Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

 ,,საქართველოს პრეზიდენტს კარგად უნდა მოეხსენებოდეს როგორც ბავშვთა უფლებები, ასევე სასკოლო საზოგადოების აპოლიტიკურობის და ზოგადად, ნეიტრალურობის მნიშვნელობა”- ალექსანდრე წულაძე

სამწუხაროდ, ის მოწოდებები, რომელიც როგორც გუშინ, ასევე დღეს სოციალურ მედიაში და სხვადასხვა პლატფორმიდან ქალბატონმა პრეზიდენტმა განახორციელა, მართლა ძალიან, ძალიან დამაზიანებელი იყო. იმედი მაქვს, იგი თავადაც გააცნობიერებს იმას, თუ რას უწყობს ხელს, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ.

კითხვაზე, რამდენად შემაშფოთებელი ფაქტია, როდესაც ქვეყნის პირველი პირი ცდილობს, ბავშვების პოლიტიკურ პროცესში ჩართვას, მინისტრმა განაცხადა, რომ ეს ფაქტი მისთვის გამაოგნებელი იყო.

„ეს მართლაც გამაოგნებელი იყო, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტს კარგად უნდა მოეხსენებოდეს როგორც ბავშვთა უფლებები, ასევე სასკოლო საზოგადოების აპოლიტიკურობის და ზოგადად, ნეიტრალურობის მნიშვნელობა. სამწუხაროდ, ის მოწოდებები, რომელიც როგორც გუშინ, ასევე დღეს სოციალურ მედიაში და სხვადასხვა პლატფორმიდან ქალბატონმა პრეზიდენტმა განახორციელა, მართლა ძალიან, ძალიან დამაზიანებელი იყო. იმედი მაქვს, იგი თავადაც გააცნობიერებს იმას, თუ რას უწყობს ხელს. ეს იქნება ისტორიულად დამაზიანებელი, გამოუსწორებელი, რომ ჩვენ ქართულმა საზოგადოებამ ვერ მოვახერხოთ, თავიდან ავირიდოთ ბავშვების პოლიტიზება. ბავშვების ჩართვა იმ პროცესებში, რომელიც მათ საუკეთესო ინტერესებში არ არის.

ყველა მშობლის, ყველა მასწავლებლისა და სასკოლო საზოგადოების ვალდებულებაა, დაიცვას ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ერთ-ერთი აქედან სწორედ არის განათლებისა და საგანმანათლებლო პროცესში მონაწილეობის უფლება, რაც ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულებაა. კიდევ ერთხელ, ვთხოვ ყველა ქართველ პოლიტიკოს, მშობელს, როგორც არ უნდა აფასებდეს ადამიანი დღევანდელ მოვლენებს, არაფრით არ უნდა იქნება დაშვებული ბავშვების პოლიტიზება, მათი წახალისება“, – აღნიშნა განათლების მინისტრმა.

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის ტყუილი!  – რუსთაველის ეროვნული თეატრი განცხადებას ავრცელებს

რუსთაველის ეროვნული თეატრი მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

„რუსთაველის ეროვნული თეატრი კატეგორიულად ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას! დემონსტრაციების პირველივე დღიდან მოიხსნა ყველა სპექტაკლი და ღონისძიება, თეატრის კარი 24 საათის განმავლობაში ღია იყო დემონსტრანტებისთვის. თეატრის დაცვას დახმარებას უწევდნენ თეატრის სხვა თანამშრომლებიც, რათა ახალგაზრდები არ დაშავებულიყვნენ.

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე მოვლენების დროს, მატერიალური ზიანი მიადგა თეატრის შენობას, მადლობას ვუხდით ყველას, ვინც მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება გამოიჩინა და აგვარიდა უფრო დიდი უარყოფითი შედეგი.გუშინ გავრცელდა ინფორმაცია თითქოს თეატრის შენობის სახურავიდან (რომელზედაც, ფეხით გავლა შეუძლებელია შენობის კონსტრუქციიდან გამომდინარე) ახალგაზრდების მიმართულებით ისროდნენ ცრემლსადენ კაფსულებს.

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის ტყუილი!  ასეთ ემოციურ ფონზე, ასეთ ცილისწამებას შეიძლება გამოუსწორებელი შედეგი მოჰყვეს!აქედან გამომდინარე უმორჩილესად გთხოვთ, არ აჰყვეთ ამ ცრუ ინფორმაციას! რუსთაველის ეროვნული თეატრი ყოველთვის თავისი სამშობლოს და ქართველი ხალხის გვერდით იდგა და იდგება!“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაორმაგებულია პიროტექნიკის გაყიდვები საქართველოში, რაც იმას ნიშნავს, რომ სისტემური, უხეში ძალადობა, რაც ხორციელდება შესაბამისი პოლიტიკური ძალების მიერ, იყო წინასწარ დაგეგმილი- პრემიერი

სახელმწიფო უწყებებს ჰქონდათ წინასწარი ინფორმაცია, რომ ასეთი ტიპის სისტემური ძალადობა იყო დაგეგმილი და სავარაუდოდ ეს იყო დაგეგმილი ჩვენი გათვლებით დეკემბრისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სისტემური, უხეში ძალადობა, რაც ხორციელდება შესაბამისი პოლიტიკური ძალების მიერ, იყო წინასწარ დაგეგმილი.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებაც არსებობდა ასეთ პროცესებთან დაკავშირებით. ერთი საინტერესო დეტალი შემიძლია, გითხრათ, რაც პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ ეს ყველაფერი წინასწარ იყო დეკემბრისთვის დაგეგმილი. პიროტექნიკის გაყიდვის სტატისტიკა ამოვიღეთ და ერთმანეთს შევადარეთ პირველი ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით წლევანდელი წლის სტატისტიკა და შევადარეთ შარშანდელი წლის 1- 27 ნოემბერს, რამდენი პროცენტით შეიძლება, იყოს გაზრდილი გაყიდვების მაჩვენებელი? 90 პროცენტით. პრაქტიკულად გაორმაგებულია პიროტექნიკის გაყიდვები საქართველოში, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი იყო დაგეგმილი. სისტემური, უხეში ძალადობა, რაც ხორციელდება შესაბამისი პოლიტიკური ძალების მიერ, იყო წინასწარ დაგეგმილი. ასევე დღეს ვნახეთ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უწყებები როცა შევიდნენ შესაბამის ოფისებში, პარტიულ ოფისებში, იქიდან ხდება შესაბამისი მასალების ამოღება. უფრო მეტიც, როცა დაიწყო შესაბამისი ოპერაცია, პირდაპირ გამოვიდა ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერი, მაგალითად ელენე ხოშტარია და წინასწარ თქვა, რომ ისინი ყიდულობდნენ პიროტექნიკას და კვლავაც განაგრძობდნენ პიროტექნიკის შეძენას. ამით რეალურად ამ პოლიტიკურმა პარტიებმა აღიარეს პირდაპირ, რომ ამ სისტემური უხეში ძალადობის უკან დგას მთლიანად პარტიული რესურსი. ცნობილი ჯგუფი არსებობს – „დაიტოვე”, ვითომ გულწრფელი ახალგაზრდების მიერ შექმნილი ჯგუფი, ამ ჯგუფის ე.წ. ადმინი აღმოჩნდა სტაჟიანი „ნაციონალი”, რომელიც სააკაშვილს სტუმრობდა თავის დროზე უკრაინაში და ა.შ. არაფერი გულწრფელობა არ არის აქ, არის პარტიული ინტერესები, ძალადობის გზით ხელისუფლების შეცვლის ინტერესი და ეს ყველაფერი დევს დღეს უკვე ხელის გულზე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 ,,მე ამას ვერ დავარქმევდი რეპრესიებს, ეს არის უფრო პრევენციები” – ირაკლი კობახიძე

მე ამას ვერ დავარქმევდი რეპრესიებს, ეს არის უფრო პრევენციები, ვიდრე რეპრესიები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან რეპრესიებზე საუბარს შეეხებოდა. 

კითხვაზე, არიან თუ არა პიროტექნიკით მომარაგებული ახალგაზრდები დაკავშირებული სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან, პრემიერმა უპასუხა, რომ პიროტექნიკით ადამიანების სისტემურად მომარაგება ხდებოდა, სწორედ, შესაბამისი პოლიტიკური ძალების მიერ. 

„რაც შეეხება კავშირს, ფაქტია, დასტურდება ერთი რამ, სისტემურად ადამიანების მომარაგება პიროტექნიკითა და სხვა საშუალებებით ხდებოდა სწორედ შესაბამისი პოლიტიკური ძალების მიერ, ეს არის აბსოლუტურად ცხადი და ეს დევს ხელის გულზე,”- განაცხადა პრემიერმა.

 ,,საჯარო დისკუსია მთლიანად დაამსხვრევდა იმ სიცრუეს, რაზეც დგას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდა, შესაბამისად, ეს არის მათი უარის მიზეზი”- ირაკლი კობახიძე

საჯარო დისკუსია მთლიანად დაამსხვრევდა იმ სიცრუეს, რაზეც დგას კოლექტიური „ნაცმოძრაობის”, რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დრეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საჯარო დისკუსიის შემდეგ მთლიანად გამოეცლებოდა მათ პროპაგანდას საფუძველი, შესაბამისად, ეს არის მათი უარის მიზეზი. 

„გახსოვთ, რომ ასეთივე შეთავაზება გავუკეთეთ ჩვენ ამ ადამიანებს „გამჭვირვალობის კანონთან” დაკავშირებით, მაშინაც შევთავაზეთ ნებისმიერ ჯგუფს, მათ შორის ახალგაზრდებს, პოლიტიკოსებსა და ნებისმიერ სხვას, მოსულიყვნენ ჩვენთან და გაემართათ საჯარო დისკუსია, თუმცა მაშინაც ამ შეთავაზებაზე მივიღეთ უარი. აქაც გამომდინარე იქიდან, რომ ზუსტად იციან, სად არის სიმართლე, კიდევ ერთხელ ითქვა, მათი მხრიდან უარი. ეს მეტყველებს ყველაფერზე. ამ საჯარო დისკუსიის შემდეგ მთლიანად გამოეცლებოდა მათ პროპაგანდას საფუძველი, შესაბამისად, ეს არის მათი უარის მიზეზი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, უახლოეს დღეებში საქართველოში ვიზიტს გეგმავს

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსეტი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული.

„გენერალური მდივანი ალენ ბერსეტი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. გასული 24 საათის განმავლობაში ის ტელეფონით ესაუბრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. დაძაბული სიტუაციისა და მიმდინარე დაპირისპირებების ფონზე, გენერალურმა მდივანმა გამოხატა ევროპის საბჭოს შეშფოთება გაზრდილი პოლარიზაციისა და პოლიტიკური ჩიხის შესახებ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ალენ ბერსეტმა მხარეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ შემდგომი ესკალაციისგან და ხაზი გაუსვა დემონსტრაციების დროს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტებული გამოყენების შემთხვევების გამოძიების მნიშვნელობას.

„ვინაიდან, საქართველო არის ევროპის საბჭოს წევრი, გენერალურმა მდივანმა გაიმეორა ორგანიზაციის როლი ყველა დაინტერესებულ მხარესთან აზრების გაცვლის საქმეში და გაიხსენა ევროპის საბჭოს ღირებულებებისა და სტანდარტების პატივისცემის ვალდებულება, გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების ჩათვლით. ეს არის ქართველი ხალხის, მთლიანად ქვეყნის და მისი სტაბილურობის ინტერესებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ევროპის საბჭოს ცნობით, გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა მის გადაწყვეტილებას გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ევროპულ მისწრაფებებში და უზრუნველყოს მისი დემოკრატიული უსაფრთხოება. მან ასევე გამოხატა მზადყოფნა, განაგრძოს კონსტრუქციული დიალოგი ყველა შესაბამის პარტნიორთან, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან, არსებული კრიზისის დაძლევის მიზნით.

„ევროპის საბჭო მზადაა გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა, მათ შორის არსებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც ევროპულ გზაზე ქვეყნის თანმხლები იქნება. ამ კონტექსტში, გენერალური მდივანი უახლოეს დღეებში საქართველოში ვიზიტს გეგმავს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

რასაც ახლა ხელისუფლება აკეთებს, ჩვეულებრივი რეპრესიებია – მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, იმოქმედეთ დროულად საქართველოს მოქალაქეების დასაცავად! -გიორგი გახარია

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს რეპრესიებს უწოდებს დ მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს, დროულად იმოქმედონ.

აღნიშნულის შესახებ განცხადებას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

„ის, რასაც ახლა ხელისუფლება აკეთებს, არის ჩვეულებრივი რეპრესიები უბრალოდ განსხვავებული აზრის წინააღმდეგ!

კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს – იმოქმედეთ დროულად საქართველოს მოქალაქეების დასაცავად!“,- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს აქტივისტების ბინებსა და პოლიტიკური პარტიების ოფისებში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. უფრო კონკრეტულად, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „დროას“ ოფისებში. ასევე გაჩხრიკეს „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ილია ღლონტის ბინა. გარდა ამისა, „დროას“ ოფისთან, ჩხრეკის პარალელურად, დააკავეს „კოალიცია ცვკლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია და კოალიციის წევრი გელა ხასაია. დაკავებულია მოძრაობა „დაფიონის“ წევრი, ზვიად ცეცხლაძეც.

აქციისთვის ნამდვილად გვაქვს ძალიან ბევრი პარალონი, პლედი, ფოერვერკი, სნიკერსები, კვერცხები, პოლიციას რომ ვესროლოთ, ყველაფერი, რაც საჭიროა, რომ იყოს პროტესტი -ელენე ხოშტარია

ძალიან მოსალოდნელი მოქმედებაა. აქ ნამდვილად გვაქვს აქციისთვის ძალიან ბევრი პარალონი, პლედი, ფოერვერკი, სნიკერსები, კვერცხები, პოლიციას, რომ ვესროლოთ, ყველაფერი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ იყოს პროტესტი, – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ „დროას“ ოფისში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ განაცხადა

ხოშტარიას თქმით, პოლიცია ოფისში ლაზერებს, საღებავებს აღრიცხავს.

„მოსალოდნელი მოქმედებაა. აქციისთვის ნამდვილად გვაქვს ძალიან ბევრი პარალონი, პლედი, „ფოერვერკი“, „სნიკერსები“, კვერცხები, პოლიციას რომ ვესროლოთ. ყველაფერი, რაც საჭიროა, რომ იყოს პროტესტი. ბუნებრივია, მოვიდნენ. სასაცილოა, ლაზერებს, რაღაც საღებავებს აღრიცხავენ. მე მათ განვუმარტე, რომ ეს პოლიცია არის რუსული, ანტიკონსტიტუციური, ემსახურება ივანიშვილს და მიდის ევროპის წინააღმდეგ. საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის რას გადაჩხრეკენ, რას იზამენ, ვის რას დააბრალებენ და წაუყენებენ. მე თვითონ ვუთხარი, დიახ, მე ვარ ორგანიზატორი და პასუხისმგებლობას ვიღებ ამ აქციებზე. ეს არის ხალხის გადაწყვეტილება და აქცია, დიახ, ყველაფერ ამას ვიყენებთ ჩვენ აქციაზე“, – განაცხადა ხოშტარიამ.

რა ეღირება დოლარი და ევრო 5 დეკემბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8468 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8468 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8746 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0278 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9894 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0252 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0358 ლარი შეადგინა.

პოლიცია “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში შევიდა

პოლიცია “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში შევიდა.

მანამდე, პოლიცია მისული იყო “კოალიცია ცვლილებისთვის” ოფისშიც.

ჩხრეკა ტარდება ჯგუფ “დაიტოვეს” ადმინისტრატორის, ილია ღლონტის სახლშიც.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსეტი უახლოეს მომავალში საქართველოში ვიზიტს გეგმავს

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსეტი უახლოეს მომავალში საქართველოში ვიზიტს გეგმავს.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ევროპის საბჭო მზად არის გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა, მათ შორის მიმდინარე სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც ქვეყანას ევროპული მისწრაფებების მიღწევის პროცესში დაეხმარება.

„ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსეტი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ის ტელეფონით ესაუბრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. დაძაბული მდგომარეობისა და მიმდინარე დაპირისპირებების ფონზე, გენერალურმა მდივანმა ევროპის საბჭოს სახელით შეშფოთება გამოთქვა პოლარიზაციის გაღრმავებისა და მოვლენების პოლიტიკურ ჩიხში შესვლის გამო. მან ასევე ყველა შესაბამის მხარეს მოუწოდა, თავი შეიკავონ შემდგომი ესკალაციისგან. გენერალურმა მდივანმა აგრეთვე ხაზი გაუსვა დემონსტრაციების დროს სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევების გამოძიების აუცილებლობას.

ვინაიდან საქართველო ევროპის საბჭოს წევრია, გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ორგანიზაციის როლი მოუსმინოს ყველა მხარეს და ქვეყნის ვალდებულება, პატივი სცენ ევროპის საბჭოს ღირებულებებსა და სტანდარტებს, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებას, რაც როგორც ქართველი ხალხის, ასევე მთლიანად ქვეყნისა და მისი სტაბილურობის ინტერესშია.

გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა თავის მზადყოფნას, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ევროპულ მისწრაფებებში და უზრუნველყოს ქვეყნის დემოკრატიული უსაფრთხოება. მან ასევე მზადყოფნა გამოხატა, არსებული კრიზისის დასაძლევად აწარმოოს კონსტრუქციული დიალოგი ყველა შესაბამის პარტნიორთან, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან.

ევროპის საბჭო მზად არის გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა, მათ შორის მიმდინარე სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც ქვეყანას ევროპული მისწრაფებების მიღწევის პროცესში დაეხმარება. ამ მიზნით, გენერალური მდივანი უახლოეს მომავალში საქართველოში ვიზიტს გეგმავს“, – ნათქვამია ევროპის საბჭოს ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სერბეთის პარლამენტში უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი განსახილველად შეიტანეს

„სერბეთის სოციალისტური მოძრაობის“ დეპუტატებმა, რომლებსაც ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ვულინი ხელმძღვანელობს, უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში შეიტანეს.

ინფორმაციას ამის შესახებ „კომერსანტი“ ავრცელებს.

კანონპროექტი „უცხოურ აგენტებად“ აცხადებს არაკომერციულ ორგანიზაციებსა და გაერთიანებებს, რომელთა ბიუჯეტის 50% საზღვარგარეთიდან მიღებული თანხებით ფინანსდება. კანონპროექტის მიხედვით, უცხოური წყაროებიდან დაფინანსების მიმღებ ორგანიზაციებსა და პოლიტიკოსებს „უცხოური აგენტის“ სტატუსით რეგისტრაცია და ყველა მათ მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციებში ამ სტატუსის მითითება მოუწევთ.

საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, იმ პირებს, ვინც კანონს დაარღვევენ, გარკვეული საქმიანობა აეკრძალებათ, ასევე დაეკისრებათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ან ჯარიმა 5000-დან (42 ევრო) 2 მილიონ დინარამდე (17 000 ევრო). პროექტის მიხედვით, „უცხოური აგენტების“ რეესტრს იუსტიციის სამინისტრო მართავს. მას ასევე აქვს უფლებამოსილება, შესაბამისი კანონდარღვევისთვის შეუჩეროს საქმიანობა იმ ორგანიზაციებს, რომლებიც რეგისტრაციას არ გაივლიან.

პარტიაში, რომელმაც კანონპროექტი განსახილველად პარლამენტში შეიტანა, განაცხადეს, რომ ინიციატივა მიმართულია „არასამთავრობო სექტორში გამჭვირვალობის გაზრდისკენ”, რადგანაც, დეპუტატების აზრით, ზოგიერთი ორგანიზაცია „აშკარად მუშაობს სერბეთის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ“.

„სოციალისტური მოძრაობის“ ლიდერის, სერბეთის ვიცე-პრემიერის, ალექსანდრ ვულინის თქმით, კანონპროექტი „უცხოური აგენტების“ შესახებ შემუშავებულია აშშ-ის შესაბამისი კანონის მიხედვით, რომელიც კრძალავს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას საზღვარგარეთიდან.
თუმცა, სერბეთის ოპოზიცია აღნიშნავს, რომ იგი უფრო ჰგავს რუსეთში ან საქართველოში მოქმედ რეპრესიულ კანონებს, ხოლო აშშ-ის კანონი სხვა საკითხებს არეგულირებს.

მსგავსი კანონის მიღების ინიციატივით სერბეთში წლის დასაწყისშიც გამოვიდნენ, მაგრამ ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკის შემდეგ უკან გაიწვიეს.

როგორც „კომერსანტი“ წერსა, სერბეთის ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ვულინი წელიწადში რამდენჯერმე სტუმრობს რუსეთს და პასუხისმგებელია „ბრიქსის“ ქვეყნებთან ურთიერთობაზე. 2023 წელს მან ბალკანეთის რეგიონში რუსეთის საქმიანობის ხელშეწყობის გამო დაწესებული სანქციები დაარღვია.