Home Blog

“ირაკლი კობახიძემ ყველაზე უკეთ იცის, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მთავრობასთან დაკავშირებით” – კახა კალაძე

„პრემიერ-მინისტრმა თავად ისაუბრა საკადრო ცვლილებების თემაზე, მან ვრცლად გააკეთა განმარტებები და მე ბევრს ვერაფერს დავამატებ“, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ კითხვას, რომელიც მთავრობაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს ეხებოდა.

მისი თქმით,  აღნიშნულ საკითხზე კითხვები ამოწურულია, რადგან ირაკლი კობახიძემ, როგორც მთავრობის ხელმძღვანელმა, უკვე ვრცლად ისაუბრა მთავრობასთან დაკავშირებულ საკადრო გადაწყვეტილებაზე.

„ირაკლი კობახიძე არის მთავრობის ხელმძღვანელი და ის იღებს გადაწყვეტილებას, თუ რა და როგორ გააკეთოს. მგონი ყველა მინისტრი ადგილზეა და განაგრძობს მუშაობას. ირაკლი კობახიძემ ვრცლად ისაუბრა ამ გადაწყვეტილების შესახებ. შესაბამისად, კითხვები ამოწურულია. პრემიერ-მინისტრს უშუალო შეხება აქვს მთავრობის მუშაობასთან, მინისტრების კომპეტენციასთან, მათ მუშაობასთან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მან ყველაზე უკეთ იცის, თუ რა უნდა გაკეთდეს და რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მთავრობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“რუსეთის მიმართ სანქციებს არ ვაწესებთ, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენი ტერიტორია არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის”

სანქციებთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკა, ეს გრძელდება როგორც, პირდაპირი გაგებით, სახელმწიფო სტრუქტურებზე, ასევე იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც სახელმწიფოსთან არიან დაკავშირებული, ასეთია საქართველოს რკინიგზა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს, რომლის მიხედვითაც საქართველოს რკინიგზა ტენდერებს აფორმებს სანქცირებულ მოქალაქეებთან.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს ინფორმაცია არასწორია.

„შეგიძლიათ დამატებით მოიძიოთ და დარწმუნდებით, რომ ეს ინფორმაცია არის არასწორი. რაც შეეხება სანქციებს. სანქციებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკა. ეს გრძელდება როგორც პირდაპირი გაგებით, სახელმწიფო სტრუქტურებზე, ასევე იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც სახელმწიფოსთან არიან დაკავშირებული, ასეთია საქართველოს რკინიგზა. ჩვენ გვაქვს მკაფიო პოლიტიკა. მართალია, არ ვაწესებთ სანქციებს, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენი ტერიტორია არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის. მათ შორის, არ არის დაშვებული თანამშრომლობა სანქცირებულ კომპანიასთან. ეს იყო ჩვენი პოლიტიკა. ყველამ ყველაფერი შეიძლება თქვას, მაგრამ შეგიძლიათ დამატებით მოიძიოთ ინფორმაცია და დარწმუნდებით, რომ ეს ყველაფერი არის ტყუილი“, – განაცხადა კობახიძემ.

“როდესაც თეთრზე შავს გეუბნებიან, მსგავსი ტიპის განცხადებები საგარეო ურთიერთობებს აზიანებს” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადებები საზოგადოებაში ნიჰილიზმს და  ევროპული მომავლის მიმართ არასწორ დამოკიდებულებას იწვევს.

კითხვას – უნდა მოხდეს თუ არა მათ მიერ გაკეთებული განცხადებებისა და ევროკავშირის აღმასრულებელი რგოლის პოზიციის გამიჯვნა, კახა კალაძე დადებითად პასუხობს.

„ქვეყანაში ევროინტეგრაციის პროცესს და ქვეყნის ევროპულ მომავალს მოსახლეობის 80%-ზე მეტი ემხრობა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. საზოგადოებას წარმოუდგენია, რომ ევროპა არის სამართლიანობა, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, საკუთრების უფლებები და ა.შ. რა თქმა უნდა, როდესაც თეთრზე შავს გეუბნებიან, მსგავსი განცხადებები, დამაზიანებელია, საზოგადოებაში იწვევს ნიჰილიზმს და არასწორ დამოკიდებულებას ევროპული მომავლის მიმართ. შესაბამისად, ძალიან ცუდი და ოდიოზურია, ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთება. რა თქმა უნდა, ევროკავშირის აღმასრულებელი რგოლი ამ განცხადებებს უნდა გაემიჯნოს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, მსგავსი ტიპის განცხადებები საგარეო ურთიერთობებსაც აზიანებს.

„დღეს ძალიან ბევრი ითქვა ამ საკითხებთან დაკავშირებით და აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულებაა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ ყველაფრის ერთმანეთისგან გამიჯვნა, რადგან, როდესაც მსგავსი ტიპის განცხადებებით თეთრზე შავს გეუბნებიან, ეს საგარეო ურთიერთობებსაც აზიანებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

“საპატრიარქოსა და პატრიარქის შესახებ პრეზიდენტის მხრიდან გაკეთებული განცხადებები გამაოგნებელია” – კახა კალაძე

„მიზანმიმართული თავდასხმები პატრიარქზე და ჩვენს ეკლესიაზე არ არის პირველი შემთხვევა, თუმცა, პრეზიდენტის მხრიდან მსგავსი განცხადებები ნამდვილად გამაოგნებელია“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

თბილისის მერის თქმით, საქართველოს საპატრიარქოსა და „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან პრეზიდენტის საპასუხოდ გაკეთებული განცხადებები კი არ არის თავდასხმა, არამედ თავად სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებებია გამაოგნებელი.

„პრეზიდენტის გამაოგნებელი განცხადების შეფასებას საპატრიარქოს მხრიდან თქვენ თავდასხმად აღიქვამთ? საოცარია. ნამდვილად გამაოგნებელი იყო პრეზიდენტის განცხადების პათოსი, პატრიარქზე თავდასხმა.

პატრიარქი გახლავთ ადამიანი, რომელიც ყველაზე დიდი სიყვარულითა და ავტორიტეტით სარგებლობს ქვეყანაში. მან წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გააკეთა ქართული ეკლესიისთვის. მიზანმიმართული თავდასხმები მასზე, ეკლესიაზე, ჩვენს სარწმუნოებაზე – არ არის პირველი შემთხვევა. ჩვენ ამას წლების განმავლობაში ვისმენდით სხვადასხვა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. თუმცა, პრეზიდენტის მხრიდან მსგავსი განცხადებები ნამდვილად გამაოგნებელია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

N308 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები 2 მარტიდან იმოძრავებენ

MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსები N308 მარშრუტზეც იმოძრავებენ. აღნიშნულ მარშრუტზე აქამდე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები ცხრა ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსით 2 მარტიდან ჩანაცვლდება.

N308 ავტობუსი ბარათაშვილის ქუჩიდან გადაადგილდება უკვე არსებული სქემით – თავისუფლების მოედნის, რუსთაველის გამზირის, კოსტავას ქუჩის, გმირთა მოედნის, თამარ მეფის გამზირის, წინამძღვრიშვილის ქუჩის, წერეთლის გამზირის, ერისთავის ქუჩის, გურამიშვილის გამზირის, სარაჯიშვილის ქუჩის, აკაკი ვასაძის ქუჩის, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმართულებით და მოძრაობას ომარ ხიზანიშვილის ქუჩაზე (გლდანის VII–VIII მიკრორაიონების დამაკავშირებელი გზა) დაასრულებს.

რაც შეეხება უკუმიმართულებით მოძრაობას, გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის  ისტორიულ არეალებში მდებარე ზოგიერთ ქუჩაზე არ არის მიზანშეწონილი ინფრასტრუქტურული ჩარევა, რაც 18-მეტრიანი ავტობუსების გაბარიტების გათვალისწინებითაა საჭირო, ავტობუსი შეიცვლის მარშრუტს და გადაადგილდება მცირედი ცვლილებით.

კერძოდ, ამ შემთხვევაში, ავტობუსი მგზავრთა მომსახურებისთვის გამოიყენებს ბარათაშვილისა და პუშკინის ქუჩებს, თავისუფლების  მოედანს, რუსთაველის გამზირს, კოსტავას ქუჩას, გმირთა მოედანს, თამარ მეფის გამზირს, წინამძღვრიშვილის ქუჩას, წერეთლის გამზირს, ერისთავის ქუჩას, გურამიშვილის გამზირს, სარაჯიშვილის, ქერჩისა და ვასაძის ქუჩებს, შემდეგ გადაადგილდება მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიისკენ და ხიზანიშვილის ქუჩაზე (გლდანის VII–VIII მიკრორაიონების დამაკავშირებელი გზა) გაჩერდება.

კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსებში მოქმედებს საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს მგზავრების საფასურის გადახდისა და საინფორმაციო სისტემების მართვის კომპიუტერს, საინფორმაციო დაფებს, აუდიო საინფორმაციო და ვიდეომონიტორინგის სისტემას. ასევე, WIFI მოწყობილობას.

აღსანიშნავია, რომ 18-მეტრიანი 160 ერთეული ავტობუსი მუნიციპალიტეტმა სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში შეიძინა. უახლოეს დღეებში დაგეგმილია ასევე, 18-მეტრიანი ავტობუსების გადანაწილება N301-სა და N314 მარშრუტებზე.

“დარწმუნებული ვარ, ჯანდაცვის მინისტრთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება მოემსახურება ამ სექტორში მეტი პროგრესის მიღწევას”

ჯანდაცვის მინისტრთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას რაც შეეხება, ეს არის მისი პრეროგატივა, მისი დისკრეცია. კობახიძემ მიიღო ეს გადაწყვეტილება და დარწმუნებული ვარ, მისი გადაწყვეტილება მოემსახურება ჯანდაცვისა და სოციალურ სექტორში კიდევ უფრო მეტი პროგრესის მიღწევას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის განცხადებით, კობახიძემ თქვა, რომ კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები იქნება.

„პოლიტიკური კონსულტაციებით მოხდება ახალი კანდიდატურის შერჩევა. ეს გადაწყვეტილებაც არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა. დარწმუნებული ვარ, საუკეთესო და ყველაზე კომპეტენტური იქნება ამ პოზიციისთვის შერჩეული. ნებისმიერ შემთხვევაში, ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, მას ექნება გუნდის პოლიტიკური მხარდაჭერა. რაც შეეხება ზურაბ აზარაშვილს, მეც მინდა, მას მადლობა გადავუხადო ყველა კარგი საქმისთვის, რომლის გაკეთებაც ამ წლების განმავლობაში შეძლო და ვუსურვო წარმატებები“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვის პასუხად თალაკვაძემ განაცხადა, რომ მინისტრობის ახალ კანდიდატურასთან დაკავშირებით არანაირი კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

„ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა და სწორედ ის არის ადამიანი, ვინც კონსულტაციებს წარმართავს და თავის გადაწყვეტილებას წარუდგენს თავად საზოგადოებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დღეს დატოვა.

“ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან დაკავშირებული ინიციატივით, სავარაუდოდ, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას აპირებენ”

ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან დაკავშირებული ინიციატივით, სავარაუდოდ, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას აპირებენ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას კითხვა დაუსვეს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს.

„ზოგადად, ვერასდროს წარმომედგინა, თუ მთავრობის საქმე ადამიანების უკანალის დაცვა იქნებოდა. მგონი, ჩვენი მთავრობა ერთადერთია სამყაროში, რომელმაც ჩათვალა, რომ მისი მთავარი კომპეტენციაა, რაღაცნაირად გაუფრთხილდეს ამ ღირებულებას და სიკეთეს. მინდა, წარმატება ვუსურვო ამ ყველაფერში. ვიცი, რომ ამ მიზნით – ადამიანების უკანალები დაიცვან, საბოლოო ჯამში, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას მოიფიქრებენ. მათ განცხადებაში ასე იგრძნობოდა. მოგეხსენებათ, პოსტსაბჭოთა ქვეყანა ვართ და ყველაფერში ვითხოვთ მთავრობის დახმარებას, მაგრამ ეს ერთადერთი საკითხია, როცა ქართველ ხალხს მთავრობისთვის არ გვითხოვია დახმარება, არ გვითხოვია, დაგვეხმარეთ ჩვენი სხეულის ნაწილების დაცვაშიო. ასეთი არც თხოვნა და არც საარჩევნო დაპირება ყოფილა. ნაცვლად იმისა, რომ მთავრობა მართლა ზრუნავდეს ევროინტეგრაციის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მოიგონეს არარსებული საჭიროების თემა – ქართველი ხალხის უკანალების დაცვა და შეუდგნენ ამ ფუნქციის განხორციელებას. ეს ცოტა სასაცილო მგონია, მაგრამ მთლად ირონიულიც არ არის. სავარაუდოდ, ამ მოტივით აპირებენ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. დავაკვირდებით, ჩვენ ყველაფერს ვაკვირდებით, თან ეს ისეთი პროცესია, ამ პროცესში ჩართული მთავრობა სულ სხვანაირად არის სანახავი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„საქართველოს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროპის გაზით მომარაგების და ენერგოუსაფრთხოების კუთხით” – ლევან დავითაშვილი

„საქართველო  სამხრეთის გაზის დერეფნის უმნიშვნელოვანეს რგოლს წარმოადგენს. პროექტი 10 წლის წინ დაიწყო და დღეს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროპის გაზით მომარაგების კუთხით, ასევე ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის, რაშიც საქართველოს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს”, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ლევან დავითაშვილმა დღეს  ბაქოში მიმდინარე სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-10 მინისტერიალის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

მინისტერიალზე სამხრეთის გაზის დერეფნის მონაწილე ქვეყნების მთავრობათა წარმომადგენლებმა, ასევე ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონმა პროექტის მიმდინარე საკვანძო საკითხები და მისი განვითარების სამომავლო ხედვა და გეგმები განიხილეს. მინისტრთა სესიაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აქცენტს იმ გარემოებაზე აკეთებს, რომ სამხრეთის გაზის დერეფნის უმნიშვნელოვანესი მაგისტრალები სწორედ საქართველოზე გადის და კასპიის ზღვიდან გაზის მიწოდება საქართველოს აქტიური თანამონაწილეობის და ჩართულობის გარეშე ვერ მოხდებოდა.

„ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს როგორც ევროპელ პარტნიორებთან, ისე, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანთან და თურქეთთან, იმისთვის, რომ ამ პროექტის შესაძლებლობები მომავალ წლებში კიდევ უფრო გაიზარდოს და მან კიდევ უფრო დიდი როლი შეასრულოს ევროპის გაზით მომარაგების მიმართულებით. რა თქმა უნდა, საქართველოსაც აქვს თავისი ეკონომიკური ინტერესები და ისინი მაქსიმალურად უნდა იყოს გამოხატული”, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ბაქოში მიმდინარე  შეხვედრა საქართველოსთვის ასევე სასარგებლოა იმ თვალსაზრისით, რომ ის კარგი შესაძლებლობაა პარტნიორ ქვეყნებთან ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და ამ კუთხით თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ.

“კანონპროექტი, რომელიც „საზოგადოების ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაცვას გულისხმობს“, ქვეყანაში არსებული მნიშვნელოვანი პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა”

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას განაცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული ახალი ინიციატივა, რომელიც „საზოგადოების ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაცვას გულისხმობს“, ქვეყანაში არსებული მნიშვნელოვანი პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა.

როგორც თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პარლამენტში იმგვარი ინიციატივების შემოტანაა საჭირო, რომელიც ებრძვის ფასების ზრდას, უმუშევრობას, უპერსპექტივობას.

„საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას აღელვებს გაზრდილი ფასები, სიღარიბე, უმუშევრობა, უპერსპექტივობა, ის, რომ პრაქტიკულად, ოჯახი არ არის დარჩენილი საქართველოში, საიდანაც ოჯახის წევრი ან წასული არ არის საზღვარგარეთ სამუშაოდ ან არ განიხილავს ამ პერსპექტივას სწორედ იმ უპერსპექტივობის, უმუშევრობისა და სიდუხჭირის გამო, რომელშიც ივანიშვილის 12-წლიანმა მმართველობამ შეიყვანა ჩვენი ქვეყანა. ეს არის ის რეალური პრობლემები, რაზეც უნდა საუბრობდეს, ზრუნავდეს და რის გადაჭრასაც უნდა ცდილობდეს ივანიშვილის პარტია, მაგრამ ნაცვლად ამისა, ჩვენ ვხედავთ ამ უმნიშვნელოვანესი თემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობას. გამარჯვების კოალიციისთვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” მთავარია ამ პრობლემების მოგვარება, საუბარი და ერთობლივად გზების მოძებნა იმისთვის, რომ ეს პრობლემები, რომლის წინაშეც საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა დგას, გადაიჭრას.

პარლამენტში იმგვარი ინიციატივების შემოტანაა საჭირო, რომელიც ებრძვის ფასების ზრდას, უმუშევრობას, უპერსპექტივობას. ეკონომიკური რეფორმები, რომელიც გაწმენდს სისტემას კორუფციისგან და რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ მხოლოდ ივანიშვილის პარტიის ინტერესში კი არ მუშაობდეს ეკონომიკა, არამედ საქართველოს მოქალაქის ინტერესში. იზრუნონ პენსიების ზრდაზე, ახალგაზრდებისთვის სამუშაო ადგილების პერსპექტივის გაჩენაზე. ნაცვლად ამისა, ისინი საუბრობენ ყველაფერზე, გარდა იმისა, რაც აქტუალური და პრობლემურია“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, “ქართულმა ოცნებამ” მიიღო გადაწყვეტილება, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას “ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს”. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა.

მდინარაძის თქმით, კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება და პარლამენტში დაინიცირდება.

„ვლადიმერ პუტინი უკრაინის კონფლიქტის გამო დასავლეთს აფრთხილებს“ – Financial Times

ბრიტანული გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ვლადიმერ პუტინი უკრაინის კონფლიქტის გამო დასავლეთს აფრთხილებს“ (ავტორები – მაქს სედონი და კორტნი უივერი), რომელშიც მიმოხილული და კომენტირებულია რუსეთის პრეზიდენტის მოხსენება „ქვეყნის მდგომარეობის შესახებ“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებული სახით:

ვლადიმერ პუტინმა, ქვეყნის მდგომარეობის შესახებ რუსეთის ფედერალური კრების სხდომაზე მოხსენებით გამოსვლისას, განაცხადა, რომ დასავლეთის მიერ უკრაინის მხარდაჭერა სარისკოა და ბიძგს აძლევს გლობალური ომის პროვოცირებას – ეს სწორედ ის აშკარა მუქარა იყო ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებაზე მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანება გასცა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შესახებ ორი წლის წინათ.

მართალია, მან ქვეყნის პოლიტიკურ ელიტას განუცხადა, რომ დასავლეთში გავრცელებული შიში, თითქოსდა რუსეთი ევროპის ქვეყნებს თავდასხმას უპირებს, სისულელეა, მაგრამ იქვე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინისადმი დახმარების ყოველ ნებისმიერ ზრდას „ნამდვილად შეუძლია ომის ესკალაციის გამოწვევა ბირთვული იარაღის გამოყენებით, რაც დედამიწაზე ადამიანთა ცივილიზაციის დაღუპვას ნიშნავს“.

გამოეხმაურა რა თავისი ფრანგი კოლეგის ემანუელ მაკრონის ნათქვამს – „გამორიცხული არ არის უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების ჯარების გაგზავნაო“ – ვლადიმერ პუტინმა ხაზგასმით განაცხადა, რომ „რუსეთს ახსოვს თუ რა ბედი ეწია მათ, ვინც ჩვენს წინააღმდეგ თავიანთ სამხედრო კონტინგენტს გზავნიდა, მაგრამ ახლა სავარაუდო ინტერვენტებისათვის შედეგები უფრო ტრაგიკული იქნება“. მან მცირე პაუზა გააკეთა და დაამატა: „ჩვენ ახლა გვაქვს ისეთი იარაღი, რომლითაც ინტერვენტი ქვეყნის ტერიტორიას დავარტყამთ და გავანადგურებთ“.

ვლადიმერ პუტინის თქმით, უკრაინისათვის დასავლური თანამედროვე იარაღის მიწოდებას და ნატოს ჯარების განლაგების პერსპექტივას ბირთვული კონფლიქტის გამოწვევა შეუძლია: „ზოგიერთები ფიქრობენ, რომ რუსეთს ეთამაშებიან. ისინი საკუთარი უპირატესობის კომპლექსით არიან დაბრმავებულები“, – აღნიშნა რუსეთის ლიდერმა და დასძინა, რომ ქვეყნის ბირთვული ძალები მუდამ მზად არიან გამოსაყენებლად საჭირო მომენტში. რუსეთი აგრძელებს მუშაობას ისეთი ახალი იარაღის შესაქმნელად, რომლის ჩამოგდება შეუძლებელია.

რუსეთის პრეზიდენტმა უარყო აშშ-ის განცხადება, თითქოსდა კრემლი ბირთვული იარაღის კოსმოსში განთავსებას აპირებს: „დასავლეთს სურს რუსეთი გამალებულ შეიარაღებაში ჩაითრიოს – ისინი იმეორებენ იმ ტრიუკს, რაც საბჭოთა კავშირს 1980-იან წლებში გაუკეთეს [ვარსკვლავური ომების სახით], როცა მოსკოვმა უდიდესი თანხები გადახარჯა თავდაცვის სფეროში და ამით 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლა დააჩქარა. „ყველამ უნდა იცოდეს, რომ სუვერენული და ძლიერი რუსეთის გარეშე სტაბილური მსოფლიო წესრიგი არ დამყარდება“, – თქვა ვლადიმერ პუტინმა.

ევროკავშირში უკვე განაცხადეს, რომ ვლადიმერ პუტინის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე ლაპარაკი „სრულიად მიუღებელი და უადგილოა“, ვინაიდან სწორედ კრემლმა დაიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ და რეგიონული სტაბილურობა დაარღვია.

„რუსეთის პრეზიდენტი მოახლოებული არჩევნების ფონზე რუს ხალხს ატყუებს და ისეთ რეპრესიებს მიმართავს, რომლებიც იოსებ სტალინის მმართველობის პერიოდისათვის იყო დამახასიათებელი“, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

კრემლმა ვლადიმერ პუტინის გამოსვლა ისეთი სახით წარმოადგინა, რომელიც ერთგვარი სახელმძღვანელო დოკუმენტი იქნება მომავალი ექვსი წლის განმავლობაში, 2030 წლამდე. კრემლი დარწმუნებულია, რომ მარტში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინი აუცილებლად გაიმარჯვებს. ხელისუფლებაში 24-წლიანი ყოფნის შედეგად მას არცერთი ძლიერი მეტოქე არ ჰყავს, რადგან ოპოზიციას ძლიერ წნეხში ამყოფებს და სხვაგვარად აზროვნება კანონგარეშედ არის გამოცხადებული.

საინტერესოა, რომ კინოთეატრების პროკრემლურმა მფლობელებმა მთელი რუსეთის მასშტაბით [დარბაზებში] უფასოდ გაუშვეს მისი სიტყვით გამოსვლა, რაც იმას აჩვენებს, თუ რა დონით უთმობს ყურადღებას უკრაინის კონფლიქტს პრეზიდენტი.

უილიამ ალბერკე, სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორი, ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ლაპარაკი მიმართულია დასავლეთის დასაშინებლად, რათა ვაშინგტონმა და ბრიუსელმა შეწყვიტონ უკრაინისადმი დახმარება ომის გადამწყვეტ მომენტში: „იგი იმედოვნებს, რომ ომის ესკალაციის მუქარით დასავლელ ლიდერებს შიშის გრძნობას აღუძრავს და რომ ისინი ყოყმანს დაიწყებენ, თუ რამდენად უღირთ უკრაინისათვის იარაღის მიწოდება“, – ამბობს უილიამ ალბერკე.

თავის მხრივ, რუსმა ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ მუქარებისა და უხვსიტყვაობის მიუხედავად, კრემლი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს. „ვლადიმერ პუტინის რიტორიკა ფორმალურია – სინამდვილეში ბირთვული ომის დაწყება თვითონ კრემლს ეშინია. ეს მხოლოდ შანტაჟია და სხვა არაფერი“, – ამბობს ანდრეი კოლესნიკოვი, ამერიკული კარნეგის ფონდის მოსკოვის ფილიალის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

ვენის (ავსტრია) ჰუმანიტარული მეცნიერების ინსტიტუტის მიწვეული მეცნიერ-მუშაკის კირილ როგოვის თქმით, ვლადიმერ პუტინის გამოსვლაში უფრო მეტი ყურადღება ბირთვული ომის შესაძლებლობას იმიტომ დაეთმო, რომ კრემლმა სტიმული შეუქმნა ამერიკის მხარეს მოლაპარაკებაზე წამოსასვლელად“. მისი აზრით, ბრძოლის ველზე რუსეთის არმიის მიერ ამას წინათ მოპოვებული წარმატებები იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ ვლადიმერ პუტინი ბირთვული იარაღით არ ისარგებლებს – „ომის იმ წარუმატებელი პერიოდისაგან განსხვავებით, როცა მის რეჟიმს ეგზისტენციალური საფრთხე შეექმნება“.

წყარო

“კომენტარის გაკეთებაც არ შეიძლება იმ განცხადებაზე, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა საპატრიარქოსთან დაკავშირებით გააკეთა”

კომენტარის გაკეთებაც კი არ შეიძლება იმ განცხადებაზე, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა საპატრიარქოსთან დაკავშირებით გააკეთა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ლონდონში, Chatham House-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც საქართველოს ეკლესიის როლის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა: „ეკლესიასთან დაკავშირებით კომპლექსური ვითარებაა, ერთ-ერთი მიზეზია პატრიარქის სისუსტე. ვიმედოვნებ, ეკლესია შეძლებს, აირჩიოს პროქართველი, პროევროპელი და არა პრორუსი პატრიარქი“.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ასეთი განცხადებები გამაოგნებელია.

„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასეთი განცხადებები გამაოგნებელია. ამ თემაზე მეტი კომენტარის გაკეთება არ მინდა“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს, რამდენად მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს, რაზეც კობახიძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილისგან ყველაფერი მოსალოდნელია.

„სალომე ზურაბიშვილისგან ყველაფრის მოლოდინი შეიძლება გვქონდეს. იმდენი უხეში ქმედება განახორციელა სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, რომ შეიძლება, ყველაფერი გააკეთოს, თუმცა ამ მარჩიელობაში ვერ შევალ“, – აღნიშნა კობახიძემ.

“საქართველოს აქვს ძლიერი ინსტიტუტები, რომლებსაც ეროვნული ინტერესების დაცვა განუხრელად, მყარად შეუძლიათ” – ირაკლი კობახიძე

საქართველოს აქვს ძლიერი ინსტიტუტები, რომლებსაც ეროვნული ინტერესების დაცვა განუხრელად, მყარად შეუძლიათ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, გასული ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ მმართველი გუნდის მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან არის 55 დან 60% მდე.

„ვერავითარი ეკონომიკური წარმატება ვერ მიიღწევა მშვიდობისა და პოლიტიკური სტაბილურობის გარეშე. ყველას გახსოვთ, როგორ წარიმართა მოვლენები გასული სამი წლის განმავლობაში. იყო სერიოზული მცდელობა, საქართველოში დაერღვიათ პოლიტიკური სტაბილურობა და ჩვენი ქვეყანა ექციათ იმ სცენარის შემადგენელ ნაწილად, რომელი სცენარიც სამწუხაროდ, ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში განვითარდა. საბედნიეროდ, ჩვენმა ქვეყანამ, ხელისუფლებამ გაუძლო ზეწოლას და შეძლო როგორც სახელმწიფოებრივი სიმტკიცის, ისე ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება. ამით დადასტურდა, რომ საქართველოს აქვს ძლიერი ინსტიტუტები, რომლებსაც ეროვნული ინტერესების დაცვა განუხრელად, მყარად შეუძლიათ.

დღეს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს მყარი პოზიციები და ძლიერი მხარდაჭერა საზოგადოებისგან. გასული ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ ჩვენ მმართველი გუნდის მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან არის 55 დან 60% მდე. ეს არის რა თქმა უნდა, პარტიული რეიტინგი, მაგრამ ეს ყველაფერი თავისთავად მეტყველებს იმაზე, რამდენად ძლიერია მთავრობის, ხელისუფლების მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერა. იგივე კვლევები, სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს, თუ რა არის ამ ყველაფრის მიზეზი. ძირითადად, ორი ფაქტორი განაპირობებს მოსახლეობის ძლიერ მხარდაჭერას ჩვენი გუნდის მიმართ. ეს არის მშვიდობის შენარჩუნება, პირველი ფაქტორი, ხალხი ხედავს, თუ რა ხდება ჩვენს გარშემო, მსოფლიოში არაერთი ცხელი წერტილია. ამ ვითარებაში, მიუხედავად სერიოზული რისკებისა, ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს მშვიდობას და მეორე ფაქტორი, რაც განაპირობებს მოსახლეობის ძლიერ მხარდაჭერას, ეს არის სწორედ ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკური წინსვლა, რაც აისახება ბუნებრივია მოსახლეობის სოციალურ პირობებზე. ჩვენ შეგვიძლია დავდოთ ძალიან მყარი პირობა როგორც ფართო საზოგადოების, ისე ბიზნესის წინაშე, რომ მშვიდობას, პოლიტიკურ სტაბილურობას და ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს მომავალშიც აუცილებლად შევინარჩუნებთ. ამ ყველაფერზე ვსაუბრობთ იმის გამო, რომ შეგიქმნათ სიმყარის განცდა. რეალურად გვაქვს ყველანაირი საფუძველი იმისთვის, რომ სტაბილურად, მყარად განვაგრძოთ ზრუნვა ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის. პირადად მე, როგორც პრემიერ მინისტრმა კიდევ ერთხელ მინდა დაგიდასტუროთ ღიაობის სრული მზადყოფნა ბიზნესთან, ბიზნეს ასოციაციასთან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.