Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

“ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის თამაშები რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ”-Московский комсомолец

რუსეთის გაზეთ „მოსკოვსკიი კომსომოლეცში“ (Московский комсомолец) სათაურით „ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის თამაშები რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ“ გამოქვეყნებულია ინტერვიუ კონსტანტინე ზატულინთან – სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, რომელიც იგი ვრცლად საუბრობს სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ გატარებული ანტირუსული კურსის მიზეზებზე და იმ პერსპექტიულ მდგომარეობაზე, რომელიც შეიძლება სამხრეთ კავკასიაში ჩამოყალიბდეს (ესაუბრება ჟურნალისტი მარინა პერევოზკინა).

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

– სომხეთი, როგორც ჩანს, პოლიტიკური რეპრესიებისა და ჯაშუშომანიის ბნელ ეპოქაში შევიდა. სამართალდამცველი ორგანოების განცხადებით, გახსნილია  შეთქმულება მთავრობის დამხობის – პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშიანის ხელისუფლებიდან ჩამოშორების მიზნით, რომელშიც, ოპოზიციური პოლიტიკოსების და ექს-პრეზიდენტების – რობერტ ქოჩარიანისა და სერჟ სარქისიანის გარდა, თითქოსდა ეკლესიის იერარქები და მსხვილი ბიზნესმენებიც მონაწილეობდნენ. საქმე მივიდა ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის რეზიდენციის შტურმამდე ეჩმიაძინში, სადაც შეთქმულებაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი არქიეპისკოპოსი იმყოფებოდა. რისთვის უნდა ეს ნიკოლ ფაშინიანს?

– ნიკოლ ფაშინიანმა იგრძნო, რომ ის გზა, რომლითაც მას სომხეთი და სომეხი ხალხი მიჰყავს, სინამდვილეში ჩიხში შემყვან გზას წარმოადგენს და ახალ მსხვერპლს ითხოვს. პრემიერი კარგად ხვდება: იმის გამო, რომ მან სომეხ ხალხს „ტვინი გადაუტრიალა“ და თურქეთთან თანამშრომლობასა და რუსეთთან მტრობას უნერგავს, ამისათვის ძალიან მაღალი ფასია გადასახდელი და ეს ფასი სულ უფრო მატულობს. მიზნების მისაღწევად აუცილებელია რუსეთთან ურთიერთობების გაწირვა, აუცილებელია უარი ითქვას სომხეთის გმირულ ისტორიაზე და სომეხთა გენოციდის ხსოვნაზე. ნიკოლ ფაშიანიანის ამბიციებს მსხვერპლად ეწირება ტრადიციული რელიგიური რწმენა – ხალხმა პატივი აღარ უნდა სცეს სომხეთის სამოციქულო ეკლესიას.

ნიკოლ ფაშინიანის აზრით, ეს ყველაფერი აუცილებელია სომეხი ხალხი გამოსახსნელად ძველი წარმოდგენების ტყვეობისაგან – რომ სომეხმა სიკეთე და ბოროტება ვეღარ განასხვაოს და რომ სომხეთი რუსეთის მოწინააღმდეგეთა ბანაკში გადაიყვანოს.

ნიკოლ ფაშინიანს აკვიატებული, მანიაკალური იდეა აქვს, რომ მას ყოველთვის დევნიან და მის წინააღმდეგ რათაც შეთქმულებებს აწყობენ, თუმცა ეს გასაკვირი არ არის: ადამიანმა, რომელმაც ამდენი უბედურება მოუტანა სომეხ ხალხს, არ შეიძლება რომ თავის მომავალზე არ ფიქრობდეს. ამიტომაც, თავისი სამომავლო ცუდი მდგომარეობა რომ თავიდან აიცილოს, იგი პრევენციულ დარტყმებს იმათ, ვისაც თავის მტრებად თვლის და ვინც რუსეთში თანადგომით სარგებლობს. ნიკოლ ფაშინიანისთვის რუსეთი ნებისმიერ შემთხვევაში ყოველთვის დამნაშავეა.

პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მისი ოპონენტები რუსეთის მარიონეტები არიან. დღემდე იგი მარიონეტებად თვლიდა ექს-პრეზიდენტებს რობერტ ქოჩარიანს და სერჟ სარქისიანს, ხოლო მას შემდეგ, რაც ეკლესიის მხარეზე გადავიდა მისი (ანუ ფაშინიანის) ყოფილი პატრონი, ექს-პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი (რომელიც კათოლიკოს გარეგინ II-ს შეხვდა და მისი პოზიცია დაიცვა), ისიც მარიონეტად შერაცხა. პრემიერი არ აკონკრეტებს, ვისი მარიონეტები არიან სამივე ყოფილი პრეზიდენტი, მაგრამ ისედაც გასაგებია – რუსეთის. თუმცა ლევონ ტერ-პეტროსიანი რომ რუსეთის აგენტად შერაცხოს, ადამიანს ძალიან მაგარი ფანტაზია უნდა ჰქონდეს. სიმართლე კი ასეთია: ნიკოლ ფაშინიანს მომავალი წლის ივნისის არჩევნებში სავარძლის შენარჩუნება სურს და ყველაფერს ამის გამო აკეთებს. (…)

– თქვენი აზრით, სომხეთში მართლაც შეიმჩნევა რუსეთით – როგორც სტრატეგიული მოკავშირის სახით – იმედგაცრუება თუ ეს მხოლოდ ნიკოლ ფაშინიანის პროვოკაციებია?

– სომხეთ-აზერბაიჯანის 2020 წლის ომის დროს და მის შემდეგაც ჩვენ სომხებს არაერთხელ ავუხსენით, რომ რუსებს არ შეუძლიათ სომხებზე მეტი სომხები იყვნენ. მუდამ ვეუბნებოდით, რომ თქვენი მთავრობა, პრემიერ-მინისტრის ჩათვლით, თქვენი – სომეხი ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის წევრებისაგან არის დამტკიცებული, ამიტომ რაც ახლა თქვენთან ხდება და რაც მოხდება, ეს თქვენი არჩევანის შედეგია და მოცემულობად  უნდა მიიღოთ.

დიახ, რუსეთი ყოველთვის მაშველ ხელს უწვდიდა უბედურებაში ჩავარდნილ სომეხ ხალხს და, ბუნებრივია, ისინიც რუსეთის იმედზე იყვნენ. მაგრამ სომხური საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს, მათ შორის მთავრობის მომხრეებსაც სურდათ, რომ რუსეთი, რომელსაც ამჟამად უკრაინასთან კონფლიქტი აქვს, დამატებით კავკასიის მორევშიც ყოფილიყო ჩართული, რაც მოსკოვს ამჟამად არ სურს. ნიკოლ ფაშინიანმა მოხერხებულად ისარგებლა სიტუაციით და ყველაფერი რუსეთს დააბრალა – მარცხი ყარაბაღში 2020 და 2023 წლებში. მან ომი წააგო და ყარაბაღელ ლტოლვილებს მისი დანახვაც არ უნდათ. პრემიერ-მინისტრმაც, თავის მხრივ, კარგად იცის ყარაბაღელი სომხების პოზიცია და ამიტომ ისინი მას სძულს. ნიკოლ ფაშინიანი სარგებლობს მომენტით და თავის მარცხს რუსეთს აბრალებს – კრემლმა სომხეთის მიმართ სამოკავშირეო ვალდებულება არ შეასრულაო. თუმცა, ალბათ, ღირს, რომ ჩვენ მას ვკითხოთ: თქვენ თვითონ რატომ არ იომეთ თქვენივე თანამემამულეების დასაცავად?

– გასაგებია, რომ რუსეთ-სომხეთის ურთიერთობა უარესდება, მაგრამ ამ გაუარესების ფონზე აზერბაიჯანთან ურთიერთობა ლოგიკურად უნდა გაუმჯობესებულიყო… რატომ არ მოხდა ასე? დღეს მოსკოვისა და ბაქოს ერთმანეთთან დამოკიდებულებაც უკან-უკან მიდის…

– ჩვენ ბაქოს ისე აღარ ვჭირდებით, როგორც მთიანი ყარაბაღის პრობლემის გადაჭრამდე ვჭირდებოდით. დღეს აზერბაიჯანი რუსეთს ეჭვის თვალით უყურებს. ბაქომ ჯერ კიდევ შარშან, ავიაკატასტროფის დროს გამოავლინა თავისი ნეგატიური დამოკიდებულება ჩვენს მიმართ, მაგრამ ეს მხოლოდ შესავალი იყო. ახლა ეკატერინბურგში მომხდარი ამბებით გაგრძელდა.

აზერბაიჯანის ასეთ კურსს სუბიექტური და ობიექტური მიზეზები აქვს.

ობიექტური იმაში გამოიხატება, რომ დღეს ბაქოს აღარ სჭირდება რუსეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა, მაგრამ სამაგიეროდ სჭირდება ისრაელთან, თურქეთთან, დიდ ბრიტანეთთან. ცხადია, ბაქოსთვის კარგია მოგება მიიღოს რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირებით, მაგრამ დღეს ეს მისთვის მეორადია. ჩვენ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რატომ მოქმედებს რუსეთის წინააღმდეგ ილჰამ ალიევი, რატომ ძმაკაცობს იგი ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რატომ ლაპარაკობს ყველგან უკრაინის მხარდაჭერაზე. სამწუხაროდ, ჩვენთან ამის შემჩნევა არ სურთ. ახლაც, სანამ ჩვენ ვსაუბრობთ, მიდის ფინალური კონსულტაციები იმაზე, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო შეთანხმებას ხელს მოაწერენ არა მოსკოვში, არამედ სადღაც დასავლეთში, ვთქვათ, ვაშინგტონში – თეთრ სახლში, დონალდ ტრამპთან ერთად, რათა იგი კიდევ ერთხელ გახდეს მშვიდობისმყოფელი [ისე, როგორც კონგოსა და რუანდას შორის] და როგორმე საბოლოოდ ნობელის პრემია მიიღოს.

სუბიექტური მიზეზები თვითონ ილჰამ ალიევის პიროვნებაშია. მამამისი ჰეიდარ ალიევი ძალიან ჭკვიანი ადამიანი იყო, დაბრძენებული ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში მუშაობის ცხოვრებისეული და პოლიტიკური გამოცდილებით. ილჰამ ალიევი კი, სანამ კრონპრინცი იყო, ანუ მამის სიცოცხლეში, განებივრებულად იქცეოდა. ახლა კი იგი არამხოლოდ პრეზიდენტია, არამედ გამარჯვებული პიროვნება, რომელიც ეიფორიისაგან „იბერება“ და, როგორც ვფიქრობ, ძალიან შორს შედის რუსეთთან ურთიერთობებში, ვიდრე მას აქვს უფლება. ილჰამ ალიევს შეეძლო ყველაფერი ძველებურად ეკეთებინა, ძველებურად დაყრდნობოდა თავის მეგობრებს ჩვენს ხელისუფლებაში და მასმედიაში და იმავდროულად მოსკოვთან დამოკიდებულება არ გაემწვავებინა. კარგად ვიცი, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ამჟამინდელი ქცევა რუსეთის ხელმძღვანელობაში გაკვირვებას იწვევს: მათი თქმით, გასაგებია, რომ ჩვენს ურთიერთობებში გარკვეული პრობლემები არსებობს და მოგვარებას მოითხოვს, მაგრამ გაუგებარია ის, თუ რატომ მოქმედებს ილჰამ ალიევი ასე გამომწვევად.

მე კი ვფიქრობ, რომ ეს ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს. ილჰამ ალიევი ევროპულ კოსტიუმში გამოწყობილი აღმოსავლელია, თავისი ქცევებითა და აზროვნებით. ილჰამ ალიევს არ ერიდება ფეხით შედგეს სომხეთის დროშაზე და დაპყრობილ სტეპანაკერტში, ახლა კი ხანკენდში სომხების მიერ აშენებული სახლები დაანგრიოს. იგი ფაშინიანის თანამოაზრედ გამოდის, როცა ამტკიცებს, რომ ყარაბაღში ათასი წლის წინ არანაირი სომხური ეკლესიები არ ყოფილა, არამედ იყო მხოლოდ „ალბანური“ და რომ ყარაბაღის უძველესი მონასტრები – განძასარი, ამარასი, დადივანქი – ალბანურ ძეგლებს წარმოადგენს.

წარმოიდგინეთ სიტუაცია, როცა უცებ ვინმე დაიწყებს ლაპარაკს – კრემლი იტალიური კულტურის ძეგლიაო.. მოვა და იტყვის – ეს თქვენი კი არა ჩვენია. განა ასეთი იდეებით იქნება მიღწეული ნამდვილი მშვიდობა სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის?

რა თქმა უნდა, არა. და თუ მაინც დაიდება სამშვიდობო შეთანხმება, ასეთი „მშვიდობა“ სომხეთის დამცირების ხარჯზე იქნება „მიღწეული“. დღეს ნიკოლ ფაშინიანი სწორედ ამ გზით მიდის. აბა, დაფიქრდით: სომხურ ეკლესიასთან და ცნობილ ბიზნესმენ კარაპეტიანთან მისი დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, როცა იგი, სომხეთის პრემიერ-მინისტრის რანგში, თურქეთში წავიდა, პირველად მრავალი ათეული წლის განმავლობაში. იმ თურქეთში, რომელიც დაბეჯითებით მოითხოვს ზანგეზურის დერეფნის პროექტის რეალიზებას და რომლის შესახებაც ნიკოლ ფაშინიანი ამბობს: „რა მშვენიერი იქნება, როცა სომხეთი „მსოფლიოს გზაჯვარედინი“ გახდება“. (…)

თუ ფაშინიანი თანამდებობას  დიდხანს შეინარჩუნებს, სომხეთი ჩვეულებრივ ახლოაღმოსავლურ ქვეყანას დაემსგავსება, რომელსაც არც თავისი ისტორია და არც თავისი ფესვები არ ემახსოვრება. არადა, სომხეთი [ევრაზიის კონტინენტზე] პირველ ქრისტიანულ სახელმწიფოს წარმოადგენს: 301 წელს, ბიზანტიაზე და საქართველოზე ბევრად ადრე, სომხეთში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. აი, ამიტომაც ამბობს ნიკოლ ფაშინიანი, რომ სომხური სამოციქულო ეკლესია „ბიზანტიის იმპერიის დროინდელი უცხოური აგენტიაო“. და ამას აცხადებს პრემიერ-მინისტრი იმ ეკლესიის მიმართ, რომელმაც სომეხ ხალხს მისი იდენტურობა შეუნარჩუნა ასობით წლის განმავლობაში, როცა სომხური სახელმწიფო არ არსებობდა. (…)

– თქვენი პროგნოზი მოვლენების განვითარების შესახებ: შეინარჩუნებს თუ არა ნიკოლ ფაშინიანი ხელისუფლებას?

