Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

გარემოს ეროვნული სააგენტო, მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო, მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს:

11 აგვისტომდე საქართველოში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ოჯახში მოსალოდნელია შფოთი და მღელვარება, საქმეები, რომელსაც დღეს დაიწყებთ, ეცადეთ დღესვე დაასრულოთ. მეტი დრო გაატარეთ ახლობელი ადამიანებისა და მეგობრების წრეში.

კურო

ახალი ინფორმაცია მოულოდნელი შემობრუნების საშუალება იქნება თქვენს პარტნიორულ ურთიერთობებში, ან სასამართლო საქმეებში. კარგი იქნება, თუ ფულს უფრო გონივრულად დახარჯავთ. გახსოვდეთ, დღეს ზედმეტად არ უნდა იაქტიუროთ.

ტყუპები

შესაძლოა, მიიღოთ ახალი შემოთავაზება, ნუ იჩქარებთ, კარგად გააანალიზეთ ყველა დეტალი. ახლა აჩქარება წაგებიანია.

კირჩხიბი

მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვას. შემოიფარგლეთ ძველი საქმეების დასრულებით და შეეცადეთ, მეტი დრო გამონახოთ დასვენებისთვის.

ლომი

ეს დღე შესაძლებელია გარდამტეხი გახდეს თქვენი კარიერისთვის, იყავით დაკვირვებული, სწორად შეაფასეთ პერსპექტივები. 

ქალწული

მიხედეთ საოჯახო საქმეებს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და წონასწორობა. კარგად დაუფიქრდით ყველა სიტყვას.

სასწორი

ნუ ენდობით მხოლოდ სიტყვებსა და დაპირებებს, მოითხოვეთ მეტი სიცხადე და გარკვეულობა, თუმცა, ნურც პარტნიორის ინტერესებს დაივიწყებთ და მათი სურვილებიც გაითვალისწინეთ.

მორიელი

იყავით მეტად კონსტრუქციული, როგორც თანამშრომლებთან ასევე მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან. გადახედეთ თქვენს საქმეებს, შედეგებს გააკეთეთ ანალიზი. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას.

მშვილდოსანი

კარგი იქნება ახლობელი ადამიანებისთვის საჩუქრების გაკეთება, ამით ურთიერთობებს მათთან მოაწესრიგებთ. გამოძებნეთ დრო დასვენებისთვის.

თხის რქა

იყავით ტაქტიანი და გამოიყენეთ დიპლომატიის ხელოვნება. მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. გააკონტროლეთ ჯანმრთელობა.

მერწყული

მოიქეცით ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლით, მოუსმინეთ სხვებს, მაგრამ იმოქმედეთ თქვენებურად. ბევრს ნუ ილაპარაკებთ თქვენს გეგმებზე, განსაკუთრებით, თუ ის შემოსავალსა და ფინანსურ საკითხებს ეხება.

თევზები

მოუფრთხილდით ფინანსებს, გადაანაწილეთ ბიუჯეტი სწორად. გააკონტროლეთ ემოციები და სერიოზულს ნურაფერს დაგეგმავთ.

უკრაინამ და ევროპელებმა აშშ-ს პუტინთან მოლაპარაკებებისთვის გეგმა წარუდგინეს – WSJ

ევროპის სახელმწიფოებმა და უკრაინამ რუსეთის მიერ შემუშავებულ ცეცხლის შეწყვეტის გეგმას საპასუხო წინადადებით უპასუხეს, რომელიც, მათი თქმით, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის მომავალი მოლაპარაკებების საფუძველი უნდა გახდეს. ამის შესახებ The Wall Street Journal-მა ორი ინფორმირებული ევროპელი მაღალჩინოსნისგან შეიტყო.

კიევისა და მოკავშირეების წინადადება ითვალისწინებს სავალდებულო ცეცხლის შეწყვეტას ნებისმიერი სხვა ნაბიჯის გადადგმამდე, ასევე, ნებისმიერი „ტერიტორიის გაცვლას“ მხოლოდ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. ეს ნიშნავს, რომ თუ უკრაინა გაიყვანს თავის ჯარებს ზოგიერთი რეგიონიდან, რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები სხვა რეგიონებიდან, წერს WSJ.

„შეუძლებელია, დაიწყოს პროცესი ტერიტორიის დათმობით საბრძოლო მოქმედებების ფონზე“, – განაცხადა გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ.

გარდა ამისა, ეს გეგმა ითვალისწინებს, რომ კიევის მიერ ნებისმიერი ტერიტორიული დათმობა უნდა იყოს გამყარებული უსაფრთხოების ურყევი გარანტიებით – კერძოდ, უკრაინის ნატოში პოტენციური წევრობით, ნათქვამია სტატიაში.

WSJ-ის წყაროების ცნობით, გეგმის მიზანია, ევროპამ და უკრაინამ დაადგინონ საერთო წითელი ხაზი, რომელიც რუსეთთან ნებისმიერ პოტენციურ მოლაპარაკებებზე უნდა გავრცელდეს.

წინადადება შაბათს, 9 აგვისტოს, ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლების შეხვედრაზე წარადგინეს, რომელშიც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და პრეზიდენტის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და კიტ კელოგი მონაწილეობდნენ. 

ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა მათ განუცხადეს, რომ უკრაინის მომავლის განხილვა უკრაინის გარეშე შეუძლებელია და ევროპა გააგრძელებს უკრაინისთვის იარაღისა და რესურსების მიწოდებას აშშ-ის პოზიციის მიუხედავად, განუცხადა WSJ-ს ერთ-ერთმა წყარომ.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი და პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს ალასკაზე გაიმართება.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს, სავარაუდოდ, უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევა სურთ, რამაც შესაძლოა, რუსეთის მიერ ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია გაამყაროს.

,, ეს მარშრუტი დონალდ ტრამპის დაქირავებულ მებრძოლთა სასაფლაოდ იქცევა”- ირანის უზენაესი ლიდერის მთავარი მრჩეველი

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეთანხმებული მარშრუტი “ტრამპის დაქირავებული მებრძოლების სასაფლაოდ იქცევა”, ეს პოლიტიკური შეთქმულებაა ირანისა და სხვა მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ. ამის შესახებ ირანის უზენაესი ლიდერის მთავარმა მრჩეველმა, ალი აკბარ ველაიათიმ ირანულ გამოცემა Tasnim-თან საუბარში განაცხადა.

ველაიათის თქმით, აზერბაიჯანის ნახიჩევანის ანკლავის ქვეყნის დანარჩენ ნაწილთან დამაკავშირებელი მარშრუტი, რომელიც სომხეთ-ირანის საზღვრის გასწვრივ აშენდება, “დონალდ ტრამპის დაქირავებულ მებრძოლთა სასაფლაოდ იქცევა, და არა მარშრუტად, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ ეკუთვნის”.

ირანის უზენაესი ლიდერის მთავარი მრჩევლის აზრით, დერეფანი “რეგიონის გეოპოლიტიკას შეცვლის, საზღვრებს გადახაზავს და სომხეთის დაშლას გამოიწვევს”.

“შედეგად, ირანი დაჟინებით ამტკიცებს, რომ სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების შესაბამისად იმოქმედებს, რუსეთთან ერთად ან მის გარეშე. გვჯერა, რომ რუსეთი ასევე სტრატეგიულად ეწინააღმდეგება ამ დერეფანს,” – განაცხადა ველაიათიმ.

ირანის უზენაესი ლიდერის თქმით, აღნიშნული დერეფანი არა ჩვეულებრივი სავაჭრო მარშრუტი, არამედ პოლიტიკური შეთქმულებაა ირანისა და “სხვა მეზობელი ქვეყნების” წინააღმდეგ.

