Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

ქართველი მეზღვაურების კეთილდღეობა, მათი ღირსეული შრომისა და ცხოვრების პირობები ჩვენი სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია – ირაკლი კობახიძე

ჩვენს მეზღვაურებს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ საქართველოს ეკონომიკაში. რიცხვებში გამოხატული ეს წვლილი ყოველწლიურად დაახლოებით 200 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში, მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოისვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ქართველი მეზღვაურების კეთილდღეობა, მათი ღირსეული შრომისა და ცხოვრების პირობები სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია.

„დღეს ჩვენ მეზღვაურის დღეს აღვნიშნავთ. ამ დღის აღნიშვნით ჩვენ პატივს მივაგებთ მეზღვაურთა თავდაუზოგავ შრომას და მათ უნიკალურ წვლილს საერთაშორისო ნაოსნობაში, მსოფლიო ეკონომიკასა და საზოგადოების განვითარებაში. დღეს ასევე ვიხსენებთ ყველა იმ მეზღვაურს, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე საზღვაო საქმეს მიუძღვნეს. მათი ღვაწლი ჩვენი ქვეყნის საზღვაო ისტორიის საამაყო ნაწილია.

თითოეული ქართველი მეზღვაური ჩვენი ქვეყნის სიამაყეა. საქართველოს მიერ გაცემული მეზღვაურის სერტიფიკატები აღიარებულია ევროკავშირისა და მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის მიერ. ეს არის ქართველი მეზღვაურების პროფესიონალიზმის, შრომისმოყვარეობისა და სანდოობის აღიარება საერთაშორისო დონეზე.

ჩვენს მეზღვაურებს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ საქართველოს ეკონომიკაში. რიცხვებში გამოხატული ეს წვლილი ყოველწლიურად დაახლოებით 200 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ამ წუთებშიც ათასობით ქართველი მეზღვაური საქართველოს სახელს ღირსეულად ატარებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

ქართველი მეზღვაურების კეთილდღეობა, მათი ღირსეული შრომისა და ცხოვრების პირობები ჩვენი სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია. ამის დასტურია საერთაშორისო საზღვაო შრომის კონვენციასთან მიერთება, რომელიც თებერვლიდან შევიდა ძალაში და მეზღვაურთა უფლებების მთავარ გარანტიას წარმოადგენს“, – განაცხადა პრემიერმა.

თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად მეზღვაურის პროფესია დღეს კიდევ უფრო დაფასებულია. სწორი, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯებით, დარგი გაძლიერდა და განვითარდა -მიხეილ ყაველაშვილი

თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად მეზღვაურის პროფესია დღეს კიდევ უფრო დაფასებულია. სწორი, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯებით , დარგი გაძლიერდა და განვითარდა, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ბათუმში, მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

მიხეილ ყაველაშილმა ქართველ მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა და მათ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„გილოცავთ შორეულ ნაოსნობასა და ჩვენს გვერდით მყოფ მეზღვაურებს, ამ სფეროს ვეტერანებსა და მათი ტრადიციების გამგრძელებელ მომავალ თაობას! მომავალო მეზღვაურებო, გისურვებთ წარმატებებსა და წინსვლას თქვენს პროფესიულ საქმიანობაში,“-განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ ყაველაშვილმა თავის გამოსვლაში საქართველოს უნიკალურ გეორგაფიულ მდებარეობასა და მსოფლიო ნაოსნობაში ქვეყნის გამორჩეულ როლზე გაამახვილა ყურადღება.

საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის სრულად ათვისებაში საზღვაო სექტორის როლი განსაკუთრებულია. სახელმწიფო მრავალი მიმართულებით მუშაობს, რათა არსებული პოტენციალის სრულად ათვისება განხორციელდეს. მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებისა და დაპირისპირებების ფონზე, საქართველომ მოახერხა უწყვეტი მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, რაც ჩვენს ქვეყანას სანდო და საიმედო პარტნიორად აქცევს. ხელისუფლების ფრთხილი და გონივრული პოლიტიკით, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გავხდეთ ევროპისა და აზიის ყველაზე მოკლე და უსაფრთხო დამაკავშირებელი გზის ნაწილი. დავიბრუნოთ ჩვენი ისტორიული როლი, რომელიც თითოეული ქართველისთვის „აბრეშუმის გზის“ სახელით არის ცნობილი“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქართული, საზღვაო-საგანმანათლებლო სისტემის მაღალი დონე, კვალიფიციური და პროფესიონალი კადრების მომზადების შესაძლებლობას იძლევა. ამას კი ქვეყანაში საზღვაო პროფესიაზე მოთხოვნის ყოველწლიური ზრდაც მოწმობს – ამჟამად საქართველოში 19000-ზე მეტი მოქმედი მეზღვაურია.

„მეზღვაურობა მთელ მსოფლიოში საპატიო და საამაყო პროფესიაა, რომელიც ნებისყოფას, დისციპლინას და სიმტკიცეს მოითხოვს. საქართველო ყოველთვის იყო გამორჩეული ზღვაოსნების სამშობლო, რასაც ქართული ზღვაოსნობის უდიდესი ტრადიცია უდევს საფუძვლად“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ მეზღვაურის პროფესია ბევრ გამოწვევასთან და რისკებთან არის დაკავშირებული, რასაც განსაკუთრებული გამბედაობა სჭირდება. მან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მეზღვაურების ხსოვნას პატივი მიაგო.

