Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თუ ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობა გსურთ, უნდა გახსოვდეთ, რომ ახირებამ და პრეტენზიებმა შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს.
ბავშვებთან ურთიერთობაში მეტი ყურადღებისა და გაგების გამოჩენაა საჭირო.
ამ დღეს გადაწყვეტილებები შეგიძლიათ, ინტუიციის საფუძველზე მიიღეთ — ის არ გიღალატებთ. ასევე სანდო მეგობრების რჩევებსაც ნუ უგულებელყოფთ.
შესაძლოა ქრონიკულმა დაავადებებმა ან ძველმა ტრავმებმა თავი შეგახსენოთ. ნუ უგულებელყოფთ სიმპტომებს და მკურნალობა დაუყოვნებლივ დაიწყეთ.

კურო

მარტოხელა კუროებს რომანტიკული თავგადასავალი ან რაიმე უჩვეულო მოვლენა ელით.
ამ დღეს წარმოქმნილი პრობლემის გადასაწყვეტად საკუთარი კავშირები და სასარგებლო ნაცნობობა გამოიყენეთ. ნუ უარყოფთ კოლეგების დახმარებას, თუნდაც ეს მხოლოდ პროფესიული რჩევა იყოს.
დღეს ინტუიცია თქვენს მხარეს არ არის, ამიტომ რთული გადაწყვეტილებების მიღებას ნუ იჩქარებთ.
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ოთხფეხა მეგობარი გაიჩინოთ.

ტყუპები

ამ დღეს მარტოხელა ტყუპებს შეიძლება პირველი ნახვით შეუყვარდეთ! ახალი ურთიერთობა მალე შემოვა თქვენს ცხოვრებაში და დაუვიწყარ ემოციებს მოგიტანთ.
თუ ოჯახში გაუგებრობა და დაძაბულობაა, ურთიერთობაში პაუზა აიღეთ და ყურადღება სამუშაოზე გადაიტანეთ.
ფრთხილად იყავით – შესაძლებელია, რომ თქვენი პარტნიორი მნიშვნელოვან ინფორმაციას გიმალავდეთ.
დღეს უმჯობესია სასწრაფო ან საპასუხისმგებლო არაფერი დაგეგმოთ, განსაკუთრებით თუ ფულთან ან შესყიდვებთან არის დაკავშირებული. ვარსკვლავები გირჩევენ დაკავდეთ იმით, რაც სიამოვნებას განიჭებთ.

კირჩხიბი

მხოლოდ ხელსაყრელი გარემოებების იმედი ნუ გექნებათ – ზოგჯერ საჭიროა თავად იმოქმედოთ. თუ ბევრი საოჯახო საქმე დაგიგროვდათ, ოჯახის წევრებს გადაუნაწილეთ. სამსახურის გამო შეიძლება სრულიად მოულოდნელად მივლინებაში წასვლა მოგიწიოთ და ეს მოგზაურობა მარტოხელა კირჩხიბების ცხოვრებას მთლიანად შეცვლის. გახსოვდეთ წარმატებას ის აღწევს, ვინც დამარცხებას ვერ ეგუება. თუ ბოლო დროს საქმე ისე არ მიდის, როგორც გსურდათ, ეს არ ნიშნავს, რომ მედი უნდა დაკარგოთ და ხელები ჩამოუშვათ.
მოერიდეთ ცხიმიან საკვებს და ალკოჰოლის მოხმარებას.

ლომი

ამ დღეს ეცადეთ, საყვარელი ადამიანის ყველა თხოვნა შეასრულოთ, როგორი უცნაურიც არ უნდა მოგეჩვენოთ. უმჯობესია მთელი ყურადღება სამუშაოზე გადაიტანოთ, თორემ კონფლიქტებსა და ურთიერთბრალდებებს ვერ გაექცევით.
ახლახან დაწყებული თანამშრომლობა წარმატებული იქნება — ეცადეთ, საქმიანი ურთიერთობები განავითაროთ და სასარგებლო კონტაქტები დაამყაროთ.
ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ ამ დღეს მოულოდნელ შემოსავალს მიიღებთ, ეს თანხა საყოფაცხოვრებო საჭიროებებსა და ძველი ვალების გასტუმრებაზე დაიხარჯება.
საღამოს შეეცადეთ კარგად დაისვენოთ — ძილის წინ თბილი აბაზანა დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ.

ქალწული

ქალწულების ცხოვრებაში შეიძლება ძველი სიყვარული გამოჩნდეს და ეს სრულიად მოულოდნელი იქნება. ადამიანი, რომლის მიმართაც ძლიერ სიმპათიებს გრძნობთ, თავად გადმოდგამს ნაბიჯს თქვენკენ.
დღეს მოსალოდნელია კონფლიქტი ხანდაზმულ ადამიანთან — შესაძლოა ეს ახლობელი იყოს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ემოციები აკონტროლოთ, თუმცა საკუთარი პოზიცია მტკიცედ დაიცვათ.
ამ დღეს მოერიდეთ გადაღლას და ეცადეთ ცოტა ხნით განმარტოვდეთ, რომ ძალები აღიდგინოთ.

სასწორი

დღეს შეიძლება საინტერესო ადამიანი გაიცნოთ. ჰოროსკოპი გირჩევთ, მის სიტყვებს ყურადღებით მოუსმინოთ. გონიერება გამოიჩინეთ და მიზნების რაოდენობა შეამცირეთ, რათა მათი ხარისხიანად შესრულება შეძლოთ.
თუ ბოლოდროინდელი პრობლემების უმეტესობა ფულს უკავშირდება, მალე ყველაფერი შეიცვლება და ფინანსური შემოსავლები არ დააგვიანებს!
სეზონურ გაციებას მარტივად გადაიტანთ, თუმცა გახსოვდეთ — საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ უყურადღებო დამოკიდებულებამ შეიძლება ხანგრძლივი ავადმყოფობა გამოიწვიოს.