“თურქეთის გარდა, რომელიც ნატოს წევრია, ნატოს სხვა ქვეყნებსაც სურთ ამ რეგიონში წარმომადგენლობა. ნატოს სურს გველივით იწვეს ირანსა და რუსეთს შორის, მაგრამ ირანი ამას არ დაუშვებს,” – განაცხადა აიათოლას მთავარმა მრჩეველმა.

,,სომხეთ-აზერბაიჯანის შერიგება უნდა იყოს ინტეგრირებული რეგიონულ კონტექსტში, დაფუძნებული ინტერესთა ბალანსზე, მეზობელი სახელმწიფოების პრიორიტეტების პატივისცემაზე”- მარია ზახაროვა

სამხრეთ კავკასიის პრობლემების გადაჭრის ოპტიმალური ვარიანტია იმ გადაწყვეტილებების ძიება და განხორციელება, რომლებსაც რეგიონის ქვეყნები შეიმუშავებენ თავიანთი უშუალო მეზობლების – რუსეთის, ირანისა და თურქეთის მხარდაჭერით. რეგიონგარეშე მოთამაშეების ჩართულობა უნდა ემსახურებოდეს სამშვიდობო დღის წესრიგის გაძლიერებას და არა დამატებითი სირთულეებისა და გამყოფი ხაზების შექმნას, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებაშია ნათქვამი.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, გათვალისწინებული იყოს სომხეთის წევრობა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ერთიან საბაჟო სივრცეში, კერძოდ, რესპუბლიკის ტერიტორიაზე სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვის ორგანიზების თვალსაზრისით.

„რუსეთის ფედერაცია დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და აყვავების ზონის ჩამოყალიბებით, ამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა – აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ყოვლისმომცველი ნორმალიზაცია, რომელიც ორივე ქვეყნის ხალხის ინტერესების გათვალისწინებაზე იქნება დაფუძნებული. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ მუდმივად უჭერს მხარს ყველა ძალისხმევას. ვაშინგტონში სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკების ლიდერთა შეხვედრა, ამერიკული მხარის შუამავლობით, დადებით შეფასებას იმსახურებს. იმედი გვაქვს, ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს სამშვიდობო დღის წესრიგის წინსვლას. ამავდროულად, ცოტა ხნის წინ ბაქო და ერევანი აცხადებდნენ, რომ უპირატესობას ანიჭებდნენ პირდაპირი დიალოგის წარმოებას, გარე დახმარების გარეშე. აღსანიშნავია, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის ნორმალიზაციის ამჟამინდელი ეტაპი დაიწყო რუსეთის პირდაპირი დახმარებით და ცენტრალური როლით, 2020 წლის 9 ნოემბერს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტისა და ყველა საომარი მოქმედების შესახებ სამმხრივი მაღალი დონის განცხადების მიღებით. რეგიონში განლაგდა რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი, რომელმაც შეუცვლელი წვლილი შეიტანა სიტუაციის სტაბილიზაციაში“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმოამდგენლის, მარია ზახაროვას კომენტარში.

მისივე თქმით, სამხრეთ კავკასიის პრობლემების გადაჭრის ოპტიმალური ვარიანტია იმ გადაწყვეტილებების ძიება და განხორციელება, რომლებსაც რეგიონის ქვეყნები შეიმუშავებენ თავიანთი უშუალო მეზობლების – რუსეთის, ირანისა და თურქეთის მხარდაჭერით.

„რეგიონგარეშე მოთამაშეების ჩართულობა უნდა ემსახურებოდეს სამშვიდობო დღის წესრიგის გაძლიერებას და არა დამატებითი სირთულეებისა და გამყოფი ხაზების შექმნას. ჩვენ გვსურს, თავიდან ავიცილოთ დასავლეთის დახმარების სამწუხარო გამოცდილება ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების მოგვარებაში. სამხრეთ კავკასიიდან, მაგალითად შეგვიძლია, მოვიყვანოთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფნა სომხეთში, რომლის საქმიანობაც მუდმივად იწვევს გაღიზიანებას სხვა რეგიონალურ მოთამაშეებში. ჩვენ დამატებით გავაანალიზებთ ვაშინგტონის განცხადებებს რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვასთან დაკავშირებით. ამ სფეროში, რუსეთის მონაწილეობით სამმხრივი შეთანხმებები, რომლებიდანაც არცერთი მხარე არ გამოსულა, აქტუალური რჩება.

ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ სომხეთის წევრობა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ერთიან საბაჟო სივრცეში, კერძოდ, რესპუბლიკის ტერიტორიაზე სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვის ორგანიზების თვალსაზრისით. ასევე, შეუძლებელია უგულებელვყოთ ის ფაქტი, რომ სომხეთის საზღვარს ირანთან იცავენ რუსი მესაზღვრეები, რომლებიც განლაგებულნი არიან 1992 წლის 30 სექტემბრის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების შესაბამისად.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა, ძალაში შესვლა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარება უმნიშვნელოვანესი იქნება ორ სამხრეთ კავკასიურ რესპუბლიკას შორის მშვიდობის დამყარებისთვის. ორ ქვეყანას შორის შერიგება უნდა იყოს ინტეგრირებული რეგიონულ კონტექსტში და დაფუძნებული იყოს ინტერესთა ბალანსზე და მხარეებისა და მეზობელი სახელმწიფოების პრიორიტეტების უპირობო პატივისცემაზე“, – აღნიშნულია მარია ზახაროვას განცხადებაში.

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების
ბრალდებით წარსულში ნასამართლევი – 1991 წელს დაბადებული გ.პ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 2000 წელს დაბადებულ ზ.გ.-ს მინის ბოთლის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ზ.გ. შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული გ.პ. მომხდარიდან მალევე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

ტრამპისა და პუტინის სამიტის წინ ევროპელი, უკრაინელი და ამერიკელი ოფიციალური პირები ერთმანეთს დიდ ბრიტანეთში შეხვდებიან – Axios

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის სამიტის წინ ევროპელი, უკრაინელი და ამერიკელი ოფიციალური პირები ერთმანეთს დიდ ბრიტანეთში შეხვდებიან. ინფორმაციას Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინა და ნატოს რამდენიმე მოკავშირე შეშფოთებულია იმით, რომ ტრამპი, შესაძლოა, პუტინის გეგმას ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით დათანხმდეს ისე, რომ მათი პოზიციები არ გაიზიაროს.

დიდ ბრიტანეთში შეხვედრის გამართვის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც გუშინ აშშ-ის, უკრაინისა და ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებმა სატელეფონო კონფერენცია გამართეს. შეხვედრის მიზანი საერთო პოზიციებზე შეთანხმება იქნება. აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთში უკვე იმყოფება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი.

ტრამპისა და პუტინის სამიტი 15 აგვისტოს ალასკაზე გაიმართება.

მოვუწოდებთ რუსეთს, უკრაინის დეპორტირებული მოქალაქეები პირდაპირ გაგზავნონ უკრაინის საზღვარზე რუსეთთან ან ბელარუსთან, მზად ვართ მათ დასახვედრად – უკრაინის საგარეო უწყება

საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკაში უკრაინის საელჩოების ჩართულობით, ასევე საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, აგრძელებს მუშაობას უკრაინის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხზე – უკრაინული მხარე აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსა და მოლდოვას ხელისუფლების ოფიციალურ წარმომადგენლებთან, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს სატრანზიტო გზის განბლოკვა და მოგვარდეს ყველა ლოგისტიკური და ორგანიზაციული დაბრკოლება,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის კომენტარშია აღნიშნული, რომელსაც საქართველოში უკრაინის საელჩო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, წინა თვის განმავლობაში „დარიალის“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტიდან უკრაინის 44 მოქალაქის გამგზავრების ორგანიზება მოახერხეს და ახლა მუშაობენ, რომ „დანარჩენი მოქალაქეების ტრანზიტი რაც შეიძლება სწრაფად შესაძლებელი გახდეს”.

