Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

სალომე ზურაბიშვილმა ქართულ კანონს დაადო რუსული ვეტო – დავით მათიკაშვილი

სალომე ზურაბიშვილმა ქართულ კანონს დაადო რუსული ვეტო, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე დავით მათიკაშვილმა განაცხადა

მისი თქმით, ეს არის პირდაპირი დადასტურება იმის, რომ რეალურად ამ კანონის მიმართ არანაირი არგუმენტი ზურაბიშვილს არ გააჩნია.

„კონსტიტუცია ადგენს, რომ ვეტო უნდა იყოს მოტივირებული, მოტივირებული შენიშვნებით და მხოლოდ კაპრიზით განხორციელებული აქტი, რა თქმა უნდა, ანტიკონსტიტუციურია.

ის უნდა იყოს ეროვნული გაერთიანებისკენ და ტემპერატურის, თუკი ასეთი აწეული ტემპერატურა, ზოგადად, არსებობს, მისი დაწევისკენ, შერიგებისკენ გამსჭვალული და მიმართული. სანაცვლოდ, მხოლოდ რადიკალიზმის გაღვივებას ცდილობს სალომე ზურაბიშვილი. თუმცა, მეორე მხრივ, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ კარგად დაინახა, რომ ნებისმიერი მცდელობა იმის, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი წარმოაჩინონ როგორც რაიმე უფლების შემზღუდავი, არა არგუმენტირებული, ეს არის მცდარი შეხედულება. არ არსებობს არცერთი არგუმენტი მის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, ეს კანონი საბოლოოდ იქნება მიღებული“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო.

ამ გადაწყვეტილებით ზურაბიშვილმა დაადასტურა რომ ის ემსახურება რადიკალიზმს – გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტის ვეტოზე

ამ გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ ის ემსახურება რადიკალიზმს, – განაცხადა პრეზიდენტის ვეტოს შეფასებისას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

„დიალოგის მომხრე არ არის, გამჭვირვალობის მომხრე არ არის, უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობების მომხრე არ არის, ვენეციის კომისიის დასკვნის მომხრე არ არის ა ამ დროს ჩვენ გვეუბნებიან, რომ თურმე, ხელისუფლება დიალოგზე არ მოდის. ამ გადაწყვეტილებით ეს რამდენიმე ფაქტორი დაადასტურა ზურაბიშვილმა“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო.

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით გრილი და ზოგან ნალექიანი ამინდი.

თბილისში 19 მაისს, დღის მეორე ნახევარში, ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება. ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი 20-21 მაისსაც.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 19 მაისს უმეტესად წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან ასევე ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): დედოფლისწყარო): ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

პარლამენტში ხვალ ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, 20 მაისის სხდომაზე, ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს.­

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით “საგადასახადო კოდექსში” ცვლილებების პროექტი დაუბრუნა. მოტივირებული შენიშვნების ფარგლებში პრეზიდენტი პარლამენტს ოფშორებთან დაკავშირებული ნორმების ამოღებას სთავაზობს.

ამასთან, სრულად იზიარებს “საგადასახო კოდექსში” განხორციელებული ცვლილებების იმ ნაწილს, რომელიც ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანებებისგან და მასზე დარიცხული საურავებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

პრეზიდენტის შეფასებით, ოფშორებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების შემცველია. პრეზიდენტი “მიუღებელს” და “დაუშვებელს” უწოდებს კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების ფაქტს.

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, მიღებული კანონით არათანაბარი და დისკრიმინაციული გარემო იქმნება როგორც უცხოურ ინვესტორებთან მიმართებით, ასევე, ადგილობრივი ინვესტორების მიერ განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით, რადგან მათ მიმართ ახალი საშეღავათო რეჟიმი არ გავრცელდება.

როგორც ზურაბიშვილი მოტივირებულ შენიშვნებში აღნიშნავს, მნიშვნელივანია არ შეილახოს საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო რეპუტაცია და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით კანონისთვის გვერდის ავლის რისკი არ შეიქმნას.

პრეზიდენტი აღნიშნავს იმასაც, რომ განხილვისას წარმოდგენილი არ იყო შესაბამისი ფინანსური დასაბუთება – თუნდაც ის, თუ რა ფინანსურ სარგებელს მოიტანს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები, რა რისკებს შეიცავს და რა ეკონომიკური ეფექტი ექნება მას.

პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული კანონის პროექტით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება.

პროექტის თანახმად, ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან. საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი) ფლობდეს.

საქართველოს პრეზიდენტმა კანონს ვეტო დაადო, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაიწვიონ კანონი და გადახედონ მიდგომას – ბაიბა ბრაჟე

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო კანონს, რომელმაც საქართველოში დიდი პროტესტი გამოიწვია და რომელიც აშკარა საფრთხეა ქვეყნის ევროპული გზისთვის, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე წერს.

ბაიბა ბრაჟე საქართველოს მთავრობას და პარლამენტს კანონის გაწვევისა და მიდგომების გადახედვისკენ მოუწოდებს.

„საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო კანონს, რომელმაც საქართველოში დიდი პროტესტი გამოიწვია და რომელიც აშკარა საფრთხეა ქვეყნის ევროპული გზისთვის. ლატვია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაიწვიონ კანონი და გადახედონ მიდგომას“, – წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დღეს დაადო.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, გამოიჩინონ გამბედაობა და არ გააუქმონ პრეზიდენტის ვეტო – აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი ედრიენ უოტსონი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვეტოს დადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„მიხარია, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იცავს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს უცხოური აგენტების კანონზე ვეტოს დადების გზით. ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, გამოიჩინონ იგივე გამბედაობა და არ გააუქმონ მისი ვეტო“, – წერს ედრიენ უოტსონი.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო.

ბენი განცის მოთხოვნების შესრულება ისრაელის დამარცხებას და მძევლების მიტოვებას ნიშნავს – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ბენი განცის მოთხოვნების შესრულება ომის დასრულებას და ისრაელის დამარცხებას ნიშნავს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაშია ნათქვამი.

აღინიშნება, რომ ისრაელის ომის კაბინეტის წევრის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბენი განცის მოთხოვნების შესრულება, ნიშნავს მძევლების მიტოვებას, „ჰამასის“ დატოვებას ხელისუფლებაში და პალესტინის სახელმწიფოს შექმნას.

„თუ განცი ნამდვილად ანიჭებს პრიორიტეტს ეროვნულ ინტერესებს და არა მთავრობის დამხობას, მან უნდა უპასუხოს სამ კითხვას: სურს თუ არა რაფაჰში ოპერაცია ბოლომდე მიიყვანოს და თუ ასეა, რატომ იმუქრება საგანგებო მთავრობის დატოვებით ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერაციის მიმდინარეობისას? ეწინააღმდეგება თუ არა პალესტინის მმართველობას ღაზაში, თუნდაც მასში მაჰმუდ აბასი არ იყოს ჩართული? დაუჭერს თუ არა მხარს პალესტინის სახელმწიფოს, როგორც საუდის არაბეთთან ნორმალიზაციის პროცესის ნაწილს?“- აღნიშნულია განცხადებაში.

ნეთანიაჰუს აცხადებს, რომ ეწინააღმდეგება ღაზის სექტორში პალესტინის ხელისუფლების შეყვანას და პალესტინის სახელმწიფოს შექმნას, რომელიც აუცილებლად იქნება ტერორისტული სახელმწიფო.

ამასთან, აღნიშნავს, რომ საგანგებო მთავრობა საკვანძოა ომის მიზნების მისაღწევად და ელოდება, რომ ბენი განცი საზოგადოებას საკითხთან დაკავშირებით პოზიციებს აცნობებს.

ისრაელის ომის კაბინეტის წევრი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბენი განცი ითხოვს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ 8 ივნისამდე ჩამოაყალიბოს ექვსპუნქტიანი გეგმა, რომელიც შეეხება ღაზის სექტორის საკითხს, მძევლების დაბრუნებისა და არაბულ ქვეყნებთან ურთიერთობის ნორმალიზაციის მცდელობებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, განცი თავის პარტიას საგანგებო მთავრობიდან გაიყვანს.

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

როგორც არ უნდა გაჩქარებდნენ, გადაწყვეტილება მშვიდად და აუჩქარებლად უნდა მიიღოთ. საკუთარ თავს ფიქრისა და ანალიზის დრო უნდა მისცეთ, რადგან თქვენი მომავალი დიდწილად ამ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. დღესაც, ხვალაც და თუ საჭიროა, მომავალ დღეებშიც ამაზე უნდა იფიქროთ.

კურო

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები არსებულ პრობლემებს სათანადო მნიშვნელობას არ ანიჭებენ. გეჩვენებათ, რომ სადავო სიტუაციები თავისთავად მოგვარდება, მაგრამ ასეთი სცენარი ნაკლებად სავარაუდოა. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ გადაჭრათ პრობლემა, რომელიც თავად შექმენით.

ტყუპები

ყოვლმხრივ სასიამოვნო დასვენების დღე გელით. ყველა ინფორმაცია, რომელსაც მიიღებთ, სასიხარულო და იმედის მომცემია. შეხვედრები და ურთიერთობები ასევე უაღრესად პოზიტიური იქნება. ხელსაყრელი დღეა ჯანსაღი ცხოვრების წესის, სპორტული ვარჯიშებისა და ახალი დიეტის დაწყებისთვის.

კირჩხიბი

როგორი ამინდიც არ უნდა იყოს, ეცადეთ ეს დღე მაქსიმალურად აქტიურად გაატაროთ და ის აკეთოთ, რაც დადებით ემოციებს მოგიტანთ. ნაკლები ილაპარაკეთ და უსარგებლო საქმეებზე დროს ნუ დაკარგავთ. ამით დროსაც დაზოგავთ და უსიამოვნებებსაც თავიდან აიცილებთ.

ლომი

ეს დღე ბევრ სიახლეს გპირდებათ. არ ინერვიულოთ, უარყოფითი ემოციები მოსალოდნელი არ არის, მაგრამ ზოგი ინფორმაცია გაიძულებთ სერიოზულად დაფიქრდეთ და ახლობელი ადამიანების მიმართ თქვენს დამოკიდებულებას გადახედოთ. პირად ურთიერთობებში კომპრომისები ეძებეთ და საყვარელ ადამიანებზე ზეწოლას მოერიდეთ.

ქალწული

დიდი ხანია, საოჯახო საქმეებს სამომავლოდ ინახავთ და მათი დროც დადგა. უცნაურია, მაგრამ ამ დღეს სახლის დალაგება და ნივთების მოწესრიგება მხოლოდ სიამოვნებას განიჭებთ. თქვენი ნებისმიერი იდეა მხარდაჭერას და მოწონებას დაიმსახურებს. ამაში გარკვეულ როლს თქვენი პიროვნული ხიბლიც შეასრულებს, რომელსაც ოსტატურად იყენებთ.

სასწორი

ბოლო დროს გარშემო მყოფები დახმარებისთვის უფრო და უფრო ხშირად მოგმართავენ, თუმცა შესაძლოა, მალე დახმარება თავად დაგჭირდეთ. ნებისმიერი პრობლემა გულთან ახლოს მიგაქვთ, რაც თქვენს ჯანმრთელობაზე აისახება. თავისუფალი დრო თითქმის არ გაქვთ, მაგრამ შესვენების და ძალების მოკრეფის დრო მაინც უნდა გამონახოთ.

მორიელი

თუ ყველა ძველი წყენისთვის სამაგიეროს გადახდას არ მოინდომებთ, ეს დღე მშვიდად ჩაივლის და სასიამოვნო მოგონებებს დატოვებს. ეცადეთ ცხოვრებას უფრო მარტივად შეხედოთ. ახლობელმა ადამიანებმა თქვენი ნაკლიც და ღირსებაც იციან, უცნობებს კი არ აინტერესებთ. ძველი წყენის გახსენებას ჯობს, რომ ცხოვრებას გაუღიმოთ და მისგანაც საპასუხო ღიმილს მიიღებთ.

მშვილდოსანი

სულ უფრო ხშირად ფიქრობთ, რომ შემოსავლის დამატებითი წყარო გჭირდებათ. მშვენივრად ხვდებით, რომ ბოლოდროინდელი ხარჯების დასაფარად თქვენი ამჟამინდელი შემოსავალი საკმარისი არ არის, თუმცა მალე საშუალება გექნებათ, კარიერული პოზიციები გაიძლიეროთ, რასაც ხელფასის ზრდა მოჰყვება. ეცადეთ ფინანსურად მოგებიან გარიგებებს, რომლებიც მალე შემოსავალს მოიტანს, მეტი ყურადღება მიაქციოთ.

თხის რქა

იდეალური დღეა. ყველაფერს, რაც დაგეგმეთ განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე განახორციელებთ. გარშემო მყოფები მზად არიან, თხოვნის გარეშე დაგეხმარონ. ამაში გარკვეულ როლს თქვენი პიროვნული ხიბლიც შეასრულებს, რომელსაც ოსტატურად იყენებთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და ზედმიწევნით შეასრულეთ ექიმის მითითებები.