მორიელი

ვარსკვლავები საშუალებას გაძლევენ, გააცნობიეროთ, როგორ გახდეთ საკუთარი ცხოვრების რეჟისორი და როგორ მისცეთ მას სწორი მიმართულება.
ხელსაყრელი დროა მნიშვნელოვანი საქმეების შესასრულებლად, თუმცა დასვენებაც არ უნდა დაივიწყოთ.
შაბათი-კვირა ოჯახთან ერთად გაატარეთ — აგარაკზე გაემგზავრეთ ან პარკში გაისეირნეთ.
სამსახურში საკუთარ გეგმებს ნუ გაამხელთ — თქვენს გარემოცვაში არის შურიანი ადამიანი, რომელიც თქვენთვის ხელის შეშლას ეცდება. ხელსაყრელი დროა დიდი ფინანსური გარიგებებისა და მსხვილი შესყიდვებისთვის. ჯანმრთელობის გაუარესება მიგანიშნებთ, რომ თქვენს ცხოვრებაში რაღაც არასწორად ხდება და ცვლილებებია საჭირო.

მშვილდოსანი

გარშემო მყოფებს შეიძლება თქვენი არჩევანი არ მოეწონოთ, მაგრამ განა ეს მნიშვნელოვანია? ახლა უმჯობესია გულის კარნახით იმოქმედოთ.
დღე სასიამოვნოდ ჩაივლის და ახლობლებთან შეხვედრაც მხიარული გამოდგება.
მოსალოდნელია რამდენიმე ბიზნესშეთავაზება — აირჩიეთ მხოლოდ ის, რაც თქვენთვის საინტერესოა. დღის მეორე ნახევარში ამანათს, საჩუქარს ან სხვა მატერიალურ შემოსავალს მიიღებთ.
გადაღლამ და ენერგიის არამიზნობრივმა ხარჯვამ შესაძლოა სტრესი და გაღიზიანება გამოიწვიოს. ზედმეტმა აქტიურობამ და შთაბეჭდილებებმა კი შეიძლება ძილზეც უარყოფითად იმოქმედოს.

თხის რქა

მშვენიერი დღეა ოდესღაც გაფუჭებული ურთიერთობების აღდგენისთვის. ამისთვის კომპრომისისა და სწორი სიტყვების პოვნაა საჭირო. ნუ ინანებთ გამოტოვებულ შესაძლებლობებს — მოუსმინეთ საკუთარ გულს და შეცდომის დაშვების არ შეგეშინდეთ.
დაძაბული ატმოსფეროს განმუხტვისთვის მოაწყვეთ საოჯახო ვახშამი და ძველი მეგობრები მოიწვიეთ.
ის, რასაც ვიღაც დიდი ხანია მალავს, მალე ყველასთვის ცნობილი გახდება.
ფრთხილად იყავით წამლებთან და ალკოჰოლთან — მოსალოდნელია მოწამვლა ან დოზის გადაჭარბება.
მეტი დრო დაუთმეთ საქმიანობას, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ.

მერწყული

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა მოულოდნელად დაიძაბება — სავარაუდოდ, მიზეზი თქვენი დატვირთული სამუშაო გრაფიკია. შესაძლოა ახლობლებმა თქვენს პირად ცხოვრებაში ჩარევა სცადონ — ამ ადამიანებს კონფლიქტის გამწვავების მიზეზს ნუ მისცემთ.
კოლეგებს დახმარებისთვის ნუ მიმართავთ — დღეს მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ.
იზრუნეთ გულზე და ნერვულ სისტემაზე! თქვენი იმუნიტეტი ამჟამად ოდნავ შესუსტებულია, ამიტომ ორგანიზმს ყოველდღიური სტრესების გადატანა გაუჭირდება. გირჩევთ მენიუში ბოსტნეული და ხილი დაამატოთ.

თევზები

სავარაუდოდ, ამ დღეს გაიცნობთ ადამიანს, რომელიც თქვენი ერთგული მეგობარი და ბიზნესპარტნიორი გახდება. მასთან ურთიერთობა გიბიძგებთ, ზოგიერთ ადამიანთან დაკავშირებით შეხედულება შეიცვალოთ.
შესანიშნავი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და ახალი იდეების განსახილველად. მოსალოდნელია დაწინაურება ან ფულადი პრემია სამსახურში მიღწეული შედეგებისათვის. მანამდე კი შეეცადეთ უფრო ეკონომიურად იცხოვროთ. ვარსკვლავები ქრონიკული დაავადებების გამწვავების შესახებ გაფრთხილებენ, ამიტომ სასურველია დღე მშვიდად გაატაროთ.
კომუნალური სისტემის პრობლემებმა დღის გეგმები რომ არ დაგირღვიოთ, ყურადღება მიაქციეთ სანტექნიკისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამართულ მუშაობას.

ბრიტანეთის საელჩო – ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ჟენევაში გაერთიანებულმა სამეფომ კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ

გაერთიანებული სამეფო გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. გაერთიანებულმა სამეფომ ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე, კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს ინფორმაციაშია აღნიშნული.

საელჩოს ცნობით, „გაერთიანებული სამეფო კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 60/16 რეზოლუციას – „საქართველოსთან თანამშრომლობა“ შესახებ“.

„რეზოლუცია ხაზს უსვამს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორების ოკუპაციის შედეგად არსებულ ადამიანის უფლებათა დარღვევებსა და ჰუმანიტარულ პრობლემებს“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

ამასთან, როგორც საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრიტანეთის ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დაუთიმ განაცხადა, რომ „რუსეთმა უნდა გაიყვანოს მისი სამხედრო ძალები, გააუქმოს დამოუკიდებელი რეგიონების აღიარება და გახსნას გზა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვებისთვის“.

„17 წლის განმავლობაში რუსეთი უკანონო სამხედრო კონტროლს ახორციელებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და ეთნიკურ ქართველებს ართმევს მათ ფუნდამენტურ უფლებებს. ეს ოკუპაცია უნდა დასრულდეს. რუსეთმა უნდა გაიყვანოს მისი სამხედრო ძალები, გააუქმოს დამოუკიდებელი რეგიონების აღიარება და გახსნას გზა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვებისთვის. ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს, მათი ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად, უნდა ჰქონდეს უფლება უსაფრთხოდ, ღირსეულად და მშვიდობიანად დაბრუნდეს საკუთარ სახლში“, – განაცხადა სტივენ დაუთიმ.

ცნობისთვის, 2025 წლის 8 ოქტომბერს, ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია – „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რეზოლუცია საბჭოს სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ წარადგინა.

უკრაინაში ომის დროს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება აკრძალეს

უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა დადგენილებას, რომლის თანახმადაც ომის პერიოდში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება იკრძალება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დადგენილებას მხარი 308 დეპუტატმა დაუჭირა. დოკუმენტის თანახმად, ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების ფუნქციონირება გამგეობებისა და საკრებულოების დონეზე უწყვეტად უნდა ხდებოდეს.

დადგენილებით მოქმედი მერებისა და საკრებულოების უფლებამოსილების ვადა ავტომატურად გაგრძელდება მანამ, სანამ მშვიდობიან პერიოდში ახალი არჩევნები არ ჩატარდება.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უკრაინაში ბოლოს 2020 წლის 25 ოქტომბერს ჩატარდა.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია – „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო

2025 წლის 8 ოქტომბერს, ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია – „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეზოლუცია, რომელსაც საქართველო 2017 წლიდან წარადგენს და რომლის მთავარ თემას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობა წარმოადგენს, პირველად გავიდა კონსენსუსით.

„რეზოლუცია საბჭოს სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის  მოადგილემ, ლაშა დარსალიამ წარადგინა.

რეზოლუციის კონსენსუსით მიღებით, ადამიანის უფლებათა საბჭომ გამოხატა უპრეცედენტო მხარდაჭერა საქართველოსადმი.

რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. რეზოლუცია სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებზე.

რეზოლუციაში საბჭო ხაზს უსვამს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას.

გასული წლის მსგავსად დოკუმენტში კვლავ აისახა ჩანაწერი რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის თაობაზე, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021-2024 წლების გადაწყვეტილებები.

საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული მონიტორინგის მექანიზმებს არ ეძლევათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის საშუალება. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მოითხოვს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმების დაუყოვნებლივი და შეუზღუდავი დაშვების უზრუნველყოფას“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროკურატურამ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მომხდარი ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და მათზე ძალადობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა, – ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 12 მაისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ მარტყოფში, ბრალდებულმა ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტს და ოპერატორს მათთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მიზნით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მათ კამერა და ტელეფონის წაართვა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 154-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, თავი შეიკავოს ინფორმაციის გავრცელებისაგან) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად, 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

“დონალდ ტრამპი 200 წლის წინ მიღებული კანონის გამოყენებით იმუქრება”-Financial Times

ბრიტანული გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) ეხმაურება აშშ-ში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, კერძოდ, პრეზიდენტის ძალისხმევას ქვეყნის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების გამოყენებით რიგი ქალაქების ქუჩებში წესრიგის დამყარებას და აქვეყნებს სტატიას სათაურით: „დონალდ ტრამპი 200 წლის წინ მიღებული კანონის გამოყენებით იმუქრება“ (ავტორი – ჯეიმს პოლითი). პუბლიკაციაში გადმოცემულია კონფლიქტური სიტუაცია, რომელიც გამოწვეულია აშშ-ის ადგილობრივი და ფედერალური ხელისუფლების გარკვეული დაპირისპირებით.

გთავაზობთ სტატიას მცირეოდენი შემოკლებით:

დონალდ ტრამპი დაიმუქრა, რომ გამოიყენებს 1807 წლის კანონს აჯანყებების შესახებ და მის საფუძველზე აშშ-ის რიგ ქალაქებში საჯარისო ქვედანაყოფებს შეიყვანს. ამით პრეზიდენტმა გაამწვავა დაპირისპირება იმ შტატებთან, რომლებსაც ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერი გუბერნატორები ხელმძღვანელობენ და რომლებიც ეწინააღმდეგებიან შეიარაღებული ძალების გამოყენებას აშშ-ის ტერიტორიაზე.

პრეზიდენტმა ეს გაფრთხილება იმიტომ გაახმოვანა, რომ მის გადაწყვეტილებას ფედერალური ჯარების შეყვანაზე ამერიკის ზოგიერთ ქალაქში საპროტესტო აქციების აღსაკვეთად შტატების სასამართლოებში არაერთმნიშვნელოვანი რეაქცია მოჰყვა: იმ დროს, როცა ორეგონის შტატში მოსამართლემ ჯარების განთავსება დაბლოკა, ილინოისის შტატში მხარი დაუჭირეს.

„ჩვენ გვაქვს კანონი აჯანყებების შესახებ და ეს უბრალო კანონი არ არის“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ოვალურ კაბინეტში, ორშაბათს, როცა მას შესაბამისი კითხვა დაუსვეს. პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილების იურიდიული საფუძველი მე-19 საუკუნის დასაწყისში მიღებულ კანონს დაუკავშირა და თქვა, რომ „კიდევ რომ მომიწიოს მსგავსი მოქმედება, ისევ იგივენაირად გავაკეთებდი. თუ ადამიანების მკვლელობა დაიწყება, როგორ შეიძლება მათ გადარჩენაზე ქალაქების მერებმა, მოსამართლეებმა და გუბერნატორებმა ხელი შეგვიშალონ?“.

დონალდ ტრამპის მუქარა იმას ნიშნავს, რომ მას განზრახული აქვს თავისი გეგმების – შეიარაღებული ძალებით სარგებლობა – რეალიზება გააგრძელოს და ქვეყნის შიგნით პროტესტების გამოხატვა სამხედრო ძალის გამოყენებით ჩაახშოს – იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსამართლეები პრეზიდენტის ნაბიჯს უკანონოდ გამოაცხადებენ.

მას შემდეგ, რაც ივნისში პრეზიდენტმა კალიფორნიის ქალაქ ლოს-ანჟელესის ქუჩებში წესრიგის დამყარებისა და კონტროლის აღსადგენად საჯარისო ქვედანაყოფები გამოიყვანა, მან გადაწყვიტა გააფართოოს შეიარაღებული ძალების გამოყენება სხვა ამერიკულ ქალაქებშიც იმ მოტივით, რომ დამნაშავეობის აღმოფხვრისა და ფედერალური ობიექტების პერსონალის დასაცავად ჯარებით სარგებლობა აუცილებელია. მღელვარებები დიდწილად გამოწვეულია აშშ-ის ხელისუფლების მიერ ანტიმიგრაციული ზომების გამკაცრებით.

როგორც ცნობილია, ბოლო დღეებში დონალდ ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილებები ფედერალური ჯარების შეყვანაზე ქალაქებში პორტლენდში (ორეგონის შტატი) და ჩიკაგოში (ილინოისის შტატში) ადგილობრივი სახელმწიფო ჩინოვნიკების ნების საწინააღმდეგოდ, რომლებიც აცხადებენ, რომ მათი შტატების ტერიტორიაზე ჯარების ქვედანაყოფების განთავსება მიზანშეუწონელია და საერთოდ, ხაზს უსვამენ, რომ პრეზიდენტის მოქმედება ანტიკონსტიტუციურია. „ჩვენთან არანაირი აჯანყება არ ხდება“, – აღნიშნა ორშაბათს ჟურნალისტებთან შეხვედრისას ილინოისის შტატის გუბერნატორმა ჯეიბი პრიცკერმა, – „დონალდ ტრამპი ჩვენს სამხედროებს პოლიტიკურ საყრდენად და პაიკებად იყენებს თავის უკანონო მცდელობებში ჩვენი ქვეყნის ქალაქების მილიტარიზების მიზნით“.

დონალდ ტრამპმა გადაუხვია აშშ-ის პრეზიდენტების ხანგრძლივ ტრადიციას, როცა ისინი თავს არიდებდნენ აშშ-ის შეიარაღებული ძალებით სარგებლობას ქვეყნის შიგნით. ზოგიერთ ქალაქში, მაგალითად, მემფისში (ტენესის შტატი) და ვაშინგტონში (კოლუმბიის ფედერალური ოლქი) მოსახლეობა იწონებს ან გაგებით ეკიდება პრეზიდენტის ნაბიჯს, ზოგან კი აკრიტიკებენ და უკანონოდ თვლიან.
თეთრი სახლი მხარს უჭერს ჯარების განთავსებას რიგ ქალაქებში: „სამწუხაროა, რასაც ახლა ვხედავთ – ზოგიერთი ქალაქის მერი ფედერალურ გადაწყვეტილებების შესრულებას ეწინააღმდეგება და ცენტრალური ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს – იმიტომ, რომ მათ დონალდ ტრამპი არ მოსწონთ“, – განაცხადა პრეზიდენტის პრეს-მდივანმა ქეროლაინ ლივითმა.

წყარო:

რატომ ანადგურებენ ევროპელი ლიდერები ევროპას? – დამოუკიდებელი გამომძიებელი ჟურნალისტი ელიზაბეტ ლეინი სტატიას აქვეყნებს, სახელწოდებით „ევროპის ჩრდილოვანი მმართველები“

დამოუკიდებელი გამომძიებელი ჟურნალისტი ელიზაბეტ ლეინი სტატიას აქვეყნებს, სახელწოდებით „ევროპის ჩრდილოვანი მმართველები“, რომელშიც სვამს კითხვას: „რატომ ანადგურებენ ევროპელი ლიდერები ევროპას? ის „ბილდერბერგის შეხვედრებზე წერს – ყოველწლიურ დახურულ ფორუმზე, რომელიც 1954 წელს, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის დიალოგის განვითარებისთვის დაარსდა და აცხადებს, რომ სწორედ იქ შეირჩევიან ადამიანები, რომლებიც შემდეგ კონკრეტულ ინტერესებს ატარებენ.

„მოდით, პირდაპირ ვთქვათ: მათი უმრავლესობა რეალურად არ არის არჩეული. ისინი შერჩეულები არიან „დიფ სთეიტის“ ელიტების, ბანკირებისა და კორპორაციული ძალაუფლების ბროკერების მიერ. აი, რისთვის ტარდება სინამდვილეში ბილდერბერგის შეხვედრები. მას შემდეგ, რაც ვხედავთ, რა ემართებათ ამ შეკრებების დამსწრე გარკვეულ პირებს, ნათელია, რომ ბილდერბერგი ფუნქციონირებს, როგორც შემოწმების ადგილი იმ კანდიდატებისთვის, რომელთა ხელისუფლებაში მოყვანა ელიტებს სურთ. ისინი ირჩევენ ყველაზე მორჩილ კანდიდატებს, რომლებიც ყველაზე მეტად მზად არიან ემსახურონ შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს ინტერესებს.

ამბიციური პოლიტიკოსები და ოფიციალური პირები იღებენ მოსაწვევებს საიდუმლო შეხვედრებში, რომელთა განხილვაც აკრძალულია. როგორც ამბობენ, „ბილდერბერგელები არასდროს ლაპარაკობენ“. ათწლეულების განმავლობაში, ამ შეხვედრების არსებობაც კი უარყოფილი იყო, სანამ ისინი საბოლოოდ არ გამჟღავნდა.

ეს „პერსპექტიული“ ფიგურები ერთად იკრიბებიან, გადიან შემოწმებას დისკუსიებისა და შეხვედრების მეშვეობით და ფასდება მათი ერთგულება. როგორც კი ელიტები მათთვის სასურველ კანდიდატს აირჩევენ, ეს პიროვნება ხშირად სწრაფად ადის ევროპაში და გლობალურ ორგანიზაციებში უმაღლეს თანამდებობებზე“, – წერს ავტორი და მაგალითად ისეთი ფიგურები მოჰყავს, როგორებიც არიან: ურსულა ფონ დერ ლაიენი, ჟოზე მანუელ ბაროსო, შარლ მიშელი, კრისტინ ლაგარდი, პასკალ დონოჰო, ემანუელ მაკრონი.

ავტორი აღნიშნავს, რომ ევროპამ მორჩილების პოზიცია აირჩია ლიდერობის ნაცვლად და ჩრდილოეთ ნაკადის აფეთქებაზე აკეთებს აქცენტს. ის მილსადენს ევროპის ენერგიის სასიცოცხლო წყაროს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მისი აფეთქებით გერმანია დაზიანდა.

„ამერიკამ, ბრიტანეთმა და ევროპულმა მედიამ ამაში რუსეთი ყოველგვარი მტკიცებულებებისა და ყოყმანის გარეშე დაადანაშაულეს. ნებისმიერი, ვინც ამ ნარატივს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა „რუსეთის მოკავშირედ“ ცხადდებოდა. ახლა კი იგივე მედიასაშუალებებში ტივტივებს იდეა, რომ ეს უკრაინამ გააკეთა – ყოველგვარი მორიდებისა და ბოდიშის გარეშე. უკრაინამ ევროპის წინააღმდეგ ტერორისტული აქტი ჩაიდინა, დაანგრია მისი ეკონომიკა, მოიტყუა ამის შესახებ და გერმანია – მსხვერპლი – უკრაინაში ფულისა და იარაღის გაგზავნას აგრძელებს. ჰგავს თუ არა ეს ლიდერობას და საკუთარი ხალხის ინტერესებში მოქმედებას, თუ ლიდერობას, რომელიც სხვა ადგილიდან იღებს მითითებებს?“, – წერს ლაინი.

მისი შეფასებით, ევროპელი ლიდერები სისხლს ადენენ საკუთარ ერებს ამერიკული და ბრიტანული ინტერესების მსახურის მიზნით. ის ასევე ხაზს უსვამს ორმაგი სტანდარტების არსებობას გარემოს დაცვასა და გეოპოლიტიკაში და საუბრობს საეჭვო მოვლენებზე, როგორიცაა გერმანიაში ექვსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საეჭვო სიკვდილი არჩევნების წინ, რომელთაგან მხოლოდ ერთია სუიციდად გამოცხადებული და რუმინეთში არჩევნების ორჯერ გაუქმება, რაც მიანიშნებს, რომ დემოკრატია მხოლოდ ქაღალდზე არსებობს.

„ევროპელი ლიდერები მხარს უჭერენ პოლიტიკას, რომელიც ზიანს აყენებს მათ ეკონომიკებს, თუმცა ეს არ არის არაკომპეტენტურობა. ეს არის ერთგულება, ოღონდ არა თქვენდამი. ეს დიდი კლუბია. თქვენ მისი წევრი არ ხართ. არც მე ვარ“, – აღნიშნავს სტატიის ავტორი.

ლეინი თავისი მეგობრის, ბრიტანელი პოლიტიკური კომენტატორის, ენდრიუს შესახებ წერს და მას „ინსაიდერს“ უწოდებს, რომელიც „იდუმალი ავადმყოფობის“ შედეგად დაიღუპა.

„ერთ დღეს ის მანქანის ნაწილი იყო, შემდეგ კი უბრალოდ მოკვდა. არ ვიცი რა დაემართა, ეს ყველაფერი მოულოდნელი და უცნაური იყო“, – აღნიშნავს ჟურნალისტი.

რა ეღირება დოლარი და ევრო 9 ოქტომბერს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7128 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7128 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7130 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1550 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1672 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0122 ლარი შეადგინა.

“უკრაინა ამერიკული „ტომაჰავკების“ მისაღებად ემზადება, მაგრამ კიევი მათ გაშვებას ვერ შეძლებს – რაკეტები, ალბათ, მხოლოდ კრემლზე ზეწოლის მიზნით იქნება გამოყენებული”-The Daily Telegraph

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „უკრაინა ამერიკული „ტომაჰავკების“ მისაღებად ემზადება, მაგრამ კიევი მათ გაშვებას ვერ შეძლებს – რაკეტები, ალბათ, მხოლოდ კრემლზე ზეწოლის მიზნით იქნება გამოყენებული“ (ავტორი – რობ კრილი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ამერიკული რაკეტების „ტომაჰავკების“ უკრაინისათვის სავარაუდო მიწოდების პროცესი შეიძლება თვეებით გაჭიანურდეს და რაც ყველაზე უფრო მეტად არის მოსალოდნელი, რაკეტები გამოყენებული არ იქნებიან და ისინი თავიანთ გამშვებ დანადგარებზე დარჩებიან. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ „ტომაჰავკები“, თუ ისინი უკრაინის ტერიტორიაზე იქნებიან განთავსებულები, მოსკოვის პოლიტიკაზე გავლენას არ მოახდენენ.

ასეთ დასკვნამდე მივიდა ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, რომლის მიერ გაკეთებული ანალიზი აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება გამოიხატოს აშშ-სთან დადებული შეთანხმება და როგორ უნდა იქნას გამოყენებული (ან არგამოყენებული) სასიკვდილო იარაღი.

ამ დღეებში დონალდ ტრამპმა ნათლად მიანიშნა (ყველაზე უფრო მკაფიოდ, ვიდრე ოდესმე), რომ იგი უკრაინისათვის „ტომაჰავკების“ გადასაცემად ემზადება. „მე მგონი უკვე თითქმის მივიღე გადაწყვეტილება“, – განაცხადა მან თავისი უნიკალური მანერით, მაგრამ იმავდროულად სრულიად დაუკონკრეტებლად, – „ისე კი, ძალიან მინდა ვიცოდე, თუ როგორ გეგმავს უკრაინა ამერიკული რაკეტების გამოყენებას. ვშიშობ, რომ შორი მოქმედების რაკეტებით სარგებლობა სიტუაციას გაამწვავებს“.

ფაქტია, რომ „ტომაჰავკების“ სავარაუდო გადაცემა უკრაინისათვის და მათი საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა სწრაფად ვერ მოხერხდება. ბოლო დღეებში, ზამთრის მოახლოების კვალობაზე, რუსეთმა გააძლიერა დარტყმები უკრაინის ენერგოობიექტებზე, რაც აქტუალურს ხდის ამერიკის დახმარების აუცილებლობას. მაგრამ არსებობს ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი ფაქტორი: „ტომაჰავკების“ ფრენის სიშორე 1600 მილს (2500 კმ-ს) აღემატება, თანაც მათ ბირთვული ქობინების ზიდვა შეუძლიათ და ისინი რუსეთის დედაქალაქ მოსკოვს მისწვდებიან, დიდი საფრთხეა მოსალოდნელი. სხვათა შორის, რუსმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკვე გააფრთხილა თავისი ამერიკული კოლეგა დონალდ ტრამპი, რომ რაკეტების უკრაინისადმი მიცემით დაირღვევა აშშ-რუსეთის ნებისმიერი დონის და ყველა სახის ურთიერთობა.

ამ ფონზე ეგორ ჩერნიაევი, უკრაინის ვერხოვნა რადის (პარლამენტის) ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, განმარტავს, თუ როგორ გამოიყენებს „ტომაჰავკებს“ უკრაინის არმია. მისი თქმით, რაკეტებით სარგებლობა დამოკიდებულია რამდენიმე მომენტზე და ეტაპზე – ვთქვათ, მისტერ დონალდ ტრამპმა  შეიძლება გადაიფიქროს და საერთოდ არ მისცეს რაკეტები უკრაინას, ან პირიქით, აშშ-ის პრეზიდენტი ნებას დართავს პენტაგონს (ანუ ომის სამინისტროს) რაკეტების ექსპორტი განახორციელოს, მაგრამ არ მისცემს კიევს მისი გამოყენების უფლებას შორ მანძილზე მდებარე რუსული ობიექტების წინააღმდეგ. „ყოველი ამ ეტაპების განმავლობაში ვლადიმერ პუტინსაც ექნება შესაძლებლობა უკან დაიხიოს და მოლაპარაკება დაიწყოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ აშშ-დან უკრაინაში რაკეტების ჩამოტანა ნელა და თანდათანობით მოხდება“, – თვლის დეპუტატი და აღნიშნავს, რომ „ამერიკელები რაკეტებს ჯერ რამდენიმე ცალს – ათს ან ოცს – მოგვცემენ, მაგრამ ვფიქრობ, ნებას არ დაგვრთავენ მათ გაშვებაზე მანამ, სანამ კრემლის ოფიციალური რეაქცია არ გახდება ცნობილი“.

„თუ რეაქცია არ იქნება, მაშინ რაკეტის ფრენის დიაპაზონი გაფართოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა „ტომაჰავკები“ მოსკოვისაკენ გავუშვათ“, – ამბობს ეგორ ჩერნიაევი, – „ყოველ ეტაპზე აშშ-ის ზეწოლა რუსეთზე თანდათან გაძლიერდება და საბოლოოდ, ყველა შეზღუდვა მოიხსნება, მოგვეცემა ნებართვა მათ გაშვებაზე, თუმცა, ალბათ, კრემლზე და პირადად პუტინის წინააღმდეგ დარტყმების აკრძალვა მაინც შენარჩუნდება“.

„მთელი ეს ეპოპეა, ალბათ, რამდენიმე თვეს დაიკავებს, მაგრამ რაკეტების მოცემით ჩვენ  უკვე რეალურ ზეწოლას განვახორციელებთ მტერზე და ხელში რეალური არგუმენტი გვექნება მოსკოვის წინააღმდეგ“, – ამბობს უკრაინელი პოლიტიკოსი და ხაზს უსვამს, რომ კიევს ხელში ძლიერი ბერკეტი ექნება.

რასაკვირველია, მოსკოვიც ელოდება, თუ რა იქნება შემდეგ, როგორ განვითარდება მოვლენები. დღეისათვის სიტუაცია ასეთია: რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკვე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას უკრაინისათვის ახალი ტიპის რაკეტების გადაცემის საკითხის განხილვა ძალიან განსხვავდება იმით, თუ როგორ წყდებოდა მსგავსი საკითხები ჯო ბაიდენის მმართველობის დროს – ჯერ იარაღის ფარულად გადაცემა ხდებოდა, შემდეგ კი დეტალებს აცხადებდნენ. „ჩვენ გვესმის, რომ ალბათ, ტრამპის უფრო მკაფიო განცხადებებს უნდა დაველოდოთ… საერთოდ კი, რაკეტების მიწოდება სერიოზულ ესკალაციას გამოიწვევს“.

თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, იგი ვერაფერს ვერ დაამატებს „ტომაჰავკების“ მიწოდების გეგმის ირგვლივ – იმის გარდა, რაც თვითონ დონალდ ტრამპმა თქვა ორშაბათს.

ვაშინგტონში მდებარე უკრაინის საელჩოც კომენტარის გაკეთების თხოვნაზე დუმილს ინარჩუნებს.

არ არის გამორიცხული, რომ ეგორ ჩერნიევი პირად აზრს გამოხატავს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეროვნული უსაფრთხოების დაცვაში და რომ იგი შედის პარლამენტის წევრთა მცირერიცხოვან ჯგუფში, რომლებმაც კარგად იციან არსებული სიტუაცია, მას უფრო მეტად დაეჯერება, სხვებთან შედარებით.

წყარო:

მართლმადიდებელი სწავლება, მეცნიერებასთან დიალოგითა და ტექნოლოგიების გონივრული გამოყენებით, უნდა იქცეს კაცობრიობისათვის სწორი, უსაფრთხო მომავლის გზის მაჩვენებლად -ილია მეორე

ეკლესია უნდა დარჩეს ჭეშმარიტი განათლებისა და სწორი აღზრდის ცენტრად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითაც უნდა განამტკიცოს ქრისტიანული ღირებულებები, მას, ასევე, აქვს ვალდებულება, მოზღვავებული ინფორმაციის გარემოში დაეხმაროს ადამიანებს კეთილისა და ბოროტის გარჩევაში, რათა მათ არ გადაუხვიონ სულიერი გზიდან და არ დაემონონ მხოლოდ მატერიალურ ღირებულებებს, პრაგმატიზმსა და ეგოიზმს, – ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მისასალმებელ სიტყვაში ჟურნალ „თეოლოგიის“ 100 წლისთავთან დაკავშირებულ მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თესალონიკში გაიმართა.

„თქვენო უნეტარესობავ, ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსო იერონიმე, თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესიების პირველიერარქნო და წარმომადგენელნო, ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, პატიოსანო მღვდელნო, აკადემიური წრეების პატივცემულნო წარმომადგენელნო, ქალბატონებო და ბატონებო, ყველას გულითადად მოგესალმებით ქრისტესმიერი სიყვარულით და თქვენთან ერთად ვიზიარებ დღევანდელი დღის სიხარულს – საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდის სამეცნიერო-საღვთისმეტყველო ჟურნალ „თეოლოგიის“ 100 წლისთავს და ამასთან დაკავშირებით მიძღვნილ მეორე საერთაშორისო სამეცნიერო-საღვთისმეტყველო კონფერენციას.

მოხარულნი ვართ, რომ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით იმართება სამეცნიერო კონფერენცია მეტად საინტერესო და აქტუალურ თემაზე: „მართლმადიდებლური თეოლოგია და ტექნოლოგიის ონტოლოგია: ანთროპოლოგიური, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული შედეგები“.

მოგეხსენებათ, გლობალური საკომუნიკაციო ქსელებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვით შეიქმნა ვითარება, რომელიც ჩვენი დროის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა.

ადამიანებს მიეცათ ურთიერთობისა და ინფორმაციის გაცვლის უსაზღვრო შესაძლებლობა, დისტანციური სწავლების, კვლევების ჩატარების, სამედიცინო თუ ფსიქოლოგიური დახმარების ახალი საშუალებები… ტექნოლოგიების გამოყენებამ უპრეცედენტოდ დააჩქარა ინფორმაციის დაგროვება-დამუშავება და თითოეული ჩვენგანისათვის ადვილად ხელმისაწვდომი გახადა საუკუნეთა მანძილზე კაცობრიობაში დაგროვილი ცოდნა.

მაგრამ, სიკეთესთან ერთად, ხელოვნური ინტელექტი უდიდეს საფრთხესაც შეიცავს, რამაც მსოფლიოს შეიძლება, უფსკრულისაკენ უბიძგოს და აქამდე უცნობ მძიმე ცოდვათა მსხვერპლი გახადოს. ამას საზოგადოება გრძნობს და უკვე ცდილობს დამცავი მექანიზმების შექმნას; თუმცა საკითხავია, რამდენად შეძლებს იგი სწორი ნაბიჯების გადადგმას, ან რამდენად ეფექტური იქნება ეს ქმედებანი?“, – ნათქვამია ილია მეორის მისასალმებელ სიტყვაში.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აღნიშნავს, რომ დღევანდელი ცივილური სამყაროს ფორმირებაში მართლმადიდებელ ეკლესიას განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი.

„გავიხსენოთ, თუ როგორ ხდებოდა ქრისტიანობის გავრცელება საუკუნეების წინ. პირველად სწორედ ეკლესიის წიაღში შეიქმნა საგანმანათლებლო და სულიერი კერები, რომლებიც წარმოადგენდა იმდროინდელი ცოდნის შესაკრებელსა და სწორი ორიენტირის მიმცემს.

დღესაც ეკლესია უნდა დარჩეს ჭეშმარიტი განათლებისა და სწორი აღზრდის ცენტრად და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითაც უნდა განამტკიცოს ქრისტიანული ღირებულებები; მას, ასევე, აქვს ვალდებულება, მოზღვავებული ინფორმაციის გარემოში დაეხმაროს ადამიანებს კეთილისა და ბოროტის გარჩევაში, რათა მათ არ გადაუხვიონ სულიერი გზიდან და არ დაემონონ მხოლოდ მატერიალურ ღირებულებებს, პრაგმატიზმსა და ეგოიზმს.

მართლმადიდებლური სწავლება, დაფუძნებული საღვთო სიბრძნესა და გამოცხადებაზე, მეცნიერებასთან დიალოგითა და ტექნოლოგიების გონივრული გამოყენებით, უნდა იქცეს კაცობრიობისათვის სწორი და უსაფრთხო მომავლისა გზის მაჩვენებლად.

ჩვენს წინაშე დგას ეს უდიდესი, ურთულესი და, ამასთან, აუცილებლად გადასაჭრელი ამოცანა.

