Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

“ინდოეთმა ტრამპს წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს”-The Indian Express

„ინდოეთმა ამერიკას არ უნდა დაუთმობს, თორემ ვაშინგტონის პრეტენზიები სულ უფრო მკაცრი გახდება“, – ნათქვამია ინდურ ინგლისურენოვან გაზეთ „ინდიან ექსპრესში“ (The Indian Express) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „ინდოეთმა ტრამპს წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს“, რომლის ავტორია შიამ სარანი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი. „რასაკვირველია, აშშ-სადმი წინააღმდეგობის გაწევა მოკლევადიან სირთულეებს გამოიწვევს, მაგრამ უმოქმედობა ინდოეთის ეროვნულ ინტერესებს ძალიან დააზიანებს“, – აღნიშნავს იგი.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ლოგიკის მიხედვით, დონალდ ტრამპი თავისი პრეზიდენტობის მეორე ვადის დროს ინდოეთის მიმართ კეთილგანწყობილი უნდა იყოს, რადგან ბევრმა ინდოელმა მას არჩევნების დროს მხარი დაუჭირა. სამწუხაროდ, როგორც კი რესპუბლიკელი კანდიდატი პრეზიდენტი გახდა, მისი მმართველობის დაწყება კოშმარი აღმოჩნდა. დონალდ ტრამპმა არამარტო სავაჭრო ომის გააჩაღა, არამედ კომერციულ ინსტრუმენტებს გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს – პირდაპირ განაცხადა, რომ ვაჭრობას გამოიყენებს იმისათვის, რომ უცხოეთის ქვეყნები ამერიკის ნებას დაემორჩილონ და თუ რომელიმე წინააღმდეგობას გასწევს, ის მკაცრი ჯარიმების ქვეშ აღმოჩნდება.

დონალდ ტრამპი არამარტო თავს ესხმის ინდოეთს აშშ-სთან სავაჭრო პროფიციტისა და თითქოსდა მაღალი ბაჟების გამო, არამედ სანქციებით გვემუქრება ჩვენი ურთიერთობების გამო რუსეთთან, ირანთან და „ბრიკს-პლუსში“ ჩვენს წევრობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვერ ჩავთვლით, რომ ვაშინგტონის მოქმედება მხოლოდ ვაჭრობით არის განპირობებული. თეთრი სახლის მოქმედება საფრთხეს უქმნის ინდოეთის ეროვნულ ინტერესებს, ემუქრება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკას, რომელიც „სტრატეგიული ავტონომიის“ კურსით არის ცნობილი: ინდოეთის ყოველი მთავრობა, პარტიულობის მიუხედავად, დამოუკიდებლობის ერთგულია და თუ ქვეყნის სუვერენიტეტს რაიმე საფრთხე შეექმნება, აუცილებლობის შემთხვევაში თვითონვე იმოქმედებს საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვისათვის.

ჩვენთვის აშშ-სა და ინდოეთს შორის დღევანდელი მიმდინარე კრიზისი მხოლოდ სავაჭრო დავას არ ნიშნავს. ეს უფრო დიდი რამ არის. დონალდ ტრამპის მიერ ინდოეთისათვის სანქციების დაწესება, შეიძლება ითქვას, „იგივე ოპერიდანაა“, როგორიც არის ბრაზილიის მიმართ 50%-იანი ტარიფების შემოღება, თანაც მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყნის ექს-პრეზიდენტს ჟაირ ბოლსონარუს ბრალდება აქვს წაყენებული.

საინტერესოა, შემოიღებს თუ არა ანალოგიურ გადიდებულ ბაჟებს და ჯარიმებს დონალდ ტრამპი ჩინეთის მიმართ, რომელიც რუსული და ირანული ნავთობის ყიდვას აგრძელებს და მხარს უჭერს პალესტინას? თუ აშშ-ის პრეზიდენტი თავს შეიკავებს პეკინის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაში, აშკარა გახდება, რომ მისი თავშეკავება ჩინეთის მიმართ გამოწვეულია იმის მიზეზით, რომ იგი პეკინს ვერ შეაშინებს, ვერ დაჩაგრავს.

საყურადღებოა, რომ ჩინეთის დამოკიდებულება ამერიკულ ბაზარზე უფრო მეტია, ვიდრე ინდოეთისა. თვითონ განსაჯეთ: ინდოეთ-აშშ-ის ვაჭრობა 2024-2025 წლებში 186 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ჩვენი მთლიანი ვაჭრობის მხოლოდ 10%-ია. ახლა ვნახოთ აშშ-ჩინეთის ვაჭრობა – 2024 წელს 582 მილიარდი დოლარი! აშშ-ის ექსპორტი ჩინეთში 143 მილიარდია, იმპორტი ჩინეთიდან – 438 მილიარდი. როგორც ვხედავთ, ვაჭრობის დეფიციტი ისეთი დიდია, რომ დონალდ ტრამპისათვი ჩინეთი უპირველესი სამიზნე უნდა იყოს სანქციებისა და ჯარიმებისათვის, მაგრამ მან უკან დაიხია – იცის, რომ ჩინეთიც საპასუხო ზომებს მიმართავს.

როგორი ვარიანტები აქვს ასეთ სიტუაციაში ინდოეთს? როგორ უნდა ვიმოქმედოთ?
უპირველესი, რაც საჯაროდ უნდა განვაცხადოთ და ვაღიაროთ: დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს ინდოეთ-აშშ-ის ურთიერთობა სულ უფრო მტრული ხდება. ჩვენ თუ აშშ-ის მოთხოვნებს ნებაყოფლობით დავექვემდებარებით, ამით ჩვენს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს ვუღალატებთ. ჩვენ არცერთ ქვეყანას არ უნდა მივცეთ იმის ნება, რომ გადაგვიწყვიტოს, რომელ ქვეყანასთან უნდა ვითანამშრომლოთ და რომელთან – არა. ჩვენ კატეგორიულად უნდა მოვითხოვოთ ჩვენ საქმეებში ჩარევის დაუშვებლობა და განვაცხადოთ, რომ ინდოეთი თავის დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას გააგრძელებს.

მეორე – ობიექტურად უნდა ითქვას, რომ ინდოეთს და აშშ-ს შორის ბოლო ოცი წლის განმავლობაში საკმაოდ მტკიცე თანამშრომლობა ჩამოყალიბდა დაზვერვის სფეროში, მაგრამ ასე ვერ ვიტყვით სამხედრო ტექნიკისა და მაღალი ტექნოლოგიების მიმართ. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთ სიტუაციის გათვალისწინებით ჩვენი მოქმედება ფრთხილი უნდა იყოს და სამხედრო თანამშრომლობაზე ნეგატიურად არ უნდა აისახოს. თუ ამერიკა თვითონ გაწყვეტს ურთიერთობას, ეს უკვე მისი გადაწყვეტილება იქნება და არა ჩვენი.

მესამე – ალბათ, არიან ჩვენთან ისეთი ანალიტიკოსები, რომლებიც თანახმა არიან, რომ ინდოეთი დონალდ ტრამპის დაშინების პოლიტიკას დაემორჩილოს და სიტუაცია არ გაამწვავოს. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს დამღუპველი იქნება. ამერიკის ჭირვეული პრეზიდენტი როგორც კი დაინახავს, რომ ჩვენ უკან ვიხევთ, ის უფრო მეტ მორჩილებას მოგვთხოვს. ეს იქნება ჩვენი გამოფიტვის პროცესი. ამიტომ, უმჯობესია წინააღმდეგობა ახლავე გავუწიოთ, რომ სამომავლოდ უარესი ტანჯვა თავიდან ავიცილოთ.

მეოთხე – როგორც ჩანს, ჩვენ საკუთარ ამტანობას და სიმტკიცეს სათანადოდ არ ვაფასებთ. გავიხსენოთ, რომ უფრო სუსტებიც ვყოფილვართ ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით, მაგრამ მზად ვიყავით მარტოდმარტო გვებრძოლა ჩვენი ინტერესების დასაცავად. 1968 წელს ინდოეთმა უარი განაცხადა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე – მიუხედავად იმისა, რომ კოლოსალურ ზეწოლას განვიცდიდით საბჭოთა კავშირისაგან და აშშ-საგან. ჩვენ უარი ვთქვით და არ შევუერთდით დისკრიმინაციულ ხელშეკრულებას ბირთვული იარაღის გამოცდის საყოველთაო აკრძალვის თაობაზე 1995 წელს, მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი უარმყოფელი აღმოვჩნდით. ჩვენ ბოლომდე ერთგული ვიყავით რიო-დე-ჟანეიროს კლიმატის კონვენციის მიმართ და უარი ვთქვით პარიზის ახალი შეთანხმებისადმი შეერთებაზე და სწორად მოვიქეცით: დღეს პარიზის შეთანხმებას სწორედ ის ქვეყნები არღვევენ ყოველ ნაბიჯზე, რომლებიც ჩვენზე ზეწოლას ახდენდნენ.

ინდოეთს ყოველთვის პატივს სცემდნენ მისი გაბედული მოქმედებისა და რადიკალური ნაბიჯებისათვის საკუთარი ინტერესების დასაცავად. განვითარებადი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა მაგალითს ინდოეთისაგან იღებენ. ჩვენი ავტორიტეტს და ნდობას მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ყველაფერი ინდოეთის დიდ გავლენას და დიპლომატიურ წონას უზრუნველყოფს. ჩვენ უნდა დავაფასოთ ეს აქტივი, მას უნდა გავუფრთხილდეთ. ჩვენ გვემუქრებიან, რომ მსოფლიოს ლიდერებთან მოლაპარაკების პროცესიდან გაგრიყავთო. ინდოეთმა არასოდეს არ უნდა შეწიროს თავისი ეკონომიკური და მატერიალური ინტერესები რაღაც სიმბოლური სტატუსის მოპოვებას, რომ ჩვენ „მაღალი დონის მოლაპარაკების პროცესის მონაწილენი“ ვიყოთ.

რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა ჩვენთვის გარკვეულწილად მტკივნეული იქნება, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ ამ ტკივილის ასატანად. ინდოელი ხალხი ყოველთვის მზად იყო წარსულში და მზად იქნება სამომავლოდ მსხვერპლზე წავიდეს ეროვნული ინტერესების დასაცავად. ინდოელი ხალხი მხარს დაუჭერს ისეთ ლიდერს, რომელიც ასეთი მოწოდებით გამოვა. ეკონომისტების გამოთვლების თანახმად, დონალდ ტრამპის კაპრიზების ნიადაგზე ინდოეთის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) მხოლოდ 2%-ით შემცირდება, რაც არცთუ დიდი ფასია უფრო მნიშვნელოვანი ინტერესების დასაცავად.

მიმდინარე წელს ინდოეთი უსაფრთხოების დიალოგის ოთხმხრივ სამიტს უმასპინძლებს და ჩვენს ქვეყანას დონალდ ტრამპი ეწვევა. თუ აშშ-ის პრეზიდენტი უარს იტყვის შეხვედრაში მონაწილეობაზე, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ინდოეთმა თავის ინდოეთ-წყნარი ოკეანის სტრატეგიას უნდა გადახედოს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

იმედია, საელჩოები, მოძალადეთა სასამართლოებზე სიარულის შუალედში მაინც, თვალყურს ადევნებდნენ კომისიას, რა ტრაგედიებს ჰყვებოდნენ ადამიანები, რომელსაც ევროპა თვალს უხუჭავდა -შალვა პაპუაშვილი

მინდა, მადლობა გადავუხადო დროებით საგამოძიებო კომისიას, თითოეულ წევრს და განსაკუთრებით მის ხელმძღვანელს, ქალბატონ თეა წულუკიანს, რამდენიმე ასეული გვერდისგან შემდგარი ანგარიში მოამზადა კომისიამ, რომელსაც პარლამენტი სექტემბერში განიხილავს და თავის დასკვნასაც გამოიტანს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ევროკავშირი წამებაზე, ბიზნესის რეკეტსა და სხვა დანაშაულებზე ხუჭავდა თვალს.

„იმედი მაქვს, საელჩოები, მოძალადეების სასამართლოებზე სიარულის შუალედში მაინც, თავისი ძირითადი ფუნქციით იყვნენ დაკავებული და თვალყურს ადევნებდნენ კომისიის საქმიანობას, რა ტრაგედიებს ჰყვებოდნენ ადამიანები, რას ნიშნავს წამება, რომელსაც ევროპა თვალს უხუჭავდა 2003-2012 წლების განმავლობაში. წამებაზე, ბიზნესის რეკეტზე ხუჭავდა თვალს ევროკავშირი. ეს ერთ მხრივ არის სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულის მხილება, მაგრამ ამავე დროს ეს არის ევროპის დუმილის მხილება. მაშინ როდესაც აქ ხალხს აწამებდნენ, ევროკავშირში წითელ ხალიჩას უშლიდნენ სააკაშვილს, უფრო მეტიც, როდესაც ეს ყველაფერი გაირკვა. მეწტიცმ როდესაც ვიდეოებიც ნახეს, სასამართლოებიც და განაჩენებიც სააკაშვილის წინააღმდეგ, ამის შემდეგაც წითელ ხალიჩებს უშლიდნენ, ევროპის სახალხო პარტია თავისუფალ სკამს დგამდა მისთვის და დღესაც ევროპარლამენტი, ევროკავშირი გვეუბნება, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს ციხიდან. ეს ღირებულებითი კრიზისია სინამდვილეში ევროკავშირში, როდესაც მწამებელს და დიქტატორს იხუტებენ გულში, ქართველი ხალხის ნებას ასე შორიდან უყურებენ და არაფრად მიიჩნევენ. სინამდვილეში, ეს არის ევროკავშირის პრობლემა, რომ ღირებულების დევალვაციაა და დიქტატორი გამოცხადებული ჰყავთ მეგობრად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

“მეგობარი აქტის” მიზანია საინფორმაციო ხმაურის შექმნა, უცხოეთიდან ცდილობენ, ქართველები ჰყავდეთ ნერვებზე, რა ღირებულებებზეა საუბარი, მავნებლობენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ -შალვა პაპუაშვილი

ჩვენ ვნახეთ ბოლოს „ნაციონალური მოძრაობა“ ხელშეკრულებადადებული იმ კომპანიასთან, რომელიც შემოწირულობებს აკეთებს ჯო უილსონის კამპანიისთვის. ასე რომ, აქაც ამერიკაში მოქმედმა გამჭვირვალობის კანონმა, „რუსულს“ რომ ეძახიან, ზუსტად „რუსულმა კანონმა“ უშველა ამერიკას და გაასაჯაროვა ის ფინანსური კავშირები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„აშშ-ში მოქმედი კანონით ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, გაგვეგო ეს ფინანსური კავშირები. ისიც ვნახეთ, რომ ცოტახანი წყვეტა იყო და ახლა ამოქმედდა ახალი ხელშეკრულება. იმდენად ხელის გულზე დევს ეს ყველაფერი, მგონი, ყველაფერი გასაგებია. ჯო უილსონი, რომელიც სალომე ზურაბიშვილის სახელს ვერ წარმოთქვამს ნორმალურად და საქართველოს ვერ წარმოთქვამს ნორმალურად, ჩვენზე და ჩვენს ბედ-იღბალზე რომ არ არის გადამკვდარი, მგონი, ესეც გასაგებია და ისიც, რომ ამის უკან ინტერესები დგას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა არის „მეგობარი აქტის“ მიზანი, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „ეს არის ყოველდღიური საინფორმაციო ხმაურის შექმნა“.

„ხედავთ, როგორ ენაცვლებიან ერთმანეთს, ხან კონგრესმენი იქნება, ხან რომელიღაც პარლამენტი, ხან რომელიღაც ქვეყნის ხელისუფლება – თან ერთმანეთს არ ემთხვევიან, რომ ერთ დღეს მოხდეს ყველაფერი, გადანაწილებული აქვთ თითქოს კვირის განრიგი, რათა დღეგამოშვებით იყოს რაღაც განცხადება, შემდეგ წამოეშველება ადგილობრივ აკაცუკებს, რომ ნერვები იშალონ და ნერვები უშალონ ქართველ ხალხს. ეს არის, მეტი არაფერი. დღეს უცხოეთიდან ცდილობენ, ქართველები ჰყავდეთ ნერვებზე და ემოციური დაძაბულობა შემოიტანონ. ამას რომ უყურებთ, რა ღირებულებებზე და ევროპაზეა საუბარი. ადამიანები უბრალოდ მავნებლობენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მავნებლობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლები. ამაზე მეტი იმედგაცრუება რა უნდა იყოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა: „ჩვენ გვჭირდება „მეგობარი აქტი“.

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით პაკისტანის მოქალაქე, 2003 წელს დაბადებული მ.უ. დააკავეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე მის მიერ მითითებული ადგილებიდან შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 44 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებები „მეთადონი“ და „ალფა-პვპ“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 260-ე კვარტა მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს- TIKA-ს მხარდაჭერით გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში თურქი სპეციალისტები ქართველ ინსტრუქტორებს გადაამზადებენ

დღეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე მოხალისეთა ორგანიზაცია ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ მოხალისეთა მომზადების გომბორის ცენტრს სტუმრობდა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს – TIKA-ს თბილისის ოფისის ხელმძღვანელთან, ზეინაფ ბაირაქთან და მის მოადგილესთან, ემრე ეზბერთან ერთად. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

სტუმრებს მასპინძლობა გაუწია ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ დირექტორმა, ედუარდ ჯიშკარიანმა, რომელმაც მათ ადგილზე გააცნო TIKA-ს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის მიმდინარეობა, რომლის ფარგლებში, თურქულმა მხარემ გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრს, მაშველებისთვის ეკიპირება, სპეცფორმები და ინდივიდუალური უსაფრთხოების საშუალებები გადასცა.

ამავე პროექტის ფარგლებში, 5 თურქი სპეციალისტი, თურქეთის კონიის მუნიციპალიტეტის სახანძრო უსაფრთხოების დეპარტამენტიდან, გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრის 30 ინსტრუქტორს უტარებს ტრენინგს: „საგანგებო სიტუაციების და კატასტროფების მართვის პროგრამა; ღია პერიმეტრზე საძიებო-სამაშველო სამუშაოები“;
სწავლების პროცესი დღეს დაიწყო, მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს და 8 აგვისტომდე გასტანს.

შეგახსენებთ, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო – TIKA თურქეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციაა და უკვე 30 წელია, ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში, სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს ერთობლივ პროექტებს ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო – TIKA 2017 წლიდან თანამშრომლობს და არა ერთი პროექტი განახორციელა საქართველოს ვეტერანების მხარდასაჭერად.

ინფორმაციისთვის, მოხალისეთა ორგანიზაცია – ა(ა)იპ „ახალგაზრდები და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა და „საქართველოს გენერალთა კლუბმა“ 2023 წლის აპრილში დააფუძნეს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ტოტალური თავდაცვის პრინციპის მხარდაჭერის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და ეროვნული უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით; დაარსებიდან დღემდე, გომბორის მოსამზადებელ ცენტრში, კვალიფიციური ინსტრუქტორების მიერ, 2000-მდე სხვადასხვა ასაკის მოხალისე გადამზადდა.

თიბისის სახელფასო პროექტში ჩართვა უკვე დისტანციურად, ბიზნეს ინტერნეტბანკიდანაა შესაძლებელი

ბიზნესებისთვის თიბისის სახელფასო პროექტში ჩართვის პროცესი კიდევ უფრო გამარტივდა და ამისთვის, ბანკის ფილიალში, კომპანიის წარმომადგენლის  ვიზიტი საჭირო აღარ არის.

თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკის ახალი ფუნქციონალით, ბიზნესებს შესაძლებლ ობა აქვთ, რამდენიმე წუთში, დამატებითი პროცედურების გარეშე  ჩაერთონ სახელფასო პროექტში, თანამშრომლებისთვის გააქტიურონ სახელფასო ბარათები, დაზოგონ დრო და კიდევ უფრო გაიმარტივონ ბანკთან ურთიერთობა.

სახელფასო პროექტში ჩასართავად, საკმარისია თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკის შეთავაზებების გვერდიდან სახელფასო შეთავაზების არჩევა და საჭირო მონაცემების შევსება, რის შემდეგაც კომპანიას თიბისის წარმომადგენელი დაუკავშირდება.

„ჩვენთვის მომხმარებლების დრო ძალიან ღირებულია. სწორედ ამიტომ, მუდმივად ვცდილობთ, ბიზნესებს დისტანციური სერვისები და პროდუქტები შევთავაზოთ და მათი სურვილები და საჭიროებები მაქსიმალურად გავითვალისწინოთ. დარწმუნებული ვარ, ახალი სერვისი თანაბრად  დაუზოგავს დროს, როგორც სტარტაპების,  ისე – დიდი კომპანიების HR მენეჯერებს თუ ხელმძღვანელ პირებს“, – ია კალმახელიძე, თიბისის სახელფასო გუნდის კაპიტანი.

თიბისის სახელფასო პროექტის და მასში ჩართვის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://tbcbank.ge/ka/business/daily-banking/payroll .

®

ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ შინაპატიმრობა მიუსაჯა

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებულ ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ შინაპატიმრობა მიუსაჯა.

ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

მოსამართლის განცხადებით  პოლიტიკოსმა არ შეასრულა გასული თვეში მისთვის დაწესებული სასამართლო შეზღუდვები, კერძოდ სოციალური მედიის გამოყენებაზე დაწესებული აკრძალვა დაარღვია.

ახალი ბრძანების მიხედვით, ბოლსონარუს უკრძალავენ სახლიდან გასვლას და ვიზიტების მიღებას, გარდა იურისტებისა და სასამართლოს მიერ ნებადართული პირებისა. ასევე ეკრძალება მობილური ტელეფონის გამოყენება.

ცნობისთვის, ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს ედავებიან 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ შედეგების არაღიარებას და ხელისუფლებაში დარჩენის მცდელობას. სასამართლოს აზრით, მან მოკავშირეებთან ერთად დაგეგმა სახელმწიფო გადატრიალება არჩევნების შედეგების გასაბათილებლად. ამასთან, ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს ედავებიან, რომ ის ამერიკის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სთხოვდა მხარდაჭერას ამ საქმეში.

5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

საქმიან სფეროში კონკურენცია იჩენს თავს, თუმცა, წარმატება თქვენს მხარესაა. მოეშვით, მოდუნდით და ეცადეთ, საღამო საინტერესო ადამიანებთან ერთად გაატაროთ.

კურო

აქტიურდება შემოქმედებითი სფერო და სასიყვარულო საკითხები, შედეგებიც სასიკეთოა, თანამოაზრეებთან ურთიერთობა ოპტიმიზმით აგავსებთ და გაგახალისებთ.

ტყუპები

სარეკლამო საქმიანობისთვის მეტად ხელსაყრელი პერიოდია, კარგი დროა ექსპერიმენტებისთვის, სასიკეთო და წარმატებულიც შეიძლება იყოს თქვენი ემოციების ფურცელზე გადატანა. გაწერეთ სამომავლო გეგმები.

კირჩხიბი

შესაძლოა, დღეს დაგეგმოთ მოგზაურობა, შესაძლოა, ასევე, სარფიანი გარიგება და ხელშეკრულების დადება მოგიწიოთ პარტნიორებთან, ან წამოიწყოთ ახალი პროექტი.

ლომი

არ გამოგეპაროთ სამყაროს მინიშნებები, აიმაღლეთ განწყობა, იზრუნეთ გარეგნობაზე და კომფორტული გარემოს შექმნაზე, იყავით კეთილგანწყობილი და ლაღი.

ქალწული

სამსახურში საქმისადმი ენერგიული და პროფესიონალური მიდგომა წარმატებას მოგიტანთ. გადაანაწილეთ საკუთარი ძალები გონივრულად და ძალიან ნუ გადაიტვირთებით.

სასწორი

ნუ მოდუნდებით, იმოქმედეთ ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლით. ნურავის ნურაფერს აუხსნით, რადგან თქვენს ირგვლივ კონსერვატიული ადამიანებისთვის თქვენი კეთილშობილური ქმედებები ცოტა გაუგებარია.

მორიელი

შესაძლოა, სამსახურში განვითარებული მოულოდნელი სიტუაცია ზოგიერთმა კოლეგამ თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და ხელში აიღოს საქმის სადავეები, ნუ აღელდებით, მალე ყველაფერი ძველებურ რეჟიმში გადავა და დალაგდება.

მშვილდოსანი

დიდად დაგიფასდებათ ოჯახის წევრებზე ზრუნვა და მათ მიმართ გამოხატული ყურადღება, მათ გვერდით ყოფნა და საქმეებში მხარდაჭერა იოლად გადაგაჭრევინებთ ნებისმიერ პრობლემას.

თხის რქა

შესაძლებლობა გაქვთ, დატკბეთ სასიამოვნო სიახლეებით. გაინებივრეთ თავი, გაისეირნეთ ბუნებაში, იმხიარულეთ  ძვირფას ადამიანებთან ერთად.

მერწყული

კარგი დროა საქმიანი გარიგებებისთვის, ახალი შენაძენისთვის, აირჩიეთ რაიმე საინტერესო საქმიანობა და შეუთავსეთ სასარგებლო და სასიამოვნოს. პირად ურთიერთობებში მეტი გულისხმიერება გამოიჩინეთ.

თევზები

შესაძლოა, ძველი პრობლემური სიტუაციები დალაგდეს, გაუმჯობესდეს, ან ახალი საქმეც კი დაიწყოთ. შეუდექით საქმეს გულმოდგინებით და მიიღეთ პროცესით სიამოვნება.

5 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

5 აგვისტოს საქართველოს უმეტეს რეგიონში მზიანი ამინდია მოსალოდნელი, შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურა.

ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:

გაგრა +31 – უმეტესად მზიანი

სოხუმი +30 – უმეტესად მზიანი

ზუგდიდი +31 – უმეტესად მზიანი

მესტია +28 -მზიანი

ფოთი +29 – უმეტესად მზიანი

ბათუმი +28 – წვიმა

ოზურგეთი +29 – წვიმა

ქუთაისი +33 – უმეტესად მზიანი

ამბროლაური +32 – მზიანი

ახალციხე +33 – უმეტესად მზიანი

ბორჯომი +29 – უმეტესად მზიანი

ბაკურიანი +28 – მზიანი

გორი +37 – მზიანი

ცხინვალი +34 – მზიანი

სტეფანწმინდა +26 – მზიანი

გუდაური +22 – მზიანი

თელავი +35 – მზიანი

რუსთავი +40 – მზიანი

თბილისი +38 – მზიანი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც თურქმენეთი ქალაქ ავაზაში მასპინძლობს.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, 5  აგვისტოს, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა კონფერენციაზე. ირაკლი კობახიძე  აქცენტს გააკეთებს საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე, ქვეყნის, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი დერეფნის როლზე, რომელიც ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას დაკავშირებადობის კუთხით მნიშვნელოვან შესაძლებლობებს სთავაზობს.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური პირისპირ შეხვდება კონფერენციის მასპინძელი ქვეყნის, თურქმენეთის პრეზიდენტს სერდარ ბერდიმუჰამედოვს და გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშს.
ირაკლი კობახიძე სამიტზე დასასწრებად დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დასკვნა მიიღო

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დასკვნა მიიღო.

„ამ დოკუმენტში თავმოყრილია ყველა ის ფაქტი და ქმედება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილი და მათთან დაკავშირებული პირები 2003 წლის ნოემბრიდან დღევანდელ დღემდე ჩადიოდნენ.

ეს არის ის დოკუმენტი, რომლის გაცნობისას ნებისმიერი ადამიანი ნახავს რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში და როგორი ფაქტები იყო“, – განაცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა დასკვნის პროექტზე მსჯელობისას.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, 5 თებერვლის შემდეგ კომისიამ 46 სხდომა გამართა, 139 პირი გამოჰკითხა, მათ შორის, ოთხი პირი ორჯერ, ასევე გამართა ერთი გასვლითი შეხვედრა ხონში, სადაც სასჯელაღსრულების ყოფილი მე-13 დაწესებულება დაათვალიერა.

„დასკვნას საფუძვლად დაედო გამოკითხულ პირთა ახსნა-განმარტებები და განცხადებები, რომელთა რაოდენობაც დღეის მდგომარეობით არის 775. შევისწავლეთ ყველა ის საერთაშორისო ანგარიში თუ შეფასება, ასევე, ეროვნული და საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებები, განაჩენები და იმ საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები, რომლებიც მოცემულ პერიოდში  იყო გამოცემული და  საკვლევ საკითხებს ეხებოდა“, – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, დასკვნა რამდენიმე თავისგან შედგება და ისეთ საკითხებს შეეხება, როგორიცაა:

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას; სახელმწიფოს წარმომადგენლების მის ჩადენილ მკვლელობებსა და ძალადობას; ქონებრივი უფლებების დარღვევასა და ბიზნესის რეკეტს; მედიის თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის მესაკუთრეების წინააღმდეგ ტერორსა და მათი უფლებების დარღვევებს; მოქალაქეების პირადი ცხოვრების დაცულობის ხელყოფის უხეშ ფაქტებს, მათ პირად სივრცეებში  ფარული ჩანაწერების გაკეთებასა და შემდეგ ამ ჩანაწერების შანტაჟისთვის გამოყენების ფაქტებს; 2008 წლის აგვისტოს ომს და ასევე, 2012 წლიდან დღემდე ომის პროპაგანდასა და კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობებს.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, კომისიის დასკვნა 430-გვერდიანია და  მასში  იმ დანართების ნუსხა არ შედის, რომელიც რამდენიმე ათეულ გვერდს მოიცავს.

„იმედი მაქვს, მოცემული დოკუმენტი  შესაბამის საგამოძიებო ორგანოებსა და  სასამართლოებს გამოადგება, ასევე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რომლებიც მოწოდებული არიან აწარმოონ  ნამდვილი კვლევა და ის საკუთარი სამშობლოსა და სახელმწიფოს ინტერესებისათვის გამოიყენონ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომისიის გადაწყვეტილებით, დასკვნის განუყოფელი ნაწილი იქნება ყველა ის განცხადება, რომელიც მოქალაქეებმა კომისიაში წარადგინეს.

„არაერთი განცხადება ამ დასკვნაშია ასახული, მაგრამ არის განცხადებები, რომლებიც დასკვნაში შეიძლება სრულყოფილად ასახული არ იყოს და ეს გასაგებიც არის. ამიტომ, ყველა განცხადება ჩაითვლება ამ დასკვნის განუყოფელ ნაწილად და მას შემდეგ, რაც კომისია  მუშაობას დაასრულებს, თითოეული განცხადების შესწავლა გაგრძელდება და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება“, – აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, კომისიის დასკვნა პარლამენტის ბიუროს გადაეგზავნება, რომელიც, სავარაუდოდ, სექტემბრის პირველივე რიცხვებში საკითხს განსახილველად შეიტანს პლენარული სხდომების დღის წესრიგში.

„საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასკვნა გასაჯაროვდება და ამ დოკუმენტის პუნქტობრივი განხილვა მოხდება. ვიდრე საქართველოს პარლამენტი ამ დასკვნას არ მოისმენს, ბუნებრივია, ჩვენ, მესამე პირებთან მასზე მსჯელობას ვერ გავმართავთ“, – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.

ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად რეგისტრაცია დაიწყო

ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად რეგისტრაცია დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბენეფიციარებმა პროცედურა 4 აგვისტოდან 11 აგვისტოს ჩათვლით უნდა გაიარონ.

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რეგისტრაციის პროცესი მაქსიმალურად მარტივად არის ორგანიზებული, რათა ბენეფიციარებმა სახელმწიფო პროგრამაში გადასვლა შეძლონ.

„შევეცადეთ, მაქსიმალურად მარტივი ყოფილიყო რეგისტრაციის პროცესი, იმავდროულად, ყოფილიყო შესაძლებლობა, სრულად მოგვეძიებინა ინფორმაცია თითოეული იმ ბენეფიციარის შესახებ, რომელსაც სურს სახელმწიფოს პროგრამაში გადმოსვლა. ამ ინფორმაციის თავმოყრა აუცილებელია და უშუალოდ, ბენეფიციარის ინტერესებშია, რადგან მკურნალობის სწორად, სრულფასოვნად დაგეგმვას ისახავს მიზნად. სერვისებზე ხელმისაწვდომობას გარკვეულ საფასურად თუ ახერხებდნენ, 15 აგვისტოდან, ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შემდეგ, ეს მათთვის უფასო გახდება. შესაბამისად, დაიწყება მკურნალობის პროცესის დაგეგმვა, მკურნალობის განხორციელება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, თითოეული მათგანი მონახავს საკუთარ თავში ძალას, მიიღონ სახელმწიფოსგან გაწვდილი ხელი, რაც შეიძლება ნაკლებად იყვნენ დამოკიდებული, საერთოდ არ იყვნენ დამოკიდებული ნარკოტიკზე. შესაბამისად, ეს მათთვის იქნება მიღწევადი მიზანი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რეგისტრაცია მიმდინარეობს ონლაინ. გარდა ამისა, ყოველდღე, კვირის გარდა, 15:00-დან 18:00 საათამდე შესაძლებელია რეგისტრაცია ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში ან მის ტერიტორიულ განყოფილებებში. მოქმედებს ცხელი ხაზი: 032 230 10 53.