„ვადასტურებ, იყო შემოთავაზება, რომ ჩვენ გვექნებოდა გარკვეული სარგებელი, თუ უბრალოდ თვალს დავხუჭავდით, რბილად გავაკრიტიკებდით „ლელოს“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა.
ბარამიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ სამშობლოთი არ ვაჭრობს.
„ვაჭრობაში არ შევსულვართ, საუბარი მყისიერად მორჩა, როგორც კი გაიგეს ჩვენი პოზიცია, რომ ეს არ არის ვაჭრობის საგანი, ვაჭრობის თემა, ჩვენ სამშობლოთი არ ვვაჭრობთ. ადრე ვინც არ უნდა ყოფილიყო ჩვენი პარტნიორი, ჩვენ ვერავის მოვუწონებთ ამ მოღალატურ რეჟიმთან თანამშრომლობას, მათ სპეცოპერაციაში შესვლას, რაც რეჟიმის ლეგიტიმაციის ერთ-ერთი მცდელობაა. ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოდაა ცნობილი ყველასათვის, ღიად ვსაუბრობთ და არაფერი გვაქვს დაფარული, არ ვაპირებთ ენის მოჩლექას არავისთან მიმართებით. თქვენ ამას ძალიან კარგად ხედავთ. კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ვინც არ უნდა შევიდეს ამ სპეცოპერაციაში, ეს არის ქართველი ხალხის ბრძოლის ღალატი“, – განაცხადა გია ბარამიძემ.
ამასთან, გია ბარამიძის თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე „ლელოს“ გადაწყვეტილება ღალატია.
„პირდაპირ ვიტყვი, „ლელო“ არის სრულ ბოდვაში. ჯერ ერთი, თავის თავს ეწინააღმდეგებიან, რადგან თქვეს, რომ ამ სპეცოპერაციაში, რომელსაც თვითონ არჩევნებს უწოდებდნენ, არავითარ შემთხვევაში არ შევალთ, თუ არ ვიქნებით ყველანი ერთადო. ბუნებრივიც არის, გამარჯვების შანსი აქვს მხოლოდ ერთად ყოფნის დროს. ეს რომ არჩევნები იყოს, ქართველი ხალხის, ამომრჩევლის უმრავლესობა, ვინც რეჟიმის წინააღმდეგია, მივა და არჩევნებზე ხმას მისცემს. არჩევნები რომ იყოს, რა თქმა უნდა, გავიმარჯვებდით, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, ისევე როგორც გავიმარჯვებდით 2024 წელს. 2024 წლის შემდეგ ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა. თან ლაპარაკობენ, რომ ჩვენი ამომრჩეველი არის უმრავლესობა – კი არის უმრავლესობა, თუ არჩევნებში ექნებათ მათ მონაწილეობის მიღების საშუალება, მაგრამ ეს ხომ არჩევნები არ არის. მეტ-ნაკლებად ნორმალურ პირობებში არჩევნებში გავიმარჯვებდით, მაგრამ ივანიშვილის ყურმოჭრილი მონები, ჯიბეში მყოფი ცესკო-ს წარმომადგენლები, სუს-ი როდესაც დაწერს შედეგებს, რა აზრი აქვს, რამდენი ადამიანიც გინდა, იმდენი მივიდეს და იყოს ჩვენი მომხრე. ამიტომ, ჯერ თავის თავს ეწინააღმდეგებიან. ნათელია, რომ ოპოზიციური ამომრჩევლის უმეტესობას, მით უმეტეს ჩვენ, გვექნება არა ფაქტიური ბოიკოტი, არამედ აქტიური ქმედებები, ჩვენი ბრძოლა იქნება აქტიური ამ რეჟიმის, სპეცოპერაციის წინააღმდეგ. არ მივლენ არჩევნებზე, ამიტომ პირდაპირ ხელს აწერენ, რომ მათ უნდათ მეორე, მესამე ადგილზე გასვლა. ეს წინასწარ მშვენივრად იციან. თვითონვე თქვეს, რომ ასეთი რეჟიმის პირობებში, თუნდაც მეტ-ნაკლებად ნორმალური არჩევნებში გამარჯვება მხოლოდ ერთიანობითაა შესაძლებელი. 2024 წლის არჩევნებში გამარჯვებული ორი მთავარი პარტია არ მონაწილეობს არჩევნებში. მგონი, მათ ტვინებში რაღაცნაირად ოდესმე შევა ეს. შესაბამისად, თავის თავსაც ღალატობენ, პრინციპებსაც და ქართველ ხალხსაც, თვითონვე აწერენ ხელს, რომ მათი მთავარი ამოცანა ყოფილა საკრებულოებში რამდენიმე ადამიანის გაყვანა და მათთვის ხელფასის მიცემა. ძალიან სამარცხვინო პოზიციაა, მეტი რომ არ შეიძლება, ისეთი სამარცხვინო პოზიციაა“, – განაცხადა გია ბარამიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ ლევან სანიკიძესა და ირაკლი ფავლენიშვილთან ერთად ფეისბუქლაივის დროს განაცხადა: „ფულს იხდიდა „ლელო“, მათ შორის ჩვენც გვეუბნებოდნენ, ოღონდ თქვენ არ დაგვარტყათ და…“