Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

როგორ შეუძლია ირანს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება, როდესაც ის არასოდეს წასულა? – აბას არაღჩი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მსოფლიო ლიდერების განცხადებებს უპასუხა, რომლებმაც თეირანს აშშ-სთან და ისრაელთან მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდეს.

სოციალურ ქსელში X აბას არაღჩიმ დაწერა, რომ ისრაელმა და აშშ-მა დიპლომატიის „აფეთქება გადაწყვიტეს.

„ბრიტანეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლებს ვეკითხები. როგორ შეუძლია ირანს იქ დაბრუნება, საიდანაც არასოდეს წასულა?“, – წერს არაღჩი.

მანამდე, მოლაპარაკებების განახლებისკენ ირანს დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და ევროკავშირის ლიდერებმა მოუწოდეს.

აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა. გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში (IAEA) განაცხადეს, რომ აშშ-ის მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის შემდეგ, ადგილზე რადიაციის დონე არ გაზრდილა.

„გახარია-საქართველოსთვის“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარიას მეორედ დაბარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე მეორედ დაბარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გიორგი გახარიას ე.წ. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე მეორედ, 2025 წლის 23 ივნისის სხდომაზე დაბარებასთან დაკავშირებით, ჩორჩანას საკითხზე.

როგორც იცით, გიორგი გახარია ერთხელ უკვე წარსდგა კომისიის წინაშე 2025 წლის 14 აპრილის სხდომაზე, რომელიც 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კომისიას ორჯერ წერილობით ეცნობა, რომ გიორგი გახარია ამჯერადაც მზადაა, მონაწილეობა მიიღოს სხდომაში, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ის იმყოფება საზღვარგარეთ, წინასწარ დაგეგმილი ვიზიტით, გამოთქვა მზაობა, სხდომაში მონაწილეობა მიიღოს დისტანციურ, ე.წ. “ონლაინ” რეჟიმში, რასაც ერთი მხრივ, კომისიის დებულება ითვალისწინებს, მეორე მხრივ – ერთხელ უკვე თავად კომისიის მიერ იყო შემოთავაზებული აპრილში, პირველი მიწვევის ფარგლებში.

მიუხედავად ამისა, კომისიისგან 22 ივნისს ოფიციალურად გვეცნობა, რომ კომისია უარს აცხადებს გიორგი გახარიას დისტანციურად გამოკითხვაზე და დაჟინებით ითხოვს ორშაბათს, 23 ივნისს სხდომაზე მის ფიზიკურ გამოცხადებას, რასაც არ აქვს არავითარი ობიექტური ახსნა, თუ საგამოძიებო კომისია რეალურად ჩორჩანას საკითხზე მისი მოსმენით არის დაინტერესებული.

გიორგი გახარია, კიდევ ერთხელ, ადასტურებს მზაობას, ესაუბროს კომისიას ჩორჩანას საგუშაგოს საკითხზე, დისტანციურად, სანამ საქართველოში დაბრუნდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სახიფათო ომი დაიწყო – ირანის ლეგიტიმური უფლებაა, სრულად და მტკიცედ დაუპირისპირდეს აშშ-ის სამხედრო აგრესიას – ირანის საგარეო უწყება

აშშ-მა, ბირთვულ ობიექტებზე დარტყმით, ირანის წინააღმდეგ სახიფათო ომი დაიწყო, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.

„მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს, რომ დიპლომატიური პროცესის შუაგულში სწორედ შეერთებულმა შტატებმა უღალატა დიპლომატიას. აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სახიფათო ომი დაიწყო“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების მტკიცებით, აშშ-ის თავდასხმები გაერო-ს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა და რომ „ამ საზარელი დანაშაულის მძიმე და სავალალო შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა“ აშშ-ის მთავრობას ეკისრება.

„ირანის ლეგიტიმური უფლებაა, სრულად და მტკიცედ დაუპირისპირდეს აშშ-ის სამხედრო აგრესიას და ამ არაკეთილსინდისიერი რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებს და დაიცვას ირანის ეროვნული უსაფრთხოება და ინტერესები ყველა საჭირო საშუალებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ირანის საგარეო უწყება მოუწოდებს გაერო-ს და მის სხვადასხვა ორგანოებს, მათ შორის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, რომ ,„სასწრაფოდ უპასუხონ უკანონობის ამ აშკარა და დანაშაულებრივ ქმედებას“.

