Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

როგორი ამინდი იქნება 21 ივნისს საქართველოში

სინოპტიკოსების ცნობით, 21 ივნისს საქართველოში უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ზოგიერთ ქალაქში კი, წვიმას პროგნოზირებენ. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში მზიანი ამინდია ნავარაუდევი.

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:

გაგრა +21 – წვიმა

სოხუმი +23 – უმეტესად ღრუბლიანი

ზუგდიდი +25 – უმეტესად მზიანი

მესტია +18 – წვიმა

ფოთი +24 – უმეტესად მზიანი

ბათუმი +24 – უმეტესად მზიანი

ოზურგეთი +26 – უმეტესად მზიანი

ქუთაისი +26 – უმეტესად მზიანი

ამბროლაური +24 – უმეტესად მზიანი

ახალციხე +25 – უმეტესად მზიანი

ბორჯომი +20 – უმეტესად მზიანი

ბაკურიანი +18 – უმეტესად მზიანი

გორი +27 – უმეტესად ღრუბლიანი

ცხინვალი +24 – უმეტესად მზიანი

სტეფანწმინდა +18 – უმეტესად მზიანი

გუდაური +15 – მზიანი

თელავი +27 – უმეტესად ღეუბლიანი

რუსთავი +32 – უმეტესად მზიანი

თბილისი +30 – უმეტესად მზიანი

21 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

აქტიური მოქმედებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ გირჩევთ, ძალები მომავალი საქმისთვის შემოინახოთ, რომელიც თქვენს ცხოვრებაში სულ მალე გამოჩნდება. თუ მარტოხელა ხართ და ოცნების ადამიანის გამოჩენას ელით, ეს დღე შესანიშნავ შანსს მოგცემთ, დაამყაროთ ურთიერთობა, რომელიც თქვენს ცხოვრებას სასიკეთოდ შეცვლის.

კურო

თუ გიფიქრიათ, რომ შეიძლება ირგვლივ მყოფებმა თქვენი სიჩუმე და განმარტოება უყურადღებობისა და ამპარტავნების ნიშნად ჩათვალონ? სცადეთ, ურთიერთობებში უფრო გახსნილი იყოთ. ნუ გგონიათ, რომ ირგვლივ მხოლოდ უგუნური ადამიანები არიან, რომლებსაც ვერაფერზე ესაუბრები. საკმარისია, პირველი ნაბიჯი გადადგათ.

ტყუპები

შესაძლოა, რაღაც საკითხზე შეხედულება რადიკალურად შეგეცვალოთ. ახლა ყველაზე მეტად საკუთარი თავის რწმენა გჭირდებათ, რადგან ირგვლივ არავინაა, ვინც თქვენს პოზიციას ბოლომდე გაიზიარებს. ზოგისთვის თქვენი მიზნები მეტისმეტად ამბიციურია, მაგრამ თქვენ საკუთარი წარმატების აუცილებლად უნდა გჯეროდეთ.

კირჩხიბი

ამ დღეს ყველა სხვა პრობლემა და საქმე გვერდზე გადადეთ – მთელი ყურადღება ოჯახზე და ოჯახურ ღირებულებებზე უნდა გადაიტანოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ახლობელ ადამიანებს შორის კავშირი შესუსტდეს. თქვენი სიბრძნე და ცხოვრებისეული გამოცდილება დაგეხმარებათ, ყველაზე რთული სიტუაციებიც კი სწრაფად და მშვიდობიანად გადაჭრათ. ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთმანეთისადმი ნდობა შეინარჩუნოთ.

ლომი

ლომებს ახლა ყველაზე მეტად ცოტა ხნით სიმშვიდე და საკუთარ თავთან მარტო დარჩენა გჭირდებათ. ამის წყალობით ენერგიასა და ენთუზიაზმს დაიბრუნებთ, ხოლო ურთიერთობები უფრო სასიამოვნო და სიხარულის მომტანი გახდება. არ ინერვიულოთ, თუ ყველაფერი პირველ ცდაზე არ გამოდის. კიდევ რამდენიმე ცდა და მიზანს მიაღწევთ.

ქალწული

დილიდან შეიძლება შფოთვა და დაძაბულობა იგრძნოთ. ეს პლანეტების ზემოქმედებაა — ისინი ადამიანებს მსოფლიოს ცვალებადობასა და დაუცველობას აგრძნობინებენ. ამ დღეს შეიძლება უამრავი წვრილმანი პრობლემა წარმოიშვას, რაც ძირითადი საქმისგან მოგწყვეტთ. ეცადეთ, საჭირო ადამიანებთან ურთიერთობა დაამყაროთ, მათგან შეიძლება საინტერესო შეთავაზებები მიიღოთ.

სასწორი

ეცადეთ, პირად და ოჯახურ ურთიერთობებში ისეთივე ტაქტი და დიპლომატიური უნარები გამოიჩინოთ, როგორსაც საქმიანი პარტნიორების მიმართ იჩენთ. ნუ გგონიათ, რომ ადამიანები ყველაფერს თავისთავად, უსიტყვოდ უნდა მიხვდნენ. ხელსაყრელი დროა რომანტიკული საღამოებისა და შეხვედრებისთვის. საყვარელ ადამიანს თქვენი რომანტიკული სიურპრიზი ძალიან გაახარებს.

მორიელი

ამ დღეს მოვლენები ისე განვითარდება, რომ მოგიწევთ ლიდერის როლი იტვირთოთ. სიტუაციის გაკონტროლებაში და შეცდომების თავიდან აცილებაში სწორედ ეს ტაქტიკა დაგეხმარებათ. თუ კომპრომისისთვის მზად არ ხართ, უმჯობესია საქმეები დამოუკიდებლად, კოლეგებისა და საყვარელი ადამიანების დახმარების გარეშე აკეთოთ.

მშვილდოსანი

დროა, ქალაქგარეთ სახლის აშენებაზე ან აგარაკის შეძენაზე იფიქროთ. ახლა საკმაოდ ხელსაყრელი შანსი გაქვთ, მოგებიანი გარიგება გააფორმოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ვარსკვლავები გირჩევენ, მეტი დრო გაატაროთ ბუნებაში. ეს თქვენს ჯანმრთელობაზეც დადებითად აისახება. პროფესიონალებთან ურთიერთობა და მათი რჩევები მომავალ საქმიანობაში დაგეხმარებათ და შეცდომებისგან დაგიცავთ.

თხის რქა

შეეგუეთ, რომ ამ დღეს ბევრი რუტინული საქმე გელით. ზოგჯერ ისეთი სამუშაოების შესრულება გვიწევს, რომლებიც არც სიამოვნებას გვანიჭებს და არც ინტერესს იწვევს, მაგრამ ჩათვალეთ, რომ ეს თქვენი გამძლეობისა და შრომისუნარიანობის ტესტია. საღამოს შეიძლება მოულოდნელად შორიდან სასიამოვნო ცნობები მიიღოთ.

მერწყული

ალბათ შეამჩნიეთ, რომ ბოლო დროს მუდმივად წინააღმდეგობებს აწყდებით. პლანეტების განლაგების მიხედვით ახლა მერწყულებისთვის გამოცდების დროა, თუმცა ძალიან მალე ეს რთული პერიოდი დასრულდება და წინ უფრო წარმატებული დღეები გელით. შეცდომის თავიდან ასაცილებლად, ყურადღებით შეამოწმეთ საბუთები და სამუშაო პროცესი მუდმივად აკონტროლეთ.

თევზები

თუ გრძნობთ, რომ ერთფეროვანმა სამუშაომ დაგღალათ, იქნებ მოახერხოთ და მოსაწყენ რუტინას ცოტა ხნით მაინც მოშორდეთ. აკონტროლეთ თქვენი სიტყვები და ქმედებები, რათა არავინ გაანაწყენოთ. სასურველია, საღამო სიმშვიდეში გაატაროთ და მომავალი სამუშაო კვირისთვის ძალები აღიდგინოთ.

ბათუმში ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დამდგენი კომისიის გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ქალაქ ბათუმში, ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც 85 სტატუსის მაძიებელი პირის საქმე განიხილეს.

კომისიას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე ესწრებოდნენ.
ინფორმაციისთვის, ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის ძირითადი ამოცანაა, ვეტერანისა და ვეტერანის ოჯახის წევრობის დამადასტურებელი სტატუსის მაძიებელ იმ პირთა განცხადებების განხილვა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის/დაღუპვის ფაქტის დადგენა, რომელთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არასრულია.

ასევე, იმ პირთა განცხადებების განხილვა, რომელთა დოკუმენტაციიდან არ დგინდება კონფლიქტის ზონაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად მივლინების ფაქტი და არ გააჩნიათ ბრძანება კონფლიქტის ზონიდან დაბრუნების შესახებ.
სტატუსის მაძიებელი, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილებით, უარი ეთქვა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დადგენის თაობაზე, განმეორებით კომისიის სხდომაზე აღარ დაიშვება; გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ის შემთხვევები, როცა ფაქტობრივი, ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო კომისიის გადაწყვეტილებას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი, ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს მაძიებლისათვის უფრო ხელსაყრელი, ახალი გადაწყვეტილების მიღებას.

ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის განახლებული შემადგენლობა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, გენერალ-მაიორ კობა კობალაძის ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

კობა კობალაძემ უკრაინაში დაღუპული დემეტრე დარჩიას ხსოვნას პატივი მიაგო

მიმდინარე წლის 20 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, მრჩეველთან, ვლადიმერ იმნაძესთან და სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, უკრაინაში, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ქართველის, დემეტრე დარჩიას ოჯახს მიუსამძიმრა და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

დემეტრე დარჩია 22 წლის იყო და იგი ”ქართულ ლეგიონში” ირიცხებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი, 12 ივნისს, კიევში, ლეგიონის ერთ-ერთ საწვრთნელ ბაზაზე დაიღუპა, სავარაუდოდ, ხელნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერების დეტონაციის შედეგად.

დემეტრე დარჩიას, 21 ივნისს, ბათუმში, ფერიის სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

მსუბუქი ყოფილიყოს მისთვის ქართული მიწა!

ინფორმაციისთვის, ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, უკრაინაში, რამდენიმე ასეული (არაოფიციალური ინფორმაციით, 2000-მდე) ქართველი მოხალისე იბრძვის. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე. ომის დაწყებიდან (2022 წლის თებერვლიდან) დღემდე, უკრაინაში 80-მდე ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს 2022 წლის 24 თებერვლიდან აწარმოებს.ფრონტის ხაზი, დღეისთვის, 1000 კილომეტრზე მეტია.

რუსი და უკრაინელი ხალხები რეალურად ერთი ერია, ამ თვალსაზრისით, მთელი უკრაინა ჩვენია, იქ, სადაც რუსი სამხედროს ფეხი აბიჯებს, ჩვენია -ვლადიმერ პუტინი

ეს ანდაზა არ არის, არც იგავი, არამედ ძველებური წესია: იქ, სადაც რუსი სამხედროს ფეხი აბიჯებს, ჩვენია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

პუტინის განცხადებით, რუსებსა და უკრაინელებს ერთ ხალხად მიიჩნევს.

„მე უკვე ბევრჯერ ვთქვი, მიმაჩნია, რომ რუსი და უკრაინელი ხალხები ერთი ერია რეალურად. ამ თვალსაზრისით, მთელი უკრაინა ჩვენია“, – განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, რუსეთს ეჭვქვეშ არასდროს დაუყენებია უკრაინის სუვერენიტეტის საკითხი.

„სხვათა შორის, ჩვენ არასდროს დაგვიყენებია ეჭვქვეშ უკრაინელი ხალხის უფლება დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტზე“, – აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ რუსეთის ქმედებები მიმართული იყო მოსახლეობის დაცვაზე.

„სახელმწიფო, სისხლიანი, არაკონსტიტუციური გადატრიალება უკრაინაში. ეს რა არის? ესეც ხომ ქმედებაა ძალის პოზიციიდან და აშშ-ის წინა ადმინისტრაციამ პირდაპირ განაცხადა იმის შესახებ, რომ მან ამ გადატრიალებაზე მილიარდობით დოლარი დახარჯა; მორიდების გარეშე, საჯაროდ თქვეს. ჩვენი ქმედებები მიმართული იყო მოსახლეობის იმ ნაწილის დაცვაზე, რომელიც თავს სისხლისმიერად, სულიერად რუსეთთან დაკავშირებულად თვლიდა“, – განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, რუსეთი აიძულეს, ეღიარებინა ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა.

„ჩვენ შევეცადეთ მშვიდობიანი გზით მორიგება. ვითარების გამოსწორება, მაგრამ ჩვენმა პარტნიორებმა, როგორც მათ ახლა უკვე ბრჭყალებში მოვიხსენიებთ და როგორც მოგვიანებით გამოირკვა, გააჩაღეს ეს გადატრიალება მხოლოდ ერთი რამისთვის, რომ უკრაინა იარაღით აევსოთ და გაგრძელებული ეს საბრძოლო მოქმედებები. ბოლოს და ბოლოს, ეს გვაიძულებდა ჩვენ, გვეღიარებინა ამ რესპუბლიკების – ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა. ჩვენ რვა წელი არ ვაღიარებდით, ვცდილობდით მორიგებას, თუმცა გვაიძულეს, გვეღიარებინა ისინი დამოუკიდებლად. შემდეგ გვაიძულეს, მათთვის დახმარება გაგვეწია, მათ შორის შეიარაღებული მხარდაჭერა, რათა დაგვესრულებინა ომი, რომელიც ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა გააჩაღეს დასავლეთში და ვისაც ისინი ეყრდნობოდნენ და ეყრდნობიან უკრაინაში, ეს უკიდურესი ნაციონალისტები და ნეონაცისტები არიან“, – განაცხადა პუტინმა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალს ავრცელებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრების სიას ავრცელებს.

ქვეყნის მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრი იქნება გახსნილი.

კერძოდ, ქალაქ თბილისში ცხრა საგამოცდო ცენტრი გაიხსნება – №39 საჯარო სკოლა – გლდანის I მ/რ;  №103 საჯარო სკოლა – მესხეთის ქ. №72; №133 საჯარო სკოლა – ვარდისუბნის ქ. №8; №147 საჯარო სკოლა – დიღმის მას. მე-3 კვ.; №175 ა  საჯარო სკოლა – მუხიანის მე-3 მ/კ.; №175 ბ  საჯარო სკოლა – მუხიანის მე-3 მ/კ; №177 საჯარო სკოლა – დავით ჯაბიძის ქ. N 38 (გლდანი, მე-5 მ/რ); №191 საჯარო სკოლა – დავით ჯაბიძის ქ. №30; №207 საჯარო სკოლა – ჩარგლის ქ. 34;

ქალაქ ქუთაისში გაიხსნება სამი საგამოცდო ცენტრი – №17 საჯარო სკოლა – ნიკეას №44; №23 საჯარო სკოლა – არაყიშვილის ქ. №15;  ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის № 41 ფიზიკა- მათემატიკური საჯარო სკოლა – რუსთაველის ქ.  №127;

ქალაქ ამბროლაურის №1 საჯარო სკოლა – ვ. კობახიძის ქ. №2;

სამი ცენტრი იქნება ბათუმში – ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის №1 საჯარო სკოლა – დ. თავდადებულის 47; №10  საჯარო სკოლა –  ივანე ჯავახიშვილის ქ. 66; №14 საჯარო სკოლა – ინასარიძის ქ. №11;

ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის №2 საჯარო სკოლა –  გაბრიელ ეპისკოპოსის ქ. №9;

ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ ფოთის №3 საჯარო სკოლა – ზამბახიძის ქ. №3;

ქალაქ ზუგდიდის №4 საჯარო სკოლა – ცოტნე დადიანის ქ. №10;

ქალაქ გორის №3 საჯარო სკოლა – დ. ამილახვარის ქ. №26;

ქალაქ თელავის №8 საჯარო სკოლა – თამარის ქ. №79;

ქალაქ ახალციხის №1 საჯარო სკოლა – მიქუტიშვილის ქ. №2;

ქალაქ რუსთავის № 15 საჯარო სკოლა – მე-8 მ/რ;

დაბა ხულოს საჯარო სკოლა – შავაძის ქ. №3.

ასევე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად გამოიყო დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი სტანდარტული ტარიფით.

კერძოდ, მეტრო  „ახმეტელიდან“ მუხიანის დასახლების მიმართულებით №175 სკოლამდე;

მეტრო  „ახმეტელიდან“ გლდანის მიმართულებით №191, №177 და №39 სკოლებამდე;

მეტრო „სამგორის“ ზედა ამოსასვლელიდან №103 საჯარო სკოლამდე;

მეტრო „დიდუბის“ (წერეთლის გამზირის მხარეს) ამოსასვლელიდან №147 საჯარო სკოლამდე.

საგამოცდო დღეებში დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმუშავებს დილის 06:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე მთელი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში.

საგამოცდო პროცესი წელს 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება.

2025 წლის კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის საბოლოო შედეგები

გამოვლინდა 2025 წლის კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების  ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის საბოლოო შედეგები

კონკურსის ფარგლებში დასაფინანსებლად შეირჩა 2 პროექტი.

დეტალური ინფორმაცია გთხოვთ, იხილოთ ფონდის ვებგვერდზე : https://shorturl.at/8qBe2

რა ეღირება დოლარი და ევრო 21 ივნისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7268 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7268 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7270 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1435 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1287 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0148 ლარი შეადგინა.

რეჟიმის შეცვლა ირანში? კარგი იდეაა, მაგრამ გადახედეთ ისტორიას – ხელისუფლების ცვლილება პრაქტიკულად შეუძლებელია – The Guardian

ბრიტანული გაზეთის „გარდიანის“ (The Guardian) 20 ივნისის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „რეჟიმის შეცვლა ირანში? კარგი იდეაა, მაგრამ გადახედეთ ისტორიას – ხელისუფლების ცვლილება პრაქტიკულად შეუძლებელია“ (ავტორი – მარტინ კეტლი, რედაქტორი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირედ შემოკლებული სახით:

სპარსეთის ყურეში ომის დაწყების წინ, 1991 წელს, ერთ-ერთმა ტელეჟურნალისტმა აშშ-ის არმიის სარდალს, გენერალ ნორმან შვარცკოპფს კითხვა დაუსვა – „გსურთ თუ არა სადამ ჰუსეინის დამხობა ერაყში“. ნორმანმა პასუხი ლაკონურად გასცა: „სათქმელად ადვილია, გასაკეთებლად კი ძნელი“.

გენერალმა იცოდა, რასაც ამბობდა. ნორმან შვარცკოპფი მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება სწავლობდა ახლო აღმოსავლეთს. უფრო მეტიც – მან ბავშვობა თეირანში გაატარა. სადამ ჰუსეინის გასანადგურებელი სახმელეთო ომის სტრატეგია გენერალმა სპეციალურად თვითონ შეიმუშავა ისეთი სახის, როგორითაც ძველი კართაგენელი სარდალი ჰანიბალი სარგებლობდა და რომლითაც წარმატებით გაანადგურა რომაელთა ჯარი აპულიაში, 216 წელს ჩვენს ერამდე.

რეჟიმის შეცვლა, რაზედაც დღეს ძალიან ხშირად საუბრობენ ირანთან დაკავშირებით, სწორედ ნორმან შვარცკოპფის პოლიტიკის – „სათქმელად ადვილია, გასაკეთებლად კი ძნელის“ განსახიერებას წარმოადგენს. აშკარაა, რომ მსოფლიო უფრო უკეთესი იქნებოდა თეირანის მსგავსი  რეპრესიული და აგრესიული რეჟიმების გარეშე, მაგრამ, სამწუხაროდ, არ არსებობს ისეთი ღილაკი ან ჩამრთველი, ისეთი ბერკეტი, რომელსაც თითს დააჭერდი, დააწვებოდი და დიქტატორული ხელისუფლებას უეცრად ჩამოინგრეოდა და შეიცვლებოდა. დანგრევა უფრო იოლია, ვიდრე აღდგენა.

რეჟიმის შეცვლა – ეს ის ფრაზაა, რომლის უკან უამრავი უბედურება და პრობლემები იმალება და რომლისგანაც უმრავლეს შემთხვევებში ჩვეულებრივი ადამიანები ზარალდებიან – ანუ იმ ქვეყნის მოქალაქეები, სადაც რეჟიმი შეიცვლება. დასავლეთში ბევრ თანამედროვე მთავრობას და საზოგადოებას ნაგემნი აქვს ხელისუფლების ძალადობრივად ცვლილების „სიკეთე“, საკუთარი მწარე გამოცდილების საფუძველზე. ხომ გახსოვთ ავღანეთში შეჭრა 2001 წელს და ომი ერაყში 2003 წელს? უეჭველად გახსოვთ. ავღანური და ერაყული დრამები ჩვენ პოლიტიკას წლების შემდეგ, დღესაც კი თან სდევს, 2010-2011 წლების ე.წ. „არაბული გაზაფხულის“ სისხლიანი დასასრული კი ჩვენი გულუბრყვილობის შავბნელ ძეგლს წარმოადგენს.

და მაინც ირანის თეოკრატიული რეჟიმის დამხობის სურვილი სამართლიანია. ირანის ხელისუფლება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რეპრესიულ რეჟიმს წარმოადგენს. ადამიანთა გამოგონილი ბრალდებებით დაპატიმრებები და სასამართლო პროცესები ხელოვნურად არის ინსცენირებული. საპყრობილეებში ფართოდ არის გავრცელებული წამება, ცემა და კიდურების ამპუტაცია. უსამართლოდ დასჯა სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა. დაკანონებულია ქალების, უმცირესობებისა და მიგრანტების დევნა-შევიწროვება. პრაქტიკულად შეუძლებელია საკუთარი აზრის თავისუფალი გამოხატვა და პოლიტიკური აქტიურობა.

აიათოლების რეჟიმის ბოროტებას არამარტო ირანელები გრძნობენ, არამედ სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც. წლების განმავლობაში ირანის ხელისუფლების ბოროტმოქმედება გამოიხატება ლიბანში და ღაზას სექტორში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფებების – „ჰამასის“ და „ჰეზბოლას“ მიმართ გაწეულ დახმარებაში. ირანი აფინანსებს დასავლეთში ფარულად მოქმედ ტერორგანიზაციებსაც, იარაღს აწვდის რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ. ირანის სწრაფვა ბირთვული იარაღის დაუფლებისაკენ, რომლის მეშვეობით თეირანი ისრაელს დაემუქრება, აუცილებლად უნდა აღიკვეთოს.

ამრიგად, თუ ამის შესაძლებლობაა და შესაფერისი მიზეზიც არსებობს, რატომ არ უნდა დაემხოს ესოდენ ბოროტი რეჟიმი? რატომ არ უნდა დავუჭიროთ მხარი ანტიდემოკრატიული ხელისუფლების ქვეყნის მმართველობიდან წასვლას? განსაკუთრებით ახლა, როცა ირანის მოკავშირეები „ჰამასი“, „ჰეზბოლა“ და იემენელი ჰუსიტები დასუსტებულები არიან, ხოლო თვითონ ირანი სანქციების ქვეშ არის მოქცეული? როცა ირანული რევოლუციის გუშაგები და სხვა ძალოვანი სტრუქტურების სარდლობა ლიკვიდირებულია? ანუ დღეს თუ არა, მაშინ როდის?

