთ ადამიანებს, რომლებიც თქვენზე არიან დამოკიდებულნი.
დღეს შესაძლოა კუპიდონის ისრების სამიზნე გახდეთ. ფრთხილად, იყავით, რადგან შეიძლება მტკივნეულად მოგხვდეთ, მით უმეტეს, თუ თქვენი გეგმები ცხოვრების რადიკალურ ცვლილებებს არ ითვალისწინებს.

თევზები

ამ დღეს მთელი ყურადღება ფინანსური საკითხების მოგვარებაზე უნდა გადაიტანოთ. მოერიდეთ მგზავრობას, რომელიც სავარაუდოდ, წარუმატებელი იქნება. ჯობია ეს დღე, ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად, მშვიდ და მყუდრო გარემოში გაატაროთ.
უახლოეს ოცდაათ დღეში პირადი ცხოვრების მიმართულებით რთული გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ. თქვენზე დაკისრებული პასუხისმგებლობა არ დაგავიწყდეთ და ვალდებულებები ყურადღებით შეასრულეთ.
თქვენი ენერგია და თავდაჯერება სირთულეების გადალახვასა და მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.

,,აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომის ესკალაციის ახალი ეტაპი”- ავთანდილ წულაძე

ჩინეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ომის ახალი ეტაპი ორ ზესახელმწიფოს შორის რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების ჩაშლას ნიშნავს. ჩინეთმა დაძაბულობის ახალი რაუნდი დაიწყო ექსპორტის ლიცენზიების შემოღებით იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც თავიანთ წარმოებაში ჩინეთიდან შეძენილ იშვიათმიწა ლითონებს იყენებენ. იშვიათმიწა ლითონები ელექტრონიკის წარმოებაში გამოიყენება. ჩინეთი აკონტროლებს იშვიათმიწა ლითონების მოპოვების და გადამუშავების გლობალურ ბაზარს.  სავაჭრო ომში ასეთი ბერკეტის გამოყენება ეკონომიკური ბომბია. გლობალური ელექტრონიკის მწარმოებლები ჩინეთის მძევლები გახდებიან.

 ტრამპმა საპასუხოდ გამოაცხადა, რომ ჩინეთს 100%-იან ტარიფებს დაუწესებს და ვერ ხედავს სი ძინპინთან შეხვედრის საჭიროებას, რომელიც იყო მოსალოდნელი.

მიზეზები, რის გამოც სი ძინპინმა კონფლიქტის ესკალაცია გადაწყვიტა, ჩინეთის როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაში უნდა ვეძებოთ.

პირველ, ჩინეთში ძალაუფლებისთვის ბრძოლა მწვავდება, რასაც მოწმობს სი ძინპინის ავადმყოფობის შესახებ ჭორები. დახურულ პოლიტიკურ სისტემაში ლიდერის ავადმყოფობის შესახებ ჭორები არ შეიძლება იყოს უბრალო დამთხვევა. ისინი წარმოადგენენ ფარულ პოლიტიკურ ბრძოლას ძალაუფლებისთვის მებრძოლ ფრაქციებს შორის. სი ძინპინი გეგმავს ჩინეთის ლიდერის თანამდებობაზე მეოთხე ვადით კენჭისყრას 2027 წელს. კონტრელიტა, რომელსაც ჩინეთის ყოფილი ლიდერი ჰუ ძინტაო ხელმძღვანელობს, ცდილობს შეზღუდოს სი ძინპინის ძალაუფლება და ქვეყნის კურსი შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან უფრო პრაგმატული ურთიერთობებისკენ შეცვალოს. სი ძინპინი აპირებს თავისი პოზიციების განმტკიცებას საერთაშორისო დაძაბულობის გამწვავებით და მის გარშემო ელიტისა და მოსახლეობის მობილიზებით.

მეორე, ტრამპის წარმატებები სამხრეთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში საფრთხეს უქმნის ჩინეთის გავლენას ამ რეგიონებში და ხსნის შესაძლებლობებს ამერიკული პროექტებისთვის ჩინეთის პროექტის „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ საპირწონედ. ზანგეზურის დერეფანს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, „ტრამპის გზა“ ეწოდა. ისრაელსა და ჰამასს შორის ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება აძლიერებს აშშ-ს გავლენას ამ რეგიონში.

მესამე, სი ძინპინი ამწვავებს სავაჭრო ომს შეერთებულ შტატებთან, რათა გააძლიეროს თავისი საერთაშორისო მოკავშირეების ბანაკი. ტრამპის მცდელობებმა, პუტინი თავის მხარეს გადაიბიროს, შეშფოთება გამოიწვია პეკინში. ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დაძაბულობის გამწვავების გამო, პუტინს ფაქტობრივად ჩამოერთვა ვაშინგტონსა და პეკინს შორის მანევრირების შესაძლებლობა.

სი ძინპინმა ძალიან სარისკო თამაში წამოიწყო. ჩინეთი არანაკლებ არის დამოკიდებული დასავლეთზე, ვიდრე დასავლეთი ჩინეთზე. ტრამპმა განაცხადა, რომ შეზღუდავს ამერიკული თვითმფრინავების კომპონენტების მიწოდებას ჩინური ავიაკომპანიებისთვის და ამერიკული პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდებას ჩინეთში. ამ ბრძოლაში ორივე მხარეს აქვს კოზირები.

ჩინეთის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების მიღების პროცესი მკაცრად გასაიდუმლოებულია, მაგრამ ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სი ძინპინს სავაჭრო ომში გამარჯვების იმედი აქვს. ჩინელი ექსპერტების აზრით დონალდ ტრამპის ქაოტური საგარეო და საშინაო პოლიტიკა ასუსტებს ამერიკის პოზიციებს მსოფლიოში. ტრამპი სავაჭრო ომებს აწარმოებს არა მხოლოდ მოწინააღმდეგეებთან, არამედ აშშ-ის მოკავშირეებთანაც. ჩინეთის გადმოსახედიდან, ტრამპის ქმედებები ხშირად სპონტანურია და არ გააჩნია კარგად გააზრებული სტრატეგია. სანამ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტია, ამერიკა გაუაზრებლად მოქმედებს, არათანამიმდევრულია, ახლა არის საუკეთესო დრო, რომ მსოფლიო გათავისუფლებლეს ამერიკული ჰეგემონიისგან. ჩინეთის ეკონომიკაში მზარდი სირთულეებისა და ჩინეთის ხელმძღვანელობაში ძალაუფლებისთვის ბრძოლის გამწვავების გათვალისწინებით, სი ძინპინი აჩქარებს მოვლენებს და ამწვავებს ურთიერთობებს აშშ-სთან.

ავტ: ავთანდილ წულაძე – პოლიტილოგი

BILD: 1400 გერმანული კომპანია კვლავაც აგრძელებს საქმიანობას რუსეთში – ქვეყანაში, რომელსაც ომის წამომწყებად მიიჩნევენ

ვლადიმერ პუტინი სულ უფრო თამამად ამწვავებს დაპირისპირებას და პროვოცირებს დასავლეთთან დრონების საშუალებით. არსებობს ეჭვი: რუსეთი ჯაშუშობს და ჩვენი გახლეჩა სურს. წერს გერმანული გამოცემა „BILD“.

სტატიის თანახმად, კანცლერი ფრიდრიხ მერცი უკვე საზოგადოებას აფრთხილებს: „ჩვენ ომში არ ვართ, მაგრამ მშვიდობაშიც აღარ ვიმყოფებით“.

მიუხედავად ამისა, წერს გამოცემა, 1400 გერმანული კომპანია კვლავაც აგრძელებს საქმიანობას ქვეყანაში, რომელსაც ომის წამომწყებად მიიჩნევენ. რატომ?

გერმანიის ეკონომიკური დელეგაციის მონაცემებით რუსეთში, საუბარია „გერმანული კომპანიების შვილობილ კომპანიებსა ან უმრავლესობის მფლობელობაზე“, გასულ წელს მიღებული შემოსავალი შეადგენდა დაახლოებით 20 მილიარდ ევროს.

BILD-მა ათეულობით მსხვილ კომპანიას მიმართა კითხვით: რატომ აგრძელებთ საქმიანობას რუსეთში? პასუხი მხოლოდ რამდენიმე კომპანიამ გასცა. მათი პოზიცია ერთმანეთის მსგავსია: ომი, რასაკვირველია „კატეგორიულად“ გახლავთ დაგმობილი და სანქციებიც სრულად სრულდება, თუმცა, საქმიანობის გაგრძელებისთვის არსებობს გარკვეული მიზეზები.

