Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

 ევროსაბჭოს მონიტორინგის მისიის დაინტერესების საფუძველზე, აღვნიშნე, რომ ხელისუფლება დიდ სამუშაოს ატარებს, რათა ევროკავშირში ინტეგრაციის რეალური, არსებითი ნაბიჯები დროულად იქნეს გადადგმული-შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს, თანამომხსენებლებს საქართველოს საკითხებში, ედიტ ესტრელასა და კლოდ კერნს შეხვდა.

როგორც შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, შეხვედრისას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური პროცესები განვიხილეს.

„საუბარი შეეხო პარლამენტის საქმიანობას, ადამიანის უფლებების დაცვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ძალისხმევას.

მიმოვიხილე ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები და ეუთო/ოდირის რეკომენდაციები.

ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებს ოპოზიციის ტაქტიკა გავაცანი, რომელიც პარლამენტის ბოიკოტს ითვალისწინებს და ყოველი არჩევნების შემდეგ ოპოზიციისათვის პოლიტიკური ბრძოლის იარაღს წარმოადგენს.

საუბარი, ასევე, შეეხო ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე პროტესტს.

ევროპის საბჭოს მონიტორინგის მისიის დაინტერესების საფუძველზე, აღვნიშნე, რომ საქართველოს ხელისუფლება დიდ სამუშაოს ატარებს, რათა ევროკავშირში ინტეგრაციის რეალური, არსებითი ნაბიჯები დროულად იქნეს გადადგმული და საქართველომ უახლოეს წლებში შეძლოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წარმატებით დასრულება“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

საქართველოს პარლამენტის ცნობით, შეხვედრაში საქართველოს პარლამენტის ევროპის საბჭოში მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი და დელეგაციის წევრი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძეც მონაწილეობდნენ.

ბოლო ინციდენტები ზრდის სამოქალაქო დაპირისპირების რისკს -გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენელთა თუ მათი მომხრეების მხრიდან კანონის ჩარჩოდან გასვლის ბოლო ინციდენტები ქვეყანაში არეულობის და სამოქალაქო დაპირისპირების რისკს ზრდის.

მისი თქმით, რაოდენ მიუღებელიც უნდა იყოს ამა თუ იმ ოპონენტის ქმედება, საბოლოოდ მაინც ხელისუფლების დანაშაული და სრული უპასუხისმგებლობაა პირადი ანგარიშსწორების კალაპოტში მოვლენების გადატანა.

„ხელისუფლების წარმომადგენელთა თუ მათი მომხრეების მხრიდან კანონის ჩარჩოდან გასვლის ბოლო ინციდენტები ზრდის ქვეყანაში არეულობის და სამოქალაქო დაპირისპირების რისკს. რაოდენ მიუღებელიც უნდა იყოს ამა თუ იმ ოპონენტის ქმედება, საბოლოოდ მაინც ხელისუფლების დანაშაული და სრული უპასუხისმგებლობაა პირადი ანგარიშსწორების კალაპოტში მოვლენების გადატანა. ამაზე ყველას გვმართებს დაფიქრება და ისევ და ისევ, პირველ რიგში მათ, ვის ხელშიცაა ძალაუფლება“, – წერს გიორგი კვირიკაშვილი.

 სიტყვებიც კი არ მყოფნის, გიორგი გახარიაზე რომ ვისაუბრო, არც ღირს, სიტყვები დახარჯო -გურამ მაჭარაშვილი

სიტყვებიც კი არ მყოფნის, გიორგი გახარიაზე რომ ვისაუბრო, არც ღირს, რომ სიტყვები დახარჯო, – ამის შესახებ პარტია „ხალის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარია პოლიტიკურად „ქართულ ოცნებაში“ დაიბადა, „ქართულმა ოცნებამ“ ფრთები შეასხა, მოუტრიალდა და უღალატა, არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ქვეყანას და სახელმწიფოს.

„მას შემდეგ, რაც გუშინ ვიხილეთ გიორგი გახარიას პასუხი ჟურნალისტის კითხვაზე, რომ თურმე პოლიციელს, რომ დაარტყა ხელი – ეს არაფერია, გამოხატვის თავისუფლებაა და მანამდეც რაღაცები იყო, ამის შემდეგ კომენტარიც კი ზედმეტია თუ ვისთან გვაქვს საქმე. ეს ადამიანი, რომელიც იყო აბსოლუტური არარაობა დაახლოებით, 6-7 წლის წინ და პოლიტიკურად „ქართულ ოცნებაში“ დაიბადა. „ქართულმა ოცნებამ“ ფრთები შეასხა და მერე მოუტრიალდა და უღალატა, არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ქვეყანას და სახელმწიფოს. რაც ყველაზე მთავარია ამას აგრძელებს. კოლექტიურ „ნაცმოძრაობაზე“ უარესია. კოლექტიური „ნაცნმოძრაობა“ თავიდანვე იყო ქვეყნის მოღალატე, ზნე არ შეუცვლია და დღესაც კოლექტიური „ნაცმოძრაიბაა“. ეს ადამიანი, რომ გადავიდა აგენტურაში და აბსოლუტურად ამაზრზენად საუბრობს. ადამიანი თავად იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და იმას ამბობს, რომ თურმე აქციის მონაწილემ სილა რომ გაარტყას პოლიციის უფროსს, ეს ჩვეულებრივი მოვლენა ყოფილა. ნაწილობრივ აღიარებს, თითქოს ეს დანაშაულია, კეკლუცობს და ა.შ. ეს მიუღებელია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ გიორგი გახარია უფრო მეტად მოღალატეა, ვიდრე კოლექტიური „ნაცმოძრაობა“.

„სიტყვებიც კი არ მყოფნის, რომ გიორგი გახარიაზე ვისაუბრო. არც ღირს, რომ სიტყვები დახარჯო. აუცილებლად აგებს პასუხს თავის საქციელზე. ეს ფაქტი რაც მოხდა, აჩვენებს მის ზნეობას, თუ გააჩნია საერთოდ, რა თქმა უნდა, არ გააჩნია. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ გახარია უფრო მეტად მოღალატეა, ვიდრე კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ახალი წლების შემდეგ დაწყებულია რეპრესიების, დაჭერების, დაშინების ახალი ტალღა, რომლის მიზანია პროტესტის გაჩერება, რომელიც არ გაჩერდება -სალომე ზურაბიშვილი

მინდა, ვუთხრა ბატონ ივანიშვილს, რომ კიდევ უფრო მძაფრი დაპირისპირების პროვოცირების მცდელობა, ან დაშინების მცდელობა, რომ ეს გადაიზრდება სამოქალაქო დაპირისპირებაში, არის წარმოუდგენელი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ერთ მხარეს არის რეჟიმი და მეორე მხარეს საზოგადოება, ამ შემთხვევაში კი საზოგადოება ყოველთვის იმარჯვებს.

„მივმართავ, პირველ რიგში, ჩვენს საზოგადოებას, რომელიც დღეს ალბათ, არის ძალიან აღელვებული იმის გამო, თუ რა ხდება ქვეყანაში. ფაქტია, ახალი წლების მერე დაწყებულია რეპრესიების, დაჭერების, დაშინების ახალი ტალღა, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი, რომ გააჩეროს ის პროტესტი, რომელიც არ გაჩერდება. რუსული რეჟიმის ახალ ეტაპზე გადავედით, რომელიც აშკარად იყენებს ყველა იმ საშუალებებს, რაც ახასიათებდა თავის დროზე და ახასიათებს დღესაც პუტინის რუსულ რეჟიმს. ამის ერთ-ერთი მაგალითია, რაც მოხდა აბუ-დაბიში, დეპუტატების მიერ ჩვეულებრივი მოქალაქის მიმართ, რომლებსაც სხვა თუ არაფერი, უნდა გააჩნდეთ მოთმინების ვალდებულება, მაგრამ არსად ჩანს ეს ვალდებულება. პირიქით, როგორც ჩანს, დეპუტატები პირდაპირ არიან, არ ვიცი ინსტრუქცია აქვთ მიღებული, თუ მათი ნებით ხდება, მაგრამ ამ ძალადობაში არიან პირდაპირ გამოყენებული, რაც ჩვეულებრივი ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის არის გაუგებარი, მხოლოდ და მხოლოდ ავტორიტარულ, ტოტალიტარულ, დიქტატორულ რეჟიმებს ახასიათებს.

