Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

ჰოლანდიის ელჩის შეხვედრა ხოშტარიასთან სხვა არაფერია, თუ არა რადიკალიზმის მორიგი წახალისება – ასეთი საქციელი არ ეკადრება არცერთ ელჩს – პრემიერი

ჰოლანდიის ელჩის შეხვედრა ხოშტარიასთან არის სხვა არაფერი თუ არა რადიკალიზმის მორიგი წახალისება, ვენის კონვენციის უხეში დარღვევა და პირდაპირი ჩარევა დემოკრატიულ არჩევნებში , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ელჩებს არ ეკადრებათ მსგავსი საქციელი.

„რაც შეეხება ჰოლანდიის ელჩის შეხვედრას ხოშტარიასთან, ეს არის სხვა არაფერი თუ არა რადიკალიზმის მორიგი წახალისება, ეს არის, რა თქმა უნდა, ვენის კონვენციის უხეში დარღვევა, ეს არის პირდაპირი ჩარევა დემოკრატიულ არჩევნებში. რა თქმა უნდა, ელჩები ასე არ უნდა იქცეოდნენ, არ ეკადრება არც ერთ ელჩს ასეთი საქციელი“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, როგორ შეაფასებს პრემიერი „ელენე ხოშტარიას დაკავების შემდეგ მისი ოჯახისთვის რუსეთიდან თანხის ჩარიცხვას’, კობახიძემ აღნიშნა, რომ კარგი იქნება მსგავსი ფაქტი ნიდერლანდების ელჩმა შეაფასოს.

„ალბათ, კარგი იქნება, ნიდერლანდების ელჩმა შეაფასოს ასეთი ფაქტები. თქვენ ხედავთ რამდენად უხეშად მუშაობს ორმაგი სტანდარტები ჩვენს ქვეყანაში. არიან ადამიანები, რომლებსაც თავი მოაქვთ მთავარ ანტირუსებად ჩვენს ქვეყანაში და ამ დროს რუსეთის ბიუჯეტიდან, ხაზინიდან, ერიცხებათ თანხები. ხოშტარია იყო ყველაზე რადიკალური რიტორიკისა და ნაბიჯების მომხრე რუსეთის წინააღმდეგ, ამ დროს თვითონ რუსეთის ბიუჯეტიდან იღებს თანხებს. ყველაზე საინტერესო დეტალი ის არის, რომ ამ ე.წ. ანტირუს ლიბერალებს, რომლებიც გამოდიან და ხან შტაბთან აწყობენ აქციებს, 30 კაცი, და ხან მიდიან რუსთაველის გამზირს კეტავენ და ა.შ. ნული რეაქცია აქვთ ამასთან დაკავშირებით. ყველა არის ყალბი, ყველა ეს ადამიანი არის ყალბი და ერთადერთი მათ რაც ამოძრავებთ, არის დაკვეთა, რომელსაც იღებენ ქვეყნის გარედან, ეს არის ფული, რომელსაც იღებენ ქვეყნის გარედან. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ მივცემთ ვერც ერთი ქვეყნის სპეცსამსახურს ამ ქვეყანაში არეულობის შემოტანის საშუალებას, მნიშვნელობა არ აქვს ეს სპეცსამსახურები მოქმედებენ ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან თუ დასავლეთიდან“, – განაცხადა კობახიძემ.

რა ეღირება დოლარი და ევრო 17 სექტემბერს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7080 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7080 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7051 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0029 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1999 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1798 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0181 ლარი შეადგინა

შეძლებს თუ არა ტრამპი ნატოს წევრებს ანტირუსული სანქციების გამკაცრება აიძულოს? – The Spectator

„დონალდ ტრამპი სწორად მოიქცა, როცა განაცხადა – რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს თეთრი სახლი მხოლოდ მაშინ შემოიღებს, როცა ნატოს ევროპელი წევრები რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს აკრძალავენ“, – ნათქვამია ბრიტანული ყოველკვირეული ჟურნალის „სფექთეითორის“ (The Spectator) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „შეძლებს თუ არა ტრამპი ნატოს წევრებს ანტირუსული სანქციების გამკაცრება აიძულოს?“ (ავტორი – მეთიუ ლინი). „თეთრ სახლს არ სურს რუსეთის წინააღმდეგ მიმართული შეზღუდვების მთელი სიმძიმე თვითონ იტვირთოს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ უკვე შემოღებული ზომები ნაკლებეფექტური აღმოჩნდა“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვარიანტს:

მილსადენებს გადაკეტავენ. სუპერტანკერები ნავსადგურებში დარჩებიან. ჭაბურღილებს დახურავენ… როცა სამი წლის წინათ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მიმართული სამხედრო აგრესია დაიწყო, ყველა დარწმუნებული იყო, რომ მკაცრ ანტირუსულ სანქციებს თავისი დამანგრეველი შედეგი მოჰყვებოდა, ანუ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა პარალიზებული იქნებოდა, რუსეთში ეკონომიკური კრიზისი დაიწყებოდა და ვლადიმერ პუტინი იძულებული გახდებოდა სამშვიდობო ხელშეკრულების დადება ეთხოვა.

მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. ანტირუსული სანქციები ხშირად ირღვევა და მათი რეალიზება არ ხდება. კრიზისისა და ნგრევის ნაცვლად, რუსეთის ეკონომიკა ვითარდება. დონალდ ტრამპმა მოითხოვა, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა სანქციების თაობაზე აღებული ვალდებულებები უნდა შეასრულონ. მაგრამ იბადება კითხვა: მართლაც შეიძლება თუ არა სინამდვილეში სანქციები ეფექტურნი იყონ და მართლაც შეუძლიათ თუ არა მათ რუსეთის ეკონომიკის პარალიზება, ანუ, შესაბამისად, უკრაინის წინააღმდეგ ომის შეჩერება?

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი ტიპიური გაბედული მოქმედება გამოავლინა. გასულ კვირაში მან, ევროპელი მოკავშირეების თხოვნის პასუხად, განაცხადა, რომ  აშშ მხოლოდ მაშინ მიიღებს ანტირუსულ ახალ სანქციებს, თუ ალიანსის სხვა წევრები უკვე შემოღებული სანქციების პირობებს მკაცრად დაიცავენ. მისი თქმით, ჯერ ევროპელებმა უნდა შეწყვიტონ რუსული ნავფთობისა და გაზის იმპორტი და როცა აშშ ამას დაინახავს, ისიც მიიღებს ახალ ზომებსო.

ვერაფერს იტყვი – დონალდ ტრამპი სწორს ამბობს. თუ ალიანსის ყველა წევრი ერთობლივად გამოვა რუსეთის წინააღმდეგ, მათ ამერიკაც შეუერთდება და მოსკოვს და კიევს ომის შეწყვეტას აიძულებს. მიუხედავად ასეთი დემონური რიტორიკისა, აშშ-ის პრეზიდენტი მართალია. ყველამ კარგად იცის, რომ უკვე მიღებული ანტირუსული სანქციები საკმაოდ ხშირად პრაქტიკაში არ რეალიზდება და მხოლოდ ქაღალდზე რჩება. ზოგიერთი დამაჯერებელი გამოკვლევის თანახმად, რიგი ნატოელი ქვეყნები ხელს უწყობენ რუსეთის ბიუჯეტის შევსებას მილიარდობით დოლარით და ევროთი. მაგალითად, თურქეთი, რომელიც რუსული ენერგომატარებლების შესყიდვის მოცულობით მესამე ქვეყანას წარმოადგენს, ჩინეთისა და ინდოეტის შემდეგ. მას მოჰყვებიან ევროკავშირის წევრები უნგრეთი და სლოვაკეთი. მთლიანობაში ევროკავშირი რუსეთთან დადებულ კონტრაქტებს 2028 წლისათვის შეწყვეტს. ეს ოფიციალურად, მაგრამ რეალურად სულ სხვა ციფრებთან გვაქვს საქმე.

შავ ბაზარზე ნავთობით ვაჭრობა ყვავის. ტანკერები მესამე ქვეყნების დროშით და სახელით დაცურავენ, რომ მათი კუთვნილება არ გამჟღავნდეს. სანქციების სტრატეგია არ მუშაობს. ემბარგოს მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკა იზრდება, შარშან 4%-იანი ზრდა დაფიქსირდა. შესაძლოა 4% გადაჭარბებულია, ციფრი გაყალბებულია, მაგრამ კრემლი მუხლებზე დაცემული ნამდვილად არ არის და მოწყალება-შებრალებას ნამდვილად არ ითხოვს.

რა თქმა უნდა, ამერიკისათვის იოლია ევროპელებს ადრე მიღებული სანქციების შესრულება მოსთხოვოს – ნავთობი და გაზი აღარ იყიდოთ რუსეთისგანო. ამერიკას საკუთარი ენერგორესურსები საკმაოდ აქვს. თავის მხრივ, ევროპელებსაც შეუძლიათ თავიანთი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება გაზზე, მაგრამ ისინი უარს ამბობენ ფრეკინგის (ქანების ჰიდრავლიკური გარღვევის) გამოყენებაზე, ეკოლოგიური მოსაზრებით. ასე რომ, წრე სეკრულია.

მოკლედ, ისევ და ისევ დონალდ ტრამპი სწორად მოქმედებს. უსამართლობა იქნებოდა, რომ სანქციების მთელ სიმძიმე ტვირთად ამერიკას დააწვეს. და რა აზრი აქვს სანქციების გამკაცრებას და დამატებით ახალის მიღებას, როცა ადრინდელი მიღებული არ რეალიზდება? ევროპელები, როგორც ჩანს, შეცდომას უშვებენ, როცა იმედოვნებენ, რომ ვლადიმერ პუტინს კაპიტულაციაზე აიძულებენ… ამგვარი იმედები, უბრალოდ, სასაცილოდ გამოიყურება.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გუშინ თბილისში ჩატარებული ორი საპოლიციო ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს – ვაჟა სირაძე

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გუშინ თბილისში ჩატარებული ორი საპოლიციო ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის 12 000 – მდე აბი „ექსტაზი“ და 520 აბი „სუბოტექსი“ ამოიღეს, – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროში თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

„ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა ადგილზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი – 1959 წელს დაბადებული ჯ.გ. და 1979 წელს დაბადებული, ლატვიის რესპუბლიკის მოქალაქე ე.კ. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილის და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს – მათ შორის, 12 000-მდე აბი „ექსტაზი“, 520 აბი „სუბოტექსი“, „კოკაინი“, “მდმა” და „მარიხუანა“. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრო სასწორი, წებოვანი ლენტები და სავარაუდოდ, ნარკოტიკის უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული დიდი რაოდენობით თანხა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ. აღნიშნული მიმართულებით, სამართალდამცველები მთელი ქვეყნის მასშტაბით, მუდმივ რეჟიმში ატარებენ შესაბამის კომპლექსურ ღონისძიებებს“, – აღნიშნა ვაჟა სირაძემ.

პარლამენტმა მოამზადა ინიციატივა, რომლითაც ქონებრივი დეკლარაციის 30 წლის განმავლობაში წარდგენის ვალდებულება ექნებათ იმ ყოფილ მოხელეებს, რომელთა მიმართ სამოხელეო დანაშაულისთვის გამამტყუნებელი განაჩენი დადგა

კორუფიასთან ბრძოლის ფარგლებში საქართველოს პარლამენტმა საკანონმდელო ინიციატივა მოამზადა. ცვლილებების თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროსთვის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ყოველწლიურად, 30 წლის განმავლობაში წარდგენის ვალდებულება ექნებათ ყოფილ საჯარო მოხელეებს, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ა(ა)იპ-ებში, სსიპ-ებში და სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულ პირებს, იმ შემთხვევაში, თუ მათ მიმართ კანონიერ ძალაში შევა გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამოხელეო, ან ფინანსური დანაშაულების ჩადენისათვის.

აღნიშნულის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ ისაუბრა.

მისი თქმით, იმისათვის, რომ სამომავლოდ საკანონმდებლო დონეზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ უფრო ეფექტიანი მექანიზმები გაჩნდეს, საქართველოს პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ინიციატივა მომზადდა. კირცხალიას თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.

„ამ მიმართულებით, განვლილი 13 წლის განმავლობაში მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ, რასაც მთელი ამ დროის განმავლობაში, განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში ჩატარებული საერთაშორისო კვლევები და გამოქვეყნებული რეიტინგებიც ადასტურებს. – საქართველო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ანტიკორუფციული რეფორმების მიმართულებით მოწინავეა რეგიონში და უსწრებს არაერთ ევროპულ სახელმწიფოს. ამ ხელშესახები შედეგების მიუხედავად, ჩვენ არ ვაპირებთ მიღწეულით დაკმაყოფილებას და იმ ამბიციური, გაცხადებული მიზნის ერთგული ვრჩებით, რომლის თანახმადაც, საქართველო კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით მსოფლიო ქვეყნების საუკეთესო სამეულში უნდა შევიდეს!

სწორედ ამიტომ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გაცხადებულ კურსს, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას უკავშირდება, საქართველოს პარლამენტიც სრულად იზიარებს და მხარს უჭერს. ბუნებრივია, ამ პროცესში განსაკუთრებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლი, რომლის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს სწორედ სამოხელეო დანაშაულის, საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის ფაქტების, მათ შორის, „ელიტური კორუფციის“ პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა წარმოადგენს. უკანასკნელ პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული ეფექტიანი ღონისძიებები და გამოვლენილი დანაშაულები კიდევ ერთი დასტურია, რომ სახელმწიფო, მსგავსი ტიპის დანაშაულის მიმართ უკომპრომისო და შეურიგებელია“, – აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა.

მისი თქმით, ცვლილებები შევა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში.

„საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროსთვის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ყოველწლიურად 30 წლის განმავლობაში წარდგენის ვალდებულება ექნებათ საჯარო მოხელეებს, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ა(ა)იპ-ებში, სსიპ-ებში და სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულ პირებს, იმ შემთხვევაში, თუ მათ მიმართ კანონიერ ძალაში შევა გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამოხელეო ან ფინანსური დანაშაულების ჩადენისათვის. ეს ინფორმაცია მუხლობრივად მითითებულია პრეს-რელიზში, რომელიც პრეს-სამსახურის მიერ გადმოგეცემათ.

ეს ცვლილებები პირდაპირი სიგნალია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კორუფციულ გარიგებებში ჩართულობით, სავარაუდო სარგებლის მიღებაზე, შემდეგ შემოსავლის ლეგალიზებაზე და გრძელვადიან პერიოდში პირადი ინტერესების დაკმაყოფილებაზე არიან ორიენტირებულნი. მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, კონკრეტულ სამოხელეო დანაშაულში მხილებული ადამიანების ქონებრივი მდგომარეობის აქტიური დაკვირვება და მონიტორინგი 30 წლის განმავლობაში გახდება შესაძლებელი, რაც ფაქტობრივად, მათი მხრიდან მითვისებული ქონების ლეგალიზებასა და პირადი ინტერესებით გამოყენებას, სასჯელის მოხდის შემდეგაც გამორიცხავს!

ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ უკომპრომისო ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ. მჯერა რომ საზოგადოების გვერდში დგომით იმ ამბიციურ მიზანს, რომლის თანახმადაც კორუფციის სიმცირის მაჩვენებლით მსოფლიო ქვეყნების სამეულში უნდა შევიდეთ, აუცილებლად მივაღწევთ“, – აღნიშნა კირცხალიამ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ცვლილებები შევა შემდეგ მუხლებში:

სისხლის სამართლის კოდექსის:

• 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები (თაღლითობა ჩადენილი: სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ან დიდი ოდენობით);

• 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (გამოძალვა დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით);

• 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტები (მითვისება ან გაფლანგვა ჩადენილი: სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ან დიდი ოდენობით);

• 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტები (წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება ჩადენილი: დიდი ოდენობით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით);

• 194-ე მუხლი (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება));

• 1941 მუხლი (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გზით მოპოვებული ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა ან გასაღება);

• 1951 მუხლი (სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევა);

• 2051 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით ჩადენილი: სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით);

• 214-ე მუხლის მე-2 ნაწილი და მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა ჩადენილი: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ან მოხელის/მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

• 218-ე მუხლი (გადასახადისათვის თავის არიდება);

• 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (თუ ეს დაკავშირებულია ამ მუხლით გათვალისწინებული საგნის მითვისებასთან, გაფლანგვასთან ან თაღლითობით დაუფლებასთან) (იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით ან გამოძალვა ჩადენილი: სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით);

• 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (თუ ეს დაკავშირებულია ამ მუხლით გათვალისწინებული საგნის მითვისებასთან, გაფლანგვასთან ან თაღლითობით დაუფლებასთან) (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ან გამოძალვა ჩადენილი: სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით);

• 2861 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები (კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით ჩადენილი: ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ან რამაც დიდი ოდენობის ფინანსური ზიანი გამოიწვია);

თავი XXXIX
სამოხელეო დანაშაული

• 332-ე მუხლი (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება);
• 333-ე მუხლი (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება);
• 334-ე მუხლი (ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან უკანონო გათავისუფლება);
• 335-ე მუხლი (განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულება);
• 337-ე მუხლი (სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა);
• 338-ე მუხლი (ქრთამის აღება);
• 339-ე მუხლი (ქრთამის მიცემა);
• 3391 მუხლი (ზეგავლენით ვაჭრობა);
• 340-ე მუხლი (კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება);
• 341-ე მუხლი (სამსახურებრივი სიყალბე);
• 342-ე მუხლი (სამსახურებრივი გულგრილობა);
• 3421 მუხლი (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის დარღვევა).

საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ დაიწყო

საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისა და საარჩევნო საკითხებზე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ახალი საგანმანათლებლო პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ საპილოტე რეჟიმში დაიწყო.

„საარჩევნო მედია სკოლა“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და აღნიშნა, რომ ახალი პროექტი მომავალ ჟურნალისტებს საშუალებას აძლევს მიიღონ დეტალური ინფორმაცია როგორც უშუალოდ არჩევნების, ისე საარჩევნო პროცესების გაშუქების თანამედროვე სტანდარტებისა და საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ. მისი თქმით ,პროექტი

კიდევ ერთხელ ადასტურებს ინსტიტუციის თანამიმდევრულობასა და საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიულ ხედვას ახალგაზრდების ჩართულობის და მათი ინფორმირებულობის მიმართულებით.

„საარჩევნო ადმინისტრაციამ მორიგი ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო. ეს არის უნიკალური პლატფორმა და მომავალ ჟურნალისტებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ საბაზისო ცოდნა არჩევნებთან და არჩევნების გაშუქებასთან. იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ შესაბამისი ცოდნა და კვალიფიკაცია ობიექტურად გააშუქონ სხვადასხვა საარჩევნო საკითხი და ამომრჩეველს მიაწოდონ გადამოწმებული ინფორმაცია. „საარჩევნო მედია სკოლა“ საპილოტე რეჟიმში ხორციელდება, რაც მოგვცემს საშუალებას, კიდევ უფრო მეტად დავხვეწოთ  შინაარსობრივი საკითხები, ლოგისტიკა და მომავალში გავაფართოოთ პროექტის განხორციელების მასშტაბი“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

პროექტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა სასწავლო კურსის მნიშვნელობას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით.  შეხვედრას მოდერაციას ცესკოს პრეს-სპიკერი უწევდა, ნათია იოსელიანმა მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა პროექტის შესახებ.

საარჩევნო მედია სკოლის მონაწილეებისთვის პირველი ლექცია ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ ჩაატარა და ქართული არჩევნების ისტორიისა და დემოკრატიული საარჩევნო პროცესის სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ ისაუბრა.

პროექტის მონაწილეებს ინფორმაციას და საკუთარ გამოცდილებას შეხვედრებისა და დისკუსიის ფორმატში ცესკოს ხელმძღვანელ პირებთან და წარმომადგენლებთან ერთად მოწვეული ექსპერტები გაუზიარებენ. სტუდენტები ორი კვირის განმავლობაში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს გაეცნობიან, როგორიცაა: საარჩევნო სისტემები და საარჩევნო ადმინისტრაციის მოდელები; ელექტრონული არჩევნები; ხმის მიცემის პროცედურები; ინკლუზიური საარჩევნო გარემო; მედიის როლი საარჩევნო პროცესში, საერთაშორისო პრაქტიკა, მედიის უფლებები და მოვალეობები საარჩევნო პროცესის გაშუქებისას, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა; დეზინფორმაცია როგორც მსოფლიოს გამოწვევა და მასთან გამკლავების გზები; არასწორი აღქმები და აზრის ფორმირება და ა.შ.

სასწავლო კურსი ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. პროექტი ცესკოსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის არსებული მემორანდუმის და ასევე ცესკოს სწავლების ცენტრსა და  უმაღლეს სასწავლებლებს შორის გაფორმებული მემორანდუმების ფარგლებში ხორციელდება.

ურსულამ ამჯერად საქართველოს წინააღმდეგ ხალხის დასაშინებლად ერთგული თანამოაზრე, ქართველთმოძულე, ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგორევა აალაპარაკა – „მემარცხენე ალიანსი“

„მემარცხენე ალიანსი“ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას ეხმაურება, რომელიც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით კიდევ ერთხელ დაემუქრა და აღნიშნა, რომ საქართველოს კანონები ევროკავშირის იდეოლოგიასთან წინააღმდეგობაშია.

„ურსულამ ამჯერად საქართველოს წინააღმდეგ ხალხის დასაშინებლად ერთგული თანამოაზრე, ქართველთმოძულე, ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგორევა აალაპარაკა და ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით კიდევ ერთხელ დაგვემუქრა. ევროპარლამენტარი მარკეტა სხვა ბევრ სიცრუესა და სისულელესთან ერთად ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტის მიმღები კანონები წინააღმდეგობაშია ევროკავშირის იდეოლოგიასთანო. თან ამბობს, რომ საქართველოს არაფერს ვავალდებულებთო. ასეთი არაევროპული დამოკიდებულების შემდეგ უკვირთ რატომ ითხოვენ ევროპარლამენტარები ურსულას იმპიჩმენტს და ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების მოსახლეობა კავშირიდან გამოსვლას“, – აღნიშნა კახა ძაგანიამ.

ჩვენი მთავარი მიზანია აფხაზეთში დაბრუნება და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება – პრემიერი

რიცხვები, თავისთავად, ყველაფერზე მეტყველებს: 2012 წლის შემდეგ, ახალი საცხოვრებელი, დაახლოებით, 39 000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში, დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურის თქმით, დევნილი ოჯახების მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი 25 მილიონიდან 240 მილიონ ლარამდეა გაზრდილი.

„10-ჯერ არის გაზრდილი წლიური ინვესტიციების მოცულობა. თავის დროზე, 25 მლნ იყო წლიური ბიუჯეტი რაც ამ მიმართულებით იხარჯებოდა და ეს 25 მლნ არის 240 მლნ ლარამდე გაზრდილი. ესეც, თავისთავად, მეტყველებს დამოკიდებულების ცვლილებაზე ძველი ხელისუფლების შემდეგ – ახალი ხელისუფლების პირობებში. მინდა, ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, პირველ რიგში დევნილებს მინდა, მოგილოცოთ ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენი და მინდა, გისურვოთ ბედნიერად ცხოვრება ახალ, ღირსეულ საცხოვრებელში. თუმცა ჩვენი მთავარი მიზანი ეს არ არის, ჩვენი მთავარი მიზანია დაბრუნება აფხაზეთში, ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ყველას მინდა, გისურვოთ, საბოლოოდ, აფხაზეთში დაბრუნება და იქ ბედნიერად ცხოვრება თქვენს ოჯახებთან ერთად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება

ყოველდღიური მონაცემები აგვისტოს მეორე ნახევრიდან კვლავ ლარის დეპოზიტების ზრდის აჩქარებაზე მიუთითებს, მას შემდეგ, რაც ივლისში სესხებისა და დეპოზიტების სავალუტო კომპოზიცია გასული თვეების ტენდენციისგან განსხვავებული მიმართულებით შეიცვალა. თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის ცნობილია, რომ, სხვადასხვა ანალიტიკურ შეფასებაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ლარის გამყარების მიმართულებით კონვერტაციები დასრულებული ჯერ კიდევ არ არის. შესაბამისად, გაცვლითი კურსის მხრივ, ეს კვლავ ლარის მნიშვნელოვან მხარდამჭერ ფაქტორად რჩება, თუმცა სენტიმენტების ცვლილება, როგორც ყოველთვის, გამორიცხული არაა.

 ამ კუთხით, აღსანიშნავია, რომ ივლისში შინამეურნეობებისა და იურიდიული პირების მხრიდან უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვა კვლავ გაიზარდა, რაც, შარშანდელი პერიოდის მსგავსად, შესაძლოა, სენტიმენტების ფაქტორის გააქტიურებას უკავშირდებოდეს, თუმცა, როგორც ჩანს, გარკვეულწილად, ერთჯერად ფაქტორებსაც. ამავდროულად, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ივლისში, დეპოზიტების დოლარიზაციის ზრდის მიუხედავად, ლარის დეპოზიტების ნაშთიც გაიზარდა, აგვისტოს მეორე ნახევრიდან კი, როგორც აღინიშნა, კვლავ ლარიზაციის აჩქარების დინამიკა შეინიშნება. გარდა ამისა, მარტიდან აგვისტოს ჩათვლით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ჩვენი შეფასებით, ჯამურად, დაახლოებით, 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეიძინა და, როგორც ჩანს, სავალუტო ინტერვენციებს სექტემბერშიც განაგრძობს, რაც ლარის მხარდამჭერი ძირითადი ფაქტორების მხრივ გარემოს მნიშვნელოვან ცვლილებაზე არ მიუთითებს. უახლესი მონაცემებით, მთლიანმა სავალუტო რეზერვებმა აგვისტოს მდგომარეობით 5.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვესთან შედარებით 184 მილიონი აშშ დოლარით მეტი.

 რაც შეეხება სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, სამომხმარებლო ფასების ინფლაცია ზრდას განაგრძობს და აგვისტოში 4.6%-ს მიაღწია, რაც კვლავ ჩვენს პროგნოზებთან თანხვედრაშია. თიბისი კაპიტალის უცვლელი პროგნოზით, ინფლაცია მომდევნო თვეებში მცირედით კიდევ მოიმატებს და 5%-ს გადააჭარბებს, თუმცა წლის ბოლოსთვის, საბაზო ეფექტის გათვალისწინებით, შემცირდება და, დაახლოებით, 4.5%-ს მიაღწევს.  ამ მხრივ, საყურადღებოა, რომ სეზონურად შესწორებულმა და გაწლიურებულმა თვიურმა ინფლაციამ წლიურთან შედარებით ერთი პროცენტული პუნქტით (პპ) ნაკლები, 3.5% შეადგინა.

 როგორც მოსალოდნელი იყო, აგვისტოში ინტერნეტის გადასახადის შემცირების ერთჯერადი ეფექტი ამოიწურა. უფრო მეტიც, ინტერნეტის გადასახადი ივლისთან შედარებით 4.6%-ით გაიზარდა, რამაც ჯამში მთლიანი ინფლაციის 0.2 პპ-ით და მომსახურების ინფლაციის 1.2 პპ-ით ზრდა გამოიწვია. შედეგად, მომსახურებაზე ფასები წლიურად 4.2%-ით გაიზარდა, ასევე მოლოდინების შესაბამისად. მომსახურების ფასების ზრდის ტემპი აჩქარებულია თვიურ ჭრილშიც, რაც ინფლაციაში კვლავ ადგილობრივი ფაქტორების მზარდ როლზე მიუთითებს.

 ინტერნეტის გადასახადის ეფექტის მილევის შემდგომ, ერთჯერადი ფაქტორები, რომლებიც 2024 წლიდან ინფლაციის შემცირებას განაპირობებდა, უკვე სრულად ამოწურულია. პირიქით, ამჯერად ერთჯერადი ფაქტორები უკვე ინფლაციის ზრდის მიმართულებით მოქმედებს, რაც პურსა და იმპორტულ სიგარეტზე (აქციზის განაკვეთის ზრდის შედეგად) ფასების მატებით არის გამოწვეული. აღნიშნულმა აგვისტოში ინფლაცია, დაახლოებით, 0.8 პროცენტული პუნქტით გაზარდა. სიგარეტის შემთხვევაში, ეს ეფექტი მომდევნო წლის იანვრამდე შენარჩუნდება, ხოლო, პურის შემთხვევაში, აპრილამდე. ამასთან, აგვისტოში საწვავზე ფასების წლიური კლებით გამოწვეული დისინფლაციური ეფექტი მნიშვნელოვნად შესუსტდა, რაც ბოლო ორ თვეში საწვავზე ფასების ზრდით არის განპირობებული.

 პროდუქტების წარმოშობის მხრივ, ადგილობრივად წარმოებულ საქონელსა და მომსახურებაზე ფასები აგვისტოში 6.6%-მდე აჩქარდა, რაც 2023 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, სეზონურად შესწორებულმა გაწლიურებულმა ინფლაციამ კი 7.9% შეადგინა. 4-თვიანი პაუზის შემდეგ კვლავ დადებითი იყო იმპორტული ინფლაცია, რომელმაც აგვისტოში წლიურად 0.8%-ს მიაღწია, ხოლო, რაც უფრო მნიშვნელოვანია, სეზონურად შესწორებულმა და გაწლიურებულმა – 5.2%-ს. იმპორტული ინფლაციის დინამიკა განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან, როგორც ადრეც აღინიშნა, ამ არხიდან ინფლაციური ზეწოლის დამატებით მნიშვნელოვანი გაძლიერების შემთხვევაში, რაც, ვფიქრობთ, რომ სადღეისოდ საბაზო სცენარი არაა, უცხოური ვალუტის არსებული სიჭარბე, სავარაუდოდ, ლარის უფრო მეტ სიმყარეში აისახება.

 აგრეთვე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 12%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ჯამში 764 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 15.5%-იანი კლებაა. ბოლო წლების დინამიკის მსგავსად, ინვესტიციების ძირითადი ნაწილი კვლავ რეინვესტირებულ მოგებაზე მოდიოდა, რომელმაც მეორე კვარტალში ჯამური მაჩვენებლის 80.4% შეადგინა, ხოლო ექვს თვეში – 81.1%. უცხოური ინვესტიციების შემცირება სწორედ რეინვესტიციებისა და სავალო ვალდებულებების კლებას უკავშირდება, ხოლო სააქციო კაპიტალის კომპონენტში გარკვეული ზრდა დაფიქსირდა.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007102-macro-update-georgia

(R)

უკვე საათებსაც ასახელებენ, როდის დაამხობენ “ოცნებას”, პოლიტიკოსის მხრიდან ეს უპასუხისმგებლო და არასერიოზული განცხადებაა, ნეპალთან შედარება საერთოდ წარმოუდგენელია-გიორგი შარაშიძე

ახლა უკვე საათებსაც ასახელებენ, როდის დაამხობენ „ოცნებას“. პოლიტიკოსის მხრიდან ეს უპასუხისმგებლო და არასერიოზული განცხადებაა. ნეპალთან შედარება საერთოდ წარმოუდგენელია, – ამის შესახებ პარტიის „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

შარაშიძეს კითხვა დაუსვეს „რუსთაველის გამზირის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ჭკუა თუ შესწევთ, რამდენიმე ორგანიზატორი უნდა დატოვონ გარეთ, რომ 4 ოქტომბერს აქცია იყოს მართვადი, თორემ ვნახეთ უმართავი ხალხი ნეპალში, რვა საათზე უკვე გადმობარებული უნდა იყოს ხელისუფლება“.

„ჩვენ რომ ამას რეალისტურად და სწორად მივიჩნევდეთ, ჩვენც ავირჩევდით ბოიკოტის ამ გზას. ჩვენთვის მთავარია „ოცნების“ მშვიდობიანი გზებით დამარცხება, დასუსტება და ამას ვაკეთებთ არჩევნების გზით. ვინ რას აპირებს, ამაზე კომენტარის გაკეთება ძალიან რთულია. სულ მცირე, არასერიოზულია კონკრეტული თარიღების დასახელება, ახლა ვხედავთ, რომ უკვე საათებსაც ასახელებენ, რომელ საათზე დაამხობენ „ოცნებას“. ჩემი პატივისცემა ამ ადამიანს, მაგრამ, რბილად რომ ვთქვათ, ეს არის პოლიტიკოსის მხრიდან უპასუხისმგებლო განცხადება. ნეპალთან შედარება ხომ საერთოდ წარმოუდგენელია. დღეს თუ ვინმეს აწყობს ამ ქვეყანაში არეულობა, სამოქალაქო დაპირისპირება, ეს არ არის ჩვენი კეთილის მსურველი, ეს, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის მტერია. ჩვენი ქვეყნის მტერი ვინ არის, მგონი, ამას შეხსენება არ სჭირდება. ვინმეს თუ სჭირდება შეხსენება, შევახსენებ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი რუსეთი. ამიტომ კარგად დავფიქრდეთ, როდესაც რაღაც განცხადებებს ვაკეთებთ. ჩვენ, ყველანი მოწოდებული ვართ, დავამარცხოთ „ოცნება“ და ჩამოვაშოროთ მიტაცებულ ხელისუფლებას. განსხვავება ჩვენსა და იმ პარტიებს შორის, რომლებიც რევოლუციურ სცენარს აანონსებენ, არის ის, რომ ჩვენ მივდივართ არჩევნების გზით, მათ სხვა გზა აირჩიეს. ყველამ ჩვენ-ჩვენი პასუხისმგებლობით ვიმოქმედოთ. მაგალითად, რვა საათზე იქნება თუ 5 ოქტომბერს, მათ მიერ დაანონსებული სცენარი რეალურ შედეგს თუ ვერ გამოიღებს, მაშინ სხვას ნუ გადააბრალებენ იმ რეზულტატის არარსებობას, რასაც წინასწარ აანონსებენ. ნურც ხალხს გადააბრალებენ, ნურც სხვა ოპოზიციურ პარტიებს, არამედ თავად აიღონ პასუხისმგებლობა, რომ ტყუილ მოლოდინს უჩენდნენ საზოგადოებას. მშვიდობიანი პროტესტის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, ჩვენი გუნდიც ამ პროტესტის ნაწილია პირველივე დღიდან, როდესაც ევროპული მომავლის დასაცავად ქართველი ხალხი ქუჩაში გამოვიდა და ითხოვდა ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს, უკანონო პატიმრების გათავისუფლებას, მაგრამ ასეთი ტიპის მოწოდებების ნაწილი ნამდვილად ვერ ვიქნებით, ეს არასერიოზულია და არასწორია, საზოგადოებაში სამოქალაქო დაპირისპირების რისკებს აჩენს. ეს არ არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ბაჩიაშვილი ცდილობდა და ცდილობს, რომ როგორმე წინ აიფაროს პოლიტიკური სარჩული -კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დაკავებული გიორგი ბაჩიაშვილი ცდილობდა და ცდილობს, შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული.

ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, თემო წიქვაძის მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

„ბაჩიაშვილს აქვს ჩადენილი კონკრეტული დანაშაული. ცხადია, ის ცდილობდა და ცდილობს, როგორმე წინ აიფაროს პოლიტიკური სარჩული, ვითომ პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული. რეალურად, ყველამ ვიცით მისი დანაშაული, ეს ყველასთვის ცხადი და  ცნობილია. შესაბამისად, მე არც შეკვეთილი სტატიები მიკვირს ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ამ ადამიანის ირგვლივ მიმდინარე პროცესები და მოვლენები ყველასთვის ცხადი და ნათელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ივანიშვილის დასანქცირების შესახებ, კალაძე ამბობს, რომ აშშ-ის წინა პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცილისწამებით იყო დაკავებული.

„ეს ყველაფერი არის სიცრუე, ცილისწამება. წინა ადმინისტრაცია დაკავებული იყო მხოლოდ მუქარებით, ცილისწამებით. მათ მიერ გაკეთებული ყველა განცხადება დაფუძნებული იყო ცილისწამებაზე, ტყუილზე. გადაწყვეტილება, რომელიც მათ მიიღეს ბატონ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, არის აბსურდული, სიცრუე, სისულელე. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში შეიცვლება დამოკიდებულება და ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო

ახალ სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად სწავლა განახლდა თიბისი ტექსკოლის ონლაინ კურსებზეც. ხუთი წარმატებული სემესტრის შემდეგ, რომელსაც ჯამში 3000-ზე მეტი მონაწილე ჰყავს, ახლა უკვე შემოდგომის სემესტრზე დაიწყო უფროსკლასელების რეგისტრაცია.

თიბისი ტექსკოლა ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას 9-12 კლასის მოსწავლეებისთვის, დაეუფლონ ტექნოლოგიებს და ამ დარგში არსებული მრავალფეროვანი ინოვაციები, საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, სრულიად უფასოდ შეისწავლონ.

რეგისტრაცია 16 სექტემბერს დაიწყო და 28 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ორ ეტაპიანი კონკურსის  შემდეგ, შერჩეული მონაწილეები, 3 თვის განმავლობაში სრულიად უფასოდ შეისწავლიან:

წელს ტექსკოლაში სიახლეა, რომ აღნიშნულ კურსებში ინტეგრირდა AI მოდული.

მაღალი ხარისხის განათლების ხელმისაწვდომობის მიზნით თიბისი ტექსკოლაში სწავლა ონლაინ მიმდინარეობს, მონაწილეობა სრულიად უფასოა და ამასთანავე საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდანაა შესაძლებელი.

მთავარია გჯეროდეს შენი მიზნების, ტექსკოლაში გადადგმული პირველი ნაბიჯები კი ტექნოლოგიების სამყაროში დიდი სიახლეების დასაწყისი იქნება.

(R)