მიმართვის დასასრულს, საქართველოს პრეზიდენტმა ქართველ მეზღვაურებს ქვეყნისა და პროფესიის ერთგულებისათვის, მაღალი პასუხისმგებლობისა და ღირსეული სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ილჰამ ალიევმა სატელეფონო საუბარი გამართეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხი განიხილეს. უკრაინისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბრის დეტალებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.

“ყველა უკრაინელის სახელით, პრეზიდენტმა სოლიდარობა გამოხატა აზერბაიჯანელ ხალხთან და მიუსამძიმრა რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში აზერბაიჯანელი მოქალაეები ბრუტალურ დაკავებებთან და ძმები საფაროვების მკვლელობასთან დაკავშირებით. ილჰამ ალიევმა უკვე დადასტურებული დეტალები გააზიარა. ისინი კიდევ ერთხელ აჩვენებენ რუსების სიძულვილს, შოვინიზმსა და ცინიზმს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უკრაინასა და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე აღინიშნება, რომ პრეზიდენტებმა განიხილეს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლა, ომის დასასრულებლად პარტნიორებთან საერთო ნაბიჯები, ენერგეტიკის სფეროში უკრაინასა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება.

ასევე აღინიშნება, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ილჰამ ალიევი უკრაინაში მიიწვია.

ცნობისთვის, 27 ივნისს რუსმა სამართალდამცავებმა ეკატერინბურგში აზერბაიჯანის მოქალაქეების სახლებში ჩხრეკები ჩაატარეს. შედეგად, აზერბაიჯანის ორი მოქალაქე (ძმები საფაროვები) გარდაიცვალა, რამდენიმემ სერიოზული ჭრილობები მიიღო, ხოლო 50-მდე ადამიანი დააკავეს.

აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობით, რუსეთის პოლიციის მიერ დაკავების დროს გარდაცვლილი ორი აზერბაიჯანელი ძმის ცხედრის ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ისინი ცემით მოკლეს.

ასევე, აზერბაიჯანელმა პროკურორებმა განაცხადეს, რომ მათ დაიწყეს სისხლის სამართლის გამოძიება ჰუსეინ და ზიადინ საფაროვების სავარაუდო მკვლელობაზე, მას შემდეგ, რაც ისინი გასულ კვირას რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში დააკავეს.

კერძოდ, აზერბაიჯანის პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება „რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ აზერბაიჯანის მოქალაქეებისა და ეთნიკური აზერბაიჯანელების წამებასა და განზრახ მკვლელობას განსაკუთრებული სისასტიკით“.

დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს ადამიანები თავისით არაფერს არ წყვეტენ – ნინო წილოსანი ოპოზიციის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე: დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს ადამიანები თავისით არაფერს არ წყვეტენ

დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს ადამიანები თავისით არაფერს არ წყვეტენ, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა ოპოზიციის იმ ნაწილზე საუბრისას, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებში აპირებენ მონაწილეობის მიღებას.

„მაგალითად გიორგი გახარიას შემთხვევაში ის სანამ პრემიერ-მინისტრობიდან გადადგებოდა, ფაქტობრივად თავისი რეიტინგის პიკში იმყოფებოდა და არაფერს არ შეეძლო, რომ ასეთი სულელური ნაბიჯის გადადგმა ეიძულებინა, თუ არა გარედან წამოსულ დავალებას. იდენტურად ლელოს ლიდერებზე.

ფაქტია, რომ ეს ადამიანები სანამ საკუთარ დანაშაულებზე რაღაც საქმე არ იქნა გახსნილი, იქამდე მათთვის ყველაფერი კარგად ხდებოდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში. ერთ შემთხვევაში გარედან მიღებული ბრძანებებით მოქმედებენ, ამავე შემთხვევაში პირადი ამბიციებით. ორივე შემთხვევაში ამ პოლიტიკოსებს არ გააჩნიათ არც ქვეყნის სიყვარული, არც საკუთარი ამომრჩევლის სიყვარული. ერთადერთი რითაც ხელმძღვანელობენ ეს არის მანკიერი ფაქტორი.

ამ შემთხვევაშიც ერთადერთი მოტივაცია არის, რომ ან გარედან მოუწოდეს და ასეთი როლი მისცეს რომ ეთამაშათ, ან პირადი ამბიცია ამოძრავებთ. „ლელოს“, გახარიას და სხვებს განსაკუთრებით ნეგატიური როლი აქვთ ამ მთლიან სცენარში. ამას ძალიან კარგად გრძნობს ხალხი და ზუსტად იმიტომ ვერ ახდენენ იმ დიდ მავნებლობებს, რომლისთვისაც ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ უდიდესი რესურსი იხარჯება.

ეს არის ძალიან კარგად ამუშავებული მანქანა, რომელიც სამწუხაროდ გლობალური პოლიტიკური გავლენების შესაბამისად ხორციელდება და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ „გლობალური ომის პარტიაზე“, აქ მხოლოდ ომზე არ არის საუბარი, ეს არის ომი, რომელიც აღწერს ქვეყნებში, მათ შორის ურთიერთობებში და ხალხში ნეგატიური პროცესების დაინიციირებას. ზუსტად ეს არის იმ გლობალური ომის პარტიის და ამ პარტიაზე მომსახურე ადამიანების შინაარსი“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 2 ივლისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7215 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7215 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7227 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2155 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1910 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0245 ლარი შეადგინა.

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

თიბისიმ ფულად გზავნილებზე სამთვიანი საზაფხულო აქცია დაიწყო. 1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შესაძლებლობა დასაჩუქრდე 500 ლარით ერთგულ ყულაბაში ან მოიგო სუპერ პრიზი- ორკაციანი საგზური იტალიაში, რომისა და ამალფის მიმართულებებით.

ერთგულ ყულაბაში 500 ლარით დასაჩუქრდება ის მომხმარებელი, რომელიც აქციის პერიოდში (1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით), ნებისმიერი ერთი დღის განმავლობაში, თიბისიში შესრულებულ გზავნილებს შორის მე-500 განაღდებს გზავნილს და მისი ოდენობა იქნება მინიმუმ 100 ლარი, დოლარი ან ევრო.  შესაბამისად, აქციის გამარჯვებულები გამოვლინდებიან ყოველდღე.

სუპერ პრიზი კი- ორკაციანი საგზური იტალიაში, გადაეცემა იმ 3 მომხმარებელს, რომელიც კამპანიის პერიოდში (1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით), რაოდენობრივად ყველაზე მეტ გზავნილს გაანაღდებს.

სუპერ პრიზის მისაღებად აუცილებელი პირობაა მომხმარებელმა კამპანიის მიმდინარეობის პერიოდში, ყოველთვიურად, ერთი გზავნილი მაინც გაანაღდოს- მინიმუმ 100 ლარი, დოლარი ან ევრო.

თუ მომხმარებლები თანაბარი რაოდენობის ტრანზაქციებს შეასრულებენ, გამარჯვებულად გამოცხადდება ის, ვისი განაღდებული გზავნილების საერთო მოცულობაც მეტი იქნება.

აქციის დეტალური პირობები იხილეთ ბმულზე.

ისარგებლე, თიბისის ინტერნეტ ან ონლაინბანკის გზავნილების სისტემებით და გახდი ერთ-ერთი გამარჯვებული.

(R)

საქართველოს არ იცავს საერთაშორისო ქოლგა, ვცხოვრობთ გამოწვევებით სავსე რეგიონში და ბუნებრივია, რომ გვჭირდება მიგრაციის შესახებ მკაცრი რეგულაციები – გურამ მაჭარაშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში განსახორციელებელ ცვლილებებს მედიასთან საუბარში გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, საქართველოს განსაკუთრებით სჭირდება მიგრაციის შესახებ გამკაცრებული კანონმდებლობა, რადგან ქვეყანას არ იცავს საერთაშორისო ქოლგა – ევროკავშირის და ნატოს სახით.

„მიუხედავად იმისა, რომ ევროპულ ქვეყნებში საკმაოდ მკაცრი რეგულაციები არსებობდა მიგრაციასთან დაკავშირებით, მაინც მოახდინეს ამ რეგულაციების გამკაცრება.

საქართველოს შემთხვევაში, როცა ქვეყანას არ იცავს არცერთი საერთაშორისო ქოლგა, არც ევროკავშირის და ნატოს სახით, ვცხოვრობთ გამოწვევებით სავსე რეგიონში ბუნებრივია, რომ გვჭირდება მიგრაციის შესახებ მკაცრი რეგულაციები. სახელმწიფო უნდა ფლობდეს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას საქმიანობს უცხოელი მოქალაქე, რომელიც იმყოფება ქვეყანაში.
ქვეყანაში უსაფრთხოების ნორმები დაცული უნდა იყოს. შეგახსენებთ, რომ დაკავებულია რადიკალური აქციების მონაწილე არაერთი უცხოეთის მოქალაქე, რომლებიც ძალადობრივ ქმედებებში იღებდნენ მონაწილეობას. არსებობს ინფორმაცია, რომ აქციებში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, არათუ მონაწილეობდნენ რადიკალურ აქციებში, არამედ ამ აქციებს აორგანიზებდნენ კიდეც.

აბსოლუტურად ლოგიკურია, სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა ფლობდნენ ინფორმაციას თუ რომელი ქვეყნის რომელი მოქალაქე რას საქმიანობს საქართველოში და აქვს თუ არა მას კანონმდებლობის საფუძველზე ქვეყანაში ყოფნის უფლება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

გარკვეული დროებითი ეფექტი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტიდან, კვლავ ლარის გამყარების ზეწოლის პარალელურად

 ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, მნიშვნელოვანია კონფლიქტის საქართველოს ეკონომიკაზე ზეგავლენის შეფასება. უპირველეს ყოვლისა, მისასალმებელია, რომ 24 ივნისს გაფორმებული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ძალაშია. შესაბამისად, კონფლიქტის გამწვავებიდან დამატებით მნიშვნელოვანი ეფექტი მოსალოდნელი არ არის. მიუხედავად ამისა, გასულ ორ კვირას, რასაკვირველია, გავლენა საქართველოზეც ჰქონდა, რის რეალურ დროში შეფასებასაც მოცემულ პუბლიკაციაში წარმოვადგენთ.  

 ყოველდღიურ მონაცემებზე დაკვირვებით – მათ შორის, ე.წ. უახლესი ინდიკატორების, Google-ის საძიებო სისტემის და საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ინტერვენციების შეფასების ჩათვლით – ვლინდება, რომ ტურიზმიდან შემოსავლები ივნისის მეორე ნახევარში შემცირდა, თუმცა შეზღუდული ხანგრძლივობითა და მასშტაბით, რადგან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდგომ აღდგენის ნიშნები უკვე სახეზეა. ამავდროულად, საქართველოში საწვავზე ფასებმა ბოლო დღეებში გარკვეულწილად მოიმატა. კონფლიქტის გამწვავების საწყის დღეებში თიბისი კაპიტალმა საქართველოს ეკონომიკაზე პოტენციური გავლენის შეფასება გამოაქვეყნა, სადაც გადაცემის ორი ძირითადი არხი იყო განხილული: უცხოური ვალუტის შემოდინებები და ნავთობის ფასი.

 ე.წ. უახლეს ინდიკატორებზე – კერძოდ, არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯებზე – დაყრდნობით, 12 ივნისის შემდეგ ტურისტულ ხარჯებში შენელება სახეზეა. თუმცა, კლება მასშტაბური არ ჩანს და, 23 ივნისის შემდგომ, მცირედი ზრდაც შეინიშნება. ამავდროულად, 12 ივნისამდე არარეზიდენტების დანახარჯები საკმაოდ ძლიერად იზრდებოდა, ამიტომ, მიუხედავად შენელებისა, ივნისში ხარჯები ჯამურად, როგორც ჩანს, მაინც მაისზე მაღალი იქნება. გარდა ამისა, ისრაელიდან Google-ის საძიებო სისტემაში საქართველოს შესახებ ძებნათა სიხშირე, კონფლიქტის პერიოდში ვარდნის შემდეგ, ბოლო დღეებში თვალსაჩინოდ გაზრდილია, რაც ტურიზმის კუთხით კვლავ მაღალ ინტერესზე მიუთითებს. ისრაელი (ბოლო ოთხ კვარტალში მთლიანი შემოდინებების 5.3%) და ახლო აღმოსავლეთის ფართო რეგიონი (8.9%) საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვანი წყაროა, განსაკუთრებით ტურისტული შემოსავლის მხრივ. ის, რომ ტურიზმიდან შემოსავლების დანაკლისი განსაკუთრებით დიდი არ ყოფილა, ასევე იკვეთება სებ-ის მიერ განხორციელებული ინტერვენციებიდან, რომლებიც, თიბისი კაპიტალის შეფასებით, ივნისში, მათ შორის თვის მეორე ნახევარში, კვლავ მასშტაბური იყო, ეს კი ძლიერი დანაკლისის პარალელურად რთულად სავარაუდო იქნებოდა. მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია მიგრაციის ეფექტიც. ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ბარათებით არარეზიდენტების ხარჯებში ისრაელის მოქალაქეთა წილი ბოლო პერიოდში მზარდია.

 რაც შეეხება ნავთობის ფასებს, კონფლიქტის გამწვავებისას ნავთობი მსოფლიო ბაზარზე მნიშვნელოვნად გაძვირდა, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის შემდგომ კვლავ მყისიერად გაიაფდა. ზოგადად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ნავთობპროდუქტების წმინდა იმპორტიორია და, შესაბამისად, ნავთობის ფასის ზრდა გამოწვევას წარმოადგენს, ასეთ დროს ქვეყანა ნავთობის მწარმოებლებისგან შედარებით მაღალ სავალუტო შემოდინებებსაც იღებს. ჩვენი შეფასებით, აღნიშნული ფაქტორები ერთმანეთს დიდწილად აბალანსებს. თუმცა, გამოვყოფთ, რომ ბოლო ორ თვეში ბენზინსა და დიზელზე ფასების კლებამ წლიური ინფლაციის შემცირებაში 0.5 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა. ამდენად, ნავთობპროდუქტების მსოფლიო ფასის ზრდა ინფლაციის კუთხით უარყოფითი ფაქტორია. მართლაც, ბოლო დღეებში ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასები მცირედით გაიზარდა. მსოფლიო ბაზარზე ფასის ნორმალიზაციის პარალელურად, მოსალოდნელია, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, საწვავზე ფასი კვლავ უნდა შემცირდეს.

 თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის უცხოური ვალუტის შემოდინებებსა და ნავთობის ფასთან დაკავშირებული არგუმენტები კარგად ნაცნობია, მაგრამ არის მნიშვნელოვანი სიახლეც: აშშ დოლარის სტატუსის ცვლილება. როგორც წესი, მომატებული რისკის პერიოდებში, აშშ დოლარი მყარდება, რადგან ინვესტორები აქტივების უსაფრთხო ვალუტაში გადატანას არჩევენ. თუმცა, ამჯერად აშშ დოლარი მხოლოდ კონფლიქტის გამწვავების პირველ საათებში გამყარდა მცირედით, შემდგომ კი კვლავ გაუფასურდა. რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? თუკი ლარი/ევრო/დოლარის ბიზნეს სტრატეგიის ფარგლებში დოლარის გაუფასურება ადრინდელთან შედარებით დოლარში უფრო ნაკლები სესხის აღებას ნიშნავს, უსაფრთხო აქტივის სტატუსის დასუსტება საპირისპირო არგუმენტია. ამის გათვალისწინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, რადგან, თუ უსაფრთხო სტატუსი „ცუდ დროს” უფრო ძლიერ ვალუტას მოიაზრებს, გაყიდვებისა და მომგებიანობის ვარდნის პარალელურად ვალის ზრდა მოვლენათა სწორედ კიდევ უფრო არასასურველ განვითარებას წარმოადგენს. მთლიანობაში, რა არის ჩვენი განახლებული რეკომენდაცია? ერთი მხრივ, ევროს ბოლოდროინდელი გამყარება ევროში უფრო მეტი სესხების არგუმენტია, თუმცა შედარებით ნაკლებად ვიდრე ადრე, აშშ დოლარის უსაფრთხო აქტივის სტატუსის გარკვეული ცვლილების გამო. მეორე მხრივ, სავალუტო რისკის აღებისას ვალის სტრუქტურაში, ევროსთან შედარებით, აშშ დოლარის წილი კვლავ მეტი უნდა იყოს. შესაძლოა, ეს ყოველივე, ერთი შეხედვით, რთულად ჟღერს, თუმცა აშკარაა, რომ ამ სტრატეგიის გამოყენება ძალზე დიდი ფინანსური სარგებლის მომტანია.

