Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება -თბილისის მერია

ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 2 ივნისიდან 5 ივნისის ჩათვლით მგზავრებს ვერ მოემსახურება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში საბაგირო გზაზე განხორციელდება გეგმიური სამუშაოები.

„კერძოდ, საბაგირო გზის მზიდი, გამწევი და კუდის ბაგირების მაგნიტურ-ინდუქციურ დეფექტოსკოპიური კვლევა, ბაგირის ჩამაგრების ქუროების შემოწმება და აკრედიტებული ორგანოს მიერ საბაგირო გზის ტექნიკურ ინსპექტირება. გარდა ამისა, მომსახურე პერსონალს საევაკუაციო სწავლება ჩაუტარდება. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის“,- აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

 ბავშვების კეთილდღეობა, მათთვის კარგი განათლებისა და ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა ჩვენი მთავრობის ყოველდღიური საზრუნავია, ყველა ბავშვს ვუსურვებ ჯანმრთელობას, ლაღ და უზრუნველ ბავშვობა -ირაკლი კობახიძე 

ყველა ბავშვს მთელ მსოფლიოში ვუსურვებ მშვიდობას, ეს ის აუცილებელი წინაპირობაა, რომლის გარეშეც არ არსებობს განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

პრემიერ-მინისტრი ყველა ბავშვს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს.

„პირველ რიგში, ყველა ბავშვს მთელ მსოფლიოში ვუსურვებ მშვიდობას, ეს ის აუცილებელი წინაპირობაა, რომლის გარეშეც არ არსებობს განვითარება. ბავშვების კეთილდღეობა, მათთვის კარგი განათლებისა და ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა ჩვენი მთავრობის ყოველდღიური საზრუნავია. ჩვენი მიზანია, ყველა ბავშვს მთელს საქართველოში ჰქონდეს თანაბარი განვითარების შესაძლებლობა და უსაფრთხო გარემო.

ყველა ბავშვს ვუსურვებ ჯანმრთელობას, ლაღ და უზრუნველ ბავშვობას”, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

პარიზი ჯადოსნურია, კვარა ჯადოსნურია, გილოცავთ -საქართველოში საფრანგეთის საელჩო

საქართველოში საფრანგეთის საელჩო ჩემპიონთა ლიგის ფინალს ეხმაურება და „პარი სენ-ჟერმენს“ გამარჯვებას ულოცავს.

საელჩო ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს, რომ „ხვიჩა ჯადოსნურია“.

„პარიზი ჯადოსნურია! კვარა ჯადოსნურია! გილოცავთ!“,- წერს საელჩო.

ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. პარიზულმა კლუბმა მილანის „ინტერი“ ანგარიშით 5:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელია ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა.

https://www.facebook.com/france.georgia/posts/pfbid0uuW6v3qBxSGNqxVpsfpNHzphMsvy9ke5T6bp9oEQdrmJdwVGh3j78vaMeavkqhebl

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

პირველ ივნისს ქუთაისში დღისით +24 და ღამით +14 გრადუსია მოსალოდნელი. დღე უნალექოდ ჩაივლის.

წვიმიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთში, სადაც დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16. ბათუმშიც წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმს ფოთშიც. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმს ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +25, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმში +22 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც უნალექო ამინდს ვარაუდობენ, დღისით +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მზეა. ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეშიც მზეა. დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც მზე იქნება. +23 იქნება დღისით, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც მზეა, დღისით +28 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. მზე იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში მზიანი ამინდია. დღის განმავლობაში +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება.

ომალოში დღისით +14, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება თელავში, +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.

უნალექო ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავშიც უნალექო დღეა. დღისით +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც მზეა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.

 ყველა ბავშვს ვულოცავ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ჩვენი ვალია, შვილებს შევუქმნათ გარემო, სადაც ოცნებების ასრულებას შეძლებენ-მიხეილ ყაველაშვილი

ყველა ბავშვს ვულოცავ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. ახალი თაობა ჩვენი ქვეყნის მომავალია, სწორედ ამიტომ მათთვის მშვიდი, უსაფრთხო და ლაღი გარემოს შექმნა ჩვენი უპირველესი მოვალეობაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენ ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ ქართული ოჯახების გასაძლიერებლად, რადგან ქართული ტრადიციებითა და ღირებულებებით სწორედ მათ უნდა აღუზარდონ საქართველოს მომავალი თაობები, რომლებიც ქვეყნის უნიკალურ მემკვიდრეობას ამაყად გადაიბარებენ და ერთიანი საქართველოს იდეას ხორცს შეასხამენ.