„რუსეთის ფედერაციასთან საზღვარზე, საქართველოს საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „დარიალზე“ ჰუმანიტარული სიტუაცია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მუდმივი კონტროლის ქვეშაა.

6-დან 7 აგვისტოს ღამეს, საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ჩავიდა, სადაც ის შეხვდა ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე რუსეთის ფედერაციის ქმედებების შედეგად იმყოფებიან.

დიპლომატმა აცნობა მათ ინფორმაცია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში უკრაინის საელჩოს მიერ მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად გატარებული ღონისძიებების შესახებ.

7 აგვისტოს, სამ მოქალაქეს გაეწია სამედიცინო დახმარება და შედგა შესაბამისი სამედიცინო პროტოკოლები. ქართულ მხარესთან მიღწეული იქნა შეთანხმება საჭიროების შემთხვევაში ჩვენი მოქალაქეებისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ.

8 აგვისტოს, დეპორტირებული უკრაინის მოქალაქეების წარმომადგენელმა, რომლებთანაც ჩვენს დიპლომატებს მუდმივი კომუნიკაცია აქვთ, საქართველოში უკრაინის საელჩოს აცნობა ჩვენი თანამემამულეების შიმშილობის შეწყვეტის შესახებ, რომელიც 5 აგვისტოს გამოცხადდა. მან ასევე მადლობა გადაუხადა დიპლომატიურ მისიას რუსული მხარის მიერ ხელოვნურად შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის მოსაგვარებლად გაწეული ძალისხმევისთვის.

საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკაში უკრაინის საელჩოების ჩართულობით, ასევე საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, აგრძელებს მუშაობას უკრაინის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხზე.

უკრაინული მხარე აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსა და მოლდოვას ხელისუფლების ოფიციალურ წარმომადგენლებთან, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს სატრანზიტო გზის განბლოკვა და მოგვარდეს ყველა ლოგისტიკური და ორგანიზაციული დაბრკოლება. შეგახსენებთ, რომ წინა თვის განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ დარიალის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტიდან 44 უკრაინის მოქალაქის გამგზავრების ორგანიზება. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჩვენი დანარჩენი მოქალაქეების ტრანზიტი რაც შეიძლება სწრაფად შესაძლებელი გახდეს.

ამავდროულად, საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ განაახლებს თავის მოწოდებას რუსეთის მხარისადმი, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ გააჟღერა, დეპორტირებული უკრაინის მოქალაქეები პირდაპირ გაგზავნონ უკრაინის საზღვარზე რუსეთის ფედერაციასთან ან ბელარუსთან. უკრაინა მზადაა მათ დასახვედრად”,- აცხადებენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

პარტიას ლეგიტიმაციას საარჩევნო ნომერი არ აძლევს, მას ლეგიტიმაციას აძლევს ხალხი და ის სამართლიანი არჩევნები, რომლებიც ქვეყანაში აუცილებლად ჩატარდება -თენგო თევზაძე

პოლიტიკურ პარტიას ლეგიტიმაციას საარჩევნო ნომერი არ აძლევს, პარტიას ლეგიტიმაციას აძლევს ხალხი და ის სამართლიანი არჩევნები, რომლებიც ქვეყანაში აუცილებლად ჩატარდება, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ წევრმა, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა, თენგო თევზაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მთავარია „ქართული ოცნების“ და იმ კრიმინალური ბანდის დამარცხება, რომელიც საქართველოს საუკუნოვან ისტორიულ ფუნქციას აკარგვინებს.