– მას უკვე აღარ შეუძლია ქუჩაში ხალხის დიდი რაოდენობით გამოყვანა მხარდაჭერის მიზნით. დიახ, ჩვენთან ბევრი ამბობს [სათათბიროშიც და მთავრობაშიც], რომ „ნიკოლ ფაშინიანი ასეთი და ისეთია, მაგრამ მან მაინც ორჯერ გაიმარჯვა არჩევნებში, თანაც ომში წაგების შემდეგ“. დიახ, გაიმარჯვა, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე წარსულში დარჩა. ახლა მას მთელი იმედი ძალოვანების მხარდაჭერაზე, დასავლეთის დახმარებაზე აქვს. მას ასევე იმედი აქვს, რომ ხელისუფლების შენარჩუნებაში აზერბაიჯანი და თურქეთი დაეხმარება.

მე არ ვფიქრობ, რომ სომხეთში უცებ მოხდება „აფეთქება“ და ხალხი ქუჩაში გამოვა. მაგრამ როგორი სიტუაცია იქნება ერთი წლის შემდეგ, ივნისის არჩევნების დროს? ნიკოლ ფაშინიანმა ყველა ადრინდელი ლიდერი გადაიმტერა – ლევონ ტერ-პეტროსიანი, რობერტ ქოჩარიანი და სერჟ სარქისიანი. ამ ადამიანებთან შედარებით იგი საკუთარ თავს სომხებისათვის „ყველაზე ნაკლებ ბოროტებად“ მიიჩნევს. მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ნიკოლ ფაშინიანმა სამველ კარაპეტიანის – რუსეთში მოღვაწე სომეხი მილიარდერის – პოლიტიზება მოახდინა. ამჟამად იგი გამოგონილი ბრალდებით ორი თვით არის წინასწარ დაპატიმრებული, მაგრამ ფაშინიანი ამ ვადას გაუგრძელებს. თუმცა ხშირად ხდება ხოლმე, რომ უსამართლოდ დაჭერილი ადამიანები ციხიდან უკვე პრეზიდენტობის კანდიდატებად გამოდიან. სამველ კარაპეტიანს სომხეთში პოლიტიკური გეგმები არასოდეს არ ჰქონია, მაგრამ ახლა იგი ოპოზიციის არაფორმალური ლიდერი ხდება. ფაშინიანს ძალიან გაუჭირდება, რომ კარაპეტიანს რაიმე ისეთი პრეტენზიები წაუყენოს, როგორსაც იგი ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებს უყენებს. (…).

თქვენი აზრით, რატომ მოხდა ისე, რომ ყარაბაღის პრობლემა ელვისებურად გადაიჭრა სამხედრო გზით? მოლაპარაკება წლობით მიდიოდა, რუსეთი და დასავლეთი მშვიდობიანად მოგვარების გზას კვალავდნენ და უეცრად…

დიახ, არცერთი კონფლიქტის მოგვარებაში ისე მჭიდროდ არ ვთანამშრომლობდით დასავლეთთან, როგორც ამას ყარაბაღის საკითხში ვაკეთებდით. მინსკის ჯგუფის საერთო ფორმულა ასეთი იყო: ჩვენც, ფრანგებიც და ამერიკელებიც, ვთვლიდით, რომ ყარაბაღის გარშემო სომხების მიერ დაკავებული 5 რაიონი აზერბაიჯანს აუცილებლად უნდა დაბრუნებოდა. რაც შეეხებოდა საკუთრივ მთიან ყარაბაღს, თავისი საბჭოური დროის საზღვრებით, მისი ბედი რეფერენდუმით უნდა გადაწყვეტილიყო. რადგანაც მოსახლეობა დაახლოებით 75% სომეხი, ხოლო 25% აზერბაიჯანელი, იყო, ბუნებრივია, დადასტურდებოდა ყარაბაღელთა სურვილი თვითგამორკვევაზე. მაგრამ როცა უკვე ყველაფერი ტექსტში თითქმის შეთანხმებული იყო და ყაზანში ყველა დოკუმენტის ხელმოსაწერად შეიკრიბა, ილჰამ ალიევმა უცებ თქვა, რომ მას აქვს 11 პრეტენზია ხელშეკრულების ტექსტის მიმართ. ეს იყო „მეხის გავარდნა მოწმენდილ ცაზე“.

– რატომ წამოაყენა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ეს პრეტენზიები?

– იმიტომ, რომ მასთან თურქებმა იმუშავეს და იმათაც, ვინც აზერბაიჯანში ამ ხაზს ატარებდა, უპირველესად კი ილჰამ ალიევის ცოლის მეჰრიბან-ხანუმის ოჯახის წევრები – ფაშაევები. როგორც ამბობენ, მათ პრეზიდენტს პირდაპირ უთხრეს: „ძვირფასო ილჰამ, თუ შენ ახლა ამ შეთანხმებას ხელს მოაწერ, მხედველობაში იქონიე, რომ აზერბაიჯანელი ხალხის მტერი გახდები. ეს დოკუმენტი ყარაბაღს კი არა, ხელისუფლებას დაგაკარგვინებს“.

ასეთია ვერსია. ყაზანში მოლაპარაკების ჩაშლის შემდეგ ბაქომ ფსონი სამხედრო რევანშზე გააკეთა, რომელსაც თურქეთი მხარს უჭერდა და აქეზებდა. მათ შეარჩიეს ისეთი დრო – 2020 წელი, როცა ჩვენ უკრაინასთან დაძაბული მდგომარეობა გვქონდა. ომი ჯერ არ იყო დაწყებული, მაგრამ ყირიმ-დონბასის გამო ფეთქებადსაშიში სიტუაცია იყო. ყველა ხვდებოდა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები.

პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თავისი გამარჯვებით 1994 წლის მარცხი გადაფარა და აზერბაიჯანში პატრიოტული ტალღა გამოიწვია. (…)

– [როგორია ნიკოლ ფაშინიანის როლი ყარაბაღის ომის წაგებაში?]

– პრემიერ-მინისტრს ყარაბაღი არ ჭირდებოდა და იგი არც ყარაბაღელებს არ მოსწონდათ. სხვათა შორის, ცნობილია, რომ ნიკოლ ფაშინიანს ილჰამ ალიევმა ყარაბაღის გარშემო ხუთი ოკუპირებული რეგიონის დაბრუნებისათვის სარგებელი შესთავაზა, 5 მილიარდი დოლარის ოდენობით. ეს საკითხი სერჟ სარგისიანის მმრთველობის დროსაც იხილებოდა, მაგრამ მაშინ სომხებმა ფულის აღებაზე უარი განაცხადეს, მით უმეტეს, რომ გარანტირებული არ იყო თვითონ მთიანი ყარაბაღის თვითგამორკვევა.

ჩვენ, რუსები, როგორც ვიცი, იმ დროს უკმაყოფილო ვიყავით სომხების უარით და ვთვლიდით, რომ აზერბაიჯანის შეთავაზება ღირსეული იყო – ანუ ისე, როგორც კატა ლეოპოლდი იქცეოდა, რომელსაც უნდოდა, რომ ყველას მეგობრულად ეცხოვრა.

ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ნიკოლ ფაშინიანმა ის ფული აიღო, მაგრამ მას არ შეეძლო ის ხუთი რაიონი და მით უმეტეს, მთლიანად ყარაბაღი ისე დაეთმო, რომ მცირე ბრძოლა მაინც არ გამართულიყო. ნიკოლ ფაშინიანმა ყველაფერი გააკეთა, რომ ყარაბაღი (ანუ სომხეთი) ომში დამარცხებულიყო. იგი თავს აჩვენებდა როგორც შეუპოვარი გმირი (იყო მომენტი, როცა შუშის დათმობის წინ, პუტინმა უთხრა, ბრძოლა შეწყვიტეო, მაგრამ მან უარით უპასუხა). მე ხელში უწყისი არ მაქვს ფულის მიღებაზე ფაშინიანის ხელმოწერით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ასე მოხდა. ამრიგად, საკუთარი ინტერესებისათვის პრემიერ-მინისტრი სწორად მოიქცა – მან თავიდან მოიცილა პრობლემური რეგიონი და დასავლეთის მეგობარი გახდა. გარდა ამისა, არაოფიციალურად უზრუნველყო საკუთარი თავისთვის თურქეთისა და აზერბაიჯანის მხარდაჭერა. დიახ, იგი ამ თვალსაზრისით მართლად მაგარი კაცია.

ჩვენ კი სად ვიყავით ამ დროს? რატომ არ გავაფრთხილეთ მკაცრად ილჰამ ალიევი, რომ მოსკოვი ძალისმიერ გადაწყვეტას ვერ მოითმენს? ჩვენ გვეგონა, რომ რაღაც პატარა შეტაკება იქნება, რომლის შემდეგ აზერბაიჯანი შეპირებულ ხუთ რაიონს მიიღებს, ანუ ყველაფერი დაწყნარდება და დამშვიდდება. თავიდან თითქოსდა მართლაც ასე ვითარდებოდა პროცესები. რუსეთმა შეძლო თავისი სამშვიდობო ძალების განლაგება.  მაგრამ შემდეგ აზერბაიჯანი და თურქეთი უფრო შორს წავიდნენ და მეტი მოინდომეს. როგორც აღმოჩნდა, თუ თურქებს და აზერბაიჯანელებს თითს გაუწოდებ, ისინი ხელს მოგაჭამენ. (…)

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

გიორგი რამიშვილის ოჯახის წევრის განცხადებით, დაკავებულს ჩანთები აერია და საკითხის პოლიტიკურად გამოყენება მიუღებელია

გიორგი რამიშვილის ოჯახის წევრის განცხადებით, დაკავებულს ჩანთები აერია და საკითხის პოლიტიკურად გამოყენება მიუღებელია.

გიორგი რამიშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნებია ამოღებული. ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებულია რამიშვილის სახელზე, თუმცა არ ჰქონდა ტარების უფლება. მსგავსი შინაარსის წერილი გაავრცელა „სილქ როუდ“ ჯგუფმა.

კომპანიამ დაინტერესებულ მხარეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. რამიშვილს ბრალს დღეს წარუდგენენ.

„ერთადერთი, რაც შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არავითარი პოლიტიკური[დაკავება] არ არის. საფრანგეთში ცხოვრობს ის და პარიზში ბრუნდებოდა. შეეშალა თვითონ ჩანთა“, – განაცხადა დაკავებულის ნათესავმა, რეჟისორმა დავით საყვარელიძემ.

თურქეთი და ისრაელი კონფრონტაციის ზღურბლზე დგანან: დიდი რისკია, რომ მათ შორის კონფლიქტი დაიწყოს – Financial Times

„თურქეთი და ისრაელი კონფრონტაციის ზღურბლზე დგანან: დიდი რისკია, რომ მათ შორის კონფლიქტი დაიწყოს“ – ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია ასლი აიდინთაშბაში – თურქი ჟურნალისტი ქალი, პოლიტიკური მიმომხილველი, აშშ-ის ბრუკინგსის ინსტიტუტის პროექტ „თურქეთის“ დირექტორი.

როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, არ არის გამორიცხული, რომ ისრაელ-ირანს შორის მომხდარი კონფლიქტი შეიძლება რეგიონში კიდევ ახალი დაპირისპირების მიზეზად იქცეს: თურქეთი შეშფოთებულია იერუსალიმის აგრესიული რიტორიკით. ორი ქვეყნის ერთმანეთთან შეტაკების ალბათობა მკვეთრად გაიზარდა.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ისრაელ-ირანის 12-დღიანმა ომმა ახლო აღმოსავლეთში ძალთა ბალანსი დაარღვია. ომის შედეგად მივიღეთ: ა)თავდაჯერებული ისრაელი, რომელსაც რეგიონში რადიკალური ცვლილებები შეაქვს; ბ) დასუსტებული ირანის რეჟიმი, რომელიც თავის გადარჩენას ცდილობს და გ) მოყოყმანე აშშ, რომელსაც არ სურს ახალ გაჭიანურებულ კოფლიქტში იქნას ჩათრეული. მაგრამ ყველაზე სახიფათო შედეგი შეიძლება გამოიხატოს არა ისრაელის დაპირისპირების ესკალაციაში ირანთან, არამედ ისრაელსა და თურქეთს შორის ხისტი მეტოქეობის გაჩენაში.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაქან ფიდანმა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ამასწინანდელ სამიტზე ანკარის ახალი პოზიცია გააჟღერა: „არ არსებობს პალეტინის, ლიბანის, სირიის, იემენის ან ირანის პრობლემა – აშკარად არსებობს მხოლოდ ისრაელის პრობლემა“.  ეს სიტყვები ასახავს ერთგვარ ძვრას თურქულ ხედვაში, რომელიც რეგიონში ისრაელის როლს ეხება: ტრანსფორმაცია გამოიხატება ისრაელის როგორც მოკავშირის ჯერ კონკურენტად, შემდეგ კი ღია მოწინააღმდეგედ გადაქცევაში. ანკარისათვის ერთობ არასასიამოვნოა ისრაელის მზარდი თავდაჯერებულობა და მისი ახალი ამბიციები – გახდეს რეგიონული ჰეგემონი, ანუ ის როლი შეასრულოს, რომელზეც თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი დიდი ხანია ოცნებობს. ულტრამემარჯვენე ნაციონალისტური პარტიის ლიდერმა დევლეთ ბახჩელმა, რომელიც რეჯეფ ერდოღანის საკვანძო მოკავშირეა, ამას წინათ ყველას გასაგონად დაადანაშაულა ისრაელი „ანატოლიის ალყაში მოქცევისა“ და თურქეთის დესტაბილიზაციის მცდელობაში. თუ ადრე მსგავსი ბრალდებები მხოლოდ ბულვარულ პრესაში გაისმოდა, ახლა მათ მტკიცედ დაიმკვიდრეს ადგილი თურქულ უწყებებსა და წამყვან პრესაში.

მსგავსი სიტუაცია შეინიშნება ისრაელშიც, სადაც ძალოვანი სტრუქტურების გავლენიანი წარმომადგენლები იწყებენ თურქეთის როგორც „ირანთან შედარებით უფრო სერიოზულ და მზარდ გრძელვადიან საფრთხედ“ განხილვას. რეჯეფ ერდოღანის მხრიდან გამოვლენილმა საჯარო მხარდაჭერამ „ჰამასის“ მიმართ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის მკვეთრად ნეგატიური რეაქცია გამოიწვია – გაჩაღდა ხისტი [ანტითურქული] პოლემიკა ქვეყნის პოლიტიკურ წრეებში და დაიწყო ისრაელის დაახლოება სირიელ ქურთებთან, რომლებსაც თურქეთი ტრადიციულად საფრთხისა და მუქარის წყაროდ თვლის. ამ ისედაც არასტაბილურ რეგიონში ორი უძლიერესი არმიის ურთიერთდაპირისპირებას, როცა ორივე აშშ-ის მოკავშირეებს წარმოადგენენ, შეუძლია საბოლოოდ დაარღვიოს ძალთა მყიფე ბალანსი.

