„რუსეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ცხოვრების დონის მკვეთრი ზრდის ტემპები, რომელიც უკრაინასთან ომმა გამოიწვია და რომელმაც, თავის მხრივ, ხელისუფლების მიმართ მოქალაქეების მხარდაჭერა განამტკიცა, თანდათან მცირდება“, – ნათქვამია ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით „ვლადიმერ პუტინის სამხედრო ეკონომიკის ზრდა თანდათან ნელდება, მაგრამ რუსები თავს მაინც მდიდრებად გრძნობენ“ (ავტორები – ანასტასია სტოგნეი და კრის კუკი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:ხელფასების მნიშვნელოვანი ზრდა, უმუშევრობის მკვეთრი შემცირება და ცხოვრების დონის გაუმჯობესება რუსეთის ხელისუფლებისადმი მოსახლეობის მხარდაჭერის გადამწყვეტი ფაქტორი გახდა მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთის არმიამ უკრაინის საზღვრები გადალახა და მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე შეიჭრა – მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს დასავლეთმა სანქციები გამოუცხადა, ინფლაცია გაიზარდა და სხვა პრობლემები მომრავლდა.
მაგრამ როგორც „ფაინენშელ თაიმსის“ მიერ ჩატარებული ანალიზი მოწმობს, 2025 წლის დასაწყისისათვის ხელფასების სწრაფი მატება და ახალი თანამშრომლების დასაქმების პროცესი მნიშვნელოვნად შესუსტდა: თუ 2024 წლის სექტემბერ-დეკემბრის პერიოდში ხელფასები ყოველთვიურად 4,2%-ით იზრდებოდა, 2025 წლის იანვარ-მარტში ზრდის ტემპი 2,2%-მდე დაეცა.
თუმცა, როგორც გამოკითხვების შედეგები მოწმობს, რუსეთის მოსახლეობის მიერ ფინანსური სტაბილურობის შეგრძნება შენარჩუნდება მას შემდეგაც კი, როცა ნავთობის გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლების შემცირებით მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მატებაც შემცირდება.
„რუსეთის ეკონომიკა დაძაბულია, პრობლემები თანდათან გროვდება, – ამბობს კონსტანტინე ნასონოვი, ცნობილი რუსი ეკონომისტი, ბიზნეს-სკოლის ყოფილი მეცნიერ-თანამშრომელი, – თუმცა იმავდროულად , როგორც უცნაურად არ უნდა მოგვეჩვენოს, ეს ორი ტენდენცია ერთმანეთის გამორიცხავს“.
უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყებამდე მოსკოვი, მრავალი წლის განმავლობაში, ნავთობისა და გაზის ექსპორტისაგან მიღებულ ფულს აგროვებდა. ომის დაწყების შემდეგ კი კრემლმა ქვეყნის ეკონომიკა სამხედრო რელსებზე გადაიყვანა, მკაცრი დისციპლინა შემოიღო და იმავდროულად, დაგროვილი თანხების „ონკანი გააღო“: ფული მდინარესავით დაიძრა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ქარხანა-ფაბრიკებში და დაწესებულებებში დასაქმებული მუშა-მოსამსახურეების, ახალწვეულებისა და მათი ოჯახის წევრების ჯიბეებისაკენ, რასაც დაემატა ბანკებიდან დაბალპროცენტიანი კრედიტების აღების შესაძლებლობა და გულუხვი სუბსიდიები სამხედრო მოსამსახურეთა ოაჯახებისათვის.
როგორც რუსეთის სტატისტიკური სამსახურის („როსსტატის“) მონაცემების ანალიზით ირკვევა, მოსახლეობის რეალურმა შემოსავლებმა, გაგანია ომის დროს, 2022 წლის ბოლოდან ისეთი რეკორდული ტემპით მოიმატა, როგორიც რუსეთის ისტორიაში ათწლეულების განმავლობაში არ მომხდარა. ეს მიღწევა სამწლიანი ომის დროს მომატებულმა ინფლაციამაც კი ვერ გადაფარა.
რუსეთის სოციოლოგიური კვლევითი ცენტრის „ლევადას“ მონაცემებით, 2023 წლის დასაწყისიდან, რუსეთის მოსახლეობა ფრიად კმაყოფილია საკუთარი ფინანსების მატებით: პოზიტიურმა განწყობამ პირველად გადააჭარბა ნეგატიურ განწყობას. რუსებმა 2023 წელი, ფინანსური უზრუნველყოფის თვალსაზრისით, საუკეთესო წლებად ჩათვალეს. ჯერ-ჯერობით სხვა უახლესი მონაცემები არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ფინეთის ბანკის ანალიტიკოსთა აზრით, პოზიტიური განწყობის ტენდენცია შენარჩუნდება.
მართალია, ზოგიერთი დამოუკიდებელი სოციოლოგიური ორგანიზაციების (მაგალითად, „ქრონიკის“) მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ცხოვრების დონის მიმართ შედარებით ნაკლები დადებითი დამოკიდებულება ჩანს, მაგრამ საბოლოო ჯამში მოსახლეობის პესიმიზმი მაინცდამაინც მკვეთრი არ არის.