უწყება გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიმართავს, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმების დაგმობის მიზნით საგანგებო სხდომა ჩაატაროს.

სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) და საგამოძიებო სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, ზუგდიდში მცხოვრები, 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ბ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირისგან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“-ს შემცველი გრანულები, ფხვიერი მასა და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – აღინიშნება უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე განაჩენი 3 ოპოზიციონერის – ზურაბ ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეებზე ხვალ გამოცხადდება

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე 23 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში განაჩენი 3 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეებზე გამოცხადდება.

როგორც ცნობილია, არც ერთი მათგანი მათ მიმართ განაჩენის გამოცხადებას არ დაესწრება.

პირველი განაჩენი დადგება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ. მისი სხდომა 10:30 საათზეა დანიშნული. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გასული სხდომა სწორედ ბრალდებულის საბოლოო სიტყვის ეტაპზე გადადო, თუმცა, პოლიტიკოსის პოზიცია ცნობილია, ის სასამართლოს და მოსამართლეს უნდობლობას უცხადებს, რის გამოც სხდომაზე არ გამოცხადდება და არც მისთვის მინიჭებული საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებს.

„ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის საქმეზე განაჩენი 15:00 საათზე, მისივე თანაგუნდელის, ბადრი ჯაფარიძის საქმეზე კი 17:00 საათზე გამოცხადდება. აქაც მოსამართლე ზვიად შარაძემ სხდომა ბრალდებულების საბოლოო სიტყვის ეტაპზე გადადო. თუმცა, მათი პოზიციაც ცნობილია, ისინი არც საბოლოო სიტყვას იტყვიან და არც სხდომაზე მისვლას აპირებენ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად სულ 9 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დაიბარეს, მათგან საკანონმდებლო ორგანოში მისვლაზე უარი 8 პირმა განაცხადა, გამონაკლისი მხოლოდ ყოფილი შს მინისტრი გიორგი გახარიაა, შესაბამისად, მას ამ საქმეზე ბრალდება წარდგენილი არ აქვს. რაც შეეხება დანარჩენ პოლიტიკოსებს, მათ აღნიშნულთან დაკავშირებით ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა, რის გამო, ის 22 ივნისს, სხდომათა დარბაზში დააკავეს.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს კი, აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-50 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული, რაც მათ კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადეს.

განაჩენი გამოსაცხადებელი დარჩება 5 პოლიტიკოსის – გიორგი ვაშაძის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, გივი თარგამაძისა და ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ.

ვაშაძეს განაჩენს 24 ივნისს, 10:00 საათზე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი დაუყენებს.

აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები B-2 ტიპის ბომბდამშენების გამოყენებით, GBU-57A/B ბომბებით დაბომბა – CNN

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმების დროს აშშ-ის საჰაერო ძალების B-2 ტიპის ბომბდამშენები გამოიყენეს.

CNN-ი წერს, რომ B-2 Spirit აშშ-ის საჰაერო ძალების უმაღლესი დონის ბომბდამშენია.

ტელეკომპანია განმარტავს, რომ ოთხძრავიან B-2-ს შეუძლია იყოს აღჭურვილი ბირთვული ან ჩვეულებრივი იარაღით, მას ორკაციანი ეკიპაჟი მართავს, აქვს 40 000 ფუნტი [20 ტონა] ტვირთამწეობა და შეუზღუდავი დიაპაზონი საჰაერო საწვავის შევსებით.

აშშ-ის საჰაერო ძალების ინვენტარში მხოლოდ 20 B-2 ტიპის თვითმფრინავია, რომლებიც მისურის შტატში, უაითმენის საჰაერო ძალების ბაზაზეა განლაგებული.

თითოეული ბომბდამშენის ღირებულება, დაახლოებით, 2 მილიარდი დოლარია.

ამასთან, CNN-ს ოპერაციასთან დაკავშირებულმა ორმა წყარომ განუცხადა, რომ აშშ-მა ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმების დროს მასიური საბრძოლო მასალის შეღწევადობის (MOP) ბომბი – GBU-57A/B – გამოიყენა, რომელიც „ბუნკერის ამფეთქებლის“ სახელითაა ცნობილი.

B-2 აშშ-ის ინვენტარში ერთადერთი თვითმფრინავია, რომელსაც GBU-57A/B-ის გადატანა შეუძლია.

საქართველოს საპატრიარქო გაფართოებული სონოდალური კომისიის დასკვნას აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქო გაფართოებული სონოდალური კომისიის დასკვნას აქვეყნებს.

როგორც დასკვნაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის 19 ივნისს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს ეკლესიის გაფართოებული სინოდალური კომისიის სხდომა.

„სინოდალური კომისიის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგისთან (ჯამდელიანი) დაკავშირებული ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ.

მოსმენილის საფუძველზე, გაფართოებულმა სინოდალურმა კომისიამ შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, რომ, საქმესთან დაკავშირებულ სხვა დეტალებში გარკვევამდე, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საეპისკოპოსო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 6 ივნისს გამოტანილი განაჩენი შეჩერდეს“, – აღნიშნულია დასკვნაში.

22 ივნისის ამინდის პროგნოზი

სინოპტიკოსების ცნობით, 22 ივნისს საქართველოში უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ზოგიერთ ქალაქში კი, წვიმას პროგნოზირებენ. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში მზიანი ამინდია ნავარაუდევი.

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:

გაგრა +22 – მზიანი

სოხუმი +24 – უმეტესად ღრუბლიანი 

ზუგდიდი +24 – უმეტესად ღრუბლიანი 

მესტია +18 – უმეტესად ღრუბლიანი 

ფოთი +23 – უმეტესად ღრუბლიანი 

ბათუმი +23 – წვიმა 

ოზურგეთი +23 – წვიმა

ქუთაისი +23 -წვიმა 

ამბროლაური +21 – უმეტესად ღრუბლიანი 

ახალციხე +21 – უმეტესად ღრუბლიანი 

ბორჯომი +17 – უმეტესად ღრუბლიანი 

ბაკურიანი +15 – უმეტესად ღრუბლიანი 

გორი +24 – უმეტესად ღრუბლიანი 

ცხინვალი +21 – უმეტესად ღრუბლიანი 

სტეფანწმინდა +15 – წვიმა 

გუდაური +14 – უმეტესად ღრუბლიანი 

თელავი +26 – მზიანი 

რუსთავი +29 – უმეტესად მზიანი

თბილისი +27 – უმეტესად მზიანი

22 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეს დღე მნიშვნელოვანი ცვლილებებითა და მოულოდნელი უსიამოვნებით დაგამახსოვრდებათ. გირჩევთ გადაწყვეტილების მიღებამდე სიტუაცია ყურადღებით შეისწავლოთ. ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობა ახალ იდეებს შთაგაგონებთ. გამორიცხული არ არის, რომ ძველი სიყვარული დაგიბრუნდეთ.

კურო

ეს დღე უახლოეს ხანებში თქვენს ქმედებებს განსაზღვრავს. სახლში ბევრი საქმე გელით და ზოგადად, ბინის რემონტისა და ინტერიერის შეცვლისთვის ხელსაყრელი დროა. ფრთხილად იყავით მანქანის მართვის დროს.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა ბავშვის ჩასახვისა და ინტიმური ურთიერთობისთვის, მაგრამ ცუდია დიდი შესყიდვებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ საქმე, რომლის დაწყებასაც გეგმავთ, მაქსიმალურ სიმშვიდეს მოითხოვს. სასჯელს მიიღებთ თუ ჯილდოს, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.

კირჩხიბი

ეს დღე წარმატებულ პაემანს და მხიარულ წვეულებას გპირდებათ. ბევრი კირჩხიბი საბოლოოდ იპოვის იმას, რასაც დიდი ხანია ეძებს. სხვადასხვა ბიზნესგარიგებაში წარმატება გელით.

ლომი

ნუ იქნებით ზედმეტად თავდაჯერებული, თორემ შეიძლება ფინანსურად დაზარალდეთ. ამ დღეს შინაური ცხოველები ვეტერინართან არ უნდა მიიყვანოთ. თუ შესაძლებელია, ეს ვიზიტი რამდენიმე დღით გადადეთ. ნუ აჩქარდებით – ეს დღე რადიკალური ცვლილებებისთვის არახელსაყრელია.

