Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

კეზერაშვილი როცა ძარცვავდა ბიზნესმენებს და ჯარს, ბიძინა ივანიშვილმა დახარჯა 3 მილიარდი დოლარი ამ ქვეყანაში – პრემიერი

კეზერაშვილი როცა ძარცვავდა ბიზნესმენებს და ჯარს, ბიძინა ივანიშვილმა დახარჯა 3 მილიარდი დოლარი ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დავით კეზერაშვილი ყაჩაღია. 

„დემაგოგიასაც ნიჭი სჭირდება ქალბატონო ნინო. ახლა რაც შეეხება პასუხს – დავიწყებ ისევ ორი სიტყვით, ზრდილობა და კულტურა, რამდენჯერმე დაარღვიეთ. კეზერაშვილის ტელევიზიის ჟურნალისტი, ასეთი გონორით არ ვისაუბრებდი. თქვენი სირცხვილია, რომ კეზერაშვილის ტელევიზიაში მუშაობთ, რადგან კეზერაშვილი არის კაცი, რომელიც იყო „2008 წლის ომის გმირი”, თავდაცვის მინისტრი იყო მაშინ და ქვეყანაშიც არ იყო როგორც ამბობენ, რომელმაც გაძარცვა ქართული ჯარი, კეზერაშვილი დაკავებული იყო ბიზნესის რეკეტით. კეზერაშვილი როცა ძარცვავდა ბიზნესმენებს და ჯარს, ბიძინა ივანიშვილმა დახარჯა 3 მილიარდი დოლარი ამ ქვეყანაში. კეზერაშვილი ყაჩაღია. ყაჩაღის ტელევიზიაში მუშაობთ ქალბატონო ნინო. ის, რომ ევროკავშირში ცხოვრობს კეზერაშვილი, ეს არის სერიოზული პრობლემა. კეზერაშვილის ტელევიზიაში მუშაობა არის ძალიან დიდი სირცხვილი. ეს კაცი ძარცვავდა ჯარს, ბიზნესმენებს, ახლა ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს და არ გრცხვენიათ”, – მიმართა ირაკლი კობახიძემ „ფორმულას” ჟურნალისტს.

ბანდები არის თქვენი პარტიის ხელწერა, ნებისმიერი ფაქტი მიიტანეთ სამართალდამცავ სტრუქტურებში და გპირდებით, ბოლომდე ჩავყვებით  – პრემიერი მთავარ არხს

რაც შეეხება ძალადობას, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი,  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ძალადობა, ზოგადად, „ნაცმოძრაობის” ხელწერაა.

„ელისაშვილის ძალადობა გაგიხარდათ, პირდაპირ განცხადებები იყო თქვენი ჟურნალისტების, თუ როგორ გაგიხარდათ ელისაშვილის ძალადობა. გპირდებით, ხვალ დავდებ თქვენს პოსტებს, როგორც დაიდო ეს ინფორმაცია თქვენს „ფეისბუქზე” და ასევე როგორი იყო თქვენი კოლეგების გამოხმაურება ამ ძალადობაზე, „ენჯეოების”, თქვენი თანაპარტიელების და ა.შ.

რაც შეეხება ჟურნალისტებზე ძალადობას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს ჟურნალისტებზე ძალადობა. არც ერთი არ დაგიგმიათ. ეს ხომ სირცხვილია, კოლეგაა. რაღაც ფორმალური კოლეგიალობა მაინც ხომ არსებობს, სირცხვილია. როდესაც სპორტსმენებზე ძალადობენ ფსიქოლოგიურად, ხომ არ დაგიგმიათ, არ დაგიგმიათ. პოლიტიკოსებზე ფსიქოლოგიურად თავად ძალადობთ და ა.შ. ძალადობა არის ზოგადად თქვენი პარტიის ხელწერა. ნებისმიერი ფაქტი მიიტანეთ სამართალდამცავ სტრუქტურებში და გპირდებით, ბოლომდე ჩავყვებით. რა დანაშაულიც არის ჩადენილი, გამოვიძიებთ. ჩვენი დანაშაული არ არსებობს. ბანდები არის თქვენი პარტიის ხელწერა, მაგას აკეთებთ თქვენ 2003 წლიდან მოყოლებული. რაც შეეხება ძალადობას, რომელიც განხორციელდა, ბოლომდე ჩავყვებით თითო ფაქტს,” – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მისივე თქმით, ყველანაირი ძალადობა დასაგმობია, თუმცა ზოგიერთი  ამას მხოლოდ ცალმხრივად აკეთებს.

„თქვენ გმობთ ცალმხრივად ძალადობას, რაც არასწორია. მე ვგმობ ყველანაირ ძალადობას, „ქართული ოცნების” წარმომადგენელი გააკეთებს – ვგმობ, სახელმწიფოს წარმომადგენელი გააკეთებს – ვგმობ, ოპოზიციის წარმომადგენელი გააკეთებს, ვგმობ,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

11 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მიზნის მისაღწევად არაფრის წინაშე არ დაიხევთ, გადააბიჯებთ ყველას და ყველაფერს, ხოლო თუ ხელში ჩაიგდებთ რაიმეს, ძნელი იქნება თქვენთვის მისი წართმევა.

კურო

ახალმა რომანტიკულმა წინადადებამ, შესაძლოა, დაგაბნიოთ. გიჭირთ რეალობის აღქმა, იჩქარეთ, თორემ შანსი შესაძლოა, უცბადვე გაქრეს.

ტყუპები

დღეს, ნაყიდი ნივთები მეტად საჭირო და სასიკეთო იქნება თქვენთვის და რეალურად მართლაც სასარგებლო.

კირჩხიბი

დღეს, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით და კარგად წარმოაჩენთ თქვენს ნიჭსა და იდეებს. დიდი იქნება დაინტერესება ირგვლივ მყოფთაგან.

ლომი

დიდია ცდუნება, აჰყვეთ სხვის ჭკუას და უსარგებლო ნივთი, ან საგანი შეიძინოთ, ნაკლებად ენდეთ რეკლამას და მოუსმინეთ მეგობრებს.

ქალწული

იყავით უფრო მოწესრიგებული და ორგანიზებული, შედეგად, დარწმუნებული იყავით, ყველაფერს იოლად გაუმკლავდებით.

სასწორი

იყავით ყურადღებით, არის ალბათობა, მოულოდნელი ფული მიიღოთ. შესაძლოა, იყოს ლატარია, შეიძლება, იპოვოთ კიდეც რამე.

მორიელი

ერიდეთ ფულის ხარჯვას, შესაძლოა, უბრალოდ, რაიმეს საყიდლად გასულს, ცდუნება დაგეუფლოთ და უაზროდ, ფუჭად დახარჯოთ ფინანსები.

მშვილდოსანი

ნუ იქნებით მხოლოდ საკუთარი თავის იმედად, დასახული მიზნის მისაღწევად მეტი ინიციატივა და ძალები გჭირდებათ. იაქტიურეთ და დახმარება ახლობლებს სთხოვეთ.

თხის რქა

ფრთხილად იყავით გრძნობებთან, თქვენმა მოჭარბებულმა ემოციურობამ, შესაძლოა, არასწორი ნაბიჯებისკენ გიბიძგოთ.

მერწყული

დღეს, შეგიძლიათ, შეიძინოთ საჭირო ნივთები, თქვენი წინდახედულობა და საზრიანობა სწორ არჩევანს გაგაკეთებინებთ და კმაყოფილებას მოგიტანთ.

თევზები

თქვენი პოზიტიური ემოციები გადამდები და თქვენს გარემოცვაში პოზიტიური მუხტის შემტანია. ირგვლივ მყოფნი ლიდერად მოგიაზრებენ და საერთო საქმეში მთელს ინიციატივას თქვენ გითმობენ. 

გვესმის განცხადებები, თითქოს კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ პრინციპებს, მაგრამ ნული კონკრეტიკა – პრემიერი

როგორც კი ჩვენ მოვისმენთ კონკრეტულ შენიშვნებს ამ კანონთან დაკავშირებით, მზად ვართ დისკუსიისთვის და ასევე შენიშვნების გათვალისწინებისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღემდე რეალური, სამართლებრივი შენიშვნა არ ყოფილა, არის ზოგადი განცხადებები, თითქოს კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ პრინციპებს.

„ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ თანამშრომლობისთვის, დისკუსიებისთვის, კონსულტაციებისთვის, ერთადერთი რაც არის მნიშვნელოვანი, ეს არის სამართლიანი, ღირსეული დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. როცა საქმე ეხება კონკრეტულად ამ კანონს, ჩვენ ვითხოვთ ერთადერთ რამეს – ნაცვლად ზოგადი განცხადებებისა, გვინდა, მოვისმინოთ კონკრეტული შენიშვნები კანონთან დაკავშირებით, ეს არის სამართლიანი, ღირსეული მიდგომა პარტნიორის მიმართ. ეს არის ერთადერთი რასაც ვითხოვთ. როგორც კი ჩვენ მოვისმენთ კონკრეტულ შენიშვნებს ამ კანონთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მზად ვართ დისკუსიისთვის, მზად ვართ ასევე შენიშვნების გათვალისწინებისთვის. ამასთან დაკავშირებით მე მქონდა საუბარი მაგალითად შარლ მიშელთან, ბატონ კოპმანთან და სხვებთან, ჩვენს პარტნიორებთან. როგორც კი მოვისმენთ კონკრეტულ შენიშვნებს კანონთან დაკავშირებით, აბსოლუტურად ღია ვართ დისკუსიისთვის, უფრო მეტიც მზად ვართ შენიშვნების გათვალისწინებისთვის. დღემდე არც ერთი შენიშვნა რეალურად არ მოგვისმენია, არც ერთი სამართლებრივი შენიშვნა არ მოგვისმენია, არის ზოგადი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თითქოს ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ პრინციპებს, მაგრამ ნული კონკრეტიკა, ეს არის მიუღებელი დამოკიდებულება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 ჩვენს პარტნიორებს განვუმარტე, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში შესაძლებელია შეჯერდეს პოზიციები – პრემიერი

მე განვუმარტე ჩვენს პარტნიორებს, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში შესაძლებელია შეჯერდეს პოზიციები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტნიორები იძულებული იქნებიან, რომ კონკრეტული შენიშვნები წარმოადგინონ და ასახონ პრეზიდენტის ვეტოში.

„მე ვხედავ პოზიტიურ ძვრებს, მათ შორის ბოლო შეხვედრების შემდეგ. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არის ახლა მზაობა კანონის ნორმებთან დაკავშირებით დისკუსიისთვის. მე განვუმარტე ჩვენს პარტნიორებს, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში შესაძლებელია შეჯერდეს პოზიციები. ჩვენ ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი თვითონ არ წერს ხოლმე საკუთარ ვეტოს კანონპროექტებს. ან NGO-ები უწერენ, ან გარედან უწერენ, შესაბამისად, ეს ბერკეტი შეგვიძლია კიდევ ერთხელ გამოვიყენოთ. შესაძლებელია ვეტოს პროცედურის გამოყენება იმისათვის, რომ ჩვენ შევაჯეროთ პოზიციები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. აქ უკვე ჩვენი პარტნიორები იძულებული იქნებიან, რომ კონკრეტული შენიშვნები წარმოადგინონ და ასახონ პრეზიდენტის ვეტოში. როცა ვეტო შემოდის პარლამენტში, ეს ვეტო უნდა იყოს ჩამოყალიბებული კონკრეტული კანონპროექტის სახით. აქ უკვე იძულებაა, რომ კონკრეტული რაღაც შემოგთავაზონ. მანამდე მზად ვართ პოზიციების შეჯერებისთვის, დისკუსიისთვის, ჩვენი მხრიდან არის აბსოლუტური ღიაობა და მზაობა. ბოლო ტენდენციები რაც არის, არის კარგი, ვხედავთ კონსტრუქციულობის ელემენტებს. თუ მანამდე იყო მხოლოდ ზოგადი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ კანონი არ ვარგა და რატომ არ ვარგა ვერ გავიგეთ, არ იყო არანაირი კონკრეტიკა, ახლა უკვე ვხედავთ მეტ მზაობას იმასთან დაკავშირებით, რომ გამოავლინონ კონსტრუქციული მიდგომა და შემოვიდნენ კონკრეტული განხილვაში კანონპროექტთან დაკავშირებით, რასაც მხოლოდ მივესალმებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

2004-2012 წლებში თვისებრივად გაფართოვდა რუსეთის ფედერაციის გავლენა საქართველოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში რუსეთის ფედერაციას არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა საქართველოში – ირაკლი კობახიძე

2004-2012 წლებში თვისებრივად გაფართოვდა რუსეთის ფედერაციის გავლენა საქართველოს ტერიტორიაზე – რაც შეეხება ჩვენს ხელისუფლებას, რეალურად პირველი ხელისუფლებაა „ქართული ოცნების” ხელისუფლება, რომლის პირობებშიც რუსეთის ფედერაციას არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ქვეყანას აქვს ხელშესახები მიღწევები ევროინტეგრაციის გზაზე, რუსეთის ფედერაციის მხრიდან რაიმე სახის გავლენის გაფართოება კი არსებული ხელისუფლების პირობებში 0 %-ია.

„რუსეთისკენ კურსი ეს არის რაღაც სპეკულაციების ერთ-ერთი საგანი. მინდა, შეგახსენოთ ამ კუთხითაც რა არის ჩვენი ხელისუფლების შედეგები. რა იყო წინა ხელისუფლების „მიღწევები” ამ კუთხით და რა შედეგები გვაქვს ჩვენ არსებული ხელისუფლების პირობებში.

მინდა, მარტივად შეგახსენოთ, თუ რა მოხდა 2004-2012 წლებში ამ კუთხით. რუსეთმა გააფართოვა თავისი გავლენა საქართველოში, მათ შორის, ეს გამოიხატა ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციით, ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებით. იცით, რომ უამრავი სტრატეგიული ობიექტი გასხვისდა წინა ხელისუფლების პირობებში რუსეთის ფედერაციაზე და აღარ გავაგრძელებ. 2004-2012 წლებში თვისებრივად გაფართოვდა რუსეთის ფედერაციის გავლენა საქართველოს ტერიტორიაზე. რაც შეეხება ჩვენს ხელისუფლებას, რეალურად პირველი ხელისუფლებაა „ქართული ოცნების” ხელისუფლება, რომლის პირობებშიც რუსეთის ფედერაციას არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა საქართველოში, არ გაგვისხვისებია ჩვენი სტრატეგიული ობიექტები რუსეთის ფედერაციაზე, შესაბამის კომპანიებზე. თუ ჩვენი ხელისუფლების მოსვლის პერიოდში პრორუსული კანდიდატები, პარტიები დაახლოებით 20%-ს იღებდნენ არჩევნებზე, დღეს მათი შედეგი არის 1-2% არაუმეტეს. ჩვენ მოვუგეთ რუსეთის ფედერაციას პრინციპული პროცესები, როგორც ჰააგაში, ასევე სტრასბურგში და მას შემდეგ, რაც უკრაინაში დაიწყო სამხედრო აგრესია, ომი, ჩვენ შევუერთდით 600-ზე მეტ აქტს, რომელიც ითვალისწინებდა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მხარდაჭერას და რუსეთის სამხედრო აგრესიის დაგმობას. ეს არის კონკრეტული შედეგები, ნაბიჯები. წინა ხელისუფლების პირობებში იყო 0 წინსვლა ინტეგრაციის მიმართულებით, იყო პირიქით რუსეთის ფედერაციის გავლენების გაფართოება თვისებრივად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებზე, რაც შეეხება ჩვენი ხელისუფლების შედეგებს, გვაქვს თვისებრივი მიღწევები ევროინტეგრაციის გზაზე და 0 პროცენტით რაიმე გავლენის გაფართოება რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ეს არის შედეგები, დანარჩენზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს,”- აღნიშნა პრემიერმა.

ქართული კანონი თავიდან ბოლომდე შესატყვისობაშია ევროპულ სტანდარტებთან, ერთადერთ რამეს ითვალისწინებს – ირაკლი კობახიძე

ქართული კანონი თავიდან ბოლომდე შესატყვისობაშია ევროპულ სტანდარტებთან, ერთადერთ რამეს ითვალისწინებს – ეს არის ორგანიზაციის მიერ წელიწადში ერთხელ დეკლარაციის გამოქვეყნება, მის მიღმა არაფერი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ძალიან ჰგავს რუსული კანონი ამერიკულ კანონს, მაგრამ სინამდვილეში არავითარი კავშირი, მსგავსება არ არის ქართულ კანონს, აქეთ რუსულ და იქით ამერიკულ კანონებს შორის.

„რაც შეეხება არის თუ არა კანონი რუსული – კონკრეტული ნიშნები უნდა იყოს მსგავსების და ეს ყველაფერი უნდა იყოს მტკიცებულებებით დადასტურებული. რაც შეეხება რუსულ კანონს, რას ითვალისწინებს რუსული კანონი – ყველაზე ძირითად პუნქტებს ჩამოვთვლი, მაგალითად რუსული კანონი ითვალისწინებს ორგანიზაციაში პირდაპირი სახელმწიფო კონტროლის შესვლას, პირდაპირ შეიძლება, შევიდეს ოფისში სახელმწიფო კონტროლი, ჩაჯდეს ორგანიზაციაში და ადგილზე აკონტროლოს ნებისმიერი დოკუმენტი, საქმიანობა შესაბამისი ორგანიზაციის. მეორე – კანონით გათვალისწინებულია ორგანიზაციის საქმიანობის შეჩერება, უფრო მეტიც, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება, გაუქმდეს შესაბამისი ორგანიზაცია. ასევე რუსული კანონით გათვალისწინებულია ორგანიზაციებისა და არამარტო ორგანიზაციების, შესაბამისი ადამიანების ანუ ორგანიზაციის წარმომადგენლების ბრენდირება კონკრეტული ფორმით, მაგალითად, როდესაც ტელევიზიით გამოდის კონკრეტული პირი, ორგანიზაციის წარმომადგენელი, ქვევით უნდა იყოს აუცილებლად მიწერილი, რომ ის არის უცხოელი აგენტი. ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არის გათვალისწინებული რუსული კანონით – ეს არის ძირითადი პუნქტები. ჩამოვთვალე დაახლოებით 5-6 პუნქტი. ხედავთ, რომ არცერთი ეს პუნქტი ქართულ კანონში გათვალისწინებული არ არის ანუ თავიდან ბოლომდე ქართული კანონი არის შესატყვისობაში ევროპულ სტანდარტებთან, ერთადერთ რამეს ითვალისწინებს – ეს არის ორგანიზაციის მიერ წელიწადში ერთხელ დეკლარაციის გამოქვეყნება, მის მიღმა არაფერი. აქედან გამომდინარე, როცა არაფერი არ გაქვს, როცა ერთი მეორეს საერთოდ არ ჰგავს, ბუნებრივია, შეუძლებელია, რომ ორ კანონს შორის ტოლობის ნიშანი დასვა. ეს არის უმარტივესი ლოგიკა, რომელიც მარტივად უნდა წაიკითხოს ყველამ. ამაზე ბევრად მკაცრი კანონები, ეს არაერთხელ ითქვა, მოქმედებს აშშ-ში, აქაც არის მაგალითად გათვალისწინებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ადამიანებზე ვრცელდება ამერიკული კანონი, რომელსაც ეწოდება უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი და ა.შ. ძალიან ჰგავს რუსული კანონი ამერიკულ კანონს, მაგრამ სინამდვილეში არავითარი კავშირი, მსგავსება არ არის ქართულ კანონს, აქეთ რუსულ და იქით ამერიკულ კანონებს შორის, გამომდინარე იქიდან, რომ არც რუსული და არც ამერიკული კანონი არ არის შესატყვისობაში ადამიანის უფლებების ევროპულ სტანდარტებთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ხელისუფლებას აქვს მკაფიოდ განსაზღვრული კურსი და როგორც ევროკავშირში, ისე ნატოში ინტეგრაცია ხელისუფლების კონსტიტუციურ ამოცანად განისაზღვრა” – ირაკლი კობახიძე

ჩემთვის, პირადად, მნიშვნელოვანი იყო ამ ფორმატში შეხვედრა, გვინდა, რომ თქვენს ყველა შეკითხვას გავცეთ პასუხი მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, უამრავი სპეკულაცია იყო ბოლო პერიოდის განმავლობაში, მათ შორის ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლებას აქვს მკაფიოდ განსაზღვრული კურსი და ეს კურსი არა მხოლოდ ზოგად დონეზეა განსაზღვრული, არამედ პირდაპირ წერია საქართველოს კონსტიტუციაში.

„მე, თქვენი ნებართვით, მოკლე შესავლით დავიწყებ და ამის შემდეგ შეგვიძლია თანმიმდევრობით გადავიდეთ კითხვა-პასუხზე. თითოეულ თქვენგანს ექნება საკმარისი დრო იმისთვის, რომ დასვათ შეკითხვები, მიიღოთ პასუხები, დააზუსტოთ შეკითხვები, საჭიროების შემთხვევაში.

პირველ რიგში, რაც შეეხება ხელისუფლების პოლიტიკას და საერთო ხედვას. უამრავი სპეკულაცია მოვისმინეთ ბოლო პერიოდში, მათ შორის საგარეო კურსთან დაკავშირებით. ინიცირებულ კანონპროექტს უკავშირებენ ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას, რაც არის უხეში სპეკულაცია, მანიპულაცია. მინდა, მკაფიოდ განვმარტო კიდევ ერთხელ ის, რაც ყველასთვის ცხადი და ნათელია, ხელისუფლებას აქვს მკაფიოდ განსაზღვრული კურსი და ეს კურსი არა მხოლოდ ზოგად დონეზეა განსაზღვრული, არამედ პირდაპირ წერია საქართველოს კონსტიტუციაში.

იცით, რომ 2017 წელს, „ქართულმა ოცნებამ”, ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე შეიტანა ნორმა საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის მიხედვითაც, როგორც ევროკავშირში, ისე ნატოში ინტეგრაცია ხელისუფლების კონსტიტუციურ ამოცანად განისაზღვრა.

აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ცხადია ჩვენი პოლიტიკური კურსი, საგარეო კურსი და არა მარტო კურსია ცხადი, არამედ, ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიღწევები, შედეგები ამ მიმართულებით. ყველა ხელშესახები შედეგი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ იქნა სწორედ „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, ეს არის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა, DCFTA-ის – თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, ვიზალიბერალიზაცია და კანდიდატის სტატუსის მიღება. ყველა ეს შედეგი არის მიღწეული სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში. ასევე მოგეხსენებათ, რომ სწორედ ჩვენი მოწოდებაა პარტნიორების მიმართ, რომ მაქსიმალურად უზრუნველყონ ჩვენი ქვეყნის დაახლოება როგორც აშშ-სთან, ისე ევროკავშირთან. ჩვენი თხოვნა არის, მოწოდება, მაგალითად აშშ-ს მიმართ, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი მოქალაქეებისთის ვიზალიბერალიზაცია. ეს, დარწმუნებული ვარ, არ დაამძიმებს აშშ-ს. ასევე, ხელი მოეწეროს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, უზრუნველყოფილი იყოს პირდაპირი ფრენები აშშ-ში. რაც შეეხება ევროკავშირს, აქაც ჩვენი მოწოდებაა, რომ გაიხსნას მოლაპარაკებები საქართველოსთან დეკემბერში, როცა ეს გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. შესაბამისად, ჩვენი პოზიცია ნათელია, ვითხოვთ მეტ ურთიერთობას, კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას, თუმცა სამწუხაროდ არის თავშეკავებული პოზიცია, რასაც შეიძლება ჰქონდეს თავისი მიზეზები, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვუწოდებთ ანტიქართულ განწყობას, პირიქით, გვაქვს აბსოლუტურად ღია პოლიტიკა, მზაობა, რომ კიდევ უფრო მჭიდრო გახდეს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს, საქართველოსა და აშშ-ს შორის და რაც მეტი ნაბიჯი გადმოიდგმება იქითა მხრიდან, მით უკეთესი. ეს არის ჩვენი განწყობა და ჩვენი პოზიცია,”- აღნიშნა პრემიერმა.

ერთ-ერთი დაკავებული აცხადებს, რომ აქციაზე გაიგო მელიას, ელისაშვილის, გვარამიას, ვაშაძის, ზურაბ ჯაფარიძის საუბარი, რომ ისინი ახალგაზრდებს დავალებების შესრულებისთვის გადაუხდიდნენ თანხას – შსს

დაკავებულთა შორის, ერთ-ერთი პირი, სამართალდამცველებთან მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, რომ ის 16 აპრილს, იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე, რა დროსაც მან გაიგო პოლიტიკური ლიდერების, კერძოდ ნიკანორ მელიას, ალეკო ელისაშვილის, ნიკა გვარამიას, გიორგი ვაშაძის, ზურაბ ჯაფარიძისა და კიდევ ერთი, მისთვის უცნობი მამაკაცის საუბარი, იმის შესახებ, რომ ისინი ახალგაზრდებს გარკვეული დავალებების შესრულების სანაცვლოდ გადაუხდიდნენ გარკვეულ თანხას, – ამის შესახებ ინფორამციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაასახელებს იმ პირის სახელსა და გვარს, რომლის ჩვენებასაც საზოგადოებას გააცნობს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების შესახებ.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პოლიციამ 8-9 მაისს, ბოლო პერიოდში გამართული აქციების დროს ჩადენილი დანაშაულების, კერძოდ პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე 6 პირი დააკავა.

ექვსივე დაკავებულს პროკურატურის მიერ ბრალი აქვს წარდგენილი და სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.

პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაასახელებს იმ პირის სახელსა და გვარს, რომლის ჩვენებასაც ახლა გავაცნობთ საზოგადოებას.

დაკავებულთა შორის, ერთ-ერთი პირი, სამართალდამცველებთან მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, რომ ის 16 აპრილს, იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე, რა დროსაც მან გაიგო პოლიტიკური ლიდერების, კერძოდ ნიკანორ მელიას, ალეკო ელისაშვილის, ნიკა გვარამიას, გიორგი ვაშაძის, ზურაბ ჯაფარიძისა და კიდევ ერთი, მისთვის უცნობი მამაკაცის საუბარი, იმის შესახებ, რომ ისინი ახალგაზრდებს გარკვეული დავალებების შესრულების სანაცვლოდ გადაუხდიდნენ გარკვეულ თანხას.

დაკავებული აცხადებს, რომ ის, თავისი ნებით მივიდა აღნიშნულ პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად მყოფ მამაკაცთან და გამოთქვა მზაობა, თანხის მიღების სანაცვლოდ, შეესრულებინა მათ მიერ მითითებული დავალება.

ბრალდებულის თქმით, მან დავალების მიმცემი პირებისგან მაშინვე მიიღო თანხა, 1200 ლარი.

ბრალდებული ასევე აცხადებს, რომ მთავარი დავალება იყო პოლიციელებისთვის შეურაცხყოფის მიყენება, მათი გაღიზიანება, გამოწვევა, სამართალდამცველების ყურადღების მიქცევა და ასევე, სხვადასხვა საპოლიციო ინფრასტრუქტურის დაზიანება.

დაკავებული აღიარებს, რომ მან მიღებული დავალება შეასრულა, რაზეც მეტყველებს კადრებიც და მან დააზიანა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე არსებული ავტომობილი.

მისი განმარტებით, ავტომობილის დაზიანების შემდეგ, მან ძალადობრივი ქმედების ამსახველი ვიდეომასალა ატვირთა, ერთ-ერთ სოციალურ ქსელში, კონკრეტულად „ინსტაგრამ“-ზე. აღსანიშნავია, რომ ესეც დავალების ნაწილს წარმოადგენდა.

ვაქვეყნებთ დაკავებულის თანხმობით ჩაწერილ ვიდეოჩანაწერს, ჩვენების ნაწილს, სადაც ბრალდებული ყველაფერს თავად აფიქსირებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ სამართალდამცველები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსთაველის გამზირზე, პირველი გიმნაზიის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე, პირველი გიმნაზიის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს.

როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ტორესა მოსი აცხადებს, აქცია-პერფორმანსი პროტესტის ერთ-ერთი გამოხატულებაა და ამისთვის პირველი გიმნაზიის წინ ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ძეგლები „აამეტყველეს“.

„გადავწყვიტეთ სხვადასხვა საშუალებებით, ჩვენი პოზიცია კიდევ ერთხელ დაგვეფიქსირებინა. მიზანია, საქართველოს მოქალაქეებს ამ პერფორმანსით ვაჩვენოთ, რომ მათი ხმა ყველაზე დიდი ინსტრუმენტია. გამოვიყენეთ 3D ვიზუალიზაცია და მწერლების ძეგლები ავამეტყველეთ”, – განაცხადა მწერალმა ტორესა მოსმა.

