Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

საიდუმლო არაა, რომ დონორებს აქვთ მითითება, მათი ბიუჯეტის ნახევარზე მეტი ისევ წარმომავლობის ქვეყანაში დააბრუნონ – შალვა პაპუაშვილი

ბოლო პერიოდში, არაერთხელ მოვისმინეთ ზოგიერთი დონორისგან, თითქოს უცხოური დაფინანსების ნაწილი ხელისუფლების სასარგებლოდ იხარჯებოდა, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

როგორც ის აღნიშნავს, ნებისმიერი გრანტი, რომელიც ბიუჯეტში შედის, ხმარდება მოსახლეობას და არა ხელისუფლებას.

,,ბოლო პერიოდში, არაერთხელ მოვისმინეთ ზოგიერთი დონორისგან, თითქოს უცხოური დაფინანსების ნაწილი ხელისუფლების სასარგებლოდ იხარჯებოდა.

არ ვურჩევდი რომელიმე დონორს ამ თემაში შესვლას, ორი მიზეზის გამო:ო

▪️ნებისმიერი გრანტი, რომელიც ბიუჯეტში შედის, ხმარდება მოსახლეობას და არა ხელისუფლებას, და ამავე დონორებისგან განსხვავებით, ამ ხარჯის თითოეული თეთრი საჯაროა, მისი ხარჯვის მიზნობრიობა კი დადასტურებული (შეგახსენებთ, რომ საქართველო მსოფლიოში N1 ქვეყანაა საბიუჯეტო გამჭვირვალობით).

▪️მეორე და მთავარი. დიდი საიდუმლო არ არის, რომ დონორებს აქვთ მითითება, მათი ბიუჯეტის ნახევარზე მეტი ისევ წარმომავლობის ქვეყანაში დააბრუნონ. ასე რომ, სადაც რომელიმე დონორი მისი თანხის ხელისუფლებისკენ მიმართვაზე ისაუბრებს, იქვე ისიც თქვას, ამ თანხიდან რამდენი დააბრუნა უკან, მის ქვეყანაში, მისი ხელისუფლების სასარგებლოდ,” – წერს პაპუშვილი.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის 49 ოპოზიციონერი წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის 49 წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.

კომიტეტმა, დღევანდელ სხდომაზე, პარლამენტის წევრის მანდატის შეწყვეტის თაობაზე „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრების განცხადებები განიხილა და მათი ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა.

საბოლოო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას კი პარლამენტი, პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

პარლამენტის წევრები, რომელთა პირადი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში დგას, არიან: – მარიკა არევაძე, ლაშა ბაქრაძე, თინა ბოკუჩავა, საბა ბუაძე, გიორგი ბუტიკაშვილი, გრიგოლ გეგელია, ანა გოგოლაძე, სოფია გოლეთიანი, ანა დოლიძე, გიორგი ვაშაძე, თენგიზ თევზაძე, ქეთევან თურაზაშვილი, გიორგი იმედაშვილი, გიორგი კირთაძე, ცოტნე კობერიძე, მაია კოპალეიშვილი, თამარ კორძაია, ირაკლი კუპრაძე, თამარ ლალიაშვილი, გიორგი ლემონჯავა, ნანა მალაშხია, ნიკა მელია, კობა ნაყოფია, ანა ნაცვლიშვილი, რამაზ ნიკოლაიშვილი, კახა ოქრიაშვილი, დათუნა რაქვიაშვილი, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, ლევან სამუშია, ირაკლი ფავლენიშვილი, ანი ქავთარაძე, ოქტაი ქაზუმოვი, ბორის ყურუა, ფიქრია ჩიხრაძე, პეტრე ცისკარიშვილი, ლევან ცუცქირიძე, გიგი წერეთელი, ანა წითლიძე, ივანე ჭყონია, ლევან ხაბეიშვილი, მამუკა ხაზარაძე, ეკა ხერხეულიძე, ირაკლი ხვადაგიანი, ელენე ხოშტარია, ბადრი ჯაფარიძე, გაიოზ ჯაფარიძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და სოფიო ჯაფარიძე.

სხდომა და ხალხისთვის ინფორმაცია მხოლოდ იქ იხურება, სადაც ივანიშვილის პირადი ინტერესია – ეს მისი ხელწერაა, რომ შეკითხვებზე პასუხის გაცემას თავი აარიდოს – გიორგი ბაჩიაშვილი 

დღევანდელ პროცესზე გამოჩნდება ადამიანი, რომელიც შეკრავს სანქცირებულ სამეულს – პროკურატურას, სასამართლოს და თვითონ ივანიშვილს, რომელიც რეალურად ამ პროცესის სახეა და თვითონ არის მოსამართლეც, პროკურორიც და ბრალმდებელიც – ივანიშვილის პირადი ინტერესი სადაც არის, მხოლოდ იქ იხურება ხალხისთვის ინფორმაცია,- ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა მის საქმესთან დაკავშირებული სასამართლო სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის კითხვებზე პასუხის გაცემის ეშინია და სწორედ ამ მიზეზს მიიჩნევს სასამართლო სხდომის დახურვის წინაპირობად.

„რა თქმა უნდა, ამ სასამართლო პროცესს დახურავენ იმიტომ, რომ ივანიშვილს ეშინია კითხვებზე პასუხის გაცემის. ის ყოველთვის გაურბის კითხვებზე პასუხის გაცემას, დიდი ხანია არ გამოჩენილა ტელევიზორში და მარიონეტების ხელით ახორციელებს ტერორს და დიქტატურისკენ გზაზე სვლას, რაც საქართველოში ხდება. მე ვიქნები სხდომის დახურვის წინააღმდეგი, ხალხმა უნდა იცოდეს – ვინ არის ადამიანი, რომელიც სათავეში ქვეყანას უდგას.

„თიბისი“ ბანკის დამფუძნებლების საქმე რომ მიმდინარეობდა სასამართლოში, იქ უფრო ბევრი შიდა საბანკო საქმე განიხილებოდა და ისიც კი საჯარო იყო. ივანიშვილის პირადი ინტერესი სადაც არის, მხოლოდ იქ იხურება ხალხისთვის ინფორმაცია. ეს მისი ხელწერაა, რომ შეკითხვებზე პასუხის გაცემისგან თავი აარიდოს“, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ სასამართლო პროცესზე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილი საკუთარ საქმეზე, სადაც დაზარალებულია, ხოლო ბრალდებული თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი, ჩვენებას დახურულ რეჟიმში აძლევს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.

გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები. აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბიძინა ივანიშვილი, გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქმეზე, ჩვენებას სასამართლოს დახურულ სხდომაზე აძლევს

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი საკუთარ საქმეზე, სადაც დაზარალებულია, ხოლო ბრალდებული თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილია, ჩვენებას დახურულ სხდომაზე აძლევს.

სხდომის დახურვის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა.

როგორც მიხეილ სადრაძემ აღნიშნა, სხდომის ნაწილობრივ დახურვის არგუმენტი კომერციული საიდუმლოების დაცვაა. ამასთან, დაკითხვის დროს, საუბარი შეიძლება შეეხოს ბანკსა და კლიენტს შორის ურთიერთობებს.

ამ შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. როგორც ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა განმარტა, კომერციული საიდუმლოების მიზნით სხდომის დახურვის მოთხოვნა ზოგადი ფრაზებით არ უნდა იყოს დასაბუთებული.

თავად ბრალდებულმა ბაჩიაშვილმა მოსამართლე გიორგი გელაშვილს ობიექტური გადაწყვეტილებისკენ მოუწოდა.

“მთელმა ქვეყანამ იცის, რომ პროცესის დახურვა ემსახურება იმას, რომ ივანიშვილმა საჯაროდ არ გასცეს კითხვებს პასუხი. ძალიან გთხოვთ, ობიექტური იყოთ შეფასებაში”, – მიმართა ბაჩიაშვილმა სასამართლოს.

მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომა დახურა.

ბიძინა ივანიშვილის, როგორც დაზარალებულის დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით დაკითხვა გასულ სხდომაზე პროკურატურამ მოითხოვა. ამის საფუძვლად პროკურორმა დაზარალებულის ასაკი და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაასახელა.

დაცვის მხარე ამ შუამდგომლობას არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ის დაუსაბუთებელი იყო.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.

გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები.

აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მზია ამაღლობელის კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ჟურნალისტ მზია ამაღლობელის კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ცალკეულ მედიასაშუალებებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს ფაქტების საწინააღმდეგოდ მიზანმიმართულად მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მზია ამაღლობელი ამ დრომდე კლინიკაში რჩება და თანხმობას აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ექიმ-სპეციალისტების მიერ რეკომენდირებული კვლევებისა და პროცედურის ჩატარებაზე.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ბრალდებულ მ.ა.-ს კლინიკა “ვივამედში” გადაყვანასთან დაკავშირებით.

ბრალდებული მ.ა. სამოქალაქო სექტორის კლინიკა “ვივამედში” გადაყვანილია მისი თანხმობით, ანამნეზის შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად.

ბრალდებულმა კლინიკაში მოთავსების შემდგომ დამატებით განაცხადა თანხმობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ექიმ-სპეციალისტების მიერ რეკომენდირებული კვლევებისა და პროცედურის ჩატარებაზე.

ბრალდებული მ.ა. ამ ეტაპზე, რჩება კლინიკაში დაგეგმილი სხვა ლაბორატულ-ინსტრუმენტული კვლევების ჩასატარებლად.

განვმარტავთ, რომ განხორციელებული რეფერალის საჭიროების შესახებ ინფორმირებული იყო ბრალდებულის უფლებადამცველი.

მოვუწოდებთ ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ ზემოაღნიშნული ფაქტების საწინააღმდეგოდ მიზანმიმართულად მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

ქ. თბილისში 5 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. 6 თებერვალს კი მცირე წვიმა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ღრუბლიანი და თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): ღრუბლიანი და თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი. ზოგან შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა დღისით -1, +1 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ნალექი და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ნალექი და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი, შესაძლებელი ნისლი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 0, -2 გრადუსი დაფიქსირდება.

უკრაინა მზად არის, ითანამშრომლოს დასავლელ პარტნიორებთან წიაღისეულის შესაძლო მოპოვებაზე სამხედრო დახმარების სანაცვლოდ -ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზად არის, ითანამშრომლოს დასავლელ პარტნიორებთან წიაღისეულის შესაძლო მოპოვებაზე სამხედრო დახმარების სანაცვლოდ.

უკრაინის პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ გასულ წელს წარდგენილი უკრაინის „გამარჯვების გეგმის“ ერთ-ერთი პუნქტი წიაღისეულში ინვესტიციებს ითვალისწინებს.

„თქვენ ხედავთ, რომ რუსეთმა ჯერ კიდევ 2014 წლიდან დაიკავა ჩვენი მიწები, სადაც ნაწილობრივ მართლაც იყო ჩვენი წიაღისეულის დიდი მოცულობა. ჩვენ მზად ვართ, რომ ეს ყველაფერი დამუშავდეს ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომლებიც გვეხმარებიან ჩვენი მიწის დაცვაში და უკან ხევენ მტერს თავიანთი იარაღით, თავიანთი ყოფნით, სანქციების პაკეტებით“, – აღნიშნა მან.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ეს საკითხი განიხილა დონალდ ტრამპთან შეხვედრისას 2024 წლის სექტემბერში.

“შვიდ წელიწად-ნახევარი ადამიანები დუმდნენ და ახლა, უცებ, რადგან აქცია მოგვადგა კარს, გადაწყვიტეს პროტესტის დაფიქსირება…მე ასეთი არც თანამშრომლობა მესმის, არც ადამიან-მაია ჭუჭულაშვილი

“შვიდ წელიწად-ნახევარი ადამიანები დუმდნენ და ახლა, უცებ, რადგან აქცია მოგვადგა კარს, გადაწყვიტეს პროტესტის დაფიქსირება” – ამის შესახებ, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე “მოამბის“ პროდიუსერმა მაია ჭუჭულაშვილმა განაცხადა.

მან ასევე განმარტა,  რომ თავისივე გადაწყვეტილებით, ხუთშაბათის ბორდის სხდომის შემდეგ, უარი თქვა გამოშვების პროდიუსერბზე:

“მე ვარ მაია ჭუჭულაშვილი, 6-საათიანი “მოამბის” პროდიუსერი, რომლის წამყვანიც არის ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. მე ჩემი გადაწყვეტილებით, ხუთშაბათის ბორდის სხდომის შემდეგ, თავად ვთქვი უარი, რომ ვიყო ამ გამოშვების პროდიუსერი. რა არის ამის მიზეზი – ძალიან ბევრი საუბარია სხდომებზე იმაზე, რომ ჩვენ ვართ გავლენების ქვეშ. თუკი ვინმე საინფორმაციო სამსახურში, მათ შორის ამ გამოშვების წამყვანიც ერთხელ მაინც იტყვის, რომ პირადად მე მითხოვია ისეთი რამის გაკეთება, რაც მას არ სურდა, მე ახლავე ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ ასეთ ადამიანს “მოამბის” საინფორმაციო სამსახურში უბრალოდ ვერ ნახავთ.

შვიდ წელიწად-ნახევარი ადამიანები დუმდნენ და ახლა, უცებ, რადგან აქცია მოგვადგა კარს, გადაწყვიტეს პროტესტის დაფიქსირება, ოღონდ ჩვენთან კი არა, მე კი არ მეუბნებიან – იქნებ, ვიღებ შენიშვნას; პირდაპირ ჩადიან, კიბეებთან დგანან და მიტინგს მიმართავენ, ეს თუ თანამშრომლობის ფორმად გესხებათ, მე ასეთი არც თანამშრომლობა მესმის, არც ადამიანობა და არაფერი,”- განაცხადა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე “მოამბის“ პროდიუსერმა მაია ჭუჭულაშვილმა.

უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს – ერთად აღვადგენთ სამართლიან წესრიგს და მშვიდობას ქვეყანაში – „გახარია საქართველოსთვის“

უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს – ერთად აღვადგენთ სამართლიან წესრიგს და მშვიდობას ქვეყანაში , – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია ნათქვამი.

პარტიის განცხადებაში აღინიშნება, რომ „მოძალადე დეფაქტო ხელისუფლების მიერ ადამიანებზე ძალადობა, მათი მძევლად აყვანა“ ადასტურებს, რომ მათთვის საქართველოს მოქალაქეების „უწყვეტი პროტესტი ყველაზე დიდი პრობლემაა, პროტესტი, რომელიც ვერაფრით ჩაახშო“.

„გამოხატვის თავისუფლების ფორმების სახელდახელოდ კრიმინალიზება, საკანონმდებლო ძალადობა პროტესტზე და მისი ინსტრუმენტალიზება ადამიანების დევნისთვის, პირდაპირ მიანიშნებს პროტესტის მასშტაბსა და სიმძლავრეზე, რომელსაც დე ფაქტო ხელისუფლება ლეგიტიმაციის არარსებობის პირობებში ვერ უმკლავდება.

უკანონო პატიმართა რიცხვი იზრდება და მძიმდება მათ მიმართ სამართლებრივი დევნა. ახალ უკანონო პატიმრებს 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ემუქრებიან. ხალხის მიმართ ძალადობას და უსამართლობას კი ქართველი ხალხი ყოველთვის საკადრის პასუხს გასცემს. ჩვენ უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს და სოლიდარობით, ურთიერთმხარდაჭერით, ერთიანი ბრძოლით, ერთად აღვადგენთ სამართლიან წესრიგს და მშვიდობას ქვეყანაში.

ეს ბრძოლა ქართველი ხალხის დამაჯერებელი უპირატესობით მიმდინარეობს და მისი გამარჯვებით დასრულდება!

თავისუფლება ყველა უკანონო პატიმარს!“, – წერია პარტიის განცხადებაში.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რაზეც ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში ვსაუბრობდით – კახა კალაძე USAID-ის შესაძლო დახურვაზე



„კონკრეტული ორგანიზაციები აფინანსებდნენ ქვეყანაში ექსტრემისტულ ორგანიზაციებს, დაპირისპირებას, რევოლუციის მოწყობას“, – ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი USAID-ის დახურვას გეგმავს.