ქალწული

მშვიდი და პასიური დღეა. თქვენი პირდაპირობა და გულწრფელობა ნებისმიერ გაუგებრობას გააქრობს. ამ დღეს დაგეგმილი შეხვედრები თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გაუქმდება. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას საფრთხე ელის – ეცადეთ, მშვიდად და წინდახედულად იმოქმედოთ.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა თვითგანათლებისა და ზოგადი მსოფლმხედველობის გასაფართოებლად. დღეისთვის, თუ შესაძლებელია, მივლინება რამდენიმე დღით გადადეთ. ამ დღეს უსიამოვნო საუბრისგან თავის დაღწევას ვერ შეძლებთ. გამორიცხული არ არის, რომ ძველი სიყვარული დაგიბრუნდეთ.

მორიელი

ამ დღეს შეგიძლიათ ბიზნესში წარმატების იმედი გქონდეთ. ეცადეთ, საკუთარი მიზნები და ამოცანები უფრო ნათლად გამოხატოთ. დიდი ალბათობით, ეს დღე საშუალებას მოგცემთ, რომ პარტნიორთან შეთანხმებას მიაღწიოთ. ფრთხილად იყავით მანქანის მართვის დროს.

მშვილდოსანი

არახელსაყრელი დღეა უფროსი თაობის ადამიანებთან ურთიერთობისთვის – მშობლებს თქვენი არჩევანი არ მოსწონთ და მათ დარწმუნებას აზრი არ აქვს. საქმე, რომელიც სრულიად უიმედო გეგონათ, ნაყოფს გამოიღებს. საყვარელი ადამიანის ახლობლები რჩევისა და დახმარებისთვის მოგმართავენ და ეცადეთ იმედი არ გაუცრუოთ.

თხის რქა

ეს დღე ძლიერი ნებისყოფის თვისებებს შეგმატებთ, რაც უამრავი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. ტყუილად ნერვიულობთ, წარუმატებლობა ხანმოკლე იქნება. გამორიცხული არ არის ჯანმრთელობის პრობლემები. პირველ რიგში, ეს მათ ეხებათ, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს. შესაძლოა, სხვადასხვა ბიზნესგარიგებებიდან სასურველი შემოსავალი მიიღოთ.

მერწყული

ეს დღე თამამი იდეების განხორციელებაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, საკუთარ ცხოვრებაში რაღაცის შეცვლის სურვილი გაგიჩნდეთ, მაგრამ გირჩევთ გადაწყვეტილების მიღებამდე რჩევა ახლობელ ადამიანებს ჰკითხოთ.

თევზები

ამ დღეს საქმიანი შეხვედრების დაგეგმვას უნდა მოერიდოთ. საყვარელ ადამიანთან შეხვედრა უჩვეულოდ ვნებიანი იქნება. მოგებიანი ბიზნესშეთავაზება გელით, რომელზედაც უარი არ უნდა თქვათ. საყვარელ ადამიანთან ეცადეთ, მშვიდად და წინდახედულად იმოქმედოთ.

,,ზანგეზურის დერეფანი არ იქნება, იქნება „მშვიდობის გზაჯვარედინი”- ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანმა განმარტა, რომ ეს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემას ნიშნავს.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის მტკიცებით, თურქეთისთვის შუა დერეფნის დღის წესრიგი მნიშვნელოვანია.

ფაშინიანის განცხადებით, „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტის ერთ-ერთი მახასიათებელი ის არის, რომ ის სრულად შედის შუა დერეფანში, რომელსაც თურქეთი იცავს და ხელს უწყობს.

„ჩემთვის აშკარაა, რომ „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტი შეიძლება იყოს „შუა დერეფნის“ პროექტის ნაწილი და ის ამ ლოგიკაში ჯდება. სომხეთის გვერდის ავლით გადაადგილება თუ სურთ, კეთილი, გადაადგილდნენ. ეს ცუდია? ჩვენ თვითონ ვთავაზობთ ამას „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტის ფარგლებში”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ამავდროულად, ფაშინიანმა ყველას მოუწოდა, მზად იყვნენ იმისთვის, რომ „მშვიდობის გზაჯვარედინის“ გახსნის შემდეგ აზერბაიჯანი ზანგეზურის დერეფნის გახსნის შესახებ განაცხადებს.

,,თავს დამნაშავედ არ ცნობს, რადგან, ბრალად წარდგენილი ქმედება არ ჩაუდენია ”- რომეო მიქაუტაძის ადვოკატი

ეკონიმიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბროტად გამოყენებასა და უკანონო შემსავლის ლეგალიზაციას ედავებიან, ბრალს არ აღიარებს.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის დატოვების შემდეგ დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატმა, ბექა ნემსიწვერიძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მას „ყველა თეთრის დასაბუთება შეუძლია“.

„ის თავს დამნაშავედ არ ცნობს, იქიდან გამომდინარე, რომ მას ბრალად წარდგენილი ქმედება არ ჩაუდენია. იმისათვის, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზება სახეზე გვქონდეს, მისი ქონება, რომლის ლეგალიზებასაც ედავებიან, უკანონოდ უნდა იყოს მოპოვებული. ის მზად არის დაადასტუროს და დაასაბუთოს მისი ქონება ბოლო თეთრამდე, ის ამის მზაობას მანამდეც გამოხატავდა, თუმცა, სამწუხაროდ, საგამოძიებო ორგანო მისი ჩვენებით არ დაინტერესდა, ის ისე დააკავეს, არც კი გამოუკითხავთ, რომ მას საშუალება მისცემოდა, მისი პოზიცია აეხსნა იმ ბრალდებებთან, ეჭვებთან დაკავშირებით, რაც საგამოძიებო ორგანოს გააჩნდა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ისინი შიშობდნენ, რომ მისი ჩვენებით და მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით, მათ ეს აბსურდული ბრალდება ჩამოეშლებოდათ, რაც მას დღეს წარედგინა.

ჩინოვნიკობამდე რომეო მიქაუტაძე მრავალი წლის განმავლობაში წარმატებულ სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა და საკმაოდ სოლიდური ქონება დააგროვა, ის შესაბამის დოკუმენტაციას წარმოადგენს, ჩვენ სასამართლოს დავუმტკიცებთ, რომ ბრალდება, რომელიც მას წარედგინა, აბსურდული და უკანონოა“, – აცხადებს ნემსიწვერიძე.

კითხვაზე, თუკი, მის მიერ მოპოვებული ქონებები კანონიერი იყო, სხვაზე რატომ აფორმებდა მათ, ადვოკატმა უპასუხა, რომ ეს ქმედება დანაშაული არ არის.

„ოჯახის ქონება მათ შორის, არის მისი თანასაკუთრება, თუმცა, საჯარო მოხელემ არ შეიძლება ეს ქონება მის სახელზე დაირეგსიტრიროს, აქედან გამომდინარე, მისი ოჯახის სხვა წევრზე იყო გაფორმებული, ამაში დანაშაული არაფერი არ არის. მისი ოჯახის წევრებს შეუძლიათ დაადასტურონ ამ ქონების წარმომავლობა, რომ ეს ქონება კანონიერი საქმიანობის შედეგად არის მოპოვებული, როგორ დაასაბუთებს, ამას სასამართლოზე მოისმენთ“, – აცხადებს ადვოკატი.

კითხვაზე, დაარღვევს თუ არა ბრალდებული დუმილს სასამართლოში, ნემსიწვერიძე პასუხობს, რომ „მიქაუტაძე არ დუმს და მისთვის, არც არავის უკითხავს რამე“.

ასევე, იმ ფაქტთან დაკავშირებით, გამოიკითხნენ თუ არა თანამდებობის პერიოდში მისი ხელმძღვანელები, მათ შორის, ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, ადვოკატი აცხადებს, რომ ეს ჯერ არ იცის.

„სულ 5 წუთის წინ გადმომეცა დოკუმენტაცია, არ ვიცი ვინ არის გამოკითხული და ვინ – არა, როცა საქმის მასალებს გავეცნობი, შემდეგ შევძლებ დეტალურად ვუპასუხო თქვენს შეკითხვებს“, – განაცხადა ნემსიწვერიძემ.

ცნობისთვის, რომეო მიქაუტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. უწყების ცნობით, მიქაუტაძე თანამდებობრივ გავლენას, სანაცნობო წრესა და გამოცდილებას პირადი სარგებლის მიღების მიზნით უკანონოდ იყენებდა ენერგეტიკულ სფეროში სხვადასხვა პირისთვის არამართლზომიერი უპირატესობის მისანიჭებლად. ამ პირებისთვის უკანონო დახმარების გაწევის სანაცვლოდ კი ის მათგან ენერგოკომპანიებში (ჰესებში) საწარმოს წილებს იღებდა, რომელთა რეალური მესაკუთრე თვითონ იყო, ხოლო წილები ოფიციალურად თავისი ნდობით აღჭურვილ პირებზე ჰქონდა გაფორმებული.