 ახლა კი ბოლო თვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები:  ეკონომიკური ზრდის შეფასება კვლავ ჩვენს მოლოდინებზე მაღალი რჩება, ინფლაცია გარკვეულწილად მომატებულია, ლარის მხარდამჭერი ფაქტორები ნარჩუნდება, ხოლო სებ სავალუტო რეზერვების შესავსებად დოლარის შეძენას განაგრძობს. საქსტატის მიხედვით, მაისში ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა. უახლეს ინდიკატორებზე დაყრდნობით, უნაღდო დანახარჯები მაისში გაიზარდა და, დღევანდელი მდგომარეობით, მოსალოდნელია, რომ ივნისშიც უფრო ძლიერი იქნება.

 ამავე დროს, ინფლაცია გარკვეულწილად შერეულ სურათს იძლევა. კერძოდ, სეზონურად შესწორებული და გაწლიურებული ინფლაცია კვლავ მაღალია, მათ შორის მაისშიც. ადგილობრივად წარმოებულ და შერეულ საქონელსა და მომსახურებაზე ფასები, განსაკუთრებით საკვებზე, კი ასევე იზრდება. საპირისპიროდ, მომსახურების ინფლაცია, რომელიც ფუნდამენტურ ფაქტორებს ყველაზე ზუსტად ასახავს, მაისში თითქმის უცვლელი იყო, თუმცა წინა თვეებში საკმაოდ სწრაფად იზრდებოდა. თიბისის კაპიტალის განახლებული პროგნოზით, ინფლაცია წლის ბოლოსთვის, 4.1%-ის ნაცვლად, დაახლოებით, 4.5% იქნება. ინფლაციის გაზრდილ პროგნოზს დიდწილად საკვებზე ფასების ზრდა განაპირობებს, რაც, ერთი მხრივ, გლობალურ ბაზრებზე დინამიკას უკავშირდება, მეორე მხრივ კი ადგილობრივ ფაქტორებსაც ასახავს, კერძოდ მოსავლის კუთხით არსებულ სირთულეებს.

 რაც შეეხება ლარს, წინა ყოველთვიურ მიმოხილვაში ლარის მხარდამჭერი სამი ძირითადი ფაქტორი იყო გამოყოფილი: ძლიერი წმინდა სავალუტო შემოდინებები, დეპოზიტების თანდათან უკან ლარში კონვერტაციები და აშშ დოლარის გლობალური სისუსტე. ყველა ეს ფაქტორი კვლავ ლარისთვის პოზიტიური დინამიკით ხასიათდება: წმინდა შემოდინებები გაუმჯობესდა, ლარის დეპოზიტები გაიზარდა, შინამეურნეობებისა და იურიდიული პირების მხრიდან უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო აშშ დოლარი კიდევ უფრო გაუფასურდა. პარალელურად, სებ სავალუტო რეზერვების მოცულობით შევსებას განაგრძობს. მაისში შესყიდვებმა 245 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, ბოლო სამ თვეში კი ჯამური შენაძენი 613 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. თიბისი კაპიტალის შეფასებით, ტურიზმიდან შემოსავლების დროებით შესუსტების მიუხედავად, ინტერვენციები ივნისშიც გრძელდება.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია ბმულზე .

(R)

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის “საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების” ერთობლივი კვლევითი პროგრამის 2025 წლის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

გამოცხადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის 2025 წლის საგრანტო კონკურსი

კონკურსის მიზანია:

ა) საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე დარგობრივი და ინტერდისციპლინური კვლევების განვითარება და პოპულარიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე;

ბ) ახალგაზრდა მკვლვართა მოზიდვა და მათი სამეცნიერო პოტენციალის ზრდა, ქვეყნის ისტორიის, კულტურის, დამწერლობის, ენისა და ლიტერატურის, არქეოლოგიისა და ხელოვნების, რელიგიის, სოციალურ – ეკონომიკური, პოლიტიკური ტრანსფორმაციის თანამედროვე კვლევების შედეგების გავრცელება საერთაშორისო აკადემიურ ქსელში;

გ) საქართველოსა და რეგიონის შემსწავლელი თანამედროვე კვლევების გამოყენებით თანამშრომლური კონტაქტებისა და კვლევითი კონსორციუმების ჩამოყალიბება, მრავალმხრივი, მდგრადი საერთაშორისო თანამშრომლობის უზრუნველყოფა.

დეტალური ინფორმაცია გთხოვთ, იხილოთ ფონდის ვებგვერდზე :

https://shorturl.at/BQ0e7

იგეგმება ფულადი სანქციის გაზრდა იმ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული – აღნიშნული ქმედება 100 ლარის ნაცვლად, 200 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს

იზრდება ფულადი სანქცია იმ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული – აღნიშნული ქმედება 100 ლარის ნაცვლად, 200 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. ამასთან, თვითნებურად გადაკეთებულად მათ შორის ისეთი სატრანსპორტო საშუალება ჩაითვლება, რომელსაც გადაკეთებული ექნება მაყუჩი.

აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, პოლიციელი უფლებამოსილი იქნება მძღოლი სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს, სატრანსპორტო საშუალება კი სპეციალურ სადგომზე იქნება გადაყვანილი.

ეს ერთ-ერთია იმ მთელ რიგ ცვლილებათა შორის, რომელიც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის. საკითხს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

კოდექსს ახალი სამართალდარღვევებიც ემატება.

უფრო კონკრეტულად, პასუხისმგებლობა წესდება სატრანსპორტო საშუალებაზე, საგზაო მოძრაობის მონაწილის შეცდომაში შეყვანის მიზნით, კანონმდებლობით განსაზღვრული ფერისგან განსხვავებული ნებისმიერი სხვა ფერის ციმციმა სიგნალის დაყენებისთვის – აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, აგრეთვე ციმციმა სიგნალის კონფისკაციასა და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის 15 ქულით შემცირებას.

დასჯადი იქნება ქმედების განმეორებით ჩადენა, რისთვისაც სანქციის სახით განისაზღვრება ჯარიმა 2 500 ლარის ოდენობით, აგრეთვე ციმციმა სიგნალის კონფისკაცია და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის 20 ქულით შემცირება.

ცვლილებების თანახმად, ე.წ. დრიფტისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს დაეკისრება.

იზრდება ფულადი სანქცია საგზაო მოძრაობის მონაწილის (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) მიერ “საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დარღვევისთვის და საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობისთვის, აგრეთვე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფისთვის. აღნიშნული 10 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. 20 ლარიდან 100 ლარამდე იზრდება სანქცია წარმოდგენილი ქმედების განმეორებით ჩადენისთვის.

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წესდება ავტომაგისტრალზე, საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე, საგზაო მოძრაობის მონაწილის მიერ “საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დარღვევისთვის ან საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობისთვის, აგრეთვე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფისთვის. აღნიშნული გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

ევროპა ძალიან დიდ შეცდომას უშვებს: ეკონომიკის მილიტარიზაცია ევროპელი მოქალაქეებისათვის საზარალო და წამგებიანია – The New York Times

ევროპის მიერ თავდაცვაზე დადებული ფსონი, ყველა დანარჩენ დარგებთან შედარებით, ძალიან სარისკოა იმ თვალსაზრისით, რომ ევროკავშირი უფრო მეტად უკან დაიწევს, ვიდრე წინ წავა, – ნათქვამია ამერიკულ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ევროპა ძალიან დიდ შეცდომას უშვებს: ეკონომიკის მილიტარიზაცია ევროპელი მოქალაქეებისათვის საზარალო და წამგებიანია“ (ავტორი – ანტონ იეგერი, პოლიტოლოგი ოქსფორდის უნივერსიტეტიდან). „თავდაცვისათვის მეტი ფინანსური ასიგნება იმას ნიშნავს, რომ ევროპელები ტრადიციულ და უკვე მიჩვეულ სოციალურ შეღავათებს დაკარგავენ. გამოდის, რომ ბრიუსელი თავის თავს თვითონ იზიანებს და უბედურებების პანდორას ყუთს აღებს“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

როცა ბრიუსელიდან მატარებლით მიდიხარ, თითქმის ყველაზე პირველს, რასაც დაინახავ, ეს არის Audi-ს ქარხანა – რუხი მართკუთხა შენობების ანსამბლი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო ბელგიის უდიდესი საავტომობილო საწარმო. ქარხნის გარეგნული სახე ბელგიის დედაქალაქისათვის იდეალურ სიმბოლოს წარმოადგენდა, თუმცა მიმდინარე წლის დასაწყისში Audi-ს საწარმო უცერემონიოდ დაიხურა: სამრეწველო კრიზისი, რომელმაც კონტინენტი მოიცვა, ბელგიის ავტომრეწვსაც მისწვდა. ქარხნის კედლები, რომლებიც მუდამ ახლად გამოიყურებოდა, უკვე გრაფიტებით და საღებავების ლაქებით არის დაფარული.

Audi-ს ქარხანასთან დაკავშირებული ბოლო თვეების მოვლენები მთელი ევროპის ისტორიად იქცა. Audi „გმირულად დაეცა“ ახალი საუკუნის გეოეკონომიკური ნაკადის წინაშე, რაც მთელ ევროპას წალეკვას უქადის. ბრიუსელის რეაქცია გაჩენილ პრობლემაზე დროის შესაფერისია – როგორც მინისტრები აცხადებენ, საერთო მილიტარიზების ჩარჩოებში ქარხანა პროფილს შეიცვლის და საიარაღო საწარმოდ გადაიქცევა. მომხრეების მტკიცებით, აწ უკვე ყოფილი Audi-ს გასამხედროება  ევროპის სტრატეგიულ ავტონომიას მოაახლოვებს და 3 ათასი სამუშაო ადგილის შექმნას უზრუნველყოფს.

ევროპელი პოლიტიკოსები ერთნაირ სტრატეგიას ახორციელებენ და იმედოვნებენ, რომ „ერთი გასროლით ორ კურდღელს მოკლავენ“: ერთი მხრივ, სამხედრო ხარჯების ზრდით ევროპის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ რუსეთისაგან და დამოუკიდებელს გახდიან აშშ-საგან (ანუ ევროპა იარაღის მწარმოებელ მძლავრი „ზესახელმწიფოს“ სტატუსს იღებს), ხოლო მეორე მხრივ, ამით გამოცოცხლდება ჩინელ კონკურენტებთან ბრძოლით და ენერგომატარებლების გაძვირებით დაუძლურებული ევროპის მრეწველობა. ანუ გამოდის, რომ თუ სამხედრო ხარჯებისათვის ბიუჯეტიდან მეტი ფული გადაიდება, ამით გადაილახება ორმაგი კრიზისი – გეოპოლიტიკური მოწყვლადობა (ევროპა კუნთებს იმაგრებს) და ეკონომიკური ავადმყოფობა (დასაქმების დონე მატულობს, შემოსავლები იზრდება).

მაგრამ… როგორც ჩანს, ვარდისფერი იმედები ფუჭად ჩაივლის. საეჭვოა, რომ ევროპის მილიტარიზაციამ რაიმე პოზიტიური ნაყოფი გამოიღოს: ზედმეტად მაღალია [ინვესტიციების ჩადების] მასშტაბი და ზედმეტად დაბალია უკუგება. გარდა ამისა, თავდაცვაზე ფსონის დადება უფრო ბევრად დიდი საფრთხის შემცველია, ვიდრე უბრალოდ წარუმატებლობა. სამხედრო მრეწველობის გადაქცევა ეკონომიკის საყრდენად ევროკავშირს წინსვლას კი არა, უფრო მეტად უკუსვლას უქადის. იარაღის სწრაფ წარმოებას და ამ მხრივ შვიდმეტრიანი ნაბიჯებით „ხტომას“ ისტორიული შეცდომის დაშვება შეუძლია.

ევროპის ახალ მიდგომას ხშირად ძველებურად უწოდებენ „სამხედრო კეინზიანობას“. ეკონომიკის მართვის ასეთი წესი ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ჩაისახა, როცა ხელისუფალნი ცდილობდნენ ეკონომიკური ვარდნებისათვის წინააღმდეგობა სამხედრო ხარჯების გადიდებით გაეწიათ [კონფლიქტების დაწყების მიზნით]. მეცნიერული თვალსაზრისით კი კონცეფცია შემუსავდა მე-20 საუკუნეში ცნობილი ეკონომისტის ჯონ კეინზის მიერ. მსხვილი მასშტაბით „კეინზიანობას“ პირველად გერმანელმა ნაცისტებმა მიმართეს 1930-იან წლებში, შემდეგ კი, უკვე 1940-იანი წლების დასწყისში, ამერიკელებმა მას გლობალური ხასიათი შესძინეს. სრულიად ახლახან კი ეს ტერმინი პუტინისეული რუსეთის სამხედრო ეკონომიკას უწოდეს. 

თითქოსდა უწყინარი სახელის მქონე „კეინზიანობის“ კონცეფციის დანერგვაში ბევრი ნეგატიური ცვლილება იმალება. პირველ რიგში ეს ნისნავს იმას, რომ ევროპის კონტინენტი, უბრალოდ, სამხედრო ხარჯების ძველ დონეს უბრუნდება, ანუ იმას, რაც 1989 წლამდე იყო – ფაქტიურად, საბჭოთა კავშირის დაშლამდე. მაგალითად, ცივი ომის დროს, 1960-იანი წლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) თითქმის 5%-ს შეადგენდა. შედარებისათვის: კანცლერ ფრიდრიხ მერცის მიერ ახლახან გამოცხადებული სამხედრო ხარჯების დონე გერმანიის ამჟამინდელი მშპ-ის მხოლოდ 3,5%-ს უდრის და თუ 5%-იანი აღდგება, ასეთ აღდგენას ძნელად თუ ვუწოდებთ ეკონომიკურ „დიდ ნახტომს“…

„კენზიანური“ ეკონომიკური სტრატეგიის საზოგადოებრივი სიკეთეც აშკარა არ არის: მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიამ (და გერმანიამაც) საკმაოდ შეარბილა ადრინდელი საკმაოდ მკაცრი მოთხოვნა საბიუჯეტო დეფიციტის დაშვების თაობაზე, ევროპელი მთავრობები მაინც არ ჩქარობენ მის გადიდებას – დამატებითი ხარჯები ხომ მძიმე ტვირთად დააწვება ბიუჯეტის სოციალურ ნაწილს და ფულს წაართმევს სოცუზრუნველყოფას, ინფრასტრუქტურისა და კომუნალური მეურნეობის განვითარებას. ევროპული სამხედრო კეინზიანობა საკმაოდ ჰგავს 1980-იანი წლების „რეიგანომიკას“, როცა სამხედრო ხარჯები იზრდებოდა, ხოლო სოციალური შეღავათები მცირდებოდა.

ასეა თუ ისე, ბელგიის ოდესღაც არსებული ავტოგიგანტი დღეს ნელ-ნელა სამხედრო რელსებზე გადადის, რუსეთის ქარხნების მსგავსად. ამ გეგმის მთავარი მომხრეა თავდაცვის მინისტრი თეო ფრანკენი, რომლის თქმით, სახელმწიფო როცა ერთდროულად ცდილობს ბიუჯეტის დეფიციტის სტაბილურობის შენარჩუნებას და სამხედრო ხარჯების ზრდას, ის აუცილებლად ამცირებს სოციალურ ხარჯებს: „სოციალური უზრუნველყოფა ჩვენთან ზედმეტად „მსუქანია“ და განა რა ისეთი კატასტროფა მოხდება, თუ მას ჩვენ 200 მილიარდით შევამცირებთ? ეს არაადამიანური მიდგომა არ არის“, – ასეთია ბელგიელი მინისტრის პოზიცია, თუმცა მან კარგად იცის, რომ სოციალური ხარჯების შემცირება აუცილებლად გააძლიერებს უკიდურესად მემარჯვენე განწყობებს მოსახლეობაში და ძირს გამოუთხრის ევროპის ერთიანობას. ანუ ეს თვალსაზრისი უკეთეს შემთხვევაში ახლომხედველურია, უარეს შემთხვევაში კი ანტიევროპული.

