ორშაბათი, დეკემბერი 11, 2023
spot_img
Home Blog

„ნაციონალური მოძრაობა“ ქუთაისში საკრებულოს დეპუტატების და რაიონული ორგანიზაციის ნაწილმა დატოვა”

„ნაციონალურ მოძრაობას“ ქუთაისშიც ტოვებენ. პარტიის მანდატზე უარი საკრებულოს 12 დეპუტატიდან 7-მა დეპუტატმა განაცხადა.

როგორც მათ დღევანდელ ბრიფინგზე განმარტეს, „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედმა თავმჯდომარემ პარტიაში არსებული კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა და მათ ასეთ პირობებში პარტიაში დარჩენა აღარ სურთ. ისინი, სავარაუდოდ, ბრძოლას „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარე, ნიკა მელიასთან ერთად გააგრძელებენ.

ქუთაისში პარტია დატოვეს რაიონული ორგანიზაციის წევრებმაც.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეგნებულად დააყენეს კონფორმისტულ, სისტემურ, ფსევდოოპოზიციურ წარმონაქმნად გადაქცევის გზაზე. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, გვინდა განვაცხადოთ, რომ დღეიდან ოფიციალურად ვტოვებთ პარტიის რიგებს. სამშობლო და სახელმწიფო ყოველთვის უფრო გაცილებით მაღლა იდგება, ვიდრე ნებისმიერი პიროვნება ან პარტია. აქვე აღვნიშნავთ, რომ ბრძოლა პრორუსულ, არაფორმალურად მართულ არადემოკრატიულ ხელისუფლებასთან კვლავ გაგრძელდება, თუმცა, სხვა პლატფორმიდან“,-განაცხადეს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრებმა.

“დარწმუნებული ვარ, ვიპოვით კარგ პასუხს საქართველოსთვის” – ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის განცხადებით, ევროკავშირის გაფართოება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია.

აღნიშნულის შესახებ ელინა ვალტონენმა განაცხადა ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომა იმართება.

როგორც ელინა ვალტენონმა აღნიშნა, პოზიტიურად არიან განწყობილი საქართველოში რეფორმების გატარებაში პროგრესის გამო.

„ფინეთი ევროკავშირის გაფართოების მხარდამჭერია. ეს პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი დისკუსია საქართველოსთან და პოზიტიურად ვართ განწყობილი ბევრი რეფორმის გატარებაში პროგრესის ნიშნების მიმართ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვიპოვით კარგ პასუხს საქართველოსთვის“, – განაცხადა ელინა ვალტონენმა.

“სტატუსს იმსახურებს ქვეყანა, საკუთარი საგარეო ორიენტირებით, რომელიც ხელისუფლებამ განსაზღვრა პრინციპული და სტრატეგიულად სწორი მიდგომით”

ნაიმპიჩმენტარი სალომე, ცალ ფეხზე მოხტუნავე საზოგადოება, რადიკალური ოპოზიციური სპექტრი და ექსტრემიზმის ხელშემწყობი NGO-სექტორი კი, მხოლოდ ანტურაჟია იმ ფარსიდან, სადაც რევოლუციური ყიჟინითა და სახელმწიფოს მიზანმიმართული რყევით არაფერი გამოვიდა და ახლა, სხვის გაშლილ სუფრაზე მოინდომეს საპატიო ადგილის დაკავება“,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ხელმოწერების კამპანია, იმ ფარსის ნაწილია, სადაც სალომე ზურაბიშვილი ევროინტეგრაციას ლობირებს.

„სხვის გაშლილ სუფრას უნდა მიუჯდეს…არაერთხელ ვთქვი, რომ მთელი ეს ხელმოწერების კამპანია, იმ ფარსის ნაწილია, სადაც სალომე ზურაბიშვილი ევროინტეგრაციას ლობირებს და მარტის აქციების გზააბნეული საზოგადოება დროშის კერვითა და ცალ ფეხზე დგომით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

სტატუსს იმსახურებს ქვეყანა, საკუთარი საგარეო ორიენტირებით, რომელიც ხელისუფლებამ განსაზღვრა პრინციპული და სტრატეგიულად სწორი მიდგომით. ხელისუფლებას კი ზურგს ქართველი ხალხი უმაგრებს, რომელმაც არჩევნებით დაუჭირა მხარი.

ნაიმპიჩმენტარი სალომე, ცალ ფეხზე მოხტუნავე საზოგადოება, რადიკალური ოპოზიციური სპექტრი და ექსტრემიზმის ხელშემწყობი NGO-სექტორი კი, მხოლოდ ანტურაჟია იმ ფარსიდან, სადაც რევოლუციური ყიჟინითა და სახელმწიფოს მიზანმიმართული რყევით არაფერი გამოვიდა და ახლა, სხვის გაშლილ სუფრაზე მოინდომეს საპატიო ადგილის დაკავება“, – წერს ქადაგიძე.

“დასავლეთისკენ გადახრა თუ დივერსიფიკაცია: სად ეძებს სომხეთი მხარდაჭერას რუსეთის “ღალატის” შემდეგ”.BBC

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის BBC-ის რუსული სამსახურის (BBC Russian) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ანალიტიკური ჯგუფის „კონტექსტის“ მიერ მომზადებული სტატია სათაურით „დასავლეთისკენ გადახრა თუ დივერსიფიკაცია: სად ეძებს სომხეთი მხარდაჭერას რუსეთის „ღალატის“ შემდეგ“.

გთავაზობთ ამონარიდს ვრცელი პუბლიკაციიდან:

მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დამთავრების შემდეგ სომხეთი სერიოზული პრობლემის წინაშე დადგა – რა უნდა გააკეთოს ერევანმა თავისი უსაფრთხოების განმტკიცებისთვის ისეთ სიტუაციაში, როცა მთავარმა „პარტნიორმა“ – რუსეთმა – საკუთარ თავზე აიღო სამშვიდობო ფუნქციის შესრულება და ამოცანა ვერ შეასრულა. მართალია, კრემლს ახლა თავისი პრობლემა აქვს – უკრაინასთან მიმდინარე ომი, მაგრამ ყველა შემთხვევაში მოსკოვის იმედად ყოფნა სომხეთს აღარ სურს, ამიტომ დახმარებას სხვაგან ეძებს – ინდოეთიდან საფრანგეთამდე.

ინდური და ფრანგული იარაღი… რუსულის ნაცვლად?
ინდოეთი მაქსიმალურად ღიაა სომხეთთან დიალოგში. ჯერ კიდევ 2020 წელს ინდოეთმა სომხეთს რამდენიმე რადარი მიაწოდა, რომელთა საერთო ფასი 40 მილიონ დოლარზე მეტია. გასულ წელს ერევანმა ნიუ-დელისაგან ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები (Pinaka) შეიძინა, ასევე ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები 250 მილიონ დოლარად. გასულ თვეში ინდური გაზეთები წერდნენ, რომ სომხეთი ინდოეთისაგან ანტიდრონების სისტემას ყიდულობს, აგრეთვე ჯავშნიან თვითმავალ ჰაუბიცებს.
„ინდოეთთან ნაყოფიერი თანამშრომლობა, ალბათ, ყველაზე დიდი „შენაძენი“ გახდა სომხეთისათვის ბოლო ორი წლის განმავლობაში. დღეს ინდოეთი, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით, სომხეთის ყველაზე მსხვილ პარტნიორს წარმოადგენს – გაფორმებულია თითქმის მილიარდ დოლარიანი პაკეტის კონტრაქტები. და ამ ყველაფერს ხელი ერთ წელიწადში მოეწერა. ეს სამჯერ მეტია, რაც რუსეთთან იყო ხელმოწერილი 2015-2020 წლების პერიოდში“, – ამბობს ლეონიდ ნერსესიანი, სამხედრო ანალიტიკოსი.
„ინდოეთს სომხეთთან პრაქტიკული ინტერესი აქვს – ინდური იარაღი მსოფლიოში ჯერ-ჯერობით ცნობილი და პოპულარული არ არის და ეს ნიუ-დელისათვის მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია რეკლამირებისთვის. ინდოეთისთვის სომხეთთან თანამშრომლობა ეკონომიკურადაც სასარგებლოა, – აღნიშნავს პოლიტოლოგი ტიგრან გრიგორიანი, – გარდა ამისა, არსი აგრეთვე პაკისტანის ფაქტორიც, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს აზერბაიჯანთან და ჩვენი რეგიონის პროცესებში კი აპირებს ჩართვას. სხვათა შორის, პაკისტანი იმ ერთ-ერთ იშვიათ ქვეყანას წარმოადგენს, რომელთანაც სომხეთს დიპლომატიური ურთიერთობა ჯერ-ჯერობით არ აქვს დამყარებული“.
ფრანგული დღეს სომხეთისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან პარტნიორს საფრანგეთი წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ სომხებისა და ფრანგების ურთიერთობას დიდი ხნის ისტორია აქვს, რომელიც ჯერ კიდევ წინა საუკუნეებში ჩაისახა. ერევან-პარიზის პოლიტიკურ-დიპლომატიური კავშირების განახლება 1990-იან წლებში დაიწყო, თუმცა ბოლო დრომდე ძირითად საგარეო-პოლიტიკური მიმართულებად არ გამხდარა. ოქტომბერში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ პარიზი ერევანს შეიარაღებას მიაწვდის, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებს: „აუცილებელია სომხეთს ჰქონდეს თავისი სახელმწიფო საზღვრებისა და სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესაძლებლობა“, – აღნიშნა ფრანგმა მინისტრმა სებასტიან ლოკარნომ
სომხეთ-საფრანგეთის ერთმანეთთან დაახლოების პროცესი გრძელდება. ნოემბერში ნიკოლ ფაშინიანი საფრანგეთში იმყოფებოდა და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის შეხვდა და არწმუნებდა, რომ ერევანს სხვა სფეროებშიც სურს მჭიდრო თანამშრომლობა საფრანგეთთან.
საინტერესო ფაქტია, რომ ამას წინათ, ნიკოლ ფაშინიანმა იგნორირება გაუკეთა დსთ-ის ჩარჩოებში გამართულ სამიტს (რომელშიც ვლადიმერ პუტინი მონაწილეობდა) და ცენტრალური აზიის – ყირგიზეთის ნაცვლად, ესპანეთში წავიდა, ევროკავშირის სამიტზე, სადაც ევროკომისიის თავმჯდომარეს ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა, მოგვიანებით კი ევროპარლამენტშიც სიტყვით გამოვიდა.
დასავლეთისკენ გადახრა თუ დივერსიფიცირება?
ეს ყველაფერი ისე ჩანს, რომ სომხეთი თითქოსდა ზურგს აქცევს რუსეთს და თავის საგარეო პოლიტიკის ვექტორს ცვლის, თუმცა ექსპერტები, რომლებსაც „ბიბისის“ ამალიტიკოსები ესაუბრნენ, უმჯობესად თვლიან, რომ ერევნის პოლიტიკას „დასავლეთისაკენ შებრუნება“ არ უწოდონ, არამედ უფრო სხვა ტერმინით ისარგებლონ – „დივერსიფიკაციით“. თვითონ ნიკოლ ფაშინიანმაც ასე განაცხადა – „სომხეთის მიერ საერთაშორისო არენაზე ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯები დივერსიფიცირებას ნიშნავსო“..
როგორც პოლიტოლოგი ტიგრან გრიგორიანი ამბობს, სომხეთი ცდილობს შექმნილი გეოპოლიტიკური ვაკუუმი ამოავსოს და საგარეო პოლიტიკის დივერსიფიცირებას აწარმოებს – დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც ახალ პარტნიორებს ეძებს: „ აშშ და ევროკავშირი ცდილობენ მასტაბილიზებელი როლი შეასრულონ, ისინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის განმტკიცებით არიან დაინტერესებულები და სურთ, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა ისეთი სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმონ, რაც რეგიონში რუსეთის გავლენას შეამცირებს“.
„სომხეთი საქართველოსაც დაეხმარება…“
რუსეთთან დაპირისპირების ელემენტის გარდა, სომხეთისათვის არის სხვა ასპექტიც სამხრეთკავაკსიურ რეგიონულ თავსატეხში. „თუ სომხეთი დასავლეთს დაუახლოვდება, საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხიც დაჩქარდება და თუ ამ ორ ქვეყანას დასავლეთთან მჭიდრო ურთუერთობა ექნება, აზერბაიჯანისათვის რთული იქნება [ინტერგრაციული პროცესის მიღმა დარჩეს]. ანუ საკითხი მხოლოდ სომხეთს არ ეხება“, – ამბობს ლეონიდ ნერსესიანი.
რასაკვირველია, მომხდარი ფაქტები რუსეთისათვის სასიამოვნო არ არის. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა მთლიანად დაამყარა კონტროლი მთიან ყარაბაღზე, მოსკოვის გავლენამ რეგიონში სწრაფად დაიწყო შესუსტება.
„რუსეთის გავლენის დაკარგვა – ჯერ-ჯერობით შეუმდგარი ფაქტია, მაგრამ აშკარაა, რომ გავლენა მნიშვნელოვნად შემცირდა. ჯერ კიდევ ორი თუ სამი წლის წინ წარმოუდგენელი იყო ევროპელი დამკვირვებლების ჩაყენება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა იმ დროს, რომ ასე იქნება და სომხეთი ОДКБ-ის („კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“) წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტსაც ყურადღებას არ მიაქცევსო, გამეცინებოდა“, – ამბობს ლეონიდ ნერსესიანი.
კრემლის შურისძიება: პრობლემები „ზემო ლარსში“ სომხებისთვის
რუსეთთან დღევანდელი დამოკიდებულების საკითხზე საუბრის დროს უნდა აღინიშნოს ერთი გარემოება: ოდესღაც არსებული მეგობრული პოლიტიკური ურთიერთობის გაცივების მიუხედავად, სომხეთი რუსეთზე თავის უდიდეს ეკონომიკურ დამოკიდებულებას ინარჩუნებს. ასე რომ, ერევანზე გავლენის მოსახდენი ბერკეტები მოსკოვს ნამდვილად აქვს.
თითქოსდა საკვირველი დამთხვევაა, მაგრამ ფაქტია: როგორც კი ნიკოლ ფაშინიანმა გასული თვის – ნოემბრის ბოლოს უარი განაცხადა ОДКБ-ის სამიტში მონაწილეობაზე, სომეხ საავტომობილო ტვირთ გადამზიდავებს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარე ერთადერთ შესასვლელზე – „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამსვლელ პუნქტზე პრობლემები გაუჩნდათ. ასობით სატვირთო ავტომობილი – ავტოფურები, რომლებთაც უამრავი პროდუქცია, მათ შორის სწრაფ ფუჭებადი ხილი და თევზი გადაჰქონდათ, საზღვარზე გადასვლისას „გაიჭედნენ“: რუსეთი ფიტოსანიტარიული დაცვის სამსახურმა საკონტროლოდ მიზანში სწორედ სომხური ტვირთები ამოიღო.

პოლიტიკური უთანხმოების მიუხედავად, სომხეთის ექსპორტის დაახლოებით ნახევარი რუსეთზე მოდის, რომლის მოცულობა განსაკუთრებით სწრაფად გაიზარდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან.

რუსეთი სომხეთში მნიშვნელოვან სფეროებს და ობიექტებს აკონტროლებს: მაგალითად, ენერგეტიკულ სექტორს, აწვდის ბუნებრივ გაზს საქართველოს გავლით, ასევე რუსეთი ამარაგებს ბირთვული „საწვავით“ მეწამორის ატომურ ელექტროსადგურს. შესაბამისად, კრემლს საკმაოდ აქვს შენარჩუნებული ინსტრუმენტები, რომლებსაც, ერევნის მიერ უხილავი „წითელი ხაზების“ გადაკვეთის შემთხვევაში, აამოქმედებს და სომხეთს დიდ პრობლემებს შეუქმნის.

კრემლის „წითელი ხაზები“ სომხეთისათვის
საკითხი მხოლოდ იმაშია, თუ რას ჩათვლის კრემლში მყოფი ის ერთადერთი ადამიანი „წითელ ხაზად“, რომელიც გადაწყვეტილებებს მიიღებს. ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ეს შეიძლება იყოს სომხეთის გასვლა ОДКБ-დან. კაცმა რომ თქვას, დღეს სომხეთი ამ ორგანიზაციაში ისედაც ნომინალურ წევრად ითვლება და ამიტომ ერევანში გაისმის ხმები, რომ გასვლა ოფიციალურად გაფორმდეს, მაგრამ ჯერ-ჯერობით ნიკოლ ფაშინიანი რადიკალური ნაბიჯისაგან თავს იკავებს, რადგან გასვლა ძალიან დიდ რისკებთან არის დაკავშირებული.

პოლიტოლოგი ტიგრან გრიგორიანი განმარტავს: „ჩემი ინფორმაციით, აშშ-ის მხარემ მრავალი თვის წინ ურჩია სომხეთის ხელმძღვანელობას, რომ ОДКБ-დან არ გავიდეს. იმიტომ, რომ ამ ეტაპზე არც ამერიკელები და არც ევროპელები არ არიან მზად სომხეთს ალტერნატიული დახმარება გაუწიონ რუსეთის მხრიდან რაიმე მტრული ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში“.

კიდევ ერთი პრობლემაა გიუმრის სამხედრო ბაზის არსებობაც. ამჟამად მოქმედი ხელშეკრულების ძალით, რუსეთის ბაზამ სომხეთის ქალაქ გიუმრიში 2041 წლამდე უნდა იარსებოს. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია ნიკოლ ფაშინიანის მიერ მიცემული ინტერვიუ ამერიკული გაზეთის Wall Street Journal-ის კორესპონდენტისათვის.
ჟურნალისტი ეკითხება: „თქვენი აზრით, რუსეთის სამხედრო ყოფნა სომხეთში უპირატესობად ითვლება და დაბრკოლებად?“, რაზედაც პრემიერ-მინისტრი ასე პასუხობს: „ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვიტყოდი, რომ სამწუხაროდ, ჩვენ მისი [ბაზის] უპირატესობა ვერ დავინახეთ“.

მომდევნო კითხვის პასუხად – „ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სომხეთი შეეცდება რუსეთს ბაზის გაყვანა მოსთხოვოს?“ – ნიკოლ ფაშინიანი ამბობს: „ჩვენ ასეთ საკითხს არ ვიხილავთ“.

ბაზის გაყვანის მოთხოვნა იოლი რომც იყოს, სომხეთის მთავრობა ამ ეტაპზე მსგავსი ნაბიჯის გადადგმისათვის მზად არ არის. დღეს ქვეყნის ხელმძღვანელობის მთავარი მიზანია არა რუსეთთან კავშირის გაწყვეტა, არამედ მხოლოდ მისი გავლენის შესუსტება და მოსკოვზე ერევნის დამოკიდებულების დონის შემცირება, თუმცა ამის მიღწევასაც ბევრი ეჭვის თვალით უყურებს.

წყარო:

“მადლიერი ვართ, რომ აზერბაიჯანმა გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ” – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას აზერბაიჯანში მნიშვნელოვანი შეხვედრები ექნება.

თალაკვაძის თქმით, მოლოდინი აქვთ, რომ ვიზიტი შედეგიანი იქნება.

„პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით დაიწყო საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში, ბაქოში. ორი დღის განმავლობაში სტრატეგიულ პარტნიორებთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვექნება როგორც პარლამენტის თავმჯდომარესთან და მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტთან. მადლიერი ვართ, რომ აზერბაიჯანმა გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ. რა თქმა უნდა, ეს არის გაგრძელება იმ ურთიერთობების, მეგობრობის, რომელიც ჩვენს ქვეყნებს და მთავრობებს შორის არსებობს. ბუნებრივია, თავის მხრივ, საქართველო მზად არის, შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი, რაც რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოების მხარდაჭერას სჭირდება და ორიენტირებული ვართ მომავალსა და იმ გეგმებზე, რომლებიც ჩვენს რეგიონს და ქვეყნებს სჭირდებათ. მოველით, რომ აზერბაიჯანში ვიზიტი პოზიტიური და შედეგიანი იქნება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. დელეგაციაში შედიან პარლამენტის ვიცი-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: სავალან მირზოევი, ზაურ დარგალი და ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა- გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი.

“ევროპამ საკუთარი ღირებულებები და ერთიანობა გაბედულად უნდა დაიცვას” – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ევროპამ გაბედულად უნდა დაიცვას საკუთარი ღირებულებები და ერთიანობა. ამის შესახებ ზელენსკი „ტვიტერის“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში წერს, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ტელეფონით ესაუბრა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს.

„დღევანდელი საუბრისას, ევროკავშირის სამიტის წინ, პოზიციების კოორდინირება მოვახდინეთ. მე კიდევ ერთხელ გამოვხატე მადლიერება უკრაინის მიერ ევროკომისიის ყველა რეკომენდაციის შესრულების დადებითი შეფასებისთვის. იმედი გვაქვს, რომ სამიტზე იქნება მიღებული დადებითი გადაწყვეტილება უკრაინის ფინანსურის მხარდაჭერისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ევროპული საბჭო უკრაინის ფინანსური მხარდაჭერისა და ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხს 14-15 დეკემბერს დაგეგმილ სამიტზე განიხილავს.

სლოვაკეთი დღეიდან უკრაინის საზღვართან სატვირთო მანქანების გადაადგილებას ისევ დაბლოკავს

სლოვაკეთი დღეიდან უკრაინის საზღვართან სატვირთო მანქანების გადაადგილებას ისევ დაბლოკავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სლოვაკეთის საგზაო ტრანსპორტის გაერთიანება UNAS-ი უკრაინის საზღვართან დაბლოკვას ადგილობრივი დროით 15:00 საათიდან განაახლებს. როგორც მედია წერს, სლოვაკეთის ტერიტორიაზე სატვირთო ტრანსპორტის შესვლა დაიბლოკება, მგზავრთა გადაადგილება კი არ შეიზღუდება.

მედიის ცნობით, სლოვაკეთის საგზაო ტრანსპორტის გაერთიანების მთავარი მოთხოვნა უკრაინელი გადამზიდავებისთვის სალიცენზიო ნებართვის აღდგენაა.

შეგახსენებთ, 6 ნოემბრიდან უკრაინის საზღვართან გადასასვლელ პუნქტებს ბლოკავენ პოლონელი გადამზიდავებიც. მათი მთავარი მოთხოვნა უკრაინული გადამზიდავებისთვის სალიცენზიო ნებართვის აღდგენაა. ამასთან, ევროკომისიამ განაცხადა, რომ უკრაინელი სატვირთო მანქანების მძღოლებისთვის სანებართვო სისტემის აღდგენას ეწინააღმდეგება.

“ჰამასმა” 7 ოქტომბერზე ისრაელის საპასუხო ნაბიჯი არასათანადოდ შეაფასა -ისრაელის თავდაცვის მინისტრი

GIF resized on https://ezgif.com/resize

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ 7 ოქტომბრის თავდასხმაზე ისრაელის საპასუხო ნაბიჯი არასათანადოდ შეაფასა.

„ძნელია დემოკრატიების ომებში ჩართვა, მაგრამ როგორც კი ომში ვართ, ბევრად ძლიერები ვართ, რადგან ვიბრძვით ჩვენი ღირებულებების დასაცავად“, – განაცხადა გალანტმა.

მისი თქმით, ისრაელი ტერორიზმის წინააღმდეგ თავისუფალი სამყაროს ფრონტზე იბრძვის.

„პირველ სახლში ხანძრის დროს საჭიროა მისი შეჩერება, რათა არ გავრცელდეს სოფელსა და ეკლესიაში. ისრაელი პირველ სახლს ჰგავს. ჩვენ ვიბრძვით თავისუფალი სამყაროს ფრონტზე ტერორიზმის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, პალესტინის მხარდამჭერი აქტივისტების მიერ მიწოდებულ დახმარებას გლობალური ტერორი იყენებს.

„ჰამასის“ პროპაგანდა გავლენას ახდენს უნივერსიტეტებსა და საპროტესტო აქციებზე და მიედინება ფული იმაში, რაც ააქტიურებს ტერორისტულ ქსელებს მთელს მსოფლიოში“, – აღნიშნა გალანტმა.

9 თვეში, სქესობრივი დანაშაულის 412 ფაქტი დაფიქსირდა – შსს

მიმდინარე წლის 9 თვეში, საქართველოში სქესობრივი დანაშაულის 412 ფაქტი დაფიქსირდა, მათგან 272 გახსნილია. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ ინფორმაციაშია ასახული.

კერძოდ, უწყების ინფორმაციით, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, გაუპატიურების 154 შემთხვევა დარეგისტრირდა, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების – 54, პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების – 22, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის – 86, გარყვნილი ქმედების კი – 96.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, სქესობრივი დანაშაულის 396 შემთხვევა აღირიცხა, შესაბამისად, აღნიშნული დანაშაული 4.04%-ით გაიზარდა.

“რუსეთის გაჩერება უკრაინაშია აუცილებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთს შეუძლია, აშშ კონფლიქტში ჩაითრიოს” -ენტონი ბლინკენი

რუსეთის გაჩერება უკრაინაშია აუცილებელი, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „სიენენთან“ ინტერვიუში გააკეთა.

მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთს შეუძლია, აშშ უფრო ფართო კონფლიქტში ჩაითრიოს.

„ვფიქრობ, ერთადერთი ხალხი, ვინც ბედნიერი იქნება, თუ აშშ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შემცველ ფინანსურ პაკეტს კონგრესში კენჭს არ უყრის და არ დაამტკიცებს, მოსკოვში, თეირანსა და პეკინში ზის. ახლა დროა, ვიმოქმედოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვიცით, რა მოხდება – პუტინი წინ წაიწევს დაუსჯელად და ჩვენ ვიცით, რომ ის უკრაინაში არ გაჩერდება და ის შესაძლოა, თავს დაესხას ნატო-ს წევრ ქვეყანას. ეს კი ჩვენ კონფლიქტში ჩართვას ნიშნავს, რადგანაც ჩვენ გვაქვს ნატო-ს წევრების წინაშე აღებული ვალდებულება“, – განაცხადა ბლინკენმა.

9 თვეში, საქართველოში 52 ადამიანი მოკლეს – შსს

მიმდინარე წლის 9 თვეში, საქართველოში 52 ადამიანი მოკლეს. ამასთან, დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის 5 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ ინფორმაციაშია ასახული.

კერძოდ, სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ქვეყანაში განზრახ მკვლელობის 27 და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის 25 ფაქტი დაფიქსირდა. მათგან უმეტესობა – 47 შემთხვევა გახსნილია. შსს-ს ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განზრახ მკვლელობის 8 შემთხვევით ნაკლები დაფიქსირდა, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობამ კი 4-ით მოიმატა.

დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე წლის 9 თვეში, დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის 5 შემთხვევა დაფიქსირდა. გასულ წელს აღნიშნული დანაშაულის 3 ფაქტი აღირიცხა.

რაც შეეხება სიცოცხლის წინააღმდეგ სხვა დანაშაულებებს – უწყების ინფორმაციით, ამავე პერიოდში, მკვლელობის მცდელობის 44 ფაქტი გამოვლინდა, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის კი – 36.

ამასთან, დარეგისტრირდა თვითმკვლელობამდე მიყვანის 982 შემთხვევა და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის 141 ფაქტი.