Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

რუსეთთან ტყვეების გაცვლის შედეგად უკრაინამ 189 მოქალაქე დაიბრუნა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან ტყვეების გაცვლის შედეგად უკრაინამ 189 მოქალაქე დაიბრუნა.

ამის შესახებ ზელენსკიმ „ტელეგრამ-არხში“ დაწერა.

„ჩვენი ხალხის დაბრუნება რუსული ტყვეობიდან, ეს ყოველთვის კარგი სიახლეა ყველა ჩვენგანისთვის. დღეს ერთ-ერთი ასეთი დღეა. ჩვენმა გუნდმა შეძლო სახლში 189 უკრაინელის დაბრუნება. ისინი არიან დამცველები „აზოვსტალიდან“ და მარიუპოლიდან, ჩერნობილის ატომური სადგურიდან, კუნძულ ზმეინიდან, ფრონტის სხვადასხვა მიმართულებიდან. მათ შორის არიან ჯარისკაცები, სერჟანტები, ოფიცრები. არიან ეროვნული გვარდიის წევრები, მათ შორის აზოვიდან, მესაზღვრეები, ტერიტორიული თავდაცვის ძალების წევრები, სამხედრო-საზღვაო ძალების და შეიარაღებული ძალების მეომრები. ასევე, მარიუპოლში დაკავებული ორი სამოქალაქო პირი. თითოეულს სახლში ახლობლები და ნათესავები ელოდებიან. სასიხარულოა, რომ ჩვენ მათი დაბრუნება შევძელით. დღეს კიდევ 189 ოჯახია ბედნიერი“, – წერს ზელენსკი.

უკრაინის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, ეს ომის დაწყებიდან ტყვეების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გაცვლაა.

2024 წელს რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლა 11-ჯერ შედგა.

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების პროცესის შედეგად გათავისუფლდა 150 რუსი სამხედრო.

უწყების ცნობით, ტყვეთა გაცვლა 150-150-ზე ფორმულით შედგა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ სამხედრო ტყვეების გაცვლა არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით მოხდა.

 ჩვენ არ ვართ იმედგაცრუებული, პირიქით, ჩვენი ხალხის იმედი გვაქვს -პაატა მანჯგალაძე

შენობასთან არანაირად არაა დაკავშირებული ლეგიტიმაცია, ყაველაშვილი თუ შევა იმ შენობაში, საქართველოს პრეზიდენტი ვერ გახდება,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არალეგიტიმური ხელისუფლება დიდხანს ვერ გაძლებს.

„შენობასთან დაკავშირებით, ჩვენ არანაირი რევოლუციური გეგმა არ გვქონია, შესაბამისად, არავინ იმედგაცრუებული არ არის. ხალხი ქუჩაშია, ხვალაც, ახალ წელს ძალიან ბევრი ადამიანი იქნება საქართველოსთვის ქუჩაში. ეს იმედს გვაძლევს, რომ არალეგიტიმური ხელისუფლება დიდხანს ვერ გაძლებს. ასეთი გაგებით, თქვენ რომ ამბობთ, გეგმა არ არსებობს. გეგმა არის ხალხი ქუჩაში, რომ პროტესტი იყოს უწყვეტი, სანქციები დაედოს ყველა მავნებელს და ვიბრძოლოთ გამარჯვებამდე. რაც შეეხება იმას, რომ სალომე ამბობს, რომ იქნება ხალხთან, ჩვენ ვართ ხალხთან, ხალხი არის საქართველოსთან, ანუ, ყველა ერთად ვართ. საოცარი პროპაგანდაა. ბელარუსის გაკვეთილები კარგად შევისწავლეთ, თქვენ უნდა თქვათ, რომ ხალხი არ დადის, უნდა თქვათ, რომ იმედგაცრუებულია ოპოზიცია, ჩვენ არ ვართ იმედგაცრუებული, პირიქით, ჩვენი ხალხის იმედი გვაქვს. რატომ გინდათ, რომ ლეგიტიმაციის საკითხი, ან პრეზიდენტი ვინ იქნება, დაკავშირებული იყოს რაიმე შენობასთან? საერთოდ არ ვფიქრობ, რომ შენობაში ყოფნა-არ ყოფნით რაიმე იცვლება“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მოსკოვში სომხეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი დააკავეს

რუსმა სამართალდამცველებმა მოსკოვში სომხეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი არშაკ კარაპეტიანი დააკავეს.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, კარაპეტიანი ოფიციალური ერევნის თხოვნის საფუძველზე დააკავეს. სომხეთში მას სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე დანაშაულის ჩადენას ედავებიან.

უახლოეს მომავალში მისი სომხეთში ექსტრადირების საკითხს განიხილავენ.

არშაკ კარაპეტიანი სომხეთის თავდაცვის მინისტრად 2021 წელს დაინიშნა. რამდენიმე თვიანი მინისტრობის შემდეგ მან თანამდებობა დატოვა.

ილია მეორე მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

ილია მეორე მიხეილ ყაველაშვილს მომავალ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს.

„გულითადად გილოცავთ ქრისტეს შობის დიდებულ დღესასწაულს და ახალ წელს. გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას და გისურვებთ წარმატებებს თქვენს მაღალ მსახურებაში“, – აღნიშნულია მისალოც წერილში.

რა ეღირება დოლარი და ევრო 31 დეკემბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8068 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8068 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8021 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0125 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9306 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9142 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0198 ლარი შეადგინა.

აშშ უკრაინას 2,5 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინას 2,5 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი გადასცეს.

ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

„დღეს მე სიამაყით ვამბობ, რომ გამოვყოფ თითქმის 2,5 მილიარდ დოლარს უკრაინის უსაფრთხოების დასახმარებლად, ვინაიდან უკრაინელი ხალხი აგრძელებს საკუთარი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვას რუსული აგრესიისგან“, – ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

დახმარება ორი პაკეტისგან შედგება – 1,25 მილიარდი დოლარი უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას მოხმარდება, ხოლო 1,22 მილიარდი დოლარი უკრაინის უსაფრთხოების ხელშეწყობის ინიციატივაზე (USAI) დაიხარჯება.

როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დახმარების ახალი პაკეტის მეშვეობით უკრაინას მეტი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, არტილერია და სხვა შეიარაღება ექნება.

თეთრი სახლის ცნობით, აშშ ბაიდენის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ომში უკრაინის პოზიციების გაძლიერებაზე მუშაობას გააგრძელებს.

„თავდაცვის დეპარტამენტი ასობით ათასი საარტილერიო ჭურვის, ათასობით რაკეტისა და ასობით ჯავშანტექნიკის მიწოდების პროცესშია, რამაც უკრაინის პოზიციები ზამთარში უნდა გააძლიეროს“, – დასძინეს თეთრ სახლში.

აფხაზეთი რუსეთთან ურთიერთობების გამყარებას შეეცდება – აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ვლადიმერ პუტინს

აფხაზეთი შეეცდება, გაამყაროს რუსეთთან ურთიერთობები და შეინარჩუნოს თანამშრომლობა ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი“ ბადრა გუნბა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის გაგზავნის საახალწლო მისალოც წერილში წერს.

„მაღალ შეფასებას ვაძლევთ რუსეთის მიერ მუდმივად გაწეულ მხარდაჭერას იმ ენერგეტიკული კრიზისის დაძლევაში, რომელსაც აფხაზეთი განიცდის და სხვა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხების გადაჭრაში. აფხაზეთის რესპუბლიკა გააგრძელებს ძალისხმევას ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად, სტაბილურობისა და თანამშრომლობის შესანარჩუნებლად ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში“, – ნათქვამია მილოცვაში.

მან ვლადიმერ პუტინს სამთავრობო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„გულწრფელად გისურვებთ, ძვირფასო ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, ჯანმრთელობას და შემდგომ წარმატებებს სამთავრობო საქმიანობაში, ხოლო მშვიდობასა და კეთილდღეობას რუსეთის ფედერაციის ყველა მოძმე ხალხს“, – აღნიშნა ბადრა გუნბამ.

რის მიღწევა სურს დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილ მარკო რუბიოს? – Financial Times

ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 30 დეკემბრის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „რის მიღწევა სურს დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილ მარკო რუბიოს?“ (ავტორი – ფელისია შვარცი), რომელშიც აშშ-ის მომავალი მთავარი დიპლომატის პოლიტიკური პორტრეტის შტრიხებია გადმოცემული.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი თავის ძირითად შიდაპარტიულ მეტოქეს რესპუბლიკელი მარკო რუბიოს „პატარა მარკოს“ უწოდებდა, ზოგჯერ კი „მგუდავ მახრჩობელას“. თავის მხრივ, არც მარკო რუბიოც არ აკლებდა შეფასებებს – ჰიუსტონში გამოსვლისას მას თქვა, რომ დონალდ ტრამპი ვაჭარია და რომ არა მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონება, მას თავის რჩენა იაფფასიანი საათების გაყიდვით მოუწევდა მანჰეტენზეო“. მართალია, სულ მალე მარკო რუბიოს საპრეზიდენტო კამპანია დასრულდა, მაგრამ მათი მწარე დაპირისპირება არავის არ დავიწყებია.

What does Trump’s foreign policy chief Marco Rubio stand for?და ამ დროს გასულ თვეში, რამდენიმე კვირით ადრე თეთრ სახლში დაბრუნებამდე, დონალდ ტრამპმა ძველი მოწინააღმდეგე თავის ახალ ადმინისტრაციაში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე დანიშნა – აშშ-ის სახელმწიფო მდივნად.

არჩეული პრეზიდენტის მიერ გადადგმული ნაბიჯი იმდებად მოულოდნელი იყო, რომ უცხოელმა მოკავშირეებსაც კი გაუკვირდათ, თუმცა გარკვეულწილად შვებითაც კი ამოისუნთქეს. შვებით იმიტომ, რომ მარკო რუბიო ბევრად სჯობს დონალდ ტრამპის მიერ შერჩეულ კანდიდატურებს სხვა თანამდებობებზე, მაგალითად, ეროვნული უშიშროების სფეროში პიტერ ჰეგსეთს („ფოქს ნიუსის“ კომენტატორს, რომელიც თავდაცვის საკითხებში მრჩეველი იქნება) და ტულსი გაბარდს (ეროვნული დაზვერვის დირექტორს, რომელსაც მისი რუსეთუმე პოზიციის გამო არკიტიკებდნენ).

„გულახდილად თუ ვიტყვი, დონალდ ტრამპის მიერ შერჩეული ზოგიერთი პიროვნების გამო გაოცებისაგან ყბა კინაღამ ჩამოგვივარდა, მაგრამ არა მარკო რუბიოს მიმართ“, – თქვა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ნატოს წევრი ქვეყნიდან, – მარკო რუბიოს დიდი გამოცდილება აქვს საგარეო პოლიტიკაში და კარგად აცნობიერებს ძლიერი სამხედრო ალიანსების მნიშვნელობას“.

რასაკვირველია, მარკო რუბიოს სიტუაციაში გარკვევა დაჭირდება: ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მემკვიდრეობას ძალიან ბევრ პრობლემასა და ამოცანას ტოვებს, რუსეთ-უკრაინის და ახლო აღმოსავლეთის ომების ჩათვლით, აგრეთვე სირიის არასტაბილურობის პოტენციურ გაძლიერებას, რომ არაფერი ვთქვათ გეოპოლიტიკურ უთანხმოებას ჩინეთთან (აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში) და სავაჭრო დავას ისეთ მოკავშირეებთან, როგორებიც არიან კანადა, მექსიკა და ევროკავშირი.

კონგრესის ზედა პალატის – სენატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ვეტერანი და მთავარი რესპუბლიკელი დაზვერვის კომიტეტში მარკო რუბიო კაპიტოლიუმში ყველაზე მეტად არის ცნობილი ჩინეთის მიმართ გამოხატული აგრესიული პოზიციით. იგი ერთ-ერთი პოლიტიკოსი, რომელმაც თავის დროზე ამერიკა იმ საფრთხეზე გააფრთხილა, რომელსაც ჩინეთის ლიდერად სი ძინპინის არჩევა გამოიწვევდა.

მართალია, თავის დროზე სწორედ თავისი განცხადებების გამო განეწყო მის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის პირველი ვადის დროინდელი გარემოცვა და უთანხმოება შეიტანა რესპუბლიკური პარტიის იმ ფრთაში, რომელიც „ამერიკისათვის ძველი დიდების აღდგენის“ (MAGA) მომხრე იყო, მათ შორის დონალდ ტრამპ-უმცროსთანაც (არჩეული პრეზიდენტის ვაჟი პირველი ცოლისგან), რომელიც საჯაროდ გამოდიოდა ფლორიდელი სენატორის კრიტიკით და მამას ეუბნებოდა – რუბიო სანდო კაცი არ არისო.

სხვათა შორის, თვითონ ტრამპ-უმცროსსაც ჰყავდა თავისი კანდიდატურა აშშ-ის უმაღლეს დიპლომატიურ პოსტზე – რიჩარდ გრენელი, მაგრამ მამამისმა მას, სახელმწიფო მდივნის თანამდებობის ნაცვლად, რაღაც გაურკვეველი თანამდებობა შესთავაზა – „დესპანი სპეციალური მისიისათვის“.

ასეა თუ ისე, MAGA-ს მომხრე რიგ თანაპარტიელთა უკმაყოფილების მიუხედავად, მარკო რუბიოს სახელმწიფო მდივნად და მაიკ უოლცის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად დანიშვნებმა აშშ-ის ბევრი მოკავშირე დაამშვიდა.

„მათ აშკარაა, რომ მემარჯვენე შეხედულებები აქვთ, მაგრამ სწორად აზროვნებენ“, – ამბობს ევროპელი დიპლომატი, – მათ ისეთი განცხადებები გააკეთეს, რომლებსაც მე პირადად არ ვეთანხმები, მაგრამ ისინი არ გამოდიან ჩვეულებრივი პოლიტიკური გადაწყვეტილებების ჩარჩოებიდან. მთავარია, რომ ორივე ალიანსების მომხრეები არიან, მათ შორის ნატოს მხარდამჭერები“.

უცხოელ დიპლომატთა მსგავსად, ვაშინგტონის საგარეოპოლიტიკურ ისტებლიშმენტსაც აინტერესებს, თუ როგორი გავლენიანები იქნებიან მარკო რუბიო და მაიკ უოლცი და როგორი ურთიერთობა ექნებათ მათ  პიტერ ჰეგსეთთან (მრჩეველთან თავდაცვის საკითხებში) და ტულსი გაბარდთან (დაზვერვის დირექტორთან) ან სებასტიან გორკასთან (ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილესთან), რომელსაც რუბიო და უოლცი ისლამოფობიის გამო აკრიტიკებდნენ.

ამასთან, ნატოს წევრი ერთ-ერთი ქვეყნის მაღალჩინოსანს მაინცდამაინც დიდი ოპტიმიზმი არ გამოუხატავს  მარკო რუბიოს მიმართ: „ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ იქნებიან მისი მოადგილეები და რამდენად ძლიერი იქნება მისი პოზიცია აშშ-ის  ეროვნული უშიშროების საბჭოში“.

„ბევრ ახალ საკმაოდ მოძრავ ფიგურას ვხედავ, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს ხალხი თავიანთ როლს კარგად აცნობიერებენ. დრო იქნება საჭირო, რომ ისინი თავიანთ მოვალეობებში გაერკვნენ და ეჭვი მაქვს, რომ საქმე საკმაოდ ჩაიხლართება“, – ამბობს აარონ დევიდ მილერი, რომელიც კონსულტაციას უწევდა რამდენიმე რესპუბლიკელ და დემოკრატ სახელმწიფო მდივანს, ამჟამად კი კარნეგის ფონდში მუშაობს.

მარკო რუბიო წარმოშობით კუბელია, მისი მშობლები კუნძულიდან აშშ-ში 1956 წელს წამოვიდნენ, ფულჰენსიო ბატისტას რეჟიმის დროს, კუბის ხელისუფლებაში ფიდელ კასტროს მოსვლამდე ორი წლით ადრე. მარკო მაიამიში (ფლორიდას შტატი) დაიბადა, ბავშვობის პერიოდის ნაწილი კი ლას-ვეგასში გაატარა, სადაც მამამისი მარიო კაზინოს ბარმენად მუშაობდა, ხოლო დედა ორეალესი – სასტუმროს მნედ (ეკონომად). მოგვიანებით დედამისმა მუშაობა ფაბრიკაში დაიწყო და იმავდროულად თავის ოთხ შვილს ზრუნვას არ აკლებდა. სიყმაწვილეში მარკო რუბიო მისურის შტატის ტარკიოს კოლეჯში ფეხბურთსაც თამაშობდა. 1993 წელს მომავალმა სენატორმა და სახელმწიფო მდივანმა ფლორიდის უნივერსიტეტი დაამთავრა სპეციალობით „პოლიტოლოგია“.

კუბელი ემიგრანტების ვაჟი აშშ-ის კონგრესში – სენატში პირველად 2011 წელს იქნა არჩეული, ანუ სანამ 2016 წელს საპრეზიდენტო კამპანიას დაიწყებდა. სწორედ იმ პერიოდში ჩამოუყალიბდა მარკო რუბიოს სკეპტიციზმი აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მიმართ.

„ჩვენ შევდივართ პრაგმატული საგარეო პოლიტიკის ეპოქაში, რომელშიც მსოფლიო სწრაფად იცვლება. ჩრდილოეთი კორეა, ირანი, ჩინეთი და რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ ერთიანდებიან. მათი პოლიტიკა სულ უფრო კოორდინირებული ხდება“, – ამბობდა მარკო რუბიო ჯერ კიდევ 2016 წელს CNN-ის ეთერში გამოსვლისას, – ეს ჩვენგან ასევე პრაგმატულ მოქმედებას ითხოვს: კარგად უნდა ვიცოდეთ, ვის ვაფინანსებთ საზღვარგარეთ, რას ვაკეთებთ და როგორ მიდგომა გვაქვს მოვლენების მიმართ“.

კონგრესში ფლორიდის შტატიდან არჩეული სენატორი ყველაზე მეტ აგრესიას ჩინეთის მიმართ ამჟღავნებდა. იგი სენატში გამოსვლისას აუცილებლად იხსენებდა და ხაზს უსვამდა პეკინის ანტიხალხურ პოლიტიკას უიღურების მიმართ სინძიანში. დემოკრატი აქტივისტების დევნას ჰონკონგში და ტაივანის მიმართ ზეწოლას. ამის საპასუხოდ კომუნისტურმა ჩინეთმა მარკო რუბიოს წინააღმდეგ სანქციები დააწესა (სხვა ამერიკელ ჩინოვნიკებთან ერთად) – მისი „შეუწყნარებელი“ მოქმედების გამო ჰონკონგში. კონგრესის წევრად ყოფნის პერიოდში მარკო რუბიომ დაწერა ორი მოხსენება ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეებზე, რომლებიც აშშ-ის ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ უპირატესობას ემუქრებოდა.

მარკო რუბიო ნეოკონსერვატორად ითვლებოდა, როცა იგი 2016 წელს პრეზიდენტობის ერთ-ერთი პარტიული კანდიდატი გახდა და ამერიკას „შეუცვლელ სახელმწიფოდ“ თვლიდა, თუმცა როცა პრეზიდენტად დონალდ ტრამპი იქნა არჩეული, ლაპარაკი დაიწყო აშშ-ის შეზღუდულ რესურსებზე“.

„მსოფლიოში ბევრი ცუდი ამბავი და მოვლენა ხდება, მაგრამ ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ თითოეულ მათგანში. ჩვენ უნდა ავირჩიოთ ისეთი მოვლენები, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისათვის“, – თქვა მან ინტერვიუში კათოლიკური ტელეარხისათვის (EWTN) მიმდინარე წლის 7 ნოემბერს.

მაგრამ, ზოგიერთი ამერიკელი დემოკრატისა და უცხოელ დიპლომატთა სასიხარულოდ, იგი უკანდახევისაკენ [იზოლაციონიზმისაკენ] არ მოუწოდებს. „მსოფლიოსთან ურთიერთობა უნდა გვქონდეს. ამერიკის წასვლა მსოფლიო დიპლომატიიდან უსაფრთხოების სენარჩუების მიზნით, სისულელე იქნებოდა“, – წერს მარკო რუბიო თავის წიგნში სახელწოდებით „დაცემის ათწლეული“, რომელიც 2023 წელს დაისტამბა. მისი აზრით, აშშ-ის როლი ევროპაში მნიშვნელოვანი უნდა იყოს, მაგრამ იმავდროულად, დონალდ ტრამპის მსგავსად, იგი თვლის, რომ ევროპამ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს საკუთარი უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფას.

„რა თქმა უნდა, ამერიკა გააგრძელებს თავის მონაწილეობას ევროპის საქმეებში, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ისეთი ევროპელი მოკავშირეები, რომლებიც უსაფრთხოების უზრუნველყოფის ტვირთს დიდწილად საკუთარ თავზე აიღებენ“, – აღნიშნავს მომავალი სახელმწიფო მდივანი „დაცემის ათწლეულში“, [რომელშიც აშშ-ის დასუსტების მიზეზებია განხილული დემოკრატ ბარაკ ობამას ორვადიანი პრეზიდენტობის პერიოდში].

„მარკო რუბიო ის კაცია, რომელიც მოკავშირეებზე ზრუნავს და მათთან ურთიერთობებს აწყობს, მთელ მსოფლიოში“, – ამბობს სენატორი ჯიმ რიში, სენატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე.

მარკო რუბიო თავიდანვე იყო უკრაინის მტკიცე მოკავშირე რუსეთთან ომში, თუმცა მოგვიანებით, მიმდინარე წელს, მან მხარი არ დაუჭირა კიევის დამატებით დაფინანსებას  და ომის მიმდინარეობა შეაფასა როგორც „პატური სიტუაცია“.

„ჩვენ ნამდვილად გვსურს, რომ ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს, ამისათვის რთული არჩევანის გაკეთება მოგვიხდება“, – ამბობს სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი.

მაგრამ ისევე როგორც დონალდ ტრამპი, მარკო რუბიო „ქორად“ რჩება ირანთან მიმართებით, რომელშიც ახლო აღმოსავლეთის არასტაბილურობის წყაროდ თვლის. იგი ისრელის მტკიცე მხარდამჭერია და სურს, რომ აშშ-ის ახლოაღმოსავლელმა მოკავშირემ „ჰამასი“ ძურ-ფესვიანად ამოძირკვოს. მარკო რუბიო სწორედ „ჰამასის“ დაჯგუფებას თვლის დამნაშავედ ღაზას სექტორში უამრავი ადამიანის დაღუპვაში მას შემდეგ, რაც ისრაელმა შეტევა დაიწყო.

წყარო

ეს ხელოვნურად შექმნილი მარშები არაფერს გეუბნებათ?! არაქართულ ჯაჭვთან დაკავშირებით სააკაშვილის რამდენიმე წლის წინანდელი სიგიჟე არ გახსენდებათ?! – ირაკლი ზარქუა

ეს ხელოვნურად შექმნილი მარშები არაფერს გეუბნებათ?! უცხო ქვეყნად იმპორტირებული, არაბუნებრივი და არაქართულ ჯაჭვთან დაკავშირებით სააკაშვილის რამდენიმე წლის წინანდელი სიგიჟე არ გახსენდებათ?! – ყველაფერში ხელოვნურობაა და მივმართავ ახალგაზრდებს: – ნუ გამოაყენებინებთ თავს ამ უსამშობლოებს! მათ სხვა დაკვეთა აქვთ! – ეს განცხადება მედიასთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

ზარქუას თქმით, ხელისუფლებას პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ არა პარტნიორები, არამედ „ზოგიერთი ლობისტური კომპანიის მიერ დაქირავებული ევროპარლამენტარები, კონგრესმენები და სენატორები, რომელთაც ავტორიტეტი არა აქვთ და რაღაცას იგონებენ“.

„ჩვენ გვყავდა ასეთები: კუბილიუსები და ფოტიგები! ფოტიგა ევროპარლამენტიდან გამოაგდეს, რადგან ის ხალხმა არ აირჩია, ხოლო კუბილიუსი იმდენად არაადეკვატური აღმოჩნდა, რომ პოლიტიკას ჩამოაშორეს და ახლა კოსმოსს იკვლევს.

დავსვით კითხვა, რა არის რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საფუძველი? – ამაზე პასუხი არა აქვთ! შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხი განხილვაშიც კი არ მიიღო, ხოლო ეუთო/ოდირმა საკუთარ დასკვნაში თქვა, რომ ხარვეზების მიუხედავად არჩევნები შედგა. ამით დამთავრდა!

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანა გადარჩეს და დიდ იმპერიებს შორის მსოფლიოს გადანაწილებაში არ მოჰყვეს”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

რაც შეეხება აშშ-ს მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას, ზარქუას თქმით, ივანიშვილი დე-ფაქტოდ ისედაც სანქცირებული იყო

„რისთვის? იმისთვის, რომ ამ კაცმა ქვეყანა არ გაყიდა და ქვეყნის ინტერესების დაცვაზე უარი არ თქვა! ის ამის გამო დაასანქცირეს. ჩვენებურად პატრიოტების ენაზე ეს არის ჯილდო ამ ადამიანისათვის, რადგან მან ქვეყანა დაიცვა.

გუშინ ივანიშვილთან საუბრის შესაძლებლობა გვქონდა და მის განწყობასაც გეტყვით: – დიდი ხანია მე დასანქცირებული ვარ და ჩემთვის ეს არაფერს არ წარმოადგენსო. ქვეყნის სიყვარული არის უდიდესი ჯილდო და მას ასეთი მიდგომა აქვს. ეს კაცი თავისი ოჯახით თითოეულ ქართველს მაგალითს გვაძლევს“, – განაცხადა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა.

ჩვენი ქვეყნის ფუნქციის რეალიზება და დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი როლის მორგება, ასე აქტუალური არასდროს ყოფილა – მაკა ბოჭორიშვილი

ჩვენი ქვეყნის უმნიშნველოვანესი ფუნქციის რეალიზება და დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი როლის მორგება, ასე აქტუალური არასდროს ყოფილა. ამ ხიდის შენებას სჭირდება გეოპოლიტიკური მოცემულობის სწორი შეფასება და ბევრი მუშაობა, იმისათვის, რომ მაქსიმალური სარგებელი ნახოს ჩვენმა ქვეყანამ, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ელჩების კონფერენციის დახურვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, დიდია დიპლომატების როლი პარტნიორებთან ურთიერთობების წარმართვაში და საქართველოს შესახებ დეზინფორმაციული კამპანიების სათანადოდ გამკლავებაში.

„გასული ორი დღის განმავლობაში ჩვენ ბევრი ვიმსჯელეთ საგარეო პოლიტიკის იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც ასახულია საქართველოს მთავრობის დღის წესრიგში.

ვისაუბრეთ გამოწვევებზე, რაც ხშირად ხელოვნურად იქმნება ჩვენი გულწრფელი კონსტიტუციური მიზნებისკენ მიმავალ გზაზე.

ჩვენს მთავარ საზრუნავად ისევ და ისევ რჩება ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა და ყველა საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისთვის, მშვიდობიანი ბრძოლის ყველა შესძლებლობა სათანადოდ გამოვიყენოთ.

საქართველოს მიმართ მიზანმიმართული, ხშირად უსაფუძვლო კრიტიკა და უსამართლო ნაბიჯები მხოლოდ ჩრდილს აყენებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას, იმ ქვეყნებთან ურთიერთობას, საითკენაც მივისწრაფვით.

დიდია ჩვენი, დიპლომატების როლი ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობების წარმართვაში და საქართველოს შესახებ დეზინფორმაციული კამპანიების სათანადოდ გამკლავებაში.

ჩვენი ქვეყნის უმნიშნველოვანესი ფუნქციის რეალიზება და დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი როლის მორგება, ასე აქტუალური არასდროს ყოფილა. ამ ხიდის შენებას სჭირდება გეოპოლიტიკური მოცემულობის სწორი შეფასება და ბევრი მუშაობა, იმისათვის, რომ მაქსიმალური სარგებელი ნახოს ჩვენმა ქვეყანამ.

საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და პროგრესი, არ უნდა რჩებოდეს შეუმჩნეველი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და ამისთვის კიდევ უფრო აქტიურად უნდა გამოვიყენოთ საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობით მონიჭებული შესაძლებლობები.

ჩვენი თანამემამულეების ინტერესების დაცვა, მათთვის სამშობლოსთან კავშირის ხელშეწყობა უნდა იყოს ქართველი დიპლომატების ყოველდღიური საზრუნავი.

საქართველოს დიპლომატიური სამსახური ბოლო პერიოდში ღია და დაუფარავი შეტევის ობიექტი გახდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი სამსახურის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

მხოლოდ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით და თავდაუზოგავი შრომით შევძლებთ საქართველოს სიტყვის იმგვარად თქმას მსოფლიოში, როგორც ეს ჩვენს სამშობლოს ეკადრება.

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ელჩების 2024 წლის კონფერენციის მუშაობაში აქტიური მონაწილეობისთვის და გისურვებთ ბევრ წარმატებას თქვენს საქმიანობაში და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვასა და სათანადოდ წარმოჩენაში”,-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რუსული დეზინფორმაციული პოლიტიკის წარუმატებლობა: პუტინი იძულებული გახდა ალიევისათვის ბოდიში მოეხადა – The Daily Telegraph

„რუსეთმა აზერბაიჯანის თვითმფრინავის ჩამოგდება სიცრუისა და დეზინფორმაციის ქსელით შეფუთა. თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბარში ვლადიმერ პუტინმა თავი აარიდა დანაშაულის პირდაპირ აღიარებას და მიკიბ-მოკიბულად დაიწყო ლაპარაკი „ტრაგიკულ ინციდენტზე, რომელიც რუსეთის საჰარეო სივრცეში მოხდა“, მაგრამ, როგორც მისი ნათქვამიდან ჩანს, რუსული მხარე მკაფიო პასუხისმგებლობას არ იღებს“, – წერს ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) სტატიაში სათაურით „რუსული დეზინფორმაციული პოლიტიკის წარუმატებლობა: ვლადიმერ პუტინი იძულებული გახდა ილჰამ ალიევისათვის ბოდიში მოეხადა“ (ავტორი – დემიუელ რამანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

რუსეთი ძველებურად იქცევა – სინამდვილის აღიარება არ სურს და რეალურ ფაქტს ტყუილების ქსელით ნიღბავს. რუსულმა მასმედიამ რარაც გაურკვეველ შეთქმულების თეორიაზე დაიწყო ლაპარაკი, რომ კრემლისთვის უხერხული ფაქტი დაემალა და მის ნაცვლად თვითმრინავის ავარიის ნამდვილ მიზეზები გამოექვეყნებინა. დაწყებული ჩიტების ძრავაში მოხვედრით და დამთავრებული უკრაინული დრონის შეტევასა და სალონში ჟანგბადის ბალონის აფეთქებით – აი ვერსიები, რასაც რუსული წყაროები აჟღერებდნენ, თანაც სრული დარწმუნებით.

რუსეთის ასეთი პროპაგანდისტული „სახანძრო“ სტრატეგია დიდი ხანია ცნობილია – ამის ნათელი მაგალითია კრემლის რეაქცია 2014 წლის ივლისში უკრაინის საჰაერო სივრცეში „მალაიზიიის ავიაკომპანიის“ თვითმფრინავის ჩამოგდებაზე. მართალია, დასავლეთისათვის ყველაფერი გარკვეული იყო რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულზე, მაგრამ იმ დროს კრემლმა სეძლო და სხვადასხვა პროპაგანდისტული მაქინაციებით მსოფლიოს რიგი ქვეყნები თავის უდანაშაულობაში დააჯერა – მაგალითად, „გლობალური სამხრეთის“ სახელმწიფოები.

შემდეგ იყო უკრაინაში შეჭრის მიზეზების რუსული ინტერპრეტაცია, ბუჩაში მოწყობილი ხოცვა-ჟლეტვის უარყოფა და ტრაგედიის კრემლისეული ახსნა-განმარტება – „პროვოკაციაა და ნუ ენდობითო…“. მოკლედ, დეზინფორმაციის ნაკადს გარკვეულწილად ეფექტური სახე ჰქონდა, მაგრამ ის რაც ასე თუ ისე გაუვიდა მოსკოვს დასავლეთთან, არ გაუვიდა თავის დსთ-ელ პოსტსაბჭოელ პარტნიორთან – აზერბაიჯანთან. არის აშკარა ნიშნები იმისა, რომ აზერბაიჯანი რუსეთის ტყუილებს მედგრად დაუხვდა და მოსკოვს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა, პლუს კომპენსაციის გადახდა დაღუპულთა ოჯახებისათვის.

თავდაპირველად კრემლმა უარი განაცხადა, რის შედეგადაც მისი ავტორიტეტი აზერბაიჯანში შეირყა.  ვლადიმერ პუტინი მიხვდა, რომ გამოუვალ სიტუაციაში ჩავარდა: მან უკვე წააგო სირია, ვერ შეინარჩუნა ბაშარ ასადის რეჟიმი და ახლა კიდევ აზერბაიჯანის უნდობლობა, რაც „გლობალური სამხრეთისთვისაც“ უკვე აშკარა გახდა. კრემლს რაღაც უნდა გაეკეთებინა და ის იძულებული გახდა სიმართლე არასრულად, არაპირდაპირ მაინც ეღიარებინა და ბოდიში მოეხადა.

რუსეთი ბოლო დროს ერთგვარ ცაიტნოტშია მოქცეული: უკრაინამ უარი განაცხადა რუსული გაზის გატარებაზე, რითაც ზარალი მიადგება არამარტო მოლდოვას (თუმცა კიშინიოვს რუმინეთი მაინც დაეხმარება ნაწილობრივ), არამედ მთლიანად დნესტრისპირეთსაც. მოლდოვა, როგორც ცნობილია, კრემლის დეზინფორმაციული პროპაგანდის კრიტიკულად მნიშვნელოვან  ფრონტს წარმოადგენს – ისევე როგორც სამხრეთი კავკასია, სადაც რუსეთი მხარს უჭერს საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ავტოკრატულ რეჟიმს და ხელს უშლის სომხეთს ევროპასთან ინტეგრაციაში, [რასაც ახლა აზერბაიჯანთან ურთიერთობის შესაძლო გაუარესება ემატება]. მოკლედ, რუსეთის დეზინფორმაციის მანქანის კონსტრუქციაში ბზარები გაჩნდა. დადგა დრო დასავლეთისთვის, რომ ბზარები გააფართოვოს და რუსული პროპაგანდის შენობა ჩამოშალოს.

წყარო

პუტინმა ბოდიში მოუხადა აზერბაიჯანს და მომხდარ ავიაკატასტროფას „ტრაგიკული ინციდენტი“ უწოდა – Financial Times

„ვლადიმერ პუტინმა ბოდიში მოუხადა აზერბაიჯანს და მომხდარ ავიაკატასტროფას „ტრაგიკული ინციდენტი“ უწოდა“ – ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულ სტატიას (ავტორი – ანასტასია სტოგნეი), რომელშიც გადმოცემულია როგორც ავიაკატასტროფის გარემოებები, ასევე ექსპერტ-პოლიტოლოგთა შეფასებები.

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

რიჩარდ კირაკოსიანი, რეგიონული კვლევების ერევნის ანალიტიკური ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინის განცხადება მისთვის მოულოდნელი იყო, რადგან ასეთი „სისუსტეების გამოვლენა“ კრემლს არ ახასიათებს.

ანალიტიკოსის თქმით, ვლადიმერ პუტინის მიერ გადადგმული ნაბიჯი აჩვენებს, რომ რუსეთის პოზიციები ბოლო დროს სუსტდება და ამაზე განსაკუთრებულ გავლენას უკრაინის ომი ახდენს. „ვლადიმერ პუტინი აცნობიერებს, რომ აზერბიჯანის უკან თურქეთი დგას, იგი ცდილობს  ანკარასთან ურთიერთობა არ გაიფუჭოს, ბაქოს მფარველთან, რაც მისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, კრემლი იძულებული გახდა ბოდიშის მოხდაზე წასულიყო – ქარაგმულად, მაგრამ მაინც“.

ანდრეი კოლესნიკოვი, მოსკოველი პოლიტოლოგი, შედარებით უფრო კრიტიკულად აფასებს სიტუაციას და ამბობს, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფა ყაზახეთში რუსეთის საჰაერო სივრცეში მიღებულმა დაზიანებამ განაპირობა, რის შედეგად „აზერბაიჯანული საზოგადოება მყისიერად ანტირუსული გახდა“.

ვლადიმერ პუტინთან მძიმე სატელეფონო საუბრიდან (ბოდიშის მოხდიდან) მეორე დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ვრცელი ინტერვიუ მისცა ქვეყნის ტელევიზიას, რომლის დროსაც ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის მიერ რუსეთის მიმართ წაყენებული მოთხოვნები ჩამოთვალა:

„პირველ რიგში – აუცილებელია ბოდიშის მოხდა; მეორე – რუსეთმა ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე უნდა აღიაროს თავისი ბრალი; მესამე – დამნაშავეები უნდა დაისაჯნონ, მათ უნდა დაეკისროთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა; მეოთხე – რუსეთმა დაღუპულ და ცოცხლად გადარჩენილ მგზავრებს, აგრეთვე თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებს კომპენსაცია უნდა გადაუხადოს. პირველი ჩვენი მოთხოვნა – ბოდიშის მოხდა – უკვე შესრულებულია. იმედი მაქვს, რომ დანარჩენი ჩვენი პირობებიც შესრულდება… სამწუხარო ისაა, რომ სამი დღის განმავლობაში რუსული მხარისაგან ჩვენ მხოლოდ რაღაც ბოდვებს ვისმენდით“.

წყარო