Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ “ქართული ოცნების” რეიტინგი კიდევ უფრო გაზრდილია – მათიკაშვილი

საქართველოში ლეგიტიმაციის პირველწყარო ქართველი ხალხია, რომელიც 2012 წლიდან დღემდე მხარდაჭერას უცხადებს მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, ხოლო რადიკალურ ოპოზიციას პოლიტიკურ სანაგვეზე უთითებს ადგილს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, არც თვითმმართველობის არჩევნები იქნება გამონაკლისი, ვინაიდან „ქართული ოცნების“ რეიტინგი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო გაზრდილია

„რადიკალების მიმართ საზოგადოების ნდობა ძალზედ მცირეა, ფაქტობრივად, ნულოვან ზღვარზეა დასული. აგენტურული ოპოზიცია იმას აკეთებს, რასაც დაავალებენ. შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობას თუ მიიღებენ, ეს დავალების ჭრილში იქნება. თუ არ მიიღებენ, ეს მათი ნება-სურვილით არ იქნება გადაწყვეტილი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკორეალიზაციის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დაკავებული არიან 1996 წელს დაბადებული გ.მ., 1981 წელს დაბადებული დ.ვ., იორდანიის მოქალაქე, 2001 წელს დაბადებული ბ.ა. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1981 წელს დაბადებული რ.მ., 1991 წელს დაბადებული ჟ.დ. დანაშაულები 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„პოლიციამ ნარკოტიკების უკანონოდ გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული საშუალებები „ჰეროინი“ და „მარიხუანა“ ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ისეთ მდგომარეობაში ვიყავი ნაცემი და ნაწამები, რომ საკუთარი ფეხით სახლში ასვლა ვერ შევძელი, მეგობრებმა სკამზე დამჯდარი ამიყვანეს სახლში -გოჩა კაკოიშვილი

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ზილების რევოლუციის“ საქმესთან დაკავშირებით გოჩა კაკოიშვილი საუბრობს და თავისი წამების დეტალებს იხსენებს.

ის ასევე, საუბრობს პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომ პერიოდზე. მისი თქმით, ისე იყო ნაცემი და ნაწამები, რომ საკუთარი ფეხით სახლში ასვლაც ვერ შეძლო.

„პატიმრობა მომისაჯეს, წამიყვანეს და ჩამაგდეს თეთრიწყაროში „კაპეზეზე“, სადაც აღარ დავწვრილმანდები იქ რა მდგომარეობაც იყო. გათავისუფლებიდან ისეთ დონეზე ვიყავი, რომ საკუთარი ფეხით სახლში ასვლა ვერ შევძელი და მანქანიდან რომ გადმომიყვანეს, მეგობრებმა სკამზე დამსვეს და სკამზე დამჯდარი ამიყვანეს სახლში, ისეთ მდგომარეობაში ვიყავი ნაცემი და ნაწამები. ორი კვირის მანძილზე მეუღლე მეხმარებოდა დამჯდარს აბაზანაში რომ დამებანა“, – განაცხადა გოჩა კაკოიშვილმა.

კითხვა ყველას გვაქვს, დღეს არის თუ არა მისი ადგილი საავადმყოფოში, პასუხი ყველამ ვიცით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ესეც მალე გამოსწორდება – თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე 

სააკაშვილი ერის მამა კი არ იყო, როგორც თავის თავს ყიდის, არამედ ეს იყო მავნებელი, ბოროტი ძალა, როგორც ბატონმა სოზარმა თქვა, ომში საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, სადაც ის მწარედ დამარცხდა. კითხვა ყველას გვაქვს, დღეს არის თუ არა მისი ადგილი საავადმყოფოში, პასუხი ყველამ ვიცით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ესეც მალე გამოსწორდება, – ამის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

პარლამენტში დღევანდელ კომისიაზე განიხილება ყოფილ დეპუტატზე, ვალერი გელაშვილზე მომხდარი თავდასხმის ფაქტი, სადაც კომისიის წევრთა კითხვებს თავად ვალერი გელაშვილი პასუხობს. კომისიის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, უმძიმესი იყო ის კადრი, რომელიც ვალერი გელაშვილზე ანგარიშსწორების შემდეგ ტელევიზიით გამოჩნდა, ის, თუ როგორ იყო დაზიანებული დეპუტატი.

„ადამიანს სახე, როგორც ასეთი, ცემისგან წაშლილი ჰქონდა. ასეთ კადრს „ბოევიკში“ თუ ნახავდი. ცოცხალი ადამიანი ასეთი ნაცემი თანამოქალაქე, ფაქტობრივად, ნანახი არ ჰყავდა საზოგადოებას. ამიტომ ეს იყო ერთგვარი შოკი საზოგადოებაზე – აი, რა მოუვა იმას, ვისაც რაიმე სხვა დამოკიდებულება აქვს სააკაშვილთან ან მის ხელისუფლებასთან. ეს კადრი იყო ყველაზე მძიმე და ცუდი გაგებით, შთამბეჭდავი“, – განაცხადა განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სწორედ ქადაგიშვილის ამ განცხადებას გამოეხმაურა თეა წულუკიანი და აღნიშნა, რომ ყოფილ დეპუტატზე მომხდარი თავდასხმის კადრები საგამოძიებო კომისიის დასკვნას დანართებად დაერთვება.