ცდუნება ძალიან დიდია. პოლიტიკაში, ისევე როგორ ომში, მომენტით სარგებლობა ხშირად გადამწყვეტ როლს ასრულებს. ბისმარკი მომენტით სარგებლობას ლიდერობის ერთ-ერთ მთვარ კრიტერიუმად მიიჩნევდა და ამ მხრივ თვითონვე დიდოსტატობა გამოავლინა. უილიამ შექსპირმა ეს აზრი გამოხატა თავის ცნობილ „იულიუს კეისარში“, როცა კასიუსს ეუბნებიან – „კაცთა ცხოვრებაში არის მოქცევა და თუ მისი ტალღებით დროულად ისარგებლებ, წარმატებას მიაღწევ… და თუ მას ხელიდან გაუშვებ, მეჩეჩზე გაირიყები და უბედური დარჩები“.

ირანის რეჟიმის დამხობა საერთაშორისო საფრთხის თავიდან აცილებასაც ნიშნავს: აიათოლების მმართველობის კრახი სასარგებლო იქნება არამხოლოდ ისრაელისთვის, არამედ იმ ქვეყნებისათვისაც, რომლებიც ირანის მოკავშირეების, კერძოდ, რუსეთის აგრესიას განიცდიან (უკრაინისთვის). ბირთვული იარაღის გავრცელების პროცესი შეჩერდება. ტერორისტული ჯგუფების მუქარები შეწყდება. ირანი იარაღით ვეღარ მოამარაგებს აგრესორ ქვეყნებს. ეს, რასაკვირველია, ცუდი ამბავი იქნება მოსკოვისათვის, რომელიც ირანისაგან დიდი რაოდენობით დრონებს ყიდულობდა, მაგრამ იმავდროულად ეს იქნებოდა იმედის სხივი უკრაინისათვის. საერთაშორისო ნაოსნობა წითელ ზღვაში და სპარსეთის ყურეში უსაფრთხო გახდებოდა, ნავთობზე ფასი დაეცემოდა…

დიახ, მთლიანობაში ამ არგუმენტების უარყოფა ძალიან რთულია. ირანის წინააღმდეგია ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელსაც საკუთარი ინტერესები ამოძრავებს „ჰამასის“ მიერ ჩადენილი ცნობილი ტერორისტული აქტის გამო. ირანის წინააღმდეგია დონალდ ტრამპიც, რომელიც განასახიერებს აშშ-ის პოლიტიკას 1979 წლიდან – ვაშინგტონისა და თეირანის კონფრონტაციის დაწყების დროიდან. წესით, დონალდ ტრამპის ანუ აშშ-ის მტერი ქვეყანა ჩვენი მეგობარი არ არის.

მაგრამ იმავდროულად არის სერიოზული და საყურადღებო მიზეზები იმისთვის, რომ ძალიან ფრთხილად ვიყოთ და შეცდომები არ დავუშვათ.

ჯერ-ერთი, რომ რეჟიმის განადგურება არ ნიშნავს რეჟიმის წარმატებულ ცვლილებას. შესაძლოა, ისრაელი აშშ-ის დახმარებით თუ მის გარეშე, ირანს ისეთ ზიანს მიაყენებს, რომ აიათოლების ხელისუფლება თავის ფუნქციებს ვეღარ შეასრულებს, მაგრამ რა იქნება შემდეგ? განა ისრაელი და აშშ დამარცხებული ირანის ტერიტორიის ოკუპირებას განახორციელებენ და მის მართვას დაიწყებენ? არა, არცერთი ამას არ აპირებს. აშშ-სათვის ავღანეთის, ერაყისა და ლიბიის საშინელი გაკვეთილები არ დავიწყებულა. თეირანი 1945 წლის დროინდელი ბერლინი ნამდვილად არ იქნება.

თავის მიმართვაში ირანისადმი ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანელმა ხალხმა ახალი ირანი უნდა შექმნას და რომ ისრაელი ამ მიზნის მისაღწევად – თავისუფალი ირანის ასაშენებლად – ირანელებს გზას გაუწმენდს. მაგრამ ვინ მოვა ახალი ირანის ხელისუფლებაში ისრაელისა და აშშ-ის ხელშეწყობით? ის მთავრობა, რომელიც ხელს ვერ შეუშლის ისრაელსა და ამერიკას ირანის ხარჯზე გამდიდრებაში? ვინ იქნებიან ახალი მთავრობის წევრები, როცა ოპოზიცია ფაქტიურად განადგურებულია?

დამარცხებული ირანის ხელისუფლება, რა თქმა უნდა, დასუსტებული იქნება, მაგრამ ის მაინც დარჩება დიდი, ამაყი და მნიშვნელოვანი ქვეყნის ხელისუფლებად. ირანი ისევ მდიდარი იქნება ბუნებრივი რესურსებით, ისევ იქნება ულეველი ენერგეტიკური რესურსების მქონე ქვეყანა, რომელიც ისევ კარგად შეიარაღებას შეეცდება. დიახ, ქვეყნის ეთნიკური და რელიგიური შემადგენლობა იდროვებს და თავისი უფლებების რეალიზებას მოითხოვს, მაგრამ აიათოლების რეჟიმის მომხრეები და აპარატის წევრები ყველგან დარჩებიან – არმიაშიც, პოლიციაშიც და სპეცსამსახურებშიც. სწორედ ეს ფაქტორები გახდება იმის სიგნალად, რომ არასტაბილურობის აფეთქება მოხდეს, დაიწყოს სამოქალაქო კონფრონტაცია (ომი), რომელიც შესაძლოა წლების განმავლობაში გაგრძელდეს.

არავინ არ უნდა დაივიწყოს ის გარემოებაც, რომ ირანი რევოლუციური რეჟიმის მქონე ქვეყნად დარჩება. მმართველები, რომლებიც ხელისუფლებაში მოდიან, მთლიანად ანადგურებენ თავიანთ წინამორბედ მმართველებს – ისევე როგორც ირანელმა ისლამისტებმა გაანადგურეს შაჰის მთავრობის წარმომადგენლები 1979 წელს. ახალი მმართველობაც შეიძლება პარანოიდალურ რეჟიმად იქცეს.

ისტორია გვასწავლის, რომ რევოლუციური რეჟიმების ცვლილება განსაკუთრებით „ჭუჭყიანი“ საქმეა. ახალი ხელისუფლების რეალური დამყარება ურთულესი პროცესია. გავიხსენოთ 1815 წლის შემდგომი საფრანგეთი, ან რუსეთი 1991 წლის შემდეგ. გერმანია ნაციზმის მორევისაგან 1945 წლის შემდეგ საერთაშორისო შეთანხმების წყალობით გადარჩა, რომელშიც მკაფიოდ იყო ჩამოყალიბებული აშშ-ის ეკონომიკური დახმარება, სამხედრო ოკუპაციის წესები და პრაგმატული კომპრომისები გერმანული ინსტიტუტების მიმართ. ამის შედეგად მიღწეული იქნა კოლექტიური ტრიუმფი, თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ გერმანიის მსგავსი პრეცედენტი საერთაშორისო პოლიტიკაში იშვიათია. ირანში [აზიურ ისლამურ ქვეყანაში] მსგავსი არაფერი მოხდება. ასე რომ, სურვილებშიც სიფრთხილეა საჭირო.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა

საქართველოში Lamborghini-ს პირველი შოურუმი ოფიციალურად გაიხსნა. პრემიუმ კლასის საავტომობილო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი “თეგეტა ჰოლდინგია”, კომპანიის შემოყვანის მთავარი ფინანსური პარტნიორი კი – თიბისი.

შოურუმი საქართველოში ოფიციალურად გახსნა Automobili Lamborghini-ს პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა Stephan Winkelmann -მა “თეგეტა ჰოლდინგის” წარმომადგენლებთან ერთად. საერთაშორისო ბრენდის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქართულ ბაზარზე შემოსვლა კომპანიის გაფართოების სტრატეგიის ნაწილია.

საქართველოში მაღალი კლასის ავტომობილებზე მოთხოვნა მზარდია: 2019-2024 წლებში პრემიუმ ბრენდების მანქანების რაოდენობა ბაზარზე წლიურად საშუალოდ 44%-ით იზრდებოდა. ქვეყანაში ახალი ბრენდების შემოყვანით კი თიბისი და „თეგეტა ჰოლდინგი“ ბაზრის მოთხოვნას პასუხობენ.  

“საამაყოა, რომ ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა – „თეგეტა ჯგუფმა” – დაიმსახურა Lamborghini ნდობა. ვფიქრობ, Lamborghini შემოსვლა საქართველოში საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებისთვის ახალი ეტაპია: ეს ნიშნავს ბაზარზე კიდევ უფრო მაღალი სტანდარტების დანერგვას და სერვისების გაუმჯობესებას. ამავე დროს მსგავსი კლასის ბრენდის შემოსვლა ქვეყანას უფრო ფართო მასშტაბით საერთაშორისო პოზიციონირების საშუალებას აძლევს. „თეგეტა ჰოლდინგის“ დაარსების დღიდან თიბისი კომპანიის მთავარი ფინანსური პარტნიორი და მხარდამჭერია. ჩვენი თანამშრომლობის ისტორია უკვე თითქმის 30 წელს ითვლის და ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი პროექტი გვაქვს განხორციელებული. „ლამბორგინის“ შოურუმის გახსნაც ჩვენი წარმატებული პარტნიორობის ერთ-ერთი მაგალითია”, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