ჩვენი ვალია, შვილებს შევუქმნათ გარემო, სადაც თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებას, მიზნების მიღწევასა და ოცნებების ასრულებას შეძლებენ“, – წერს ყაველაშვილი.

 

 

პირველ ივნისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლას აღნიშნავს

წმინდა ნინოს ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ – 1-ელ ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს აღნიშნავს.

რელიგიური სწავლების თანახმად, ქართველთა განმანათლებელი, წმინდა მოციქულთა სწორი, ქალწული ნინო წარმოშობით კაბადოკიიდან იყო. მისი მამა ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად მიიჩნევა, წმინდა ნინო ვაზის ჯვრით საქართველოში IV საუკუნეში შემოვიდა, როდესაც ტახტზე მეფე მირიანი და დედოფალი ნანა იმყოფებოდნენ. წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა.

თუ როგორ უნდა მიულოცოთ წმინდანის მოსახელეებს ეს დღე, ამის შესახებ განმარტებას მამა შიო პაიჭაძე აკეთებს:

“წმიდანის თანამოსახელეებს გამოვყოფთ ამ დროს და ვულოცავთ განსაკუთრებულად. ამ დროს აუცილებელია გამოვყოთ და არ აგვერიოს მფარველი ანგელოზის და წმიდანის სახელობის დღე, – ეს სხვადასხვაა! ეკლესიურად მილოცვის გამოკვეთილი ფორმები არ არსებობს, უმთავრესი ამ დროს მილოცვასთან ერთად არის მათთვის ლოცვა. შევავედროთ წმიდანს, როგორც თანამოსახელე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვთხოვოთ წმიდა მეფეს ყოველი მისი თანამოსახელე და ყოველი ჩვენი თანამემამულე დაგვილოცოს და მისი მეოხებით შეგვასწროს ჩვენს სამშობლოს ერთიანს და მთლიანს”.

წმინდა ნინოს ხატთან უნდა წარმოთქვათ ეს ლოცვები:

ტროპარი

სიტყვისა ღმრთისა მსახურთა თანამოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის. ამინ.

კონდაკი

მოციქული ქრისტეისგან გამორჩეული, ქადაგი სიტყვისა ღმრთისა განსწავლული, მახარებელი ცხოვრებისა, წინამძღვარი ქართველთა ერისა გზათა მშვიდობისათა, დედისა ღმრთისა საკუთარი მოწაფე ნინო შევამკოთ დღეს ყოველთა გრძნობითა საღმრთოითა, მეოხი მხურვალე, მცველი დაუძინებელი.

1-ლი ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მალე სრული ჰარმონია დაგეუფლებათ. მოგების მიღებას მხოლოდ მეგობრებისა და ნათესავების დახმარებით შეძლებთ. დროა, მუშაობის და დასვენების გეგმა შეიმუშაოთ. სავარაუდოდ, სასიამოვნო სიურპრიზები და საჩუქრები გელით. გირჩევთ, მნიშვნელოვანი მოვლენები დღის მეორე ნახევრისთვის დანიშნოთ.

კურო

ამ დღეს ფულადი სახსრების მოულოდნელი ნაკადი გელით, რაც სავარაუდოდ, თქვენი რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგია. გავლენიანი ადამიანები თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ, მაგრამ უცნობია, ეს როლი დადებითი იქნება თუ უარყოფითი. ეს დღე საშუალებას მოგცემთ, თქვენი ყველაზე სანუკვარი ოცნებები აისრულოთ.

ტყუპები

ამ დღეს ოჯახური პრობლემები დამატებით ხარჯებს მოითხოვს. დიდი შრომა დაგჭირდებათ, რომ ფინანსური პრობლემები აღმოფხვრათ. ეცადეთ, მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ და შესაძლებლობა გექნებათ, რომ მიზანს მიაღწიოთ. ამჟამად თქვენთვის პრიორიტეტული კონკრეტულ მოგებაზე ფიქრი უნდა იყოს და არა გრძელვადიანი გეგმები. სავარაუდოდ, საკუთარი საქმიანობის მიმართ ინტერესს დაკარგავთ და იმედგაცრუება დაგეუფლებათ. შეეცადეთ საკუთარი გეგმების განხორციელებაში ახალი ხალხი ჩართოთ.