მიუხედავად რუსეთის მიერ წარმოებული ომისა და დასავლეთის სანქციების რეჟიმისა, რიგი გერმანული კომპანიები კვლავ აგრძელებენ ოპერირებას რუსეთში, რაც ისინი ამართლებენ სოციალური პასუხისმგებლობით და ჰუმანიტარულ მიზნებზე დაყრდნობით.

„Hochland“, რომელიც სასურსათო სექტორში ოპერირებს, საკუთარი რუსეთში ყოფნის გამართლებას თანამშრომლებისა და გრძელვადიანი პარტნიორების წინაშე ვალდებულებით ხსნის. „Beiersdorf“, რომელიც თავის მოვლის საშუალებებს Nivea-ს და Eucerin-ს აწარმოებს, ასევე, კომპანია „Metro“, მიუთითებენ თავიანთ პასუხისმგებლობაზე ადგილობრივი თანამშრომლებისა და მომხმარებლების წინაშე, მიუხედავად იმისა, რომ მათი შემოსავალი რუსულ ბაზარზე შემცირებულია.

ჯანდაცვის სექტორში მოქმედი კომპანიები, როგორიცაა B. Braun და Merck, აცხადებენ, რომ მათი საქმიანობა მხოლოდ აუცილებელ სამედიცინო სერვისებზეა ორიენტირებული, მათ შორის, ქრონიკული პაციენტების სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი მკურნალობის უზრუნველყოფაზე.

,,ადვოკატების ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს ციხიდან სატელეფონო ზარები, პაემნები და წერილები აეკრძალათ”

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს: პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ციხიდან სატელეფონო ზარები, პაემნები და წერილები აეკრძალათ. ინფორმაციას ადვოკატები ადასტურებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „რუსთაველის გამზირის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განუცხადა, დადგენილება არ ჩაუბარებიათ წერილობითი ფორმით, ხოლო მას შემდეგ როდესაც დადგენილებას მიიღებენ, გაასაჩივრებენ.

პაატა ბურჭულაძეს უთხრეს, რომ აკრძალული აქვს მიმოწერა, პაემნები, სატელეფონო ზარი-ყველა ის უფლება, რაც აქვს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ პირს.

შეფასებას რაც შეეხება, ემსახურება ფსიქოლოგიური ტანჯვის მიყენებას ადამიანისთვის, რომელიც ემზადებოდა შვილიშვილების სანახავად. ჩვენ დადგენილება ჯერ არ მიგვიღია წერილობით ფორმით, როდესაც მივიღებთ გასაჩივრების ყველა გზას მივმართავთ მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო და პროკურატურა “ქართული ოცნების” გაგრძელებაა დიდი მოლოდინი არ გვაქვს რომ რაიმე შედეგს გამოიღებს“,- აღნიშნა თუთბერიძემ.

,,უკრაინის ტერიტორიაზე ბედნიერებას ვერავინ მოიტანს, გარდა სლავური სახელმწიფოებისა”- ალექსანდრ ლუკაშენკო

ალექსანდრ ლუკაშენკო უკრაინელ კოლეგას რუსეთთან სწრაფად მოლაპარაკებას ურჩევს. ამ თემაზე ბელარუსის პრეზიდენტმა რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ბედნიერებას უკრაინას მხოლოდ სლავური სახელმწიფოები მოუტანენ, რასაც ვოლოდიმირ ზელენსკი უნდა მიხვდეს და მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს. ლუკაშენკოს აზრით, უკრაინის პრეზიდენტმა ეს სწრაფად უნდა გააკეთოს, რადგანაც რუსეთი ფრონტზე წინ მიიწევს.

„მინდა, ჩემი რჩევა შეისმინოს და მიხვდეს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ბედნიერებას ვერავინ მოიტანს, გარდა სლავური სახელმწიფოებისა. ამიტომ, მოლაპარაკებების მაგიდას უნდა მიუჯდეს. სწრაფად უნდა იმოქმედოს, რადგან რუსეთი ფრონტზე წინ მიიწევს“, – განაცხადა ლუკაშენკომ.