ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია “ბიბისის” (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ანალიტიკური სტატია სათაურით: “რატომ არის კიევი კმაყოფილი, რისკების მიუხედავად, აშშ-სთან ხელმოწერილი სარესურსო გარიგებით“ (ავტორი – სვიატოსლავ ხომენკო, კიეველი კორესპონდენტი). პუბლიკაციაში განხილული და კომენტირებულია 30 აპრილს აშშ-უკრაინას შორის გაფორმებული შეთანხმება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და სარგებლობის შესახებ.
გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვარიანტს:
აშშ-სა და უკრაინას შორის ხელმოწერილი სარესურსო გარიგების შედეგთა შეფასება, ალბათ, შესაძლებელი იქნება მხოლოდ თვეებისა და წლების შემდეგ. ბოლოსდაბოლოს, ამერიკელებმა მსგავს დოკუმენტს ხელი მოაწერეს ავღანეთთანაც და იმ დროსაც ვაშინგტონმა და ქაბულმა სარესურსო თანამშრომლობის პოზიტიურობაზე დიდი ავანსები გასცეს… მაგრამ სადაა დღეს ის პერსპექტივები და იმედები? „წარილტვნენ, გაჰქრნენ სიზმრებრივ ჩქარად“.
მაგრამ უკრაინა, რა თქმა უნდა, ავღანეთი არ არის. ალბათ, ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაზე იოლი იქნებოდა დღესვე გველაპარაკა გარიგების ტაქტიკურ და სწრაფ შედეგებზე, თუმცა ეს არასწორი იქნებოდა. ამასთანავე, აშკარაა, რომ შეთანხმებაზე ხელმოწერა ახალ დინამიკა შეაქვს სამკუთხედში „აშშ-რუსეთი-უკრაინა“, რომელშიც რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს ეჯიბრებიან აშშ-ის კეთილგანწყობის მოპოვებაში, პარალელურად კი ერთმანეთს აბრალებენ სამშვიდობო პროცესის საბოტაჟს.
უკრაინის დიპლომატიის გამარჯვება
საკმაოდ ბევრი ავტორიტეტული კიეველი კომენტატორი სარესურსო გარიგების დადებას უკრაინული დიპლომატიის გამარჯვებად აფასებენ. რამდენადაც ჩანს, დოკუმენტის ტექსტიდან ამოღებულია კიევისათვის ყველაზე მტკივნეული პუნქტები. მასში უკვე აღარ არის ნახსენები უკრაინის ვალები აშშ-ის წინაშე, ადრე გაწეული დახმარების თაობაზე. გარიგებით დაფუძნებულ სუვერენულ ფონდში აღარ შედიან უკვე არსებული ინფრასტრუქტურის ობიექტები. ფონდის მმართველობა იწარმოებს გარიგების ორივე მხარის მიერ პარიტეტულ საფუძველზე.
დოკუმენტში არის ერთი ახალი მნიშვნელოვანი ელემენტი: აშშ-ის მხრიდან შეიარაღების სამომავლო მიწოდება ჩაითვლება ფონდში ვაშინგტონის მიერ შეტანილ წვლილად, რაც სინამდვილეში იმის აღიარებაა, რომ აშშ უკრაინას იარაღს მიაწვდის. ეს არის ძალიან კარგი ახალი ამბავი კიევისათვის, რომელსაც ეშინია, რომ რაღაც მომენტში ვაშინგტონმა შეიძლება იარაღის მიწოდება სხვადასხვა მიზეზით შეწყვიტოს.
რა თქმა უნდა, კიევში არიან სკეპტიკოსებიც, რომლებიც მიუთითებენ სარესურსო გარიგების რისკებზე და პრობლემურ მომენტებზე უკრაინისათვის – საბიუჯეტო შემოსავლების დაკარგვიდან დაწყებული, იმით დამთავრებული, რომ დოკუმენტში მინიშნებაც კი არ არის უსაფრთხოების გარანტიებზე. თუმცა, სავარაუდოდ, ასეთ საკითხებს უკრაინის ხელისუფლება გზადაგზა გადაწყვეტს.
ვაშინგტონის თვალსაზრისით, გარიგების დადება იდეალურ მომენტში მოხდა – დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის 100-დღიან იუბილეს დროს. ზოგიერთი კომენტატორი ეჭვობს, რომ დოკუმენტის შინაარსი და ამერიკელი მომლაპარაკებლების უკან დახევა ზემაღალი მოთხოვნებიდან მეორეხარისხოვანი მოვლენაა იმასთან შედარებით, რომ ამ მრავალჭირნახულ დოკუმენტს ხელმოწერა ეღირსა. უკრაინასთან დადებული გარიგების როლი იმის დამამტკიცებელია, რომ დონალდ ტრამპს შეუძლია მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო გარიგებები გააფორმოს და ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვოს საერთაშორისო არენაზე.
უკრაინისაგან გარიყული რუსეთი?
და ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ რუსეთს დონალდ ტრამპის ამ გამარჯვებებთან არაფერი საერთო არ აქვს, კრემლს მასთან არანაირი შეხება არ ჰქონია. უფრო მეტიც, თუ ყურადღებით მოვისმენთ აშშ-ის პრეზიდენტის ბოლოდროინდელ განცხადებებს, შევამჩნევთ, რომ მასში სულ უფრო მეტი გაღიზიანებაა მოსკოვის მისამართით. დონალდ ტრამპის წინადადება – „მოდით, დავზავდეთ, მშვიდობა დავამყაროთ და ბიზნესიც ერთად ვაწარმოოთ“ რუსეთისაგან საბოტაჟი ხვდება პასუხით – „ჩვენ, რა თქმა უნდა, ზავის მომხრენი ვართ, მაგრამ.. აი, ჩვენი პირობები“. ასეთი სიტუაცია აშშ-ის პრეზიდენტში გაღიზიანებას, ფრუსტრაციას იწვევს – ტრამპს არ მოსწონს, რომ მისი ჩანაფიქრები არ სრულდება.
ერთი სიტყვით, ხატოვნად რომ ვთქვათ, მდინარის დინება დონალდ ტრამპი სულ უფრო ახლოს მიჰყავს უკრაინულ და ევროპულ პოზიციებთან, რომლის არსი ისაა, რომ სწორედ რუსეთი ითვლება მთავარ დაბრკოლებად მშვიდობის გზაზე.
რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპთან მუშაობის გამოცდილებამ არავინ ილუზიებში არ უნდა შეიყვანოს. ყველამ იცის, რომ იგი ცვლილებებისა და გარდაქმნების მომხრეა.
მაგრამ საინფორმაციო სივრცეში ძალიან ხშირად ისმის განცხადებები იმის შესახებ, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარების შესახებ მოლაპარაკებები კრიტიკულ ფაზაში შევიდა და რომ მომავალი ერთი-ორი კვირა გადამწყვეტი იქნება. მსგავს აზრებს ბადებს ვლადიმერ პუტინის განცხადებებიც უკრაინელებთან პირდაპირი მოლაპარაკების მზადყოფნაზე – ადრე ასეთი რამ რუს ლიდერს არასოდეს არ უთქვამს.
გადაიბიროს დონალდ ტრამპი თავის მხარეზე, დააფიქსიროს აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა სწორედ ასეთ კულმინაციურ მომენტში, თანაც ისეთი მძიმეწონიანი „ღუზით“, როგორიცაა რესურსებით სარგებლობის ხელშეკრულება, რომელიც მსოფლიო ჯერ კიდევ ოვალურ კაბინეტში ორი თვის წინ მომხდარი ინციდენტით გაიცნო – ეს კიევისათვის ძალიან ძვირადღირებული მოვლენას წარმოადგენს.
ამიტომაც უკრაინა სიფრთხილეს იჩენს და იმედი აქვს, რომ სარესურსო გარიგების დადება აშშ-სთან არამარტო კარგი ახალი ამბავია, არამედ მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს სამშვიდობო მოლაპარაკების შემდგომ მსვლელობაზე, უკრაინისათვის სასიკეთო თვალსაზრისით.
უკრაინა: წიაღის სიმდიდრე
კიევის შეფასებით, უკრაინის ტერიტორიაზე მდებარეობს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეულის მსოფლიო მარაგის 5%.
მათ შორისაა გრაფიტის დაახლოებით 19 მილიონი ტონა დადასტურებული მარაგი, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინა ამ მინერალის ექსპორტით მსოფლიოს ხუთი მთავარი მიმწოდებლის რიცხვში შედის. გრაფიტი გამოიყენება ელექტრომობილების ბატარეების წარმოებისათვის.
უკრაინაში თავმოყრილია ტიტანის ევროპული მარაგის 7%, რომელიც ფართოდ გამოიყენება თვითმფრინავების წარმოებაში, სხვადასხვა სახის მშენებლობაში, კერძოდ, ელექტროსადგურების ასაგებად.
ქვეყნის ტერიტორიაზე ბევრია ლითიუმის მარაგი – ევროპული საბადოების თითქმის ერთი მესამედი. ლითიუმი თანამედროვე მძლავრი აკუმულატორების საკვანძო კომპონენტს წარმოადგენს.
უკრაინაში მოძიებული სხვა რესურსებს შორისაა ბერილიუმი და ურანი, რომლებიც აუცილებელია ბირთვული რეაქტორებისა და, რა თქმა უნდა, ბირთვული იარაღის შესაქმნელად. ასევე უკრაინაში მდებარეობენ მარგანეცის, სპილენძის, თუთიის, ვერცხლის, ნიკელისა და კობალტის მსხვილი საბადოები.
გარდა ამისა, უკრაინაში ბევრი იშვიათ მიწა ლითონის საბადოა. იშვიათ მიწა ლითონების ჯგუფი 17 დასახელების ელემენტისაგან შედგება, რომლებიც გამოიყენება იარაღის, ქარის ტურბინების, ელექტრონიკისა და სხვა პროდუქციის დასამზადებლად.
ზოგიერთი მნიშვნელოვანი საბადო, მაგალითად, იშვიათ მიწა ლითონებისა და ტიტან-კობალტის ბუდობები რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიაზე მდებარეობენ.
მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო: