Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

მთავარია, საზოგადოებამ არ დაკარგოს სიფხიზლე, სიფრთხილე, ჩვენი მხრიდან გაკეთდება ყველაფერი, რათა გაგრძელდეს ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით -ირაკლი კობახიძე

ჩვენ ყველა ნაბიჯისთვის ვართ მზად, გარდა იმ ნაბიჯებისა, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევასთან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მიმართ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან წაყენებული ყველა პირობა პრაქტიკულად დაკავშირებულია საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევასთან.

„რაც შეეხება იმ პირობებს, რომლებსაც აყენებს ევროპული ბიუროკრატია საქართველოს მიმართ, საქართველოს ხელისუფლების მიმართ ყველა ეს პირობა პრაქტიკულად დაკავშირებულია საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევასთან. რასთან დაკავშირებითაც პირველ რიგში საზოგადოებამ უნდა გააკეთოს შესაბამისი ანალიზი, შესაბამისი შეფასებები, რაში სჭირდება ევროპულ ბიუროკრატიას საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევა. თქვენ, გარდა ამ პირობებისა, ხედავთ, რომ პირდაპირ ხდება ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან იმ პროცესების მხარდაჭერა, რომელიც დაკავშირებულია ქვეყანაში სიძულვილის გაღვივებასთან, რადიკალური პროცესების გაღვივებასთან. ამას ბუნებრივია, საზოგადოება აკვირდება და საზოგადოება აფასებს. მთავარია, რომ საზოგადოებამ არ დაკარგოს სიფხიზლე, სიფრთხილე და თითოეულ იმ ქმედებას, რომელსაც იხილავს, უნდა დააკვირდეს მაქსიმალური ყურადღებით; ეს არის მთავარი. ჩვენი მხრიდან გაკეთდება ყველაფერი იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და ბუნებრივია, ვიმოქმედებთ ამ პასუხისმგებლობით“, – განაცხადა კობახიძემ.

თიბისი უზბეკეთი ნეობანკინგის კატეგორიაში მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფინტექად დასახელდა

თიბისი უზბეკეთი, ცენტრალური აზიის ციფრული საბანკო ეკოსისტემის ლიდერი და ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული თიბისი ჯგუფის წევრი, CNBC-ისა და Statista-ს მიერ ნეობანკინგის კატეგორიაში მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფინტექ კომპანიად იქნა აღიარებული. თიბისი უზბეკეთი პირველი და ერთადერთი კომპანია, როგორც უზბეკეთიდან, ასევე ცენტრალური აზიის რეგიონიდან, რომელმაც ეს აღიარება მოიპოვა.

CNBC-ისა და Statista-ს შედგენილი მსოფლიოს საუკეთესო ფინტექ კომპანიების სია ფინტექ ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვან საორიენტაციო ნიშნულს წარმოადგენს. ის ეფუძნება ძირითადი მაჩვენებლების სიღრმისეულ ანალიზს, როგორიცაა შემოსავალი, მომგებიანობა და სხვა ფინანსური მაჩვენებლები, ასევე მომხმარებელთა რაოდენობა, სესხებისა და დეპოზიტების პორტფელის ზრდა, ტრანზაქციების მოცულობა, ბაზრის წილი და პერსონალის მონაცემები.

თიბისი უზბეკეთის ეკოსისტემა 19.7 მილიონ მომხმარებელს აერთიანებს და მოიცავს ქვეყნის უდიდეს ციფრულ ბანკს TBC UZ-ს, ციფრული გადახდების აპლიკაციას Payme-ს, BNPL ბიზნეს Payme Nasiya-ს და TBC დაზღვევას. მისი ნეობანკინგის კატეგორიაში მსოფლიოს საუკეთესო ფინტექ კომპანიების სიაში დასახელება ასახავს ციფრული ბანკინგის სწრაფ ზრდას და მაღალ მომგებიანობას, ასევე მის მისწრაფებას – უზრუნველყოს საუკეთესო, სრულად ციფრული ფინანსური მომსახურება ცენტრალური აზიის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანაში.

„თიბისისთვის დიდი პატივია გახდეს უზბეკეთიდან და ცენტრალური აზიიდან პირველი და ერთადერთი ბიზნესი, რომელიც 2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფინტექ კომპანიების სიაში დასახელდა. მადლიერები ვართ, რომ ქვეყანაში ჩვენი სწრაფი, უწყვეტი და მომგებიანი ზრდა, ინოვაციებისადმი ერთგულების პარალელურად, საერთაშორისო საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. უზბეკეთი ციფრული ფინანსური მომსახურების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და სწრაფად მზარდი ბაზარია მსოფლიოში და ჩვენ ვამაყობთ, რომ ლიდერები ვართ და მუდმივად ვაუმჯობესებთ ინოვაციურ ფინანსურ მომსახურებას ქვეყანაში. CNBC-ისა და Statista-ს აღიარება, როგორც თიბისის უზბეკეთში დღემდე მიღწეული წარმატების, ასევე ქვეყნის საერთო განვითარების დასტურია, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი პროდუქტის შეთავაზების დივერსიფიკაციას და ჩვენი ეკოსისტემის განვითარებას“ – ნიკა ქურდიანი, თიბისი უზბეკეთის გენერალური დირექტორი.

თიბისი უზბეკეთი აგრძელებს თავისი შეთავაზების გაფართოებას და უზბეკეთში ქმნის ყოვლისმომცველ ციფრულ ეკოსისტემას მომხმარებლების ყოველდღიური ფინანსური საჭიროებისთვის. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომპანიამ გააუმჯობესა და მნიშვნელოვნად გააფართოვა ახალი პროდუქტების ფართო სპექტრი, მათ შორის: Salom Card სადებეტო ბარათი, Osmon საკრედიტო ბარათი, TBC ბიზნეს საბანკო და საკრედიტო მომსახურება, ასევე TBC დაზღვევა. ივნისში თიბისი უზბეკეთმა საცალო ვაჭრობის მართვის SaaS-პლატფორმა BILLZ-ის საკონტროლო პაკეტი შეისყიდა, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს უზბეკეთში მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის (SME) შეთავაზებები გააფართოოს.

(R)

 ლამაზი სიტყვებით ამბობენ, რომ უკრაინა ევროკავშირის ფრონტის წინა ხაზია, მაგრამ საკუთარი სისხლის დაღვრა არ უნდათ, ბრიუსელის მითითებებით რომ გვემოქმედა, დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით -შალვა პაპუაშვილი

ჩვენ ვიმოქმედეთ საქართველოს ეროვნული ინტერესებით და არა ბრიუსელის მითითებებით, რომელსაც რომ ავყოლოდით, დღეს ეკონომიკურად და ფიზიკურად დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველოს ინტერესს საკუთარ ინტერესზე მაღლა არ დააყენებს.

„ამ ცხრილებში მოცემულია საქართველოს და მოლდოვის ეკონომიკური ზრდის შედარება 2021-2024 წლებში. მაშინ, როცა 2021 წელს, მოლდოვა – 13,9%-იანი ეკონომიკური ზრდით, ჩვენზე ძლიერადაც კი გამოვიდა „კოვიდით“ გამოწვეული ეკონომიკური რეცესიიდან, ომის დაწყებისთანავე ის მწვავე ეკონომიკურ სტაგნაციაშია, ნულს ქვემოთ და ნულთან ახლოს მაჩვენებლებით.

მაშინ, როდესაც 2021 წელს საქართველოს ბიუჯეტი მოლდოვაზე 2,4 მილიარდი დოლარით მეტი იყო, 2025 წელს ჩვენი ბიუჯეტი მოლდოვისას 4,8 მილიარდი დოლარით აღემატება, ანუ ხუთ წელიწადში ორჯერ გავზარდეთ ბიუჯეტებს შორის სხვაობა.

ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც მოლდოვას კანდიდატობაც მისცეს, მოლაპარაკებების გახსნაც, ზეციურ მანანასაც დაჰპირდნენ და განვითარების მაგალითადაც კი უნდათ რომ დაგვიყენონ, ჩვენ კი უსამართლო თავდასხმების და საბჭოური სტილის მუქარის ობიექტი გაგვხადეს.

მაშ, რა მოხდა? რა გავაკეთეთ ან არ გავაკეთეთ ჩვენ, რის შედეგადაც, ეკონომიკური ზრდით, ყველა ევროპულ ქვეყანასთან შედარებით ლიდერი ვართ, მოლდოვაში კი მწვავე ეკონომიკური სტაგნაციაა?

პასუხი ნათელია, ვიმოქმედეთ საქართველოს ეროვნული ინტერესებით და არა ბრიუსელის მითითებებით, რომელსაც რომ ავყოლოდით, დღეს ეკონომიკურად და ფიზიკურად დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით.

ეს ისტორია გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის, იმის გასააზრებლად, რომ არავინ ჩვენი ქვეყნის ინტერესს თავისაზე მაღლა არ დააყენებს. ეს გაკვეთილი მივიღეთ, როდესაც კიევმა მებრძოლების ოფიციალური გაგზავნა მოგვთხოვა; ეს გაკვეთილი მივიღეთ, როდესაც ბრიუსელმა რუსეთთან საზღვრის დაკეტვა მოგვთხოვა; ამ გაკვეთილს ვიღებთ, როდესაც ლამაზი სიტყვებით ამბობენ, რომ უკრაინა ევროკავშირის ფრონტის წინა ხაზია, მაგრამ იმ ფრონტზე საკუთარი სისხლის დაღვრა არ უნდათ“, – დაწერა შალვა პაპუაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უცხო ქვეყნების არჩევნებთან დაკავშირებით საჯარო შეფასებებზე შეზღუდვებს აწესებს – The Wall Street Journal

  ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი უცხო ქვეყნების არჩევნებთან დაკავშირებით საჯარო შეფასებებზე შეზღუდვებს აწესებს, ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Wall Street Journal ავრცელებს.

მემორანდუმის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები თავს შეიკავებს სხვა ქვეყნების არჩევნების ლეგიტიმურობის, სამართლიანობისა და დემოკრატიულობის შესახებ კომენტარებისგან თუ არ იარსებებს მკაფიო და დამაჯერებელი საგარეო პოლიტიკური აუცილებლობა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ არჩევნების შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებები უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ გამარჯვებულისადმი მილოცვით.

ნიკო კვარაცხელიას დედა საქმის გადაკვალიფიცირებას და პროკურორის ჩამოშორებას ითხოვს

2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ვერაზე მოკლული 22 წლის ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე , გენერალურ პროკურორს მიმართავს და საქმიდან პროკურორ გია შაიშმელაშვილის ჩამოშორებას, ასევე მუხლის შეკვეთილ მკვლელობად გადაკვალიფიცირებას ითხოვს.

“რადგან ამ ბატონმა პროკურორმა, ნიკო კვარაცხელიას საქმე ფაქტიურად ჩაფარცხა, რის და რა ფასად ალბათ ამას თქვენ უკეთ გაიგებთ ვიდრე მე” – წერს იზა ომაძე.

მისი თქმით, საქმეში იყო არაერთი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა რომ იყო შეკვეთილი მკვლელობა, მაგრამ პროკურორმა შაიშმელაშვილმა “საქმე დაშალა, კვალიფიკაცია შეუცვალა და ისე შემოდო თაროზე”.

იზა ომაძე გამთქვამს ეჭვს, რომ ამისთვის პროკურორმა “ძალიან დიდი ფული აიღო”.

“ბატონო პროკურორო, ეს ჩემი შვილია, ჩემი ნიკო, რომელიც ოთხი წლის წინ ქალაქის შუაგულში დაქირავებულმა მკვლელებმა, უსულო ახალგაზრდებმა დაგვიხვრიტეს. საქმის პროკურორი გია შაიშმელაშვილია, ყოველგვარი ვადა ამოიწურა, მოთმინების ფიალაც გადაივსო, მინდა მოგმართოთ თხოვნით, რომ პროკურორი შაიშმელაშვილი საქმიდან ჩამოაშოროთ და ამ საქმეს სწორი კვალიფიკაცია მისცეთ!

რადგან ამ ბატონმა პროკურორმა, ნიკო კვარაცხელიას საქმე ფაქტიურად ჩაფარცხა, რის და რა ფასად ალბათ ამას თქვენ უკეთ გაიგებთ ვიდრე მე.

საქმეში იყო თითქმის ყველა მტკიცებულება, კონკრეტული სახელები, სამუშაო ტელეფონები უამრავი მტკიცებულება რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა, მაგრამ მან ეს საქმე დაშალა, კვალიფიკაცია შეუცვალა და ისე შემოდო თაროზე…

ეჭვი მაქვს, რომ მან და მისმა პატრონებმა ძალიან დიდი ფული აიღეს, სხვანაირად ადამიანი ასეთ ბოროტებაზე არ წავიდოდა, ვხედავ როგორ უბნელებს თვალს და გონებას დიიიიდი ფული მაღალჩინოსნებს!

ჰკითხეთ ვისი მითითებებით მოქმედებდა შაიშმელაშვილი!

მე შემიძლია გითხრათ რომ აუცილებლად დადგება ის დღე როცა ნიკოს მკვლელობის დამკვეთებს თავად მიუჯდება ბატონი შაიშმელაშვილი გვერდით! და არა მარტო შაიშმელაშვილი!

ისე არ გამწირავს უფალი ამ დღეს რომ არ მომასწროს…

ვიმეორებ და ათასჯერ გავიმეორებ, ნიკო კვარაცხელია არ მოუკლავს თავის თაობას, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა იყო შეკვეთილი, თუ ვის მიერ ეს თქვენ უნდა დაადგინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში პირდაპირ თქვენ და თქვენი ხელისუფლება გამოდიხართ დამკვეთი, მე მინდა პირადად თქვენ დაინტერესდეთ ამ საქმით. თქვენი წინამორბედებისავით ნუ დაიდებთ და ნუ დაუტოვებთ შვილებს ცოდვას!

ბატონ ღარიბაშვილს მივმართე, ბატონ გომელაურს მივმართე, ბატონ შოთაძეს მივმართე, რეაგირება ნული, მხოლოდ ის აინტერესებდათ, რა სახის პროტესტის მობილიზება შემეძლო!

ჩამოაშორეთ ნიკო კვარაცხელიას საქმეს პროკურორი შაიშმელაშვილი და გადააკვალიფიცირეთ საქმე როგორც შეკვეთილი მკვლელობა!

მთელმა საქართველომ იცის რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა!

არ დავნებდებით, არ გახდება ეს საქმე ხანდაზმული, ყოველი დღე 15 სექტემბერია ჩვენთვის!

ნიკო შვილო ჯერაც წამზომია ჩართული შენს საათზე, სულ დატოვებულ შენს სხეულს რომ მოპარეს ნამუსგარეცხილებმა დედი!

მთელი გულით ვითხოვდი თან უნდა გავატანო იმ ქვეყნად თქო და მიმტკიცებდნენ არ ჰკეთებიაო!

მერე ძალიან გამწარებული რომ მნახეს, ღამის 12 საათზე მოაწერინეს საქმის გამომძიებელს და სისხლიანი დამიბრუნეს იქნებ ადგილზე გული გამხეთქოდა დედი!

ასეთი ბოროტება სუფევს შვილო მას შემდეგ რაც შენ დაგვტოვე, მაგრამ ბოროტება ვერ გაიმარჯვებს დედი ვერა!

ველი ღიაობას თქვენგან ბატონო პროკურორო! გთხოვთ, ნუ გამომიყვანთ დედის ამპლუიდან!” – წერს იზა ომაძე სოციალურ ქსელში

https://www.facebook.com/kate.kvara/posts/pfbid0FvKjkmq1EqsYN9ExKDCiWX7jvWeXNKgKTSghJMhLCPCscyrWdobvLijym6RR57K9l

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

18 ივლისს სინოპტიკოსები მზიან დღეს ვარაუდობენ ქუთაისში – დღისით +36 და ღამით +21 გრადუსია მოსალოდნელი.

ოზურგეთშიც მზიანი ამინდია. დღისით +36 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18.

ბათუმშიც მზიანი დღე იქნება, დღისით ჰაერი +34 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც უნალექო ამინდს ვარაუდობენ. დღისით +34 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი.

უნალექო დღეა ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +35, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიანი დღეა სოხუმში. +33 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო ამინდს ვარაუდობენ, დღისით +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ამბროლაურშიც მზიანი დღეა, ჰაერი +34 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ჭიათურაში, დღისით +35 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეშიც მზიანი დღეა. დღისით ჰაერი +34 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება.

ბორჯომში მზიანი ამინდია, +34 იქნება დღისით, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც მზეა. დღისით +36 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი დღეა ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +35 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება.

ომალოში დღისით +25, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +37 გრადუსი იქნება, ღამით კი +32 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

მზიანი დღე იქნება თელავშიც, +35 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +35 გრადუსი, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში მზეა მოსალოდნელი, დღისით +34 გრადუსი იქნება, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავშიც უნალექო დღეა. დღისით +37 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც მზიან ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +36 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.

18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ამ დღეს ვარსკვლავები პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიურპრიზებს გპირდებიან. სავარაუდოდ, საინტერესო შეხვედრები და ახალი, სასიამოვნო ნაცნობობა გელოდებათ. სამსახურში პრობლემების გადაჭრას ადვილად ახერხებთ –  თქვენი პიროვნული თვისებები ადამიანებს დააახლოებს და თქვენს გარემოზე დადებითად იმოქმედებს. დადებითი ტენდენციების მიუხედავად, საღამოს სტრესული სიტუაციების წარმოშობის ალბათობა არსებობს, ამიტომ ყურადღებით უნდა იყოთ.

კურო

დღეს თუ ვინმე დახმარებას გთხოვთ, უარი არ უთხრათ. შესაძლოა, უახლოეს მომავალში დახმარება თავად დაგჭირდეთ. ნუ ინერვიულებთ თუ მუშაობა ახალ, სრულიად უცნობ სფეროში მოგიწიათ. თქვენი გულისხმიერება და კეთილგანწყობა აუცილებლად უკან დაგიბრუნდებათ და კოლეგებისგან დახმარებას მიიღებთ. პირად ცხოვრებაში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ – ვიღაც ცდილობს თქვენს ოჯახში დაბნეულობა და უთანხმოება შემოიტანოს.

ტყუპები

ამ დღეს თქვენი ემოციურობა და ფეთქებადი ხასიათი ყველაფერში ხელს გიშლით. ეცადეთ, უსარგებლო კონფლიქტები თავიდან აიცილოთ. ნუ მოაწერთ ხელს საეჭვო საბუთებზე, თორემ ეს თქვენთვის ცუდად დასრულდება. ყურადღება მიაქციეთ დაუსრულებელ საქმეებს – გახსოვდეთ, რომ საქმის გაჭიანურება წინსვლაში ხელს გიშლით.

კირჩხიბი

ენერგიით სავსე ხართ. ეცადეთ ეს დრო ყველა მნიშვნელოვანი საქმის დასასრულებლად გამოიყენოთ. შრომისმოყვარეობისა და გონიერების წყალობით ნებისმიერ ამოცანას თავს ადვილად გაართმევთ და ძველი პრობლემებიც უმტკივნეულოდ გადაწყდება. ბევრ კირჩხიბს მოუწევს დაასრულოს ურთიერთობა, რომელსაც სიამოვნება აღარ მოაქვს. გამოიყენეთ ეს დღე საკუთარი აზრებისა და გრძნობების მოწესრიგებისთვის.

ლომი

ვარსკვლავების განლაგების მიხედვით, ამ დღეს სერიოზული დაბრკოლებები გელით. განსაკუთრებული სიფრთხილე ახალი, სარისკო იდეების განხორციელების დროს უნდა გამოიჩინოთ. სასურველია, რომ მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრა სხვა დღისთვის გადადოთ. შეეცადეთ, გადაწყვეტილების მიღებისას არსებული გარემოებები გაითვალისწინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ არ გაიმეოროთ შეცდომა, რომელმაც რთულ ვითარებაში ჩაგაგდოთ.

ქალწული

ეს დღე ოჯახურ გარემოში მშვიდად ყოფნისთვის ხელსაყრელია. ახალი სიმაღლეების დაპყრობას ნუ ეცდებით — დღეს ისინი თქვენთვის მიუწვდომელია. გირჩევთ ურთიერთობაში მეტი თავშეკავება და ტაქტი გამოიჩინოთ. აუცილებელი არაა, რომ ყველას თქვენი სიმართლე უმტკიცოთ. მშვიდი და გონივრული მიდგომა დაგეხმარებით, რომ ბოლო დროს დაგროვილი პრობლემები მოაგვაროთ.

სასწორი

ეს დღე განათლებასა და თვითგანვითარებას უნდა დაუთმოთ. გონებრივი აქტივობის ზრდა რთული ამოცანის ამოხსნაში დაგეხმარებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, კურსებზე დარეგისტრირდეთ და კვალიფიკაციის ამაღლება ან უცხო ენის შესწავლა დაიწყოთ. ამ დღეს რისკისა და თავგადასავლების მოყვარულებს ბედი გაუღიმებს. არ დაგავიწყდეთ მადლობა გადაუხადოთ ადამიანს, ვინც რთულ დროს არ მიგატოვათ. სანამ სიტუაციაში ბოლომდე არ გაერკვევით, დაპირებები არავის მისცეთ და ეცადეთ, ნებისმიერ სიტუაციაში ობიექტურობა შეინარჩუნოთ.

მორიელი

შეგიძლიათ მოდუნდეთ და ყურადღება ყოველდღიურ საქმეებზე გადაიტანოთ — თქვენი ცხოვრებაში ცვლილებები ჯერ მოსალოდნელი არ არის. იზრუნეთ ჯანმრთელობასა და დღის რეჟიმის მოწესრიგებაზე. თუ შვებულების დაგეგმვას აპირებთ, უპირატესობა სანატორიულ დასვენებას მიანიჭეთ. ეს დღე სავსეა დადებითი ემოციებით, ამიტომ ეცადეთ მოდუნდეთ და  ზედმეტი ფიქრებისგან განთავისუფლდეთ.

მშვილდოსანი

თქვენი პროფესიული და შემოქმედებითი პოტენციალი იზრდება. ეს ყველა საქმეზე დადებითად აისახება, რასაც ხელმძღვანელობაც დააფასებს და თქვენს კარიერულ წინსვლაზეც აისახება. საოჯახო საქმეები გაცილებით მარტივად მოგვარდება, თუ საყვარელი ადამიანის ან გამოცდილი კოლეგის რჩევას მოუსმენთ. ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი მშვენივრადაა. ასე რომ, სევდის საბაბი ნამდვილად არ გაქვთ.

თხის რქა

ეს პერიოდი მარტივად არ ჩაივლის — მოსალოდნელია სირთულეები და დაბრკოლებები, რომლებიც წინსვლაში ხელს გიშლით. ეცადეთ თავი ხელში აიყვანოთ — სიბრაზე და აგრესია პრობლემებს მოგიტანთ. გირჩევთ, ფინანსურ საკითხებში მხოლოდ თქვენს შესაძლებლობებს დაეყრდნოთ და სესხის აღებისგან თავი შეიკავოთ.

მერწყული

ეს დღე პროფესიულ, სახელმწიფო ან საზოგადოებრივ სფეროში, ასევე ხელმძღვანელობასთან ურთიერთობაში თქვენი პოზიციის გასაძლიერებლად შესაფერისია. კოლეგებთან ურთიერთობაში მცირე გაუგებრობა და კონფლიქტი მოსალოდნელია. ამ ფონზე თქვენი ფსიქოემოციური მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს, ამიტომ ეცადეთ, კომპრომისული გადაწყვეტილება იპოვოთ და დაპირისპირება დროულად დაასრულოთ.

თევზები

გაემგზავრეთ მოგზაურობაში — ეს გადაწყვეტილება თქვენს ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებებს მოიტანს. არსებობს შანსი, რომ სულიერ მასწავლებელს შეხვდეთ, რომელიც სწორ გზას გიჩვენებთ. ხელსაყრელი დღეა პირად ცხოვრებაში პრობლემების მოსაგვარებლად. მზად იყავით იმისთვის, რომ ყველა თქვენი დღევანდელი გეგმა ვერ შესრულდება, თუმცა შედეგები მაინც დამაკმაყოფილებელი იქნება. შორიდან მიღებული სიახლე ფინანსური პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.

კაცმა ბრიუსელში ოპოზიციის თვითგამოცხადებულ ელჩად დაინიშნა თავი, ციხის შიშით ქვეყნიდან გაიქცა და იქიდან გვმოძღვრავს, გიორგი გახარია ირელევანტურ კლოუნად იქცა -თინა ბოკუჩავა

კაცმა ბრიუსელში ოპოზიციის თვითგამოცხადებულ ელჩად დაინიშნა თავი, ციხის შიშით ქვეყნიდან გაიქცა და იქიდან გვმოძღვრავს, გიორგი გახარია ირელევანტურ კლოუნად იქცა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც ბოკუჩავა აღნიშნავს, გიორგი გახარიას ციხის ეშინია.

„კაცმა ბრიუსელში ოპოზიციის თვითგამოცხადებულ ელჩად დაინიშნა თავი, ციხის შიშით ქვეყნიდან გაიქცა და იქიდან გვმოძღვრავს აქ დარჩენილებს, ვინც მართლა ვიბრძვით და მისგან განსხვავებით არც ციხის გვეშინია. „შამპანურის „ბაკალით“ ზღვაზე წამოწოლილები“ ვერ დაამარცხებენ ივანიშვილსო. ეს ფრაზა ხშირად გამოიყენა დღევანდელ ეთერში და ეტყობა, ფროიდის ეფექტია. მართლა ირელევანტურ კლოუნად იქცა გიორგი გახარია“, – წერს ბოკუჩავა.

ბრიუსელის წერილი შეეხება უვიზო მიმოსვლის ანგარიშებს, რომელიც ყოველ წელს დგება დეკემბერში – აგვისტო წერილში არ არის ნახსენები, ზეპირად არის ნათქვამი, მაგრამ ფაქტია, რომ აწყობილია საარჩევნო კალენდარზე -შალვა პაპუაშვილი

ბრიუსელის წერილი შეეხება უვიზო მიმოსვლის ანგარიშებს, რომელიც ყოველ წელს დგება და ეს ხდება წესით დეკემბერში. ეს აგვისტო წერილში არ არის ნახსენები და ზეპირად არის ნათქვამი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს აწყობილია საარჩევნო კალენდარზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, გარე ძალებს უნდათ, რომ აგვისტო-სექტემბერში, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე მავნებლობა ჩაიდინოს ამა თუ იმ პოლიტიკურმა ჯგუფმა.

„ერთი რამე გავიხსენოთ ჩვენ, რომ ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობა ყოველთვის იყო. მაშინ, როდესაც ჩვენ უვიზო მიმოსვლის შეთანხმება დავდეთ 2017 წელს, როდესაც ეს ყველაფერი ძალაში შევიდა, გახსოვთ, რომ მაშინ ეს ისტორია ჭორად დადიოდა და ეთაკილებოდათ ამის აღიარება, რომ „ნაციონალური მოძრაობის” წევრები როგორი დადიოდნენ სხვადასხვა კაბინეტში, რომ არ მოეცათ უვიზო მიმოსვლა. დღეს ამას საჯაროდ აკეთებენ, როგორც რადიკალური ოპოზიცია, ასევე, უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები, რომ რამენაირად ამ მხრივ გარკვეული ბარიერები შექმნან.

სხვათა შორის 31 აგვისტო რომ ითქვა ბრიუსელიდან, საგარეო საქმეთა მინისტრისთვის მიწერილ წერილში ასეთი თარიღი ნახსენები არ არის და ანუ, ზეპირად გაცხადდა. არ ვიცი ეს თარიღი რას ეფუძნება და რატომ მაინც და მაინც აგვისტო, როცა ეს არის საპარლამენტო პაუზის და მითუმეტეს, არის წინასაარჩევნო პერიოდი. რატომ უნდათ მაინც და მაინც ცხელ ზაფხულში გვამუშაონ კანონებზე, ვერ ვხვდები, თავად დასვენება უნდათ და ალბათ ჩვენი გაწვალება უნდათ კანონებზე მუშაობით.

წერილი შეეხება უვიზო მიმოსვლის ანგარიშებს, რომელიც ყოველ წელს დგება. ჩვენ ყოველ წელს ვაწვდით ინფორმაციას სხვადასხვა კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც რელევანტურია უვიზო მიმოსვლისთვის და ეს ხდება წესით დეკემბერში. ეს აგვისტო წერილში არ არის ნახსენები და ზეპირად არის ნათქვამი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს აწყობილია საარჩევნო კალენდარზე. ამასაც ეტყობა რასთან გვაქვს საქმე, რომ აგვისტო-სექტემბერში, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე მავნებლობა ჩაიდინოს ამა თუ იმ პოლიტიკურმა ჯგუფმა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ქართველების უმრავლესობის მიმართ სოლიდარობის საჩვენებლად დონალდ ტრამპმა ახალი ელჩი უნდა დანიშნოს და სენატმა “MEGOBARI აქტი” მიიღოს-იან კელი და დევიდ კრემერი

ქართველების უმრავლესობის მიმართ სოლიდარობის საჩვენებლად დონალდ ტრამპმა ახალი ელჩი უნდა დანიშნოს და სენატმა “MEGOBARI აქტი” მიიღოს – ნათქვამია ერთობლივ სტატიაში, რომელსაც   საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დევიდ კრემერი ავრცელებენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში მოსახლეობა ერთ-ერთი ყველაზე პროამერიკულია, თუმცა მისი მთავრობა “აშკარად მოსკოვისკენ იხრება” და ქართულ ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლით სულ უფრო მეტად იქცევა ისე, როგორც რუსული რეჟიმი. ამ ფონზე კრემერი და კელი მიიჩნევენ, რომ მოვლენების მსგავსი დინამიკა “უმნიშვნელოვანესს ხდის ტრამპის ადმინისტრაციისთვის, მალე დანიშნოს” რობინ დანიგანის შემცვლელი – ვინც “მტკიცედ ისაუბრებს საქართველოს მთავრობის ავტორიტარული და პრო-რუსული საქციელის წინააღმდეგ”.

ამასთან, მათი აზრით, აშშ-მა, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, უნდა გააორმაგოს საქართველოს დემოკრატიულ, პრო-დასავლურ გზაზე დაბრუნებისკენ ძალისხმევები, რადგან “შესაძლებლობის ფანჯარა არსებობს, ვინაიდან რუსეთი რეგიონში გავლენას კარგავს”.

“რობინ დანიგანის მიერ თანამდებობის დატოვების ფონზე, შეერთებულ შტატებს მალე საქართველოში ელჩი არ ეყოლება, იმის მიუხედავად, რომ წლების განმავლობაში საქართველო ამერიკის საკვანძო პარტნიორი იყო რთულ რეგიონში და მისი მოსახლეობა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე პრო-ამერიკული იყო. მოსახლეობას ახლაც იგივე ხედვები აქვს, მაგრამ მთავრობა აშკარად მოსკოვისკენ იხრება და ქართულ ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლით სულ უფრო მეტად იქცევა, როგორც რუსული რეჟიმი.

მსგავსი დინამიკა უმნიშვნელოვანესს ხდის ტრამპის ადმინისტრაციისთვის, რომ მალე დანიშნოს დანიგანის ჩამნაცვლებელი – ისეთი, რომელიც მტკიცედ ილაპარაკებს საქართველოს მთავრობის ავტორიტარული და პრო-რუსული საქციელის წინააღმდეგ. აშშ-ის სენატმა, თავის მხრივ, კვალიფიცირებული კანდიდატი უნდა დაამტკიცოს, რომელიც მოთხოვნებს შეესაბამება. მან ასევე უნდა მიიღოს წარმომადგენელთა პალატის მიერ 5 მაისს უკვე დამტკიცებული კანონპროექტი, რომელიც პასუხს აგებინებს ქართველ ოფიციალურ პირებს თავისი ანტი-ამერიკული ქმედებებისთვის და აშშ-ის წუხილს აჩვენებს ქვეყნის ავტორიტარული მმართველობისადმი გადახრის თაობაზე.

აშშ-მა, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, უნდა გააორმაგოს საქართველოს დემოკრატიულ, პრო-დასავლურ გზაზე დაბრუნების ძალისხმევები. შესაძლებლობის ფანჯარა არსებობს, ვინაიდან რუსეთი რეგიონში გავლენას კარგავს. როგორც სომხეთმა, ისევე აზერბაიჯანმა შეამცირეს თავიანთი კავშირები მოსკოვთან. და უკრაინა, რა თქმა უნდა, რუსეთის სასტიკ შეჭრას ებრძვის…

ქართველების უმრავლესობის მიმართ სოლიდარობის საჩვენებლად ტრამპის ადმინისტრაციამ ახალი ელჩი უნდა დანიშნოს და სენატმა “MEGOBARI აქტი” მიიღოს. ორივე ნაბიჯი სასწრაფოდ არის საჭირო, სანამ ივანიშვილი და “ქართული ოცნება” უფრო მეტად არ დააზიანებენ თავის ხალხს და სანამ შეერთებული შტატები სამუდამოდ არ დაკარგავს მნიშვნელოვან რეგიონალურ პარტნიორს”, – ნათქვამია განცხადებაში.

“დონალდ ტრამპს ჯერ კიდევ აქვს “ბოროტების ღერძის” დამსხვრევის შესაძლებლობა”- The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 17 ივლისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „დონალდ ტრამპს ჯერ კიდევ აქვს „ბოროტების ღერძის“ დამსხვრევის შესაძლებლობა“ (ავტორი – კონ კოფლინი), რომელშიც კომენტირებულია აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება რუსეთთან მოვაჭრე ქვეყნების წინააღმდეგ სატარიფო სანქციების დაწესების თაობაზე.

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

დონალდ ტრამპის მიერ მიღებულ ზომებს რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის მიზნით, – საბაჟო ტარიფების 100 და მეტი პროცენტით გაზრდას, რომლებიც რუსეთთან ვაჭრობის გამგრძელებელ ქვეყნებს ეხებათ, შეუძლიათ ბოლო მოუღოს დასავლეთის წინააღმდეგ მიმართულ დესპოტური რეჟიმების ტოქსიკურ ალიანსს.
ის მხარდაჭერა, რომელსაც რუსეთი ჩინეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეასაგან იღებს, აშკარად აჩვენებს, თუ როგორ ერთიანდებიან ავტოკრატული სახელმწიფოები დასავლეთზე უპირატესობის მოპოვების მიზნით.

ჩინეთი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსულ ნავთობსა და გაზზე: მართალია, პეკინი ციმბირის ნავთობს და გაზს შედარებით იაფად იღებს, მაგრამ რუსეთს მაინც დიდი შემოსავალი აქვს ჩინეთთან ენერგომატარებლებით ვაჭრობის შედეგად. გარდა ამისა, პეკინი მოსკოვს ტექნიკურ სამხედრო მხარდაჭერას უწევს დრონებისა და სამხედრო პროდუქციისათვის აუცილებელი ნახევარგამტარებისა და ინტეგრალური სქემების მიწოდებით.

ირანი ასევე აწვდის რუსეთს დრონებს და რაკეტებს, ჩრდილოეთ კორეა კი, გარდა იმისა, რომ რუსეთს იარაღით (რაკეტებით, ჭურვებით) ამარაგებს, უშუალოდ მონაწილეობს უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში – კორეული სამხედრო კონტინგენტის ფრონტზე გაგზავნით.

ვლადიმერ პუტინი დარწმუნებულია, რომ რუსეთის ეკონომიკა საკმაოდ ძლიერია და ნებისმიერი სადამსჯელო ზომებს გაუძლებს. იმიტომ არის დარწმუნებული, რომ წინა წლებში გამოცხადებულმა სანქციებმა დასავლეთისათვის სასურველი შედეგები არ გამოიღო.
მართალია, აშშ-სა და ევროკავშირის სანქციებს მთლად უკვალოდ არ ჩაუვლია (რუსულმა ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთები გაზარდა, მოიმატა ინფლაციამ…), მაგრამ კრემლმა მოახერხა ეკონომიკის მობილიზება, პლუს ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის გაფართოებით რიგი ქვეყნებიდან სიტუაციის სტაბილიზებას მიაღწია. დონალდ ტრამპის მეორადი სანქციები სწორედ ამ სავაჭრო სქემის გასანადგურებლად არის მიმართული.
ტარიფების ზრდის საფრთხე აშკარად გამოიწვევს პეკინის, თეირანისა და ფხენიანის შეშფოთებას: როგორც ირანელი აიათოლები, ასევე ჩინელი და ჩრდილო კორეელი კომუნისტები აუცილებლად დაფიქრდებიან – ღირს თუ არა მოსკოვთან ვაჭრობის გაგრძელება საკუთარი თავის საზიანოდ.

მოსკოვისა და პეკინის ურთიერთობა ყოველთვის ცალმხრივი იყო და ახლაც ასეა – ჩინეთი აქტიურად სარგებლობს რუსეთის ეკონომიკური პრობლემებით და მათ თავისი ინტერესების სასარგებლოდ იყენებს. სი ძინპინის გარემოცვაში ბევრი თვლის, რომ რუსეთი ჩინეთისათვის კარგ „ბენზინგასამართ სადგურს” წარმოადგენს.
სავარაუდოდ, ირანიც ნაწყენია რუსეთის ბოლოდროინდელი პოლიტიკით: მოსკოვმა პრაქტიკული მხარდაჭერა არ გაუწია თეირანს ისრაელის შეტევის მოგერიებაში, ანუ, იანვარში ხელმოწერილი სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულების მიუხედავად, კრემლმა მოკავშირე ირანის რეჟიმი ფაქტიურად მიატოვა.

რაც შეეხება ჩრდილოეთ კორეას, კიმ ჩენ ინი ჯერ-ჯერობით ისევ ერთგულებას ეფიცება რუს ლიდერს, მაგრამ ის გარემოება, რომ ჩრდილო კორეელებმა ცოცხალი ძალის დიდი ზარალი განიცადეს რუსეთ-უკრაინის ომში პირდაპირი ჩარევით, ალბათ ეჭვებს გაუჩენს კორეელ კომუნისტ ლიდერს – რამდენად ბრძნული იქნება კრემლთან თანამშრომლობის გაგრძელება, რომელიც უფრო მეტ ტკივილს იწვევს, ვიდრე სარგებელი მოაქვს.
დონალდ ტრამპის ზომები, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა მიმართულია იმისკენ, რომ კრემლი სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებაზე აიძულოს, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ასევე შეუძლია ავტოკრატული რეჟიმების ალიანსის დაშლა-განადგურება, რომლის წევრებს მხოლოდ ერთი საერთო მიზანი აქვთ – დასავლეთს პრობლემები შეუქმნან.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

ცესკო-ს, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, რიგითი ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით, შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიმართა

ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ჩამონათვალს, რომლებმაც ცესკო-ს მიმართეს რიგითი ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში.

ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაციას შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიმართა. ესენია:

„გახარია საქართველოსთვის“ – ნომერი 25.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ (შემოკლებული დასახელება მპგ „ქართული ოცნება“) – ნომერი 41.

„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ – ნომერი 9.

„ახალი პოლიტიკური ცენტრი“ (შემოკლებული დასახელება „გირჩი“) – ნომერი 36.

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ (შემოკლებული დასახელება „ერთიანობა-ენმ“) – ნომერი 5.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ (შემოკლებული დასახელება „საქართველოს პატრიოტები“) – ნომერი 8.

„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ – ნომერი 4.