ასევე, ის რაც ამ ღამით ერთ-ერთი პოლიტიკოსის, გიორგი გახარიას მიმართ მოხდა, არის ასევე სრულიად წარმოუდგენელი. არ მინდა გამოვარჩიო პოლიტიკოსები და სხვები, ეს ყველა მოქალაქეს ეხება. ძალადობა არავის მიმართ არ შეიძლება, არავის მიმართ იმის მცდელობა, რომ საზოგადოება დააშინო, კერძო მოქალაქეები დააშინო – ეს არის მიუღებელი. ამის შესახებ ჩვენი პარტნიორების და საერთაშორისო თანადგომა იქნება შეტყობინებული, იმიტომ რომ არ შეიძლება ეს დავუშვათ.

ისე დაემთხვა, რომ დღეს არის საზოგადოების დიდი ნაწილის გაფიცვა. სწორედ ეს გაფიცვა უნდა იყოს იმის მანიშნებელი, რომ საზოგადოება არ დაშინდება, არის შემართებული და იცის რა უნდა, და იცის, რა არ უნდა, რომ არ დათანხმდება საქართველო იმაზე, რომ გადაიქცეს რუსულ რეჟიმად ბოლომდე. ამისთვის საქართველო იბრძვის, იბრძვის მშვიდობიანად.

მინდა, ვუთხრა ბატონ ივანიშვილს, რომ ის მცდელობა, რომელიც აშკარად არის, პროვოცირება რაღაც კიდევ უფრო მძაფრი დაპირისპირების, რომ ეს გადაიზარდოს, ან ყოველ შემთხვევაში ამით დაგვაშინოს, რომ ეს გადაიზრდება სამოქალაქო დაპირისპირებაში, არის წარმოუდგენელი. იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ, არ არსებობს ორი მხარე საქართველოში. არსებობს საზოგადოება და არსებობს ისინი, ვინც არიან ძალადობის მატარებლები, იქნებიან ესენი დეპუტატები თუ ის კერძო ადამიანები, რომლებიც თავის თავს ნებას აძლევენ, სოციალურ ქსელში გააჟღერონ ძალადობის გზავნილები. ესენიც არიან მონაწილე იმ ძალადობრივი რეჟიმის. ასე რომ, ერთ მხარეს არის რეჟიმი, მეორე მხარეს – საზოგადოება. ამ შემთხვევაში ბატონო ივანიშვილო, საზოგადოება ყოველთვის იმარჯვებს,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საგამოძიებო ექსპერიმენტებით და მასში მონაწილე საერთაშორისო ექსპერტების გამოკითხვით გამოირიცხა ერთი ამომრჩევლის მიერ განმეორებითი, თუ მრავალჯერადი ხმის მიცემის შესაძლებლობა -პროკურატურა

გამოძიების მიერ საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით დაიგეგმა და ჩატარდა რამდენიმე საგამოძიებო ექსპერიმენტი. ექსპერიმენტის ფარგლებში, მონაწილე პირების მიერ შეიქმნა რეალური საარჩევნო უბნების ანალოგიური საარჩევნო უბნები, რის შემდეგაც მოხდა ერთი და იგივე პირის მიერ ორ განსხვავებულ უბანზე ხმის მიცემის მცდელობა. ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს გამოყენებული ვერიფიკაციის აპარატებით შეუძლებელია ერთი და იმავე პირის მიერ სხვადასხვა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა, – ამის შესახებ არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა, ბექა კვიციანმა განაცხადა.

