Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალს ავრცელებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრების სიას ავრცელებს.

ქვეყნის მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრი იქნება გახსნილი.

კერძოდ, ქალაქ თბილისში ცხრა საგამოცდო ცენტრი გაიხსნება – №39 საჯარო სკოლა – გლდანის I მ/რ;  №103 საჯარო სკოლა – მესხეთის ქ. №72; №133 საჯარო სკოლა – ვარდისუბნის ქ. №8; №147 საჯარო სკოლა – დიღმის მას. მე-3 კვ.; №175 ა  საჯარო სკოლა – მუხიანის მე-3 მ/კ.; №175 ბ  საჯარო სკოლა – მუხიანის მე-3 მ/კ; №177 საჯარო სკოლა – დავით ჯაბიძის ქ. N 38 (გლდანი, მე-5 მ/რ); №191 საჯარო სკოლა – დავით ჯაბიძის ქ. №30; №207 საჯარო სკოლა – ჩარგლის ქ. 34;

ქალაქ ქუთაისში გაიხსნება სამი საგამოცდო ცენტრი – №17 საჯარო სკოლა – ნიკეას №44; №23 საჯარო სკოლა – არაყიშვილის ქ. №15;  ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის № 41 ფიზიკა- მათემატიკური საჯარო სკოლა – რუსთაველის ქ.  №127;

ქალაქ ამბროლაურის №1 საჯარო სკოლა – ვ. კობახიძის ქ. №2;

სამი ცენტრი იქნება ბათუმში – ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის №1 საჯარო სკოლა – დ. თავდადებულის 47; №10  საჯარო სკოლა –  ივანე ჯავახიშვილის ქ. 66; №14 საჯარო სკოლა – ინასარიძის ქ. №11;

ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის №2 საჯარო სკოლა –  გაბრიელ ეპისკოპოსის ქ. №9;

ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ ფოთის №3 საჯარო სკოლა – ზამბახიძის ქ. №3;

ქალაქ ზუგდიდის №4 საჯარო სკოლა – ცოტნე დადიანის ქ. №10;

ქალაქ გორის №3 საჯარო სკოლა – დ. ამილახვარის ქ. №26;

ქალაქ თელავის №8 საჯარო სკოლა – თამარის ქ. №79;

ქალაქ ახალციხის №1 საჯარო სკოლა – მიქუტიშვილის ქ. №2;

ქალაქ რუსთავის № 15 საჯარო სკოლა – მე-8 მ/რ;

დაბა ხულოს საჯარო სკოლა – შავაძის ქ. №3.

ასევე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად გამოიყო დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი სტანდარტული ტარიფით.

კერძოდ, მეტრო  „ახმეტელიდან“ მუხიანის დასახლების მიმართულებით №175 სკოლამდე;

მეტრო  „ახმეტელიდან“ გლდანის მიმართულებით №191, №177 და №39 სკოლებამდე;

მეტრო „სამგორის“ ზედა ამოსასვლელიდან №103 საჯარო სკოლამდე;

მეტრო „დიდუბის“ (წერეთლის გამზირის მხარეს) ამოსასვლელიდან №147 საჯარო სკოლამდე.

საგამოცდო დღეებში დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმუშავებს დილის 06:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე მთელი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში.

საგამოცდო პროცესი წელს 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება.

2025 წლის კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის საბოლოო შედეგები

გამოვლინდა 2025 წლის კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების  ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის საბოლოო შედეგები

კონკურსის ფარგლებში დასაფინანსებლად შეირჩა 2 პროექტი.

დეტალური ინფორმაცია გთხოვთ, იხილოთ ფონდის ვებგვერდზე : https://shorturl.at/8qBe2

რა ეღირება დოლარი და ევრო 21 ივნისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7268 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7268 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7270 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1435 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1287 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0148 ლარი შეადგინა.

რეჟიმის შეცვლა ირანში? კარგი იდეაა, მაგრამ გადახედეთ ისტორიას – ხელისუფლების ცვლილება პრაქტიკულად შეუძლებელია – The Guardian

ბრიტანული გაზეთის „გარდიანის“ (The Guardian) 20 ივნისის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „რეჟიმის შეცვლა ირანში? კარგი იდეაა, მაგრამ გადახედეთ ისტორიას – ხელისუფლების ცვლილება პრაქტიკულად შეუძლებელია“ (ავტორი – მარტინ კეტლი, რედაქტორი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირედ შემოკლებული სახით:

სპარსეთის ყურეში ომის დაწყების წინ, 1991 წელს, ერთ-ერთმა ტელეჟურნალისტმა აშშ-ის არმიის სარდალს, გენერალ ნორმან შვარცკოპფს კითხვა დაუსვა – „გსურთ თუ არა სადამ ჰუსეინის დამხობა ერაყში“. ნორმანმა პასუხი ლაკონურად გასცა: „სათქმელად ადვილია, გასაკეთებლად კი ძნელი“.

გენერალმა იცოდა, რასაც ამბობდა. ნორმან შვარცკოპფი მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება სწავლობდა ახლო აღმოსავლეთს. უფრო მეტიც – მან ბავშვობა თეირანში გაატარა. სადამ ჰუსეინის გასანადგურებელი სახმელეთო ომის სტრატეგია გენერალმა სპეციალურად თვითონ შეიმუშავა ისეთი სახის, როგორითაც ძველი კართაგენელი სარდალი ჰანიბალი სარგებლობდა და რომლითაც წარმატებით გაანადგურა რომაელთა ჯარი აპულიაში, 216 წელს ჩვენს ერამდე.

რეჟიმის შეცვლა, რაზედაც დღეს ძალიან ხშირად საუბრობენ ირანთან დაკავშირებით, სწორედ ნორმან შვარცკოპფის პოლიტიკის – „სათქმელად ადვილია, გასაკეთებლად კი ძნელის“ განსახიერებას წარმოადგენს. აშკარაა, რომ მსოფლიო უფრო უკეთესი იქნებოდა თეირანის მსგავსი  რეპრესიული და აგრესიული რეჟიმების გარეშე, მაგრამ, სამწუხაროდ, არ არსებობს ისეთი ღილაკი ან ჩამრთველი, ისეთი ბერკეტი, რომელსაც თითს დააჭერდი, დააწვებოდი და დიქტატორული ხელისუფლებას უეცრად ჩამოინგრეოდა და შეიცვლებოდა. დანგრევა უფრო იოლია, ვიდრე აღდგენა.

რეჟიმის შეცვლა – ეს ის ფრაზაა, რომლის უკან უამრავი უბედურება და პრობლემები იმალება და რომლისგანაც უმრავლეს შემთხვევებში ჩვეულებრივი ადამიანები ზარალდებიან – ანუ იმ ქვეყნის მოქალაქეები, სადაც რეჟიმი შეიცვლება. დასავლეთში ბევრ თანამედროვე მთავრობას და საზოგადოებას ნაგემნი აქვს ხელისუფლების ძალადობრივად ცვლილების „სიკეთე“, საკუთარი მწარე გამოცდილების საფუძველზე. ხომ გახსოვთ ავღანეთში შეჭრა 2001 წელს და ომი ერაყში 2003 წელს? უეჭველად გახსოვთ. ავღანური და ერაყული დრამები ჩვენ პოლიტიკას წლების შემდეგ, დღესაც კი თან სდევს, 2010-2011 წლების ე.წ. „არაბული გაზაფხულის“ სისხლიანი დასასრული კი ჩვენი გულუბრყვილობის შავბნელ ძეგლს წარმოადგენს.

და მაინც ირანის თეოკრატიული რეჟიმის დამხობის სურვილი სამართლიანია. ირანის ხელისუფლება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რეპრესიულ რეჟიმს წარმოადგენს. ადამიანთა გამოგონილი ბრალდებებით დაპატიმრებები და სასამართლო პროცესები ხელოვნურად არის ინსცენირებული. საპყრობილეებში ფართოდ არის გავრცელებული წამება, ცემა და კიდურების ამპუტაცია. უსამართლოდ დასჯა სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა. დაკანონებულია ქალების, უმცირესობებისა და მიგრანტების დევნა-შევიწროვება. პრაქტიკულად შეუძლებელია საკუთარი აზრის თავისუფალი გამოხატვა და პოლიტიკური აქტიურობა.

აიათოლების რეჟიმის ბოროტებას არამარტო ირანელები გრძნობენ, არამედ სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც. წლების განმავლობაში ირანის ხელისუფლების ბოროტმოქმედება გამოიხატება ლიბანში და ღაზას სექტორში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფებების – „ჰამასის“ და „ჰეზბოლას“ მიმართ გაწეულ დახმარებაში. ირანი აფინანსებს დასავლეთში ფარულად მოქმედ ტერორგანიზაციებსაც, იარაღს აწვდის რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ. ირანის სწრაფვა ბირთვული იარაღის დაუფლებისაკენ, რომლის მეშვეობით თეირანი ისრაელს დაემუქრება, აუცილებლად უნდა აღიკვეთოს.

ამრიგად, თუ ამის შესაძლებლობაა და შესაფერისი მიზეზიც არსებობს, რატომ არ უნდა დაემხოს ესოდენ ბოროტი რეჟიმი? რატომ არ უნდა დავუჭიროთ მხარი ანტიდემოკრატიული ხელისუფლების ქვეყნის მმართველობიდან წასვლას? განსაკუთრებით ახლა, როცა ირანის მოკავშირეები „ჰამასი“, „ჰეზბოლა“ და იემენელი ჰუსიტები დასუსტებულები არიან, ხოლო თვითონ ირანი სანქციების ქვეშ არის მოქცეული? როცა ირანული რევოლუციის გუშაგები და სხვა ძალოვანი სტრუქტურების სარდლობა ლიკვიდირებულია? ანუ დღეს თუ არა, მაშინ როდის?

ცდუნება ძალიან დიდია. პოლიტიკაში, ისევე როგორ ომში, მომენტით სარგებლობა ხშირად გადამწყვეტ როლს ასრულებს. ბისმარკი მომენტით სარგებლობას ლიდერობის ერთ-ერთ მთვარ კრიტერიუმად მიიჩნევდა და ამ მხრივ თვითონვე დიდოსტატობა გამოავლინა. უილიამ შექსპირმა ეს აზრი გამოხატა თავის ცნობილ „იულიუს კეისარში“, როცა კასიუსს ეუბნებიან – „კაცთა ცხოვრებაში არის მოქცევა და თუ მისი ტალღებით დროულად ისარგებლებ, წარმატებას მიაღწევ… და თუ მას ხელიდან გაუშვებ, მეჩეჩზე გაირიყები და უბედური დარჩები“.

ირანის რეჟიმის დამხობა საერთაშორისო საფრთხის თავიდან აცილებასაც ნიშნავს: აიათოლების მმართველობის კრახი სასარგებლო იქნება არამხოლოდ ისრაელისთვის, არამედ იმ ქვეყნებისათვისაც, რომლებიც ირანის მოკავშირეების, კერძოდ, რუსეთის აგრესიას განიცდიან (უკრაინისთვის). ბირთვული იარაღის გავრცელების პროცესი შეჩერდება. ტერორისტული ჯგუფების მუქარები შეწყდება. ირანი იარაღით ვეღარ მოამარაგებს აგრესორ ქვეყნებს. ეს, რასაკვირველია, ცუდი ამბავი იქნება მოსკოვისათვის, რომელიც ირანისაგან დიდი რაოდენობით დრონებს ყიდულობდა, მაგრამ იმავდროულად ეს იქნებოდა იმედის სხივი უკრაინისათვის. საერთაშორისო ნაოსნობა წითელ ზღვაში და სპარსეთის ყურეში უსაფრთხო გახდებოდა, ნავთობზე ფასი დაეცემოდა…

დიახ, მთლიანობაში ამ არგუმენტების უარყოფა ძალიან რთულია. ირანის წინააღმდეგია ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელსაც საკუთარი ინტერესები ამოძრავებს „ჰამასის“ მიერ ჩადენილი ცნობილი ტერორისტული აქტის გამო. ირანის წინააღმდეგია დონალდ ტრამპიც, რომელიც განასახიერებს აშშ-ის პოლიტიკას 1979 წლიდან – ვაშინგტონისა და თეირანის კონფრონტაციის დაწყების დროიდან. წესით, დონალდ ტრამპის ანუ აშშ-ის მტერი ქვეყანა ჩვენი მეგობარი არ არის.

მაგრამ იმავდროულად არის სერიოზული და საყურადღებო მიზეზები იმისთვის, რომ ძალიან ფრთხილად ვიყოთ და შეცდომები არ დავუშვათ.

ჯერ-ერთი, რომ რეჟიმის განადგურება არ ნიშნავს რეჟიმის წარმატებულ ცვლილებას. შესაძლოა, ისრაელი აშშ-ის დახმარებით თუ მის გარეშე, ირანს ისეთ ზიანს მიაყენებს, რომ აიათოლების ხელისუფლება თავის ფუნქციებს ვეღარ შეასრულებს, მაგრამ რა იქნება შემდეგ? განა ისრაელი და აშშ დამარცხებული ირანის ტერიტორიის ოკუპირებას განახორციელებენ და მის მართვას დაიწყებენ? არა, არცერთი ამას არ აპირებს. აშშ-სათვის ავღანეთის, ერაყისა და ლიბიის საშინელი გაკვეთილები არ დავიწყებულა. თეირანი 1945 წლის დროინდელი ბერლინი ნამდვილად არ იქნება.

თავის მიმართვაში ირანისადმი ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანელმა ხალხმა ახალი ირანი უნდა შექმნას და რომ ისრაელი ამ მიზნის მისაღწევად – თავისუფალი ირანის ასაშენებლად – ირანელებს გზას გაუწმენდს. მაგრამ ვინ მოვა ახალი ირანის ხელისუფლებაში ისრაელისა და აშშ-ის ხელშეწყობით? ის მთავრობა, რომელიც ხელს ვერ შეუშლის ისრაელსა და ამერიკას ირანის ხარჯზე გამდიდრებაში? ვინ იქნებიან ახალი მთავრობის წევრები, როცა ოპოზიცია ფაქტიურად განადგურებულია?

დამარცხებული ირანის ხელისუფლება, რა თქმა უნდა, დასუსტებული იქნება, მაგრამ ის მაინც დარჩება დიდი, ამაყი და მნიშვნელოვანი ქვეყნის ხელისუფლებად. ირანი ისევ მდიდარი იქნება ბუნებრივი რესურსებით, ისევ იქნება ულეველი ენერგეტიკური რესურსების მქონე ქვეყანა, რომელიც ისევ კარგად შეიარაღებას შეეცდება. დიახ, ქვეყნის ეთნიკური და რელიგიური შემადგენლობა იდროვებს და თავისი უფლებების რეალიზებას მოითხოვს, მაგრამ აიათოლების რეჟიმის მომხრეები და აპარატის წევრები ყველგან დარჩებიან – არმიაშიც, პოლიციაშიც და სპეცსამსახურებშიც. სწორედ ეს ფაქტორები გახდება იმის სიგნალად, რომ არასტაბილურობის აფეთქება მოხდეს, დაიწყოს სამოქალაქო კონფრონტაცია (ომი), რომელიც შესაძლოა წლების განმავლობაში გაგრძელდეს.

არავინ არ უნდა დაივიწყოს ის გარემოებაც, რომ ირანი რევოლუციური რეჟიმის მქონე ქვეყნად დარჩება. მმართველები, რომლებიც ხელისუფლებაში მოდიან, მთლიანად ანადგურებენ თავიანთ წინამორბედ მმართველებს – ისევე როგორც ირანელმა ისლამისტებმა გაანადგურეს შაჰის მთავრობის წარმომადგენლები 1979 წელს. ახალი მმართველობაც შეიძლება პარანოიდალურ რეჟიმად იქცეს.

ისტორია გვასწავლის, რომ რევოლუციური რეჟიმების ცვლილება განსაკუთრებით „ჭუჭყიანი“ საქმეა. ახალი ხელისუფლების რეალური დამყარება ურთულესი პროცესია. გავიხსენოთ 1815 წლის შემდგომი საფრანგეთი, ან რუსეთი 1991 წლის შემდეგ. გერმანია ნაციზმის მორევისაგან 1945 წლის შემდეგ საერთაშორისო შეთანხმების წყალობით გადარჩა, რომელშიც მკაფიოდ იყო ჩამოყალიბებული აშშ-ის ეკონომიკური დახმარება, სამხედრო ოკუპაციის წესები და პრაგმატული კომპრომისები გერმანული ინსტიტუტების მიმართ. ამის შედეგად მიღწეული იქნა კოლექტიური ტრიუმფი, თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ გერმანიის მსგავსი პრეცედენტი საერთაშორისო პოლიტიკაში იშვიათია. ირანში [აზიურ ისლამურ ქვეყანაში] მსგავსი არაფერი მოხდება. ასე რომ, სურვილებშიც სიფრთხილეა საჭირო.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა

საქართველოში Lamborghini-ს პირველი შოურუმი ოფიციალურად გაიხსნა. პრემიუმ კლასის საავტომობილო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი “თეგეტა ჰოლდინგია”, კომპანიის შემოყვანის მთავარი ფინანსური პარტნიორი კი – თიბისი.