„იმ ვითარებაში, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების და, პირადად, პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივით სამხრეთ კავკასიაში საუკუნოვანი მშვიდობა ისადგურებს, როდესაც საქართველოში პოლიტპატიმრებს უსჯიან ერთიმეორეს მიყოლებით სასჯელს, „ქართულმა ოცნებამ“, რუსულმა რეჟიმმა და მისმა ბანდამ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ჰქვია, გადაწყვიტა კვალიფიციურ პოლიტიკურ პარტიებს წაართვას საარჩევნო ნომერი. ნომერი არ აძლევს პოლიტიკურ პარტიას ლეგიტიმაციას, ლეგიტიმაციას აძლევს ხალხი და ის სამართლიანი არჩევნები, რომლებიც აუცილებლად ჩატარდება ამ ქვეყანაში. დღეს ე.წ. არჩევნებში ვხედავთ „ქართულ ოცნებას“ და 16 სისტემური ოპოზიციის ნაწილს, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ბიულეტენში შეიტანონ ნომერი 4 და, რომელიღაც ოპოზიციურად წოდებულ პარტიას მიაღებინონ ამ ნომრით არჩევნებში მონაწილეობა“, – განაცხადა თენგო თევზაძემ.

მისი თქმით, შემდეგი არჩევნები აუცილებლად იქნება სამართლიანი, ხოლო ის პარტიები, რომლებიც ამ არჩევნებში მონაწილეობენ, აღიარებული იქნებიან როგორც ბიძინა ივანიშვილთან სისტემურად მოთანამშრომლე პარტიები.

„ჩვენთვის ნომერი არ არის მთავარი. ჩვენთვის მთავარია „ქართული ოცნების“ და იმ კრიმინალური ბანდის დამარცხება, რომელიც საქართველოს და ჩვენს სახელმწიფოს საუკუნოვან ისტორიულ ფუნქციას აკარგვინებს. შემდეგი არჩევნები აუცილებლად იქნება სამართლიანი, აუცილებლად გაუქმდება ამ ე.წ. არჩევნების შედეგები, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებად გვასაღებს, ხოლო ის პარტიები, რომლებიც ამ არჩევნებში მონაწილეობენ, საზოგადოების მხრიდან აღიარებული იქნებიან, როგორც ბიძინა ივანიშვილთან სისტემურად მოთანამშრომლე პარტიები“, – განაცხადა თენგო თევზაძემ.

ცნობისთვის, ცესკო-ში განაცხადეს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიციამ ცვლილებებისთვის“ არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადი არ გააკეთეს, რის გამოც საარჩევნო ნომრები არ შეუნარჩუნდათ.

2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განისაზღვრა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღევანდელ სხდომაზე მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა.

არჩევნებისთვის მზადების პროცესში საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადების სრული დაცვით, საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით, წილისყრის პროცედურა დღევანდელ სხდომაზე გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ რიგითი ნომრების განაწილების პროცესი ლაივ რეჟიმში გადაიცემოდა და ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა თვალყური ედევნებინა აღნიშნული პროცედურებისთვის.

4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცესკოს 17-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მომართა. 17 პოლიტიკური გაერთიანებიდან 5 პოლიტიკურ გაერთიანებას საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, სათანადო პროცედურის დაცვით, ჰქონდა რიგითი ნომრის შენარჩუნების უფლებამოსილება, ხოლო 12 პოლიტიკურ გაერთიანებას რიგითი ნომერი მიენიჭა წილისყრით.

კანონმდებლობის თანახმად, 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის რიგითი ნომრის შენარჩუნება დაკავშირებული იყო რამდენიმე ფაქტორზე. მათ შორის, პოლიტიკურ გაერთიანებას უნდა ჰქონოდა შესაბამისი უფლებამოსილება; ნომრის შენარჩუნებასთან დაკავშირებით განცხადებით უნდა მიემართა საარჩევნო ადმინისტრაციისთვის არაუგვიანეს 17 ივლისისა და ასევე უნდა მიემართა საქართველოს ცენტრალური კომისიის თავმჯდომარისთვის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით არაუგვიანეს 8 აგვისტოს 18:00 საათისა. ამგვარი უფლებამოსილება 7 პოლიტიკურ გაერთიანებას ჰქონდა, თუმცა, მათგან ორმა ცესკოს თავმჯდომარეს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაციისთვის არ მიმართა. შესაბამისად, რიგითი ნომერი შეუნარჩუნდა მხოლოდ 5 პოლიტიკურ გაერთიანებას, დანარჩენებს კი მიენიჭათ წილისყრით.