რემილიტარიზაციასთან დაკავშირებით სხვა კითხვებიც არის: პირველი – მრეწველობის ბევრ სექტორს ანგარებითი დაინტერესება ექნება საზღვარგარეთ მიმდინარე ომებით, რომელიც სამხედრო კომპანიების დიდი შემოსავლების ფრიად საიმედო წყაროს წარმოადგენს, ვიდრე მოქალაქეების მიერ ავტომობილების შეძენა. მეორე – აუცილებლად გაჩნდება კოორდინირების პრობლემა. ტანკები და სხვა სამხედრო ტექნიკა ისედაც ძალიან ძვირია, მაგრამ კონტინენტის გადაიარაღების ხარჯები უფრო მეტად გაიზრდება, როცა ქვეყნები ერთმანეთთან კონკურენციას დაიწყებენ კონტრაქტების მისაღებად. ამ პრობლემის აჩრდილი უკვე გამოჩნდა ევროპის ჰორიზონტზე, როცა ვერადავერ მოხერხდა უკრაინისათვის ჭურვების წარმოების დაწყება. იქმნება ისეთი ირონიული სიტუაცია, რომ სამხედრო დაკვეთებს ევროპული კომპანიები კი არა, ამერიკელები მიიღებენ, რომლებიც უფრო გამოცდილები და მობილურები არიან ამ საკითხში

ევროპის რემილიტარიზაციის სირთულეები კულტურულ მომენტებსაც უკავშიდება. 1990-იან წლებში, როცა პაციფიზმი გაძლიერდა და ევროპის მთავრობებმა ჯარში სავალდებულო გაწვევა გააუქმეს (მტერი – საბჭოთა კავშირი უკვე აღარ არსებობდა!), მას შემდეგ მთავრობებმა ვერანაირად ვერ დაარწმუნეს თავიანთი თანამოქალაქეები, რომ „ჯარში სამსახური აუცილებელია სამშობლოს დაცვისათვის“.

თუმცა ევროპელი პოლიტიკოსები თავისას მაინც ცდილობენ – ნატოს ჰააგის სამიტზე დამტკიცდა სამხედრო ხარჯების გადიდების გეგმა 2035 წლამდე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5%-ის ოდენობით (თუმცა მისგან მხოლოდ 1,5% დაიხარჯება სუფთა სამხედრო საქმეზე – თავდაცვითი ინფრასტრუქტურის გაფართოებაზე და კველევებზე). ევროპელი პოლიტიკოსები იმოწმებენ მსოფლიოში ამჯამად მიმდიბარე ომებს (ისრაელ-ერაყის კონფლიქტის ჩათვლით) და აღნიშნავენ, რომ სამხედრო ხარჯების მკვეთრი ზრდა სასიცოცხლოდ აუცილებელი ნაბიჯის გადადგმას ნიშნავს.

მაგრამ, როგორც ჩანს, ევროპა წამგებიან გზაზე დგას: ის ვერ დაეწევა თავის კონკურენტებს და მოწინააღმდეგეებს – ამერიკას, ჩინეთს, რუსეთს… ბრიუსელში როცა დაბრუნდებით, საკმარისია იმავე Audi-ს ქარხანას შეხედოთ და თუ შენობების კორპუსები ისევ ცარიელია და ძველებურად თუ ვიტყვით, „მილებიდან კვამლი არ ამოდის“, ეს ნიშნავს, რომ არაფერი შეცვლილა. ეს ფაქტი თქვენ ზემოთ ხსენებულ ჭეშმარიტებაში დაგარწმუნებთ.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

27 ივნისს, თიბისის მხარდაჭერით, Hubs.ge-ს შოურუმში ქალთა საფეხბურთო კლუბ „ვერეს“ და ბორჯომის საფეხბურთო კლუბ „თორის“ ასაკობრივი გუნდების ფეხბურთელები ქართული და ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავს – გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ.

საგანგებოდ ამ დღისთვის, გიორგისთან კოლაბორაციით, თიბისიმ ბავშვებისთვის შექმნა ბრენდული ატრიბუტიკა, რომელიც პატარა ფეხბურთელებს საჩუქრად გადაეცათ და რომელზეც მამარდამ მათ სამახსოვრო ავტოგრაფები დაუტოვა.

გიორგი მამარდაშვილმა პატარა ფეხბურთელებს შთამაგონებელი სიტყვით მიმართა, გაუზიარა თავისი გამოცდილება, რაც, ბავშვებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ნათელ მოგონებად და შთაბეჭდილებად დარჩება.

გვჯერა, რომ ახალი თაობის ფეხბურთელებისთვის გიორგი მამარდაშვილთან შეხვედრა დიდ შთაგონებად იქცევა და ამის შემდეგ, უფრო მეტი მონდომებით, მოტივაციითა და შემართებით გააგრძელებენ იმ გზაზე სიარულს, რომელიც აირჩიეს და რომლისაც დაიჯერეს.