„ბატონ ირაკლის ვუერთდები ამ პათოსში. ეს, ის ფოტო და ვიდეო მასალაა და არამხოლოდ ამ საქმეზე, რომლის [წაშლას] ძალიან დიდი ძალისხმევა მოანდომეს სააკაშვილმა, მისმაა NGO-ებმა და მთელმა პარტიებმა, იმიტომ, რომ მერე მარტივ მამრავლებად დაიშალა „ნაციონალური მოძრაობა“. დღემდე ცდილობენ, რომ ეს წაიშალოს, დაიკარგოს, განადგურდეს, წაიშალოს მეხსიერებიდან და ჩვენი კომისიის ვალია, რომ მათ ამის საშუალება არ მისცეს. შესაბამისად, რომელი მასალაც ბატონმა ირაკლიმ ახსენა, რა თქმა უნდა, ეს დანართებად ექნება ჩვენ დასკვნას, თითოეული, ფოტო-ვიდეო, რომელსაც მომავალი თაობის რამდენიმე წარმომადგენელი, პარლამენტის სტაჟიორები აქ გვესწრებიან, გარედან გვიყურებენ ახალგაზრდები, ჩახედავენ და ნახავენ, რომ ეს ერის მამა კი არ იყო, როგორც თავის თავს ყიდის სააკაშვილი, არამედ ეს იყო მავნებელი, ბოროტი ძალა, როგორც ბატონმა სოზარმა თქვა, ომში საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, სადაც ის მწარედ დამარცხდა. კითხვა ყველას გვაქვს, დღეს არის, თუ არა მისი ადგილი საავადმყოფოში. პასუხი ყველამ ვიცით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ესეც მალე, ასე დავარქვათ, რომ გამოსწორდება“, -განაცხადა წულუკიანმა.

ადამკუსი, ლიტვის პრეზიდენტი შეხვდა სააკაშვილს და გააფრთხილა, გელაშვილს ხელს მოკიდებ და ვეღარ გაპატიებო -ვალერი გელაშვილი

ადამკუსი, ლიტვის პრეზიდენტი რომ შეხვდა მიხეილ სააკაშვილს, გააფრთხილა, გელაშვილს ხელს მოკიდებ და ვეღარ გაპატიებო, მისი ოჯახის წევრები ლიტვის მოქალაქეები არიან და იძულებული ვარ, რეაგირება მოვახდინოთო, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, ვალერი გელაშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.

ვალერი გელაშვილის თქმით, ამის გამო აღარ ეხებოდა სააკაშვილი და დაცვა დაუნიშნა.

„ჩამოვედი თუ არა, სააკაშვილი იძულებული იყო და იმ დღესვე პირადი დაცვა დამინიშნა, მაინც პარლამენტის წევრი ვიყავი. ვმოძრაობდი ჩვეულებრივად, უბრალოდ, უსაფრთხოების სამსახურიდან მითხრეს, ბევრი არაფერი ილაპარაკო მიშაზე, თორემ იძულებულს გაგვხდის, კიდევ რაღაც გავაკეთოთო, წყნარად იყავიო. ახალი დაცვა ავიყვანე, რომელიც შევარდნაძის ყოფილი დაცვის წევრი იყო. მას მეგობრები ჰყავდა უსაფრთხოების სამსახურში და გადასცეს, გთხოვთ, თავშეკავებულად მოიქეცით, თორემ კიდევ გვიბრძანებს და იძულებული ვიქნებით, გავაკეთოთო. ადამკუსი, ლიტვის პრეზიდენტი, რომ შეხვდა მიხეილ სააკაშვილს, გააფრთხილა, გელაშვილს ხელს მოკიდებ და ვეღარ გაპატიებო. მე ოჯახი ლიტვიდან მყავს. გააფრთხილა, რომ გელაშვილს თუ შეეხები, მისი ოჯახის წევრები ლიტვის მოქალაქეები არიან და იძულებული ვარ, რეაგირება მოვახდინოთო. მგონი, ამის გამო აღარ მეხებოდა სააკაშვილი და დამინიშნა დაცვა“, – განაცხადა ვალერი გელაშვილმა.

2013 წელს ლიეტუვის სეიმში გიორგი ვაშაძემ მითხრა, აბა, რა გეგონა, შეურაცხყოფა რომ მიაყენე პრეზიდენტსო, ესე იგი, მათთვის ნორმაა ადამიანების წიხლებით ცემა -ვალერი გელაშვილი

2013 წლის დასაწყისში საპარლამენტო დელეგაცია ვიყავით ლიეტუვის სეიმში, გიორგი ვაშაძემ მითხრა, აბა, რა გეგონა, შეურაცხყოფა რომ მიაყენე პრეზიდენტსო, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, ვალერი გელაშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.

ვალერი გელაშვილმა ეს ფაქტი მას შემდეგ გაიხსენა, რაც კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა მიმართა, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვინმემ მაინც თუ მოუხადა მას ბოდიში.

„ერთი ფაქტი იყო 2013 წლის დასაწყისში, როცა საპარლამენტო დელეგაცია ვიყავით წასული ლიეტუვის სეიმში. მაშინ დავით უსუფაშვილი იყო პარლამენტის თავმჯდომარე. ჩემს თავდასხმაზე ვსაუბრობდით და გიორგი ვაშაძემ მითხრა, აბა, რა გეგონა, შეურაცხყოფა რომ მიაყენე პრეზიდენტსო. პარლამენტში ვიყავით, თორემ პასუხს გავცემდი ვაშაძეს. ესე იგი, მათთვის ნორმაა ადამიანების წიხლებით ცემა“, – განაცხადა ვალერი გელაშვილმა.

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძისადმი მიძღვნილი წიგნი და ვინილი გამოიცა

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, ლეგენდარული ნანა ბრეგვაძის, ვინილი და მისი ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნი გამოიცა.

თიბისი კონცეპტი ყოველთვის მხარს უჭერს პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცოცხლებას, მის შენარჩუნებასა და ახალი სახით ფართო აუდიტორიისთვის მიწოდებასა და პოპულარიზაციას.

სასცენო მოღვაწეობა ნანი ბრეგვაძემ 1956 წელს დაიწყო და დღემდე მისი შესანიშნავი ტემბრი და ვოკალური შესაძლებლობები, უკომპრომისო რეპერტუარი, დახვეწილი გემოვნება, სრულიად მისეული ფრაზირება, სიმღერის დრამატურგიის შეგრძნება, შესრულების დინამიკა და ნიუანსები, ყველა დროის თანამედროვეობას ეხმიანება და დღემდე განაგრძობს ახალი თაობის შთაგონებას.

ნანი ბრეგვაძე არის მომღერალი, ვინც ქართული „საესტრადო“ სიმღერა და რომანსი კლასიკური მუსიკის საფეხურზე აიყვანა, ისევე, როგორც ფრანგული შანსონი აქცია კლასიკად ედიტ პიაფმა, იმპროვიზაციული ჯაზი – ელა ფიცჯერალდმა, მიუზიკლის რეპერტუარი – ბარბარა სტრეიზანდმა, არგენტინული ტანგო – ასტორ პიაცოლამ ან პორტუგალიური ფადო – სეზარია ევორამ.

ნანი ბრეგვაძის ფენომენის დამსახურებით დღეს ქართული სიმღერის ჟანრში არსებობს ძალიან მაღალი სტანდარტი, რომელიც ჩვენი ერის მუსიკალური გენეტიკის ორგანული ნაწილი გახდა. სწორედ მისი შემოქმედებითი მოგზაურობის, 1957-დან 2024 წლამდე, 25 სიმღერას აერთიანებს ვინილი.

წიგნი, რომელიც ნანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ გვიამბობს, საარქივო და აქამდე უცნობ მასალებთან ერთად, აერთიანებს ამონარიდებს ჯანსუღ კახიძის, რევაზ ლაღიძის, გიორგი ცაბაძის, ნიკოლოზ რაჭველის, ელდარ შენგელაიას, მორის ფოცხიშვილის, სესილია თაყაიშვილის, ჭაბუა ამირეჯიბის, ბელა ახმადულიანასა და შარლ აზნავურის სიტყვებიდან და წერილებიდან.

როგორც ნანი აღნიშნავს: „უკვე წლებია მთელ ჩემს რეპერტუარს სულ სხვანაირად ვმღერი. ზოგადად სტუდიური „ჩანაწერები არ მიყვარს. სტუდიაში არ არის მთავარი – მსმენელი. მსმენელი მაძლევს სულ სხვა ადრენალინს, ენერგიას, შთაგონებას. პუბლიკა ძალიან მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ოდნავი შიშით გავდივარ მის წინაშე. დარბაზთან ურთიერთობა სხვა ატმოსფეროს ქმნის. შეიძლება, ამიტომაც მომინდა წიგნის დაწერა და ამ გზით ხალხთან ურთიერთობის გაგრძელება,  რადგან იმდენ კონცერტს უკვე აღარ ვმართავ“.

წიგნის შემოქმედებითი ხელმძღვანელი: ანდრო ვეკუა.

გრაფიკული დიზაინი: დან ზოლბახი, ლიდკა ვალე.

პროექტის ავტორი: გოგიკო საყვარელიძე.

ოთხი ადამიანი ნახევარი წუთი თავში მირტყამდა ჩექმებით, საავადმყოფოში კი, გადასხმებს მიკეთებდნენ, რათა წყლით გავსებულიყო ფილტვები და გავთიშულიყავი -ვალერი გელაშვილი

ყოფილმა დეპუტატმა, ვალერი გელაშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე მისი 2005 წლის ივლისში მომხდარი მისი ცემის შემთხვევა გაიხსენა.

როგორც ვალერი გელაშვილმა აღნიშნა, საავადმყოფოში გადასხმას უკეთებდნენ, რათა წყლით გავსებულიყო ფილტვები და გათიშულიყო.

„ჯავშნიანი მანქანა მყავდა და საქართველოში დაჯავშნილი მანქანით დავდიოდი. მყავდა პირადი დაცვაც. „თბილისი მარიოტის“ მეორე მხარეს მეყენა ღამით მანქანა და რაღაცები გადამიჭრეს, დააზიანეს და იძულებული ვიყავი, ავტომობილი სერვისში გამეგზავნა. გადავჯექი მეუღლის მანქანაზე და მივდიოდი ხაშურისკენ. ელიავას ბაზრობას გავცდი თუ არა, ორმა შინდისფერმა მანქანამ გამიკეთა ბლოკირება და უკნიდან, ავტობუსიდან გადმოხტნენ სპეცრაზმის ფორმიანი 7-8 კაცი. ჯერ ავტომატი დაცალეს, შოკირება მოახდინეს ტერიტორიის, ავტომობილის უკანა და გვერდითა შუშები ჩამიმსხვრიეს. დაცვა გადავიდა, ხელები აწია, მეც გადავედი. თავად იარაღი მქონდა, მაგრამ ხელი არ მოვკიდე, რადგან ჩამცხრილავდნენ, ხელები ავწიე. ნიღბები ეკეთათ და მათგან ერთ-ერთმა მითხრა, ამის შემდეგ პრეზიდენტზე ვერაფერს ილაპარაკებო, კონდახი მომარტყა სახეში. დავვარდი ძირს, მივხვდი, რომ უკვე ბოლომდე მიიყვანდნენ საქმეს. ყოფილი სპორტსმენი ვარ და ბლოკირება გავიკეთე სახის, რათა სახეზე დარტყმები ამეცილებინა. ოთხი ადამიანი დაახლოებით ნახევარი წუთის განმავლობაში თავში მირტყამდა ჩექმებით, ხელები სულ დაღვლეპილი მქონდა. მანქანასთან ახლოს მივედი და გავჩერდი, გავიყინე, რათა თავი დაენებებინათ, თუ ვიმოძრავებდი, თავს არ დამანებებდნენ. შემდეგ იარაღი ამომაცალეს და წავიდნენ. მაშინვე ავდექი, მაგრამ ვეღარაფერს ვხედავდი, თვალის უპეები მქონდა ძალიან დასიებული, სისხლი მომდიოდა.

იქვე სამრეცხაო იყო. ჩემი ბიძაშვილის მანქანაში იყო გოგონა და დაცვის ბიჭიც. იქ დამაჯინეს და მაშინვე დარეკა მეუღლემ ვილნიუსიდან. ვუთხარი, სასწრაფოდ თვითმფრინავი და გამიყვანე აქედან, თორემ არ მაცოცხლებენ-მეთქი. ეს ხდება 2005 წლის 14 ივლისს. თვითმფრინავი ჩამოვიდა 19 საათში, მანამდე

საავადმყოფოში სითხეს მისხამდნენ და შარმდდენს არ მიკეთებდნენ, რათა წყლით გავსებულიყო ფილტვები და გავთიშულიყავი. საავადმყოფო იყო მიხაილოვის, დღეს აღარ არის. 19 საათში თვითმფრინავი ჩამოვიდა, ჩემი სამეგობრო ექიმები ჩამოვიდნენ და თვითმფრინავში რომ გამსინჯეს, აღმოჩნდა, გაფრენა არ შეიძლებოდა, რადგან გავსკდებოდი, წყლით მქონდა სავსე ფილტვები. იქვე ერთი საათის განმავლობაში რეაბილიტაცია გამიკეთეს, სითხით გამათავისუფლეს და შემდეგ გავფრინდით ვილნიუსში. ექიმებმა, რეანიმატოლოგებმა გამომიყვანეს მდგომარეობიდან და გავფრინდი ვილნიუსში. სამ-ოთხ დღეში გავიკეთე შვიდსაათიანი ოპერაცია, თავის ქალა ჩამოხსნილი მქონდა, ფუძის ძვლის მოტეხილობა მქონდა“, – განაცხადა ვალერი გელაშვილმა.

კომისიის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ვალერი გელაშვილს მიმართა: „გადასხმას შეგნებულად გიკეთებდნენ, რომ წყალი შესულიყო ფილტვებში?“, რაზეც გელაშვილმა აღნიშნა:

„ჩემი ექიმები რომ ჩამოვიდნენ, მითხრეს, საათ-ნახევარი მაკლდა გათიშვამდე და კომაში ჩავარდნამდე. ჩემი ექიმიც დავალაპარაკე, რომელმაც ჰკითხა, უვიცობით მოგივიდა თუ როგორო. ჩივილს აპირებდა მთავარი ექიმი. ვუთხარი, იჩივლე და ყველაფერს დაგიმტკიცებ-მეთქი. მყავს მოწმეები, რომ ასეთ დგომარეობაში ვიყავი“.

როგორც ვალერი გელაშვილმა აღნიშნა, ოპერაციიდან ორ თვეში დაბრუნდა საქართველოში.

„ჩამოვედი თუ არა, სააკაშვილი იძულებული იყო და იმ დღესვე პირადი დაცვა დამინიშნა, მაინც პარლამენტის წევრი ვიყავი. ვმოძრაობდი ჩვეულებრივად, უბრალოდ, უსაფრთხოების სამსახურიდან მითხრეს, ბევრი არაფერი ილაპარაკო მიშაზე, თორემ იძულებულს გაგვხდის, კიდევ რაღაც გავაკეთოთო, წყნარად იყავიო. ახალი დაცვა ავიყვანე, რომელიც შევარდნაძის ყოფილი დაცვის წევრი იყო. მას მეგობრები ჰყავდა უსაფრთხოების სამსახურში და გადასცეს, გთხოვთ, თავშეკავებულად მოიქეცით, თორემ კიდევ გვიბრძანებს და იძულებული ვიქნებით, გავაკეთოთო. ვიცი, ადამ კუსი, ლიტვის პრეზიდენტი, რომ შეხვდა მიხეილ სააკაშვილს, გააფრთხილა, გელაშვილს ხელს მოკიდებ და ვეღარ გაპატიებო. მე ოჯახი ლიტვიდან მყავს. გააფრთხილა, რომ გელაშვილს თუ შეეხები, მისი ოჯახის წევრები ლიტვის მოქალაქეები არიან და იძულებული ვარ, რეაგირება მოვახდინოთო. ამის გამო აღარ მეხებოდა სააკაშვილი და დამინიშნა დაცვა“, – განაცხადა ვალერი გელაშვილმა.

 “გაიცანით ბოჰემური თბილისი: ექვსი საუკეთესო ადგილი, რომელიც საქართველოს დედაქალაქში უნდა მოინახულოთ”-The Independent

ბრიტანულ გაზეთ „ინდეფენდენთში“ (The Independent) რუბრიკით „მოგზაურობა“ გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „გაიცანით ბოჰემური თბილისი: ექვსი საუკეთესო ადგილი, რომელიც საქართველოს დედაქალაქში უნდა მოინახულოთ“ (ავტორი – შონ მოლტონი). პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ლონდონიდან თბილისში პირდაპირი ავიარეისები შესაძლებლობას აძლევს ბრიტანელებს ახლოს გაიცნონ კავკასიის ზღაპრული ქვეყანა – საქართველო – თავისი მრავალსაუკუნოვანი წარსულით, გმირული ისტორიით, ტრადიციებით და ბუნების პირველყოფილი სილამაზით.

გთავაზობთ სტატიის შინაარსს:

„ბრიტანული ავიაკომპანია British Airways-ის სამგზავრო თვითმფრინავით – Airbus A320-ით როცა ლონდონის ჰიტროუს აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 21.25-ზე თბილისისკენ გაემგზავრებით (კვირაში ოთხი ავიარეისით), ჯერ გერმანიისა და შემდეგ ავსტრიის საჰაერო სივრცეში შეხვალთ, თბილისამდე მანძილის მხოლოდ ერთი მეოთხედი გექნებათ გავლილი. ლონდონიდან ხუთი საათის ფრენის შემდეგ ახალ დილას უკვე ახალ ქვეყანაში შეხვდებით“, – აღნიშნულია მასალის დასაწყისში, შემდეგ კი ავტორი, რომელიც თბილისის ხუთვარსკვლავიან სასტუმრო Radisson Blu Iveria Hotel-ში რამდენიმე დღე ცხოვრობდა, უშუალოდ საქართველოს მოკლე დახასიათებას იწყებს.

„საქართველო კავკასიის პატარა ქვეყანაა, რომელიც ევროპისა და აზიის საზღვარზე მდებარეობს და რომელიც, მეცნიერთა მტკიცებით, მსოფლიოში ღვინის ყველაზე უძველეს სამშობლოს წარმოადგენს. საქართველოს გეოგრაფია და ლანდშაფტი მრავალფეროვანია – შავი ზღვის თბილი სუბტროპიკული პლაჟებიდან კავკასიონის ქედის მარადიულ მყინვარებამდე. საქართველოს მთავარი მდინარეა მტკვარი, რომლის ნაპირებზეც ქვეყნის დედაქალაქი თბილისია გაშენებული. თბილისი ჩვენი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნეშია დაარსებული, ქალაქი გამოირჩევა მრავალფეროვანი არქიტექტურით, რომელიც მის მღელვარე ისტორიას ასახავს – შუა საუკუნეების, ნეოკლასიკურ და საბჭოური ეპოქის პერიოდებს“, – აღნიშნავს შონ მოლტონი და იმ მკითხველებს, რომლებიც საქართველოში მოგზაურობით დაინტერესდებიან, თავის რჩევა-რეკომენდაციებს სთავაზობს – რა უნდა მოინახულონ თბილისში.

პირველი: ბაზარი მეიდანზე

თბილისი საუკუნეების განმავლობაში სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა ისტორიული „აბრეშუმის დიდი გზის“ კავკასიურ განშტოებაზე, სადაც ერთმანეთს უკავშირდებოდნენ ჯერ ევროპა და ცენტრალური აზია, შემდეგ კი მათ რუსეთი და სპარსეთი დაემატა. ძველი თბილისის ქვაფენილიან ცენტრში მდებარეობს კალა – კავკასიის უძველესი სავაჭრო რაიონი, ბაზარი, რომლის ისტორია 1500 წელს ითვლის. ბაზარი ამჟამად განახლებულია და ნაწილობრივ მიწის ქვეშ არი გადატანილი. აქ ძველებურად ვაჭრობენ ქართული ღვინით, ოსტატურად დამზადებული ცერემონიალური ხმალ-ხანჯლებით, ტრადიციული კერამიკული ნივთებით და ჩურჩხელებით – ყურძნის წვენისგან და ნიგვზისგან დამზადებული პროდუქტით.

მეორე – თანამედროვე სახვითი ხელოვნების მუზეუმი

მუზეუმი განლაგებულია საქართველოს პარლამენტის წინ, ისტორიულ მთავარ ქუჩაზე –  რუსთაველის გამზირზე. მასში თავმოყრილი ქართველი მხატვრების თითქმის 3500 ნახატი.  კერძო მუზეუმი 2018 წელს ჯოხთაბერიძეების ოჯახმა დაარსა, რომელიც ასევე არის საქართველოში უდიდესი სატელეკომუნიკაციო კომპანიის მფლობელი. მუზეუმის ფუნქციებია ქართული ხელოვნების ნიმუშების კოლექციონირება, რესტავრაცია და შენახვა. აღსანიშნავია, რომ ქართველი მხატვრები საბჭოთა ხელისუფლების წლებში ხშირად იდევნებოდნენ თავიანთი ნამუშევრების გამო, რომლებშიც ანტისაბჭოური განწყობები ჩანდა. მუზეუმში ხშირად ტარდება გამოფენები, მათ შორის 2023 წელს ბენქსის გამოფენა. საკმაოდ უჩვეულო ფაქტია ეროვნული მნიშვნელობის მქონე სამხატვრო მუზეუმისათვის ის, რომ იქვე მდებარე ხელოვნების სახლში მოქმედებს ორი რესტორანი, ფიტნეს-კლუბი და საცურაო აუზი.

მესამე – „საქართველოს მატიანე“

სკულპტორ ზურაბ წერეთლის მიერ 1980 წელს შექმნილი ეს 16-სვეტიანი ძეგლი მდებარეობს ყეენის მთაზე, რომელიც ქალაქის ჩრდ. ნაწილშია აღმართული. „საქართველოს მატიანე“ ეძღვნება ქვეყნის 3000-წლოვან ისტორიას, ქვაში ფართოდ არის გადმოცემულ-ამოკვეთილი წარსულის მნიშვნელოვანი ფაქტები და ქრისტიანულ-მართლმადიდებლური რელიგიის ამსახველი მომენტები. ამჟამად „საქართველოს მატიანე“ თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ღირსშესანიშნაობად ითვლება. იქვე დგას სამლოცველო, საიდანაც „თბილისის ზღვის“ – დიდი ხელოვნური წყალსაცავის – მშვენიერი ხედი იშლება.

მეოთხე – რევაზ გაბრიაძის თეატრი და კოშკი შავთელის ქუჩაზე

ძველ თბილისში, შავთელის ქუჩაზე მდებარეობს ქართველი დრამატურგისა და მხატვრის რევაზ გაბრიაძის მიერ დაარსებული მარიონეტების თეატრი და მისივე ხელით აგებული საათიანი უჩვეულო, საოცარი კოშკი, რომელიც თავისი დიზაინით ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს. თეატრი მოქმედია და თოჯინური სპექტაკლები იდგმება, რომლებიც საქართველოს ისტორიაზე მოგვითხრობს. მე პირადად ვნახე სპექტაკლი „რამონა“ – ისტორია ორ საბჭოთა მატარებელზე, რომლებიც ერთმანეთზე იყვნენ „შეყვარებულნი“ მეორე მსოფლიო ომის დროს და ერთი ფრონტზე წავიდა, მეორე კი ზურგში დარჩა – სათადარიგო ლიანდაგზე. სპექტაკლი სავსეა საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობით, იუმორით და ექსპრესიით. წარმოდგენა ქართულ ენაზეა, მაგრამ არის ინგლისური სუბტიტრებიც.

მეხუთე – „ჭრელი აბანო“

სახელწოდება „თბილისი“ წარმოდგება სიტყვიდან „თბილი“, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალაქის ისტორია ადგილობრივ თბილ (თერმულ) წყლებს უკავშირდება. აბანოთუბანში ბევრი ცხელი წყლის აბაზანა და სპა-ცენტრი მდებარეობს. ამ კვარტალში სპეციფიკური სუნი იგრძნობა, რადგან წყალი გოგირდს შეიცავს. „ჭრელი აბანო“ სხვა აბაზანებისაგან იმით გამოირჩევა, რომ მას აქვს ლამაზი აღმოსავლური ფასადი, მოპირკეთებული სხვადასხვაგვარი და ფერის მქონე კაფელით და  დამშვენებული პატარა კოშკურებით.

მეექვსე – ქართული სამზარეულო

ქართული სამზარეულოს ყველაზე ტრადიციულ საჭმელად ითვლება ხაჭაპური – ყველისა და ფქვილის ცომისაგან მომზადებული ღვეზელი, რომელსაც მსგავს პროდუქტთან – პიცასთან – შედარებით ბევრად დიდი ისტორია აქვს. ხაჭაპურს თბილისში თითქმის ყოველ კაფე-რესტორანში აცხობენ. 27 თებერვალი საქართველოში ხაჭაპურის დღე აღინიშნება ხოლმე. კიდევ ერთ პოპულარულ საჭმელს წარმოადგენს ხინკალი – ხორცით და ხორბლის ფქვილის ცომით მომზადებული ბულიონი, ბოსტნეულნარევი. ხინკალი ზომით პატარაა, მას ჩვეულებრივ ორივე ხელით მიირთმევენ. რესტორანი „კნეინა“, რომელიც ძველი ქალაქის ცენტრიდან რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს, ტიპიურ საოჯახო რესტორანს წარმოადგენს ქართული სტილით, ორიგინალური ავეჯით, ძველებური პურსაცხობი ღუმელით სარდაფში.

სტატიის დასასრულს აღნიშნულია, რომ ავიაკომპანია „ბრითიშ ეარვეისის“ სამგზავრო  თვითმფრინავებით ლონდონის „ჰითროუს“ აეროპორტიდან თბილისამდე ფრენის ფასი სულ რაღაც 244 გირვანქა სტერლინგია.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

დონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სასაზღვრო კედელი უნდა ააშენოს – The Washington Post

ამერიკულ გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სასაზღვრო კედელი უნდა ააშენოს“ (ავტორი – მარკ ტისენი). პუბლიკაციაში განხილულია უკრაინის პერსპექტიული უსაფრთხოების საკითხი – რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერისა და სადემარკაციო ხაზის დადგენის შემთხვევაში: „ახალ საზღვარზე“ კედლის მშენებლობა.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებული სახით:

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ სასაზღვრო კედლების მშენებლობა სასარგებლოა. „კედლები მუშაობენ“, – თქვა მან. დონალდ ტრამპს ძველებურად გადაწყვეტილი აქვს აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე, მექსიკასთან, კედელი ააშენოს, რასაც ადრე ხელს დემოკრატები უშლიდნენ, მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის პერიოდში.

ახლა კი ახალი იდეა გაჩნდა: რა მოხდება, თუ დონალდ ტრამპი კედელს რუსეთსა და უკრაინას შორისაც ააშენებს?

ამჟამად პოლონეთი სასაზღვრო კედელს აგებს რუსეთთან (კალინინგრადის ოლქი) და ბელარუსთან, რომლის საერთო სიგრძე 650 კილომეტრზე მეტია. პოლონელმა ჩინოვნიკებმა კარგად შეისწავლეს უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დეტალები და შეიმუშავეს სასაზღვრო ბარიერის, რომელიც მოსკოვ-მინსკის ჯარების პოლონეთზე შეტევას ხელს შეუშლის და სავარაუდოდ, მათ შეაჩერებს. პროექტის სახელმწოდებაა „აღმოსავლეთის ფარი“ და მისი განხორციელება გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. სასაზღვრო კედელი წარმოადგენს ფიზიკურ ბარიერს და მოიცავს დაკვირვების მაღალტექნოლოგიური სისტემის კომპონენტებს.

ფიზიკური ბარიერია ლითონის კედელი, რომლის ზემოთა ნაწილზე მავთულხლართია გაბმული და რომელიც რიგ მონაკვეთებზე გამაგრებულია ღრმა ტანკსაწინააღმდეგო თხრილით.  შემდეგ არის 200-მეტრიანი ველი ტანკსაწინააღმდეგო ბოძკინტებით და ნაღმებით, რომელსაც მოსდევს ტრანშეა – საიდანაც ნატოელი და პოლონელი ჯარისკაცები მომხდურ მტერს შეუტევენ. თუ თავდამსხმელის შეჩერება ვერ მოხერხდება, ასეთ შემთხვევაში ჯარისკაცები მომდევნო გამაგრებულ ადგილზე გადაინაცვლებენ, სადაც არის ტანკსაწინააღმდეგო ხელოვნური ჭაობები, სადრენაჟო თხრილები, სამხედრო ბუნკერები ტყვიამფრქვევებით, ჰაუბიცებით და მიწისქვეშა თავშესაფრებით.

ეს მრისხანე ფიზიკური დაცვა განმტკიცებულია მაღალტექნოლოგიური ელემენტებით, რომლებიც შეუარაღებელი თვალით არ ჩანს. პოლონეთი საზღვრის გასწვრივ ამონტაჟებს საბაზო დამკვირვებელ სადგურებს, რომლებიც სიგნალის სახით ვიდეო და ფოტოინფორმაციებს იღებენ კოსმოსური თანამგზავრებიდან, ასევე აკუსტიკური სენსორები. ინფორმაციები მიიღება აგრეთვე სადაზვერვო თვითმფრინავებიდან და დრონებიდან, დიდი აეროსტატ-რადარებით და დირიჟაბლებით, რომლებიც პერმანენტურად გააკონტროლებენ საჰაერო სივრცეს საზღვართან ახლოს (ხელოვნური ინტელექტის დახმარებით). ეს სისტემები პოლონეთმა აშშ-ის კომპანიებს შეუკვეთა და მათი დამონტაჟების შემდეგ დაკვირვება და თვალთვალი საზღვრის მიღმა ასეულ კილომეტრზე გავრცელდება.

პროექტმა „აღმოსავლეთის ფარი“ პოლონეთში დიდი მხარდაჭერა მიიღო ყველანაირი პოლიტიკური სპექტრის მხრიდან. თავის დროზე პროექტი შეიმუშავა და მისი რეალიზება დაიწყო იმ დროს, როცა პარტია „კანონი და სამართალი“ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში იყო. თუმცა კედლის მშენებლობას მისი მემკვიდრეც – „სამოქალაქო პლატფორმაც“ აგრძელებს. „ჩვენი საზღვარი მშვიდობიან დროს უსაფრთხო იქნება, ხოლო ომის დროს – გადაულახავი“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ერთი წლის წინათ.

მაშ განა არ შეიძლება მსგავსი სასაზღვრო ბარიერის აშენება უკრაინაშიც? თუ პოლონეთს აქვს რთული ბარიერის აგების შესაძლებლობა რუსეთის არმიის შესაჩერებლად, განა უკრაინა ვერ ააგებს დასავლეთის დახმარებით მსგავს ბარიერს იმ ტერიტორიაზე, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებისა და შეთანხმების დადების შემდეგ სადემარკაციო ხაზი გაივლის? და რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის არსებული დემილიტარიზებული ზონის მსგავსად, უკრაინასა და რუსეთს ერთმანეთისაგან დააშორებს?

პროექტი თავისი უპირატესობებით მომგებიანი გარიგება იქნებოდა. პოლონეთის ხარჯები, როცა 650-კილომეტრიანი ლითონის კედლის აგება დასრულდება მთელი თავისი ინფრასტრუქტურით, მიაღწევს 2,5 მილიარდ დოლარს. შესაბამისად, თუ მას უკრაინა-რუსეთის საზღვრისთვის გადავიანგარიშებთ, შესაძლოა რამდენიმე ასეული მილიონი დოლარით მეტი დაჯდეს. თუმცა ეს თანხა არაფერი არ იქნება იმ ფულთან შედარებით, რომლის დახარჯვას უკრაინა იარაღის შესაძენად აპირებს – 50 მილიარდ დოლარს. დიახ, იარაღი აუცილებელია, მაგრამ საზღვრის საიმედოდ დაცვა კიდევ უფრო მეტად აუცილებელი, მით უმეტეს, რომ მტკიცედ გამაგრებული საზღვარი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის მაღალ გარანტიას ნიშნავს.

აქვე შევნიშნავთ, რომ უკრაინის კედლისათვის ამერიკელი გადასახადის გადამხდლები არცერთ ცენტს არ დახარჯავენ. აშშ შეძლებს უკრაინას დაეხმაროს იმ კრედიტების პროცენტებით, რომლის დაფარვისას პოლონეთი ამერიკას გადაუხდის. გარდა ამისა, უკრაინას შესაძლებლობა ექნება „დიდ შვიდეულს“ კრედიტი სთხოვოს (50 მილიარდი დოლარი), რომელსაც იმ ფულით დაფარავს, რომელსაც, სავარაუდოდ, გაყინული რუსული აქტივების პროცენტების სახით მიიღებენ. ასევე, თუ ევროკავშირი დათანხმდება, მშენებლობის ფულად თვითონ აქტივების გამოყენებაც შეიძლება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უკრაინის სასაზღვრო კედელი მაინცდამაინც ძვირი არ დაჯდება, ხოლო მისი ხარჯების გადახდის მექანიზმიც საკმაოდ ბევრია. ყველაფერი, რაც ამისთვის იქნება საჭირო, ესაა სამშვიდობო ხელსეკრულების დადება და პოლიტიკური ნება კედლის მშენებელობისათვის.

უკრაინული საზოგადოების ნაწილი, ალბათ, არ მოიწონებს კედლის აგებას უკრაინის თავისუფალ და ოკუპირებულ ნაწილებს შორის და მას ერთგვარ თანამედროვე „რკინის ფარდა“ ჩათვლიან. სხვათა შორის, მაგრამ უკრაინელებს უნდა ახსოვდეთ: ბერლინის კედელი დაეცა აშენებიდან 20 წლის შემდეგ. ცივი ომი დასრულდა და გერმანია გაერთიანდა. იგივე შეიძლება მოხდეს უკრაინის შემთხვევაშიც: რადგანაც რუსეთი მის არსებობას სასიკვდილო საფრთხეს უქმნის, ამის გამო სასაზღვრო კედელი – პოლონური „აღმოსავლეთის ფარის“ მგავსად, უკრაინელ ხალს კრემლის მუქარა-საფრთხეებისაგან დაიცავს. დონალდ ტრამპმა კედლის მშენებლობას ხელი უნდა შეუწყოს. იგი მართალია: კედლები მართლაც მუშაობენ.

წყარო

მოამზადა – სიმონ კილაძემ

მსოფლიოში არის პროცესები ისე, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვეყნის, აშშ-ის პრეზიდენტს უწევს თავის დაცვა ევროკავშირისგან, „დიფ სთეითისგან“ და „გლობალური ომის პარტიისგან“ – გურამ მაჭარაშვილი

[ევროკავშირში] მიხვდნენ, რომ საქართველოს საზოგადოებაზე შანტაჟი, მათრახი, სანქციები არ ჭრის, ჭრის მეგობრული დამოკიდებულება – ევროკავშირის ბიუროკრატიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა პირდაპირ თქვა, უნდა გადავხედოთ სანქციებს და ვიზალიბერალიზაციის საკითხს, იმიტომ, რომ როგორც ჩანს, შანტაჟის ენა არ გამოდის და იქნებ დიალოგიც კი ვცადოთო, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ევროკავშირისგან, „დიფ სთეითისგან“ და „გლობალური ომის პარტიისგან“ თავის დაცვა უწევს და ამის ფონზე, ევროკავშირის მხრიდან საქართველოზე თავდასხმები, მათ შორის, სანქციების მუქარები გასაკვირი არ უნდა იყოს.

„ჩვენ ვხედავთ, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, მსოფლიოში არის პროცესები ისე, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვეყნის, შეერთებული შტატების პრეზიდენტს უწევს თავის დაცვა ევროკავშირისგან, „დიფ სთეითისგან“ და „გლობალური ომის პარტიისგან“. შეერთებული შტატების პრეზიდენტი გამოდის და ამბობს, რომ ევროკავშირი მას და მის ქვეყანას თავს ესხმის, უსამართლოდ ექცევა. არსებობს „დიფ სთეითი“, რომელიც ხელს უშლიდა ადრე და ახლაც. გასაკვირი რა უნდა იყოს, რომ საქართველოსთან მიმართებაში, რომელიც დგას ეროვნულ ღირებულებებზე, იყოს თავდასხმები, მათ შორის, სანქციების მუქარები?! ამავე დროს, შევახსენოთ საზოგადოებას, სულ რამდენიმე დღის წინ, ევროკავშირის ბიუროკრატიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა პირდაპირ თქვა, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ სანქციებს უნდა გადავხედოთ, იგივე ვიზალიბერალიზაციის საკითხსაც უნდა გადავხედოთ, იმიტომ, რომ როგორც ჩანს, შანტაჟის ენა არ გამოდის და იქნებ დიალოგიც კი ვცადოთო. ანუ, მიხვდნენ იმას, რომ საქართველოს საზოგადოებაზე შანტაჟი, მათრახი, სანქციები არ ჭრის. ჭრის მეგობრული დამოკიდებულება და ახლა ამ აქტებს რას დაარქმევ – მეგობრულს თუ მტრულს, ამას უკვე აღარავინ ყიდულობს, განსაკუთრებით ქართულ საზოგადოებაში, რომელიც ძალიან გაიზარდა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ჩემზე თავდასხმის დამკვეთი იყო მიხეილ სააკაშვილი, შემსრულებლები იყვნენ სპეცსამსახურები, კოდუა და აფხაზეთის სპეცრაზმი. ვანო მერაბიშვილმა ორგანიზება გაუკეთა ამ ყველაფერს -ვალერი გელაშვილი

იმ სახლის გამო, რომელიც რეზიდენციის მფლობელობაშია ახლა, მოგვივიდა დაპირისპირება, იყო პირადი შეურაცხყოფები მისი მხრიდან, – განაცხადა ყოფილმა დეპუტატმა ვალერი გელაშვილმა

„ფულის გადახდას არ აპირებდნენ, მაწვალებდნენ და იძულებული გავხდი, რომ გაზეთში რაღაცები დამეწერა. შემდეგ დამემუქრნენ, რომ გაგისწორდებითო. ვილნიუსში ვიყავი და რომ ჩამოვედი ქალაქის ცენტრში მომიწყვეს თავდასხმა. დამკვეთი იყო მიხეილ სააკაშვილი და შემსრულებლები იყვნენ სპეცსამსახურები, კოდუა და აფხაზეთის სპეცრაზმი, ვანო მერაბიშვილმა ორგანიზება გაუკეთა ამ ყველაფერს. ადრე მიხეილ სააკაშვილმა ოქრუაშვილს სთხოვა და ოქრუაშვილმა უარი უთხრა, შემდეგ ვანო მერაბიშვილი დასთანხმდა და მან შეასრულა. ფუძის ძვალი მქონდა მოტეხილი. იშვიათად, რომ ვინმე გადარჩეს ასეთ შემთხვევაში“, – აღნიშნა ვალერი გელაშვილმა.

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით დღეს ვალერი გელაშვილს, გოჩა კაკოიშვილსა და ბესიკ დანელიას მოუსმენენ.