პროკურორის თქმით, ჩატარებული ექსპერიმენტით ასევე გამოირიცხა ერთი ამომრჩევლის მიერ ერთი და იგივე საარჩევნო უბანზე ხმის განმეორებით ან/და მრავალჯერადად მიცემის შესაძლებლობა.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ასევე სხვადასხვა პირის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების და გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო მასიური გაყალბება გამოიწვია, ერთი ამომრჩევლის მიერ ერთი და იმავე ან სხვადასხვა საარჩევნო უბანზე ხმის არაერთჯერადმა მიცემამ, რასაც საარჩევნო უბნებზე უხარისხო მარკირების სითხის გამოყენებამ შეუწყო ხელი.

აღნიშნულის შესასწავლად გამოძიების მიერ საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით დაიგეგმა და ჩატარდა რამდენიმე საგამოძიებო ექსპერიმენტი. ექსპერიმენტის ფარგლებში, მონაწილე პირების მიერ შეიქმნა რეალური საარჩევნო უბნების ანალოგიური საარჩევნო უბნები, რის შემდეგაც მოხდა ერთი და იგივე პირის მიერ ორ განსხვავებულ უბანზე ხმის მიცემის მცდელობა. ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს გამოყენებული ვერიფიკაციის აპარატებით შეუძლებელია ერთი და იგივე პირის მიერ სხვადასხვა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა. ჩატარებული ექსპერიმენტით, ასევე გამოირიცხა ერთი ამომრჩევლის მიერ ერთი და იგივე საარჩევნო უბანზე ხმის განმეორებით ან/და მრავალჯერადად მიცემის შესაძლებლობა“, – განაცხადეს პროკურატურაში.

პროკურატურის ცნობით, ექსპერიმენტის ფარგლებში ასევე დადგინდა, რომ ვერიფიკაციის აპარატში ერთი რომელიმე საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიის გააქტიურების შემთხვევაში, იმავე აპარატში სხვა უბნის მონაცემების გააქტიურება შეუძლებელია.

„აქედან გამომდინარე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტების შედეგებით და მასში მონაწილე საერთაშორისო ექსპერტების გამოკითხვით გამოირიცხა ერთი ამომრჩევლის მიერ როგორც სხვადასხვა, ასევე ერთსა და იმავე საარჩევნო უბანზე განმეორებითი, თუ მრავალჯერადი ხმის მიცემის თეორიული შესაძლებლობა.

მოცემული ფაქტი ასევე დადასტურებულია ცესკო-დან გამოთხოვილი საერთაშორისო აუდიტორული დასკვნებითაც.

მიუხედავად საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგებისა, გამოძიების მიერ დამატებით დაინიშნა კომპლექსური კომპიუტერული ექსპერტიზა, რათა საექსპერტო კვლევების შედეგად დადგინდეს ამომრჩეველთა ორმაგი ან/და არაერთჯერად ვერიფიკაციის შესაძლებლობა. ექსპერტიზის შესწავლის საგანს ასევე წარმოადგენს ის გარემოება, არჩევნების დასრულების მომენტიდან ექსპერტიზის წინაშე გამოძიების მიერ ინფორმაციის წარდგენამდე ხომ არ განხორციელდა რამე სახის ხელოვნური ჩარევა ვერიფიკაციის აპარატებში დაცულ ინფორმაციაზე“, – განაცხადეს გენერალურ პროკურატურაში.

ზვიად ქორიძეზე ფიზიკური ანგარიშსწორება არის ივანიშვილის რეჟიმის მიზანმიმართული თავდასხმა ჩვენს ორგანიზაციაზე – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებით, რეგიონული ოფისების ხელმძღვანელზე, ზვიად ქორიძეზე ბათუმში განხორციელებული თავდასხმა არის მათ ორგანიზაციაზე ივანიშვილის რეჟიმის მიზანმიმართული თავდასხმა.

მათი განცხადებით, ეს ძალადობრივი შემთხვევა მათი ორგანიზაციის წინააღმდეგ წლების მანძილზე მიმდინარე სახელისუფლებო კამპანიის გაგრძელებაა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურისგან მოითხოვს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები თავდამსხმელების წინააღმდეგ და უმოკლეს ვადებში დააკავონ დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და თავდასხმაში მონაწილე სხვა პირები.

„ვეხმიანებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” რეგიონული ოფისების ხელმძღვანელზე, ზვიად ქორიძეზე ბათუმში განხორციელებულ თავდასხმას და ვაფასებთ მას, როგორც ივანიშვილის პარტიის მიზანმიმართულ ძალადობას და ანგარიშსწორებას ქართული სამოქალაქო სექტორისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენლის წინააღმდეგ. ეს ძალადობრივი შემთხვევა ჩვენი ორგანიზაციის წინააღმდეგ წლების მანძილზე მიმდინარე სახელისუფლებო კამპანიის გაგრძელებაა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2024 წლის 14-15 იანვარს ღამით ბათუმში, სასტუმრო „შერატონის“ ლობიში თავს დაესხნენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერს, ცნობილ ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტს, ზვიად ქორიძეს. ის ბათუმში სამსახურებრივი მივლინების ფარგლებში იმყოფებოდა და პოლიტიკური პატიმრის, „ბათუმელების” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ადევნებდა თვალს, ამასთანავე აპროტესტებდა მის უკანონო პატიმრობას.

ჯგუფურ თავდასხმაში მონაწილეობდნენ პარტია „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე. არსებობს ვარაუდი, რომ თავდასხმაში ასევე მონაწილეობდა ძიუდოისტი და არალეგიტიმური პარლამენტის წევრი ვარლამ ლიპარტელიანი. თავდასხმაში მონაწილე პირების ვინაობა კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული ოცნების” მხრიდან სამოქალაქო საზოგადოებაზე და კრიტიკული აზრის მქონე პირებზე თავდასხმაში პარტიის ლიდერები არიან ჩართულები, რომლებიც პირადად მონაწილეობენ ადამიანების მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში. მოგვიანებით, იგივე პირები თავს დაესხნენ ასევე ყოფილ პრემიერ-მინისტრს და ამჟამად პოლიტიკური პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას.

ეს ძალადობრივი ფაქტები მიუთითებს იმაზე, რომ კრიტიკული მოსაზრების მქონე პირებისა და ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლების წინააღმდეგ ანგარიშსწორება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მის განხორციელებაში ჩართულნი არიან არა ფარულად ორგანიზებული ჯგუფები, არამედ უშუალოდ ივანიშვილის პარტიის ზონდერებად ღიად მოქმედი ლიდერები. მათ ევალებათ აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დევნა და მათზე თავდასხმა.

მოვითხოვთ „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურისგან, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები თავდამსხმელების წინააღმდეგ და უმოკლეს ვადებში დააკავონ დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და თავდასხმაში მონაწილე სხვა პირები. მათ ქმედებაში იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე (დევნა სიტყვის, აზრის ან პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით), და 225-ე მუხლით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მიმართავს სასტუმრო შერატონის ხელმძღვანელობას საქმის მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე გაასაჯაროონ ვიდეო ჩანაწერები.

ჩვენ დაუყოვნებლივ მივაწვდით ინფორმაციას საერთაშორისო პარტნიორებს, რათა ადეკვატური პასუხი გაეცეს როგორც უშუალოდ ივანიშვილს, ასევე მისი ზონდერ ჯგუფების ამ ქმედებას,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

თავდასხმისას გიორგი გახარია იმყოფებოდა მარტო, რა დროსაც მას ლაჩრულად, როგორც ეს მათი ცხოვრების წესია, თავს დაესხა 10-მდე პირი – ბერდია სიჭინავა 

თავდასხმისას გიორგი გახარია იმყოფებოდა მარტო, რა დროსაც მას ლაჩრულად, როგორც ეს მათი ცხოვრების წესია, თავს დაესხა 10-მდე პირი, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის სახლში მკურნალობს.

როგორც სიჭინავა აცხადებს, ორგანიზატორსა და თავდამსხმელებს, შესაბამისი პასუხი გაეცემა.

„როგორც თქვენთვის კარგადაა ცნობილი, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბიძინა ივანიშვილი ანგარიშსწორებით საჯაროდ დაემუქრა გიორგი გახარიასა და მის გუნდს.

გუშინ, გიორგი გახარია იმყოფებოდა ბათუმში, დაკავებული ახალგაზრდების და ჟურნალისტების, რეჟიმის სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად.

ივანიშვილის დავალებით, რომელიც ყველა უღირსი მეთოდით ცდილობს რეჟიმის გადარჩენას, ღამის საათებში, სასტუმრო „შერატონის“ ლობიში გიორგი გახარიაზე განხორციელდა ორგანიზებული თავდასხმა. თავდასხმისას, გიორგი გახარია იმყოფებოდა მარტო, რა დროსაც მას ლაჩრულად, როგორც ეს მათი ცხოვრების წესია, თავს დაესხა 10-მდე პირი.

სასტუმრო „შერატონის“ მთელი პერიმეტრი, აღჭურვილია ვიდეოსამეთვალყურეო საშუალებებით, რაც სასტუმროს ადმინისტრაციამ ზეპირსიტყვიერად ადგილზევე დაგვიდასტურა და მზაობა გამოხატა მათი გამოძიებისთვის გადასაცემად.

სამართალდამცავებს უკვე შეუძლიათ ამ დანაშაულის 24 საათში გახსნა, შესაბამისად, ველოდებით გამოძიების შედეგებს. დანარჩენზე ვისაუბრებთ ამის შემდეგ.

გიორგი გახარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, მკურნალობს სახლში.

ჩვენი ბრძოლა ამ მოძალადე რეჟიმის დასამარცხებლად გრძელდება გამარჯვებამდე. ორგანიზატორსა და თავდამსხმელებს, აბსოლუტურად ყველა მათგანს გაეცემა შესაბამისი პასუხი,“ – განაცხადა სიჭინავამ.

2024 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 5.1 მილიონ ვიზიტს მიაღწია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოში 5,091,732 საერთაშორისო ტურისტის ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წელთან შედარებით +9%-ით მეტია, 2019 წელთან შედარებით კი ტურისტული ვიზიტების ზრდამ +0.2% შეადგინა.

გასულ წელს საქართველოში 7,368,149 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2023 წელთან შედარებით ზრდა +4.2%-ია, 2019 წელთან შედარებით კი ვიზიტები 78.7%-ით აღდგა.

ტურისტული და საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები მნიშვნელოვნად გაიზარდა 2025 წლის მე-4 კვარტალში.

გასული წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდში საქართველოში 1,098,890 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ზრდა +8.4%-ია, ხოლო 2019 წლის მონაცემებთან შედარებით ზრდა +0.8%-ს შეადგენს.

2024 წლის მე-4 კვარტალში საქართველოში 1,573,488 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ზრდა +4.5%-ია, ხოლო 2019 წელთან შედარებით აღდგენა 74.2%-ს შეადგენს.

2024 წლის მონაცემებით საერთაშორისო ვიზიტორების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან:

  • თურქეთი 1,336,834 ვიზიტი
  • ისრაელი 310,982 ვიზიტი
  • ყაზახეთი 178,930 ვიზიტი
  • ინდოეთი 124,335
  • ჩინეთი 88,583 ვიზიტი
  • საუდის არაბეთი 88,298 ვიზიტი
  • უზბეკეთი 64,259 ვიზიტი
  • ამერიკის შეერთებული შტატები 51,728 ვიზიტი
  • საფრანგეთი 28,302 ვიზიტი
  • საბერძნეთი 27,557 ვიზიტი
  • ქუვეითი 27,277 ვიზიტი
  • ლატვია 22,297 ვიზიტი
  • არაბთა გაერთიანებული საემიროები 14,889 ვიზიტი

ეს პოლიტიკური ანგარიშსწორება არ არის! – ეს არის კონფლიქტი, რომელიც სასტუმროში მოხდა – ვლადიმერ ბოჟაძე

