ფიზიკური სნეულებების გარდა, არსებობს სულიერი სნეულებებიც. ეს სნეულებები შეიძლება იყოს არა მხოლოდ ცალკეული პირების, არამედ მთელი ოჯახების, საზოგადოებების, სახელმწიფოებისაც კი. ისინიც დაკავშირებულია ცოდვასთან და მათგან განკურნებაც უნდა ხდებოდეს მხოლოდ სინანულით, გამოსწორებით და ღმერთის მცნებების შესრულებით. ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაშიც, ჩვენს ხალხშიც ვხედავთ ასეთ სულიერ სნეულებებს და ძალიან ვწუხვართ ამის გამო, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „მოქალაქეებმა უნდა იქონიონ ბოროტებასთან ბრძოლის შემართება, რომ გაიმარჯვოს მშვიდობამ, სიკეთემ და სიყვარულმა“.
„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელსაც ეწოდება განრღვეულის კვირა, რადგან წირვის დროს იკითხება სახარება უფალ იესო ქრისტეს მიერ განრღვეულის განკურნების შესახებ.
იერუსალიმში ე.წ. „ცხვრის კარიბჭესთან“ იყო აუზი, რომელშიც დროდადრო ჩამოდიოდა ანგელოზი, წყალს ამღვრევდა და ვინც პირველი ჩავიდოდა ამ წყალში, რა სენითაც არ უნდა ყოფილიყო დაავადებული, იკურნებოდა. ამიტომ იქ იყო ბევრი სნეული: ბრმები, ხეიბრები; მათ შორის იყო ერთი განრღვეული კაცი, რომელიც 38 წელი ავად იყო., მაგრამ ვერ ახერხებდა წყალში ჩასვლას, რადგან არ აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც მას დაეხმარებოდა ამაში.
აი, უფალმა იგი დაინახა, შეებრალა და განკურნა თავისი ყოვლისშემძლე სიტყვით.
სახარების ამ ეპიზოდში რამდენიმე მომენტი იპყრობს ჩვენს ყურადღებას. წარმოიდგინეთ, რომ ამდენ ხალხში ერთი ღვთისნიერი კაციც კი არ მოიძებნა, რომელიც გამოიჩენდა ადამიანობას და ადგილს დაუთმობდა, თავისზე წინ გაუშვებდა ამ სნეულს და წყალში ჩასვლაში დაეხმარებოდა. ასეთი რამ თანამედროვე ცხოვრებაშიც ხდება. შეიძლება ადამიანი ცხოვრობდეს დიდ ქალაქში, მაგრამ სრულიად მარტო გრძნობდეს თავს. ვერ ამჩნევენ მის გაჭირვებას, მწუხარებას, მარტოობას. ადამიანი შეიძლება დაიღუპოს იმიტომ, რომ არავინ არის მისი შემწე.
აი, ამაზე, ასეთ ადამიანებზე ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, ვინც უღმერთოდ ცხოვრობს, ვინც არ ზრუნავს სიკეთეზე, ღვთის მცნებების შესრულებაზე, რომ ხშირად წმინდა წერილი მათ ადამიანებადაც კი არ იხსენიებს. მაგალითად, ნახეთ, რას ამბობს ისაია წინასწარმეტყველი შუაგულ იერუსალიმში: „მოვედი და არ იყო კაცი, ვიძახდი და არავინ იყო ხმის გამცემი“, იმიტომ კი არა, რომ ხალხი მართლა არ იყო იქ (იქაურობა სავსე იყო ხალხით, ეს მთავარი ქალაქი იყო), არამედ იმიტომ, რომ იქ მყოფნი არაფრით ჯობდნენ არმყოფებს, რადგან, როგორც ამბობს ისევ იოანე ოქროპირი, ადამიანს წმინდა წერილი უწოდებს და საერთოდ ადამიანად შეიძლება იწოდოს არა ის, ვინც გარეგნულად არის ასეთი, არამედ ის, ვინც ერიდება ცოდვას, ებრძვის და ამარცხებს არაწმინდა ვნებებს, იღვწის სათნოებებისთვის და ასრულებს უფლის მცნებებს.
აი, ეს ადამიანი იესო ქრისტემ შეამჩნია და დაეხმარა მას. ამ განრღვეულმაც დაინახა უფალი, უპასუხა მის ხმას და განიკურნა. ასე რომ, ყველას, ვინც არის მწუხარებაში, განსაცდელში, თავს გრძნობს მარტო, უნდა ახსოვდეს, რომ უფალი ხედავს მათ, ახლოს არის და დახმარების ხელს უწვდის, მთავარია, ადამიანმა ეს დაინახოს და ღმერთი შემოუშვას თავის ცხოვრებაში.
ამ სახარებიდან ასევე ვხედავთ, რომ სნეულება დაკავშირებულია ცოდვასთან და განკურნება დამოკიდებულია გამოსწორებაზე, დაკავშირებულია შენდობასთან. ეს საიდან ჩანს? – უფალი იესო ქრისტე როცა ამ კაცს განკურნავს, ეტყვის ასეთ სიტყვებს: „აი, შენ განიკურნე, ამიერიდან ნუღარ შესცოდავ, რომ უარესი რამ არ დაგემართოს“ (ინ. 5,14).
მართლაც, ფიზიკური სნეულებები, როგორც ვთქვით, დაკავშირებულია ცოდვებთან, მათგან განკურნება კი დამოკიდებული არ არის მხოლოდ ექიმებსა და წამლებზე, არამედ სინანულსა და გამოსწორებაზე.
მაგრამ ფიზიკური სნეულებების გარდა, არსებობს სულიერი სნეულებებიც. ეს სნეულებები შეიძლება იყოს არა მხოლოდ ცალკეული პირების, არამედ მთელი ოჯახების, საზოგადოებების, სახელმწიფოებისაც კი. ისინიც დაკავშირებულია ცოდვასთან და მათგან განკურნებაც უნდა ხდებოდეს მხოლოდ სინანულით, გამოსწორებით და ღმერთის მცნებების შესრულებით.
ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაშიც, ჩვენს ხალხშიც ვხედავთ ასეთ სულიერ სნეულებებს და ძალიან ვწუხვართ ამის გამო. ამიტომ უნდა ვიქონიოთ ბოროტებასთან ბრძოლის შემართება, რომ ჩვენში გაიმარჯვოს მშვიდობამ, სიკეთემ და სიყვარულმა, რაშიც შეგვეწიოს უფალი ჩვენი იესო ქრისტე თავისი მადლითა და კაცთმოყვარებით, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!“,-აღნიშნა მეუფე შიომ.