ისრაელსა და თურქეთს შორის დაძაბულ ურთიერთდამოკიდებულებას ერთდროულად იდეოლოგიური და გეოპოლიტიკური ხასიათი აქვს. რეჯეფ ერდოღანის მთავრობამსუნიტური ისლამური პოპულიზმი თურქულ ნაციონალიზმთან გააერთიანა, რაც ყველაზე ნათლად მის პროგრამაში – „თურქულ საუკუნეში“ – გამოიხატა და რომელიც საზღვარგარეთ თურქეთის გავლენის გაზრდა-გაძლიერებას ითვალისწინებს. შესაბამისად, ისრაელის ულტრამემარჯვენე სამთავრობო კოალიციასაც იგივე უკომპრომისო ხედვა აქვს ქვეყნის მომავალი ბედის მიმართ და ცდილობს სამხედრო დომინირების განმტკიცებას ლიბანში, ღაზას სექტორსა და სირიაში. ეს ურთიერთგამომრიცხავი მსოფლმხედველობები პრაქტიკულად არ ტოვებენ რაიმე სივრცეს მხარეთა კომპრომისებისთვის.

ანკარისა და იერუსალიმის დაპირისპირების მთავარი არენა სირია გახდა: 2024 წლის დასასრულს სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ ორივემ დაიწყო ბრძოლა ქვეყნის ომისშემდგომი მოწყობაში დომინირებისათვის. ანკარა სირიაში თავის ყოფნას აფართოებს იმით, რომ მხარს უჭერს ქვეყნის სათავეში მოსულ ისლამურ დაჯგუფებას „ჰაით-თაჰრირ-აშ-შამს“, რომელიც სამოქალაქო ომის დროს თურქეთის მოსაზღვრე სირიის იდლიბის პროვინციას აკონტროლებდა და გარკვეულწილად ანკარის გავლენის ქვეშ იყო. თურქეთი ცდილობს სირიაში პროთურქული ცენტრალიზებული ხელისუფლების განმტკიცების იდეა განახორციელოს. დღეისათვის თურქეთი უკვე აკონტროლებს მნიშვნელოვან ტერიტორიას სირიის ჩრდილოეთ ნაწილში და ისწრაფვის იმისთვის, რომ თავისი ეკონომიკური და სამხედრო გავლენა მთელი ქვეყნის მასშტაბით გააფართოვოს. თავის მხრივ ისრაელი, რომელიც ასევე ესაზღვრება სირიას, მხარს უჭერს ქურთებისა და დრუზების ავტონომიას და ეჭვით უყურებს სირიის ახალ ხელისუფლებას – ჯიჰადისტურ დაჯგუფებებთან მისი კავშირების გამო.

ისრაელ-თურქეთს შორის დაძაბულობა განსაკუთრებით გამწვავდა აპრილის ბოლოს, როცა ისრაელმა ავიადარტყმა განახორციელა ჰომსის პროვინციაში მდებარე პუნქტ ტიასაზე, სადაც თურქეთი სამხედრო ბაზის მშენებლობას აწარმოებს. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ანკარასა და იერუსალიმს შორის „ცხელი ხაზი“ არსებობს, ჯერ-ჯერობით დიპლომატიური კონტაქტები გაყინული რჩება. ამასობაში თურქეთმა საკუთარი დასკვნები გააკეთა ირან-ისრაელის კონფლიქტიდან: ანკარისათვის საგანგაშო ფაქტად იქცა ისრაელის მიერ ირანის სამხედრო ხელმძღვანელების (ისლამური რევოლუციის გუშგთა კორპუსის გენერლების) განადგურება, რაც ისრაელის ავიაციისა და დაზვერვის შესაძლებლობებზე მიუთითებს. ანკარა უკვე ზომებს იღებს თავისი არმიის მოწყვლადი ადგილების აღმოსაფხვრელად.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინაშე დგას ამოცანა გამოიყენოს თავისი კარგი ურთიერთობები როგორც ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, ასევე რეჯეფ ერდოღანთან, რათა მათი დაპირისპირება შეაკავოს და ცხელ კონფლიქტად არ გადაიქცეს. ღაზას სექტორში ომის დასრულებას შეუძლია თურქეთის პრეტენზიები შეარბილოს, მაგრამ გრძელვადიანი მეტოქეობა ორ ქვეყანას შორის, ალბათ, არ გაქრება.

ამერიკელი სტრატეგები ათწლეულების განმავლობაში თვლიდნენ თურქეთს და ისრაელს რთულ, მაგრამ მაინც შეუცვლელ მოკავშირეებად და რეგიონული სტაბილურობის საყრდენებად. ახლა კი ეს ორი საყრდენი ერთმანეთს უპირისპირდება. ირანის დასუსტების ფონზე ვაშინგტონმა და მისმა პარტნიორებმა უნდა გააცნობიერონ: ახლო აღმოსავლეთი ახალი გამოცდის წინაშე  შეიძლება დადგეს – მათ უახლოეს მოკავშირეებს შორის დაწყებული კონფლიქტი სახით.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

ანა წითლიძისგან მოვისმინეთ აღიარება, რომ მამუკა ხაზარაძე ჩემოდნებით დაატარებს “შავ ფულს”, რათა პოლიტიკოსები და ჟურნალისტები მოისყიდოს -შალვა პაპუაშვილი

ანა წითლიძისგან მოვისმინეთ აღიარება, რომ რადიკალური ოპოზიციის ფლანგზე „შავი ფული“ იხარჯება. დაადასტურა, რომ მამუკა ხაზარაძის მხრიდან ხდება ფულით მოსყიდვა პოლიტიკოსების და სხვადასხვა პარტიის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ეს აჩვენებს, რომ რადიკალური ოპოზიციის ფლანგზე არსებობს პოლიტიკური კორუფცია.

„ეს აღიარებაა. გუშინ ანა წითლიძისგან მოვისმინეთ აღიარება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ რადიკალური ოპოზიციის ფლანგზე „შავი ფული“ იხარჯება გარედან ლეგიტიმაციით, მხარდაჭერით. ეს არის პირდაპირ ფაქტი, რაც განაცხადა ანა წითლიძემ. მედია უნდა დაინტერესდეს და დეტალები გაარკვიოს. პირდაპირ დაადასტურა, რომ მამუკა ხაზარაძის მხრიდან ხდება ფულით მოსყიდვა პოლიტიკოსების და სხვადასხვა პარტიის, ასევე თავისი მედიის ინსტრუმენტების გამოყენებით მოსყიდვა. არაერთხელ გვსმენია სხვა პარტიებისგან, რომ მამუკა ხაზარაძე თავისი „ტვ პირველით“ აშანტაჟებს პოლიტიკოსებს და იქიდან გამომდინარე, რამდენად ლოიალურები იქნებიან მის მიმართ, ან ნეგატიურად აშუქებს მას „ტვ პირველი“, პროპაგანდისტული მედია, ან პოზიტიურად. პარტია „გირჩი“ აცხადებს ამას. ეს აჩვენებს, რომ რადიკალური ოპოზიციის ფლანგზე არსებობს პოლიტიკური კორუფცია. ანტიქართულ კამპანიაში ჩართვა, წესით, დისკომფორტი უნდა იყოს ნებისმიერი მოქალაქისთვის. ჩანს, რომ ამას აკეთებდნენ ფულის სანაცვლოდ. პოლიტიკური კორუფცია, ადამიანების მოსყიდვა ხდება მამუკა ხაზარაძის, მათ შორის, თაღლითობისთვის მსჯავრდებული ადამიანის მხრიდან, რომელსაც მილიარდ-ნახევრის წართმევა უნდოდა ქართველი ხალხისთვის ბიუჯეტიდან და ბოლოს ნახევარი მილიონი ჯარიმის გადახდა მოუწია. მათ შორის, თავად „ლელოში“ არიან ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან განსაკუთრებული აგრესიულობით. ჩანს, რომ ამის უკან დგას ფინანსური ინტერესები. როგორც ანა წითლიძე ამბობს, ასე ჩემოდნებით დაატარებს თურმე „შავ ფულს“ მამუკა ხაზარაძე, რათა პოლიტიკოსები და ჟურნალისტები მოისყიდოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ ლევან სანიკიძესა და ირაკლი ფავლენიშვილთან ერთად ფეისბუქლაივის დროს განაცხადა: „„ლელო“ ფულს იხდიდა, მათ შორის ჩვენც გვეუბნებოდნენ, ოღონდ თქვენ არ დაგვარტყათ და…“

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის

თიბისიმ და Glovo-მ ერთგულ მომხმარებლებს გრძელვადიანი შეთავაზებები მოუმზადეს – 7 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით, Glovo-ში ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით მინიმუმ 10-ჯერ გადახდისას, მათ ერთგულ ყულაბაში, 50 ლარი დაუბრუნდებათ.

შეთავაზება მოქმედებს Glovo-ს აპლიკაციის ნებისმიერ კატეგორიაში, ნებისმიერი ოდენობის თანხის შეკვეთაზე. მთავარია, ტრანზაქციებს შორის ინტერვალი არ იყოს 10 წუთზე ნაკლები.

შეთავაზების განმავლობაში, მომხმარებლებს 50 ლარი ერთგულ ყულაბაში ერთჯერადად დაუბრუნდებათ, საიდანაც თანხის გადარიცხვა თიბისის ნებისმიერ საკუთარ ანაგრიშზე შეუძლიათ.

აღნიშნული შეთავაზების დეტალური პირობები იხილეთ ბმულზე.

ასევე, 7 ივლისიდან, თიბისის მომხმარებელი Glovo-ში დამატებითი შეთავაზებით ისარგებლებენ- 3 თვის განმავლობაში, ახალი თიბისი ბარათით და ერთგული საკრედიტო ბარათით Glovo Prime-ის გამოწერისას, გადახდილი თანხის 100% მომენტალურად დაუბრუნდებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ პაკეტს სრულიად უფასოდ შეიძენენ. ახალი თიბისი კონცეპტ ბარათების მომხმარებლებისთვის კი, ამ პაკეტის 100%-იანი ქეშბექით შეძენა, 6 თვის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

Glovo Prime-ის  შეთავაზების დეტალური პირობების სანახავად, გადადით  ბმულზე.

აიღე, ახალი თიბისი ბარათი და მუდმივად ისარგებლე გამორჩეული შეთავაზებებით.

(R)

პრეზიდენტმა მისცა შესაძლებლობა იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც სურთ არჩევნებში მონაწილეობა, საუბარი რომ არ იყოს საბაბებზე, თითქოს არ ჰქონდათ საარჩევნო კამპანიის წარმოების საშუალება -შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა მისცა შესაძლებლობა იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც სურთ არჩევნებში მონაწილეობა, რომ არ იყოს საბაბებზე საუბარი, თითქოს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, საარჩევნო კამპანია ეწარმოებინათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტმა, პოლიტიკოსების სურვილის შემთხვევაში, მათი შეწყალების მზაობა გამოთქვა.

„მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაში იყო არგუმენტაცია ამასთან დაკავშირებით. ვხედავთ, რომ უკვე დაწყებულია თავდასხმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ვხედავთ, არის მცდელობა, ჩაიშალოს. მათ შორის იყო უცხოური დაფინანსების მცდელობები, რომ დაეფინანსებინა, მაგალითად, ბრიტანეთის საელჩოს ორგანიზაციები, რომლებსაც პირდაპირ თავიანთ მიზნად აქვთ გამოცხადებული არჩევნების ჩაშლა. შემდეგ სპეკულაციები რომ არ იყოს, პრეზიდენტის განმარტებით, მისცა შესაძლებლობა იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც სურთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. რომ არ იყოს საბაბებზე საუბარი, თითქოს არ ჰქონდათ შესაბამისი შესაძლებლობა, საარჩევნო კამპანია ეწარმოებინათ. თუკი აქვთ სურვილი, მათი შეწყალების მზაობა გამოთქვა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლის მცდელობები.

„ვთქვი, რომ იყო მცდელობა ბრიტანეთის საელჩოს მხრიდან, დაეფინანსებინათ ორაგნიზაციები, რომლებსაც პირდაპირ გაცხადებული მიზანი აქვთ, ჩაშლონ არჩევნები. ასევე, არიან ორანიზაციები – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, ნინო ლომაჯარიას „ენჯეო“, „საფარი“, ბაია პატარაიას „ენჯეო“, რომლებიც ეს დღეები პირდაპირ საჯაროდ აცხადებენ, რომ არჩევნების ბოიკოტი და საბოტაჟი უნდა იყოს. შეგახსენებთ, ეს ორგანიზაციები პირდაპირ ფინანსდებიან ევროკავშირის საელჩოსგან. ასე რომ, ევროკავშირის საელჩო დღესაც აფინანსებას ორგანიზაციებს, რომლებსაც გაცხადებული აქვთ მიზანი, ჩაშალონ თვითმმართველობის არჩევნები. ეს სკანდალი იქნებოდა, ამას რომ არ იყოს შეჩვეული ქართული საზოგადოება, რომ ევროკავშირის საელჩოდან ფინანსდებიან ადამიანები, ორგანიზაციები, რომლებიც სიძულვილის, პროპაგანდის გავრცელებასთან ერთად, ახლა უკვე კონკრეტულად კონცენტრირებული არიან ადგილობრივი არჩევნების ჩაშლაზე. ამაზე ღიად და ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ, რომ ის „ენეჯეოები“, რომლებიც ცდილობენ და უნდათ, ჩაშალონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ფინანსდებიან ევროკავშირის საელჩოდან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მიმართავს პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსებს, მიმართონ შეწყალების შესახებ განცხადებით, დაადასტურონ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი და დაუყოვნებლივ გამოსცემს შეწყალების აქტს.

 გადამდგარი ელჩის ინტერვიუ ჩვენთვის საინტერესო არ არის, ჩვენ შორის ვადამდე ვინ გადადგა, ყველა ხედავს, ასე რომ, ყველაფერი გასაგებია -შალვა პაპუაშვილი 

თავად პრეზიდენტ ტრამპის მიერ პროპაგანდისტობაში მხილებული „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს გადამდგარი ელჩის ინტერვიუს. არც ერთი, არც მეორე ჩვენთვის საინტერესო არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ აშშ-ის მოქმედ ელჩთან, რობინ დანიგანთან ჩაწერილი ინტერვიუს იმ ნაწილზე, სადაც დანიგანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ მას გაუგზავნა პირადი წერილი ტრამპის ადმინისტრაციისთვის. რობინ დანიგანის თქმით, ეს წერილი „იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში“.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „რადიო თავისუფლება“ თავად ტრამპის მიერ არის მხილებული, როგორც პროპაგანდისტული მედია, აქვს დაფინანსება შეწყვეტილი და ტრამპის სურვილია, საერთოდ დაიხუროს „რადიო თავისუფლება“, როგორც პროპაგანდისტული ინსტრუმენტი.

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ გადამდგარი ელჩის განცხადებებზე რაიმე კომენტარის გაკეთებას აზრი არ აქვს.

„შეგახსენებთ, რომ თავის დროზე „რადიო თავისუფლება“ შექმნა ცენტრალურმა სადაზვერვო სამსახურმა, სააგენტომ და მისი ბიუჯეტიდან ფარულად ფინანსდებოდა თავიდან. შემდეგ გარკვეული სხვა სქემები დალაგდა, თუმცა ეს არის ოფიციალურად პროპაგანდისტული მედია და მათი მხრიდან გადამდგარი ელჩის ინტერვიუს გავრცელებაზე ახლა ზედმეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ.

ჩვენ ორს შორის ვადამდე ვინ გადადგა, მგონი ცნობილია, ასე რომ, როგორც იტყვიან, ყველაფერი გასაგებია. ჩვენი ინტერესის სფერო არ არის, რომ გადამდგარი ელჩის ინტერვიუზე რაიმე კომენტარი ვაკეთო. გადამდგარი ელჩის განცხადებებზე რაიმე კომენტარის გაკეთებას აზრი არ აქვს და ჩვენი ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს. ჩვენს შორის ვადამდე ვინ გადადგა, მგონი, ყველა ხედავს, ასე რომ, ყველაფერი გასაგებია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„რადიო თავისუფლებამ“ აშშ-ის მოქმედ ელჩთან, რობინ დანიგანთან ჩაწერილი ინტერვიუს ნაწილი 6 ივლისს გაავრცელა. ინტერვიუში დანიგანი ასევე აცხადებს, რომ სურდა ბიძინა ივანიშვილთან პირისპირ შეხვედრა, რადგან ჰქონდა პასუხი აშშ-ის სახელმწიფო მდივნისგან, მარკო რუბიოსგან. მისივე თქმით, რუბიომ სთხოვა, ეს პასუხი ბიძინა ივანიშვილისთვის პირადად გადაეცა, თუმცა ივანიშვილისგან შეხვედრაზე უარი მიიღო.

დაინტერესებული მხარეები ეუთო-ს რეზოლუციას საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისა და ზოგადად საარჩევნო პროცესის დასაზიანებლად იყენებენ – ცესკო

დაინტერესებული მხარეები ეუთო-ს რეზოლუციას საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისა და ზოგადად საარჩევნო პროცესის დასაზიანებლად იყენებენ, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში.

როგორც ცესკო-ს განცხადებაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ არც ეუთო/ოდირ-ის მიერ პარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით გავრცელებულ ანგარიშში და არც ეუთო-ს რეზოლუციაში საუბარი არ არის არჩევნების გაყალბებაზე, კონკრეტული პირები მედიის საშუალებით კვლავ აკეთებენ მანიპულაციურ განცხადებებს, თითქოს არჩევნები გაყალბდა და ამას ადასტურებს ეუთო-ს რეზოლუცია.

„ეუთო-ს რეზოლუციაში, ისევე როგორც ეუთო/ოდირ-ის დასკვნაში, საუბარია მხოლოდ  გარკვეული სახის დარღვევებზე და არა არჩევნების გაყალბებაზე. აქვე უნდა ითქვას, თუ ჩვენ გადავხედავთ სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშებს, ცხადად ვნახავთ, რომ დარღვევებზე/ხარვეზებზე საუბარი ყველგან გვხვდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ისინი არ ახდენდნენ გავლენას არჩევნების შედეგებზე. საქართველოში გამოვლენილ ხარვეზებს გავლენა არ მოუხდენია მთავარზე – ამომრჩევლის მიერ გაკეთებულ არჩევანზე და არჩევნების შედეგებზე. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებამ მედიის საშუალებით თავადაც ნახა ეუთო-ს გენერალური მდივნის განცხადება ეუთო-ს ასამბლეაზე, რომ მოსახლეობის ნება ასახულია არჩევნების შედეგში. ამასთან, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეუთო-ს რეზოლუციაში არჩევნებთან დაკავშირებით ასახული მოსაზრებები ეწინააღმდეგება ეუთო/ოდირ-ის ანგარიშის მიგნებებს.

გვინდა, საზოგადოებას შევახსენოთ ეუთო/ოდირ-ის დასკვნა, რომლითაც არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში (90% და მეტი) საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა შეფასდა დადებითად. ხაზგასმულია, რომ საარჩევნო ელექტრონული აპარატების 99%-მა იმუშავა გამართულად, ხმის მთვლელი აპარატის შედეგები კი ემთხვეოდა ხელით დათვლილ შედეგებს. პოზიტიურად არის შეფასებული საარჩევნო ადმინისტრაციის გამჭვირვალობის პოლიტიკა და მის მიერ განხორციელებული მთელი რიგი საქმიანობები. ხაზგასმულია, რომ ამომრჩეველთა სიის ფორმირების პროცესი იყო ინკლუზიური და დამკვირვებელთა უმრავლესობას არ გამოუთქვამს მნიშვნელოვანი შენიშვნები საარჩევნო სიების სიზუსტესთან დაკავშირებით. აღნიშნულია, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და ცესკო-ს მხრიდან პარტიების რეგისტრაციის პროცესი ინკლუზიურად წარიმართა.

აღსანიშნავია, რომ ეუთო/ოდირ-ის დასკვნაში გამოთქმულია გარკვეული წუხილები და რეკომენდაციები საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, როგორც ეს ძირითადად სხვადასხვა ქვეყნის შემთხვევაშიც გვხვდება, დამახასიათებელია საარჩევნო პრაქტიკისთვის და არცერთ შემთხვევაში არ წარმოადგენს არჩევნების ლეგიტიმურობის უგულებელყოფის საფუძველს, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც დასკვნაში არჩევნების გაყალბებაზე საუბარი არ არის.

ეს ყველაფერი კი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე მოქმედებენ, საკუთარი პოზიციების გასამყარებლად ეუთო-ს ანგარიშებით სპეკულაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.

საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად რამდენიმე დღის წინ ნინო ლომჯარიას მიერ გაკეთებული განცხადებაც, რომლითაც ამტკიცებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. საზოგადოებას, გვინდა, შევახსენოთ, რომ ქალბატონი ლომჯარია აღნიშნულ არჩევნებს სადამკვირვებლო ორგანიზაციის, „ჩემი ხმის“ სახელით აკვირდებოდა, რომელმაც არჩევნების შემდგომ არაერთი დეზინფორმაცია გაავრცელა. ორგანიზაციის წარმომადგენლები საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ ამ არჩევნებზე მრავალჯერად ხმის მიცემას ჰქონდა ადგილი, თუმცა ამის დამადასტურებელი ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს. როგორც სამართლებრივი, ისე საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა მოითხოვს, რომ ასეთ მძიმე ბრალდებებს თან ახლდეს დამაჯერებელი და გადამოწმებადი მტკიცებულებები, რასაც ამ შემთხვევაში არ ჰქონია ადგილი და ვერც ექნებოდა. შესაბამისად, ფაქტია, რომ მათი, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციის ქმედება ცდება ობიექტური შეფასების ფარგლებს და ემსახურება არა საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებას, არამედ საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებას და დეზინფორმაციის გავრცელებას.

ცესკო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მზად არის ითანამშრომლოს ყველა იმ ორგანიზაციასთან, რომელიც საქმიანობს მიუკერძოებლად, კანონიერად და ობიექტურად. ამავდროულად, მკაცრად გმობს ყველა მცდელობას, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიული პროცესების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას  და არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის ხელყოფას. საარჩევნო ადმინისტრაცია უპასუხოდ არ დატოვებს არცერთ უსაფუძვლო განცხადებას და საზოგადოებას მიაწვდის გადამოწმებულ და ობიექტურ ინფორმაციას“, – აღნიშნულია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში.

7 ივლისს იოანე ნათლისმცემლის შობა აღინიშნება

7 ივლისს (ძველი სტილით, 24 ივნისს) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობას აღნიშნავს. იესო ქრისტეს წინამორბედი იოანე ნათლისმცემელი უდიდესი წინასწარმეტყველი იყო, რომელმაც ძველი აღთქმის ეპოქა დაასრულა და უფლის განკაცება დაამოწმა.

მღვდელმსახურ მართალ ზაქარიას გაბრიელ მთავარანგელოზმა აუწყა ვაჟის დაბადება. ანგელოზმა ისიც აუწყა, რომ ყრმისთვის იოანე ეწოდებინა.

სასწაულებრივი იყო მისი გადარჩენა ჰეროდეს მიერ ყრმათა ჟლეტის დროს, მთა გაიხსნა და დაფარა მართალი ელისაბედი და ყრმა, მომავალი უდიდესი წინასწარმეტყველი. მამა საკურთხეველში მოუკლეს, მალე დედაც გარდაეცვალა და ანგელოზები ზრდიდნენ მომავალ ნათლისმცემელს…

ნათლისმცემელი ბავშობიდანვე უდაბნოში იზრდებოდა, მარხვითა და ლოცვით ემზადებოდა ღვთის სათნო მსახურებისათვის. ცხოვრობდა უდაბნოში (ძველი აღთქმის წინასწარმეტყველის ელიას მსგავსად), ამხელდა საზოგადოების ბიწიერებას და მოუწოდებდა მონანიებისაკენ. მონათლა მრავალი ებრაელი, რომლებიც მის წინაშე ცოდვებს აღიარებდნენ და მოუწოდებდა: „შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაი”.

იოანემ მისკენ მოსანათლად მიმავალი უფალი შორიდანვე იცნო, იორდანეზე მონათლა ქრისტე და ნათელს თავადაც ეზიარა.
იოანე ნათლისმცემელი ჰეროიდე I-ის (I საუკუნის I ნახევარი) თანამედროვე იყო. ჰეროდემ თავისი საყვარლის. ჰეროდიადას საამებლად იოანე ნათლისმცემელი საპყრობილეში ჩასვა, შემდეგ კი თავი მოაკვეთინა.

ღვთისმშობლის შემდეგ იოანე ნათლისმცემელი უდიდესი მეოხია ღვთის წინაშე.

იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღეებია: ნათლისღება – 19 იანვარი, შობა – 7 ივლისი და თავის კვეთა – 11 სექტემბერი.

 მიხეილ სააკაშვილი საერთოდ სხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა საკუთარი ფეხით ციხეში ჩასაჯდომად, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა რუსეთში წასულიყო -ეკა ხერხეულიძე

მიხეილ სააკაშვილი საერთოდ სხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა საკუთარი ფეხით ციხეში ჩასაჯდომად, იმიტომ რომ ეს ქვეყანა რუსეთში არ წასულიყო,- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ხერხეულიძემ გადაცემაში “პოზიცია-LIVE”.

ხერხეულიძის თქმით, ყველა აღნიშნავს, რომ ოპოზიციის ლიდერები საკუთარი ფეხით წავიდნენ ციხეში და როგორი ვაჟკაცები არიან ისინი, ხოლო ამ დროს მიხეილ სააკაშვილმა აირჩია ჯოჯოხეთური გზა, სამი დღე და ღამე იმგზავრა ტრაილერში ჩაკეტილმა საკუთარი ქვეყნის გადასარჩენად და ისე წავიდა ციხეში.

„კიდევ გეუბნები, ის არ არის ჩემი ოჯახის წევრი, მე მინდა სწორი შეფასება, იმიტომ რომ გამოსავალი მალე ვიპოვო, ამ ქვეყანამ იპოვოს მალე. მიშა სააკაშვილი, ჯერ ეს ერთი არ არის ადამიანი, რომელთანაც ისე ახლოს იქნები, მეგობრული თვალსაზრისით გეუბნები, საჭირბოროტო, საყოველთაო საკითხებს შენს სასარგებლოდ გადაწყვეტს. არ აინტერესებს ამ ადამიანს, მასში ეს ხიბლი არ არის. მას ჰყავს საქმის პარტნიორები ქვეყნის შენების გზაზე, აკეთებს საქმეს ხარ მისი მოკავშირე, ხარ მისი მეგობარი. დაუშავებ ამ საქმეს რამეს, საერთოდ დაავიწყდება ოდესმე თუ გიცნობდა. თუ ვინმე მიხეილ სააკაშვილს იცნობს, მისი ფსიქოტიპი არის ასეთი. ამიტომ, მე რამე პერსონალური არ გამაჩნია, კიდევ გეუბნებით, ყველა აღნიშნავს, რომ: “ეს ადამიანები საკუთარი ფეხით წავიდნენ ციხეში და რა ვაჟკაცები არიან”. იმან [მიხეილ სააკაშვილმა] რა გზა გამოიარა?! – ტრაილერში ჩაკეტილი სამი დღე და ღამე. ტრაილერით შემოვიდა ყოფილი პრეზიდენტი, როდესაც წამოვიდა იყო იმ დიდი ქვეყნის პრეზიდენტის მრჩეველი. აირჩია ეს ჯოჯოხეთური გზა, შემოვიდა ქვეყანაში და რა იყო ეს ქვეყანა, ან უშველიდა ამ ქვეყანას და გადაარჩენდა გარუსებისგან, ან მოხვდებოდა ციხეში, ან მოკლავდნენ. მოხვდა ციხეში, საკუთარი ნებით გაიარა ეს გზა, ესეც კი გვემეტევა ვთქვათ, რომ თითქოს ექსტრადირება მოხდა მიხეილ სააკაშვილის ამ ხელისუფლებას გადმოსცა თითქოს რომელიმე ქვეყანამ”, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

 

 “ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა” – შსს თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

 

საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ ცეცხლნასროლი ჭრილობით შეყვანილი იქნა თორნიკე რიჟვაძე, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის დაწყებული, – ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი.

„2025 წლის 7 ივლისს, საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით ერთი პირია დაკავებული“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

7 ივლისს ქუთაისში დღისით +31 და ღამით +20 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან და უნალექო ამინდს ვარაუდობენ.

ოზურგეთშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18. ბათუმშიც მზიანი დღეა. დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი ამინდია ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +29, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიანი ამინდია სოხუმში. +28 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო ამინდს ვარაუდობენ, დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც მზიანი ამინდი იქნება, ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში, დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეშიც მზიან დღეს ვარაუდობენ. დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც უნალექო დღეა, +28 იქნება დღისით, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +30 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, ჰაერის ტემპერატურა +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება.

ომალოში ნალექიან ამინდს ელოდებიან, დღისით +15, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზეა. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი დღე იქნება თელავში, +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმას ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღშიც იწვიმებს. დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში უნალექო დღეა. დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში უნალექო და მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.