როგორც „ქრონიკის“ თანადამფუძნებელი, ოპოზიციონერი ალექსი მენიალო აღნიშნავს, ფინანსური კეთილდღეობის შეგრძნება და ომის მხარდაჭერა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია: „რაც უფრო გაუარესდება მოსახლეობის ცხოვრების დონე, მით უფრო ნაკლები მხარდამჭერი ეყოლება ხელისუფლებას და პირიქით. ეს კრემლმა კარგად იცის. შესაბამისად, ვლადიმერ პუტინის გულუხვობა ყველაზე მეტად ქვეყნის იმ მოსახლეობას შეეტყო, რომელიც სიღარიბის ზღვარზე იყო. მაგალითად, ზოგიერთი ოჯახი, რომლებიც ღატაკი და უპოვარი იყო, შვილების ფრონტზე გაგზავნის შედეგად მიღებული თანხებით წელში გასწორდა“.
იგივეს ადასტურებს ბერლინში არსებული კარნეგის ფონდის ევრაზიული ცენტრის თანამშრომელი ალექსანდრა პროკოპენკო: „საზოგადოებრივი უკმაყოფილების მდუღარე ქვაბს პუტინის ხელისუფლება დიდი ფულით აცივებს“.
ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ ივანოვო, ოდესღაც საბჭოთა საფეიქრო მრეწველობის უდიდესი ცენტრი, ჩამკვდარი იყო, მაგრამ ომის დაწყების შემდეგ გამოცოცხლდა – მიტოვებული ქარხანა-ფაბრიკები ამუშავდა, ფეიქართა ხელფასები გაორმაგდა და გასამმაგდა – უფრო მეტი გახდა, ვიდრე მოსკოვში. მიზეზი ნაწილობრივ იმითაც გამოიხატება, რომ ომის გამო რუსეთი ტანსაცმლის ცნობილმა დასავლურმა ბრენდებმა დატოვეს და როცა მათი ადგილი რუსულმა კომპანიებმა დაიკავეს, მათ ტანსაცმლის შესაკერად დიდი რაოდენობით ადგილობრივი წარმოების ქსოვილები დაჭირდათ. „ამჟამად მკერავი ქალი სამუშაოზე უარს ამბობს, თუ მას თვეში 120 ათას რუბლს (1500 დოლარს) არ გადაუხდი“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი რუსი ბიზნესმენი.
მაგრამ სამხედრო ეკონომიკის უპირატესობა ყველასთვის ერთნაირად არ იგრძნობა. პედაგოგებისათვის, საბიუჯეტო დაწესებულებების თანამშრომლებისთვის, სახელმწიფო მოსამსახურეებისა და კულტურის სფეროში დასაქმებულებისათვის რეალური შემოსავლების ზრდა ნაკლებად შეიმჩნევა: „ეს იმიტომ, რომ მათი ხელფასები მხოლოდ ინდექსაციით მატულობს, ინფლაციის დონის გათვალისწინებით“, – ამბობს ალექსანდრა პროკოპენკო.
რაც შეეხება პენსიონერებს, რომლებიც რუსეთის მოსახლეობის 30%-ს შეადგენენ, მტაგან 20% მუშაობას ძველებურად აგრძელებს და, ბუნებრივია, მთავრობის სუბსიდიები ნაწილობრივ მათაც ეხებათ.
თუმცა მიმდინარე წელს უკვე გაჩნდა პირველი ნიშნები იმისა, რომ რუსეთის სამხედრო ეკონომიკის ზრდა ნელდება. ოფიციალური მონაცემებითაც კი, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მატება მიმდინარე წელს დაახლოებით 2%-მდე მოიკლებს, რაც მკვეთრ შენელებას წარმოადგენს იმ ფონზე, როცა მატება თითქმის 4% იყო.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო პროგნოზები რუსეთს კარგს არაფერს უქადის: მშპ მიმდინარე წლის ბოლოს 1,5%-მდე მოიკლებს, ხოლო 2026 წელს 0,9%-მდე შემცირდება. არსებობს სხვა უფრო პესიმისტური პროგნოზებიც: ქვეყნის რეზერვები სწრაფი ტემპით იხარჯება, მათი შევსება კი რთულდება – ნავთობ-გაზის ექსპორტით მიღებული შემოსავლების შემცირების გამო. გარდა ამისა, რადგანაც სამუშაო ძალის ძირითადი ნაწილი უკვე დასაქმებულია, მუშახელის ნაკლებობა აშკარა გახდება. ასევე რთულდება კრედიტების არება, რადგან ცენტრალურმა ბანკმა, ინფლაციის შესაკავებლად, 21%-იანი განაკვეთი დააწესა.
თუმცა, სანამ რუსეთის მოსახლეობა ეკონომიკურ პრობლემებს მტკივნეულად შეიგრძნობს და მათი პოზიტიური განწყობა პესიმისტური გახდება, საკმაო დროის გასვლაა საჭირო. „ხელფასების ზრდის ტემპი, ალბათ, შენელდება, მაგრამ შედარებით მაინც მაღალი დარჩება“, – ამბობს ოლეგ კუზმინი, მოსკოვის საინვესტიციო კომპანიის „რენესანს კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტი, – „საკადრო შიმშილი აიძულებს სახელმწიფოს მნიშვნელოვანი თანხები მოიძიოს ხელფასების დონის შესანარჩუნებლად“.
წყარო
მოამზადა – სიმონ კილაძემ