Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

26 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს ყველაფერი გეგმების საწინააღმდეგოდ ხდება. მოვლენების მსვლელობას სპონტანური გადაწყვეტილებები არღვევს, რაც ჩვეულებრივ, არ გახასიათებთ. ნუ ინერვიულებთ, დინებას მიჰყევით და ბედი ყველაფერში დაგეხმარებათ. ეცადეთ, რეალისტური მოლოდინი გქონდეთ, რათა იმედგაცრუება არ განიცადოთ. ეს დღე ხელსაყრელია ოჯახური ურთიერთობებისთვის, სადაც იდილია და სიყვარული სუფევს.

კურო

სასურველია ურთიერთობის წრე შეამციროთ, რათა გარემოცვის უარყოფითი ზემოქმედება თავიდან აიცილოთ. გადაღლილობის გამო სამსახურში თქვენი უყურადღებობა უკვე ძალიან თვალშისაცემია. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დასვენებისთვის რამდენიმე დღე ითხოვოთ – ასე თუ გააგრძელეთ, სიტუაციის გამოსწორება გაგიჭირდებათ.

ტყუპები

ტყუპებისთვის ბედნიერი და ყოველმხრივ ხელსაყრელი დღეა. გამოავლინეთ სიკეთე და შემწყნარებლობა, დაეხმარეთ მათ, ვისაც თქვენი დახმარება სჭირდება. ამით არა მხოლოდ მათ, არამედ საკუთარ თავსაც დაეხმარებით. სამაგიეროდ, საჭირო დროს თქვენც მიიღებთ დახმარებას მეგობრისგან, ახლობლისგან ან უბრალოდ კეთილი ადამიანებისგან. მცირე პრობლემა, რომელიც დღის განმავლობაში თავს იჩენს, ადვილად გადაიჭრება.

კირჩხიბი

მოვლენებით დატვირთული დღეა. შესაძლოა, საინტერესო ადამიანები გაიცნოთ, რომლებთანაც მეგობრულ ურთიერთობას დაამყარებთ. თუ სახლში დაგეგმილ რემონტს შემოქმედებითად მიუდგებით, შედეგი ძალიან გაგახარებთ. ყველაფერს ნუ დაიჯერებთ, რასაც დღეს გაიგებთ და ეცადეთ, ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმოთ. პატივი ეცით თანამოსაუბრის აზრს და საკუთარი შეხედულებები თავზე არ მოახვიოთ.

ლომი

ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული დღეა, თუმცა შუადღის შემდეგ ბევრი დაბრკოლება გელით, ამიტომ გირჩევთ, სამომავლოდ გადადოთ საქმე, რომელიც სერიოზულ და საფუძვლიან მიდგომას მოითხოვს. ეცადეთ, საყვარელ ადამიანს მეტი დრო დაუთმოთ — ბოლო დროს თქვენი მოუცლელობა ძალიან აღიზიანებს და შეიძლება საქმე კონფლიქტამდე მივიდეს. მარტოხელა ლომი შეიძლება ამ დღეს ცხოვრების სიყვარულს შეხვდეს.

ქალწული

ამ დღეს თქვენი გამჭრიახი გონება მთავარ საკითხს წვრილმანებისგან სწრაფად გამოარჩევს და მთელს ძალისხმევას მისკენ მიმართავს. ქალწულების შრომისმოყვარეობა უფროსების და კოლეგების პატივისცემას იმსახურებს, მაგრამ დასვენების გარეშე შეიძლება ნერვიულ სტრესამდე მიხვიდეთ. ახალი ნაცნობობა სასარგებლო იქნება – შესაძლოა, ბიზნესპარტნიორები და მოკავშირეები იპოვოთ.

სასწორი

რთული სამუშაო დღე გელით. მოსალოდნელია გაუგებრობა კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან ურთიერთობაში. თუნდაც საკუთარი სიმართლეში ბოლომდე დარწმუნებული იყოთ, თქვენი აზრის დაცვას მაინც ნუ ეცდებით. უბრალოდ მოითმინეთ – დრო გავა და ყველაფერი თავისით მოგვარდება. დღის მეორე ნახევარში საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა ძალას შეგძენთ და თვითშეფასებას აგიმაღლებთ.

მორიელი

მჭევრმეტყველების დამსახურებით ნაცნობებს ადვილად იძენთ და ხალხიც ადვილად გენდობათ. გარდა ამისა, მოლაპარაკებების წარმართვაში და გარიგებების დადებაში ბადალი არ გყავთ, რაც ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ. მოსალოდნელია ღალატი ადამიანისგან, ვისზეც დიდ იმედს ამყარებთ. გირჩევთ, მასთან ურთიერთობის გარკვევას ნუ დაიწყებთ – უბრალოდ კავშირი გაწყვიტეთ. მისთვის ეს კარგი გაკვეთილი იქნება.

მშვილდოსანი

დღევანდელი დღე უამრავ საჩუქარს გპირდებათ. თქვენი წარმატება ბევრს მოსვენებას არ აძლევს. ზოგი ადამიანი კეთილი განზრახვის საფარქვეშ, თქვენი ნდობის მოპოვებას ცდილობს, რომ შემდეგ ჭორები და ინტრიგები გაგივრცელოთ. ამ დღეს ცდუნებასთან გამკლავება მოგიწევთ, რათა მომავალში არ ინანოთ.

თხის რქა

ამ დღეს სასიცოცხლო ძალების მოზღვავებას იგრძნობთ და თქვენი შრომისუნარიანობა გაიზრდება. წარმატებული შენაძენი ან ფინანსური შემოსავალი გელით. ახალი ნაცნობობა შეიძლება რომანტიკულ თავგადასავლად გადაიქცეს, თუმცა ეცადეთ, ამას თქვენი გეგმები არ აარევინოთ. მამაკაცები უმჯობესია ხმაურიან შეკრებებს და ალკოჰოლის მოხმარებას მოერიდონ – ეს თქვენს ჯანმრთელობას ავნებს.

მერწყული

ამ დღეს სურვილი გაქვთ, გაერთოთ და დრო მეგობრებთან ერთად გაატაროთ – სულ ერთია, ეს ლაშქრობა იქნება, თევზაობა თუ კინოთეატრში წასვლა. მთავარია, სულიერად და ფიზიკურად დაისვენოთ, რათა საქმეს ახალი ძალებით შეეჭიდოთ. ყურადღებით იყავით — გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცამ თქვენი არაინფორმირებულობით ისარგებლოს.

თევზები

რთული დღეა. ეჭვებით სავსე ხართ და არჩევანის გაკეთება გიჭირთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე დრო ითხოვეთ, რათა ყველაფერი საფუძვლიანად შეისწავლოთ. განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ ფინანსური გარიგებისას – თუ ოდნავი ეჭვიც კი გაჩნდა, უმჯობესია, გარიგებაზე საერთოდ უარი თქვათ.

26 აგვისტო მამა გაბრიელის დაბადების დღეა – რა ლოცვა უნდა წაიკითხოს მრევლმა ამ დღეს

26 აგვისტო მამა გაბრიელის დაბადების დღეა.

ქართველი საეკლესიო მოღვაწე – არქიმანდრიტი, ბერი. ქართველი წმინდანი. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2012 წლის 20 დეკემბერს შერაცხა წმინდანთა რიგებში და მისი ხსენების დღედ დააწესა 2 ნოემბერი

ლოცვა, რომელიც ბერის დაბადების დღეს მორწმუნე მრევლმა უნდა წაიკითხოს:

„ღმერთო, გევედრები შენ, ზეციდან მოგვისმინე, პირი ჩვენსკენ იბრუნე, წყალობა მოგვივლინე, შენ გაგვიშვი მშვიდობით, რომ ვიაროთ შენი გზით, შენს მცნებებს ვასრულებდეთ და ბოროტს გავურბოდეთ. მასწავლენ უფალო შენ წინ ლოცვა და შენი წმიდა სჯულის დაცვა, რომ შენი გული გაგვიერთგულდეს და შენი წმიდა სჯულით ვიაროთ. ამინ!“

„ლელო – ძლიერმა საქართველომ” და პარტიამ “გახარია-საქართველოსთვის” თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს

„ლელო – ძლიერმა საქართველომ” და პარტიამ “გახარია საქართველოსთვის” 4 ოქტომბრის არჩევნებზე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს.

მაჟორიტარობის კანდიდატები თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა გიორგი შარაშიძემ დაასახელეს.

როგორც კუპრაძემ აღნიშნა, ისინი თბილისის თითოეულ უბანში შეძლებენ, დაარწმუნონ ამომრჩევლები, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

“ჩვენი მთავარი მიზანი იქნება თბილისში მოქალაქეების საჭიროებებზე ზრუნვა, პრობლემების მოგვარება, ჩვენი მთავარი მიზანი იქნება პოლიტპატიმრების თავისუფლებისთვის ბრძოლა, ჩვენი მთავარი მიზანი იქნება თბილისელებისთვის რეალურ გასაჭირზე ხმაური და ამ პრობლემების გადაწყვეტა.

დღეს ჩვენ ვიმყოფებით მარტივ მოცემულობაში, სადაც საქართველოსა და თბილისს ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც უკავშირდება ჩვენი სიღარიბე, ჩვენი ავარიული სახლები. “ქართულ ოცნებასა” და ივანიშვილს უკავშირდება უსამართლობა, “ქართულ ოცნებასა” და ივანიშვილს უკავშირდება უკანონობა, შერჩევითი სამართალი, საჯარო მოხელეების დევნა და რეპრესია, მათი სამსახურებიდან გათავისუფლება. მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ წევრებზე ზრუნვა, უკავშირდება უკანონო მშენებლობები და ის ურბანული ჯოჯოხეთი, რომელიც დედაქალაქს მოუწყვეს. უკავშირდება ის მძიმე გარემო, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს, თბილისელებს, ჩვენს შვილებს წამლავს ყოველდღიურად, ის ჰაერი, რომელიც უმძიმესად არის დაბინძურებული. ამ პრობლემების სია უზარმაზარია.

მე მინდა დღეს, ჩვენს ორ მთავარ გუნდთან ერთად – “ლელო – ძლიერი საქართველო” და “გახარია საქართველოსთვის” წარმოგიდგინოთ ადამიანები, რომლებიც დაკავშირებული იქნებიან ამ პრობლემების მოგვარებასთან, რომლებიც დაკავშირებული იქნებიან თქვენს კეთილდღეობასთან, რომლებიც დაკავშირებული იქნებიან თქვენს ახალ საცხოვრისთან, სუფთა ჰაერთან, სწორ სოციალურ მხარდაჭერასთან, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან, იმ ჯანდაცვასთან, რომელიც დღეს თბილისელებს სჭირდებათ, გამართულ ინფრასტრუქტურასთან, საცობების გარეშე ქალაქთან. ეს ადამიანები იქნებიან დაკავშირებული თქვენს ბედნიერებასთან, თქვენს კეთილდღეობასთან და წლების განმავლობაში თითოეულ იმ კანდიდატს, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ, აქვთ გამარჯვების რწმენა, კომპეტენცია და წლების განმავლობაში დამტკიცებული აქვთ ის, რისიც სჯერათ, საკუთარი განათლებით, საკუთარი ბრძოლით, სამოქალაქო აქტივიზმით, საჯარო სამსახურებში მუშაობითა და ა.შ.

ვართ ამაყები, რომ არ გავურბივართ არანაირ წინააღმდეგობას, ვიმყოფებით მოქმედებაში. თბილისის თითოეულ უბანში შევძლებთ, რომ დავარწმუნოთ მოქალაქეები, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი”, – აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.

კერძოდ, კოალიცია “ლელო – ძლიერი საქართველოდან” მაჟორიტარობის კანდიდატები არიან:

1.მთაწმინდა – ლანა გალდავა;

2. ვაკე – ტრადიციული ნაწილი – ვახტანგ სურგულაძე;

3. საბურთალო – ვეძისი, ყაზბეგი, ვაჟა-ფშაველა – რამაზ მანდარია;

4. კრწანისი – თამარ ბოყოველი;

5. ისანი – ვაზისუბანი – გიორგი სიორიძე;

6. სამგორი – ვარკეთილი – ნინო ქათამაძე;

7. სამგორი – მე-3 მასივი, ზემო პლატო – გულიკო ზუმბაძე;

8. დიდუბე – წერეთელი – ბექა ბერიძიშვილი;

9. ნაძალადევი ნახალოვკა – ნიკა ჩერქეზიშვილი;

10. ნაძალადევი – სანზონა – ქეთევან თურაზაშვილი;

11. გლდანი – ავჭალა, ზაჰესი – გიორგი რეხვიაშვილი;

12. გლდანი – კენტები – ჯუბა ლოლაძე;

13. გლდანი – მუხიანი – გრიგოლ გეგელია.

“გახარია საქართველოდან” მაჟორიტარობის კანდიდატები არიან:

1. ზემო ვაკის ოლქი – ზაზა თავაძე;

2. კოსტავა, ბახტრიონი, დოლიძე, ხილიანის ოლქი- სალომე კობალაძე;

3. დიდი დიღომი, ვაშლიჯვარი, სოფელი დიღმის ოლქი- როინ ქოჩორაშვილი;

4. ავლაბრის ოლქი – სოფო ხორგუანი;

5. ნავთლუღის ოლქი – ვიკა ფილფანი;

6. ქვემო სამგორის ოლქი – გიგა კაცია;

7. ზღვისუბნის ოლქი – ეკა უდესიანი;

8. ლილო ორხევის ოლქი – დაჯი კოვზირიძე;

9. ჩუღურეთის ოლქი – რუსუდან თევზაძე;

10. ლუწი მიკრორაიონების ოლქი – კოკა კობალაძე;

11. ლოტკინის ოლქი – ფიქრია გოგოლაძე;

12. დიღმის ოლქი – გიორგი შარაშიძე.

უკრაინა-უნგრეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა მწვავდება

უნგრეთის პოზიცია უკვე ცნობილია. ის, რასაც კიევში მეგობრობას ეძახიან, ბუდაპეშტში ომში ჩათრევის მცდელობად აღიქმება.

მეზობელ სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავება უკრაინის მიერ რუსეთ-ბელარუსის საზღვარზე ნავთობსადენ “დრუჟბაზე” მიტანილმა იერიშმა გამოიწვია. განცხადება უკვე გაავრცელა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. პიტერ სიიარტოს ცნობით, ინფრასტრუქტურა, რომლითაც უნგრეთს ნავთობი მიეწოდება, ქვეყნის სუვერენიტეტის ნაწილია.

კიევიდან პასუხის პასუხი მალევე გაისმა. წერილობითი მიმართვა ომში მყოფი ქვეყნის პირველმა დიპლომატმა გაავრცელა. პიტერ სიიარტოსთან ანდრეი სიბიგას თავის მართლება არ დაუწყია, პირიქით, – მითითებები მისცა. ითქვა, რომ დროა, ბუდაპეშტი ენერგოდამოუკიდებლობის გზას დაადგეს და რუსეთთან ურთიერთობები გაწყვიტოს.

უკრაინის მიმართ დამოკიდებულებები დანარჩენ ევროპაშიც იცვლება. პოლონეთის ახლად არჩეული კონსერვატორი პრეზიდენტი ამბობს, რომ დროა, შეღავათები მოეხსნათ ომში მყოფი ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებიც მეზობელ სახელმწიფოში 2022 წელს, ომის შემდეგ შეიფარეს.

სანამ ევროპული სახელმწიფოები უკრაინას მიმართ პოზიციებს ცვლიან, ვაშინგტონში კვლავ ევროპის კონტინენტზე 3-წლიანი ომის დასრულებაზე მსჯელობენ. ვინ იქნება უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი? ამ კითხვაზე პასუხად, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ თეთრი სახლი მოლაპარაკებებში აქტიურად ჩაერთვება, თუმცა უკრაინაში ამერიკელ მშვიდობისმყოფელებს არ გაგზავნის.

უკრაინაში ნატო-ს წევრი სახელმწიფოების სამხედრო კონტინგენტის განლაგებას ეწინააღმდეგება კრემლიც. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს ევროპელ ლიდერებს კვლავ მოსკოვის 2022 წელს გაჟღერებული შეთანხმება შეახსენა და თქვა, რუსეთი ომს მხოლოდ შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების სანაცვლოდ დაასრულებს.

ომი უკრაინაში უკვე 3 წელია გრძელდება. ამ დროის განმავლობაში, უკრაინასა და რუსეთს შორის არაერთი მოლაპარაკება შედგა. მათი უმეტესობა უშედეგოდ დასრულდა. ახლა მსოფლიო ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის მოლოდინშია. სწორედ აქ გაირკვევა, შეძლებენ თუ არა დაპირისპირებული მხარეები შეთანხმების მიღწევას და ევროპის კონტინენტზე სისხლისმღვრელი ომის დასრულებას.

,,ევროპა უკრაინას უსაფრთხოების მნიშვნელოვან გარანტიებს მისცემს”- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან დაკავშირებით ევროპის როლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კონტინენტი კიევს უსაფრთხოების მნიშვნელოვან გარანტიებს მიანიჭებს.

„ევროპა მათ უსაფრთხოების მნიშვნელოვან გარანტიებს მისცემს. ჩვენ მხარდამჭერის პოზიციაში ვიქნებით“, – განაცხადა ტრამპმა.

პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, სირთულეები არ წარმოიშობა.

„ვფიქრობ, დიდი პრობლემა არ გვექნება, თუ შეთანხმებას მივაღწევთ“, – დასძინა მან.

ცესკოს მიერ მიღებული დადგენილებებით პოლიტიკურ გაერთიანებებს კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურები გაუმარტივდათ

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორის, მიიღო დადგენილებები პარტიული სიებისა და საარჩევნო დოკუმენტაციის წარდგენასთან დაკავშირებული ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის შესახებ.

„ცესკომ დღეს მიიღო სამართლებრივი აქტები, რომლებიც მნიშვნელოვნად უმარტივებს პოლიტიკურ გაერთიანებებს კანდიდატების რეგისტრაციის პროცესს. კერძოდ, პოლიტიკურ გაერთიანებებს შესაძლებლობა ექნებათ პარტიული სიები წარადგინონ დისტანციურად, ელექტრონული ფორმით. ამავდროულად, ამგვარი ფორმის გამოყენების შემთხვევაში საკმარისი იქნება დოკუმენტაციის ერთ ეგზემპლარად წარდგენა. ასევე მარტივდება მატერიალური ფორმით დოკუმენტაციის წარდგენის პროცედურაც. ასევე, თუკი პარტიულ სიაში იქ არსებული კანდიდატების რაოდენობა ჩამოსცდება კანონით დადგენილ მინიმუმს იმ მიზეზით, რომ კანდიდატებმა პირადი განცხადების საფუძველზე გაიუქმეს რეგისტრაცია, აღნიშნული არ იქნება სიის რეგისტრაციის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად ამგვარ ცვლილებას გარკვეული პრევენციული მნიშვნელობა ექნება იმისთვის, რომ არ გაუქმდეს რეგისტრირებული პოლიტიკური გაერთიანებების პარტიული სია“, – განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ ცესკოს აპარატის/იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა.

მიღებული დადგენილების თანახმად, თუ კანდიდატი იმავდროულად წარდგენილია ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (საქართველოს დედაქალაქის – თბილისის საკრებულოს არჩევნებისას – ცესკოში) წარდგენილ პარტიულ სიას, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” განსაზღვრულ სხვა დოკუმენტებთან ერთად უნდა ერთოდეს 2 ფოტოსურათი და სააღრიცხვო ბარათი 2 ეგზემპლარად. საქართველოს დედაქალაქის – თბილისის საკრებულოს არჩევნებისას აღნიშნული დოკუმენტების თითო ეგზემპლარი/ასლი გადაეცემა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.

ამასთან, დღესვე ცესკომ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრირებული პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით, თუ არცერთ საარჩევნო ოლქში/ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარტიამ არ წარადგინა პარტიული სია, მერობის კანდიდატი ანდა საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატი; არცერთ საარჩევნო ოლქში/ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრაციაში არ გატარდა პარტიის მიერ წარდგენილი პარტიული სია, მერობის კანდიდატი ანდა საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატი;  გაუქმდა პარტიის მიერ ყველა საარჩევნო ოლქში/ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი პარტიული სიის, მერობის კანდიდატის ანდა საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის რეგისტრაცია.

ამავე დადგენილებით განისაზღვრა, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრირებულ პარტიას წარმომადგენლის დანიშვნის უფლება აქვს მხოლოდ ცესკოში, იმ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში, სადაც რეგისტრაციაში გატარდა მის მიერ წარდგენილი პარტიული სია, მერობის კანდიდატი ანდა საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატი და მათი რეგისტრაცია არ გაუქმებულა.

სალომე ზურაბიშვილი – განზრახ არ გამოვეხმაურე კონსტიტუციის დღის სამარცხვინო „აღნიშვნას“

გუშინ განზრახ არ გამოვეხმაურე კონსტიტუციის დღის სამარცხვინო „აღნიშვნას“! რადგან კონსტიტუციის დღის აღნიშვნა მხოლოდ ფორმალური რიტუალი არ უნდა იყოს. არავის შეუძლია ზეიმობდეს იმას, რაც უკვე ფეხქვეშ გათელა , – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წერს.

ზურაბიშვილის განცხადებით, დარღვეულია კონსტიტუციით განსაზღვრული აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების ბალანსი.

„ეს ის დღეა, როდესაც ქვეყანა უნდა ამაყობდეს იმით, რომ მისი ღერძი და ხერხემალი, კონსტიტუცია, უფროდაუფრო უნდა აძლიერებდეს სახელმწიფოს. ეს არის დღე, როცა უნდა ვიამაყოთ კონსტიტუციით გამყარებული დემოკრატიით, ეფექტურად დაცული მოქალაქეთა ძირითადი უფლებებით. შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, რას ითვალისწინებდა ჩვენი „იდეური“ კონსტიტუცია: ადამიანის ღირსების, ფიზიკური ხელშეუხებლობის, თანასწორობის, თავისუფალი განვითარების, პირადი თავისუფლების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის დაცვას, აზრის გამოხატვის თავისუფლებას, პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებას, საკუთრების უფლების უზრუნველყოფას, შემოქმედებისა და აკადემიური თავისუფლებას, შეკრების, გაფიცვის, პოლიტიკური პარტიების შექმნისა და საარჩევნო უფლებებს, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის უფლებას, სასამართლო პროცესში სამართლიანი განხილვის გარანტიას…

ამ კონსტიტუციის შექმნაში მე თვითონ მივიღე მონაწილეობა, ხმა მივეცი და დღეს, პრაქტიკულად, ჩამოთვლილ არცერთ უფლებას რეალურად არ ვიცავთ. კონსტიტუცია კი აბუჩადაა აგდებული.

გადავიდეთ მესამე თავზე, რომელიც ეხება პარლამენტს. პირველივე მუხლში ნათქვამია, რომ პარლამენტი განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. ვინმეს გახსოვთ, რომ კომიტეტების დონეზე ან პლენარულ სხდომაზე გამართულიყო დებატები, სანამ პრემიერი ერთპიროვნულად გამოაცხადებდა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას? ან რომელ სესიაზე იქნა განხილული და დამტკიცებული ჩინეთთან „სტრატეგიული პარტნიორობის“ დოკუმენტი, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა არ იკითხება, სამაგიეროდ კი ჩვენ ვუცხადებთ მხარდაჭერას „ერთი ჩინეთის პოლიტიკას“?

ასევე, კონსტიტუცია ითვალისწინებს, რომ პარლამენტი უნდა აკონტროლებდეს მთავრობის საქმიანობას. ვინმეს თუ ახსოვს, როდის მოიწვია პარლამენტმა, რომელიმე გადამდგარი მინისტრი და მისი საქმიანობა განხილა? ასევე ცარიელ სიტყვებად გვევლინება მთავრობის ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა პარლამენტის წინაშე.

სასამართლო ხელისუფლების თავი იწყება მთავარი პრინციპით — დამოუკიდებლობით. აქ ზედმეტი კომენტარი არც არის საჭირო: ყველაფერი ნათქვამია.

დარღვეულია კონსტიტუციით განსაზღვრული აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების ბალანსი.

„დამოუკიდებელი“ ინსტიტუტები — პროკურატურა, სახელმწიფო აუდიტი, ეროვნული ბანკი, ადგილობრივი თვითმმართველობა — არცერთი არ აკმაყოფილებს დამოუკიდებლობის ელემენტარულ კრიტერიუმს.

გუშინ სასიამოვნო, საზეიმო არაფერი გვქონდა. სამაგიეროდ — დასაცავი და გადასარჩენი ბევრი გვაქვს.

და არაფერს ვამბობ კონსტიტუციის მე-78 მუხლზე!!!“, – წერს სალომეზურაბიშვილი.

“პუტინი დონალდ ტრამპს პროვოკაციებს უწყობს. სახიფათო ის არის, რომ ტრამპისთვის სულ ერთია”- The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 24 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „პუტინი დონალდ ტრამპს პროვოკაციებს უწყობს. სახიფათო ის არის, რომ ტრამპისთვის სულ ერთია“ (ავტორი – რებეკა კოფლერი, აშშ-ის დაზვერვის ანალიტიკოსი, რომელიც პენტაგონის სპეცსამსახურში მუშაობდა. იგი ავტორია წიგნებისა -„პუტინის სამოქმედო გეგმა“ (2021 წ.) და „ტრამპის სამოქმედო გეგმა“ (2025 წ.).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა მიმდინარე წელს წინააღმდეგობრივი განცხადებების გაჟღერებას მოუხშირა – იგი პოზიტიურ დამოკიდებულებას ხან უკრაინის მიმართ ამჟღავნებს, ხან რუსეთის მიმართ. უარყოფითს დადებითი ცვლის. ამას წინათ აშშ-ის პრეზიდენტმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა: „ძალიან ძნელია ომის მოგება და ხშირად შეუძლებელიც, თუ დამპყრობელ ქვეყანას თავს არ დაესხმები“.

აქეზებს თუ არა ტრამპი უკრაინელებს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისათვის?

არ არის გამორიცხული, რომ შეიძლება ასეც არის. იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკელი ლიდერი ხშირად იცვლის თავის პოზიციებს და განწყობებს, დიპლომატიური ბლიცკრიგის – ალასკისა და ვაშინგტონის სამიტების შემდეგ, როცა მან მიზანს ვერ მიაღწია, ანუ ვერ შეახვედრა ერთმანეთს პუტინი და ზელენსკი – დონალდ ტრამპს ნამდვილად აქვს თავის რუს კოლეგაზე გაბრაზების მიზეზი.
იმ პირობებში, როცა მოლაპარაკება ფაქტიურად (ამ ეტაპზე) ჩიხშია შესული – კრემლმა აშშ-ის, ევროპის და უკრაინის ყველა წინადადება უარყო პუტინ-ზელენსკის შეხვედრაზე, უკრაინის უსაფრთხოების ნატოსეულ გარანტიებზე – რუს ლიდერს უნდა ესმოდეს, რომ დადგება მომენტი, როცა დონალდ ტრამპი იძულებული იქნება „ქანჩების მოჭერის“ პოლიტიკას დაუბრუნდეს. ბოლოს და ბოლოს, დონალდ ტრამპს, მართალია, უცნაურობები ახასიათებს, მაგრამ მას სულაც არ სურს წაგებულად გამოიყურებოდეს. თუმცა, თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინმაც, ალბათ, ეს გარემოება თავის გათვლებში გაითვალისწინა. მან კარგად იცის, რომ თავისი ქცევით დონალდ ტრამპის მოთმინებას გამოცდას უწყობს.

ასე რომ, როგორია რუსეთის ლიდერის მოქმედების გეგმა?

მე როგორც აშშ-ის დაზვერვის ანალიტიკოსი, თანაც რუსეთის სპეციალისტი, ვთვლი, რომ ვლადიმერ პუტინის სავარაუდო მიზანი ასეთია: მას სურს, რომ დონალდ ტრამპი თამაშის მონაწილედ შეინარჩუნოს, „გახარებული ამყოფოს“ (ან ძალიან არ გააბრაზოს) რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში, რომ ნეგატიური შედეგები (ისევე როგორც მეორადი სანქციები) გადაავადოს, სანამ კრემლი თავის პოლიტიკას გააგრძელებს – გამოფიტვის კურსს, რომელიც, პუტინის აზრით, კიევს კაპიტულაციამდე მიიყვანს. დასამალი არაა, რომ საბჭოური „კაგებეს“ რეზიდენტს მართლაც აქვს მანიპულირების გარკვეული გამოცდილება, კარგად იცის ძიუდოს ფილოსოფია და „ცივი ომის“ დროინდელი ფსიქოლოგიური ომის კონცეფცია.
დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ურთიერთქმედება ვითარდებოდა სქემით „აღმა-დაღმა“ – კონსტრუქციული სატელეფონო ზარებით და მეგობრული საუბრებით, რომლის შედეგად ტრამპს რწმენა ექმნებოდა, რომ ომი მალე შეწყდებოდა, შემდეგ კი უცებ მეგობრულ საუბრებს თან მოსდევდა სასტიკი სარაკეტო დარტყმების სერია უკრაინაზე, რასაც დონალდ ტრამპის მუქარები და ულტიმატუმები ანაცვლებდა. ყველას ეგონა, რომ ტრამპის ათდღიანი ულტიმატუმი აუცილებლად განხორციელდებოდა, მაგრამ მოულოდნელად ტრამპმა პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის ალასკაზე მიიწვია და უმაღლესი დონის მასპინძლობა გაუწია.

ლაქუცი და მლიქვნელობა ის ერთ-ერთი მეთოდია, რომელსაც ჯაშუშები (მზვერავ-აგენტები) იყენებენ თავიანთი პოტენციური აგენტის პატივმოყვარეობის წასაქეზებლად. ვლადიმერ პუტინს არასოდეს ცუდი არ უთქვამს დონალდ ტრამპის მიმართ, იგი მუდამ აქებდა აშშ-ის ლიდერის პოლიტიკურ გამჭრიახობას და მის პიროვნულ თვისებებს, უწოდებდა მას „ინტელიგენტურ“, „ტალანტიურ“, „მოხერხებულ“, „გამოცდილ“ და „პრაგმატულ“ ლიდერს. „მე და ტრამპს ყოველთვის გვქონდა და გვაქვს საქმიანი, პრაგმატული და სანდო ურთიერთობები“, – განაცხადა პუტინმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს.

კრემლის ბინადარმა კარგად გამოიყენა თეთრი სახლის ბინადრის მიდრეკილება მისი დამსახურების პოზიტიური შეფასებისაკენ – პუტინმა იცის, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემიის მიღება სურს.

დროის მოგების მიზნით, ვლადიმერ პუტინი, სრულიად შესაძლებელია, რომ პირადი საუბრებისა და შეხვედრების დროს სარგებლობს მეთოდით, რომელიც „რეფლექსური კონტროლის“ მეთოდით არის ცნობილი. ეს არის ერთ-ერთი ელემენტი კონცეფციისა, რომელიც მიმართულია ოპონენტის რეალური აღქმის მანიპულირებისაკენ და რომელიც ფსიქოლოგმა ვლადიმერ ლეფევრმა 1960-იან წლებში შეიმუშავა. რეფლექსური კონტროლის მეთოდით რუსეთის სადაზვერვო უწყებებში დღემდე სარგებლობენ.

როგორი ჭკვიანიც არ უნდა იყოს დონალდ ტრამპი, იგი ყველა შემთხვევაში საუკეთესო სამიზნე იქნება რუსი ლიდერისათვის ამ მეთოდით სარგებლობისას. ცნობილია აშშ-ის პრეზიდენტის თავდაჯერებული და მიკერძოებული თვალსაზრისი, რომ არ არსებობს ისეთი საკითხი, რომლის მოგვარება მას არ შეეძლოს… რომ იგი გარიგებების დადების დიდოსტატია და რომ მას ჰგონია – რუსი პუტინის მსჯელობის ლოგიკა ისეთივეა, როგორც ამერიკელი ტრამპის მსჯელობის ლოგიკა (ეს სერიოზული შეცდომაა, რომელიც დასავლეთში საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული). ვლადიმერ პუტინი სარგებლობს თავისი მოქმედებით და სიტყვებით, რომ შექმნას შთაბეჭდილება – თითქოსდა იგი დაინტერესებულია გარიგების დადებით, ტრამპის დასარწმუნებლად. სინამდვილეში კი რუსეთის პრეზიდენტი გარიგებაზე მხოლოდ საკუთარი პირობებით დათანხმდება.

ზემოთ ძიუდო ვახსენეთ: დონალდ ტრამპს რომ ეშმაკობაში აჯობოს, ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ, ასევე სარგებლობს თავისი ღრმა ცოდნით ძიუდოში – იაპონური საბრძოლო ხელოვნებაში, რომელიც უფრო მეტად ეყრდნობა მოწინააღმდეგის მენტალურ და ფიზიკურ მანიპულირებას, ვიდრე უხეშ ძალას. ფლობს რა ძიუდოს „შავ სარტყელს“, ვლადიმერ პუტინი ამ საბრძოლო ხელოვნების პრინციპებს თავისი ცხოვრების ყველა ასპექტში იყენებს, სახელმწიფოს მართვის ჩათვლით. „ძიუდო მხოლოდ სპორტი არ არის… ეს ცხოვრების მთელი ფილოსოფიაა“, – დაწერა რუსმა ლიდერმა თავის წიგნში სახელწოდებით „პირველი პირისაგან“ და იქვე დაამატა – „ძიუდო მოწინააღმდეგის მიმართ პატივისცემასაც გულისხმობს. ძიუდო სუსტებისათვის არ არის“.

მოწინააღმდეგის გამოყვანა წონასწორობიდან („კუზუსი“ – იაპ.) ძიუდოს ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, რომელიც მიმართულია მოწინააღმდეგის პოზის დასარღვევად, ანუ სიმძიმის ცენტრის გადასანაცვლებლად, რომ დარტყმები იოლად მოხდეს. პუტინი არასოდეს არ ეწინააღმდეგება ტრამპს პირდაპირ, იგი ერთდროულად კიდეც ეთანხმება და კიდეც უარობს. ანუ მისი უარები შენიღბულია თითქოსდა თანხმობით, მაგრამ ნეგატიური ტონალობით. ცხადია, დადგებოდა დრო, რომ ტრამპი წონასწორობიდან გამოვიდოდა და პუტინზე გაბრაზდებოდა – მან მართლაც განაცხადა, რომ რუსი ლიდერი „აბსოლუტურად ჭკუიდან გადავიდა“, რაც კრემლმა ამერიკელი ლიდერის „ემოციური გადატვირთვით“ ახსნა – ალბათ, იმ მიზნით, რომ ვლადიმერ პუტინის ფსიქოლოგიური სიმტკიცე და უპირატესობა ეჩვენებინა.

პუტინის სტრატეგიის სამივე ელემენტი – ძიუდო, რეფლექსური კონტროლი და აქტივების მართვა – დაფუძნებულია მოწინააღმდეგის ღრმა შესწავლაზე მასთან მეტოქეობის მომზადების მიზნით, რასაც დონალდ ტრამპის გუნდი ძალიან მოკლებულია. ალასკის სამიტის დროს, ანკორიჯში, დონალდ ტრამპს, ალბათ, თავისი გუნდის საუკეთესო წევრები ჰყავდა, მაგრამ მას არ ჰყავდა ყველაზე მთვარი ადამიანი, რომელიც ზუსტად და ღრმად გაიგებდა პუტინის აზრების თანმიმდევრობას და რუსეთის მიერ ომის წარმოების მეთოდებს.

პუტინმა კი ალასკაზე თან ჩაიყვანა სამი გამოცდილი ოპერატიული მუშაკი, თარჯიმნის გარდა – სერგეი ლავროვი (საგარეო საქმეთა მინისტრი), იური უშაკოვი (პრეზიდენტის თანაშემწე) და კირილ დმიტრიევი, პირდაპირი ინვესტიციების რუსული ფონდის დირექტორი. თითოეული მათგანი ინგლისურ ენას ისე ზედმიწევნით კარგად ფლობს, თითქოს ის მათი მშობლიურ ენა იყოს, აბსოლუტურად უაქცენტოდ. ისინი კარგად ერკვევიან აშშ-ის პოლიტიკაში და ამერიკული დიპლომატიის მოწყვლად ადგილებში. თვითონ ვლადიმერ პუტინიც ინგლისურ ენას სამუშაო დონეზე ფლობს, შეუძლია თარჯიმანს ზოგიერთი პოლიტიკური საკითხის თარგმნისას შეუსწოროს. იყო მომენტები, როცა ალასკაზე შეხვედრისას იგი თავის ამერიკელ კოლეგას თარჯიმნის გარეშეც ესაუბრებოდა.

გასულ კვირაში პუტინმა ტრამპის შენიღბული მუქარები კარგად გაიგონა და, ალბათ, წინასწარ დაგეგმა თავისი მომდევნო ნაბიჯი: თამაში გასაგრძელებლად მას შეუძლია რამდენიმე უკრაინელი ბავშვი გაათავისუფლოს მელანია ტრამპის წერილის საპასუხოდ. ან შეუძლია სხვა ტაქტიკას მიმართოს დროის გასაჭიანურებლად.

მუჰამედ ალის მსგავსად, რომელმაც, როგორც ცნობილია, ჯორჯ ფორმანი დაამარცხა (იგი იყენებდა თავის „თოკისებურ სტრატეგიას“ – მიეყრდნობოდა ხოლმე რინგის ბაგირებს დარტყმების ასაცილებლად ან იმ მიზნით, რომ არ წაქცეულიყო, შემდეგ კი კონტრშეტევას ახორციელებდა და ფორმანს ძალებს უფიტავდა). ალბათ, პუტინიც ტრამპის დაქანცვას ცდილობს. მართლაცდა, რუსეთს დღემდე არ მიუღია ტრამპისაგან რაიმე საგრძნობი დარტყმა. პუტინის სავარაუდო მიზანი იმითაც გამოიხატება, რომ ტრამპმა უარი თქვას მოლაპარაკების მცდელობაზე, ან ყველაფერზე თავის რუს კოლეგას დაეთანხმოს და დანებდეს.
ტრამპისთვის, რა თქმა უნდა აუცილებელი არ არის პუტინის თამაში ითამაშოს, მას შეუძლია საკუთარი „საიდუმლო იარაღით“ ისარგებლოს – ძირი გამოუთხაროს რუსეთის ეკონომიკას – და კრემლს ნიღაბი ჩამოხსნას, მისი ბლეფი გამოავლინოს. მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შეასრულებს ტრამპის გუნდი „საშინაო დავალებას“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

რა ეღირება დოლარი და ევრო 26 აგვისტოს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6984 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6984 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7051 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0067 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1536 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1366 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0170 ლარი შეადგინა.

თიბისის მხარდაჭერით შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2025 გაიმართება

შემოქმედებითი ინდუსტრიის ფესტივალი AD BLACK SEA 2025 ტრადიციულად შავი ზღვის სანაპიროზე, ბათუმში, 11 სექტემბერს აიღებს სტარტს და 13 სექტემბერს გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიით დასრულდება. ფესტივალის უცვლელი პარტნიორია თიბისი.

სამი დღის განმავლობაში, ფესტივალი უმასპინძლებს ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალებისა და საინტერესო ადამიანების გამოსვლებს, ვორქშოფებსა და პანელურ განხილვებს. მათ შორის, შემოქმედებითი გუნდების სწორ მუშაობაზე ორიენტირებული კომპანიის – Let’s Lightbubl-ის დამფუძნებელი Tim Leake იქნება. ეს არის შესაძლებლობა, სფეროთი დაინტერესებული ადამიანები გაეცნონ შემოქმედებით ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებს, გაიღრმაონ პროფესიული ცოდნა და გაიცნონ სფეროს წამყვანი პროფესიონალები.

ფესტივალი ყოველწლიურად დაჯილდოების ცერემონიით სრულდება, სადაც წინასწარ შერჩეული საერთაშორისო ჟიური გამარჯვებულებს სხვადასხვა კატეგორიაში გამოავლენს. კონკურსში მონაწილეობას იღებენ, როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო სააგენტოები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

თიბისი და AD BLACK SEA ფესტივალის დაარსებიდან, 2015 წლიდან პარტნიორები არიან. თიბისისთვის, შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდაჭერა და მისი განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. AD BLACK SEA უკვე მეცხრე წელია იმართება ბათუმში, სადაც ევროპის და აზიის ქვეყნების წარმომადგენლები ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ.

წელს, უკვე მესამედ, AD BLACK SEA-ზე თიბისი წარადგენს ნომინაციას Young Creative და წლის ყველაზე შემოქმედებით ახალგაზრდას გამოავლენს.

ფესტივალის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

თიბისი ბრენდის ერთერთი მთავარი ღირებულება, განვითარებაზე ორიენტირებულობაამსგავსი ღონისძიებები, აფართოებს შემოქმედებით თვალსაწიერს და ამ ინდუსტრიის წარმომადგენლებს აძლევს მოტივაციას, მიიღონ ახლი ცოდნა და გამოცდილება. არწმუნებს, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია, მთავარიაჯეროდეთ!

(R)

საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივებას ცდილობენ, ამის დაფინანსება მოდის ევროპული ორგანიზაციებიდან, მცდელობა აქვთ, დამნაშავეები გმირებად შერაცხონ -კახა კალაძე

საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივებას ცდილობენ, ამის დაფინანსება მოდის ევროპული ორგანიზაციებიდან. მცდელობა აქვთ, დამნაშავეები გმირებად შერაცხონ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძეს კითხვა დაუსვეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეორგოლზე, სადაც ბექა კობახიძე საუბრობს.

„ცდილობენ, საზოგადოებაში პოლარიზაცია გააღვივონ. სამწუხაროა, რომ ამის დაფინანსება მოდის ევროპული ორგანიზაციებიდან. მცდელობა აქვთ, დამნაშავეები, მოძალადეები გმირებად შერაცხონ. პირველ რიგში, ეს აზიანებთ მათ, ევროპულ მომავალს, ევროინტეგრაციის პროცესს. ამაში პირდაპირ არიან ჩართული კონკრეტული ელჩები, კონკრეტული ქვეყნების წარმომადგენლები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კონკრეტული ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები უახლოეს წარსულშიც აქტიურად ცდილობდნენ, საქართველოში სხვადასხვა გზით სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ.

„პირდაპირ ჩართული იყვნენ, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მომხდარიყო თავისი დაფინანსებით, იდეოლოგიით. არ გახსოვთ, ტრენინგებზე დაჰყავდათ ხალხი, თითქოს მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლებს ატრენინგებდნენ, რეალურად, რევოლუციაზე მიმდინარეობდა საუბარი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

რვა ოპოზიციური პარტია მიმართავს დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, უარი თქვან 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობაზე და დაუბრუნდნენ ერთობას

მოგმართავთ ყველას, განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა, ვისთვისაც საქართველოს მოქალაქეობა, ქართული პასპორტი და ქართული ოჯახის კეთილდღეობა ძვირფასია და ვინც პატივს სცემს საქართველოს მოქალაქეების უფლებას, ისწრაფოდნენ ბედნიერებისკენ, 13 სექტემბერს შევიკრიბოთ, ვიყოთ ძალიან ბევრნი, გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ რუსული რეჟიმი არ წარმოადგენს ქართველ ხალხს და საქართველოს, – ამის შესახებ ნათქვამია რვა ოპოზიციური პარტიის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც საზოგადოებას „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ გააცნო.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიმართავენ ყველა ოპოზიციურ პარტიას და ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, უარი თქვან 4 ოქტომბერს თვითთმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე.

„31 აგვისტოს იწურება ევროკავშირის მიერ ივანიშვილის რეჟიმისადმი მიცემული ვადა ევროპაში უვიზო მიმოსვლის გადასარჩენად. როგორც მოსალოდნელი იყო, რეჟიმმა არათუ არცერთი ნაბიჯი არ გადადგა ამისთვის, არამედ კიდევ უფრო დაგვაშორა ევროპას, ევროპულ დღის წესრიგს და ეს იქნება ასე, რადგან რუსული რეჟიმი არის თვისებრივად შეუთავსებელი ჩვენს ევროპულ, ევროატლანტიკურ დღის წესრიგთან, ჩვენს სახელმწიფოებრიობასთან, დამოუკიდებლობასთან და ევროპულ მომავალთან. შესაბამისად, ეს იქნება ასე, ვიდრე ჩვენ, ჩვენი ქვეყნის უმრავლესობა არ მოვიკრებთ საკმარის ძალას და არ დავასრულებთ ამ რეჟიმს. აქედან გამომდინარე, მოგმართავთ ყველას, განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა, ვისთვისაც საქართველოს მოქალაქეობა, ქართული პასპორტი და ქართული ოჯახის კეთილდღეობა ძვირფასია და ვინც პატივს სცემს საქართველოს მოქალაქეების უფლებას, ისწრაფოდნენ ბედნიერებისკენ, 13 სექტემბერს შევიკრიბოთ, ვიყოთ ძალიან ბევრნი, გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ რუსული რეჟიმი არ წარმოადგენს ქართველ ხალხს და საქართველოს. ამასთანავე, მოგმართავთ ყველა ოპოზიციურ პარტიას და ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ვისაც რეალურად აღელვებს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი: ხელი აიღეთ რეჟიმის თანამზრახველობაზე ქართველი ხალხის მოტყუებაში, არ დაუშვათ შეცდომა, რომელიც დანაშაულზე უარესია, უარი თქვით 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე და დაუბრუნდით ერთობას. ვიკრიბებით 13 სექტემბერს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და პარლამენტამდე მოვდივართ მარშით. ჩვენ ბევრნი ვართ და ვიბრძვით გამარჯვებამდე!“,- ნათქვამია რვა ოპოზიციური პარტიის განცხადებაში.

აღნიშნული ოპოზიციური პარტიები არიან: „თავისუფლების მოედანი“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“ და „ევროპული საქართველო“.