Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

ნატოს სამიტი 2025 წელს ჰააგაში გაიმართება

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი 2025 წლის ზაფხულში ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში გაიმართება.

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, სამიტი ჰააგაში 2025 წლის 24-26 ივნისს გაიმართება.

„მადლობელნი ვართ ნიდერლანდების, რომ დათანხმდა ამ შეხვედრის მასპინძლობაზე პირველად“, – დასძინა მან.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ სამიტზე წევრი ქვეყნების ლიდერები მიიღებენ გადაწყვეტილებას ალიანსის უსაფრთხოების გარემოს შემდგომი ადაპტაციისა და გაძლიერების შესახებ.

კობა კობალაძე საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია “TAPS“-ის ღონისძიებას დაესწრო

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, საპატიო სტუმრის სტატუსით, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია “TAPS“-ის („Tragedy Assistance Program for Survivors” – ტრაგედიის დახმარების პროგრამა მარჩენალდაკარგულთათვის’’) 30-ე, ყოველწლიურ საერთაშორისო ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლის დროს, TAPS-ის პრეზიდენტმა, ქალბატონმა ბონი ქეროლმა, პერსონალურად გადაუხადა მადლობა გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს და საქართველოს დელეგაციას თანამშრომლობისა და ღონისძიებაში მონაწილეობისთვის.

დამსწრეებს სიტყვით, ასევე, მიმართეს, აშშ-ს გაერთიანებული შტაბის 21-ე თავმჯდომარემ, უმაღლესი რანგის სამხედრო ოფიცერმა, პრეზიდენტის თავდაცვის მდივნისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მთავარმა მრჩეველმა, აშშ-ს საჰაერო ძალების შტაბის უფროსმა, გენერალმა, ჩარლზ ბრაუნმა, აშშ-ს ეროვნული გვარდიის უფროსმა, გენერალმა დანიელ ჰოკანსონმა და სხვა უმაღლესი რანგის პირებმა.

საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია “TAPS“-ი 1994 წელს, გარდაცვლილი ამერიკელი ბრიგადის გენერლის, ტომ ქეროლის მეუღლემ, ბონი ქეროლმა დაღუპულ სამხედროთა ოჯახების მხარდასაჭერად დააარსა. მას შემდეგ, ორგანიზაცია “TAPS“-ი, სხვადასხვა საქველმოქმედო აქტივობებთან ერთად, ყოველწლიურად მართავს ფართომასშტაბიან ღონისძიებებს, რომელთაც ესწრებიან დაღუპულ სამხედროთა ოჯახის წევრები ამერიკის შეერთებული შტატებიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან.

წელს, 8 დღიანი შეკრების განმავლობაში, დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრები, მონაწილეობას მიიღებენ მათ მხარდასაჭერად გამართულ მრავალფეროვან აქტივობებში.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, აშშ-ში სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრებს კვლავ განაგრძობს.

პუტინი მზად არ არის მშვიდობისთვის – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მზად არ არის მშვიდობისთვის.

მაკრონი თავის იდეას ომში ზავის შესახებ პარიზის ოლიმპიადის დროს კარგ შესაძლებლობად ხედავს, თუმცა, მთავარი შედეგი არ უნდა იყოს დროებითი, არამედ მუდმივი მშვიდობა, რისთვისაც პუტინი მზად არ არის.

„ზავი ჩემთვის არ არის საბოლოო შედეგი. მდგრადი მშვიდობა არის საბოლოო შედეგი“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

საშუალება არ მისცეთ მოზღვავებულ ემოციებს, არასწორი ნაბიჯი გადაგადგმევინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არა თუ რაიმე სასიკეთოს გააკეთებთ, არამედ, შესაძლოა ისიც დაკარგოთ, რასაც უფრთხილდებით.

კურო

შესაძლოა, დღეს სიტუაცია ისე არ წარიმართოს, როგორც ვარაუდობდით, ნუ იჩქარებთ დასკვნების გაკეთებას, მომავალში ყველაფერი კარგად შეიძლება შემოტრიალდეს. აუცილებლად გამონახეთ დრო დასვენებისთვის.