საარჩევნო სუბიექტებს განესაზღვრათ შემდეგი რიგითი ნომრები:

1 – „მამული, ენა, სარწმუნოება“

2 – „დემოკრატთა ალიანსი“

3 – „კონსერვატორები საქართველოსთვის“

4 – ქართველ ერთობა

5 – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“

6 – „მესამე გზა“

7 – „თავისუფალი საქართველო“

8 – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“

9 – ძლიერი საქართველო-ლელო

10 – „მემარცხენე ალიანსი“

11 – „საქართველო“

12 – მწვანეთა პარტია

13 – „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“

14 – „სახალხო ხელისუფლება“

№25 –  „გახარია საქართველოსთვის“

36 – გირჩი

41 – ქართული ოცნება

(R)

ვულოცავ აშშ-ის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს და სომხეთის პრემიერს ისტორიული სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას. საქართველო ყოველთვის იდგა რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის მხარეს და გააგრძელებს მის მტკიცე მხარდაჭერას-პრემიერი

ვულოცავ აშშ-ის, აზერბაიჯანის პრეზიდენტებს და სომხეთის პრემიერ-მინისტრს ისტორიული სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას, საქართველო ყოველთვის იდგა რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის მხარეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველო ყოველთვის მომავალშიც მტკიცედ განაგრძობს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერას.

„საქართველო მიესალმება ამ ისტორიულ მომენტს სომხეთის, აზერბაიჯანის, რეგიონისა და მთელი მსოფლიოსთვის. ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების, აზერბაიჯანის პრეზიდენტებსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს ამ წარმატებას, ისტორიული მშვიდობის შეთანხმების მიღწევას და რეგიონში სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ახალი ეპოქის დაწყებას! საქართველო ყოველთვის იდგა რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის მხარეს და მომავალშიც გააგრძელებს მის მტკიცე მხარდაჭერას“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შუამავლობით, ერთობლივ სამშვიდობო დეკლარაციას მოაწერეს ხელი. დოკუმენტით, მხარეები ვალდებულებას იღებენ, სამუდამოდ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები, დაიწყონ სავაჭრო, დიპლომატიური ურთიერთობები, მოგზაურობა და პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

მივმართავთ უკრაინის შესაბამის უწყებებს, მიიღონ ზომები “დარიალის” სასაზღვრო პუნქტის ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი თავიანთი მოქალაქეების უკრაინაში დასაბრუნებლად -ალექსანდრე დარახველიძე

მივმართავთ უკრაინის შესაბამის უწყებებს, მიიღონ ზომები „დარიალის“ სასაზღვრო პუნქტის ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი თავიანთი მოქალაქეების უკრაინაში დასაბრუნებლად, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დარახველიძის თქმით, შსს მზადაა, დაეხმაროს უკრაინულ მხარეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირების სამშობლოში დაბრუნების პროცესში, მათ შორის აანაზღაუროს ამ პირების დაბრუნებისთვის საჭირო ხარჯებიც.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალზე“ მყოფი პირების შესახებ, რომლებიც აცხადებენ, რომ არიან უკრაინის მოქალაქეები და ცდილობენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთას არავალიდური დოკუმენტებით. უპირველესად, მოგახსენებთ, რომ ამ დროისათვის სასაზღვრო გამტარი პუნქტის, „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში იმყოფება 87 პირი. სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, აღნიშნულ პირებს არ ეძლევათ ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა, რადგან ყველა მათგანს აქვს მძიმე კრიმინალური წარსული და გასამართლებულნი არიან არაერთგზის – მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის. გარდა ამისა, მათ არ აქვთ
საზღვრის კვეთისთვის საჭირო ვალიდური დოკუმენტები და ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე დაშვების კრიტერიუმებს.

შექმნილი ვითარების მოსაგვარებლად, რაც სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალზე“ მყოფ პირთა სამშობლოში დაბრუნებას გულისხმობს, ქართულმა მხარემ არაერთი სამუშაო შეხვედრა გამართა როგორც საქართველოში უკრაინის საელჩოსთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. აღნიშნული საკითხის დარეგულირების მიზნით, ასევე, გამოყენებულ იქნა პოლიციის ატაშეების ქსელი, რომლის ფარგლებშიც კომუნიკაცია შედგა უკრაინაში საქართველოს პოლიციის ატაშესა და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის. ქართულმა მხარემ უკრაინულ მხარეს შესთავაზა რამდენიმე მექანიზმი, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი ადამიანების უსაფრთხოდ გაყვანა და დაბრუნება სამშობლოში, უკრაინაში. მათ შორის, ჩვენ მიერ შეთავაზებული იყო როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო გზით, მოცემულ პირთა სამშობლოში დაბრუნების ვერსიები.

უკრაინული მხარე ამ დრომდე თავს იკავებს საზღვარზე მყოფ პირთა საზღვაო გზით დაბრუნების მექანიზმის გამოყენებაზე. ხოლო, დღემდე არ მიგვიღია საბოლოო, ოფიციალური დასტური ჩარტერული რეისით მათი სამშობლოში ორგანიზებულ დაბრუნებასთან დაკავშირებით. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ აქამდე მსგავსი პირების გადაყვანის პრეცედენტები გვქონია – უკრაინული მხარის ჩართულობით, 2025 წლის ივნის-ივლისის პერიოდში, რუსეთის ფედერაციიდან მომავალი დაახლოებით 134 პირიდან, 37-მა პირმა საქართველო დატოვა მოლდოვის მიმართულებით, ხოლო 10-მდე პირმა სხვადასხვა მიმართულებით.

აღნიშნული გარემოება ცხადყოფს, რომ შესაბამისი ნების არსებობის შემთხვევაში და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით შესაძლებელია ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირების სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნება. პროცესის ხელოვნური გაჭიანურება აჩენს ეჭვს, რომ უკრაინული მხარის სურვილია ეს ადამიანები ხანგრძლივი დროით დარჩნენ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში, რათა შემდგომ ქართული მხარე იძულებული გახდეს ისინი დაუშვას საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე. ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს საფრთხის ქვეშ არ დავაყენებთ. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ რამდენიმე დღის წინ „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი 15-მდე პირი შიმშილობდა, ყველა მათგანს სურდა, რომ პროტესტის ამ სახით ხმა მიეწვდინათ უკრაინის საელჩოს წარმომადგენლებისთვის, რათა უკრაინული მხარის მხარდაჭერითა და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით, ნებისმიერი გზით დაბრუნდნენ სამშობლოში, უკრაინაში. მივმართავთ უკრაინის შესაბამის უწყებებს, დაუყონებლივ მიიღონ ზომები საკუთარი მოქალაქეების უკრაინაში დაბრუნების უზრუნველსაყოფად.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს სრულ მზადყოფნას განახორციელოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ყველა შესაბამისი ღონისძიება და ხელი შეუწყოს უკრაინულ მხარეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირების სამშობლოში დაბრუნების პროცესში, მათ შორის მზად ვართ ავანაზღაუროთ აღნიშნული პირების სამშობლოში დაბრუნებისთვის საჭირო ხარჯებიც კი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგარეო სამინისტროსთან და ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებასთან ერთად, კომპეტენციის ფარგლებში, იღებს საჭირო ზომებს, რათა ერთი მხრივ დაცული იქნეს საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოება და მეორე მხრივ დროულად მოხდეს ე.წ. „ნეიტრალურ ზონაში“ მყოფი პირების საკუთარ სამშობლოში დაბრუნება“, – განაცხადა დარახველიძემ.