Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

4 ივნისს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ჰელსინკის კომისიის ფარგლებში, აშშ-ის კონგრესში მოსმენა გაიმართება

4 ივნისს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ჰელსინკის კომისიის ფარგლებში აშშ-ის კონგრესში მოსმენა გაიმართება, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ჰელსინკის კომისია ავრცელებს.

„რუსული სტილის „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის ამჟამინდელი მიღება მმართველი „ქართული ოცნების“ მთავრობის აშკარა ანტიდასავლურ ნაბიჯს და მის რუსეთთან, ისევე როგორც სხვა ავტორიტარულ ძალებთან, როგორიც ჩინეთია, იმავდროულ დაახლოებას ასახავს. სამი ათწლეულის განმავლობაში არსებული პროდასავლური, დემოკრატიული და ევროატლანტიკური სტრატეგიული პროგრამის შემდეგ, ამ და კრემლის მიერ შთაგონებული სხვა კანონების მიღებით საქართველოს მთავრობა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური არჩევანის მიმართ ნდობას აშკარად და უხეშად არღვევს. „ქართული ოცნების“ მთავრობის ამ სტრატეგიულმა ვექტორის ცვლილებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე კვირის განმავლობაში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია და იგი ქვეყანაში უკვე არსებულ მყიფე პოლიტიკურ და სოციალურ მდგომარეობას არყევს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჰელსინკის კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსმენის „საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის მხარდაჭერა“ ფარგლებში, ჩვენებას „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ივანე ჩხიკვაძე, ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი და „ჩეთემ ჰაუსის“ უფროსი მკვლევარი, ნატალი საბანაძე და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი და „რენდის კორპორაციის“ უფროსი მკვლევარი, უილიამ კორტნი მისცემენ.

„აღნიშნული მოსმენის ფარგლებში წამყვანი ექსპერტები საქართველოში განვითარებული მოვლენების, საქართველოს დემოკრატიასა და სუვერენიტეტზე მისი გავლენის და აშშ-ის შესაძლო პოლიტიკური პასუხების შესახებ ჩვენებას მისცემენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება- ნახეთ, როდიდან ამოქმედდება შეზღუდვა

უწყების ცნობით, მიზეზი გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებაა.

“საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2024 წლის 21 მაისის 01:00სთ-დან 07:00სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 23 მაისის 01:00სთ-დან 07:00სთ-მდე და 24 მაისის 01:00სთ-დან 07:00სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე,” – აღნიშნულია ინფორმაციაში. 

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით გრილი და ზოგან ნალექიანი ამინდი.

თბილისში 18 მაისს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 19-20 მაისს შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 18 მაისს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 19-20 მაისს ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): დედოფლისწყარო): ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

ავღანეთში, შეიარაღებულმა პირებმა სამი ესპანელი ტურისტი მოკლეს

JPG edited with https://ezgif.com/resize

ავღანეთში, ბამიანის პროვინციაში შეიარაღებულმა პირებმა სამი ესპანელი ტურისტი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ France24-ი ავრცელებს.

„მოკლულია ერთი ავღანელი და სამი უცხოელი ტურისტი“, – განაცხადეს ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ასევე სროლის შერდეგად, დაჭრილია კიდევ ოთხი უცხოელი და სამი ავღანელი.

ბამიანში მდებარეობს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი და ბუდას ორი გიგანტური ქანდაკების ნაშთები, რომელიც თალიბებმა 2001 წელს ააფეთქეს.

ეს იყო უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული – საპატრიარქო

მთლიანობაში ეს იყო უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით… შეიძლება ითქვას, მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მთელმა მოსახლეობამ, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა, დასტურად იმისა, რომ ოჯახური ღირებულებები ყველასთვის არსებითია და უმნიშვნელოვანესი, – ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს მიერ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაშიაში.

„17 მაისი, როგორც ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა და მოიცავს ერთკვირიან მსვლელობას რიზედან თბილისამდე.

წელსაც, 11 მაისს, სამღვდელოებამ (გასული წლების მსგავსად) წმ. ანდრია მოციქულის მიერ განვლილი გზის მსგავსად, აწყურის ღვთისმშობლის ხატით გადმოკვეთა საქართველო-თურქეთის საზღვარი და დაიწყო ლოცვითი მსვლელობა.

17 მაისს აწყურის ღვთისმშობლის ხატი შემობრძანდა დედაქალაქში. ქაშვეთის წმინდა გიორგის ტაძარში და მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ ურიცხვ ხალხს საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მიმართა სიტყვით, შემდეგ კი მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად გადაიხადა პარაკლისი. პარაკლისი გადახდილ იქნა წმ. სამების საკათედრო ტაძარშიც, სადაც დასრულდა ხატით მოგზაურობა.

ქაშვეთისა და სამების ტაძარში აღვლენილ პარაკლისებს დაესწრნენ და მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, ბატონმა შალვა პაპუაშვილმა, ქალაქ თბილისის მერმა, ბატონმა კახა კალაძემ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.

მისი უწმინდესობის კურთხევით, ოჯახის დღე დიდი ზეიმით აღინიშნა საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც: მცხეთაში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ფოთში, თელავში, სენაკში, სამტრედიაში, ზუგდიდში, ახალციხეში, მარტვილში, ოზურგეთში, ონში, ცაგერში, დუშეთში, ზესტაფონში და სხვ.

მთლიანობაში ეს იყო უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით… შეიძლება ითქვას, მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მთელმა მოსახლეობამ, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა, დასტურად იმისა, რომ ოჯახური ღირებულებები ყველასთვის არსებითია და უმნიშვნელოვანესი“, – ნათქვამია განცხადებაში.

სადარბაზოსთან დამხვდა 5 პირბადიანი, სპორტულად ჩაცმული „ზონდერი“, ცოლთან და 1 წლის  შვილთან ერთად ვიყავი, გვერდზე გაყვანა მომთხოვეს და სიტყვიერად დამემუქრნენ – ირაკლი ფავლენიშვი

დღეს, სადარბაზოსთან დამხვდა 5 პირბადიანი, სპორტულად ჩაცმული „ზონდერი“, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს, დილას 12 საათზე სადარბაზოსთან დამხვდა 5 პირბადიანი, სპორტულად ჩაცმული „ზონდერი“. ცოლთან და 1 წლის შვილთან ერთად ვიყავი, გვერდზე გაყვანა მომთხოვეს და სიტყვიერად დამემუქრნენ.

ჩვენ იმ გვარის ვართ უკანდახევა რომ არ სჩვევიათ!

შინაგან საქმეთა სამინისტრო, დღისით, მზისით ქალაქის ქუჩებში მოთარეშე ზონდერებზე ხომ არ ფლობთ ინფორმაციას?”, – წერს ირაკლი ფავლენიშვილი სოციალურ ქსელში.

18 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ახლობლებისგან შესაძლოა, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც დაგეხმარებათ ახალი შემოსავლის წყაროების მიგნებაში. თუ ძალებს სწორად გადაანაწილებთ, შეიძლება, სამომავლოდ, დამატებითი საქმე და შემოსავლის წყაროც გაგიჩნდეთ.

კურო

გაგიჭირდებათ თანამოაზრეების პოვნა და ამაოდ ჩაივლის თქვენი მცდელობა, დააინტერესოთ ირგვლივ მყოფნი. მიუხედავად დაპირებებისა, შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ ყველას თავისი ფარული მიზნები ამოძრავებს. ნუ დაამყარებთ დიდ იმედებს სხვებზე.

ტყუპები

შეეცადეთ, გააფართოოთ საკომუნიკაციო წრე და ეძებეთ ახალი მოკავშირეები ძველი სამეგობროს მიღმა. შეიტანეთ სიახლეები იმიჯში, იყავით უფრო მოქნილი, რათა მოიპოვოთ გარშემომყოფთა ნდობა და ახალი შესაძლებლობები მიიზიდოთ ცხოვრებაში.

კირჩხიბი

შესაძლოა, აღდგეს ძველი ურთიერთობები, რომელიც აზრთა სხვადასხვაობით იყო გამოწვეული, ან შესაძლოა, ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადახვიდეთ, მთავარია, იყოთ გახსნილი და საშუალება მისცეთ სხვებს, დაინახონ თქვენი კეთილგანწყობა.

ლომი

ყველაფერი თქვენს ხელთაა, შესაძლოა, საკმაოდ რთული ვითარება განმუხტოთ თქვენი დიპლომატიურობითა და მომხიბვლელობით, ეს ერთ-ერთი საუკეთესო დღეა, ამ უახლესი პერიოდის განმავლობაში.

ქალწული

შესაძლოა, დღეს, გაგიჭირდეთ საყოფაცხოვრებო პრობლემებთან გამკლავება, დახმარება სთხოვეთ ოჯახის წევრებს ან ახლობლებს, მათი მხარდაჭერით ყველაფერს მოაგვარებთ. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისგან.

სასწორი

მოსალოდნელია შეხვედრები, რომელიც სრულიად გაანეიტრალებს უსიამოვნო ემოციებს და დადებითად აისახება სამომავლო ურთიერთობებზე.

მორიელი

წარმატება გელით ნებისმიერ საქმეში, სასიკეთო დღეა დასახული მიზნების რეალიზებისთვის, როგორც პირად, ასევე საქმიან სფეროში. აკონტროლეთ ემოციები და მოერიდეთ ღამით სიარულს.

მშვილდოსანი

დღეს, შესაძლოა, შეგახსენონ წინა პერიოდში აღებული პასუხისმგებლობა და მოითხოვენ აქტიური მოქმედებები გადაწყვეტილების მისაღებად, შეეცადეთ, არ აჰყვეთ ემოციას და არ გააღრმაოთ კონფლიქტები.

თხის რქა

თავი შეიკავეთ არამიზნობრივი ხარჯებისგან და იყავით უფრო პრაგმატული, ვინაიდან, გაუმართლებელი ფინანსური გასავლები დაამძიმებს თქვენს ეკონომიკურ მდგომარეობას და ოჯახური უკმაყოფილების მიზეზად იქცევა.

მერწყული

იზრუნეთ ოჯახური ურთიერთობების განმტკიცებაზე და მეტი ყურადღება დაუთმეთ უმცროსი ასაკის ადამიანებს, კარგი იქნება, თუ დაინტერესდებით მათი პრობლემებით და შეძლებისდაგვარად დაეხმარეთ მათ მოგვარებაში.

თევზები

ნუ გადადებთ სამომავლოდ პრობლემების მოგვარებას და იყავით ფრთხილად და ყურადღებით, არის დანაკარგის ალბათობა. მოსალოდნელია ახალი რომანტიკული ნაცნობობა და თავგადასავლები.

 სალომე ზურაბიშვილმა უღალატა იმ იდეას, რითაც ის გახდა საქართველოს პრეზიდენტი – მიხეილ სარჯველაძე

სალომე ზურაბიშვილმა უღალატა იმ იდეას, რითაც ის გახდა საქართველოს პრეზიდენტი. ის უნდა ყოფილიყო ზეპარტიული, არ უნდა ყოფილიყო მიკერძოებული რომელიმე მხარის სასარგებლოდ – რა მიზეზითაც ის აირჩიეს, ის ამ საქმეს ღალატობს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ მედიასთან განაცხადა.

„საინტერესო კითხვას დაბადებს, როგორ შეძლებენ ბატონი გვარამია და ქალბატონი ზურაბიშვილი ერთ პარტიაში შეხმატკბილებულად მოღვაწეობას“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

დღეს ფაქტობრივად, კონსტიტუციური კანონის პროექტზე რეფერენდუმი შედგა – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლისს დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მცირე პარაკლისი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამღვდელოებასთან ერთად აღასრულა, რომლის დასრულების შემდეგ მოეწყო საზეიმო ლოცვითი მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ, სადაც შესრულდა სამადლობელი პარაკლისი.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ოჯახი სიწმინდის დღე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელიც საქართველოს ეკლესიის ინიციატივით 10 წლის წინ დაწესდა.

„დღევანდელ სამყაროში ბევრი რამ დგას გამოწვევის წინაშე და მათ შორის, გამოწვევის წინაშე დგას ოჯახის ის ტრადიციული გაგება, რომელიც ათასწლეულებია მოგვდგამს, როგორც საქართველოში, ისე ზოგადად, სამყაროში. დღეს ცდილობენ, რომ ბევრი რამე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ, ამოაყირაონ ღირებულებითი თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ ამ დღეს განსაკუთრებით გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ოჯახური ღირებულებების, უფროსების პატივისცემის, სტუმარ-მასპინძლობის მიმართ. როგორც დღეს მეუფე შიომ აღნიშნა, ოჯახში არის სამი ჰიპოსტასი – მამა, დედა და შვილი, ოჯახი არის კაცი, ქალი და ბავშვი და ოჯახის ეს გაგება სრულად უნდა იყოს აღქმული და წარმოჩენილი ხალხის მხრიდან”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღეს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გამოსულმა მოსახლეობამ ფაქტობრივად გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება კონსტიტუციური კანონის პროექტის მიმართ.

„საპარლამენტო უმრავლესობამ დააინიცირა კონსტიტუციური კანონის პროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის” შესახებ. დღეს ამ კონსტიტუციური ცვლილების საყოველთაო – სახალხო განხილვის ბოლო დღე იყო. ასიათასობით მოქალაქე გამოვიდა თბილისში და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და დღეს, ფაქტობრივად, რეფერენდუმი შედგა ამ კონსტიტუციური კანონის პროექტზე. დღეს, ქართველმა ხალხმა თავისი გამოსვლით ამ კონსტიტუციურ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ახლა უკვე პარლამენტის ვალდებულებაა, რომ ეს რეფერენდუმი კანონად გადააქციოს და ჩვენ დავიწყებთ უკვე კონსტიტუციური კანონის პროექტის საპარლამენტო განხილვას. ახლა უკვე ოპოზიციას დაუდგება „ჭეშმარიტების მომენტი”, როდესაც მას მოუწევს თვალში ჩახედოს ამ რეფერენდუმში მონაწილე ხალხს, რომელიც დღეს გამოვიდა საქართველოს ქალაქებში და მიიღოს გადაწყვეტილება – ის დგას ქართველი ხალხის მხარეს, თუ ის დგას იმ პატარა ჯგუფების მხარეს, რომლებიც ცდილობენ ეს ღირებულებები შეარყიონ სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოში”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღვთისმსახურებას და მსვლელობას პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ არის გამოცხადებული.

რადიკალები კიდევ ერთხელ იტყუებიან, თითქოს ფიზიკურ პირებს უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ სუბიექტად დარეგისტრირება ევალებათ – ანრი ოხანაშვილი 

ოჯახის სიწმინდის დღის და ხალხის ამ ბუნებრივი ძალის გადაფარვა ვერ შეძლეს რადიკალმა ოპოზიციონერებმა და გამჭვირვალობის კანონზე მორიგი სპეკულაცია წამოიწყეს, თითქოს კანონში ფიზიკური პირების რეგისტრაციის ვალდებულება დაემატა და თითქოს ტექსტში დაზუსტებები ფარულად შევიდა. როგორც ჩანს რადიკალურ ოპოზიციას ეს თემა დღევანდელი დღისთვის სპეციალურად შემონახული ჰქონდა, რომელზეც პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმა არ ამოუღიათ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ოხანაშვილი განმარტავს, კანონპროექტის ჯერ კიდევ დაინიცირებულ ვერსიაშივე ეწერა, რომ იუსტიციის სამინისტროს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია კონკრეტული ორგანიზაციის შემოსავლების/ხარჯების დადგენის მიზნით. მისივე თქმით, „მე-2 მოსმენის დროს, სხდომათა დარბაზში სრულად იყვნენ წარმოდგენილი რადიკალებიც, რასაც პლენარული სხდომის ვიდეოც ადასტურებს“.

„ოჯახის სიწმინდის დღის და ხალხის ამ ბუნებრივი ძალის გადაფარვა ვერ შეძლეს რადიკალმა ოპოზიციონერებმა და გამჭვირვალობის კანონზე მორიგი სპეკულაცია წამოიწყეს, თითქოს კანონში ფიზიკური პირების რეგისტრაციის ვალდებულება დაემატა და თითქოს ტექსტში დაზუსტებები ფარულად შევიდა.

როგორც ჩანს რადიკალურ ოპოზიციას ეს თემა დღევანდელი დღისთვის სპეციალურად შემონახული ჰქონდა, რომელზეც პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმა არ ამოუღიათ.

რადიკალები მსგავს სპეკულაციაში ჩემი წინა პოსტითაც (კომიტეტზე მე-3 მოსმენის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით) ვამხილე, ამიტომ ახლაც საჭიროდ ვთვლი მათ მხილებასა და ჩვენი საზოგადოების დამატებით ინფორმირებას (იხ. აგრეთვე პლენარულ სხდომაზე კანონპროექტში ვითომ ფარულად შეტანილი დაზუსტების ამსახველი ვიდეომასალა):

რადიკალები კიდევ ერთხელ იტყუებიან, თითქოს ფიზიკურ პირებს (ჩვენს მოქალაქეებს) უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ სუბიექტად დარეგისტრირება ევალებათ. კანონი ამას არც ითვალისწინებდა და არც ახლა ითვალისწინებს!

კანონპროექტის ჯერ კიდევ დაინიცირებულ ვერსიაშივე ეწერა, რომ იუსტიციის სამინისტროს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია კონკრეტული ორგანიზაციის შემოსავლების/ხარჯების დადგენის მიზნით.

მე-2 მოსმენის დროს, პლენარულ სხდომაზე, სადაც ეს რადიკალებიც სრულად იყვნენ წარმოდგენილნი, მე-9 მუხლში დაზუსტდა შემდეგი:

ამ კანონის შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ორგანიზაციის შემოსავლების/ხარჯების დადგენის მიზნით არის შესაძლებელი ასეთი ინფორმაციის გამოთხოვა და არა ზოგადად, როგორც რადიკალები ამბობენ, თითქოს ფიზიკური პირის მიერ ფინანსური დეკლარაციის შევსებისა და მისი დარეგისტრირების მიზნით.

დასკვნა: ის პრინციპი, რაც კანონპროექტის დაინიცირებულ ვერსიაში ეწერა, არც განხილვის პროცესში შეცვლილა.

არა დეზინფორმაციას!

კი გამჭვირვალობას!

კი ქართულ კანონს!

ღირსებით ევროპისკენ!” – წერს ანრი ოხანაშვილი.

საქართველო და ჩვენი საზოგადოება არის ერთიანი, როდესაც საქმე ეხება სამშობლოს და ოჯახს – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე საუბრობს.

„დღეს მთელი ერი და ბერი გაერთიანდა ჩვენი უნივერსალური ღირებულებების დასაცავად. ერთმანეთს და მთელ საერთაშორისო საზოგადოებას დღეს ვაწვდით ხმას, რომ საქართველო და ჩვენი საზოგადოება არის ერთიანი, როდესაც საქმე ეხება სამშობლოს და ოჯახს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

დღეს, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით საზეიმო მსვლელობები გაიმართა.

პანიკის დათესვის მცდელობა ქვეყნისა და საკუთარი ხალხის ცალსახა ღალატია – ლევან დავითაშვილი

მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები მჭიდრო კავშირშია ეკონომიკურ დინამიკასთან, ეკონომიკის პროგრესთან და ეკონომიკურ პოლიტიკასთან. სამწუხაროდ, ის მოწოდებები, რომლებიც ოპონენტების მხრიდან ისმის, ბუნებრივია, დადებითად არ აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მოვლენებზე – ეს არის, პრინციპში, გამიზნული პოლიტიკა, რომელიც, ამ შემთხვევაში, ცდება პოლიტიკის მორალურ ჩარჩოებს ანუ ყველა გზით მიზნის მიღწევა, ვფიქრობ, არ არის მთლად ღირსეული და საქმე ზუსტად ამასთან გვაქვს, – ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა დღეს არის საკმაოდ მყარი და ჯანსაღი, რაც აღიარებულია ყველა საერთაშორისო კომპეტენტური ინსტიტუტის მიერ. მისი შეფასებით, ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები აბსოლუტურად ჯანსაღია და შესაბამისად, პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა, ეკონომიკის მინისტრის თქმით, ამავე დროს, ეკონომიკა საკმაოდ მგრძნობიარეა, სტაბილურობასთან პირდაპირ არის კავშირში, ამიტომ პოლიტიკოსები პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ თავიანთ განცხადებებს.

„ოპონენტები გამიზნულად ცდილობენ, რომ ჩვენი ეკონომიკური განვითარება შეაფერხონ, მაქსიმალური ზიანი მოუტანონ საკუთარი ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს, საკუთარ ქვეყანას. რა თქმა უნდა, ქვეყანა განზოგადებული ცნება არ არის, ამ შემთხვევაში საუბარია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე, რადგან ეკონომიკის დაზიანება პირდაპირ აისახება თითოეული ჩვენი მოქალაქისა თუ ოჯახის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. ვხედავთ, ბოლო დღეებში როგორი გამიზნული, მიზანმიმართული შეტევაა საქართველოს ეკონომიკაზე, არის განცხადებები, რომ ეკონომიკა დაზიანდება, ჩამოიქცევა, ლარის კურსი გაუფასურდება, ასევე არის მოწოდებები, რომ მოსახლეობამ გამოიტანოს დეპოზიტები და ა.შ. აქედან გამომდინარე, გადაჭარბების გარეშე, პირდაპირ შემიძლია განვაცხადო, რომ პანიკის დათესვის მცდელობა, რომელიც არაერთი პოლიტიკოსის მხრიდან მოვისმინეთ ბოლო დღეების განმავლობაში, ქვეყნისა და საკუთარი ხალხის ცალსახა ღალატია“, – აღნიშნა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილმა საქართველოს მოსახლეობის საყურადღებოდ კიდევ ერთხელ ხაზგასმით განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ჩვენს ეკონომიკაში რაიმე ნეგატიური მოვლენების არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს.

„დავინახეთ, რომ მათ შორის, ლარის კურსმა დაიწყო დასტაბილურება და იმ შემთხვევაში, თუ პანიკას აჰყვებიან მოქალაქეები, სამწუხაროდ, იზარალებენ. ამიტომ, ცალსახაა, რომ უნდა შევინარჩუნოთ ამ შემთხვევაშიც სიმშვიდე და ობიექტურად შევხედოთ მოვლენებს“, – განაცხადა პირველმა, ვიცე-პრემიერმა.