ძალადობაა, როცა ზეწოლის გზით გაიძულებენ გაიმეორო მათი „მესიჯები“, ძალადობაა, როდესაც მოითხოვენ დაესწრო აქციებს – კახა კალაძე

ძალადობაა, როცა ზეწოლის გზით გაიძულებენ გაიმეორო მათი „მესიჯები“, ძალადობაა, როდესაც მოითხოვენ დაესწრო აქციებს, სხვა შემთხვევაში ქვეყნის მტრად შეგრაცხავენ, ძალადობას კი მივყავართ საშინელ შედეგებამდე, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში” ვიდეომიმართვისას განაცხადა.

კახა კალაძემ ძალადობა უწოდა კამპანიას, რომელიც მისივე თქმით, საზოგადოების გახლეჩას და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებისთვის მტრის იარლიყის მიკერებას ისახავს მიზნად.

„დღეს ჩვენ ვხედავთ აგრესიულ კამპანიას, რომელიც აგებულია საზოგადოების გახლეჩის, დაპირისპირების, ნებისმიერი განსხვავებული აზრის მქონე პირისთვის ქვეყნის მტრის იარლიყის მიკერების მცდელობაზე. მათი ლოზუნგია-„ვინც ჩვენთან არ არის, ის ქვეყნის მტერია”. ამ ლოზუნგით იფუთება უმცირესობის ძალადობა უმრავლესობაზე, რომელიც უარს ამბობს უცხო ქვეყნის გავლენებზე, მათ ჩარევაზე საქართველოს შიდა პოლიტიკაში და მხარს უჭერს გამჭვირვალობას.

ძალადობაა, როცა ზეწოლის, ბულინგის, შეურაცხყოფის გზით სურთ, გაიძულონ, გაიმეორო მათი „მესიჯები“. ძალადობაა, როდესაც მოითხოვენ დაესწრო აქციებს, სხვა შემთხვევაში ქვეყნის მტრად და მონად შეგრაცხავენ.

ძალადობას მივყავართ საშინელ შედეგებამდე, რასაც ვერ გაუძლებს ჩვენი ქვეყანა. რასაკვირველია, არავის უნდა დავუხაროთ თავს, რადგან ჩვენ ხელშია სიმართლე. არ არსებობს ქვეყნად სიმართლეზე დიდი იარაღი”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, „კანონი გამჭვირვალობის შესახებ” ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, შეამციროს უცხო ქვეყნების გავლენები და არჩევნების გზით საქართველოს მოსახლეობამ გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი.

„ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ისევე როგორც თავის დროზე ამერიკამ, როგორც ახლა ცდილობს კანადა, ისევე როგორც ევროპის ბევრმა ქვეყანამ უკვე შეძლო კანონის ამოქმედება, საქართველომაც უნდა შეამციროს უცხოური გავლენები, იქნება ეს პირველ რიგში რუსეთის, თუ სხვა ნებისმიერი ქვეყნის გავლენა. ამისთვის კი საჭიროა კანონის ამოქმედება.

ჩვენ ვერ მოვისმინეთ პასუხი ოპონენტებისგან, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ: რატომ არის კანონი გამჭვირვალობის შესახებ რუსული? რატომ არა აქვს უფლება საქართველოს აამოქმედოს კანონი, რომელიც მოქმედია ამერიკის და ევროპის რიგ ქვეყნებში? როგორ შეიძლება გამჭვირვალობის მოთხოვნა იქცეს ევროინტეგრაციის პროცესის შემაფერხებლად? ეს კითხვები უპასუხოდ რჩება, არადა პასუხი ძალიან მარტივია – არ მივიდეს ქვეყანა არჩევნებამდე და ქვეყნის ბედი გადაწყვიტოს არა მოსახლეობამ, არამედ კონკრეტულმა უცხოურმა ძალებმა. ამიტომ ჩვენ, საზოგადოებამ არ უნდა დავტოვოთ უპასუხოდ ეს კითხვები”, – განაცხადა კახა კალაძემ.

პრემიერ-მინისტრი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა – მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება განიხილეს.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებსა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს. პრემიერმა ხაზი გაუსვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას ბიზნესის განვითარებისთვის.

პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესის შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრას ბიზნესის სხვადასხვა სფეროს 80-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.