“დიდი პატივია ჩვენთვის, რომ Automobili Lamborghini-მა მოგვანდო ამ ლეგენდარული ბრენდის წარმოჩენა ჩვენს რეგიონში. მადლობა Lamborghini-ს წარმომადგენლობას, რომელიც ჩვენს ღონისძიებას დაესწრო – ეს სტუმრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი პარტნიორობის სიძლიერეს და იმ საერთო ღირებულებებს, რომლებიც გვაერთიანებს: სიზუსტე, პროგრესი და სრულყოფისკენ დაუღალავი სწრაფვა. „თეგეტა ჰოლდინგში“ ყოველთვის გვჯეროდა ახალი სტანდარტების დაწესების: ქართული საავტომობილო ინდუსტრიის საწყისი ეტაპებიდან დღემდე – იქამდე, რომ შევძელით Lamborghini-ის მსგავსი ლეგენდარული ბრენდი შემოგვეტანა – ჩვენი გზის მთავარი მამოძრავებელი ყოველთვის იყო სითამამე ოცნებებში და პასუხისმგებლობა რეალობაში“,- პეტრე წაქაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი.

Lamborghini-ს შოურუმი აღმაშენებლის ხეივანში N129 მდებარეობს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მორიგ ჯერზე ცდილობს, სპეკულაციური განცხადებებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სიცრუის ტირაჟირებას – „ქართული ოცნება“

„ქართული ოცნება” განცხადებას ავრცელებს.

„გვსურს გამოვეხმაუროთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას, რომლის თანახმად, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დეპუტატად მცირე ხნით ყოფნის გამო წარმოეშვა და ამის მიუხედავად, მისი დეკლარაცია, დეკლარაციების ვებგვერდზე არ იძებნება.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა, ქონებრივი დეკლარაცია, რომლის შევსების ვალდებულება მას, როგორც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, პარლამენტის წევრობის კანდიდატს დაეკისრა, 2024 წლის 4 ოქტომბერს შეავსო. ბიძინა ივანიშვილის, როგორც პარლამენტის წევრობის კანდიდატის მიერ შევსებული დეკლარაცია ანტიკორუფციული ბიუროდან „რადიო თავისუფლებამაც“ გამოითხოვა და ამ თემას 2024 წლის 31 ოქტომბერს სტატიაც მიუძღვნა, სათაურით – „ივანიშვილის ოჯახის დეკლარირებული ქონება: საქართველოში, რუსეთსა და საფრანგეთში”.

რაც შეეხება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მტკიცებას, რომ ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება, ბიძინა ივანიშვილს „არჩევნების შემდეგ მცირე ხნით პარლამენტის წევრად ყოფნის გამო წარმოეშვა“, ორგანიზაციას შევახსენებთ, რომ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, „პირი ვალდებულია თანამდებობაზე განწესებიდან ორი თვის ვადაში წარადგინოს საჯარო სამსახურის ბიუროში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.“ ასევე, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის“ შესაბამისად, პირი თავისუფლდება დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან თუკი მას საჯარო დაწესებულების სისტემაში დაკისრებული აქვს თანამდებობის პირის მოვალეობის შესრულება არაუმეტეს 2 თვის ვადით.

ამავე კანონის თანახმად, „საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ვალდებულია პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციიდან 1 კვირის ვადაში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გამარტივებული ფორმით შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ, ამ მუხლის თანახმად, მას იმ წელს შევსებული აქვს დეკლარაცია.“

კანონში არსებული ზემოაღნიშნული დათქმებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” სიცრუეს ავრცელებს. მე-11 მოწვევის პარლამენტმა, 2024 წლის 25 ნოემბერს გამართულ პირველ სხდომაზე, დეპუტატების, მათ შორის, „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომრის, ბიძინა ივანიშვილის უფლებამოსილება ცნო, რომელიც მას ამავე წლის 10 დეკემბერს, მისივე მიმართვის საფუძველზე შეუწყდა. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის მიერ თანამდებობის დაკავება, მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის პერიოდი არ აღემატება 2 თვეს.

შესაბამისად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მორიგ ჯერზე ცდილობს, სპეკულაციური განცხადებებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სიცრუის ტირაჟირებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს

თიბისიმ პარტნიორი კომპანიებისა და მომხმარებლებისათვის განვადების გაცემის პროცედურა გაამარტივა. უკვე ნებისმიერ ბიზნესს, რომელიც თიბისი განვადების სერვისით სარგებლობს, მომხმარებლისთვის განვადების განაცხადის შევსება დამოუკიდებლად, ბანკთან გადამისამართების გარეშე შეუძლია.

ახალი პროცედურით, განვადების განაცხადის შევსება სულ რაღაც 2 წუთში არის შესაძლებელი, რაც კომპანიის მეტი მომხმარებლის მომსახურების და გაყიდვების ზრდის შესაძლებლობას აძლევს. მომხმარებელი კი, მასზე მორგებულ, სწრაფ, მარტივ და მოქნილ სერვისს იღებს. 

შედი მერჩანტ პორტალში და ისარგებლე განახლებული ციფრული შესაძლებლობით. 

განვადების გამარტივებული პროცედურის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილე ბმულზე.

R