მერწყული

ამ დღეს საშუალება გექნებათ, რომ გაერთოთ და დაისვენოთ, რაზეც დიდი ხანია ოცნებობთ. თვითგვემა შეწყვიტეთ – ხანგრძლივი და დაძაბულ მუშაობის შემდეგ დასვენება ნამდვილად დაიმსახურეთ. სამსახურზე და სხვა ნაკლებად სასიამოვნო საქმეებზე შეგიძლიათ ორშაბათს იფიქროთ.

თევზები

ძალიან ნაყოფიერი დღე გელით. იმაზე მეტის გაკეთებას შეძლებთ, ვიდრე გეგმავდით. ვარსკვლავები ამბობენ, რომ თუ მეტს იაქტიურებთ, თქვენ წინაშე გაიხსნება კარი, რომელიც დიდხანს დაკეტილი იყო.

ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის – დიმიტრი ხუნდაძე

საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს და ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ვინაიდან ის შუა დერეფნის გლობალური პროექტის ერთ-ერთი მთავარი აქტორია.

დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა ისიც, რომ ზოგადად ქვეყნები ცდილობენ ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებას ჩინეთთან და საქართველო, მიუხედავად ამ თანამშრომლობის დისკრედიტაციის მცდელობისა, მაინც გააგრძელებს პეკინთან პარტნიორობას.

„ყველა ქვეყანა ეკონომიკური პერსპექტივის თვალსაზრისით ცდილობს ჩინეთთან ჰქონდეს ურთიერთობა. მაგრამ ჩვენ ორმაგი სტანდარტი არაერთხელ გვინახავს სხვადასხვა ქვეყანასთან პოლიტიკური თუ ეკონომიკური ჯანსაღი ურთიერთობის დისკრედიტაციის არაერთი მცდელობის სახით. არადა, ჩვენი ქვეყანა რეგიონული გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე არის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური გზაჯვარედინიც და ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ფინეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარისგან მივიღე მესიჯი, სადაც ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსასვლელად არც თუ ისე სწორი ადამიანი შეირჩა – მარიამ ლაშხი

ფინეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარისგან მესიჯი მივიღე, სადაც ამბობს, რომ არც თუ ისე სწორი ადამიანი შეირჩა, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ ლაშხმა განაცხადა.

„მან ერთგვარი წუხილი გამოთქვა და ფინეთში მიმიწვია, რათა დეტალურად განვიხილოთ ეს საკითხი. მომწონს, რომ არსებობს გარკვეული ხიდები, რათა ამას გარკვეული შეფასებები მოჰყვეს და მათი წარმომადგენლების მხრიდან დაგმონ ეს საქციელი“, – აღნიშნა მარიამ ლაშხმა.

ცნობისთვის, 14 მაისს რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გერმანიის, ჩეხეთის, პოლონეთის, ლიეტუვის, ფინეთის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებმა.

პრეზიდენტმა კანონს ვეტო დაადო – შანსით ისარგებლეთ, ძვირფასო საქართველოს მთავრობა – ძალიან გვიანი არ არის ევროპის რუსეთის ნაცვლად ასარჩევად – მაიკლ როთი

ძალიან გვიანი არ არის ევროპის რუსეთის ნაცვლად ასარჩევად, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.

„პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური აგენტების კანონს“ ვეტო დაადო. შანსით ისარგებლეთ, ძვირფასო საქართველოს მთავრობა. ძალიან გვიანი არ არის ევროპის რუსეთის ნაცვლად ასარჩევად“, – წერს როთი.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო.

„დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუციას და ყველა ევროპულ სტანდარტს და წარმოადგენს შეფერხებას ევროპულ გზაზე. ვეტო სრულიად გამართულია იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას. ეს კანონი უნდა გაუქმდეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტის ვეტო წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი – მარგუს ცაჰკნა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის „უცხოური აგენტების“ კანონზე ვეტო წინ მიმავალ გზას ხსნის, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.

„საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის უცხოური აგენტების კანონზე ვეტო წინ მიმავალ გზას ხსნის. ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი და საქართველოს ევროკავშირის გზას დაუბრუნდნენ“, – წერს ცაჰკნა.