„ზელენსკის მიმართ ნდობა იკარგება: პრეზიდენტმა უპატიებელი შეცდომა დაუშვა, როცა ანტიკორუფციული ორგანოების წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტი მოიწონა“ – ასეთი სათაურით არის გამოქვეყნებული სტატია ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph), რომლის ავტორი სემიულ რამანი უკრაინულ საზოგადოებაში ბოლო დროს შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას აანალიზებს.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ომის უბედურების ფონზე უკრაინელთა ერთიანობაში ბზარები გაჩნდა: ამ დღეებში ასობით ადამიანმა კიევში, ლვოვში, დნიპროში და ოდესაში საპროტესტო აქციები გამართა ვერხოვნა რადას მიერ სასწრაფოდ მიღებული იმ კანონის წინააღმდეგ, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი სტრუქტურების სტატუსს არეგულირებს.
კანონპროექტი №12414 ეხება უკრაინის ანტიკორუფციულ ეროვნულ ბიუროს და სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ პროკურატურას, რომლებიც ბოლო დრომდე დამოუკიდებელ სტრუქტურებს წარმოადგენდნენ, ახლა კი უკრაინის გენპროკურატურას დაექვემდებარნენ.
გენერალურ პროკურორს კი თანამდებობაზე პირადად პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიშნავს.
კანონმა უკრაინაში აღშფოთება გამოიწვია ორი მიზეზით:
პირველი – ეს არის სერიოზული უკან დახევა კორუფციასთან ბრძოლაში. მმართველობის პირველ წლებში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბრალს უყენებდნენ იმისთვის, რომ იგი ბოროტად სარგებლობს სისხლის სამართლის საქმეების აღძვრით პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, მათი დისკრეტიზაციის მიზნით – მაგალითად, პრორუსული „ოპოზიციური ბლოკის“ ლიდერის ვიქტორ მედვედჩუკისა და ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მიმართ. შეიქმნა არცთუ უსაფუძვლო აზრი, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი შერჩევითი სამართლით სარგებლობდა, რის გამოც მისი პოპულარობა დაეცა და ჩრდილი მიადგა მის როგორც რეფორმატორის რეპუტაციას.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი შეეცადა თავისი არასასიამოვნო იმიჯი შეეცვალა და ამ მიზნით რადიკალური ანტიკორუფციული ზომები მიიღო. პრესაში გამოქვეყნებული იმ ფაქტების საფუძველზე, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო არმიისათვის განკუთვნილ კვების ზოგიერთ პროდუქტს (მაგ. კვერცხს) საბაზრო ფასებზე უფრო ძვირად ყიდულობდა. პრეზიდენტმა მინისტრი ალექსი რეზნიკოვი თანამდებობიდან მოხსნა. მართალია, თვითონ უშუალოდ მინისტრი კორუფციაში არ დაუდანაშაულებიათ, მაგრამ მან ვერ უზრუნველყო კორუფციის ალაგმვა.
იმ პერიოდშივე ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მექრთამეობის ბრალდებით, დაკავებული პოსტებიდან გაათავისუფლა რიგი მაღალჩინოსნები, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ არმიაში გაწვევისა და მობილიზაციის საკითხში. ისინი დაპატიმრებულები იქნენ. გარდა ამისა, უკრაინის უშიშროების სამსახურმა დააკავა ხუთი მაღალჩინოსანი, რომლებსაც ბრალი წაუყენეს ჭურვების შესაძენად გამოყოფილი თანხების მითვისება-დატაცებაში…
ბუნებრივია, ამ ზომების მიღებამ ფართო მხარდაჭერა პოვა როგორც უკრაინაში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც, საერთაშორისო საზოგადოებაში, მაგრამ დღეს, როცა პრეზიდენტმა ხელი მოაწერა №12414 კანონპროექტის ძალაში შესვლას, ისევ დაიწყო კრიტიკა ვოლოდიმირ ზელენსკის წინააღმდეგ, რომ იგი პოლიტიზებულად უდგება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. გარდა ამისა, პრეზიდენტის შეცდომას წარმოადგენს ის, რომ მან დაუშვა ბრძოლა გავლენისათვის ორ სახელმწიფო სტრუქტურას – უშიშროებისა და ანტიკორუფციულ სამსახურებს შორის. ამჯერად უშიშროებამ ანტიკორუფციულ სამსახურს სძლია: უშიშროების სამსახურის თანამშრომლები შეიჭრნენ ანტიკორუფციული ბიუროს ოფისში, გაჩხრიკეს და რიგი თანამშრომლები დააკავეს – „რუსეთის ჯაშუშობაში“ ეჭვმიტანილის ბრალდებით.
მეორე მიზეზი – დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანოების დაქვემდებარება გენპროკურატურისადმი სერიოზული დარტყმას ნიშნავს, მიმართულს უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის წინააღმდეგ. ევროკავშირის გაფართოების საქმეთა კომისარმა მარტა კოსმა ვერხოვნა რადას მიერ მიღებული კანონი „უკან დახევად“ შეაფასა და ხაზი გაუსვა, რომ თუ უკრაინას ევროკავშირის წევრობა სურს, მას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სტრუქტურები უნდა ჰქონდეს. გარდა ამისა, კანონის მიღებით რისკის ქვეშ დგება აშშ-ის მხარდაჭერაც. MAGA-ს ბანაკში იმ ადამიანებმა, რომლებსაც არ მოსწონთ დონალდ ტრამპის შებრუნება უკრაინისაკენ, მკაცრად გააკრიტიკეს ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება. მაგალითად, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატმა ჯორჯიის შტატიდან მარჯორი ტეილორ გრინმა უკრაინელ დემონსტრანტებს ვოლოდიმირ ზელენსკის დამხობისაკენ მოუწოდა და ამ ფონზე კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ იგი უკრაინისათვის გაწეულ დახმარებას მხარს არ უჭერს
იმის მიუხედავად, რომ უკრაინის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საკმარისი საფუძველია პროტესტებისათვის, დაწყებული ანტისამთავრობო გამოსვლები იმაზეც მიანიშნებს, რომ უკრაინულ საზოგადოებაში ღრმა განხეთქილება არსებობს. მოსახლეობაში ხელისუფლების წინააღმდეგ უკმაყოფილების მუხტი ძლიერდება: ვოლოდიმირ ზელენსკიმ საომარი მდგომარეობით ისარგებლა, საპრეზიდენტო არჩევნები გაურკვეველი ვადით გადადო და ამით მან ქვეყნის მართვის სადავეები ვადის განუსაზღვრელად საკუთარ ხელში ჩაიგდო, ანუ რეალურად აბსოლუტური ძალაუფლება მიიღო.
საინტერესოა და პარადოქსულიც კი ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკურ ოპონენტთა რეაქცია: მათ ენთუზიაზმით დაუჭირეს მხარი კანონპროექტის მიღებას. მაგალითად, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ, რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა მიღებული ხმების რაოდენობით 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, უკრაინის დასავლელი პარტნიორები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი კიევის გაკონტროლებას ანტიკორუფციული ბიუროს მეშვეობით ცდილობენ.
რატომ დაიკავა იულია ტიმოშენკომ (და სხვებმაც) ზელენსკის მხარე? საქმე იმაშია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ არამარტო გადაიბირა ოდესღაც გავლენიანი ოპოზიციური ძალები, არამედ დააშინა კიდეც: პრეზიდენტმა უფლებამოსილება განუსაზღვრელად გაუფართოვა თავის მრჩეველს, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს ანდრეი ერმაკს და ამით ხელი შეუწყო იმ ადამიანების დევნას, რომლებიც კორუფციას ამხელდნენ. რასაკვირველია, ასეთი მოქმედება შეუმჩნეველი არ დარჩენილა: 2024 წლის იანვარში Transparency International-ის უკრაინის ფილიალმა განაცხადა, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმებმა სისტემატური ხასიათი მიიღო. რამდენიმე თვის შემდეგ კი, აპრილში, უკრაინულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა მანიფესტიც გამოაქვეყნეს ამ სამარცხვინო პრაქტიკის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, უშედეგოდ.
პრეზიდენტის ასეთი ხისტი მოქმედება მის მიმართ შექმნილ დამოკიდებულებას ამძიმებს: საზოგადოებაში მტკიცდება აზრი, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ნამდვილად ძალაუფლების მოყვარულ პოლიტიკოსს და ავტორიტარულ ლიდერს წარმოადგენს.
კიევში გაჩენილი ლოზუნგები – „ჩვენ არჩევანი ევროპაზე გავაკეთეთ და არა დესპოტიაზე“ და „მამაჩემს სიცოცხლე ამისთვის არ გაუწირია“ – ამის ნათელი მაგალითია.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ უშიშროების სამსახური ანტიკორუფციულ ბიუროში რომელიმე პრორუსულად განწყობილ თანამშრომელს ან „რუსეთის ჯაშუშს“ აღმოაჩენს (რაც არ არის გამორიცხული), ვოლოდიმირ ზელენსკისათვის ძნელი იქნება მის მიმართ გაჩენილი ეჭვების გაფანტვა, რომ იგი ძალაუფლებას თავის სასარგებლოდ იყენებს.
კანონპროექტისადმი გამოხატული მხარდაჭერა ვოლოდიმირ ზელენსკის არა იძულებით შეცდომას წარმოადგენს, რომელიც მას არ ეპატიება და რომელიც ქვეყნის მთავარ უპირატესობას ემუქრება: მტრის წინააღმდეგ მებრძოლი უკრაინის ურყევ სიმტკიცეს.
მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო: