Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

შუამთობა არის პატარა მაგალითი, როგორი უნდა იყოს საქართველო, როგორ უნდა გადაეცემოდეს ტრადიციები, ღირებულებები, სიყვარული მომავალ თაობას-მიხეილ ყაველაშვილი

შუამთობა არის პატარა მაგალითი, როგორი უნდა იყოს საქართველო, როგორ უნდა გადაეცემოდეს ტრადიციები, ღირებულებები, სიყვარული მომავალ თაობას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „შუამთობა 2025“-ის დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი დღესასწაულები შენარჩუნდეს, რათა მომავალმა თაობამ იცოდეს ტრადიციებისა და ღირებულებების შესახებ.

„ძალიან ბევრი სტუმარია და სასიხარულოა აქ ყოფნა. გილოცავთ შუამთობას, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია აქ თქვენთან ერთად ყოფნა. ეს მართლაც გამორჩეული და სახალხო დღესასწაული, რომელსაც საუკუნეებია ინარჩუნებს ჩვენი უძვირფასესი ხალხი, ზემო აჭარლები. მართლაც საამაყოა და მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რადგან ერთიანდება მთა და ბარი. აქ ვხედავ უხუცესებთან ერთად ძალიან ბევრ ახალგაზრდას. სწორედ ეს არის ტრადიციის გაგრძელება. ეს ნიშნავს, რომ საქართველო არასდროს გადაშენდება. შუამთობა არის პატარა მაგალითი როგორი უნდა იყოს საქართველო, როგორ უნდა გადაეცემოდეს ტრადიციები, ღირებულებები, სიყვარული, სიხარული მომავალ თაობას. ეს შერწყმა არის აქ წარმოდგენილი და მახარებს, რომ თქვენთან ერთად ვარ. ყველასთვის ძვირფასი დღესასწაულია. მინდა, რომ ჩვენ როგორც ხელისუფლებამ და მე, როგორც პრეზიდენტმა, ყველაფერი გავაკეთო, რომ ეს სიხარული გადამდები იყოს საქართველოსთვის. ჩვენი ვალია, რომ ასეთი დღესასწაულები შევუნარჩუნოთ მომავალ თაობას, იცოდნენ, საიდან მოვდივართ, რას ნიშნავს ქართველობა, ჩვენი ტრადიციები, სტუმარმასპინძლობა. სწორედ ამისთვის არსებობდნენ ჩვენი ძლიერი წინაპრები, რომ აქამდე მოიტანეს ეს სიყვარული, რომელიც ასეთი გადამდები და მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ და მინდა, რომ წარმატებული და გახარებული იყოს ზემო აჭარა და საქართველო. უფალი გფარავდეთ და გამარჯვებული იყოს საქართველო“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია საინტერესო შეთავაზება, რომელიც მნიშვნელოვან მოგებას მოგიტანთ. ეცადეთ, საღამო სახლში გაატაროთ.

კურო

მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუარესება. სავარაუდოდ, სიტუაციას არასწორად აფასებთ, ამიტომ ყურადღებით უნდა მიმოიხედოთ და ობიექტური დასკვნები გამოიტანოთ. თავი შეიკავეთ ყველაფრისგან, რამაც შეიძლება ორგანიზმს ზიანი მიაყენოს. განსაკუთრებით ალკოჰოლს და სიგარეტს ერიდეთ.

ტყუპები

ეცადეთ, ამ დღეს თავი შეიკავოთ ყველაფრისგან, რამაც შეიძლება სხეულს ზიანი მიაყენოს. განსაკუთრებით ავტომობილის სწრაფად მართვას და საჭრელ ხელსაწყოებთან მუშაობას ერიდეთ. პირად საქმეებში მოსალოდნელია წარმატება, მაგრამ პარტნიორთან დაკავშირებულმა ილუზიებმა შეიძლება ფინანსური ზარალი გამოიწვიოს.

კირჩხიბი

ამ დღეს მატერიალური საკითხების მოგვარება რთული იქნება. ეცადეთ, ყურადღება სულიერი განცდებიდან გარშემო მყოფ ადამიანებზე გადაიტანოთ. ახლობელი ადამიანები თქვენს დახმარებას ელიან.

ლომი

ეცადეთ, ბუნებაში მეტი დრო გაატაროთ. რომანტიკული შეხვედრა ან საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა შვებას და სიხარულს მოგანიჭებთ.

ქალწული

ვარსკვლავები მზად არიან, ყველაზე ამბიციური გეგმებისა და მიზნების მიღწევაში დაგეხმარონ. სასიხარულო სიახლე ან საინტერესო შემოთავაზება მნიშვნელოვან მოგებას მოგიტანთ. დღის მეორე ნახევარში მსუბუქი დეპრესია და უმიზეზო სევდა გელით, ამიტომ ეცადეთ, საღამო სახლში გაატაროთ.

სასწორი

მოგებიანი შემოთავაზება გელით, მაგრამ გადაწყვეტილების დროულად მიღება გაგიჭირდებათ. შეგიძლიათ, ნებისმიერ საქმეს შეეჭიდოთ, რადგან უახლოეს მომავალში წარმატებას მიაღწევთ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ. უსაფუძვლო ოპტიმიზმმა შეიძლება თქვენი პრაქტიკული თვისებები დაჩრდილოს.

მორიელი

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია მთავარზე კონცენტრირება და ჩანაფიქრის განხორციელება. თქვენ შეძლებთ, განახლების სურვილი და გონივრული ხედვა ერთმანეთთან დააკავშიროთ, რაც დღის მეორე ნახევარში მატერიალურ წარმატებას მოგიტანთ.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა ვარჯიშის, სუფთა ჰაერზე დასვენების, მშენებლობისა და რემონტისთვის. კომერციული საქმიანობა მოგებას მოგიტანთ. შესაძლებელია, საინტერესო ადამიანს შეხვდეთ, რომელიც გარკვეული დროით სერიოზულად გაგიტაცებთ.

თხის რქა

სასიხარულო ამბავი ან საინტერესო შემოთავაზება მნიშვნელოვან მოგებას მოიტანს. სავარაუდოდ, ქალებს ქმრის ან ახლო მეგობრისგან საჩუქარი ელით. ვარსკვლავები სასიყვარულო პრობლემების წარმატებით გადაჭრას გპირდებიან. ეცადეთ, ინიციატივა ხელიდან არ გაუშვათ.

მერწყული

ეს დღე სულიერი წონასწორობის სიმბოლოა. გვერდით მყოფ ადამიანს თქვენი ყურადღება და სიყვარულის აკლია. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია უმიზეზო სევდა ან მსუბუქი დეპრესია.

თევზები

გირჩევთ ოჯახური საქმეები სხვა დროისთვის გადადოთ და საყვარელი საქმით დაკავდეთ, რაც შექმნილი დაძაბულობისგან გაგათავისუფლებთ. თუ თქვენ ცვლილებებისკენ ისწრაფვით, ამისთვის ხელსაყრელი დროა, თუმცა მთავარ შედეგებს ცოტა მოგვიანებით მიიღებთ. ეცადეთ, საღამო სიმშვიდეში გაატაროთ. 

პროკურატურამ სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროსს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროსს ბრალდება წარუდგინა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რომ ააიპ „სოფლის განვითარების სააგენტო“ 2019 წლიდან მთავრობის შესაბამისი დადგენილების საფუძველზე, ფიზიკური პირების და ინდივიდუალური მეწარმეების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად თანადაფინანსებას ახორციელებდა.

2021-2024 წლებში, ხსენებული პროექტის ფარგლებში გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, ბრალდებული აქტიურად იყო ჩართული ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივ საქმიანობაში და სააგენტოს ყოფილ თანამშრომელთან და ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად სახელმწიფოს კუთვნილი დიდ ოდენობით თანხებს, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდა. ამ ეტაპზე, გამოძიების მიერ დადგენილი ზიანი 800 000 ლარს აღემატება.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 210-ე და 362-ე მუხლებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება – გამოყენება და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება – გამოყენება) წარედგინა. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 7- დან 10 – წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ „სასოფლო – სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაცემული გრანტების – 826 815 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, 2025 წლის 18 ივლისს, ბრალდება ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა 12 წევრს წარუდგინა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გრძელდება გამოძიება ზემოაღნიშნული პროგრამის ფარგლებში მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენისა და ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების მხილების მიზნით.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

ჩანაცვლებითი მკურნალობის პაციენტებისთვის რეგისტრაცია იწყება – კერძო სერვისებიდან სახელმწიფო პროგრამაში გადასვლა 4 აგვისტოდან დაიწყება

ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის პროცედურა განისაზღვრა. ცვლილება იმ პაციენტებს ეხება, ვინც, მანამდე, სერვისს კერძო სუბიექტებისგან იღებდა.

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახელმწიფომ, უკვე მოამზადა სარეგისტრაციო პლატფორმა და დეტალურად დაგეგმა პაციენტების გადმოსვლის პროცესი:

„მომზადდა, საკმაოდ, მოსახერხებელი ელექტრონული პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც მოხდება რეგისტრაციის განხორციელება. თუმცა, ვინც უპირატესობას მიანიჭებს, უშუალოდ, ადგილზე ამ განაცხადის გაკეთებას, შეუძლია, ნებისმიერ ცენტრს მიმართოს. დაწესებულებების სია, ასევე, გამოქვეყნებული იქნება იმავე პლატფორმის მეშვეობით. რეგისტრაციის პროცესი აუცილებელია თავად ბენეფიციარების ინტერესებისთვის, იმისთვის, რომ სწორად დაიგეგმოს პროცესი და შესაძლებელი იყოს სერვისით შეუფერხებლად სარგებლობა“, – განაცხადა მინისტრმა.

ბენეფიციარებს რეგისტრაციის გავლა, 4 აგვისტოდან 11 აგვისტოს ჩათვლით, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, ან მის ტერიტორიულ განყოფილებებში შეეძლებათ. რეგისტრაცია განხორციელდება ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 15:00-დან 18:00 საათამდე. რეგისტრაცია შესაძლებელია, ასევე, „ონლაინ“, ვებგვერდზე – www.ost.moh.gov.ge (საიტი რეგისტრაციის პერიოდისთვის ამოქმედდება).

მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფას და აღნიშნა, რომ ეს პროცესი კანონის სრული დაცვით წარიმართება. ამასთან, თუ პაციენტთან დაფიქსირდება ჩანაცვლებითი მედიკამენტების არარეგულარული მოხმარება, მომსახურება შესაძლოა, აღარ გაგრძელდეს, რადგან ეს მიუთითებს რეალური დამოკიდებულების არქონაზე.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ კერძო სერვისის მიმწოდებლებს დაევალათ სახელმწიფოსთან თანამშრომლობა და მონაცემების გადაცემა, რაც მკურნალობის სწორ დაგეგმვას უზრუნველყოფს.

„განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დაგვიანებით განაცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, პრაქტიკულად, იძულებულნი ვიქნებით, თავიდან, ინდივიდუალურად მოხდეს პაციენტის შეფასება და შესაბამისად, ამ გზით დაგეგმვა მკურნალობის კურსისა. ეს გაართულებს მდგომარეობას. ამიტომ, მინდა, მოვუწოდო თითოეულ ბენეფიციარს, რომელსაც სურვილი აქვს მკურნალობის გაგრძელების, დარეგისტრირდნენ დადგენილ ვადაში, ანუ 4 აგვისტოდან – 11 აგვისტოს ჩათვლით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში გადმოსვლისთვის, პაციენტი, 2025 წლის 1 აგვისტომდე, ჩართული უნდა იყოს ჩანაცვლებითი მკურნალობის შესაბამის პროგრამაში. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, პაციენტი SMS შეტყობინებას მიიღებს, სადაც მითითებული იქნება, როდის და სად უნდა გამოცხადდეს წამლის მისაღებად.

დამატებითი ინფორმაციისთვის, მოქმედებს ცხელი ხაზი: 032 230 10 53.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ბატონი პაატას და „ხაბეს“ მიმართ ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ნებისმიერი თარიღის ბოლო ვადად გამოცხადება, ბრძოლის დასასრულის თარიღის დაკიდებას ნიშნავს – ნიკა გვარამია

ბატონი პაატას და „ხაბეს“ მიმართ ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ნებისმიერი თარიღის ბოლო ვადად გამოცხადება, ბრძოლის დასასრულის თარიღის დაკიდებას ნიშნავს. ეს კატეგორიულად არასწორი მგონია, რადგან მაღალი ალბათობით, ბრძოლა ვერ იქნება ასეთი ხანმოკლე და ბევრი რამის გაკეთება მოგვიწევს 4 ოქტომბრის შემდეგაც, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს და 4 ოქტომბერს დაგეგმილ „სახალხო შეკრებასა“ და მასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

ნიკა გვარამიას განცხადებით, ბრძოლის თარიღის დაკიდება კი არ არის პრობლემა, არამედ ბრძოლის დასრულების თარიღის (თუნდაც გამარჯვების თარიღის სახით) გამოცხადება.

„მინდა გამოვეხმაურო იმ დავიდარაბას, რომელიც ოქტომბერთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში განვითარდა:

უპირველესად ვიტყვი, რომ ჩვენ, პარტია „ახალი“ უმთავრეს და უპირობო მიზნად მივიჩნევთ რეჟიმის დასასრულს, რის გარეშეც ვერც საქართველოს მომავალს ვხედავთ და ვერც საკუთარ ადგილს – რუსულ საქართველოში ვერ ვიქნებით ვერც პარლამენტის წევრები, ვერც საკრებულოს და ვერც რაიმე სხვა. ეს რომ გვდომოდა, პარლამენტში ყველაზე ფართოდ ვიყავით წარმოდგენილები და იქ ვისხდებოდით, მაგრამ მანდატებზე პირველებმა ვთქვით უარი. ეს რომ გვდომოდა, გარწმუნებთ, ადგილობრივ არჩევნებშიც ყველაზე წარმატებული ვიქნებოდით, მაგრამ მყისიერად და მკაფიოდ ვთქვით ამაზეც უარი. რაც არჩევნები არ არის, იმის არჩევნებად ვერ გავხდით ჩვენი თანამონაწილეობის მეშვეობით. ან სად უნდა მივიყვანოთ ჩვენი ამომრჩეველი თუ კომისიის წევრები? სადაც დაატერორებენ, სცემენ, უბნებიდან გამოყრიან, მორალურად გაანადგურებენ? და რისთვის? ცხადია, რომ ეს კი არა, უფრო მძიმე ბრძოლები გადაგვიტანია და კიდევ უფრო მძიმეს გადავიტანთ, მაგრამ არა იმისთვის, რომ ვიღაცას რაღაც დავუმტკიცოთ და სამშობლოს ამით არაფერი ვარგოთ, მეტიც, შესაძლოა დავაზიანოთ კიდეც.

ახლა რაც შეეხება 4 ოქტომბერს. სრულიად ცხადია ორი რამ:

  • ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ ვითარებაში ვიდგებით იქ, სადაც ხალხია, სადაც საქართველოს გადარჩენისთვის იბრძვიან.
  • ბატონი პაატას და „ხაბეს“ მიმართ ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ბუნებრივ „დედლაინად” ამ საკითხს ვერაფრით ვერ მივიჩნევ, რამეთუ „დედლაინი” ბოლო ვადას ნიშნავს და ნებისმიერი თარიღის ბოლოდ ვადად გამოცხადება, ბრძოლის დასასრულის თარიღის დაკიდებას ნიშნავს. ეს კატეგორიულად არასწორი მგონია, რადგან მაღალი ალბათობით, ბრძოლა ვერ იქნება ასეთი ხანმოკლე და ბევრი რამის გაკეთება მოგვიწევს 4 ოქტომბრის შემდეგაც.

ღმერთმა ქნას, რომ 4-ში კი არა, ხვალ მორჩეს ყველაფერი. ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება: სამშობლოც გადარჩება და ჩემს ოჯახსაც ვნახავ. მეტი რაღა უნდა მინდოდეს? თუმცა (და აქ მესმის სხვა პოლიტიკოსების სიფრთხილეც და გამწვავებული პასუხისმგებლობის გრძნობაც, შესაძლოა, ზედმეტად ხისტად გამოხატული, მაგრამ მე სხვისი სიხისტე რა ნამუსით დავგმო? ) ბრძოლის გაგრძელებისთვის მზაობა, რისი უპრეცედენტო მასშტაბი გამოავლინა ქართველმა ხალხმა, არ უნდა შეირყეს არც ერთი მილიმეტრით და არც ერთი წამით. ამიტომ, ჩვენს სიტყვებს და ქმედებებს ოდნავ მეტად უნდა გავუფრთხილეთ, ვიდრე სხვა ვითარებაში. არავის შენიშვნას არ ვაძლევ, თუმცა, განვმეორდები, ისიც მესმის, რომ პოლიტიკოსები განსაკუთრებულად გამოხატავენ ზემოხსენებული გამძლეობის მნიშვნელობას და მწვავედ რეაგირებენ ნებისმიერ ფაქტზე, რასაც გამძლეობისა და გრძელ დისტანციაზე შეუდრეკლად სვლის საფრთხედ ჩათვლიან.

ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დრამატული შეცდომის უფლება წართმეული გვაქვს, ისევე როგორც ქვეყანა. ქვეყანას რომ დავიბრუნებთ, მერეღა შევძლებთ იმის თქმას, რომ „Errare Humanum est“. ახლა უშეცდომოდ უნდა ვიაროთ. არჩევნებში მონაწილეობა სამწუხაროდ მძიმე შეცდომაა. მაგრამ ამაზე უარესი შეცდომების ალბათობაც ხომ არსებობს? ცხადია, კი. რვიანს ამის უფლება არ აქვს, რამეთუ პოლიტიკური თვალსაზრისით ის შეიძლება ბოლო ბასტიონი აღმოჩნდეს, რომელსაც ხალხი გამოიყენებს თავისი პროტესტის ფორმალიზაციისათვის, უცხოეთში ურთიერთობისათვის (ხალხის სახელით), მოქმედების კოორდინაციისათვის და ა.შ.

ბრძოლის თარიღის დაკიდება საერთოდ არ არის პრობლემა, ხოლო ბრძოლის დასრულების თარიღის (თუნდაც გამარჯვების თარიღის სახით) გამოცხადება სწორი არ მგონია.

საერთოდ არ გამოვრიცხავ, რომ ვცდებოდე. ეს ჩემი პირველი პატიმრობა არ არის (მეოთხეა) და ამ ხნის განმავლობაში კარგად ვისწავლე, რომ ციხის საკნიდან მზა რეცეპტების წერა არაა მაინც და მაინც პასუხისმგებლობიანი საქციელი. პოლიტიკა, სხვა ბევრ რამესთან ერთად, კონტექსტის შეგრძნების ხელოვნებაცაა, კონტექსტს კი „კანით შეგრძნება“ სჭირდება. ამიტომაც, სრულად ვენდობი ჩემი პარტიის წევრებს და სხვა ჩემთვის სანდო პოლიტიკოსებს (პირველ რიგში, ჩვენი კოალიციიდან) და გადაწყვეტილების მიღებას სრულად ვანდობ.

ბრძოლა ადგილზე მიმდინარეობს, ეს უნდა გვახსოვდეს. პატიმარმა შეიძლება ურჩიოს გარეთ მყოფებს, აზრი გამოთქვას მისთვის დასმულ შეკითხვაზე, მაგრამ ამის იქით წასვლა არცთუ პასუხისმგებლობიანი და არცთუ რაციონალური ამბავი მგონია. პატიმრის ბრძოლა ციხის საკანში ყოფნა და სიმტკიცეა, ჩემი თვალთახედვით, რის მაგალითსაც ჩვენი სინდისის პატიმარი ბიჭები, შესანიშნავი მზია ამაღლობელი და ნინო დათაშვილი გვაძლევენ.

და ბოლოს, მთავარი ის არის, რომ სასწორზე სამშობლოს ყოფნა-არყოფნა დევს და ნებისმიერი შეცდომა თუ მიღწევა სწორედ ამ სასწორზე ბალანსის შეცვლას გამოიწვევს. ჯობია, შენიშვნებში ვიყოთ შემცდრები (გინდა შინაარსით, გინდა ტონით), ვიდრე საყოველთაო მოწონებით კმაყოფილები. ბოლოს მაინც ჩვენ გავიმარჯვებთ! ოლიგარქია უნდა დაემხოს!”, – წერს ნიკა გვარამია.

მზია ამაღლობელის ადვოკატი კვალიფიციურად და დამაჯერებლად ასაბუთებს, რამდენი ტყუილი და ცრუ ჩვენება წარმოადგინეს მოწმე პოლიციელებმა – სალომე ზურაბიშვილი

ბრალდების და მისი ბრალდებების სრული კოლაფსი, ჩვენ წინ იწერება „სისტემური სიცრუის ქრონიკა” , – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ეხმაურება.

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ბრალდების მხარის მიერ ვრცელდება „ერთმანეთთან შეუსაბამო სიცრუეები“.

„მზიას სასამართლო: სამი საათია, რაც ძალიან დეტალურად, ნათლად, კვალიფიციურად და დამაჯერებლად ადვოკატი ასაბუთებს, თუ რამდენი ტყუილი, რამდენი ცრუ ჩვენება წარმოადგინეს მოწმე პოლიციელებმა… ერთმანეთთან შეუთავსებელი სიცრუე, რომელიც „არ იფუთება”, ურთიერთსაწინააღმდეგო, წარდგენილ ვიდეო მტკიცებულებებთან შეუსაბამო… დაცვის კითხვებს გაუცემელი პასუხები, გამოუსწორებელი უზუსტობები, ცვალებადი ვერსიები, ბრალდების მხარის და მისი მოწმეების ( ყველა მოწმე პოლიციელია და “დაზარალებული პოლიციელის” თანამშრომელი)”.

ბრალდების და მისი ბრალდებების სრული კოლაფსი…

ჩვენ წინ იწერება „სისტემური სიცრუის ქრონიკა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესზე დასასწრებად მივიდა.

არაფერში ჯდება, როდესაც ლაპარაკობ მშვიდობიან დამხობაზე, მშვიდობიან მკვლელობაზე, ხალხის მშვიდობიან ამოხოცვაზე და ეს სიტყვა ამ კონტექსტს არ აზღვევს – მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

არც თავის დაზღვევაა და არც არაფერში ჯდება, როდესაც ლაპარაკობ მშვიდობიან დამხობაზე, მშვიდობიან მეკვლელობაზე, ხალხის მშვიდობიან ამოხოცვაზე და ეს სიტყვა ამ კონტექსტს არ აზღვევს, – განაცხადა აპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, რომელმაც უპასუხა შეკითხვას ოპოზიციის სამომავლო გეგმების შესახებ.

მისი განცხადებით, „მშვიდობიანი დამხობა“ ისეთივე ურთიერთგამომრიცხავი სიტყვებია, როგორც “მშვიდობიანი მკვლელობა” ან “ადამიანების მშვიდობიანი დახოცვა”, შესაბამისად, ოპოზიციის მცდელობა, რომ თავი დაიზღვიონ, უშედეგოა.

„რამხელა შიში აქვთ და რა სიმხდალეა ჩადებული იმაში, რომ სიტყვა დამხობასთან ერთად ამბობენ მშვიდობიანს. ან დამხობის მნიშვნელობა არ იციან და ინტელექტი არ ჰყოფნით, ან რაღაც სულელურ დაზღვევასთან გვაქვს საქმე. „მშვიდობიანი მკვლელობა“ – შეიძლება ასე ვილაპარაკოთ? სიტყვა „დამხობა“ თავისი არსით, შეიცავს ისეთ შინაარსს, რომ მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს. თუ დამხობას ამბობს, იმის თავი უნდა ჰქონდეს, რომ მშვიდობიანი არ დააყოლოს და თუ დამხობა უნდა, დაამხოს და გაეცემა შესაბამისი პასუხი. თუ ვერ ამხობს, მშვიდობიანს ნუ ამატებს. „ადამიანების მშვიდობიანი დახოცვა“ – შეძლება ასეთი რაღაც ილაპარაკო? ასეთ სისულელეს ამბობენ, ამიტომ, ვითომ აზღვევენ, იმიტომ რომ, დამხობისკენ მოწოდება სისხლის სამართლის დანაშაულია და ამ სისულელე კონტექსტს თუ შექმნიან, ამით დაიზღვევენ თავს. არც თავის დაზღვევაა და არც არაფერში ჯდება, როდესაც ლაპარაკობ მშვიდობიან დამხობაზე, მშვიდობიან მკვლელობაზე, ხალხის მშვიდობიან ამოხოცვაზე და ეს სიტყვა ამ კონტექსტს არ აზღვევს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Flitt პირველი ფინტექ კომპანიაა საქართველოში, რომელმაც Visa-ს სრული PayFac სერტიფიკატი მიიღო

თიბისის წევრი ფინტექ კომპანია Flitt პირველია საქართველოში, რომელმაც Visa-ს სრული გადახდის ფასილიტატორის (PayFac) სერტიფიკატი მიიღო.

Visa-ს სრულ PayFac სერტიფიკატს იღებენ მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც აკმაყოფილებენ კომპანიის მაღალ ტექნიკურ, იურიდიულ და ფინანსურ მოთხოვნებს. ასეთი კომპანიების გადახდების პლატფორმა უნდა იცავდეს PCI DSS-ის უსაფრთხოების სტანდარტებს, ეფექტურად მართავდეს რისკებს და უზრუნველყოფდეს მომხმარებლის მონაცემთა დაცვას.

აღნიშნული სერტიფიკატით, კომპანია აღიარებულია, როგორც დამოუკიდებელი გადახდების ოპერატორი Visa-ს გლობალურ ქსელში და აღარ არის უბრალოდ შუამავალი. მას შეუძლია მართოს გადახდების პროცესი დამოუკიდებლად, ყოველგვარი გარე შეზღუდვის გარეშე. ასევე, მოემსახუროს ბიზნესების კიდევ უფრო ფართო სპექტრს და არსებულ მერჩანტებს შესთავაზოს გადახდების მიღების უფრო სწრაფი, მარტივი და ტექნოლოგიურად გამართული პროცესი. Flitt მერჩანტებს სრულად ონლაინ, რამდენიმე წუთში არეგისტრირებს და მათ გადახდების მიღების დაწყება დარეგისტრირებისთანავე შეუძლიათ.

სერტიფიცირების პროცესის ფარგლებში, Flitt-მა  გაიარა რამდენიმე კრიტიკული მიმართულების დეტალური შემოწმება და შეფასება, რომელიც მოიცავდა: ტექნიკური უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმება, მათ შორის PCI DSS  მოთხოვნებთან; კომპანიაში არსებული რისკების მართვის ჩარჩოს და პროცედურების ეფექტიანობის შეფასებას, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის (AML) პოლიტიკა/პროცედურების შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან, მერჩანტთა რეგისტრაციის და ტრანზაქციების მონიტორინგის ეფექტიანობას. აღნიშნული პროცესის წარმატებით გავლა ადასტურებს Flitt-ის პროცესების სრულ შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან და Visa-ს მოთხოვნებთან.

სერტიფიცირების შედეგად, Flitt-ს უკვე აქვს შესაძლებლობა:

  • დამოუკიდებლად დაარეგისტრიროს მერჩანტები და მოემსახუროს გადახდების სრულ პროცესში;
  • მოემსახუროს მაღალრისკიან მერჩანტებს და შიდა რისკების მართვის სისტემის გამოყენებით, დაეხმაროს რისკების ეფექტურ მართვაში;
  • უზრუნველყოს ინოვაციური და კონკურენტუნარიანი გადახდების სერვისები.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა ჩვენი კომპანიისთვის. მიუხედავად იმისა, რომ Flitt ახალია, ჩვენ შევძელით პირველებს მიგვეღო ეს სერტიფიკატი საქართველოში, რაც ადასტურებს, რომ ჩვენი ფინანსური სერვისები სიმარტივისა და ინოვაციურობის გარდა არის უსაფრთხო და სანდო” ,- გიორგი ქუთათელაძე, Flitt-ის CE0.

Visa-ს სრული PayFac სერტიფიკატის მიღებით, Flitt კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს იმ მიმართულებით, რომ ფინანსური ტექნოლოგიებით უპასუხოს მომხმარებლების ყოველდღიურ საჭიროებებს და გაამარტივოს გადახდების გამოცდილება ქვეყნის მასშტაბით. მიუხედავად სწრაფი ზრდისა, კომპანია მუდმივად მუშაობს ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით და მაღალი სტანდარტებით იცავს უსაფრთხოების და სანდოობის კრიტერიუმებს, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია გადახდების სერვისის მომწოდებლებისთვის.

(R)

რა ეღირება დოლარი და ევრო 2 აგვისტოს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7050 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7050 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7061 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0872 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0936 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0064 ლარი შეადგინა.

მშვიდობიანი დამხობა გულისხმობს, რაც მოხდა 2003 წელს საქართველოში და რაც მოხდა ჩვენს სამეზობლოში, სომხეთში და ეს ფაშინიანმა გააკეთა, ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია და გავაკეთებთ -ლევან ხაბეიშვილი

მშვიდობიანი დამხობა გულისხმობს, რაც მოხდა 2003 წელს საქართველოში და რაც მოხდა ჩვენს სამეზობლოში, სომხეთში და ეს ფაშინიანმა გააკეთა. ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია და გავაკეთებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ლაშა ცანავას ჰქონდა საკმარისი შემოსავალი, რომ ორჯერ 50 ათასი ლარი პარტიისთვის შეეწირა.

„ოხანაშვილს, მდინარაძეს, კობახიძეს, თავისნაირი ქვეშაფსია და პრ**ები ჰგონია ყველა. ლაშა ცანავა, ჩემი მეგობარი, ადამიანი ჩემს უსაფრთხოებას იცავდა და სადაც იყო ჩემი შუბლი და კისერი, იქ იყო მისი მუშტი. „ტიტუშკების“ თავდასხმა, ქვების სროლა, კვერცხის სროლა, ყოველთვის ჩემ გვერდით იყო ჩემი ძმაკაცი, ჩემი თანამებრძოლი ლაშა ცანავა. გახსოვთ, რომ სანამ ცანავას დააკავებდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდზე დაწერეს, ლევან ხაბეიშვილისთვის ციხის კარი გაიხსნაო, და ზუსტად იმ საღამოს სუს-მა ლაშა ცანავა მოიტაცა. საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ ბრალს, რომელსაც ედავებიან, თაღლითობის მცდელობაა, თაღლითობაც არა, სუს-ი ამაზე არ იჭერს, ეს პოლიციის საქმეა. თუმცა, წაიყვანეს სუს-ში და დღეს ლაშა ცანავამ, ვაჟკაცმა კაცმა, რომელიც ვერ შეაშინეს, ვერც ბევრი ფული რომ დაუდეს და უთხრეს, რომ რაღაც კადრები გვაქვს შეკერილი და აირჩიე, ან 9 წელი, ან ხაბეიშვილს უთვალთვალე, ჩაწერე, გვითხარი, სად გადაადგილდება, კამერა დაიბნიე და სდიე შენს მეგობარს, რომ მერე ჩვენ, ფოხანაშვილმა, ჯეკამ, მდინარაძემ ხაბეიშვილი დავიჭიროთ, მოვყვეთ როგორი ბრუტალურია და როგორ აპირებს რევოლუციის მოწყობას და მერე ამ ხმაში ამღერებს გარკვეულ ოპოზიციონერებს. ძალიან შეგეშალათ, ჩემ გვერდით თქვენნაირი მშიშრები, მხდლები და პრ**ები არ არიან. ჩემ გვერდით საქართველოს პატრიოტები არიან. ასე თავაწეულად და ღირსეულად ლაშა ცანავამ თავისი საკნის კარი თავად გააღო. ცხადია, მის ბრძოლას ჩვენ გავაგრძელებთ. მინდა, მივმართო ბიძინა ივანიშვილს, ხომ მაგარი ბიჭი ხარ, ხომ დააყენე ახალი ჯეელი, მოდი, აბა, შევერკინოთ.

ლაშა ცანავა მეოჯახე ადამიანია, რომელიც კეთილსინდისიერად მუშაობდა დაცვაშიც, მძღოლადაც, ჩემთანაც უანგაროდ იყო. ის ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს პარლამენტში და ჰქონდა ანაზღაურება. თქვენ თუ გგონიათ, რომ ფოხანაშვილივით და კობახიძესავით მერე ეს ფული სახლში მიაქვს, ძალიან ცდებით. ლაშა ცანავა პარლამენტში მუშაობდა, რათა პარლამენტში „ტიტუშკები“ რომ თავს დამესხმებოდნენ, ახლოს ყოფილიყო და ჩემი უსაფრთხოება დაეცვა. მას 4 წლის განმავლობაში იმხელა შემოსავალი ჰქონდა, რომ თუნდაც ორჯერ 50 ათასი შემოეწირა. ჩვენი პარტია სახალხო პარტიაა, ხალხი ლუკმას იღებს და ამ ფულს პარტიას წირავს, რომ რუსული ხელისუფლება გავისტუმროთ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, 4 ოქტომბერი ქართველი ხალხის გამარჯვების თარიღია.

„ჩვენ, ქართველი ხალხი და შენ – შენი რუსალკებით. მოდი, თუ ერთი ადგილი გაქვს, დაგველოდე, ბევრ დროს არ გთხოვთ, 4 ოქტომბრამდე დაგველოდეთ. მივმართავ საზოგადოებას, 4 ოქტომბერს, უმნიშვნელოვანესია, არავინ დარჩეს სახლში, რაც უფრო მეტნი ვიქნებით, მით უფრო მარტივად, მშვიდად დავამარცხებთ და გავუშვებთ ამ ხელისუფლებას. 4 ოქტომბერი ქართველი ხალხის გამარჯვების თარიღია და რომ გეშინიათ ამ თარიღის, უკვე კოჭებზე გეტყობათ, ვერც ვერანაირ ბრალს ვერ შეთითხნით, ვერც ციხის კარით დამემუქრებით და მეტსაც გეტყვით, არ ვაპირებ ციხეში წასვლას. იქით ვეპატიჟები ფოხანაშვილს, ჯეკას, მდინარაძეს, სვეტლანას და კობახიძეს ციხეში, რადგან ქართველი ხალხი გაძარცვეს.

მშვიდობიანი დამხობა გულისხმობს, რაც მოხდა 2003 წელს საქართველოშივე და რაც მოხდა ჩვენს სამეზობლოში, სომხეთში და ეს ფაშინიანმა გააკეთა. ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია და ამას გავაკეთებთ. მე ძალიან ბევრი დამაკნინებელი მომისმენია ჩემზე. როგორ შეიძლება, ლევანი ვარ, ხაბეიშვილი და თქვენ რომ გითხრათ, გოჩა ხართ-მეთქი, შეურაცხმყოფელია. მოიტანოს ეს დოკუმენტი და აჩვენოს საზოგადოებას, თუ არადა მტყუანის დედა მოვ**ან , ასე გადაეცით კობახიძეს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა

გილოცავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 10 წლის იუბილეს- საქართველოს მოსახლეობის სახელით თითოეულ თქვენთაგანს მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის სუვერენული, დაცული, უსაფრთხო და ყველასთვის მიმზვიდველი -მიხეილ ყაველაშვილი

გილოცავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ათი წლის იუბილეს. ის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს დემოკრატიული, თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა, ეს ყველაფერი თქვენი პროფესიონალიზმის დამსახურებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ათი წლის იუბილეზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტი ღონისძიებას დაესწრო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილსა და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.

სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„ის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს დემოკრატიული, თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა, ეს ყველაფერი თქვენი პროფესიონალიზმის დამსახურებაა. რომ არა სახელმწიფო უსაფრთხოება, რომ არა თითოეული მოქალაქის ის გრძნობა, რომ ჩვენი ქვეყანა დაცულია, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნებოდა ის განვითარების პროცესები, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს. ჩვენ ვხედავთ თქვენს მაღალ შეფასებებს და ბრძოლას კორუფციასთან, ტერორიზმთან, ვიცით, რომ არაერთი მცდელობაა იმისა, რომ სახელმწიფო გადატრიალება მომხდარიყო ჩვენს ქვეყანაში და როგორ მაღალ დონეზე შეძელით ამ ყველაფრის აღმოფხვრა. ეს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტ იმედს აძლევს ჩვენს მოქალაქეებს, უფრო მყარად იყვნენ ამ ქვეყანაში.

ვისარგებლებ შემთხვევით და პატივს მივაგებ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ თქვენს თანამშრომლებს. არსებობენ გმირები, რომლებიც შეიძლება, არ იცოდეს საზოგადოებამ, როგორ პროფესიონალურად უძღვებიან ეს ადამიანები თავიანთ საქმეს. მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე და საქართველოს მოსახლეობის სახელით თითოეულ თქვენგანს გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის სუვერენული,  დაცული, უსაფრთხო და ყველასთვის მიმზიდველი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 დღევანდელ მსოფლიოში, სადაც მშვიდობა და სტაბილურობა უდიდეს გამოწვევად იქცა, საქართველო წარმატების საუკეთესო მაგალითია, რაშიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ წარმომადგენელს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის -ირაკლი კობახიძე

დღევანდელ მსოფლიოში, სადაც მშვიდობა და სტაბილურობა უდიდეს გამოწვევად იქცა, საქართველო წარმატების საუკეთესო მაგალითია, რაშიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ წარმომადგენელს განსაკუთრებული წვლილი მიგიძღვით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსებიდან 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობას და თითოეულ თანამშრომელს საიუბილეო თარიღი მიულოცა და ქვეყნის მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

„დღევანდელ მსოფლიოში, სადაც მშვიდობა და სტაბილურობა უდიდეს გამოწვევად იქცა, საქართველო წარმატების საუკეთესო მაგალითია, რაშიც თქვენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ წარმომადგენელს, განსაკუთრებული წვლილი მიგიძღვით. სწორედ თქვენი პროფესიონალიზმისა და დაუღალავი შრომის შედეგია, რომ სახელმწიფომ წარმატებით აღკვეთა შიდა თუ გარე ძალების მიერ დაგეგმილი არაერთი სცენარი, რომლებიც პოლიტიკურ დესტაბილიზაციასა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას ისახავდა მიზნად. თქვენი დამსახურებით ქვეყანამ დაძლია უმწვავესი კრიზისები, რომლებიც საფრთხეს უქმნიდა არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის სტაბილურობას. შავი ზღვის რეგიონში არსებული რთული ვითარების ფონზე ჩვენი ქვეყანა კვლავაც მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. საფრთხეების ერთ-ერთ უმთავრეს წყაროდ კვლავ საქართველოს რეგიონების დროებითი ოკუპაცია რჩება. თქვენი ძალისხმევა უზრუნველყოფს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სტაბილური გარემოს შენარჩუნებას. განსაკუთრებულია თქვენი წვლილი როგორც უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლებაში, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების დაცვაში. ბატონო ანრი, მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო პირადად თქვენი და თქვენი უწყების ძალისხმევა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. კორუფცია უდიდესი საფრთხეა სახელმწიფოსთვის – ის ხელს უშლის საჯარო უწყებების ეფექტიან ფუნქციონირებას, ძირს უთხრის მოქალაქეთა ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ და აფერხებს ქვეყნის განვითარებას, რასაც ჩვენ ვერ შევეგუებით. ჩვენი პრიორიტეტია ეფექტიანი ანტიკორუფციული მექანიზმების გაძლიერება, რაშიც თქვენს სამსახურს საკვანძო როლი აკისრია. მინდა, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ მთავრობის სრული მხარდაჭერა ამ მიმართულებით”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს სამსახურის 10 წლის იუბილე მიულოცეს პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა და მთავრობას და პარლამენტს უწყების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ანრი ოხანაშვილმა სამსახურის თანამშრომლები სხვადასხვა ხარისხის სახელმწიფო ჯილდოებით დააჯილდოვა.  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირველი ხარისხისა და საპატიო მედლები უწყების 328 თანამშრომელს გადაეცა.