ტყუპები

ნუ წახვალთ თქვენი სურვილების წინააღმდეგ და უარი თქვით იმ საქმეზე, რომელიც არ მოგწონთ. ასე თავს დაიცავთ ნერვული დაძაბულობისგან და სამომავლოდაც კარგ სამსახურს გაუწევთ საკუთარ თავს.

კირჩხიბი

შესაძლოა, დღეს გარშემომყოფთა კეთილგანწყობა და პატივისცემა მოიპოვოთ. ეს გამოწვეული იქნება ოჯახის წევრების მიმართ გამოჩენილი ყურადღებით, გაატარეთ დრო ახლობელი ადამიანების გარემოცვაში.

ლომი

იმოქმედეთ ჩანაფიქრის მიხედვით და თქვენს მტკიცე ნაბიჯებს ყოველთვის მოჰყვება წარმატება და წინსვლა. გადაწყვეტილებების მიღებისას, არ დაუშვათ ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში – თქვენ კარგად იცით, რა გინდათ და როგორ მიაღწიოთ!

ქალწული

მოულოდნელობების დღეა. შესაძლოა, ფრთები შეესხას თქვენს ოცნებას, ეს იმდენად უცნაური და საოცარი იქნება, რომ შეიძლება შეშინდეთ კიდეც. დამშვიდდით და ჩუმად მიიღეთ ბედის საჩუქარი.

სასწორი

იმისათვის, რომ თქვენი მიზნები განახორციელოთ და სიტყვა მხოლოდ სიტყვად არ დარჩეს, იმოქმედეთ, გადადგით პირველი ნაბიჯი და რეალობად აქციეთ თქვენი ოცნებები. კარგი დღეა პირადი შეხვედრებისთვის.

მორიელი

ნუ აჰყვებით ამბიციებს და დატკბით მიღწეულით. დაზოგეთ თქვენი სულიერი და ფიზიკური რესურსები და ერთბაშად ნუ შეეჭიდებით ბევრ საქმეს. ყველაზე ძვირფასი ჯანმრთელობა და ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან გატარებული დროა.

მშვილდოსანი

ერიდეთ სულსწრაფობას და დაუფიქრებელ ნაბიჯებს. ჯერ ყველაფერი კარგად მოიფიქრეთ, გააანალიზეთ დეტალები და შემდეგ დაიწყეთ მოქმედება, რათა შედეგები ღირდეს გაწეულ შრომად და დახარჯულ ენერგიად.

თხის რქა

თავი შეიკავეთ ზედმეტი კონტაქტებისა და ურთიერთობებისგან. შეეცადეთ, უფრო გონივრულად და პრაქტიკულად გამოიყენოთ თქვენი ფინანსური რესურსები.

მერწყული

ახალი იდეები, მოზღვავებული შემოქმედებითი მუხტი და ენერგია სასურველია, ხელოვნების სფეროს – მხატვრობას, დიზაინს, არქიტექტურას მიუძღვნათ, დარწმუნებული იყავით, საოცრებებს მოახდენთ ამ სფეროებში.

თევზები

ნუ გაექცევით რეალობას ფანტაზიების სამყაროში. ზომიერად აწმყოს შელამაზება არ მოგიტანთ ზიანს, თუმცა, ბავშვობის დროინდელ ზღაპრებთან დაბრუნება, შესაძლოა, ცუდად აისახოს თქვენზე.

საქართველოს ნამდვილი სუვერენიტეტისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, მოვითმენთ, ავიტანთ, სანქციებსაც, მუქარებსაც – აფხაზეთისთვის, სამაჩაბლოსთვის, საქართველოსთვის!- სავალან მირზოევი

არაერთხელ მქონია ამერიკაში წასვლის შესაძლებლობა, როგორც პარლამენტის წევრს, არც ვიზის პრობლემა მექნებოდა, მაგრამ არასდროს მქონია სურვილი, ამერიკა მენახა. რატომ? იმიტომ, რომ მე სხვა სურვილები მაქვს, სხვაგან მინდა მოგზაურობა და ეს „სხვაგან“ ჩვენი აფხაზეთი და სამაჩაბლოა. ჰო, მანჰეტენზე გასეირნებას, სოხუმის ქუჩებში სეირნობა მიჯობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატი, სავალან მირზოევი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, საქართველოს ნამდვილი სუვერენიტეტისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, რისთვისაც მმართველი გუნდი მზად არის. მირზოევი აშშ-ის მხრიდან სანქციების შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ თავისუფლების ქანდაკების ნახვას, ბიჭვინთის სანაპიროდან შავი ზღვის ნახვა ურჩევნია, ვინაიდან მისთვის თავისუფლების მიწა სწორედ აფხაზეთი და სამაჩაბლოა.

„მოგესალმებით მეგობრებო!

საქართველოს ნამდვილი დამოუკიდებლობისთვის, ნამდვილი სუვერენიტეტისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. როცა „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვეტილება მიიღო, გუნდის თითოეულმა წევრმა იცოდა, რომ არანორმალური ზეწოლა იქნებოდა, რომ იქნებოდა მუქარა, იქნებოდა აქციები, მაგრამ ჩვენ მზად ვიყავით ამისთვის. ის, რომ ჩვენი გუნდი ერთიანია, იქიდანაც ჩანს, რომ არცერთ ჩვენგანს უკან არ დაუხევია, გაუძლო და მომავალშიც გაუძლებს ყველა ზეწოლას, თუმცა…

ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირები ღიად აანონსებენ, რომ პიროვნულ სანქციებს დაგვიწესებენ, რომ აგვეკრძალება ამერიკაში წასვლა როგორც ჩვენ, ისე ჩვენი ოჯახის წევრებს. სიმართლე გითხრათ, არაერთხელ მქონია ამერიკაში წასვლის შესაძლებლობა, როგორც პარლამენტის წევრს, არც ვიზის პრობლემა მექნებოდა,მაგრამ არასდროს მქონია სურვილი, ამერიკა მენახა. რატომ? იმიტომ, რომ მე სხვა სურვილები მაქვს, სხვაგან მინდა მოგზაურობა და ეს „სხვაგან“ ჩვენი აფხაზეთი და სამაჩაბლოა. ჰო, მანჰეტენზე გასეირნებას, სოხუმის ქუჩებში სეირნობა მიჯობს, ნიუ იორკში, ლიბერტი აილენდზე, ანუ თავისუფლების კუნძულზე მდგარი თავისუფლების ქანდაკების ნახვას, ოკეანისთვის თვალის შევლებას, ბიჭვინთის სანაპიროდან შავი ზღვის ნახვა მირჩევნია, ჩემთვის თავისუფლების კუნძული და თავისუფლების მიწა სწორედ აფხაზეთი და სამაჩაბლოა.

დამისახელეთ ამერიკაში ადგილი, რომელიც რიწას შეედრება, მანახეთ აფხაზეთის ზღვის სანაპიროზე დაყრილ ქვიშაზე უფრო თბილი და რბილი მიწა… ვერ ნახავთ, არ არსებობს.

მე, საქართველოში დაბადებულ და გაზრდილ აზერბაიჯანელს, ძალიან მინდა აფხაზეთში, ილორის სალოცავის ნახვა, სურათებით და გადმოცემით ვიცი, რომ საოცრებაა, იმაზე დიდი საოცრება, ვიდრე სურათებში ჩანს.
ჰოდა, მოვითმენთ, ავიტანთ, სანქციებსაც, მუქარებსაც… აფხაზეთისთვის, სამაჩაბლოსთვის, საქართველოსთვის!” – წერს სავალან მირზოევი.

ეს იძულება არაა, იმ წესებით უნდა ითამაშო, რომელ კლუბში გაწევრიანებასაც ცდილობ – გუშინდელი განცხადების საფუძველზე, სახელთა სიას არ გამოვაქვეყნებთ – ჯეიმს ო’ბრაინი შეზღუდვების დაწესებაზე

არის თუ არა ამერიკის გადაწყვეტილება იძულება? არა! – იმ წესებით უნდა ითამაშო, რომელ კლუბში გაწევრიანებასაც ცდილობ, – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ო’ბრაინმა “ამერიკის ხმას” განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, „რა მიზანი აქვს ამერიკას, როდესაც შეზღუდვებს აწესებს და საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს? არის თუ არა ეს მართლაც არამეგობრული საქციელი?“.

ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებები თავსებადი არაა „კლუბში“ გაწევრიანების მცდელობასთან.

„რაც შეეხება იმას, არის თუ არა ამერიკის გადაწყვეტილება იძულება. არა! მარტივია, თუ ამბობ, რომ ფეხბურთის მატჩში გინდა მონაწილეობის მიღება, არ შეიძლება თქვა, რომ შენ 15 მოთამაშით იქნები წარმოდგენილი და მეორე მხარემ 7 მოთამაშით უნდა იასპარეზოს, ან რომ დამატებითი ბურთით ითამაშებ. იმ წესებით უნდა ითამაშო, რომელ კლუბში გაწევრიანებასაც ცდილობ. საქმე იმაშია, რომ [საქართველოს მთავრობის მიერ] განხორციელებული ქმედებები თავსებადი არაა, როგორც გაწევრიანებბის მცდელობასთან, ისე რეალურად გაწევრიანებასთან”, – აცხადებს ო’ბრაიანი.

შეკითხვაზე, მოხვდება თუ არა „ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი სამოგზაურო შეზღუდვების მქონე პირთა სიაში, ამერიკელ დიპლომატს არ უპასუხია, თუმცა, მან განაცხადა, რომ სანქცირებულ პირთა სახელთა სია არ გამოქვეყნდება.

„რაც შეეხება ჩვენს დამატებით ქმედებებს, [ამერიკის სახელმწიფო] მდივანმა აღნიშნა, რომ ჩვენ განვიხილავთ ყველა ტიპის თანამშრომლობას, რაც გვაქვს. არ ვაპირებ დამატებით, კონკრეტულ ქმედებებზე საუბარს. თუმცა, ერთ ტექნიკურ კომენტარს გავაკეთებ: გუშინდელი განცხადების საფუძველზე, სახელთა სიას არ გამოვაქვეყნებთ. კანონერი უფლებამოსილება ამის გაკეთების საშუალებას არ გვაძლევს”, – განაცხადა ჯეიმს ო’ბრაინმა.

ჩინურმა სატვირთო ავტომობილებმა ევროპაში ტვირთის სატრანზიტო გადაზიდვა საქართველოს გავლით დაიწყეს

ყაზახეთმა და ჩინეთმა კურიკის ყაზახური პორტიდან ბაქოში და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით ევროპაში ტვირთის სატრანზიტო ავტოგადაზიდვა საცდელ რეჟიმში დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, აქტაუში ყაზახეთ-ჩინეთის საგზაო ტრანსპორტის ერთობლივი კომისიის სხდომა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ისტორიაში პირველად კურიკისა და ბაქოს საზღვაო პორტების გავლით ტვირთის საცდელი სატრანზიტო ავტოტრანსპორტირება ჩინეთი-ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველოს მარშრუტით დაიწყო.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, პირველი სამი ჩინური სატვირთო ავტომობილი, რომლის წონაც 80 ტონას შეადგენდა, ჩინეთის სინცზიან-უიღურის ავტონომიური რაიონის ქალაქ ურუმჩიდან გავიდა და 23 მაისს კურიკის პორტში ბორანზე შევიდა, რათა ჩინეთი-ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველოს მარშრუტზე მგზავრობისთვის ბაქოში გადავიდეს.

ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს საავტომობილო ტრანსპორტისა და ტრანსპორტის კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარის, ალი ალტაის განცხადებით, ჩინეთიდან დასავლეთის ქვეყნებს ასობით მილიონი ტონა ტვირთი საზღვაო გზით 52 დღის, ხოლო მცირე მოცულობის ტვირთი რკინიგზით 22 დღის განმავლობაში მიეწოდება. რაც შეეხება საავტომობილო ტრანსპორტს, ალტაის შეფასებით, შუა დერეფნის გამოყენებით ავტო ტრანსპორტირება დროს 12 დღემდე ამცირებს, რომლის დროსაც ტვირთის მიწოდება „კარდაკარ,” შუალედური დატვირთვა-გადმოტვირთვის გარეშე ხდება.

შავით თეთრზე დადასტურდა, რომ სააკაშვილი, არც სინდისის პატიმარი, არც პუტინის პირადი ტყვე, არამედ მსჯავრდებულია – რატი ბრეგაძე

საბოლოოდ სიმართლემ რთულ ბრძოლაში გაიმარჯვა და სტრასბურგის, უკვე მესამე, გადაწყვეტილების შემდეგ შავით თეთრზე დადასტურდა, რომ სააკაშვილი, არც სინდისის პატიმარი, არც პუტინის პირადი ტყვე, არამედ მსჯავრდებულია, რომელიც კონკრეტული დანაშაულებისთვის იხდის სასჯელს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „ცილისწამება მძლავრი და ვერაგი იარაღია ადამიანის შეცდომაში შესაყვანად“.

„მახსოვს 2021 წლიდან როგორ უტევდნენ სახელმწიფოს და ცდილობდნენ დაერწმუნებინათ საზოგადოება თითქოს სააკაშვილს ვწამლავდით, არაადამიანურად ვეპყრობოდით, ვაწამებდით და უსამართლოდ გვყავდა პატიმრობაში.

სამწუხაროდ, ადამიანების გარკვეულ ჯგუფზე პროფესიონალურმა ფსიქოლოგიურმა ტერორმა იმოქმედა, ზოგმა ეს ტყუილი დაიჯერა და უნებურად ჩაერთო იმ მრავალი მილიონით დაფინანსებულ კამპანიაში, რომელიც კანონიერი პატიმრობიდან მის უკანონოდ გათავისუფლებას ისახავდა მიზნად.

იყო ბევრი შეურაცხყოფა, დევნა და ბევრი სხვა ბინძური მეთოდი გამოყენებული ქართული სახელმწიფოს დასასუსტებლად.

საბოლოოდ სიმართლემ რთულ ბრძოლაში გაიმარჯვა და სტრასბურგის, უკვე მესამე, გადაწყვეტილების შემდეგ შავით თეთრზე დადასტურდა, რომ სააკაშვილი, არც სინდისის პატიმარი, არც პუტინის პირადი ტყვე, არამედ მსჯავრდებულია, რომელიც კონკრეტული დანაშაულებისთვის იხდის სასჯელს!

მჯერა, რომ ბევრს აეხილა თვალი და მიხვდა, რომ ზუსტად ისეთები ვართ, როგორებსაც გვიცნობდნენ ადრე და რასაც ვაკეთებდით მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის ვაკეთებდით. შეიძლება ზოგიერთს შერცხვა კიდეც, რომ ასე გულუბრყვილოდ გაება შავი ფულით ნაყიდ მახეში. მთავარია, რომ საქართველომ გაიმარჯვა და კიდევ ერთხელ მადლობა ქვეყნის ინტერესების ყველა ღირსეულ მცველს, რომელმაც ცილისწამებისა და ტყუილისგან დაიცვა საქართველოს მოსახლეობა“, – წერს რატი ბრეგაძე.

პუტინი Reuters-ის სტატიას ეხმაურება

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ თუ უკრაინის ხელისუფლებას მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება სურს, „დაე, დაბრუნდეს“.

„მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება შესაძლებელია ფუნდამენტური ხასიათის შეთანხმებების საფუძველზე, რომელიც მიღწეული იყო ბელარუსსა და თურქეთში რთული მოლაპარაკებების დროს და ეფუძნება დღევანდელ რეალობას, რომელიც განვითარდა ადგილზე“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

მანამდე სააგენტო Reuters-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ პუტინი მზად არის, შეაჩეროს ომი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების გზით, რომელიც აღიარებს ბრძოლის ველზე არსებულ ამჟამინდელ ხაზებს.

წყაროების ინფორმაციით, პუტინი მზად არის, გააგრძელოს ომი, თუ კიევი და დასავლეთი არ უპასუხებენ მის შეთავაზებას.

წყაროები ასევე აცხადებენ, რომ პუტინმა მრჩეველთა მცირე ჯგუფს იმედგაცრუება გამოუხატა იმის გამო, რომ დასავლეთს მოლაპარაკებების შეჩერების მცდელობა აქვს, ხოლო ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამორიცხა მოლაპარაკებები.

ძლიერ შეშფოთებულნი ვართ – ბორელი გამჭვირვალობის კანონზე

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა შეშფოთება გამოთქვა გამჭვირვალობვის შესახებ საქართველოს კანონზე და აღნიშნა, რომ კანონი არ შეესაბამება ქვეყნის ევროპულ გზას.

„ჩვენ ძლიერ შეშფოთებულნი ვართ [კანონით]. მეორე მხრივ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ არ შევლახოთ მათი ეროვნული გრძნობები. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ რბილი ენა და ამავე დროს გვქონდეს მკაფიო პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეესაბამება ევროპულ გზას და რა არა“, – აღნიშნა ჟოზეფ ბიორელმა.

ჟოზეფ ბორელმა ასევე განაცხადა, რომ არიან სხვა ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან შესაბმისობაში არ არიან და მაგალითად სერბეთი მოიყვანა.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრობა ნიშნავს შესაბამისობას კანონის უზენაესობის, თავისუფლებისა და საგარეო პოლიტიკის კუთხით.

ხელისუფლებას არ პატიობენ იმას, რომ ომში არ ჩაერთო – დიმიტრი ხუნდაძე

ხელისუფლებას არ პატიობენ იმას, რომ ომში არ ჩაერთო, – განაცხადა „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ „დღის ქრონიკაში“.

“რეგიონში არის უმძიმესი ვითარება. ვსაუბრობ უკრაინა-რუსეთის დაპირისპირება და ეს არ არის მხოლოდ მათი დაპირისპირება, ეს არის დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირება და აქ რა თქმა უნდა, თავიდანვე იყო განსაზღვრული საქართველოს როლი, რომ ის უნდა ჩართულიყო ომში და ის ამიერკავკასიაში უნდა ყოფილიყო დამატებითი სისხლის დამცლელი რუსეთისათვის. სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ეს გამართლებული იყო, მაგრამ საქართველოს შესაძლებლობიდან და რუსეთის აგრესიიდან გამომდინარე, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა დამღუპველი.

არ არის შემთხვევითი, რომ მიხეილ სააკაშვილი როგორც ალტერნატივა, ისე არის წარმოჩენილი იმიტომ, რომ უკრაინიდან ჩვენ და მთელ მსოფლიოს გაგვაგონეს, რომ „ქართული ოცნება“ არ იყო ომის დამწყები, ამას დაიწყებდა მიხეილ სააკაშვილი. იმიტომ იყო ასეთი ინტენსიური მცდელობა, ის დესტრუქციის ფლაგმანად წარმოეჩინათ, მან ეს საქმე ძალიან კარგად იცის, ყოფილი ხელისუფლება დაებრუნებინათ სათავეში და ის დაიწყებდა ომს. ხელისუფლებას არ პატიობენ იმას, რომ სწორედ ომში არ ჩაერთო“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძემ ასევე აღნიშნა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების აქტიურობა შემთხვევითი არ არის.

„არც ის არის შემთხვევითი როცა ბალტიისპირეთის ქვეყნები წინა ხაზზე გამოდიან, მთავრობის საწინააღმდეგო აქციაზე წარმოჩინდებიან და მოუწოდებენ, ააგორონ მუხტი ქუჩაში და არა არჩევნების, არამედ დესტრუქციის გზით შეცვალონ ხელისუფლება. ბალტიისპირეთის ქვეყნები არის შესაძლო მეორე ხაზი ფრონტის და რა თქმა უნდა, მათ ურჩევნიათ, რომ დივერსიფიცირება მოხდეს ამიერკავკასიაში და ამით აიცილონ ზეწოლა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

როცა ძირი ეთხრებოდა საქართველოში დემოკრატიას, ირღვეოდა ადამიანის უფლებები, ყალბდებოდა არჩევნები და არ არსებობდა ობიექტური მედია, მაშინ არ გვახსოვს სანქციებზე საუბარი – ნინო ვარდოსანიძე 

მინდა გამოვეხმაურო იმ დიდი დოზის აგრესიას, ბულინგს, შეურაცხყოფას, რაც ბოლო დროს გამოვლინდა, – განაცხადა თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ.

მისი თქმით, სამწუხაროა და მიუღებელია ძალადობა ნებისმიერი მხრიდან, ნებისმიერი მიმართულებით და კიდევ უფრო სამწუხაროა, როდესაც ძალადობის წახალისებას ხდება, რადგან, სწორედ ეს არის, რაც რეალურად პროვოცირებას უკეთებს და მწვანე შუქს უნთებს მომდევნო ძალადობას.

„ფაქტებით და მაგალითებით რომ ვისაუბროთ, რაც ხდებოდა მოვლენების საწყის ეტაპზე, ნიკა გვარამია, რომელიც რადიკალური ოპოზიციის სახეა, აჩვენებს, არათუ ორმაგი სტანდარტის მაგალითს, არამედ ეწინააღმდეგება ყველანაირ სტანდარტს. გვარამიას ერთ-ერთ სტატუსში ვკითხულობთ – ,,რომან გოცირიძემ გინების საპასუხოდ პლანშეტი თავზე გადაატეხა დეპუტატს’’, აქვე, მისი შეფასებით, რომან გოცირიძე ქართული პოლიტიკის კოლორიტია. როგორც ჩანს, რომან გოცირიძეს თურმე შეუძლია სხვა ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდეს. თავად ფაქტი ხომ ძალადობრივია, მაგრამ ფაქტის ამგვარი აღწერა ძალადობის წამახალისებელია“, – აღნიშნა ნინო ვარდოსანიძემ.

როგორც საკრებულოს წევრმა აღნიშნა, პოლიციელებზე აგრესიას, სახელმწიფო ორგანოებზე თავდასხმას, სხვადასხვა სახის პროვოკაციებს ამართლებენ და ახალისებენ ძალები, რომლებიც დასავლური ღირებულებების დამცველებად ასაღებენ თავს.

„აქციების პარალელურად პოლიცია დღეების განმავლობაში ისმენდა და ითმენდა მძიმე ფორმის ლანძღვას, გინებას. პოლიციელი არ არის რიგითი მოქალაქე. მსგავსი შეურაცხყოფით, შეურაცხყოფენ სახელმწიფოს, ადამიანებს რომლებიც იცავენ ქვეყანას და ამ ქვეყნის მოქალაქეებს“, – განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.

სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის მიერ ჩადენილი ძალადობის ფაქტი, არამცთუ დაგმეს, არამედ ოვაციებით მიიღეს, რაც ფიზიკური ძალადობის წახალისებაა.

დეპუტატმა გამოყო სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი, რომელმაც, მისი თქმით, თანამდებობისთვის შეუფერებელი კომენტარები გაავრცელა, რაც მისი თქმით, საზოგადოებაში მანკიერი დამოკიდებულებების გაღვივებას უწყობს ხელს.

„ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ლაშა ტალახაძეს საჯაროდ მიმართა შეურაცხმყოფელი კომენტარით. ასევე, მის პირად გვერდზე ვკითხულობთ შემდეგი შინაარსის სტატუსებს – ,,სამწუხაროდ ჯერ არაფერი ეტყობა ამ ნაკრებს ეროვნულის, ურემი რომ გადაბრუნდება მერე აფრიალეთ ეგ ორსიტყვიანი პოსტები’’. ,,კვარაცხელია ვერ გასცდა მჩხიბაობის დონეს’’. საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაზე წერს, ,,ვაზიარებ რუსეთის აგენტურის საქართველოს ფილიალის განცხადებას’’. შეგახსენებთ ეს ადამიანი უნდა იცავდეს ადამიანის უფლებებს, რომელიც მოიცავს სიტყვის, აზრის, გამოხატვის და რწმენის თავისუფლებებს მათ შორის. როგორც აღმოჩნდა, ცუდი მასწავლებლის კარგი მოსწავლეა, რადგან ყოფილი სახალხო დამცველიც გამოირჩევა სხვათა უფლებების შელახვით“, – განაცხადა საკრებულოს წევრმა.

ნინო ვარდოსანიძემ სხდომაზე შესაძლო სანქციებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„როცა რეალურად ძირი ეთხრებოდა საქართველოში დემოკრატიას, ირღვეოდა ადამიანის უფლებები, ყალბდებოდა არჩევნები, უმოწყალოდ ირბეოდა აქციები და არ არსებობდა ობიექტური მედიასაშუალებები, სამწუხაროდ მაშინ არ გვახსოვს სანქციებზე საუბარი და ხალხის ნების გათვალისწინება. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანაში იქნება მშვიდობა, გაგრძელდება ქვეყნის განვითარება მისი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვით“, – განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.

აღნიშნულ განცხადებას საკრებულო ავრცელებს.