ეს პოლიტიკური ანგარიშსწორება არ არის! – ეს არის კონფლიქტი, რომელიც სასტუმროში მოხდა! ძალადობა მიუღებელია და ძალადობა შობს ძალადობას! – ასე უპასუხა „ქართული ოცნების” დეპუტატმა ლადო ბოჟაძემ ბათუმში, სასტუმრო “შერატონში”, გიორგი გახარიაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

როგორც ბოჟაძემ აღნიშნა, როგორც გახარიასთან, ასევე ზვიად ქორიძესთან მომხდარ კონფლიქტზე დაწყებულია გამოძიება, ის გამოძიების შედეგებს ელოდება, ამჟამად კი მხოლოდ ის ინფორმაცია აქვს, რაც მედიით გავრცელდა.

„ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ძალადობა მიუღებელია და ნებისმიერი ძალადობრივი ფაქტი არის დასაგმობი – დაველოდოთ გამოძიებას, რომელიც ორივე საქმეზე დაწყებულია. მე არც გამომძიებელი და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვარ.

მოხდა დაპირისპირება, მოხდა ძალადობა, რაც არის მიუღებელი.

ძალადობა მიუღებელია, რადგან ძალადობა შობს ძალადობას – ამიტომ ძალადობა უნდა დასრულდეს და ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ, იქნება ეს მოქალაქე, მედიის წარმომადგენელი, პოლიციელი, პოლიტიკოსი თუ სხვა”, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

ცნობისთვის, „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხელ, სასტუმრო “შერატონში” მოხდა. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციით, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდა.

ბაგა-ბაღებში დასაქმებულებს ანაზღაურება 125 ლარით გაეზრდებათ – კახა კალაძე

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებული 13 500-მდე მოქალაქისთვის, საჯარო სამსახურებისთვის გათვალისწინებულ 10%-იან ზრდასთან ერთად, თითოეული საშტატო ერთეულის სრულ განაკვეთზე ანაზღაურება 125 ლარით გაიზრდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული დაპირება წინასაარჩევნოდ გაიცა და პარტია „ქართული ოცნება“ ხალხისთვის გაცემულ დაპირებას ასრულებს.

„როგორც გასულ წელს, 2025 წელსაც იქნება ხელფასების მატება 10%-ით. ეს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებაა. საბავშვო ბაღებში დასაქმებულ 13 500-მდე თანამშრომლისთვის საჯარო სამსახურებისთვის გათვალისწინებულ 10%-იან ზრდასთან ერთად მოხდება თითოეულ საშტატო ერთეულის სრულ განაკვეთზე ანაზღაურების 125 ლარით გაზრდა. ეს არის მიმართულება, სადაც ყველაზე დაბალი ხელფასები ჰქონდათ თანამშრომლებს და ძალიან არასახარბიელო პირობებში და მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ეს პრემიერ-მინისტრის წინასაარჩევნო დაპირება იყო და რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენს დაპირებას ვასრულებთ. საერთო ჯამში, თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში არსებული შრომითი განაკვეთების გათვალისწინებით, ხელფასები საშუალოდ 25%-ით იზრდება. რაც ყველაზე მაღალია მაჩვენებელია ბოლო წლების პრაქტიკის გათვალისწინებით“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, გასული 2024 წელი იყო ერთ-ერთი გამორჩეული სკოლამდელი განათლების სისტემის მხარდაჭერის მიმართულებით.

„დედაქალაქში ხუთი ახალი საბავშვო ბაღის შენობა აშენდა და გაიხსნა, ორი ბაღის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, დაიწყო ახალი მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა, შვიდი ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს და ამ პროექტებთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, „მნიშვნელოვანია, რომ პატარებს ჰქონდეთ საშუალება, ნორმალურ პირობებში აღიზარდონ, ამ მიზნით კი ბაღის გარემოში თითოეულ დეტალს შესაბამისი ყურადღება ექცევა, დაწყებული კვებით, დასრულებული სათამაშოებითა და თეთრეულით“.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ქართველ შემსრულებელს, მათ მიმართ იყო დიდი ბულინგი – კახა კალაძე

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი შეურაცხყოფა, შემოტევები იყო ფაშისტური ორგანიზაციების მხრიდან, ეს ადამიანები [მეწარმეები] ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ საახალწლო სოფელს გამართულად ემუშავა – კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მათ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის წლის პირველ სხდომაზე განაცხადა.

კალაძის მტკიცებით, გასულ წელს მეწარმეების მხრიდან საახალწლო სოფელში მონაწილეობაზე „ძალიან დიდი მოთხოვნა იყო“.

„2025 წლის შობა-ახალი წლის სადღესასწაულო ღონისძიებები დასრულდა, რომელიც 25 დღის განმავლობაში დედაქალაქში სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა. მინდა გაწეული შრომისთვის მადლობა გადავუხადო მერიის თითოეულ თანამშრომელს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დღესასწაულის შექმნაში თავისი წვლილი შეიტანა და მონაწილეობა მიიღო. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ყველა კომპანიას, ვინც შესაბამის სამსახურებთან ერთად ჩართული იყო საახალწლო სოფლის ღონისძიებების ორგანიზებაში და განსაკუთრებული მადლობა მეწარმეებს, რომელთა გარეშეც საახალწლო ბაზარი წარმოუდგენელი იქნებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი შეურაცხყოფა, შემოტევები იყო ფაშისტური ორგანიზაციების მხრიდან, ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ საახალწლო სოფელს გამართულად ემუშავა და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მათ ეკუთვნის. რა თქმა უნდა, მეწარმეების მხრიდან ძალიან დიდი იყო მოთხოვნა. სამწუხაროდ, ჩვენ ყველა ვერ დავაკმაყოფილეთ, თუმცა გპირდებით, რომ მომავალი წლისთვის ჩვენი საშობაო-საახალწლო სივრცე კიდევ უფრო დიდი, მასშტაბური იქნება, სადაც შევეცდებით, რომ ყველა ადამიანს დავეხმაროთ, ყველა მეწარმეს ხელი შევუწყოთ და მივცეთ შესაძლებლობა, რომ საკუთარი პროდუქციის გაყიდვა საახალწლო სოფელში მოახერხოს“, – აღნიშნა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერის თქმით, საზოგადოების ნაწილის მხრიდან ქართველი შემსრულებლების მისამართითაც იყო ბულინგი, შეურაცხყოფები, „თუმცა მიუხედავად ამისა, ეს ადამიანები თბილისელების, ხალხის გვერდით დადგნენ“.

„მინდა მადლობა გადავუხადო ასევე არტისტებს, მსახიობებს, ბენდებს და ყველა ქართველ შემსრულებელს და შემოქმედებით ჯგუფს წარმატებული თანამშრომლობისთვის, ასევე მათი მისამართით იყო ძალიან დიდი ბულინგი, შეურაცხყოფები, თუმცა მიუხედავად ამისა, ეს ადამიანები თბილისელების, ხალხის გვერდით დადგნენ. რა თქმა უნდა, თავისი შემოქმედებით, სიმღერებით ჩვენი დედაქალაქი გაალამაზეს. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს, ჩვენ რა თქმა უნდა, მზად ვართ მომავალშიც თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის, მხარდაჭერისთვის, დახმარებისთვის ნებისმიერ საკითხში, თემაზე. მუნიციპალიტეტის მხრიდან ყველას, თითოეულ თქვენგანს ექნება მაქსიმალური თანადგომა და მხარდაჭერა“, – განაცხადა კალაძემ.

დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, ჯანმრთელობის მხრივ, ნორმალურად ვარ – გიორგი გახარია 

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. ამის შესახებ ის „ფეისბუქზე“ წერს.

გახარია მხარდამჭერებს მადლობას უხდის და ამბობს, რომ ახლა მხარდაჭერა უპირველესად უკანონო პატიმრებს სჭირდებათ.

„დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის. ჯანმრთელობის მხრივ, ნორმალურად ვარ.

დღეს, პირველ რიგში, უკანონო პატიმრებს სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა“,- წერს გახარია.

„გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხელ, სასტუმრო “შერატონში” მოხდა. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციით, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდა..