Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

“დიფ სთეითის”ბრალია უსამართლობა, რასაც ჩვენი ქვეყნის და ხალხის მიმართ ვხედავთ, სანქციები არ დავაწესეთ, მოხალისეები არ გავგზავნეთ უკრაინაში და ამას მოჰყვა ეს უსამართლობა -პრემიერი

„დიფ სთეითის“ ბრალია ის უსამართლობა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ არ დააწესა სანქციები, მებრძოლი მოხალისეები არ გაგზავნა უკრაინაში, რასაც მოჰყვა ეს უსამართლობა.

„„დიფ სთეითის“ ბრალია ის უსამართლობა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის მიმართ. ჩვენ, 2022 წლიდან მოყოლებული, მინდა, გაგახსენოთ, რა გავაკეთეთ: შევიტანეთ განაცხადი კანდიდატის სტატუსზე, 5 000-გვერდიანი დოკუმენტი მოამზადეს ჩვენმა საჯარო მოსამსახურეებმა. ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გვითხრეს უარი კანდიდატის სტატუსზე და წელიწად-ნახევარი გაგრძელდა დამატებით ეს უსამართლობა. ამის შემდეგ კიდევ ერთი წელიწადი გაგრძელდა ეს უსამართლობა, რომელსაც არავითარი დასაბუთება არ ჰქონდა. სანქციები არ დავაწესეთ, მებრძოლი მოხალისეები არ გავგზავნეთ და ამას მოჰყვა ეს უსამართლობა. თქვენ შეგიძლიათ, მიიჩნიოთ, რომ ეს იყო დამთხვევა, თუმცა, ეს ბუნებრივია, არ იყო არავითარი დამთხვევა. დაიწყო უსამართლობა და ეს უსამართლობა გრძელდება“, – განაცხადა პრემიერმა.

სალომე ზურაბიშვილი ჩაიბარებს აღლუმს ალბათ ალეკო ელისაშვილისგან, 26 მაისი წარიმართება ისე, როგორც უნდა წარიმართოს, ოპოზიციის არავითარ გეგმას განხორციელება არ უწერია, ფეხი არ დაუცდეთ, ეს ძალიან მკაფიო გაფრთხილებაა -ირაკლი კობახიძე

სალომე ზურაბიშვილი აღლუმს ალბათ ჩაიბარებს ალეკო ელისაშვილისგან, ეს იქნება ერთადერთი, რაც მან შეიძლება, ჩაიბაროს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 26 მაისს დაგეგმილია სათანადო ღონისძიებები ისე, როგორც წინა წლებში იყო.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციის არავითარ გეგმას განხორციელება არ უწერია.

„რაც შეეხება 26 მაისს, 26 მაისი წარიმართება ისე, როგორც უნდა წარიმართოს. ჩვენ გვაქვს სათანადო ღონისძიებები დაგეგმილი ზუსტად იმავე ფორმატში, რა ფორმატითაც იმართებოდა ეს ღონისძიებები წინა წლებში. რა თქმა უნდა, ოპოზიციის არავითარ გეგმას განხორციელება არ უწერია. მკაფიო გაფრთხილებაა, როგორც სალომე ზურაბიშვილის, ისე სხვა „ნაციონალების“ მიმართ, ფეხი არ დაუცდეთ“, – აღნიშნა კობახიძემ.

ესტონეთის მიერ დაწესებული სანქციები არის უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი, მაგრამ ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ეს არის ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება -ირაკლი კობახიძე

ესტონეთის მიერ სანქციების დაწესება არის უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება რჩება ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში.

„რაც შეეხება ესტონეთს, მათ მანამდეც აქვთ სანქციები დაწესებული, რაც არის უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი ქართველი ხალხის მიმართ, ჩვენი ქვეყნის მიმართ. ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. ეს არის ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება“, – აღნიშნა კობახიძემ.

ცნობისთვის, ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო. ამასთან, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3 მარტსაც გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს 83 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

“მთავარია გჯეროდეს”-  თიბისის ახალი გზავნილი 

„მთავარია გჯეროდეს“ – თიბისის ახალი მანიფესტი და ბრენდის მთავარი სათქმელია, რომელიც გვეუბნება, რომ საკუთარი თავის რწმენა შეუძლებელს შეგაძლებინებს. ნებისმიერ სირთულეს და გამოწვევას გადალახავ – მთავარია გჯეროდეს, რომ არ არსებობს არაფერი, რაც არ გამოვა და რომ ამ რწმენით ნაკარნახევი ყველა წამოწყების დასასრული გამარჯვებაა.

ეს გზავნილი საუკეთესოდ ჰყვება განვითარების იმ ისტორიას, რომელიც თიბისიმ 33-წლის განმავლობაში შექმნა და იმ ფასეულობებს აერთიანებს, რომლებიც მეოთხე ათწლეულია თიბისის ამოძრავებს განვითარების ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე.

თიბისის გუნდის ფილოსოფიაც ამ ღირებულებაზე იყო დაშენებული – ის, რაც ერთი შეხედვით შეუძლებელი ჩანს, საბოლოოდ შესაძლებელი აღმოჩნდება ხოლმე. სწორედ ეს გამოცდილება გახდა თვითრწმენის საფუძველი და მოტივაცია იმისათვის, რომ ბრენდი განვითარების ახალ ეტაპზე გადასულიყო, ახალი სათქმელი ეთქვა ადამიანებისთვის და საკუთარი წარმატების მაგალითით, შთაგონება და სტიმული გამხდარიყო.

„თიბისი, როგორც ბრენდი, დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად დაიბადა და გაიზარდა. მასთან ერთად გავიარეთ განვითარების არაერთი ეტაპი. საკუთარი თავისა და ჩვენი მიზნების რწმენა, ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა იყო ჩვენთვის. ამ გზაზე შესაძლებლობად ვაქციეთ ყველა გამოწვევა, გავიზარდეთ, გავფართოვდით, გავციფრულდით და საქართველოს საზღვრებსაც გავცდით. ჩვენ დავიჯერეთ ის, რაც თავდაპირველად შეუძლებელი გვეგონა და არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ თვითრწმენით, თავდაჯერებულობითა და შემართებით, ერთად შეუძლებელსაც შევძლებთ – მთავარია, გვჯეროდეს“, – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

®

პრეზიდენტ პუტინს მივეცი სიტყვა, რომ დღეს მოსკოვში ვიქნებოდი და შევასრულე-ალექსანდრ ვუჩიჩი 

სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პირობა მისცა, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავზე მოსკოვში ჩავიდოდა და პირობა შეასრულა.

„იცით, მე პრეზიდენტ პუტინს მივეცი სიტყვა, რომ დღეს აქ ვიქნებოდი და მე შევასრულე, რაც ვთქვი. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, – აღნიშნა ვუჩიჩმა.

სერბეთის პრეზიდენტმა განმარტა, რამდენად მნიშვნელოვანია ბელგრადისთვის პუტინთან მოლაპარაკებები და ორმხრივი ურთიერთობების განვითარება.

„ჩვენ გვაქვს დიდი ამოცანა, შევინარჩუნოთ ხსოვნა დიდი სამამულო ომის შესახებ, გამარჯვების შესახებ. მე ვამაყობ სერბი ხალხის როლით ამ გამარჯვებაში. მადლობა თქვენ თბილი მიღებისთვის, თქვენი სტუმართმოყვარეობისთვის“, – აღნიშნა ვუჩიჩმა.

მანამდე ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა გააფრთხილეს სერბეთის პრეზიდეტი, რომ მოსკოვში ვიზიტი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. სერბეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. თავად ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ მოსკოვში ვიზიტის გამო მისი ქვეყნის ევროპულ გზას საფრთხე არ ემუქრება.

80 წლის წინ ჩვენ გავიმარჯვეთ, მოკავშირეებმა გაიმარჯვეს და მათთან ერთად გაიმარჯვა საქართველომ – შალვა პაპუაშვილი

80 წლის წინ ჩვენ გავიმარჯვეთ, მოკავშირეებმა გაიმარჯვეს და მათთან ერთად გაიმარჯვა საქართველომ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუშვილის თქმით, რომ არა ეს ბრძოლა, ქართველი ერის ისტორიასაც ნაციზმის მუხლუხები დაუნდობლად გასრესდა.

„ვიღებ ხელში კალამს, გაძლევ კეთილ სალამს.. გწერთ თქვენი სიცოცხლის მონატრე..“ – 1945 წლის 18 თებერვალს ფრონტიდან ჩემი დიდი პაპის მოწერილი ეს წერილი ბოლო აღმოჩნდა.

9 მაისს საქართველოში ვზეიმობთ გამარჯვების დღეს, 1945 წელს ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების აღსანიშნად.

საქართველოდან, ამ გამარჯვებამდე მიმავალ ბრძოლის ველზე, 300 000 ადამიანი დაეცა, რითაც მოსახლეობის პროპორციულობის მიხედვით, ყველაზე დიდი დანაკარგი მივიღეთ.

ეს ფასი ჩვენ და ჩვენმა წინაპრებმა მსოფლიოს უდიდესი ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში გადავიხადეთ.

საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომლის მამა, პაპა, დიდი პაპა არ მონაწილეობდა ფაშიზმის წინააღმდეგ ომში. დღემდე ცოცხლები არიან ომის მონაწილე ვეტერანები.

გასული 80 წლის განმავლობაში 9 მაისის აღნიშვნა ჩვენს განუყოფელ ტრადიციად იქცა, რაც დღევანდელ გამრუდებულ ყოფაში ცოცხალი შეხსენებაა იმისა, თუ რანი ვიყავით გუშინ, სად ვიდექით, რისთვის ვიბრძოდით და რანი ვართ დღეს.

დღეს ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომლებმაც ცხოვრების მისიად გაიხადეს საქართველოს ისტორიის, ჩვენი წარსულის და გამარჯვების დღის დაკნინება.

წარსულის გადააზრების საბაბით, მუდმივი აპელირება, თუ რომელია სწორი თარიღი, 9 თუ 8, როგორი უნდა იყოს გამარჯვების დღის დასახელება, შეიძლება თუ არა სტალინის ხსენება და ათასი მსგავსი განწვალება და უქმადმეტყველება მიმართულია მხოლოდ ერთისაკენ – მოხდეს არა წარსულის გააზრება, არამედ წარსულის გადაწერა, საბჭოთა კავშირში ცხოვრების გამო დანაშაულის გრძნობის გაღვივება და ეროვნული იდენტობის იმგვარი მოშლა, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის, უცხო გავლენით, ფსევდოევროპული და ხელოვნურად კონსტრუირებული იდეოლოგიის დასამკვიდრებლად.

ადამიანები, რომლებიც პირდაპირ არიან პასუხისმგებლები მართლაც ანტიევროპული, ანტიდემოკრატიული, დანაშაულებრივი რეჟიმის შექმნაზე და ქვეყნის გაუბედურებაზე, ამ იდეოლოგიის მატარებელ სოცმედია აქტივისტებთან ერთად ცდილობენ 9 მაისის მნიშვნელობის შეცვლას.

9 მაისი არის და იქნება იმ დიდი გამარჯვების დღე, რომელშიც საქართველოს თავისი ღირსეული წვლილი მიუძღვის. ამ წვლილის, ამ მსხვერპლის და ამ გმირობის დავიწყება და ისტორიის გადაწერა არ მოხდება.

ქართველი ხალხი საკმარისად ძველი, მრავალ ჭირნანახი და ბრძენი ხალხი ვართ იმისთვის, რომ წარსულით ვინმეს ჩვენი შერცხვენა გაუვიდეს. ჩვენი ისტორია მთლიანია. ბედის ავბედითობით რაც გაგვივლია, ჩვენმა წინაპრებმა ღირსეულად გაიარეს. ჩვენ მათი შთამომავლები ვართ. ჩვენ ყველანი მხოლოდ საქართველოსთვის ვიბრძოდით და ასეც გავაგრძელებთ.

80 წლის წინ ნაციზმს ვებრძოდით ქერჩშიც და ბერლინშიც, მარუხის უღელტეხილზეც და კოდორის ხეობაშიც. ნაციზმს, რომლის იდეაც მთელი ერების განადგურება იყო. რომ არა ეს ბრძოლა, ჩვენი ერის ისტორიასაც ნაციზმის მუხლუხები დაუნდობლად გასრესდა. სწორედ ამიტომ იყო ეს ომი ჩვენი სამამულო ომი.

80 წლის წინ ჩვენ გავიმარჯვეთ, მოკავშირეებმა გაიმარჯვეს და მათთან ერთად გაიმარჯვა საქართველომ.

გილოცავთ 9 მაისს, ჩვენი გამარჯვების დღეს!“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შესაძლოა, ამ დღეს გაიგოთ, რომ კომპანია, სადაც მუშაობთ, რეორგანიზაციას აცხადებს და მიმართულებას იცვლის. სავარაუდოდ, ეს თქვენს წინაშე ახალ შესაძლებლობებს გააჩენს. ახალი პერსპექტივების კარს გახსნის. იდეებმა, რომლებზეც ბოლო დროს ბევრს ფიქრობთ, შეიძლება სწრაფი და მნიშვნელოვანი შედეგები მოგიტანოთ. შეიძინეთ საჭირო წიგნები და თვითგანვითარებაზე იზრუნეთ. თქვენს ცხოვრებაში მოსალოდნელი ცვლილებები უფრო ღრმა ცოდნას მოითხოვს, ვიდრე ახლა გაქვთ. თქვენი ენერგიულობა გარშემო მყოფებს გააოცებს.

კურო

შესაძლოა, ამ დღეს ახლობელ ადამიანთან ურთიერთობის გარკვევა მოგიწიოთ. ეცადეთ, სადავო საკითხების გადაწყვეტისას ობიექტური იყოთ. გარემოებები თქვენგან სიმშვიდესა და თავდაჭერას მოითხოვს. ამ დღის შედეგი იმაზეა დამოკიდებული, საკუთარი ემოციების მართვას რამდენად შეძლებთ. თუ ბოლო წუთს უკან არ დაიხევთ, შესანიშნავ შედეგებს მიაღწევთ.

ტყუპები

ვარსკვლავები ამბობენ, რომ გარშემომყოფთა აზრზე ზედმეტად დამოკიდებული ხართ და მუდმივად სხვისი კარნახით ცხოვრება უნდა შეწყვიტოთ. გამბედაობა გჭირდებათ, რომ უმრავლესობის აზრს შეუპოვრად დაუპირისპირდეთ და ბოლოს სწორედ ეს ადამიანები გეტყვიან, რომ სწორად მოიქეცით. ეცადეთ ქალაქის ხმაურისგან შორს, ბუნებაში მეტი დრო გაატაროთ.

კირჩხიბი

კირჩხიბებო, გზაზე მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ — ეს რჩევა როგორც მძღოლებს, ისე ქვეითებს ეხება. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, განსაკუთრებით არტერიულ წნევას. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს და მძიმე საკვებს. იმუშავეთ მიმდინარე საქმეებზე და ახალი იდეები სამომავლოდ გადადეთ.

ლომი

ლომებისთვის ნათელი ემოციებით სავსე, წარმატებული დღე იქნება. თუ ვინმემ შემოქმედებით ღონისძიებაზე მიგიწვიათ, უარს ნუ ეტყვით — იქ ბევრ მშვენიერ და სასიამოვნო ადამიანს შეხვდებით. შესაძლოა, ვიღაცისთვის საკუთარი შთაბეჭდილებების გაზიარების და პრობლემების განხილვის სურვილი გაგიჩნდეთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ამან შეიძლება, იმედგაცრუება მოგიტანოთ.

ქალწული

ქალწულებო, დროა ცხოვრების მიმართ დამოკიდებულება ძირეულად შეცვალოთ. უარყოფით მოვლენებს ზედმეტად დიდ ყურადღებას აქცევთ, მაშინ როცა დადებითს მყისიერად ივიწყებთ. ეცადეთ, რომ ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება ისწავლოთ — მაშინვე იგრძნობთ, როგორ იცვლება თქვენი ყოფა. ეს ცვლილებები გარშემომყოფებთან ურთიერთობაზეც დადებითად აისახება. ქრონიკული დაავადებების გამწვავება რომ თავიდან აიცილოთ, პრევენციულ ღონისძიებებს მიმართეთ.

სასწორი

მნიშვნელოვანია, რომ მუშაობის დროს სხვისი აზრის გათვალისწინება და გუნდური მუშაობა ისწავლოთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია სიახლე, რომელიც განსხვავებულ ემოციებს გამოიწვევს. პრობლემებს ნუ შეუშინდებით და დასახული მიზნებისკენ მოძრაობა განაგრძეთ. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი იზრდება, ამიტომ შესანიშნავი დღეა ვარჯიშის, ახალი საქმის დაწყების, მშენებლობისა და რემონტისთვის.

მორიელი

თქვენს ცხოვრებაში მალე ისეთი მოვლენები განვითარდება, რომლებიც კარიერულ წინსვლას მნიშვნელოვნად დააჩქარებს. პირად ცხოვრებაში ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, რაც ამ ეტაპზე კარგია — ახლა უმჯობესია ყურადღება სამსახურსა და სწავლებას დაუთმოთ. ახალი საქმე თქვენგან ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას და ობიექტურობას მოითხოვს. გირჩევთ, ახლობელი ადამიანების მიმართ უფრო მიმტევებელი იყოთ.

მშვილდოსანი

სხვის დაპირისპირებაში ნუ ჩაერევით, თუ არ გსურთ, რომ ახალი მტრები გაიჩინოთ. ემოციები აკონტროლეთ, რომ ისეთი არაფერი თქვათ, რასაც მომავალში ინანებთ. საუბრის თემები სიფრთხილით შეარჩიეთ, რომ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და ეცადეთ სახლში მეტი დრო გაატაროთ.

თხის რქა

უცნობი ადამიანების შეფასებაში ნუ აჩქარდებით, თორემ შეიძლება თავი უხერხულ სიტუაციაში ამოყოთ. სჯობს, ყურადღება კოლეგებთან და მეგობრებთან ურთიერთობაზე გაამახვილოთ. შესაძლოა, რომელიმე მათგანი თქვენზე ნაწყენია. მიზეზის გარკვევა და ურთიერთობის აღდგენა სცადეთ — მათი მხარდაჭერა მალე დაგჭირდებათ. ჩაიტარეთ ზოგადი სამედიცინო შემოწმება და ეს ანალიზებიდან დაიწყეთ.

მერწყული

რთული და დაძაბული დღისთვის უნდა მოემზადოთ. შესაძლოა, ყველაზე ახლობელ ადამიანებთანაც კი ურთიერთობა დაიძაბოს — ვარსკვლავები კონფლიქტების გამწვავებაზე მიუთითებენ. ამ დღეს თქვენგან ლიდერული თვისებების გამოვლენა იქნება საჭირო. ნუ წახვალთ კომპრომისზე სინდისთან, თორემ აუცილებლად ინანებთ. წინდახედულობა და ინტუიცია შექმნილი პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარებათ.

თევზები

ამ დღეს შეიძლება ფიქრის ძალა ისე, როგორც არასდროს იგრძნოთ. ძველი სურვილები და ოცნებები ნელ-ნელა ხდება. ნუ მოითხოვთ ბედისგან იმაზე მეტს, ვიდრე შეგიძლიათ — იღბალი თქვენს მხარესაა. ახლა საჭიროა გონიერება და მცირე გამოგონების უნარი, რომ ოცნება რეალობად აქციოთ. ეცადეთ საღამოს მოინახულოთ ადგილი, სადაც ბევრი სხვადასხვა ადამიანი თავს იყრის.

 ღრმა მწუხარებასა და შეშფოთებას გამოვხატავთ ერთ-ერთი თეატრის სცენაზე გამართულ ღვთისმგმობელ წარმოდგენასთან დაკავშირებით -საპატრიარქო

როცა შემოქმედება იქცევა სხვათა დამცირებისა და შეურაცხყოფის იარაღად, თესავს ღვარძლს, სიძულვილსა და სიბილწეს, იწვევს საზოგადოების გაღიზიანებას და დაპირისპირებას, მაშინ ის უკვე მიზანმიმართული ბოროტებაა და არაფერი აქვს საერთო ნამდვილ ხელოვნებასთან, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.

„ღრმა მწუხარებასა და შეშფოთებას გამოვხატავთ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი თეატრის სცენაზე გამართულ ღვთისმგმობელ წარმოდგენასთან დაკავშირებით.

ჭეშმარიტი ხელოვნება სიკეთის მსახურება და ამ სიკეთის ხალხისთვის გაზიარებაა. სწორედ ეს არის მისი არსი და დანიშნულება, მაგრამ როცა შემოქმედება იქცევა სხვათა დამცირებისა და შეურაცხყოფის იარაღად, თესავს ღვარძლს, სიძულვილსა და სიბილწეს, იწვევს საზოგადოების გაღიზიანებას და დაპირისპირებას, მაშინ ის უკვე მიზანმიმართული ბოროტებაა და არაფერი აქვს საერთო ნამდვილ ხელოვნებასთან.

როგორც წმინდა ბასილი დიდი ბრძანებს, თავისუფლება არ ნიშნავს იმის კეთებას, რაც გინდა, თავისუფლება ნიშნავს, აკეთო ის, რაც საჭიროა.

მოვუწოდებთ ყველას, პატივი სცეს და გაიაზროს პასუხისმგებლობა იმ სულიერი ფესვებისადმი, რომლებიც ადამიანის სულის განუყოფელი ნაწილია. თავის მხრივ, რა თქმა უნდა, საზოგადოების მოვალეობაა, მართებულად შეაფასოს, რომ ამგვარი ქმედება არ უნდა შეინიღბოს თავისუფლებისა და ხელოვნების სახელით, არ უნდა იქცეს ღვთის გმობის, რწმენის, ზნეობისა და ისტორიული მეხსიერების დაცინვის ინსტრუმენტად.

აღნიშნული ღონისძიების შემოქმედებს კი მოვუწოდებთ სინანულისაკენ და შევახსენებთ, რომ ამგვარი მკრეხელობის ჩამდენი, შეუნანებლობის შემთხვევაში, საეკლესიო სასჯელის სახით, ეკლესიიდან განკვეთას ექვემდებარება“, – ნათქვამია განცხადებაში.

9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე

9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. 1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

მეორე მსოფლიო ომმა საქართველოზე უმძიმესი კვალი დატოვა – ჩვენმა ქვეყანამ 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა.

მეორე მსოფლიო ომში, როცა ერთმანეთს ორი ბოროტება ებრძოდა, საქართველომ, სტალინის სამშობლომ, პროცენტულად ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო.

მეორე მსოფლიო ომი ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო კაცობრიობის ისტორიაში. აზიაში ის დაიწყო მეორე იაპონია-ჩინეთის ომით 1937 წლის 7 ივლისს და ევროპაში გერმანიის თავდასხმით პოლონეთზე 1939 წლის 1-ელ სექტემბერს. საომარი მდგომარეობა ევროპაში დასრულდა 1945 წლის 8 მაისის ვერმახტის კაპიტულაციით, ხოლო აზიაში – 1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიის კაპიტულაციით.

მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში გერმანია, იტალია და იაპონია აწარმოებდნენ დამპყრობლურ ომებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წინააღმდეგ. მათი მთავარი მოწინააღმდეგეები იყვნენ საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთის რესპუბლიკა, რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის დარღვევის შემდეგ საბჭოთა კავშირი და იაპონიის პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები.

მეორე მსოფლიო ომის ძირითადი ბრძოლის ადგილი იყო აზია, წყნარი ოკეანის აუზი, ევროპა და ჩრდილოეთ აფრიკა. საომარი შეტაკებები მიმდინარეობდა აგრეთვე ჩრდილოეთ ამერიკაში (არქტიკა) ალასკასა და გრენლანდიაზე, ახლო აღმოსავლეთში – ერაყსა და ირანში, აღმოსავლეთ აფრიკაში – ეთიოპიასა და სომალიში, აგრეთვე სამხრეთ ამერიკაში (სურინამის დაპყრობა), ტიბეტში (ტოლსტოი-დოლანის მისია) და ანტარქტიდაზედაც კი (ოპერაცია ტაბარინი).

მეორე მსოფლიო ომმა იმსხვერპლა 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოსახლის. ომის სულისკვეთება გაჟღენთილი იყო მძლავრი იდეოლოგიზმით. ამან ურიცხვი სამხედრო დანაშაული და მშვიდობიან მოსახლეობაზე სისტემატიური ძალადობა გამოიწვია, რომელიც გენოციდშიც კი გადაიზარდა.

მეორე მსოფლიო ომი ევროპაში იყო გერმანიის მიერ წამოწყებული დამპყრობლური და გამანადგურებელი ომი აღმოსავლეთში “საარსებო გარემოს” მოპოვების მიზნით. გერმანიის საგარეო პოლიტიკის სავარაუდო სქემის ძირითად კომპონენტებს შეადგენდა კავშირი იტალიასა და იაპონიასთან; ბრძოლა გერმანიისთვის გამანადგურებელი შედეგების მომტან ე. წ. “ებრაულ მსოფლიო შეთქმულების” წინააღმდეგ; ანტიბოლშევისტური გამანადგურებელი ბრძოლა აღმოსავლეთში “საარსებო გარემოს” მოპოვებისთვის და დაპყრობილი ტერიტორიების გერმანელებით დასახლება.

გერმანიის საბოლოო მიზანი იყო მსოფლიოში გაბატონებული პოზიციის მოპოვება. “გერმანია იქნება მსოფლიოში გაბატონებული ძალა ან საერთოდ არაფერი არ იქნება”, _ წერდა ჰიტლერი თავის წიგნში “ჩემი ბრძოლა”(“Mein Kampf”).

დაპყრობილი საბჭოთა კავშირი უნდა დაყოფილიყო სხვადასხვა ოლქად რაიხსკომისრების მმართველობის ქვეშ. აქედან ბელორუსები, უკრაინელები და ბალტიისპირეთის ხალხები “საარსებოდ ვარგისად”, ხოლო რუსები “დაბალ რასად” იქნენ შეფასებულნი. დაპყრობილი აღმოსავლეთ ევროპა დასახლებული უნდა ყოფილიყო გერმანელი გლეხებით და ჯარისკაცებით, ე. წ. “შეიარაღებული გლეხებით”. ნაცისტური ელიტის განზრახვით, აღმოსავლეთ ევროპის ხალხები, მათი სამოქალაქო ელიტის განადგურების შემდეგ, უნდა დარჩენილიყვნენ “გაუნათლებლები, მორჩილნი და გამრჯე” და ემუშავათ გერმანიისთვის.

1933 წლამდე ეს იდეები სერიოზულად არავის მიუღია, თუმცა ჰიტლერის პოლიტიკა სხვა არაფერი იყო, თუ არა ამ გეგმის ეტაპობრივი განხორციელება. 1936 წლის აგვისტოში მიღებული “ოთხწლიანი გეგმა” ითვალისწინებდა გერმანიის არმიის და ეკონომიკის საბრძოლო ვითარებისთვის მომზადებას ორი განსხვავებული ვარიანტისთვის: 1) 1941-1942 წ.წ. – გერმანიისთვის პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით არახელსაყრელი ვარიანტი; 2) 1944-1945 წ.წ. – შედარებით ხელსაყრელი ვარიანტი.

1937 წლის 5 ნოემბერს ჰიტლერმა თავისი გეგმები დაწვრილებით და დაზუსტებით წარუდგინა ვერმახტის გენერალიტეტს “(იხ. “ჰოსბახის პროტოკოლი”).

მეორე მსოფლიო ომი ევროპაში გერმანიამ დაიწყო 1939 წლის 1-ელ სექტემბერს, 4 საათსა და 45 წუთზე ვერმახტის პოლონეთზე თავდასხმით. თავდასხმის გამართლების მიზნით გერმანულმა მხარემ მოაწყო რამდენიმე ინციდენტი. ყველაზე ცნობილი მათ შორის იყო პოლონურ სამხედრო ფორმებში გამოწყობილი “სს”-ის წევრების თავდასხმა 31 აგვისტოს რადიოსადგურ გლაივიცზე, რომლის დროსაც მათ პოლონურ ენაზე ეთერში გადასცეს პოლონეთის მიერ გერმანიისადმი ომის გამოცხადების ცნობა.

ომის პირველი გასროლა მოახდინა გერმანულმა სასწავლო გემმა “შლეზვიგ-ჰოლშტაინმა”.

1941 წლის 22 ივნისის დილას კი ვერმახტის 149 დივიზიამ (მათ შორის ყველა გერმანული სატანკო სა მოტორიზებული ძალები) გადალახა სსრკ-ის საზღვრები. 2 დივიზია შეტევას აწარმოებდა ფინეთიდან, 8 სტაციონირებული იყო ნორვეგიაში, 1 – დანიაში, 38 დივიზია დასავლეთ ფრონტზე მოქმედებდა, 2 იბრძოდა ჩრდილოეთ აფრიკაში და 7 – ბალკანეთზე. მიხედავად ოპერატიული ინფორმაციისა, წითელი არმიის საშუალო და დაბალი რანგის სარდლობა გერმანელთა თავდასხმას მოუმზადებელი შეხვდა. უამრავი საბჭოთა მებრძოლი სსრკ-ის საზღვრის გასწვრივ რაიმე სერიოზული წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დანებდა მარშით მიმავალ ვერმახტის ჯარებს. ამის ერთადერთი ახსნა “პრევენციული დარტყმის თეზით” თუ შეიძლება, რომელიც უკანასკნელ პერიოდში ისტორიკოსთა გარკვეული წრის მიერ გაზიარებული იქნა და რომელიც ჯერ კიდევ მესამე რაიხის იდეოლოგების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა. ამ ინფორმაციის მიხედვით, საბჭოთა კავშირი თვითონ ემზადებოდა გერმანიაზე თავდასახმელად. ის ფაქტი, მართლა აპირებდა თუ არა სსრკ გერმანიაზე თავდასხმას და მართლა მზად იყო თუ არა წითელი არმია ასეთი ომისთვის, არ ამსუბუქებს ნაცისტური გერმანიის დანაშაულს ამ თავდასხმაში. სსრკ-ის წინააღმდეგ დაწყებული დაპყრობითი და გამანადგურებელი ხასიათის ომი იყო ჯერ კიდევ წლების წინ ჰიტლერის მიერ ფორმულირებული “აღმოსავლეთში საარსებო სფეროს” მოპოვების გეგმის დამასრულებელი ეტაპი.

მეორე მსოფლიო ომმა უდიდესი გავლენა იქონია კაცობრიობის ბედზე. გერმანია, იტალია და იაპონია გამოეთიშნენ მსოფლიოს, როგორც ძლიერი სახელმწიფოები. ევროპაში გადამწყვეტი როლი აშშ-ს და მსოფლიოში ახლად გაბატონებულ სსრკ-ს ჰქონდათ მას შემდეგ, რაც 1940 გერმანიამ საფრანგეთი დაიპყრო, ხოლო დიდი ბრიტანეთი უძლური იყო, დაემარცხებინა გერმანია. ომში მონაწილეობდა 72 სახელმწიფო (დედამიწის მოსახლეობის 80%). ბრძოლები მიმდინარეობდა 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე. შეიარაღებულ ძალებში მობილიზებულ იქნა 110 მლნ. კაცი. დაიღუპა 62 მლნ. კაცი (სსრკ – 27 მლნ., გერმანია – 5,25 მლნ., პოლონეთი – 4,5-6 მლნ., იუგოსლავია – 1,7 მლნ., იაპონია- 1,8 მლნ., აშშ – 318.000, დიდი ბრიტანეთი – 386.000, საფრანგეთი – 810.000, იტალია – 330.000, რუმინეთი – 378.000, უნგრეთი – 420 000, ფინეთი – 84 000), სამხედრო ხარჯები და ზარალი 4 ტრილიონ დოლარს შეადგენდა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1 000 ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ.

მოსკოვი და ვაშინგტონი ევროპაში რუსული გაზის მიწოდების განახლების საკითხს განიხილავენ

მოსკოვი და ვაშინგტონი ევროპაში რუსული გაზის მიწოდების განახლების საკითხს განიხილავენ.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რვა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ორმხრივი მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებული წყაროები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის გაზის ბაზარზე მოსკოვის განახლებულმა როლმა შესაძლოა, ხელი შეუწყოს რუსეთის პრეზიდენტთან სამშვიდობო შეთანხმების დადებას. მედიასაშუალების ორი წყაროს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს და საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელს, კირილ დმიტრიევს გაზის საკითხზე საუბრები ჰქონდათ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში.

როგორც „როიტერი“ წერს, უიტკოფის პრესსპიკერმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა, ხოლო რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი, რომელსაც დმიტრიევი ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ ამჟამად მსგავსი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

აპრილში ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, გაყიდოს გაზი და იცის, რომ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას კვლავ სურს მისი შეძენა.

ამასთან, ამერიკელების ჩართულობასთან დაკავშირებით ხუთმა წყარომ „როიტერს“ განუცხადა, რომ განიხილებოდა ამერიკული ინვესტორების მიერ რუსეთისა და გერმანიის დამაკავშირებელი მილსადენის, „ჩრდილოეთ ნაკადის“, უკრაინაზე გამავალი გაზსადენის ან თავად „გაზპრომის“ წილების შეძენა. ასევე განიხილებოდა ამერიკული კომპანიების მიერ „გაზპრომისგან“ გაზის შეძენისა და ევროპისთვის მიწოდების იდეა.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან, ევროპამ მნიშვნელოვნად შეამცირა რუსული გაზის იმპორტი, რის შედეგადაც რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ გასულ წელს შვიდი მილიარდი დოლარის ოდენობის დანაკარგი ნახა, თუმცა ზოგიერთი ქვეყანა კვლავ ყიდულობს რუსულ გაზს, მათ შორის უნგრეთი და სლოვაკეთი. მათ რუსული ბუნებრივი აირი გაზსადენ „თურქული ნაკადით“ მიეწოდებათ. ასევე რამდენიმე ევროპული ქვეყანა გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში ყიდულობს გათხევადებულ აირს რუსული კომპანია „ნოვატეკისგან“. ამასთან, ინდუსტრიის მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, რუსულ გაზს შესაძლოა, სხვა ქვეყნებიც დაუბრუნდნენ.

„როიტერის“ წყაროები აღნიშნავენ, რომ გაზის მიწოდების განახლებაში ვაშინგტონის მონაწილეობამ  მოსკოვს შესაძლოა, ევროპის ქვეყნების უმეტესობაში პოლიტიკური წინააღმდეგობის დაძლევაში დაეხმაროს. ამასთან, როგორც „როიტერი“ წერს, ეს სარგებლის მომტანი იქნება ვაშინგტონისთვისაც, რადგან ამით შესაძლოა, აშშ-მა მოიპოვოს კონტროლი ევროპაში რუსული გაზის იმპორტზე.

2022 წლიდან ევროპამ გაზის ალტერნატიულ მიმწოდებლებს მიმართა, კერძოდ, გაიზარდა გათხევადებული აირის იმპორტი აშშ-დან.

მგონია, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გავიდა პენსიაზე და, უბრალოდ, ერთობა როგორც შეუძლია -იაგო ხვიჩია

ჩვენ ახლა არ ვართ იმ მდგომარეობაში, სახალხო დღესასწაულებს ვაწყობდეთ, ბევრად უფრო რთულ და გამოწვევებით სავსე პერიოდში ვართ. ნაკლები ადამიანი მეგულება, ვისაც ზოგადად ეზეიმება. სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას რაც შეეხება, ეს კიდევ ერთხელ ემსახურება ოპოზიციისა და მათი ამომრჩევლის გატროლვას, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს აქამდეც ბევრი ინიციატივები ჰქონდა, მაგრამ არცერთი არ დამთავრებულა წარმატებით იმ ხალხისთვის, ვისაც ხელისუფლების ცვლილება უნდა.

„მგონია, რომ ქალბატონი სალომე გავიდა პენსიაზე და, უბრალოდ, ერთობა, როგორც შეუძლია. ამას დავარქმევდი მის ამ ინიციატივას. ჩვენი მოქმედი მდგომარეობა, რაც ახლა გვაქვს, არავის მხრიდან არ იმსახურებს ჩაბარებას. ჩვენმა ჯარისკაცებმა არც მოქმედ და არც ყოფილ პრეზიდენტს არაფერი არ უნდა ჩააბარონ, არცერთს არ დაუმსახურებია თავისი შინაარსით, რომ ჯარი დგებოდეს და პატაკს იბარებდეს მთავარსარდალი, რომელსაც არაფრის უფლება არ გააჩნია ჯართან მიმართებით. არც მოქმედი პრეზიდენტია ასეთი, რომელსაც რამე უფლება აქვს, ის ფორმალურადაა მთავარსარდალი. ქალბატონი სალომეს მიერ რამის ჩაბარება ხომ საერთოდ ირონიული შეიძლება იყოს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ესტონეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება იქ ავტომატურად მოქმედებს -ირაკლი ქადაგიშვილი

ევროკავშირმა დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დაახლოებით, სამიოდე თვის წინ მიიღო. ესტონეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და იქ ეს გადაწყვეტილება ავტომატურად მოქმედებდა. ამის ახლიდან მიღება საჭირო აღარ იყო, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ესტონეთის მიერ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების ფაქტზე საუბრისას.

მისივე თქმით, აღნიშნულით საქმე გვაქვს პროპაგანდისტულ ნაბიჯებთან.

„მათ მიზანი თვითმმართველობის არჩევნების წინ სიტუაციის ესკალაციაა, რომ ვითარება ორი მიმართულებით წავიდეს – არჩევნები არ შედგეს და ამით თქვან, რომ დემოკრატიის უკუსვლაა ან არჩევნებზე ზეგავლენა მოახდინონ.

ევროკავშირმა დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დაახლოებით, სამიოდე თვის წინ მიიღო. ესტონეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და იქ ეს გადაწყვეტილება ავტომატურად მოქმედებდა. ამის ახლიდან მიღება საჭირო არ იყო, მაგრამ იმიტომ, რომ რაღაც თემა მუდმივად ჰქონდეთ საქართველოს წინააღმდეგ ცეცხლზე შემომდგარი, საქართველო რომ მუდმივად ცეცხლზე ჰყავდეთ შემოდგმული, ასეთ განცხადებებს აკეთებენ.

ალბათ, ახლა ლიეტუვა გააკეთებს ან რომელიმე ბალტიისპირული ქვეყანა და ასე შემდეგ. ასე, რომ საზოგადოებასაც და ხელისუფლებასაც უკვე ამის მიმართ ერთგვარი იმუნიტეტი აქვს გამომუშავებული. სამწუხაროა, თუმცა ასეა. მოვლენები შეიცვლება ძალიან სწრაფად, როდესაც ამის გეოპოლიტიკური საჭიროება აღარ იქნება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, არავინ დაგიდევთ, საქართველოში რეალურად როგორი დემოკრატიაა, ან როგორი რეფორმები ხორციელდება, როგორი მაჩვენებლებია.

„რა უნდათ – ეს არის მათთვის მთავარი. დღეს უნდათ შენგან მსხვერპლი, მოგიწოდებენ აქეთკენ; ენდომებათ თანამშრომლობა – უცებ აღმოჩნდება, რომ თურმე, საქართველოს ყველა მონაცემი რა კარგი აქვს და თანამშრომლობის გაგრძელება შეიძლება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.