შოურუმი საქართველოში ოფიციალურად გახსნა Automobili Lamborghini-ს პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა Stephan Winkelmann -მა “თეგეტა ჰოლდინგის” წარმომადგენლებთან ერთად. საერთაშორისო ბრენდის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქართულ ბაზარზე შემოსვლა კომპანიის გაფართოების სტრატეგიის ნაწილია.

საქართველოში მაღალი კლასის ავტომობილებზე მოთხოვნა მზარდია: 2019-2024 წლებში პრემიუმ ბრენდების მანქანების რაოდენობა ბაზარზე წლიურად საშუალოდ 44%-ით იზრდებოდა. ქვეყანაში ახალი ბრენდების შემოყვანით კი თიბისი და „თეგეტა ჰოლდინგი“ ბაზრის მოთხოვნას პასუხობენ.  

“საამაყოა, რომ ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა – „თეგეტა ჯგუფმა” – დაიმსახურა Lamborghini ნდობა. ვფიქრობ, Lamborghini შემოსვლა საქართველოში საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებისთვის ახალი ეტაპია: ეს ნიშნავს ბაზარზე კიდევ უფრო მაღალი სტანდარტების დანერგვას და სერვისების გაუმჯობესებას. ამავე დროს მსგავსი კლასის ბრენდის შემოსვლა ქვეყანას უფრო ფართო მასშტაბით საერთაშორისო პოზიციონირების საშუალებას აძლევს. „თეგეტა ჰოლდინგის“ დაარსების დღიდან თიბისი კომპანიის მთავარი ფინანსური პარტნიორი და მხარდამჭერია. ჩვენი თანამშრომლობის ისტორია უკვე თითქმის 30 წელს ითვლის და ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი პროექტი გვაქვს განხორციელებული. „ლამბორგინის“ შოურუმის გახსნაც ჩვენი წარმატებული პარტნიორობის ერთ-ერთი მაგალითია”, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

“დიდი პატივია ჩვენთვის, რომ Automobili Lamborghini-მა მოგვანდო ამ ლეგენდარული ბრენდის წარმოჩენა ჩვენს რეგიონში. მადლობა Lamborghini-ს წარმომადგენლობას, რომელიც ჩვენს ღონისძიებას დაესწრო – ეს სტუმრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი პარტნიორობის სიძლიერეს და იმ საერთო ღირებულებებს, რომლებიც გვაერთიანებს: სიზუსტე, პროგრესი და სრულყოფისკენ დაუღალავი სწრაფვა. „თეგეტა ჰოლდინგში“ ყოველთვის გვჯეროდა ახალი სტანდარტების დაწესების: ქართული საავტომობილო ინდუსტრიის საწყისი ეტაპებიდან დღემდე – იქამდე, რომ შევძელით Lamborghini-ის მსგავსი ლეგენდარული ბრენდი შემოგვეტანა – ჩვენი გზის მთავარი მამოძრავებელი ყოველთვის იყო სითამამე ოცნებებში და პასუხისმგებლობა რეალობაში“,- პეტრე წაქაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი.

Lamborghini-ს შოურუმი აღმაშენებლის ხეივანში N129 მდებარეობს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მორიგ ჯერზე ცდილობს, სპეკულაციური განცხადებებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სიცრუის ტირაჟირებას – „ქართული ოცნება“

„ქართული ოცნება” განცხადებას ავრცელებს.

„გვსურს გამოვეხმაუროთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას, რომლის თანახმად, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დეპუტატად მცირე ხნით ყოფნის გამო წარმოეშვა და ამის მიუხედავად, მისი დეკლარაცია, დეკლარაციების ვებგვერდზე არ იძებნება.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა, ქონებრივი დეკლარაცია, რომლის შევსების ვალდებულება მას, როგორც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, პარლამენტის წევრობის კანდიდატს დაეკისრა, 2024 წლის 4 ოქტომბერს შეავსო. ბიძინა ივანიშვილის, როგორც პარლამენტის წევრობის კანდიდატის მიერ შევსებული დეკლარაცია ანტიკორუფციული ბიუროდან „რადიო თავისუფლებამაც“ გამოითხოვა და ამ თემას 2024 წლის 31 ოქტომბერს სტატიაც მიუძღვნა, სათაურით – „ივანიშვილის ოჯახის დეკლარირებული ქონება: საქართველოში, რუსეთსა და საფრანგეთში”.

რაც შეეხება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მტკიცებას, რომ ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება, ბიძინა ივანიშვილს „არჩევნების შემდეგ მცირე ხნით პარლამენტის წევრად ყოფნის გამო წარმოეშვა“, ორგანიზაციას შევახსენებთ, რომ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, „პირი ვალდებულია თანამდებობაზე განწესებიდან ორი თვის ვადაში წარადგინოს საჯარო სამსახურის ბიუროში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.“ ასევე, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის“ შესაბამისად, პირი თავისუფლდება დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან თუკი მას საჯარო დაწესებულების სისტემაში დაკისრებული აქვს თანამდებობის პირის მოვალეობის შესრულება არაუმეტეს 2 თვის ვადით.

ამავე კანონის თანახმად, „საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ვალდებულია პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციიდან 1 კვირის ვადაში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გამარტივებული ფორმით შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ, ამ მუხლის თანახმად, მას იმ წელს შევსებული აქვს დეკლარაცია.“

კანონში არსებული ზემოაღნიშნული დათქმებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” სიცრუეს ავრცელებს. მე-11 მოწვევის პარლამენტმა, 2024 წლის 25 ნოემბერს გამართულ პირველ სხდომაზე, დეპუტატების, მათ შორის, „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომრის, ბიძინა ივანიშვილის უფლებამოსილება ცნო, რომელიც მას ამავე წლის 10 დეკემბერს, მისივე მიმართვის საფუძველზე შეუწყდა. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის მიერ თანამდებობის დაკავება, მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის პერიოდი არ აღემატება 2 თვეს.

შესაბამისად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მორიგ ჯერზე ცდილობს, სპეკულაციური განცხადებებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სიცრუის ტირაჟირებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს

თიბისიმ პარტნიორი კომპანიებისა და მომხმარებლებისათვის განვადების გაცემის პროცედურა გაამარტივა. უკვე ნებისმიერ ბიზნესს, რომელიც თიბისი განვადების სერვისით სარგებლობს, მომხმარებლისთვის განვადების განაცხადის შევსება დამოუკიდებლად, ბანკთან გადამისამართების გარეშე შეუძლია.

ახალი პროცედურით, განვადების განაცხადის შევსება სულ რაღაც 2 წუთში არის შესაძლებელი, რაც კომპანიის მეტი მომხმარებლის მომსახურების და გაყიდვების ზრდის შესაძლებლობას აძლევს. მომხმარებელი კი, მასზე მორგებულ, სწრაფ, მარტივ და მოქნილ სერვისს იღებს. 

შედი მერჩანტ პორტალში და ისარგებლე განახლებული ციფრული შესაძლებლობით. 

განვადების გამარტივებული პროცედურის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილე ბმულზე.

R

ფინანსური ტექნოლოგიების განვითარება საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია – ლევან დავითაშვილი

„ფინანსური ტექნოლოგიების განვითარება ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ბოლო წლებში საქართველოს ჰქონდა უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა – ოთხი წლის განმავლობაში საშუალო რეალური ეკონომიკური ზრდა 9.5%-ზე მაღალი იყო. თუმცა, ამის უზრუნველსაყოფად და შესანარჩუნებლად ძალიან მნიშვნელოვანია ინკლუზიურად ფინანსური სერვისების განვითარება“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების თემისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, როდესაც საუბარი შეეხება ქვეყნის განვითარებას და ინკლუზიურობას, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, რისი უმნიშვნელოვანესი გზაც თანამედროვე სამყაროში სწორედ ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენებაა. პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, ამ კუთხით საქართველო საკმაოდ განვითარებული ქვეყანაა, რომლის საბანკო სექტორი ერთ-ერთი მოწინავეა რეგიონში.

„მაგალითად, „გლობალ ფაინენს“-ის მიხედვით, „საქართველოს ბანკი“ 2024 წელს აღიარებულ იქნა საუკეთესო ციფრულ ბანკად, რაც იმის მაჩვენებელია, რომ საქართველოში ბანკები არამხოლოდ ტრადიციულ სერვისებს, არამედ ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ ფინანსურ სერვისებს სთავაზობენ მომხმარებელს. თუმცა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საფინანსო ბაზარი მხოლოდ საბანკო სერვისებით არ იყოს წარმოდგენილი და მაქსიმალურად ფართო შესაძლებლობები არსებობდეს სხვადასხვა საფინანსო ინსტრუმენტის გამოყენების კუთხით. ამიტომ სამინისტრო ეროვნულ ბანკთან ერთად მჭიდროდ მუშაობს კაპიტალის ბაზრის რეფორმაზე, სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტის დანერგვაზე. შეიძლება ითქვას, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კონფერენცია, რომლის მიზანი ფინტექის განვითარების სტრატეგიის შესახებ ცნობადობის ამაღლებაა, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ არის ორგანიზებული. ქვეყანაში ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და თბილისის მერმა კახა კალაძემ. კონფერენციაში ასევე მონაწილეობენ კერძო სექტორის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.

როგორც ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სწრაფად ცვალებად გლობალურ გარემოში სწორედ ცოდნაზე დამოკიდებულ და ცოდნასთან დაკავშირებულ ეკონომიკურ მიმართულებებს აქვს პერსპექტივა და შესაბამისად, ამ მიმართულებებში უნდა გახორციელდეს სტრატეგიული ინვესტიციები, რათა მომავალში ქვეყანას კონკურენტუნარიანი ეკონომიკა ჰქონდეს. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ მთლიანად ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროს მხარდაჭერა.

„ამ მიმართულებით სახელმწიფოს აქვს საკმაოდ აქტიური პოლიტიკა – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობს ინოვაციური სტარტაპების ხელშეწყობის მიმართულებით. ბოლო წლებში ჩვენ დაახლოებით 45 მლნ ლარამდე დავხარჯეთ ინოვაციური სტარტაპების მხარდასაჭერად, შედეგად, ეკონომიკური ეფექტი დაახლოებით ნახევარ მილიარდ ლარს აღემატება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფინტექების მიმართულება და წახალისება, რასაც ასევე ხელს უწყობს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო – 17 სტარტაპში 4 მლნ ლარამდე გვაქვს ინვესტირებული და მათ დაახლეობით 55 მლნ ლარზე მეტი მოიზიდეს. იმედი მაქვს, რომ ეს სტარტაპები მომავალში ძალიან წარმატებული იქნებიან, გაიზრდებიან და შეძლებენ საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას, რისთვისაც ეკონომიკის სამინისტრო და სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ცვლილებები შედის ინოვაციების შესახებ კანონში, რაც ითვალისწინებს უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათებს 10 წლის ვადით ინოვაციური სტარტაპებისთვის, მათ შორის ნულოვან საგადასახადო ტვირთს პირველი სამი წლის განმავლობაში. ასევე მიმდინარე წლიდან დაიწყება სტარტაპ აქსელერაციის ახალი საერთაშორისო პროგრამა, რომელიც ყოველწლიურად მინიმუმ 160 სტარტაპს მოიცავს და უზრუნველყოფს თითოეული მათგანისთვის 200,000 ლარამდე დაფინანსების ხელმისაწვდომობას.

Visa თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მთავარი პარტნიორია

თიბისის ბიზნესდაჯილდოება უკვე მეცხრედ იმართება. წელს ბიზნესების რეკორდული რაოდენობა დარეგისტრირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველ მეწარმეებს  თვითგამოხატვისა და პროფესიული განვითარების სურვილი კიდევ უფრო გაუმძაფრდათ. 443-მა უკვე დაიჯერა, რომ წარმატება გზაშია.

ბიზნესდაჯილდოების მხარდამჭერებს შორის წელსაც ერთ-ერთი გამორჩეული პარტნიორია Visa – გლობალური ბრენდი,  რომლისთვისაც ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერა და მდგრადი განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ჩვენთვის მსგავსი ინიციატივები ბევრად მეტია, ვიდრე პარტნიორობა – ეს არის შესაძლებლობა, შევქმნათ რეალური ცვლილება ადგილობრივ ბიზნესგარემოში,“ – ამბობს დიანა კიღურაძე, Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიასა და მოლდოვაში. დიანა ხაზს უსვამს იმ გამოცდილებას, რაც ოთხწლიან ერთგულ პარტნიორობას დაუგროვდა. კომპანიისთვის ეს ბუნებრივი გაგრძელებაა იმ სტრატეგიული მიზნისა, რაც მოიცავს მცირე და საშუალო ბიზნესების ციფრულ ტრანსფორმაციას, ფინანსურ ჩართულობას და გლობალურ ბაზრებზე წვდომის გაძლიერებას.

Visa წელს „საუკეთესო ინოვაციური სტარტაპის“ ნომინაციის მხარდამჭერია. დიანა კიღურაძე  თავად არის ჟიურის წევრი და როგორც ამბობს, განსაკუთრებული შთაბეჭდილება  მასზე იმ სტარტაპებმა მოახდინა, რომლებიც ტექნოლოგიურ ინოვაციაზე დაფუძნებული არიან  და მიზნად ისახავენ ბაზრის რეალურ ცვლილებას.

2025 წლის ბიზნესდაჯილდოება კიდევ ერთი დასტურია, რომ წარმატება იმ გზაზე იბადება, რომელსაც მეწარმეები ყოველდღიურად გადიან. Visa-ს მსგავს გლობალურ ბრენდებს კი თავიანთი მხარდაჭერით შეუძლიათ ეს გზა უფრო ხილვადი გახადონ.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის 7 მოქალაქე დააკავეს

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,­ სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ღონისძიების ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას.

„კომპლექსური ღონისძიების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 7 მოქალაქე. მათ შორის არიან ინდოეთის და ნიგერიის მოქალაქეები. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.

ამჟამად, აღნიშნული პირები მოთავსებულნი არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.

მიგრაციის დეპარტამენტი სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებას რეგულარულად განახორციელებს, რათა უზრუნველყოს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის ეფექტიანი აღსრულება“,- ნათქვამია ინფორმაცაიში.

რუსებმა ოდესას დრონებით შეუტიეს, დაშავდა 13 ადამიანი

რუსებმა უკრაინის ქალაქ ოდესას დრონებით შეუტიეს, რომლის დროსაც 10 დარტყმა განხორციელდა, რამაც ხანძარი გამოიწვია, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაშავდა 13 ადამიანი, მათ შორის 3 მაშველი.

მაშველების განცხადებით, ოთხსართულიანი საცხოვრებელი შენობა მთლიანად ცეცხლის ალშია გახვეული.

საგანგებო სიტუაციების სამსახური ცნობით, დაზიანდა 23-სართულიანი საცხოვრებელი შენობა, სადაც ხანძარმა მე-18, მე-19 და მე-20 სართულები მოიცვა. მრავალსართულიანი შენობიდან 600 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ხანძარმა ასევე გაანადგურა 5 საცხოვრებელი შენობა და 3 ავტომობილი.

 როგორი ამინდი იქნება 20 ივნისს საქართველოში 

 სინოპტიკოსების პროგნოზით, 20 ივნისს საქართველოში უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +31 გრადუსი რუსთავშია ნავარაუდევი, ხოლო მინიმალური +15 – გუდაურში. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში +30 გრადუსია მოსალოდნელი.

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:

გაგრა +24 – უმეტესად ღრუბლიანი

სოხუმი +25 – მზიანი

ზუგდიდი +27 – მზიანი

მესტია +21 – უმეტესად მზიანი

ფოთი +25 – უმეტესად მზიანი

ბათუმი +25- მზიანი

ოზურგეთი +28 – მზიანი

ქუთაისი +29 – მზიანი

ამბროლაური +28 – მზიანი

ახალციხე +27 – უმეტესად ღრუბლიანი

ბორჯომი +23 – მზიანი

ბაკურიანი +21 – უმეტესად მზიანი

გორი +29 – უმეტესად მზიანი

ცხინვალი +26 – მზიანი

სტეფანწმინდა +19 -უმეტესად ღრუბლიანი

გუდაური +15 – უმეტესად მზიანი

თელავი +28 – მზიანი

რუსთავი +31 – მზიანი

თბილისი +30 – მზიანი