ასეთი მნიშვნელოვანი და საჭირო კონფერენციის გამართვისათვის, ჩემი და საქართველოს ეკლესიის სახელით, გულწრფელ მადლობას ვუხდი მის უნეტარესობას, ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოს იერონიმეს და საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდს; მადლიერებით ვლოცავთ ჟურნალ „თეოლოგიის“ დირექტორსა და მთავარ რედაქტორს, ბატონ ალექსანდრე კატსიარასს, მის ყველა თანამშრომელს, აგრეთვე, კონფერენციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს.

ვიმედოვნებთ, ეს ღირსშესანიშნავი შეხვედრა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ტექნოლოგიების ონტოლოგიურ საკითხებთან მიმართებით ეკლესიის პოზიციის განმტკიცებასა და განსაზღვრაში, რათა ჭეშმარიტი სარწმუნოება კვლავაც იყოს მთავარი ორიენტირი ცხონების მაძიებელთათვის თანამედროვე სამყაროში, რათა „შეიცნონ ღვთისა და მამის, და ქრისტეს საიდუმლო, რომელშიც სიბრძნისა და ცოდნის ყოველგვარი საუნჯეა დაფარული“. (კოლ 2.2)“, – ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მისასალმებელ სიტყვაში.

თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმას ახალი ფუნქციონალი – საინვესტიციო სიახლეები – დაემატა

ახლა უკვე შეგიძლია გაეცნო, რას ფიქრობენ და რა მოლოდინები აქვთ წამყვან საინვესტიციო ბანკებს, რაც გადაწყვეტილების მიღების პროცესს გაგიმარტივებს.

საინვესტიციო სიახლეების ფუნქციონალით ერთ სივრცეში აღმოაჩენ: წამყვანი საინვესტიციო ბანკების მოლოდინებს, Wall Street-ის ანალიტიკოსების რეკომენდაციებსა და მიგნებებს, სამიზნე ფასებსა და ბაზრის მთავარ სიახლეებს. ახალი ფუნქციონალის მეშვეობით მიღებული ინფორმაცია დაგეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში – რომელი აქციები იყიდო ან გაყიდო და რატომ.

თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე ინვესტირება 1$-დან შეგიძლია; აშშ-ის საფონდო ბირჟაზე 6500+ აქციისა და ფონდის შეძენას კი საკომისიოს გარეშე შეძლებ.

დაიწყე ინვესტირება მარტივად თიბისის მობაილბანკში და თვალი ადევნე ბაზრის დინამიკას ინვესტიციების პლატფორმაზე – https://tbconline.ge/MB/INV

გაითვალისწინე, ეს არ არის ფინანსური რჩევა.

®

ხელისუფლებამ, ქართველი ხალხის თანადგომით, გასული ხუთი წლის განმავლობაშიც დაიცვა ქვეყანა ომის, არეულობის ყველა მცდელობისგან და დაიცავს მომავალშიც -ირაკლი კობახიძე

საქართველოს ხელისუფლებამ, ქართველი ხალხის თანადგომით, გასული ხუთი წლის განმავლობაშიც წარმატებით დაიცვა ქვეყანა გარედან თავს მოხვეული ომისა და არეულობის ყველა მცდელობისგან და წარმატებით დაიცავს ქვეყანას მომავალშიც, ეს არის ჩვენი მტკიცე დაპირება ქართული საზოგადოების მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქართულმა საზოგადოებამ დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრების 35 წლის განმავლობაში და განსაკუთრებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შეიძინა დიდი გამოცდილება და გამოცდილებასთან ერთად, სიბრძნეც, რომ სწორად შეაფასოს, თუ ვინ არის მისი მეგობარი და ვის არ სურს სიკეთე საქართველოსთვის.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ იმ ფონზე, როდესაც არცერთ ორგანიზაციას თუ სახელმწიფოს, მათ შორის არც აშშ-ს, ევროკავშირსა და ევროკავშირის კონკრეტულ ქვეყნებს არ გაუკეთებიათ განცხადება, რომლითაც დაგმობდნენ და გაემიჯნებოდნენ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დამხობის მცდელობას, ქართულმა საზოგადოებამ საკუთარ თავს უნდა დაუსვას მარტივი შეკითხვა.

„ამ ფონზე, ქართულმა საზოგადოებამ საკუთარ თავს უნდა დაუსვას მარტივი შეკითხვა: ამის შემდეგ შეიძლება თუ არა, შესაბამისი სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების განცხადებებს რაიმე ფასი ჰქონდეს? ბუნებრივია, ეს შეკითხვა, თავისი არსით, რიტორიკულია და ცხადია, იმ სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების განცხადებებს, რომლებიც ვერ მალავენ გაღიზიანებას ქართველი ხალხის, მისი არჩევანისა და მშვიდობისთვის უკომპრომისო ბრძოლის მიმართ, ვერც ახლა და ვერც მომავალში ვერავითარი ფასი ვერ ექნება. ქართულმა საზოგადოებამ დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრების 35 წლის და განსაკუთრებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, შეიძინა დიდი გამოცდილება და გამოცდილებასთან ერთად, სიბრძნეც, რომ სწორად შეაფასოს, თუ ვინ არის მისი მეგობარი და ვის არ სურს სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის. სწორედ, ქართველი ხალხის ცოდნა და სიბრძნე არის მთავარი გარანტია იმისა, რომ აუცილებლად გაგრძელდება საქართველოს მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება, ვისგანაც არ უნდა ჰქონდეს მხარდაჭერა არეულობასა და ომში ჩვენი ქვეყნის გახვევის მცდელობას.

საქართველოს ხელისუფლებამ, ქართველი ხალხის თანადგომით, გასული ხუთი წლის განმავლობაშიც, წარმატებით დაიცვა ქვეყანა გარედან თავს მოხვეული ომისა და არეულობის ყველა მცდელობისგან და წარმატებით დაიცავს ქვეყანას მომავალშიც. ეს არის ჩვენი მტკიცე დაპირება ქართული საზოგადოების მიმართ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.