უწყების ცნობითვე, მიქაუტაძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაღალ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, სამსახურებრივ უფლებამოსილებას სისტემატურად ბოროტად იყენებდა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

სუს-ის ინფორმაციით, ზემოაღნიშნული უკანონო საქმიანობის შედეგად მიქაუტაძის ოჯახის ქონებრივი მდგომარეობა შესაბამის თანამდებობებზე მისი განწესების შემდეგ მილიონობით ლარით გაიზარდა.

უწყების ცნობით, გამოვლენილია ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მდებარე საცხოვრებელი ბინის ზემოაღნიშნული უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლით 600 000 ევროდ შეძენის ფაქტი. ამასთანავე, მან, მის მიერ მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონების წარმოშობის წყაროს დამალვისა და შენიღბვის მიზნით, მილიონ ლარამდე ღირებულების მქონე 2 ერთეული ავტომობილი მისი და თავისი ოჯახის წევრის ნდობით აღჭურვილ პირებზე გააფორმა.

სუს-ის განმარტებით, გამოძიების პროცესში კიდევ უფრო დაზუსტდება როგორც მიქაუტაძის მიერ შემოსავლების უკანონო გზებით მიღების გარემოებები, ისე ამ შემოსავლების ლეგალიზაციის ეპიზოდები.

რომეო მიქაუტაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას“.

 რომეო მიქაუტაძეს ბრალდება წარედგინა – საქართველოს პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს ბრალდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარედგინა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 2017 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში იკავებდა რა სხვადასხვა უწყებაში მაღალ თანამდებობებს, სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

2021 წელს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და ავტორიტეტი და საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, გამორჩენის მიღების მიზნით, დაეხმარა ერთ-ერთ კომპანიას მის მიერვე დაფუძნებული შპს-ს სხვა კომპანიისთვის 4 400 000 აშშ დოლარად მიყიდვაში, რის სანაცვლოდაც აღნიშნული კომპანიისგან მიიღო დაახლოებით 400 000 აშშ დოლარი.

ბრალდებულმა კორუფციული საქმიანობის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, რომლის ლეგალურ წარმომავლობასაც ვერ დაასაბუთებდა, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად განახორციელა შემდეგი ქმედებები: 2023 წელს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის ოჯახმა, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, 120 კვ.მ. ბინის შესაძენად, საქართველოს ბანკიდან გადარიცხა 599 955 ევრო. აღნიშნული თანხა გადაირიცხა ბრალდებულის მეუღლის საბანკო ანგარიშიდან, რაც მას 2023 წლის 26 ივნისს აქვს შეტანილი ნაღდი ფულის სახით მის ანგარიშზე. ვინაიდან აღნიშნული 600 000 ევროს ( 1 713 600 ლარის) ლეგალური გზით წარმომავლობა ბრალდებულს და მის მეუღლეს არ უფიქსირდებოდათ, აღნიშნული თანხის გაურკვეველი წარმოშობის შენიღბვის მიზნით, ბრალდებულსა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების შეთანხმების შედეგად, დამზადდა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით თითქოს, ბრალდებულის მეუღლის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაში 600 000 ევრო უნდა გადაეხადა ხელშეკრულებაში მყიდველად ფიქციურად დაფიქსირებულ პირს, ბრალდებულის მეგობრის პენსიონერ დედას. რეალურად კი, ბრალდებულის ოჯახს ეს ქონება არ გაუსხვისებია და ხელშეკრულების მიზანი იყო მხოლოდ ესპანეთში გადასარიცხი თანხის წარმომავლობის შენიღბვა.

ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, ზემოაღნიშნული კორუფციული საქმიანობის შედეგად მიღებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისათვის წარმოშობის წყაროს დამალვის და შენიღბვის მიზნით, შეძენილი აქვს ორი ავტომანქანა, 2023 წელს გამოშვებული MERCEDES BENZ G 63 AMG და 2023 წელს გამოშვებული LAND ROVER RANGE ROVER, რომელთა ღირებულებაც ჯამში 842 592 ლარს შეადგენს. აღნიშნული ავტომანქანები ფორმალურად გააფორმა მისი და მისი მეუღლის ნდობით აღჭურვილ პირებზე.

გამოძიების ამ ეტაპზე დგინდება, რომ ხსენებული მეთოდებით ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განახორციელა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია.

სამართალდამცველებმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

საგამოძიებო უწყების ცნობით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საქმეზე გამოძიება გრძელდება.