Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მოულოდნელობებით სავსე დღეა. თავი შეიკავეთ ფულის დაბანდების და მსხვილი შესყიდვებისგან – პლანეტების არახელსაყრელმა განლაგებამ შეიძლება, ფინანსური ზარალი გამოიწვიოს. ეცადეთ, პრიორიტეტები განსაზღვროთ და ძალები თანაბრად გაანაწილოთ – ეს უსიამოვნებებს თავიდან აგაცილებთ. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისა და მოგზაურობისთვის. ეცადეთ ოჯახს ყურადღება არ მოაკლოთ. თქვენი ტაქტი და მოთმინება ოჯახში ნდობისა და კომფორტის ატმოსფეროს შექმნის.

კურო

ხელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი საქმის დაწყებისთვის, ინფორმაციის მიღებისა და სასარგებლოდ გამოყენებისთვის. ფრთხილად იყავით, რომ სამსახურში შეცდომები არ დაუშვათ და კრიტიკა არ დაიმსახუროთ. სასიცოცხლო პოტენციალი იმდენად მაღალია, რომ რეალობის შეფასება გიჭირთ. მოერიდეთ ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას და საერთო მიზნების შესაბამისად იმოქმედეთ.

ტყუპები

ეს დღე აურის შესუსტებას, დეპრესიას და ცდუნებებს უკავშირდება. ფრთხილად იყავით, რომ პროფესიულ საქმიანობაში ან პირად ცხოვრებაში შეცდომები არ დაუშვათ. სასიცოცხლო პოტენციალი იმდენად დაბალია, რომ მოვლენების ობიექტურად შეფასება გიჭირთ.

კირჩხიბი

დღეს შეიძლება, რაღაც ისეთი მოხდეს, რაც თქვენს საქმესა და ჯანმრთელობაზე გავლენას მოახდენს. განსაკუთრებით ფრთხილად საჯარო მოხელეები უნდა იყვნენ, რომლებსაც მუშაობის დაწყებამდე ყველა წვრილმანის გათვალისწინება მოუწევთ. შეგიძლიათ, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არ ინერვიულოთ. ეს ერთადერთია, რაშიც სირთულეები არ არის მოსალოდნელი.

ლომი

ეს დღე პროფესიული საქმიანობისა და შემოქმედების და სფეროში დიდ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ. გარშემომყოფებისგან გაწონასწორებული ხასიათი, კეთილგანწყობა და თანაგრძნობის უნარი გამოგარჩევთ. ამ დღეს ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე რთულ საქმეში წარმატება გელით. შეგიძლიათ, თანამოაზრეების დახმარების იმედი გქონდეთ – საქმის რაციონალური ორგანიზება სასურველ შედეგებს მოგიტანთ. მშვენიერი დღეა სასიყვარულო და რომანტიკული თავგადასავლებისთვის.

ქალწული

ამ დღეს პრობლემები მოსალოდნელი არ არის. საქმეების რაციონალურად დაგეგმვის და ძალების სწორად განაწილების უნარი მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობის, საქმიანი ვიზიტებისა და მოგზაურობისთვის. საზოგადოებრივ მოღვაწეებს, იურისტებს და ექიმებს პროფესიული წარმატებები ელით.

სასწორი

დაძაბული დღეა, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები ახლავს. არ არის გამორიცხული, რომ უსიამოვნო სიახლემ შინაგანი წონასწორობა დაგირღვიოთ და ოჯახში არახელსაყრელი გარემო შექმნას. სასწორ ქალებს ვურჩევთ, საკუთარი მოსაზრებების სხვებისთვის თავსმოხვევას მოერიდონ. მამაკაცებმა სასურველია, საღამო სახლის გარეთ გაატარონ.

მორიელი

ფრთხილად იყავით – მოზღვავებულმა ენერგიამ შეიძლება, პრობლემები შეგიქმნათ. მოსალოდნელია კონფლიქტი გარშემო მყოფებთან. გირჩევთ, პარტნიორებთან ურთიერთობაში საკუთარი დამოუკიდებლობა ბოროტად არ გამოიყენოთ. გახსოვდეთ, რომ საქმის წარმატება დიდწილად მათზეა დამოკიდებული. საპირისპირო სქესთან ურთიერთობა დამოკიდებულია გარემოებებზე.

მშვილდოსანი

ამ დღეს ახლავს აურის შესუსტება, დეპრესია და ცდუნებებისკენ სწრაფვა. ფრთხილად იყავით, რომ სამსახურში და პირად ცხოვრებაში შეცდომები არ დაუშვათ. სასიცოცხლო პოტენციალი ძალიან დაბალ დონეზეა, ამიტომ პარტნიორებთან და უფროსებთან კონტაქტი რთული იქნება. ამ დღეს ნებისმიერი საქმე დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ხოლო შედეგები მოლოდინს არ გაამართლებს.

თხის რქა

კვირის დასაწყისი ხელსაყრელი იქნება. კომერციული საქმიანობა და სარისკო ოპერაციები წარმატებული იქნება. მოსალოდნელია ხანგრძლივი მოგზაურობა და საინტერესო ადამიანებთან შეხვედრები. არ არის გამორიცხული ახალი რომანის დაწყება ან ძველი ურთიერთობების განახლება. საქმეების რაციონალურად დაგეგმვისა და ძალების სწორად განაწილების უნარი მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.

მერწყული

ამ დღეს თქვენი საქმიანი და შემოქმედებითი უნარები მცირდება. ეცადეთ, ამ დღის უარყოფითი ტენდენციები გულთან ახლოს არ მიიტანოთ. დეპრესიას და თვითგვემას ნუ მიეცემით, რადგან ეს ვერაფერს შეცვლის. ეცადეთ, საკუთარი პრობლემებიდან ყურადღება გარშემომყოფი ადამიანების პრობლემებზე გადაიტანოთ. შეიძლება ამის მერე მიხვდეთ, რომ თქვენი საქმე არც ისე ცუდად არის.

თევზები

ეცადეთ, ამ დღის უმეტესი ნაწილი ორგანიზაციულ მუშაობას დაუთმოთ. განსაკუთრებული ყურადღება ახალი კონტაქტების დამყარებას და მატერიალური ბაზის მომზადებას უნდა დაუთმოთ. ბევრი თევზი ამას სწრაფად და მარტივად მოახერხებს. შეეცადეთ, მარტივი ფულის გამომუშავების ცდუნებას არ აჰყვეთ. გახსოვდეთ, რომ უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია. დღეს შეიძლება მოხდეს ისეთი რამ, რაც სერიოზულად იმოქმედებს თქვენს საქმესა და ჯანმრთელობაზე.

,,ეუთომ ვერ შეძლო საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის თავიდან აცილება” – ნიკოლოზ სამხარაძე

საქართველო ეუთოს ძალიან აქტიური წევრია და ეუთოს საქართველოში დიდი პატივისცემა აქვს. ამ აბსურდული განცხადებებით, რომელთაც ვკითხულობთ დამატებით პუნქტში, ეუთო დაკარგავს სანდოობას ქართულ საზოგადოებაში, რადგან აქ წარმოდგენილი განცხადებები საჭიროებს მტკიცებულებებს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოში გამართული დებატებისას.

აღნიშნულით მან უპასუხა პოლონეთის დელეგაციის წარმომადგენლის განცხადებას, რომ ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და რომ საქართველოს ხელისუფლება იყენებს ყველა შესაძლო ზომას, რათა მოახდინოს ძალაუფლების კონსოლიდირება, იღებენ რა ახალ კანონს უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ, ტელევიზიის, რადიოსა და გრანტების შესახებ.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, რა აზრი აქვს სადამკვირვებლო მისიების არსებობას, თუკი ასამბლეის ზოგიერთი წევრი მაინც ეჭვქვეშ დააყენებს მას პირადი პოლიტიკური ინტერესების და იმის გამო, რომ არ მოეწონათ არჩევნების შედეგები და თან მეგობრები ჰყავთ ოპოზიციურ პარტიებში.

„ვფიქრობ, ეს დამატებითი პუნქტი წარუმატებელია მრავალი კუთხით. დაგიკონკრეტებთ ჩვენს არგუმენტებს. პირველ რიგში – პირველივე წინადადება არ შეესაბამება ეუთო/ოდირის 26 ოქტომბრის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ანგარიშს. ამგვარად, პირველი ორი წინადადება, ეწინააღმდეგება ეუთო/ოდირის ანგარიშის მიგნებებს. შესაბამისად, მსურს ვკითხო ამ დამატებითი პუნქტის მთავარ სპონსორს, რატომ ცდილობს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის სანდოობისთვის ძირის გამოთხრას? რა აზრი აქვს სადამკვირვებლო მისიების არსებობას, თუკი ასამბლეის ზოგიერთი წევრი მაინც ეჭვქვეშ დააყენებს მას პირადი პოლიტიკური ინტერესების და იმის გამო, რომ არ მოეწონათ არჩევნების შედეგები და თან მეგობრები ჰყავთ ოპოზიციურ პარტიებში.

მეორე: ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველო ეუთოს ძალიან აქტიური წევრია და ეუთოს საქართველოში დიდი პატივისცემა აქვს. ამ აბსურდული განცხადებებით, რომელთაც ვკითხულობთ დამატებით პუნქტში, ეუთო დაკარგავს სანდოობას ქართულ საზოგადოებაში, რადგან აქ წარმოდგენილი განცხადებები საჭიროებს მტკიცებულებებს. ბოლო ნაწილი, რომელიც რუსეთის ფედერაციას შეეხება, ამბობს, რომ საგანგაშოა რუსეთის ფედერაციასთან კავშირების გაძლიერება. ვფიქრობ, ამ ასამბლეის წევრთა უმრავლესობამ იცის, რომ საქართველო ამ ასამბლეაში, უკრაინის გარდა, ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან და არც პოლიტიკური კონტაქტები, რადგან საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რა სახის კავშირების გაძლიერებაზეა საუბარი?

ვფიქრობ, მთავარმა სპონსორმა უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება, თუ რა კავშირების გაძლიერებაზე საუბრობს. საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას რაც შეეხება. ამ ორგანიზაციაში 57 სახელმწიფოა და მათი უმრავლესობა არ არის ევროკავშირის წევრი. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება წარმოადგენს საკითხს, რომელიც განიხილება საქართველოსა და ევროკავშირს შორის და ეუთოს ამ საკითხთან დაკავშირებით არაფერი ეთქმის. ეს არის საქართველოს სუვერენული გადაწყვეტილება და ევროკავშირის სუვერენული გადაწყვეტილება, ამიტომ ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ რაღაცები. ეს თემა სცდება ეუთოს უფლებამოსილებას. დაბოლოს, რაც შეეხება ტელევიზიასა და რადიოს კანონს, არ ვიცი ამაში რა იგულისხმება, საქართველოში ასეთი კანონი არ გვაქვს. ასევე, არ ვიცი რას ნიშნავს გრანტების კანონი, რადგან არც ასეთი კანონი გვაქვს საქართველოში. ასე რომ ფაქტობრივი შეცდომებია დაშვებული. მოხარული ვიქნები მოვისმინო, რომელ კანონებზეა საუბარი, არის თუ არა ისინი ანტიდემოკრატიული ან არაკონსტიტუციური და რა დებულებებია ამ კანონებში. არ შეიძლება რომ მტკიცებულებების გარეშე ვისროდეთ რაღაც განცხადებებს. იმედი მაქვს, კომიტეტი გაითვალისწინებს ამ არგუმენტებს“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

,,შევშფოთდით, როცა გავიგეთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირანის საელჩოში სოლიდარობის ღონისძიებას დაესწრო – ეს მორალურად არასწორია”- ისრაელის საელჩო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ირანის საელჩოს სოლიდარობის ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება მორალურად არასწორია, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ისრაელის საელჩოს განცხადებაში.

„შევშფოთდით, როდესაც გავიგეთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თბილისში, ირანის საელჩოში სოლიდარობის ღონისძიებას დაესწრო.

მაშინ, როდესაც დასავლეთი ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ ირანის თავდასხმებს გმობს და მხარ უჭერს ძალისხმევებს მისი ბირთვული და გენოციდური ამბიციების შესაჩერებლად, ღრმად იმედგამაცრუებელია იმის დანახვა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მსგავს ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას. ეს მორალურად არასწორია“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საელჩომ „ინტერპრესნიუსს“ გამოუგზავნა.

შეგახსენებთ, ირანის საელჩომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა, ისრაელის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა მიმართ სამძიმარი გამოთქვა და ირანის მიმართ კი სოლიდარობა გამოხატა.

ირანის საელჩოს განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით საელჩოში ღონისძიება გაიმართა.

„2025 წლის 30 ივნისს და 1-ელ ივლისს, ორშაბათსა და სამშაბათს, თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში გაიმართა ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა ირანის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ისრაელის რეჟიმის მიერ განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის დროს დაღუპულ მოწამეთა ხსოვნას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, აგრეთვე თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის თურქმენეთის, ყაზახეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის ელჩები, ერაყის საქმეთა რწმუნებული, ჩინეთის სამხედრო ატაშე, ასევე რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე, ირანული დიასპორის წევრები და ქართველი ირანისტები.

მათ საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში გააკეთეს ჩანაწერები, გამოთქვეს თავიანთი სამძიმარი და სოლიდარობა ირანის მიმართ.

დიდ მადლიერებას ვუცხადებთ ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს ამ რთულ პერიოდში გამოჩენილი მხარდაჭერისა და თანაგრძნობისთვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

,,როცა წავალ, ჩემი გულის ნაწილი საქართველოში დარჩება, არასდროს შევწყვეტ საქართველოს დემოკრატიის მომავლისადმი რწმენას და მის მხარდაჭერას”- რობინ დანიგანი

მე როდესაც წავალ, ჩემი გულის ნაწილი საქართველოში დარჩება, არასდროს შევწყვეტ საქართველოს დემოკრატიის მომავლისადმი რწმენას და მის მხარდაჭერას, – ამის შესახებ აშშ-ის მოქმედმა ელჩმა, რობინ დანიგანმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც რობინ დანიგანმა განაცხადა, აშშ იყო და არის საქართველოს ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა.

„დღეს აღვნიშნავთ ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 249-ე წლისთავს. ყოველ წელს, 4 ივლისს, ამერიკელები ვიკრიბებით, რათა აღვნიშნოთ ჩვენი დამოუკიდებლობა. ეს არის დრო, როდესაც ვცდილობთ, გავიაზროთ, რას ნიშნავს, იყო ამერიკელი და რას ნიშნავს, სარგებლობდე დემოკრატიის ფუნდამენტური თავისუფლებებით. წელს, ვიდრე ოდესმე, ვცდილობ უფრო ღრმად გავიაზრო დემოკრატიის არსი. მჯერა, რომ ისტორიის ეს მომენტი მოითხოვს დემოკრატიის, ჩვენი თავისუფლებების და მომავალი თაობებისადმი ჩვენი ვალდებულების ღრმად გააზრებას. ვფიქრობ, დემოკრატიის აყვავებისთვის სამი არსებითი ელემენტია საჭირო – დაპირება, ვალდებულება და ოპტიმიზმი. მსურს, თითოეულ მათგანს მოკლედ შევეხო.

პირველი – დაპირება. დაარსებიდან დღემდე, აშშ-მა გრძელი გზა განვლო. ისტორიის განმავლობაში გვქონდა გამოწვევები, რთული მომენტები, ასევე სიამაყით, სიხარულითა და გამარჯვებით აღსავსე დღეები, მაგრამ ამ ისტორიულ ტალღებში, ერთ რამეს ყოველთვის ვუბრუნდებოდით: საერთო დაპირებას, რომელიც გვაერთიანებს. დაპირება იმისა, რომ როდესაც თავისუფალ ხალხს ეძლევა უფლება, ისაუბროს, იმსჯელოს, ილოცოს და ხმა მისცეს, საერთო სიკეთე იმარჯვებს. დაპირება, რომ თითოეული თაობა გააძლიერებს აშშ-ს, რათა უკეთესი ქვეყანა და მომავალი დავუტოვოთ ჩვენს შვილებს. მჯერა, დემოკრატიის დაპირება ერთ-ერთი იმ მტკიცე კავშირთაგანია, რაც ამერიკელებსა და ქართველებს გვაერთიანებს. სწორედ ამიტომ, აშშ იყო და არის საქართველოს ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა საბჭოთა კავშირისგან 1991 წელს.

ჩემი აქ ყოფნის დროს ვნახე, უამრავი ქართველის დიდი ძალისხმევა დემოკრატიის დაპირების შესასრულებლად. მე ვნახე რელიგიის თავისუფლება თბილისის გულში, სადაც ეკლესიების, სინაგოგებისა და მეჩეთების მშვიდობიანი თანაარსებობა ქართველი ხალხის მეგობრული სულისკვეთებისა და შემწყნარებლობის მკაფიო გამოხატულებაა. მსმენია ზოგიერთისგან, თითქოს ქართულ-ამერიკული პარტნიორობა მხოლოდ სახელია. თუმცა ვფიქრობ, ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ამერიკელები და ქართველები ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ჭეშმარიტი პარტნიორები არიან დემოკრატიისკენ სწრაფვაში. მე შევხვდი ათასობით ქართველს, რომლებმაც მითხრეს, როგორ დაეხმარა მათ აშშ-საქართველოს პარტნიორობა. ფერმერები, მასწავლებლები, სტუდენტები, ექიმები, ბიზნესმენები, ყველა მათგანი მეუბნებოდა, ამერიკასთან თანამშრომლობამ როგორ შეცვალა მათი ცხოვრება უკეთესისკენ.

2008 წელს, რუსეთის საქართველოში შემოჭრის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები აქ იყო. რუსული ტანკები როდესაც უკან იხევდნენ, ამერიკელი ინჟინრები, ამერიკული ტრაქტორები და საკვები დახმარება უკვე მოდიოდა, რადგან სწორედ ასე იქცევიან მეგობრები დემოკრატიებში. მე შევხვდი უამრავ ქართველ სამხედრო მოსამსახურეს, სამედიცინო მკვლევარსა თუ სამართალდამცავს, რომლებიც ამერიკელ კოლეგებზე საუბრობენ, როგორც თავიანთ ძმებსა და დებზე. ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობთ, რათა გავაუმჯობესოთ ქართველებისა და ამერიკელების ცხოვრება, რათა ორივე ქვეყანამ შეასრულოს დემოკრატიის დაპირება.

4 ივლისი ასევე არის დღე, როდესაც ამერიკელები ვფიქრობთ იმ უზარმაზარ მსხვერპლზე, რომელიც ჩვენი დამოუკიდებლობისთვის არის გაღებული. დღე, როდესაც ვიხსენებთ, რომ თავისუფლება თავისთავად არ მოდის. ეს არის დღე, როდესაც ვფიქრდებით ჩვენს ვალდებულებაზე მომავალი თაობების წინაშე, რაც მაძლევს საშუალებას, გადავიდე დემოკრატიის მეორე მნიშვნელოვან პრინციპზე, ვალდებულებაზე. თავისუფლებების შენარჩუნების ფასი რეალურია. ჩვენმა სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა მამაკაცებმა და ქალებმა ეს ძალიან კარგად იციან. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ, რომ თავიანთი სურვილით იხდიან უმაღლეს ფასს თავისუფლებისთვის. ახლაც ბევრი სხვა ადამიანი იხდის ფასს დემოკრატიის დაცვისთვის. დღესაც, ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტი მოქალაქეები პატიმრობაში არიან. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სამიზნედ იქცნენ კანონის უზენაესობის, თავისუფალი მედიის და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობისთვის. და ასევე, არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებიც „რადიკალებად“ იწოდებიან, რადგან მათი შეხედულებები განსხვავდება ხელისუფლების წარმომადგენლების შეხედულებებისგან.

როგორც ჩვენმა ვიცე-პრეზიდენტმა თქვა, „თქვენ ვერ მოიპოვებთ დემოკრატიულ მანდატს თქვენი ოპონენტების გაჩუმებით ან მათი ციხეში ჩასმით, ასევე ვერ მოიპოვებთ მას, თქვენი ძირითადი ამომრჩევლის იგნორირებით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ის, ვინ უნდა იყოს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი“.  ჩვენთვის, ვინც დემოკრატიის თავისუფლებებით ვსარგებლობთ, არასდროს უნდა მივიღოთ ის, როგორც თავისთავადი მოცემულობა. ყოველთვის გავწიოთ ძალისხმევა იმ თავისუფლებების დასაცავად და გასაძლიერებლად, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასია. ჯონ ფ. კენედის სიტყვებით: „თავისუფლების ფასი არის მუდმივი სიფხიზლე. ეს იყო ფასი გუშინ, არის დღეს და ასე იქნება მუდამ“.

დასასრულს, მსურს შევეხო იმას, რაც დემოკრატიის სასიცოცხლო ძარღვია – ოპტიმიზმი. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი დემოკრატიის მიმართ აშშ-ში და აქ, საქართველოში. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ვიცი, რომ ამერიკელებისა და ქართველების უმრავლესობას სჯერა დემოკრატიის დაპირებისა და ჩვენი ვალდებულებისა, დავიცვათ იგი. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ვიცი, რომ აშშ-ში და საქართველოში ბევრი ადამიანი ემსახურება თავის ქვეყანას. ასევე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ვიცი, რომ ორივე ქვეყნის ახალგაზრდობა განსაკუთრებულია. ამერიკელი და ქართველი მომავალი თაობისგან მუდმივად ვიღებ შთაგონებას. ისინი მაძლევენ ოპტიმიზმს ჩვენი მომავლის და ამერიკა-საქართველოს პარტნიორობის მომავლის მიმართ. ვსაუბრობთ რა ამერიკა-საქართველოს პარტნიორობაზე, მინდა, მადლობა გადავუხადო აშშ-ის საელჩოს საოცარ გუნდს ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ აშშ-სა და საქართველოს მხარდასაჭერად, მათ შორის დღევანდელი ზეიმის ორგანიზებისთვის.

ასევე მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს USAID-ის გუნდს და მადლიერებით აღვნიშნო თქვენი დანატოვარი ამ ქვეყანაში. ბოლოს, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს გულუხვ სპონსორებს მხარდაჭერისთვის. ვიცი, რომ ჩვენს სპონსორებსაც სჯერათ ამერიკა-საქართველოს მეგობრობის ძალის. როგორც ბევრმა თქვენგანმა იცით, მე და ჩემმა მეუღლემ, ჰარიმ, 33-წლიანი დიპლომატიური სამსახურის შემდეგ გადავწყვიტეთ კარიერის დასრულება და ამ თვის ბოლოს დავტოვებთ ამ საოცარ ქვეყანას. იმ დღიდან, რაც საქართველოში ჩამოვედით, ქართველებმა გაგვიღეს თავიანთი გულები და სახლები, გვაგრძნობინეს, რომ ჩვენც ქართული ოჯახის ნაწილი ვართ. მადლობა ყველას მეგობრობისთვის. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით საქართველოს მეგობრები და როცა წავალ, ჩემი გულის ნაწილი აქ დარჩება. არასდროს შევწყვეტ საქართველოს დემოკრატიის მომავლისადმი რწმენას და მის მხარდაჭერას. გაუმარჯოს დემოკრატიის დაპირების ძალას, ჩვენს ვალდებულებას მის დასაცავად და ჩვენს ოპტიმიზმს, რომ წარმატებას მივაღწევთ“, – აღნიშნა რობინ დანიგანმა.

დანიგანმა მადლობა გადაუხადა გორის გოგონათა გუნდს და ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის ბენდს. ასევე, აშშ-ის მოქმედმა ელჩმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითებს.

აშშ-ის საელჩოში გამართულ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, განათლების მინისტრი გივი მიქანაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე. ამასთან, ღონისძიებას ესწრებოდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.

გიორგი გახარია ადასტურებს, რომ 2019 წლის 20 ივნისს, პარლამენტზე შტურმის დროს გერმანიის ელჩი პარლამენტის შენობაში იმყოფებოდა, გახარიას განცხადებით, შენობაში დანახული ჰყავს ნინო ლომჯარიაც

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, 2019 წლის 20 ივნისს, პარლამენტზე შტურმის დროს გერმანიის ელჩი პარლამენტის შენობაში იმყოფებოდა, თუმცა გახარია ამბობს, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას არ ესწრებოდა.

გახარიას თქმით, მნიშვნელოვანი დავალებების გაცემა ან ინფორმაციის მიღება ხდებოდა ოთახიდან, სადაც მარტო იმყოფებოდა.

გიორგი გახარიამ განმარტა, რატომ აღმოჩნდა მაშინ გერმანიის ელჩი პარლამენტის შენობაში.

„გერმანიის ელჩი მაშინ იმყოფებოდა შენობაში, ის არ ყოფილა ჩემთან, ის იყო შენობაში. გერმანიის ელჩი აღმოჩნდა იმ შენობაში მას შემდგომ, რაც შტურმი როდესაც დაიწყო, ჩვენ შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტს დავავალეთ და ამ დეპარტამენტმა საქართველოში ყველა ელჩს შეატყობინა, რომ ოპოზიციამ დაიწყო ფიზიკური შტურმი პარლამენტზე. ეს ინფორმაცია დაეგზავნა ყველა საერთაშორისო პარტნიორს იმისთვის, რომ ობიექტური ინფორმაცია გასულიყო და ამ ადამიანებს თვითონ ენახათ, შტურმი ხორციელდებოდა პარლამენტზე. ეს იყო სწორი და გამართლებული ნაბიჯი. ეს გაეგზავნა არა მხოლოდ გერმანიის ელჩს, ყველას. აქედან გერმანიის ელჩი ადგა და მოვიდა პარლამენტის შენობაში. ვინ შემოუშვა პარლამენტის შენობაში გერმანიის ელჩი, წარმოდგენა არ მაქვს. ჩემთან არ მოსულა, მაგრამ ვადასტურებ, რომ ეს ადამიანი იმ დროს პარლამენტის შენობაში იყო და იქ იყო კიდევ ბევრი სხვა. მაგ ოთახიდან მე არაფერს არ ვმართავდი. დიახ, მაგ ოთახში ვიყავი ხოლმე, მაგრამ როდესაც მნიშვნელოვანი დავალებები იყო გასაცემი, მე გავდიოდი. იქ იყო სხვა ოთახიც, რადგან ბევრი სხვა ადამიანიც იყო. ელჩიც იქ იყო, კი. ბევრი ადამიანი იყო იქ, ხალხი მიდიოდა, მოდიოდა, ვიღაცა დეპუტატები შემოდიოდნენ, ვიღაცები გადიოდნენ, ბევრი იყო, მაგრამ იმ ოთახს ჰქონდა უკანა ოთახი, საიდანაც მშვენივრად ვმართავდი ყველაფერს. იმ ოთახში რადგან ბევრი ადამიანი იყო, იქიდან მნიშვნელოვანი დავალებების გაცემა ან ინფორმაციის მიღება არ შეიძლებოდა. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დროს, რა თქმა უნდა, ვიყავი მარტო“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის წევრის შეკითხვას, „შტურმის დროს, ელჩი და დეპუტატები იქ რომ ყოფილიყვნენ, ისინი უნდა გაგეყვანათ იქედან. არავინ გირჩიათ, რომ უნდა გასულიყვნენ ისინი?“, – გახარიას თქმით, მაშინდელმა სუს-ის ხელმძღვანელობამ ასეთი რამ არ ურჩია.

„შეიძლება, გარეთ უფრო სახიფათო ყოფილიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, მაშინდელმა სუს-ის ხელმძღვანელობამ ასეთი რამ არ მირჩია. საერთოდ, რომ გესმოდეთ, ელჩი სახელმწიფოს მიერ დაცული პიროვნებაა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს წინა ხაზზე სირბილის, კამერებზე გამოჩენის მაგივრად ელჩისთვის, სხვა დასაცავებისთვის რომ მიეხედა, უკეთესი იქნებოდა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება კითხვას, „ლომჯარია იყო იქ, სადაც თქვენ ტრიალებდით?“, – გახარიამ უპასუხა: „არ მახსოვს. შენობაში იყო, დანახული მყავს. რომ იცოდეთ, შენობაში იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ უნდა ყოფილიყვნენ და თქვენ შემოუშვით. მაგალითად, „ნაცები“ იყვნენ ბევრი, არა დეპუტატები, როგორ აღმოჩნდნენ იქ?“.

გურიაში 2024 წელს 19 მაღალი რისკის ზონა გამოვლინდა – ყველაზე მეტი ჩოხატაურშია

2024 წლის გეოლოგიური ბიულეტენის თანახმად, გურიის რეგიონში გეოლოგიური სტიქიური პროცესები კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

დოკუმენტი 2024 წელს დაიწერა და 2025 წლის პროგნოზებს შეიცავს, შესაბამისად, უნდა აღნიშნოს, რომ გეოლოგიურ ბიულეტენში არ არის ასახული 2025 წლის თებერვლის სტიქია, რომელიც დასავლეთ საქართველოში მოხდა და ყველაზე მძიმეს გურიის რეგიონზე აისახა.

დოკუმენტი აჩვენებს, რომ რეგიონში ათობით ფერდობი, დასახლება და სოფელი მეწყერსაშიშ და ზოგ შემთხვევაში აქტიურ ზონაში ხვდება. სტიქიური საფრთხეებით გამოირჩევა სამივე მუნიციპალიტეტი: ოზურგეთი, ლანჩხუთი და ჩოხატაურიც.

მაღალი რისკის ზონებით ჩოხატაურია პირველ ადგილზე, სადაც ასეთი 7 ზონაა. 6-6 მაღალი რისკის ზონაა ოზურგეთსა და ლანჩხუთში.

მაღალი რისკის ზონები 2024 წლის აღწერით

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

  1. ბახვი
  2. ქვემო ბახვი
  3. შეკვეთილი
  4. დვაბზუ
  5. გურიანთის ფერდობები
  6. სუფსა / შრომა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

  1. ჩოლობარგი
  2. მაჩხვარეთი
  3. საირმის ქედი
  4. გრიგოლეთი
  5. ჯურუყვეთი
  6. ზემო აკეთი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

  1. ბახმარო
  2. ზემო ამაღლება
  3. შუა ამაღლება
  4. ზოტის ფერდობები
  5. ქვემო ნასაკირალი
  6. ხიდისთავი
  7. კოხნარი/ბაბანი

საშუალო რისკის ზონები

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

სუფსის მიდამოები – ფერდობები დინამიკურია, თუმცა ამ ეტაპზე მეწყერი შედარებით სტაბილურია. რეგულარული მონიტორინგია რეკომენდებული.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

  • გრიგოლეთი – ზღვასთან სიახლოვის გამო გამოვლენილია ეროზიული პროცესები და ქვიშის გადაადგილება, რაც საცხოვრებელ ზონებს პერსპექტივაში საფრთხეს უქმნის.
  • მიმდებარე სოფლების ფერდობები – ზოგიერთი ზონა ატარებს მიკროსრიალის ნიშნებს, თუმცა რისკი მაღალი არ არის.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

  • ზოტის ფერდობები – სტრუქტურულად რთული მონაკვეთებია, სადაც პერიოდულად ვითარდება სრიალი და ქანების დარღვევა.

,,უცხოეთიდან რომ ჩამოხვალთ, ჩორჩანას მკვიდრთან, ელგუჯა ხარაზიშვილთან ერთად შეხვალთ ამ ტერიტორიაზე? თუ აღარ აპირებთ ჩამოსვლას?”- გურამ მაჭარაშვილი

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2019 წელს სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შედეგად განვითარებული მოვლენები განიხილება, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას დისტანციურად გამოკითხვა მიმდინარეობს.

გიორგი გახარიას კომისიის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ჰკითხა :„თქვენ მიიჩნევთ, რომ ნაკლებად ეფექტურად აკონტროლებდით ამ ტერიტორიას და ამოცანა იყო, უფრო ეფექტურად გაგეკონტროლებინათ, ამიტომ ჩადგით საგუშაგო?“, რაზეც გახარიამ განაცხადა:

„უფრო ეფექტურად გამეკონტროლებინა, მაგრამ ეგ არ იყო მთავრი. მთავარი იყო, ბორდერიზაცია არ მომხდარიყო“, – განაცხადა გახარიამ.

გურამ მაჭარაშვილმა გიორგი გახარიას კიდევ ერთი კითხვა დაუსვა: „დაკავებები არ დადასტურდა სუს-ის მიერ, სულ ორი პირის შეჩერება იყო ამ ტერიტორიაზე. საგუშაგოს დადგმის შემდეგ მთლიანად წაიღეს ეს ტერიტორია. გამოვიდა, რომ თქვენი გადაწყვეტილებით აბსოლუტურად უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდა ტერიტორია. დაკავებები ამ ტერიტორიაზე არ ყოფილა, საწინააღმდეგო ფაქტი თქვენ არ გაქვთ, ეს ნიშნავს, რომ საგუშაგოს დგამთ იმ ტერიტორიაზე, სადაც მეტ-ნაკლებად ეფექტურად ხორციელდება კონტროლი ჩვენი მხრიდან, ხალხი დადის ტყეში, პრობლემა არ აქვს. ორი ადამიანი მხოლოდ შეაჩერეს და არ დააკავეს, ხოლო თქვენი გადაწყვეტილების შემდეგ მივიღეთ ის, რომ ამ ტერიტორიით საერთოდ ვეღარ სარგებლობენ“.

აღნიშნულის შემდეგ გახარიამ განაცხადა, რომ შოკშია იმით, რასაც ისმენს.

„შოკში ვარ, ახლა რასაც ვისმენ. ამბობთ, რომ ოკუპანტების შეიარაღებულმა ხალხმა უბრალოდ შეაჩერეს, რა მოხდა მერე? მოეფერნენ, შეაჩერეს, უბრალოდ უთხრეს, რომ ეს ნორმალურია? მეორეც, ჰკითხეთ ტაბატაძეს, მონიშვნები იყო თუ არა დაწყებული? იყო თუ არა მწვანე ბანერი, რომ აქ არის სამხრეთ ოსეთის საზღვარი? სუს-ს არ აქვს ეს ფოტოები, მე გამოგიგზავნოთ?“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საპასუხოდ მაჭარაშვილმა გახარიას მიმართა: „მილიონი კვადრატული მეტრი დაიკარგა და წესით, შოკში უნდა იყოთ“.

ამასთან, გურამ მაჭარაშვილმა გახარიას კითხვა დაუსვა: უცხოეთიდან რომ ჩამოხვალთ, ჩორჩანას მკვიდრთან, ელგუჯა ხარაზიშვილთან ერთად შეხვალთ ამ ტერიტორიაზე, წაჰყვებით მას? თუ აღარ აპირებთ ჩამოსვლას? ხომ აღიარებთ, რომ ელგუჯა ხარაზიშვილი და მისნაირები მანამდე დადიოდნენ ამ ტყეში. დადეთ პირობა, რომ ელგუჯა ხარაზიშვილს გაჰყვებით ამ ტერიტორიაზე, რაზეც გახარიამ უპასუხა:

„თქვენ არავინ ხართ ჩემთვის, რომ ეს პირობა დამიყენოთ. თქვენი საქმე არ არის, ელგუჯა ხარაზიშვილთან რა ურთიერთობა მექნება“.

“ბრიტანელთა ბანდა გოგონას, რომელიც ნარკოტიკებით ვაჭრობაშია ეჭვმიტანილი, თავის მოკვეთით და ოჯახის წევრების სიკვდილით ემუქრებოდა და ცხელი უთოთი აწამებდა იმ მიზნით, რომ საქართველოში ნარკოტიკები გადაეტანა. მან დახმარება ტაილანდის პოლიციას სთხოვა, მაგრამ უშედეგოდ”-Daily Mail

ბრიტანული გაზეთი „დეილი მეილი“ (Daily Mail) რუბრიკით „ექსკლუზივი“ აქვეყნებს სტატიას სათაურით: „ბრიტანელთა ბანდა გოგონას, რომელიც ნარკოტიკებით ვაჭრობაშია ეჭვმიტანილი, თავის მოკვეთით და ოჯახის წევრების სიკვდილით ემუქრებოდა და ცხელი უთოთი აწამებდა იმ მიზნით, რომ საქართველოში ნარკოტიკები გადაეტანა. მან დახმარება ტაილანდის პოლიციას სთხოვა, მაგრამ უშედეგოდ“ (ავტორი – ენდი ჯერინგი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ნარკოვაჭრობაში ეჭვმიტანილი ბრიტანელი გოგონა, 18 წლის ბელა ქოლი, რომელიც თბილისის (საქართველო) აეროპორტში, ბანგკოკიდან (ტაილანდი) ჩამოფრენისას (დუბაის – არაბთა გაერთიანებული საემიროების გავლით) 10 მაისს დააკავეს, ამბობს, რომ ტაილანდში არსებული ბრიტანელთა ბანდა მას და მის ოჯახს სიკვდილით ემუქრებოდა, თუ იგი 11 კილოგრამ კანაბისს კონტრაბანდის სახით არ წაიღებდა.

ბელა ქოლი, რომელიც ფეხმძიმეა, ჰყვება, რომ მას შემდეგ, როცა მას ცხელი უთოთი დაწვით დაემუქრნენ, დიდ ბრიტანეთში თავის ოჯახს ტექსტური გზავნილით აცნობა, რომ შველა სჭირდებოდა. გოგონას თქმით, მან დახმარებისთვის მიმართა ბანგკოკელ პოლიციელს და უთხრა, რომ მას იძულებულს ხდიან ნარკოტიკები შავიზღვისპირა ქვეყანაში – საქართველოში წაიღოს, მაგრამ პოლიციამ გოგონა ბანდას დაუბრუნა. იმ დროისათვის, როცა ბელა ქოლის მშობლებმა გზავნილი წაიკითხეს, უკვე ძალზე დაგვიანებული იყო.

ამჟამად ბელა საქართველოში, ქალთა მე-5 შრომით გამასწორებელ კოლონიაში იმყოფება. გუშინ მას სასამართლოს სხდომაზე უარი ეთქვა გირაოთი გათავისუფლებაზე და თუ დამნაშავედ შერაცხავენ ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებით, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ბელა ქოლის ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ, რომელიც [სამართალდამცველებთან] მოხერხებული მომლაპარაკებლის სახელით სარგებლობს (იგი საქართველოს ექს-პრეზიდენტის მკვლელობის საქმესაც იძიებდა), განაცხადა, რომ „ბრიტანელი ტურისტი გოგონა იმ ასაკის არ არის, რომ გულდასმით დაფიქრებულიყო, თუ რა მოუვიდოდა, როცა მას ნარკოვაჭრობაში ამხელდნენ“.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბელა ქოლის საქმის მოსმენაზე გამოსვლის შემდეგ მალხაზ სალაყაია „დეილი მეილს“ ესაუბრა და უთხრა, რომ გოგონა ბანგკოკში არსებული ბრიტანელთა ბანდის სამიზნე გახდა. „ბანდიტებმა მათ უთხრეს: ჩვენ ვიცით შენი მშობლების მისამართი. ასევე ვიცით, თუ სად იმყოფება შენი 16 წლის ძმაც… მათ ბელა ქოლს აჩვენეს ვიდეო თავმოკვეთილი მამაკაცის კადრებით და უთხრეს, რომ თუ იმას არ გააკეთებდა, რასაც ეტყოდნენ, ასეთი ბედი ექნება მას და მისი ოჯახის წევრებსაც. კადრების ყურებისას მას გული აერია და თითქმის გონება დაკარგა, მაგრამ ბანდიტებმა მაინც აიძულეს ვიდეოსათვის ბოლომდე ეყურებინა“.

მისტერ მალხაზ სალაყაიას თქმით, „ბელა ქოლს მარჯვენა ხელზე ახლაც ემჩნევა იძულების კვალი – მას, ასე ვთქვათ, დაღი გაუკეთეს – ხელი ცხელი უთოთი დაუწვეს, ანუ განახორციელეს როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ზეწოლა… რაც შეეხება იმ კითხვას – იყო თუ არა ბელა ქოლი ბანდიტურ ჯგუფთან ახლო კავშირში, გეტყვით, რომ იგი რამდენიმე მათგანც იცნობდა, რომლებიც ბრიტანელები იყვნენ. მან ჯერ ერთი გაიცნო, შემდეგ კი, მისი მეშვეობით, სხვებიც. ჩვენ გვაქვს იმის საფუძველი ვიფიქროთ, რომ ამ ბანდიტურ ჯგუფს ტაილანდში ადგილობრივი ქსელი ჰქონდა“.

სასამართლოს სხდომაზე ბელას მამა, 49 წლის ნილ ქოლი და დეიდა, 51 წლის ქერი ქოლი და ეჭვმიტანილის პაპა ესწრებოდნენ. დედამისი ვიდეოჩართვებით სარგებლობდა. ოჯახის წევრებმა სასამართლოს გირაოს გადახდა შესთავაზეს 13500 გირვანქა სტერლინგის ოდენობით, მაგრამ მოსამართლემ მათი თხოვნა არ დააკმაყოფილა.

სასამართლოს სხდომაზე გაირკვა, რომ ზოგიერთი დეტალი იმ მუქარისა, რომელიც ბანდის წევრებმა ბელა ქოლზე განახორციელეს. „ინსტრუქცია, უფრო ზუსტად კი მუქარა-ულტიმატუმი, რომელიც მას ბანდიტებმა წაუყენეს, გამოიხატებოდა ასეთნაირად; „შენ აიღებ ამ ბარგს და გადაიტან „ა“ პუნქტიდან „ბ“ პუნქტში (კონკრეტული ქვეყნის მითითებით) და თუ ასე არ გააკეთებ, მოგკლავთ. არანაირი ლაპარაკი და პირობა რაიმე კომპენსაციაზე და ფულის გადახდაზე არ ყოფილა. ბელა, უბრალოდ, აიძულეს, რომ დანაშაულებრივი ქმედება ჩაედინა“.

„ვარაუდი იმისა, რომ ბანდის ერთ-ერთი წევრი ბელა ქოლის ბავშვის მამაა, სიმართლეს არ შეესაბამება. მე ამას კატეგორიულად უარვყოფ. გოგონას ფეხმძიმობას ბანდის წევრთან არავითარი კავშირი არ აქვს. ვერც იმას ვიტყვი, იცის თუ არა ბავშვის მამამ ბელას მდგომარეობა“, – ამბობს მისტერ მალხაზ სალაყაია.
ადვოკატმა ტაილანდის პოლიცია ბანდიტებთან კავშირში დაადანაშაულა და თქვა, რომ „სანამ ბელა ქოლი ბანგკოკში იყო, ძალიან შემაშფოთებელი და საგანგაშო ეპიზოდი მოხდა: ბელამ ისარგებლა მომენტით, რომ რომელიმე პოლიციელთან მისულიყო და თავისი გასაჭირი ეთქვა. პოლიციელები სამნი იყვნენ და ქუჩაში იდგნენ. მან უთხრა, რომ პრობლემა ჰქონდა და დახმარებოდნენ. ისინი 20 წუთი ლაპარაკობდნენ და ბოლოს მათ ისევ იმ ადამიანებთან დააბრუნეს, ვისგანაც ბელა გაიქცა და თავის გადარჩენას ცდილობდა. ეს ფაქტი საფუძველს გვაძლევს მარტივი დასკვნა გავაკეთოთ – ბანდიტური ჯგუფი ადგილობრივ პოლიციასთან კავშირში იმყოფებოდა“.
მალხაზ სალაყაია ვრცლად მოჰყვა, თუ როგორ ჩამოაღწია თბილისამდე ბელა ქოლმა: „მას უთხრეს, რომ იგი ერთ-ერთ ქვეყანაში გზავნიდნენ. ჩასვეს ავტომანქანაში, მიიყვანეს აეროპორტში, იქ გამყოლმა პასპორტი და ჩანთა მისცა. ბელა ქოლმა, როგორც ირკვევა, საპასპორტო კონტროლის დროს კონტროლიორს უთხრა, რომ ჩანთა მისი არ იყო, მაგრამ მან ყურადღება არ გაამახვილა“.

„როცა იგი თბილისში ჩამოფრინდა, პოლიციელებმა ბარგის შემოწმებისას ნარკოტიკები იპოვეს ვაკუუმური შეფუთვით. ბელა ქოლმა მათ აცნობა, რომ ჩანთა მისი არ არის და რომ მას უბრძანეს თბილისში ჩასვლისას ბარგი სხვისთვის გადაეცა და ამით მისი მისია შესრულებული იქნებოდა. ბელა ქოლი ნაწილობრივ აღიარა პოლიციელებთან, რომ იგი მუქარისა და ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა და ამიტომ იძულებული გახდა ნარკოტიკები წამოეღო. მას ბანგკოკში ფოტოსურათი აჩვენეს და უთხრეს, რომ ბარგი იმ ადამიანისათვის გადაეცა“, – ამბობს ადვოკატი.

მალხაზ სალაყაია ამბობს, რომ ნარკოტიკები ბელა ქოლს არ ეკუთვნის, ხოლო ბარგი უცნობმა პიროვნებამ დაარეგისტრირა მის სახელზე.

ადვოკატმა იმედი გამოხატა, რომ მოსამართლე ისარგებლებს შემამსუბუქებელი გარემოებებით და ბელა ქოლი მხოლოდ დაჯარიმდება და იგი დეპორტირებული იქნება დიდ ბრიტანეთში. „ეს რეალური სცენარია“, – განაცხადა მალხაზ სალაყაიამ.
სასამართლო პროცესი 10 ივლისს გაიმართება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

,,არჩევნები იდეალურად იყო ორგანიზებული, სამართლიანად ჩატარდა და არანაირი დარღვევა მომხდარა”- დანიელ ფაზლერი

შვეიცარიის პარლამენტის წევრმა, ეუთოში შვეიცარიის დელეგაციის წევრმა, დანიელ ფაზლერმა, პორტუგალიაში გამართულ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას, საქართველოში ჩატარებულ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა.

მისი თქმით, არჩევნებზე დამკვირვებელი იყო, ხოლო ჩატარებული არჩევნების მეორე დღეს, ყველა დამკვირვებელი შეთანხმდა, რომ საარჩევნო პროცესი იდეალურად იყო ორგანიზებული, სამართლიანად ჩატარდა და არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. მისივე განცხადებით, მთავარი კი ის არის, რომ “გადაწყვეტილება საქართველოს მოსახლეობამ მიიღო”. 

“საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, ამიტომ, შვეიცარიას აქვს დაცვის მანდატი და ის ინარჩუნებს დიპლომატიურ ურთიერთობებს საქართველოს სახელით რუსეთში და რუსეთის სახელით საქართველოში. ამიტომ, ჩვენთვის საქართველოში არსებული ვითარება ძალიან მნიშვნელოვანია.

გასულ წელს, მე არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წევრი ვიყავი. მინდა, კიდევ ერთხელ გავიხსენო, რომ არჩევნების მეორე დღეს, ბრიფინგის დროს, ყველა დამკვირვებელი შევიკრიბეთ და ერთმანეთს ვკითხეთ, თუ როგორი იყო არჩევნები, დავასკვენით, რომ არჩევნები იდეალურად იყო ორგანიზებული, სამართლიანად ჩატარდა და არანაირი დარღვევა არ მომხდარა. არჩევნების შედეგი ბევრ ევროპულ სახელმწიფოს არ მოეწონა. ეს არ არის ის, რაც ჩვენი გადასაწყვეტია – გადაწყვეტილება საქართველოს მოსახლეობამ მიიღო,” – განაცხადა დანიელ ფაზლერმა.

“ნატოს სამიტმა უკრაინის მძიმე მდგომარეობა ვერ დამალა. კიევის მდგომარეობა სწრაფად უარესდება”-financial times

„ნატოს სამიტმა უკრაინის მძიმე მდგომარეობა ვერ დამალა. კიევის მდგომარეობა სწრაფად უარესდება“ – ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) დაბეჭდილ სტატიას, რომლის ავტორია გიდეონ რიხმანი. მასალაში განხილულია უკრაინის დღევანდელი მდგომარეობა და პერსპექტივა – რა მოხდება რუსეთთნ ომში, თუ კიევს დასავლეთი არ დაეხმარება.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

როცა დონალდ ტრამპი ნატოს სამიტიდან ვაშინგტონში დაბრუნდა, თეთრმა სახლმა სოციალურ ქსელში გამოაცხადა, რომ   „მამიკო სახლში დაბრუნდა“. ეს პოსტი ერთდროულად საზეიმოც იყო და ღიმილის მომგვრელიც და მიანიშნებდა იმ „სახელზე“, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ უწოდა. ამბობენ, რომ გენმდივანმა ასეთი მოფერებითი ფორმით დონალდ ტრამპს იმიტომ მიმართა, რომ სამიტის დროს ლიდერების ერთიანობის შენარჩუნებას ცდილობდა. მართლაცდა, ევროპელი ლიდერები მთლიანობაში ნამდვილად გამოიყურებოდნენ კმაყოფილნი იმ სამიტის შემდეგ, რომელიც პირველად გაიმართა დონალდ ტრამპის მეორე ვადით პრეზიდენტად არჩევის შემდეგ.

შიშები, რომ აშშ-ის პრეზიდენტი სამიტს ნაადრევად დატოვებდა, ან საერთოდ ნატოდან გასვლას განაცხადებდა, არ გამართლდა. ნატოს ყველა ევროპელმა წევრმა ივალდებულა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5%-ს სამხედრო ხარჯებს მოახმარდა.

ერთ-ერთი ევროპელი ლიდერის აზრით, სამიტის დროს სამი ძირითადი მიზანი იქნა მიღწეული: პირველი – ნატო გადაერთო თავის საკვანძო მისიის შესრულებაზე – რუსეთის შეკავებაზე. მეორე – ჩრდილოატლანტიკური ალიანსი სამხედრო ხარჯების თვალსაზრისით უბრუნდება ცივი ომის დროინდელ დონეს, რუსეთის სწრაფი მილიტარიზებისა და ძლიერების ზრდის პასუხად. მესამე – ჩრდილოატლანტიკური ბლოკის წევრი ევროპული ქვეყნების მიერ სამხედრო ხარჯების გაზრდის შედეგად ნატო ევროპასა და ამერიკას შორის ყველაზე დაბალანსებული ალიანსი გახდება.

ჰააგის სამიტის ატმოსფერო შეცვალა იმ ფაქტმაც, რომ შეხვედრა გაიმართა აშშ-ის ირანისადმი დარტყმების შემდეგ: დონალდ ტრამპი ნიდერლანდებში კარგი განწყობით ჩავიდა, ხოლო მისმა გადაწყვეტილებამ ირანის ფორდოს ბირთვული ობიექტის დაბომბვის თაობაზე ევროპელებს გაუქრო ის შიშები, რომ აშშ-ის პრეზიდენტი საერთოდ თავს აარიდებდა ძალის გამოყენებას. გარდა ამისა, დონალდ ტრამპი მეგობრულად შეხვდა ვოლოდიმირ ზელენსკის და ამით ნაწილობრივ მაინც გამოსწორდა სიტუაცია თეთრ სახლში თებერვალში მომხდარი სკანდალური შეხვედრის შემდეგ.

მაგრამ იმ დროს, როცა უკრაინის დიპლომატიის საქმე კარგად მიდის, ამას ვერ ვიტყვით ომზე, სადაც სიტუაცია უარესია. ნატოს ზოგიერთი ლიდერი შიშობს, რომ ფრონტის ხაზზე მდგომარეობა შეიძლება სერიოზულად გართულდეს ორიოდე თვის შემდეგ, შემოდგომის დასაწყისში. რეალურად ამას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ქაღალდზე დაწერილ რომელიმე ვალდებულებას და პირობას, რომლებიც ნატოს კომუნიკეშია ნახსენები. სამხედრო შეფასებები აჩვენებენ, რომ როგორც რუსეთის, ისე უკრაინის ჯარები ახლოს არიან გამოფიტვის ზღვართან, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს თავისი არმიის ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნება მინიმუმ კიდევ ერთი წელი მაინც შეუძლია, უკრაინას კრიტიკულ წერტილს უკვე ექვს თვეში მიაღწევს – თუ მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას არ მიიღებს.

(…)

უკრაინის არმიას ისეთი პრობლემებიც საკმაოდ აქვს, რომელთა მოგვარება დასავლელ მოკავშირე ქვეყნებს არ შეუძლიათ – მაგალითად, არმიის პირადი შემადგენლობის დეფიციტი. როგორც ითვლება, რუსეთმა ომის განმავლობაში მილიონამდე ჯარისკაცი დაკარგა დაღუპულებისა და  დაჭრილ-დასახიჩრებულების სახით, მაგრამ უკრაინის არმიის დანაკარგებიც არანაკლებია. ამ შემთხვევაში უფრო მძიმე მდგომარეობა უკრაინას აქვს, რადგან რუსეთის მოსახლეობის რაოდენობა 4-ჯერ აღემატება უკრაინის მოსახლეობის რაოდენობას, ანუ კრემლს უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს ცოცხალი ძალის შევსების თვალსაზრისით.

(…)

რა თქმა უნდა, ომების მიმდინარეობას წინასწარ ზუსტად ვერ გათვლი, ყველაფერს წინასწარ ვერ იწინასწარმეტყველებ – განწყობები ხშირად შეიძლება შეიცვალოს. ზოგიერთები დასავლეთში ამტკიცებენ, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთის შეტევებს გაუძლოს მომავალი წლის განმავლობაშიც კი. მათი თქმით, დიდი დანაკარგების მიუხედავად, რუსეთმა გასულ წელს მხოლოდ ის შეძლო, რომ დამატებით უკრაინის ტერიტორიის მხოლოდ 0,25% დაიკავა. ოპტიმისტების მტკიცებით, უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მაღალი დონის ოსტატობამ დრონების მართვის საქმეში შეუძლებელი გახადა რუსეთის არმიის მსხვილი დაჯგუფებების შეტევების განხორციელება. მათივე თქმით, თუნდაც რუსეთმა უკრაინელების პოზიციები გაარღვიონ, კრემლს მაინც არ ეყოფა მექანიზებული ქვედანაყოფები, რომ ამ მიღწევით ისარგებლოს.

ომის მსვლელობაში უკვე მრავალჯერ დამტკიცდა, რომ ზოგიერთი საყოველთაოდ აღიარებული სიბრძნეც კი შეიძლება მცდარი აღმოჩნდეს. მაგრამ თუ მზარდი პესიმიზმი მათ შორის, ვინ ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინის მოვლენებს, გამართლდება, მაში ნატოს სამიტით გამოწვეული ნებისმიერი პოზიტიური განწყობა შეიძლება მალე გაქრეს. ნატოს გენერალური მდივანი, რომელიც ცნობილია ხალისიანი განწყობით და მუდმივი ღიმილით. მაგრამ ვნახოთ, გაიცინებს თუ არა მარკ რიუტე წლის ბოლოს. სიცილის გაგრძელება, ალბათ,  ძნელი იქნება.

წყარო:

მოამზადა სიმონ კილაძემ

ძალიან კი გინდათ, რომ გავიქცე, მაგრამ ვერ მოესწრებით! – გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიის წევრებს

მოთმინების ამოუწურავი ლიმიტი არ მაქვს. თქვენ ვალდებულება გაქვთ, რომ იქ იჯდეთ, სადაც ზიხართ და ჩემს კითხვებს უპასუხოთ, – ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, ყოფილ შს მინისტრს გიორგი გახარიას, როცა ის ე.წ. ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით საუბრობდა.

მან თეა წულუკიანს სთხოვა, რომ მისთვის საკითხზე საუბრის დასრულება ეცლია და არ გაეწყვეტინებინა.

„ჩემთვის მორალურად, ადამიანურად, აბსოლუტურად გაუგებარია და მიუღებელია, როდესაც სახელმწიფო, რომელსაც მიაჩნია, რომ ეროვნულ ინტერესებს იცავს, სოფლის მოსახლეობას იყენებს, იმისთვის, რომ ჩვენებები მოაგროვოს პროკურატურის პოლიტიკური დევნისთვის. მაშინ, როდესაც თქვენივე მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრი და სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი ჩვეულებრივ ცრუმოწმედ და დამსმენად აქციეთ. საქართველოს მაშინ ამ ტყეზე ეფექტური კონტროლი არ ჰქონდა და ამ ტყეზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა საოკუპაციო ძალები. ამას ადასტურებს არა ჩემი სიტყვები, ამას ადასტურებს სუს-ის 2019 წლის წლიური ანგარიში, EUMM -ის 2019 წლის პრესსრელიზი. ასევე, ჟენევის მოლაპარაკებების 49-ე რაუნდის შედეგობრივი განცხადება, რომელიც საქართველოს წარმომადგენლებმა გააკეთეს.

საქართველოს მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ ამ ტერიტორიაზე ეფექტური კონტორლი საქართველოს არ ჰქონდა და ამას ახოციელებდა საოკუპაციო ძალები. შესაბამისად, 2019 წლის დასაწყისიდან ყველა შესაბამისი ორგანო, მათ შორის EUMM -იც, სუს-იც, მათ შორის გდდ-ის შესაბამისი დანაყოფებიც, რომლებიც ამ ტერიტორიაზე დრო და დრო იყვნენ, იმიტომ, რომ მუდმივი პატრულირების რესურსი არ არსებობდა და შეუძლებელი იყო. შედეგად, იქ აღმოჩნდა ეს ნიშნები, რომ საოკუპაციოდ, ბორდერიზაციის განსახორციელებლად ეს ტერიტორია მზადდებოდა. აქედან მომდინარეობდა ეს რისკები, როცა იქ შესულ ადამიანებს აკავებდნენ, ზოგს უშვებდნენ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მას კომისიის წევრებმა სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინეს იმ მიზეზით, რომ ყოფილი შს მინისტრისთვის კითხვები უნდა დაესვათ.

„ჩაიწერეთ და ბოლოში მკითხეთ!“- მიმართა გახარიამ წულუკიანს, რასაც წულუკიანმა უპასუხა, რომ თავად გადაწყვეტდა, რას ჩაიწერდა და რას არა.

„მე რას ჩავიწერ და გადმოვიწერ ჩემი საქმეა. მომისმინეთ, კითხვას ვსვამ, აქ მე მოთმინების ამოუწურავი ლიმიტი არ მაქვს. თქვენ ვალდებულება გაქვთ, რომ იქ ისხდეთ, სადაც ზიხართ და ჩემს კითხვებს უპასუხოთ, ჩემგან განსხვავებით. „სისხლის სამართლის კოდექსში“ წერია ეს ვალდებულება. ვალდებულება რომ არ გქონდეთ, ჩართვაზე ვედრებას არ გამოაგზავნიდით“, – მიმართა წულუკიანმა გახარიას.

წულუკიანის ამ რეპლიკას გახარიამ უპასუხა, რომ „მოთმინების ლიმიტი არც მას აქვს“.

„მოთმინების ლიმიტი არც მე არ მაქვს, გთხოვეთ, რომ დამასრულებინეთ. არ მაქვს [აქ ჯდომის] ვალდებულება. ნუ ღელავთ თან, დამშვიდდით!“- განაცხადა გახარიამ. მის ამ განცხადებას კი კომისიის წევრი თენგიზ შარმანაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დასასამშვიდებელი თავად გახარიაა.

„დასამშვიდებელი ვინაა და გაქცეული ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, კარგად ჩანს“,- მიმართა შარმანაშვილმა გახარიას.

თავის მხრივ კი გახარიამ უპასუხა, რომ „ძალიან კი გინდათ, რომ გავიქცე, მაგრამ ვერ მოესწრებით!“

აქვე, ამ განცხადებას მცირე რეპლიკით უპასუხა წულუკიანმაც.

„მიიღებთ, ალბათ, იქ გარანტიებს და ჩამოხვალთ მერე“,- აღნიშნა წულუკიანმა.

რუსთაველის ფონდმა 2025 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების კონკურსი გამოაცხადა

გამოცხადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის   2025 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების კონკურსი.  

კონკურსის მიზანიაინტელექტუალური პოტენციალის განვითარება და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო პერსონალის მომზადება, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენება, სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა, დოქტორანტებისა და უნივერსიტეტების უცხოეთში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობა და ამ გზით საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრირება. წარმატებული, ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევარების გამოვლენა და მათი სადოქტორო კვლევების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში განხორციელების ხელშეწყობა, ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო კვლევით პროექტებში ინტეგრირება და საქართველოში სამეცნიერო კვლევების ხარისხის ზრდა. ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა.

დეტალური ინფორმაცია  კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ფონდის ვებგვერდზე.