„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რაზეც ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში ვსაუბრობდით და ვადასტურებდით, რომ იყო კონკრეტული ორგანიზაციები, რომლებიც ქვეყანაში აფინანსებდნენ პოლარიზაციას, რადიკალიზმს, ექსტრემისტულ ორგანიზაციებს, დაპირისპირებებს, რევოლუციის მოწყობას. ალბათ გახსოვთ, როდესაც მიმდინარეობდა „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება, პირველ შემთხვევას ვგულისხმობ, როდესაც ჩვენ უკან გადავდგით ნაბიჯი და არ მივიღეთ აღნიშნული კანონპროექტი. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ მაგალითად, NED-მა გვითხრა, გაასაჯაროებდნენ ყველა ხარჯს, რაში იხარჯება წამოსული თანხები, თუმცა, რა თქმა უნდა, არაფერი გაასაჯაროვეს, იმიტომ, რომ ვიცით, რა მიმართულებით მიდიოდა ეს თანხები. გუშინ კიდევ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2024 წლის არჩევნებზე 24 მლნ-ზე მეტი დაიხარჯა საქართველოში. რას დავის მოხმარდა ეს ფული, ხედავთ, რა ხდება ქვეყანაში, რა მდგომარეობა გვაქვს ყოველდღიურად, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ყველაფერი დასრულდება. დასრულდება რადიკალიზმი და ფაშიზმიც, რომლის წახალისება ხდებოდა უცხოეთიდან და საკმაოდ მსუყედ ფინანსდებოდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დღემდე ცდილობენ, რომ ეს ქვეყანა შეიყვანონ ისეთ ტურბულენტურ გარემოში, რომელსაც ნგრევის გარდა არაფერი არ მოჰყვება – გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდის შესწავლის აუცილებლობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს ადამიანები დღემდე ცდილობენ, რომ ქვეყანა შეიყვანონ ტურბულენტურ გარემოში.

„დღემდე ცდილობენ, რომ ეს ქვეყანა შეიყვანონ ისეთ ტურბულენტურ გარემოში, რომელსაც ნგრევის გარდა არაფერი არ მოჰყვება. რასაკვირველია, ამას შეფასება სჭირდება, საიდან მოდის და რა დანაშაულები აქვთ ამ ადამიანებს ჩადენილი, რომლებიც დღეს ცდილობენ განსაკუთრებით ახალგაზრდებს წინ გაუძღვნენ რაღაც დემოკრატიის ბაირაღებით“, – განაცხადა ვოლსკიმ.

პარლამენტი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის შესწავლას იწყებს. საკანონმდებლო ორგანო დასკვნას 6-თვიანი გამოძიების შემდეგ, სექტემბერში პროკურატურას წარუდგენს. გამოძიება სამხედრო გენერლებსა და ჯარისკაცებს არ შეეხება.

პოლონეთში სკანდალური ამბები ხდება – ოპოზიციონერ დეპუტატებს აპატიმრებენ, სასამართლოებს წმენდენ, გენერალური პროკურორი უკანონოდ გადააყენეს – პიტერ სიიარტო

J

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ დაგმო პოლონეთის ახალი ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკური რეპრესიები.

„პოლონეთში სკანდალური ამბები ხდება. ოპოზიციონერ დეპუტატებს აპატიმრებენ, სასამართლოებს წმენდენ, გენერალური პროკურორი უკანონოდ გადააყენეს, ხოლო საზოგადოებრივი ტელევიზია ძალის გამოყენებით აიღეს“, – აღნიშნა უნგრეეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

პიტერ სიიარტომ ხაზი გაუსვა ევროკავშირის ფარისევლობას.

„კონსერვატიულ, პატრიოტულ მთავრობას რომ ჩაედინა ამ დარღვევების თუნდაც მცირე ნაწილი, ბრიუსელი კანონის უზენაესობის ყველა შესაძლო პროცედურას დაიწყებდა. მაგრამ რადგან ეს ხელისუფლება ბრიუსელის ლოიალურია, სიტყვას არავინ იღებს“, – დასძინა მან.