კირჩხიბი

რამდენიმეთვიანი ძალისხმევის შედეგად სასურველ შემოსავალს მიიღებთ. ადამიანები, ვისაც ამ დღეს შეხვდებით, თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ, მაგრამ ეს არ არის ცნობილი, ეს როლი დადებითი იქნება თუ არა. ახალი იდეები თქვენს მსოფლმხედველობაზე გავლენას მოახდენს.

ლომი

წინა დღეების კონფლიქტური ფონი თანდათან მოწესრიგდება, კოლეგებთან და უფროსებთან ურთიერთობები სტაბილური გახდება. არ არის გამორიცხული, რომ დიდი ხნის სურვილი აისრულოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მიტევება და დიდსულოვნება გამოიჩინოთ. ერიდეთ სასიყვარულო ურთიერთობებში სიბრაზის გამოჩენას. სავარაუდოდ, სასიამოვნო სიურპრიზები ან საჩუქრები გელით.

ქალწული

გირჩევთ, ეს დღე სახლს, ოჯახს და შვილებს დაუთმოთ. იზრუნეთ ძველი საქმეების დასრულებაზე და ყურადღება მიაქციეთ ბიუჯეტის მდგომარეობას. ეცადეთ, ფინანსები აკონტროლოთ, რადგან წინ კიდევ გაუთვალისწინებელი ხარჯები გელით და უმჯობესია, წინასწარ მოემზადოთ. ინტიმური ურთიერთობების სფეროში მოსალოდნელია არასტაბილურობა – დაღლილობა და იმედგაცრუება ისევე სავარაუდოა, როგორც კმაყოფილება და სიხარული.

სასწორი

ამ დღის დევიზია საკუთარი თავის რწმენა. გულთან ახლოს არ მიიტანოთ ის, რაც ამ დღეს მოხდება და არავითარ შემთხვევაში იმედი არ დაკარგოთ. იზრუნეთ ძველი საქმეების დასრულებაზე და ყურადღება მიაქციეთ ბიუჯეტის მდგომარეობას. ეცადეთ, ფინანსური ხარჯები აკონტროლოთ.

მორიელი

ჰარმონიის, მშვიდობისა და მოვლენების სწორი მიმდინარეობის დღეა. თუ ყურადღებას მოიკრებთ და დღეს სწორად დაგეგმავთ, საღამოს სიმშვიდეს და კმაყოფილებას იგრძნობთ. შეიძლება, სახლიდან მოშორებით ახალი პერსპექტივები აღმოაჩინოთ.

მშვილდოსანი

ეს დღე კოსმოსური ენერგიის გარდაქმნებთან ასოცირდება. სავარაუდოდ, დღეს საკუთარი საქმიანობის მიმართ ინტერესს დაკარგავთ და ყველა წამოწყებით იმედგაცრუებული დარჩებით. თქვენი ნებისმიერი აგრესია, წყენა და დომინირების სურვილი შეიძლება, თქვენ წინააღმდეგ შემობრუნდეს.

თხის რქა

წინა დღეების კონფლიქტური ფონი გაიფანტება და ვარსკვლავები თავიანთ კეთილგანწყობას დაგიბრუნებენ. თქვენი ძალისხმევა მომავალ წარმატებებს ნელა, მაგრამ მყარად აშენებს.

მერწყული

შემოქმედებითი საქმიანობისთვის ხელსაყრელი დღეა. სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა. შანსი გაქვთ, რომ რაღაც არაჩვეულებრივი შექმნათ. ადამიანების დარწმუნების უნარი დაგეხმარებათ, გავლენიანი პირების მხარდაჭერა მოიპოვოთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია გარკვეული ცვლილებები.

თევზები

სავარაუდოდ, ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ. ეცადეთ, საკუთარი სურვილები და პარტნიორებისა და ოჯახის წევრების მიმართ პრეტენზიები ფხიზლად შეაფასოთ. სურვილის შემთხვევაში ბევრი რამის გამოსწორება შეგიძლიათ. გირჩევთ, მნიშვნელოვანი შეხვედრები დილას დანიშნოთ. აკონტროლეთ ჯანმრთელობა, განსაკუთრებით – პირის ღრუს მდგომარეობა.

გამჭვირვალობის შესახებ ამერიკული „ფარას“ ზუსტი ანალოგი – „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ ძალაში დღეიდან შევიდა

გამჭვირვალობის შესახებ ამერიკული „ფარას“ ზუსტი ანალოგი – „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ ძალაში დღეიდან შევიდა.

კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა 86 ხმით 1 აპრილს მიიღო.

კანონპროექტით განიმარტება უცხოური პრინციპალის აგენტისა და უცხოური ძალის ცნებები და წესრიგდება მთელი რიგი საკითხები. კერძოდ, განიმარტება უცხოური პრინციპალის აგენტისა და უცხოური ძალის ცნებები, განისაზღვრება სუბიექტის უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის საკითხი.

ასევე, უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის და სხვა სათანადო დოკუმენტების საჯაროობის უზრუნველყოფის საკითხი; განისაზღვრება უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენის წესი და უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების საკითხი.

წესრიგდება უცხოური პრინციპალის აგენტის გამოსავლენად ან კანონპროექტით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულების შესამოწმებლად მონიტორინგის განხორციელების საკითხი; უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდებისას ან კანონპროექტით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნათა შეუსრულებლობისას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ცენტრალური ღონისძიება დედაენის ბაღში გაიმართება

თბილისის   მერიის  კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის მასშტაბით, საბავშვო-გასართობი აქტივობებია დაგეგმილი.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ცენტრალური ღონისძიება გაიმართება დედაენის ბაღში, სადაც მთელი დღის განმავლობაში ჩატარდება სივრცითი აქტივობები, გასართობი შოუ პროგრამები, საბავშვო სადგურები, თეატრალური წარმოდგენები და სხვა.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება საბავშვო კონცერტი. აღნიშნულ ლოკაციაზე 15:00 საათიდან წარმოდგენილი იქნება – ღია ბიბლიოთეკა; კინო კუთხე – ჟოზეს ანიმაციური ფილმების ჩვენება; სპორტული აქტივობები; ქალაქ თბილისის მერიისა და ეროვნული სასახლის კუთხე; ჭადრაკის კუთხე; ამერიკული კუთხე; ხელოვნების სახლების საგამოფენო კუთხე; სახეზე მოხატვა; თექის, კალიგრაფიისა და გამოყენებითი ხელოვნების ვორქშოფები; ფოტო ბასი; მეწარმეთა გამოფენა გაყიდვა; ზღაპრის კუთხე; თოჯინების თეატრი; არტ თერაპია სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.

ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსთან ირაკლი გვილავასთან ერთად დაესწრება.

ღონისძიება დაიწყება 15:00 საათზე, ხოლო კონცერტი – 20:00 საათზე. ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

აშშ-ს თავდაცვის მდივანი პეკინისგან პოტენციურად გარდაუვალ საფრთხეს ელის

აშშ-ს თავდაცვის მდივანი პეკინისგან პოტენციურად გარდაუვალ საფრთხეს ელის. პიტ ჰეგსეტის თქმით, ჩინეთში, ძალთა ბალანსის ალტერირების მიზნით, სამხედრო სამზადისები მიმდინარეობს. თავდაცვის მდივანმა აზიაში მთავარ მოკავშირეებს უსაფრთხოებაზე მეტი ზრუნვისაკენ მოუწოდა.

“ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რომ პეკინი სამხედრო ძალის შესაძლო გამოყენებისთვის ემზადება, რათა შეცვალოს ძალთა ბალანსი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში. ცნობილია, რომ სი ძინპინმა სამხედრო ძალებს, 2027 წლისთვის ტაივანში შეჭრისთვის მზადყოფნა დაავალა. კომუნისტური ჩინეთის მიერ ტაივანის ძალის გამოყენებით დაპყრობის ნებისმიერი მცდელობა გამოიწვევს კატასტროფულ შედეგებს მთელ მსოფლიოში. ნატოს წევრი ქვეყნები, მათ შორის გერმანიაც, პირობას დებს, რომ თავდაცვაზე მათი მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ს დახარჯავს. ევროპის ქვეყნების მიერ ამის გაკეთებას აზრი არ აქვს, მაშინ როცა აზიაში მთავარი მოკავშირეები კიდევ უფრო ძლიერი საფრთხის პირობებში, თავდაცვაზე უფრო ნაკლებს ხარჯავენ”, – განაცხადა პიტ ჰეგსეთმა.

,,მათ ჩანერგილი აქვთ, რომ ყველაფერზე უნდა წავიდნენ”- მაია ნიკოლეიშვილი

ბულინგი ბავშვის თანდასწრებით ძალიან მწარედ მახსოვს, მე პირადად მაქვს გამოცდილი ეს. ისეთი ტრავმაა, ადამიანს ყოველთვის თან დაჰყვება – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა დეპუტატ მარიამ ლაშხის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ეს ადამიანები სპეციალურად აკეთებენ, რომ ბავშვები ტრავმირებულები იყვნენ.

„დარწმუნებული ვარ არ იციან, რომ სააკაშვილის დროს, ვისი გაგრძელებაც და ვისი სამართალმემკვიდრეებიც არიან, 14 წლიდან იყო ასაკი, როდესაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგებოდა. 14 წლამდე დაწია მიშამ ეს. გუშინ ვუსმენდი 19 წლის გოგონა დაიჭირეს. 19 წლის გოგონა თუ დაარღვევს კანონს როგორ არ უნდა დაიჭირო. იგივე მარიამ ლაშხთან დაკავშირებით. ბულინგი ბავშვის თანდასწრებით ძალიან მწარედ მახსოვს. მე პირადად მაქვს გამოცდილი ეს. ბულინგი კი არა, სწორედ სააკაშვილის სპეცრაზმელების შემოვარდნა დილის 5 საათზე, როდესაც ყველას ეძინა და როდესაც ავტომატი იყო მოშვერილი ჩემსა და ჩემი 11 წლის ბავშვის მიმართ. ეს არის საშინელება რატომ იცით? ეს არასდროს გადის, ეს ადამიანს არასდროს ავიწყდება. ეს ისეთი ტრავმაა, სამწუხაროდ ყოველთვის თან დაგყვება. კი შეიძლება იმუშაო ამაზე, მაგრამ მაინც მთელი ცხოვრება დაგყვება. ეს ადამიანები სპეციალურად აკეთებენ, რომ ბავშვები ტრავმირებულები იყვნენ. დედა და მამა გავიდეს პოლიტიკად.

ეს სპეციალურად კეთდება. ეს არის ომი წესების გარეშე და წესების გარეშე რატომ იცით? მათ ჩანერგილი აქვთ, რომ ყველაფერზე უნდა წავიდნენ, ყველაფერი უნდა იკადრონ, ოღონდ ადამიანები გამოიყვანონ მწყობრიდან. ოღონდ ადამიანები გვერდზე [პოლიტიკიდან] გაიყვანონ თუნდაც ამით“, – აღნიშნა მაია ნიკოლეიშვილმა.

დეპუტატ მარიამ ლაშხის შეურაცხყოფისთვის ლიკა ლორთქიფანიძესა და თათია აფრიამაშვილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო მაგდა მამუკაშვილს 4000-ლარიანი ჯარიმა შეეფარდათ.

,, ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ქვეყანა მეტად დაცული იყოს”- ლევან მაჭავარიანი

„ეს კანონი თავდაპირველადვე პრობლემას წარმოადგენდა კოლექტიური გიგაურებისთვის, ლომჯარიებისთვის და ა.შ. რომლებიც ძირის გამომთხრელ სამუშაოებს ეწევიან ჩვენს ქვეყანაში და მუდმივად არიან ჩართულები რევოლუციური სცენარების მოწყობაში“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა FARA-ს ანალოგ კანონზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ქვეყანა მეტად დაცული იყოს.

„იქიდან გამომდინარე, რომ გამჭვირვალობის ქართულმა კანონმა ისეთი ეფექტი ვერ მოგვცა, ვინაიდან მდიდარ „ენჯეოებს“ ერჩიათ, ჯარიმები გადაეხადათ, ნაცვლად იმისა, რომ გაესაჯაროებინათ თავიანთი მიღებული და დახარჯული თანხა, დადგა იმის აუცილებლობა, ერთი ერთში გადმოგვეღო ამერიკაში მოქმედი FARA-ს კანონი, რომელიც წერტილ-მძიმით არის გადმოტანილი და რომელიც გაცილებით მკაცრია, ვიდრე ჩვენი კანონი, ასევე, ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც.

გამჭვირვალობის გამოწვევა, როგორც ასეთი, მხოლოდ საქართველოში არ დგას, აშშ-მა თავადვე ამხილა ყველაზე მსხვილი დონორი ორგანიზაციები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით – იგივე USAID-ი, NED-ი და ა.შ. რომ ისინი ძირგამომთხრელ სამუშაოებს ეწეოდნენ მსოფლიოს მასშტაბით, იქ საქართველოც იყო ნახსენები, სადაც პირდაპირ რევოლუციებში იყვნენ ჩართულები. ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უფრო დაცული და უსაფრთხო“, – აღნიშნავს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე.