Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

თავისუფლების მოედნიდან შსს-ს სამინისტრომდე 24 მაისს მარში გაიმართება

24 მაისს თბილისში, თავისუფლების მოედნიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე მარში გაიმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მარში 19:00 საათზე დაიწყება, ისინი მარშით სოლიდარობას გამოუცხადებენ პროტესტში მონაწილე ყველა დაკავებულ, დაპატიმრებულ და დაზარალებულ პირს.

„ „რუსული კანონის“ ინიცირებიდან დღემდე, შეთითხნილი ბრალდებით, პროტესტში მონაწილე 2 ასეულ ადამიანზე მეტი დააკავა პოლიციამ. ათეულობით ადამიანს მისდის საჯარიმო ქვითრები არჩადენილი სამართალდარღვევებისთვის. ასეულობით ადამიანს იბარებენ უსაფუძვლოდ დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოსაკითხად.

ათეულობით ადამიანი პოლიციამ სასტიკად ცემა, ზოგიერთი მათგანი დღემდე მკურნალობს.

ჩვენ გვინდა სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც: პოლიცია დაგვიცავს;

ხელისუფლების ხელში პოლიტიკური იარაღი არ იქნება;

პოლიციელების შვილები იამაყებენ მათი მშობლების საქციელით;

პოლიციელი დასაჭერად კრიმინალებს დასდევს და არა ლაღ, სამშობლოსთვის გულანთებულ, თავისუფლებისთვის მებრძოლ და განათლებულ ახალგაზრდებს.

არ გვინდა ჩვენი თანატოლები და მეგობრები სირცხვილით მალავდნენ, თუ რას საქმიანობენ მათი პოლიციელი მშობლები. მათი შვილებიც ხომ ჩვენთან ერთად იბრძვიან საქართველოს ევროპული მომავლისთვის.

დღეს კი, სამწუხაროდ, პოლიცია არა კანონს, არამედ შეთქმულების თეორიებით შეპყრობილ ივანიშვილს ემორჩილება და თავად იქცა მთავრ მოძალადედ. შინაგან საქმეთა მინისტრი, გომელაური ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველია და საქართველოს პოლიცია ივანიშვილის დაცვის პირად სამსახურად აქცია – ეს ნებისმიერ ქართველს შეურაცხყოფს.

ამიტომ, 2024 წლის 24 მაისს, 19 საათზე, შევიკრიბოთ თავისუფლების მოედანზე და დავიძრათ მარშით შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ, რათა სარკეში ჩავახედოთ და ვაჩვენოთ პოლიციელებს, როგორ გამოიყურებიან, როდესაც უსწორდებიან საქართველოს უკეთესი მომავლისათვის მებრძოლ დებს, ძმებსა და შვილებს.

ამ მარშით სოლიდარობა ვაჩვენოთ პროტესტში მონაწილე ყველა დაკავებულ, დაპატიმრებულ და დაზარალებულ თანამებრძოლს.

კი ევროპას!

არა რუსულ კანონს!“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ადამიანური ტრაგედიით სარგებლობ და საჯარო სივრცეში ასეთ განცხადებებს ავრცელებ მაშინ, როცა მთელი მსოფლიო სამძიმრის წერილებს აგზავნის – მიხეილ ყაველაშვილი ირანის პრეზიდენტის დაღუპვასთან დაკავშირებით ოპოზიციის გამოხმაურებაზე

„ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც ირანის პრეზიდენტის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტზე სოციალურ ქსელში პოსტებს აქვეყნებს, „უჯიშოთა ჯიშად“ მოიხსენიებს. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ყაველაშვილმა განაცხადა, ის, რომ ადამიანურ ტრაგედიას აბუჩად იგდებ, ფაშიზმზე უფრო დიდი უზნეობაა.

მანვე აღნიშნა, რომ სწორედ ასეთ უზნეობას უნდა გამოვგლიჯოთ ახალგაზრდები, რომლებიც შეცდომაში არიან შეყვანილები და ავუხსნათ მათ, ვის გვერდით დგანან.

„20 და 22 წლის ბიჭი რომ ხარ და პოლიტიკაში ცვლილებების შემოტანის სურვილით შემოდიხარ, მაშინ ისიც უნდა იცოდე, რა გინდა და ვინ გინდა. როგორ არ ხარ „ნაციონალური მოძრაობისგან მართული“? გადავხედოთ ვინ არიან ასპარეზზე – ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე, შარვალჩახდილმა მტერს რომ მიუშვირა უკანალი, ამით გვინდა ეროვნული ლიდერი გამოიწრთოს? თუ ვინაა ლიდერი – ნიკა გვარამია, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიგა ბოკერია, თუ მისი ცოლი – საშინელებებს რომ იძახის?

წარმოუდგენელი რამ ხდება და ამიტომ გვინდა, რომ გამოვტაცოთ ჩვენი ახალგაზრდობა ამ უჯიშოებს. დღეს პოსტები დაიწერა, ჯერ კვესიტაძის, შემდეგ ჩხარტიშვილის (ირანის პრეზიდენტის ტრაგიკულად დაღუპვის შესახებ) და ფაშიზმიც არ არის მათი ქმედება – ადამიანური ტრაგედიით სარგებლობ და საჯარო სივრცეში ასეთ განცხადებებს ავრცელებ მაშინ, როცა მთელი მსოფლიო სამძიმრის წერილებს აგზავნის. ეს ადამიანები არ იცვლებიან და სწორედ ეს გვინდა ავუხსნათ ჩვენს ახალგაზრდებს. როგორ წარმოგიდგენიათ, რაც კვესიტაძემ და ჩხარტიშვილმა დაწერეს, რასაც რიგი ნაციონალები კადრულობენ, თავისით ხდება? ამდენი გაუპატიურება ციხეებში, ამდენი პრობაციონერი, ქონებების ჩამორთმევისა და ქუჩაში ხალხის ჩახოცვის ფაქტების უკან ასეთი ავადმყოფური აზროვნების ადამიანები დგანან. ჩემი მეგობრის მამამ, ფილოსოფოსი იყო ის ადამიანი, სწორი სახელი შეურჩია ამ ძალას – „უჯიშოთა ჯიში“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

როგორ შეიძლება ერთი კანონი წყვეტდეს ქვეყნის კურსს? ეს სრული ნონსენსია – ანრი ოხანაშვილი 

მე გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგოდ შინაარსობრივი, სამართლებრივად გამართული არგუმენტი არ მომისმენია. შეიძლება იყოს კონკრეტული პოზიცია კონკრეტულ პუნქტთან დაკავშირებით, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, რომ ეს უკეთესია, ეს სხვანაირად გაიწეროს და ა.შ., მაგრამ კანონის არმიღების სამართლებრივად გამართული კონტრარგუმენტი მე არ მომისმენია, – ამის შესახებ „ანრი ოხანაშვილმა“ დღის ქრონიკაში განაცხადა. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ერთი კანონი არ წყვეტს ქვეყნის პროევროპულობას.

„ერთ კანონზე დადის პარტნიორებთან ურთიერთობა? ეს რა დამოკიდებულებაა სუვერენული სახელმწიფოსადმი? როგორ შეიძლება ერთი კანონი წყვეტდეს ქვეყნის კურსს? ეს სრული ნონსენსია. ჩვენ პარტნიორებთან ვრჩებით პარტნიორულ ურთიერთობაში. აქ გასარკვევი არაფერია. ყველამ პატივი უნდა სცეს სუვერენული სახელმწიფოს გადაწყვეტილებას. შეიძლება იყოს საკითხები, სადაც შეიძლება განსხვავებული აზრები გვქონდეს, მაგრამ ვართ გაერთიანებულები საერთო ღირებულებების ირგვლივ. საერთო ღირებულებები ნიშნავს ერთმანეთის აზრის პატივისცემას, რაოდენ კრიტიკულიც არ უნდა იყოს ერთმანეთთან კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ განსხვავებულ ღირებულებებს ვიზიარებთ“, – მიიჩნევს ოხანაშვილი.

პრემიერ-მინისტრი გულიკო ჩაფიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ექიმისა და მეცნიერის, გულიკო ჩაფიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც პრემიერ-მინისტრის სამძიმარშია აღნიშნული, გულიკო ჩაფიძემ ეპოქა შექმნა ქართულ მედიცინაში.

„მწუხარებას გამოვთქვამ სახელგანთქმული ექიმისა და მეცნიერის, აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის გარდაცვალების გამო.

ქალბატონმა გულიკომ მთელი ეპოქა შექმნა ქართულ მედიცინაში. იგი ერთნაირი თავდადებით და წარმატებით ემსახურებოდა როგორც პრაქტიკულ მედიცინას, ისე სამკურნალო მეცნიერების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში.

სამძიმარს ვუცხადებ ქალბატონი გულიკოს ოჯახს, ახლობლებს და მთელ სამედიცინო საზოგადოებას”, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის სამძიმარში.

ცესკოს თავმჯდომარემ მე-12 გლობალური ფორუმის ფარგლებში საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში თანამედროვე პირდაპირი დემოკრატიის შესახებ გამართულ მე-12 გლობალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

დემოკრატიული პროცესები და საარჩევნო ადმინისტრაციების როლი ამ მიმართულებით, ქვეყნების გამოცდილების განხილვა, გამოწვევები, რეფერენდუმის დაგეგმვა, ჩატარება და მისი მნიშვნელობა – ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ფორუმის ფარგლებში გამართული პანელის – სახელწოდებით „ძლიერი ინსტიტუციები: პირდაპირი დემოკრატიის წინსვლა, ხელშეწყობა და საარჩევნო ადმინისტრაციების ხედვა“ ნაწილში მხარეებმა განიხილეს. მოლდოვას, ბოსნია და ჰერცეგოვინას, რუმინეთისა და მექსიკის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლების მონაწილეობით გამართულ პანელურ დისკუსიაში გიორგი კალანდარიშვილმა სხვადასხვა მიმართულებით ვრცლად ისაუბრა. მათ შორის, პირდაპირი დემოკრატიის განხორციელების პროცესში საარჩევნო ადმინისტრაციების როლსა და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, ხაზი გაუსვა დემოკრატიულ პროცესებში მოქალაქეთა უფლებამოსილებისა და ამომრჩევლების უშუალო მონაწილეობის ხელშეწყობის კუთხით განხორციელებულ პროექტებსა და საქმიანობებს და ისაუბრა ამ პროცესის მნიშვნელობაზე არჩევნების მთლიანობის უზრუნველყოფის ნაწილში. კალანდარიშვილმა ასევე ვრცლად ისაუბრა დეზინფორმაციაზე, როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე. მან ფართო აუდიტორიას დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს ცესკოს მიერ გამოყენებული საშუალებების, საგანმანათლებლო და საინფორმაციო პროექტების შესახებ, ასევე ინფორმირებული ამომრჩევლის მნიშვნელობაზეც მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც როგორც მან აღნიშნა დეზინფორმაციით არასწორი აღქმების ჩამოყალიბების პრევენციის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს. 

პანელური სესიის ფარგლებში, ცესკოს თავმჯდომარემ ტექნოლოგიურ ინტერვენციასა და ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებზეც ისაუბრა. დისკუსიის ბოლოს კალანდარიშვილმა საარჩევნო კულტურის განვითარებაზე, ამ მიმართულებით დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებზეც ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნების მთლიანობის უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო კულტურის განვითარება და ინფორმირებული ამომრჩეველი მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ამასთანავე, ფორუმის ფარგლებში, ცესკოს თავმჯდომარე სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის სამზადისის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი რუმინეთის მუდმივმოქმედ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს – ტონი გრებლას შეხვდა, სადაც მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ვიზიტის ფარგლებში ამავდროულად გაიმართა მეორე შეხვედრაც, რომელსაც საქართველოს გარდა ასევე ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციებიც. აღნიშნულ შეხვედრაზე მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს 6-9 ივნისს დაგეგმილ ევროპარლამენტის და რუმინეთის ადგილობრივი არჩევნების მზადების პროცესზე, რომელსაც საქართველოს ცესკოს წარმომადგენლები შესაბამისი მოწვევის საფუძველზე საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით დააკვირდებიან.

15-18 მაისის გლობალური ფორუმის ფარგლებში გამართული პანელური სესია საარჩევნო საკითხებზე, რუმინეთის მუდმივმოქმედი საარჩევნო კომისიისა და საარჩევნო ადმინისტრაციების მსოფლიო ასოციაციის (A-WEB) მიერ იყო ორგანიზებული.

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. გადაადგილების შეზღუდვა პირველ ეტაპზე რესპუბლიკის მოედანს შეეხება.

21 მაისის 07:00 საათიდან 27 მაისამდე, რესპუბლიკის მოედანზე, სატრანსპორტო საშუალებები მარჯვნივ მოხვევით, მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრაობას ვეღარ შეძლებენ. ამ პერიოდში რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება;  23 მაისის 20:00 საათიდან 24 მაისის 00:00 საათამდე მოძრაობა აიკრძალება და საპარკინგე ზოლი გათავისუფლდება შოთა რუსთაველის გამზირზე, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

შეზღუდვა იმოქმედებს 25 მაისის 00:00 საათიდან 27 მაისის 07:00 საათამდეც, რა დროსაც ავტომობილების გადაადგილება აიკრძალება, როგორც რუსთაველის გამზირზე, ისე თავისუფლების მოედანზე. ამ დროის განმავლობაში, მოძრაობა შესაძლებელი იქნება პირველი რესპუბლიკის მოედნამდე და ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდთან არსებულ პანდუსამდე.

გადაადგილება შეზღუდული იქნება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებითაც. კერძო სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა დასაშვები იქნება გიორგი ლეონიძის, პავლე ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ალექსანდრე გრიბოედოვის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და რევაზ თაბუკაშვილის ქუჩების დახმარებით.

რაც შეეხება ივანე მაჩაბლის ქუჩას, აქ შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულება. კონკრეტულად, გიორგი ლეონიძის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ლადო ასათიანის ქუჩიდან ივანე მაჩაბლის ქუჩის გავლით.

პეტრე მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენ ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება სიმონ ჯანაშიას, ივანე თარხნიშვილის, თამარ ჭოველიძის, მიხეილ ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ, ვასილ ბარნოვის, იაკობ გოგებაშვილისა და პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩების გამოყენებით. მთაწმინდის რაიონის დანარჩენი ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა კი, დასაშვები იქნება ალექსანდრე გრიბოედოვის, კოტე მაყაშვილის, ვასილ ბარნოვისა და აკაკი შანიძის ქუჩების გავლით.

შეზღუდვის პერიოდში შეიცვლება აღნიშნულ ტერიტორიებზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. მელიქიშვილის გამზირიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება ზეთისხილის ხემდე, საიდანაც მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას, მოუხვევს ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისთან და შემდეგ გზას დადგენილი სქემით გააგრძელებს. ის ავტობუსები კი, რომლებიც გორგასლის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობენ, გადაადგილდებიან ევროპის მოედანზე, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის გავლით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას, შემდეგ კი იმოძრავებენ დადგენილი სქემით.

თბილისი-კოჯრის გზატკეცილზე მოძრავი ტრანსპორტი გაჩერდება ამაღლების ქუჩის N11-თან და მგზავრებს უკუმიმართულებითაც იმავე მისამართიდან მოემსახურება.

მსოფლიო ლიდერები ირანში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამენ

ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით პოლონეთის პრეზიდენტი დაღუპულთა ოჯახებს თანადგომას უცხადებს. ანჯეი დუდამ აღნიშნა, რომ 2010 წელს სმოლენსკში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ პოლონელ ხალხს პოლიტიკური ლიდერის უეცარი გარდაცვალების შედეგად დატოვებული უდიდესი სიცარიელის ძალიან კარგად ესმის.

ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ევროკავშირის სახელით მწუხარება გამოთქვა ჯოზეფ ბორელმაც. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს თანადგომა გამოუცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმაც.

პრეზიდენტი რომ ხარ და მასპინძელი და უცხოელებთან შეხვედრაზე კუთხეში დადგები, ე.ი შენ არ ხარ მასპინძელი – მიხეილ ყაველაშვილი სალომე ზურაბიშვილზე

პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი, მიხეილ ყაველაშვილი სალომე ზურაბიშვილის და სხვადასხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ბრიფინგს ჟურნალისტებთან საუბრისას ეხმაურება.

მისი თქმით, პრეზიდენტი მართულია იმ ძალების მიერ, რომელსაც ქვეყანაში ვიზიტით მყოფი საგარეო საქმეთა მინისტრები წარმოადგენდნენ. მიხეილ ყაველაშვილი უცხო ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების აქციაზე გასვლასაც ეხმიანება და ამბობს, რომ მათ სახეზე განცვიფრება ჩანდა, რაც აქციაზე მდგომი არასაკმარისი ხალხით იყო გამოწვეული.

„პრეზიდენტი რომ ხარ და მასპინძელი და კუთხეში რომ დგები ე.ი შენ არ ხარ ხომ მასპინძელი, აქ გამოეპარათ მათ დამკვეთებს ეს წვრილმანი. ეს თვალშისაცემი იყო ყველასთვის, ეს იმას ამტკიცებს რასაც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით – ეს ქალბატონი, მართულია იმ ძალებისგან, ვინც ჩამობრძანდა აქ. მთავარი საკითხი არის ის, რომ ჩვენ ბევრი შეგვიძლია ვიქილიკოთ მათ თემებზე, მაგრამ აქ მთავარია ხელისუფლების ცვლილება რევოლუციური გზით, იმიტომ, რომ ხედავენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს. როგორმე უნდათ შექმნან აღქმა, რომ საქართველოს უმრავლესობაა ჩართული ამ პროცესებში, ამ აქციებში და ისინიც ასე მოტყუებული იყვნენ ამ დამოკიდებულებებით, მხედველობაში მაქვს საგარეო საქმეთა მინისტრები, მათი განცვიფრებული სახეები, იმიტომ, რომ მათი მიტინგზე გასვლის დროს ხალხის რაოდენობა არ იყო დიდი ე.ი რაშია საქმე ეს პროცესი დიდი ხნის დაწყებულია. ჯერ კიდევ როდის ვსაუბრობდით, რომ ამ პროცესს აუცილებლად სალომე ზურაბიშვილი ჩაუდგება სათავეში. რატომ? იმიტომ, რომ ისაა ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფალი. როცა დაიწყო საუბარი, თითქოს საქართველოს ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოდან და ეს ლეგიტიმაციას აძლევს ხალხს, რომ ის ჩამოაგდოს და აი, ამ ბრძოლაში უნდა იყოს მთელი საქართველო. და ასეთი ქაოსის დროს დასავლეთი ვის უნდა დაეყრდნოს? ლეგიტიმურად არჩეულ პრეზიდენტს.“- აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ვერ გავითვალისწინებთ, რადგან სალომე ზურაბიშვილმა ვეტოთი ამის ყველა გზა მოჭრა – გურამ მაჭარაშვილი

კონსტიტუციისა და რეგლამენტის მიხედვით, მომავალ სასესიო კვირაში ვეტოს იმ ერთი შენიშვნის განხილვა წარიმართება, რაც გამჭვირვალობის შესახებ კანონის ამოქმედების ვადას ეხება. მომავალ სასესიო კვირაში ვეტოს დავძლევთ ჯერ კომიტეტზე და შემდეგ უკვე – სესიაზე,- ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანო ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან რაიმეს ვეღარ გაითვალისწინებს, რადგან ეს გზა სალომე ზურაბიშვილმა ვეტოთი მოჭრა.

„რაც შეეხება ვენეციის კომისიას, მათი რეკომენდაციის განხილვის საშუალება პარლამენტში უკვე აღარ არსებობს, სალომე ზურაბიშვილის ამ ვეტოს გამო. მისი ვეტოს დაძლევის შემდეგ, კანონი ძალაში შევა. ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე უკვე ძალაში შესულ კანონთან დაკავშირებით შეიძლება კომენტარები გავაკეთოთ, მაგრამ ამას იურიდიული ძალა არ ექნება და მსვლელობას ვერ მივცემთ, რადგან ვენეციის კომისიის დასკვნა კეთდება არა მოქმედ კანონზე, არამედ – დაინიცირებულზე. შესაბამისად, ეს გზა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან რამეს დავთანხმებოდით, სალომე ზურაბიშვილმა მოჭრა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 მაისისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7536 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7536 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7585 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0049 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9940 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9910 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0030 ლარი შეადგინა.

 “უკრაინა აცნობიერებს, რომ ომი მოლაპარაკებებით დასრულდება, ამიტომ მოამზადა და ხელს უწყობს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო ფორმულას”

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსანდრე ლიტვინენკოს განცხადებით, უკრაინა აცნობიერებს, რომ ომი მოლაპარაკებებით დასრულდება, ამიტომ მოამზადა და ხელს უწყობს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო ფორმულას.

„უკრაინას ნათლად ესმის, რომ ომი მოლაპარაკებებით დასრულდება. სწორედ ამიტომ მომზადდა პრეზიდენტ ზელენსკის სამშვიდობო ფორმულა. ჩვენი პოზიცია ძალიან მარტივია და დარწმუნებული ვარ, რომ მას მხარს დაუჭერენ სამშვიდობო სამიტის მონაწილეები, რომელიც 2024 წლის ივნისში შვეიცარიაში გაიმართება. ეს არის ნამდვილი დიპლომატიური გზა, რომელსაც აქვს ყველა შანსი, ხელი შეუწყოს სამართლიანი მშვიდობის მიღწევას“, – აღნიშნა ლიტვინენკომ.

მისი თქმით, უკრაინას სჭირდება „არა ზავი 2 წლის განმავლობაში, არამედ მდგრადი მშვიდობა ათწლეულების განმავლობაში, რაც შესაძლებელს გახდის უკრაინის განვითარებას“.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ვაშინგტონში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე უკრაინა ალიანსში მიწვევას მიიღებს.

„გვესმის, რომ გაწევრიანება ხვალ არ მოხდება, მაგრამ მოწვევა რუსეთის ფედერაციაში ბევრ ცხელ თავს გააცივებს. ეს ხელს შეუწყობს დეესკალაციას და არ იქცევა კონფრონტაციულ ნაბიჯად. 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გამოცდილებამ ნათლად დაამტკიცა, პუტინთან ურთიერთობაში აშკარა სიზუსტე ასტაბილურებს სიტუაციას და მისი არარსებობა კი რუსეთს პროვოცირებას უწევს რუსეთის მიერ აგრესიული ნაბიჯების გადადგმას“, – აღნიშნა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი, ისრაელისა და ჰამასის ლიდერების დაკავებას ითხოვს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მთავარმა პროკურორმა, ომის დანაშაულებისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ღაზაში “ჰამასის” ლიდერის, იაჰია სინვარის დაპატიმრების ორდერი მოითხოვა.

ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ICC, რომელიც ჰააგაში მდებარეობს, იძიებს ბოლო სამი წლის განმავლობაში, კუპირებულ ტერიტორიებზე ისრაელის ქმედებებს იძიებს, ახლა კი, “ჰამასის” ქმედებებსაც.

ისრაელის ომის კაბინეტის მინისტრმა ბენი განცმა, რომელიც ნეთანიაჰუს პოლიტიკური კონკურენტია, პროკურატურის გადაწყვეტილება დაგმო.

ახლა, ICC-ის მოსამართლეებმა უნდა გადაწყვიტონ, აქვთ თუ არა საკმარისი მტკიცებულებები დაკავების ორდერის გასაცემად.