ბრიტანულ გაზეთ The (i) Paper-ში, რუბრიკით „მოგზაურობა“, გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ნელი მატარებლიდან დანახული საქართველო: ვიმგზავრე თბილისიდან გორში, ქუთაისში, ყოფილ საბჭოთა კურორტ წყალტუბოში და ბათუმში ზღვამდე მივაღწიე“ (ავტორი – რიჩარდ კოლეტი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
დილის 8 საათია. თბილისის რკინგზის ცენტრალურ სადგურზე ვარ და №870 სამგზავრო მატარებელში [თბილისი-ზუგდიდი] ვჯდები. ვატყობ, რომ მატარებლის „ახალგაზრდობის წლები“ დიდი ხანია უკან დარჩა: რელსებზე საბჭოთა პერიოდის ფერგადასული ელმავალი და ვაგონები დგანან, ელმავალს წინ საქართველოს რკინიგზების თეთრ-წითელი ემბლემა აქვს გაკეთებული, რომელიც მუქ ჭუჭყში ძლივსღა მოჩანს. ბაქანზე მდგარი მამაკაცები სიგარეტის ბოლო ნაფაზს სწრაფად ურტყამენ, საკმაოდ ლამაზ ფორმაში გამოწყობილი კონდუქტორი კი ელექტრონულ ბილეთებს ამოწმებს.
დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ჩასვლა ამჟამად უფრო იოლია, ვიდრე წინა წლებში: აპრილში ავიაკომპანიებმა EasyJet-მა და British Airways-მა ლონდონიდან თბილისში პირდაპირი ავიარეისების შესრულება დაიწყეს. თვითონ საქართველოში კი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ სარგებლობს რკნიგზით, რომელიც ძირითადად რუსეთის იმპერიის და საბჭოთა კავშირის დროს აშენდა. რკინიგზით თბილისიდან შეგიძლიათ ბათუმში ჩახვიდეთ, რომელიც საქართველოს შავიზღვისპირა ნავსადგურს და იმავდროულად ცნობილ სუბტროპიკულ კურორტს წარმოადგენს, პალმებითა და პლაჟებით, საოცარი არქიტექტურით. .
ჭუჭყიანი ვაგონების მიუხედავად, საქართველოს რკინიგზის მდგომარეობა საკმაოდ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა 2016 წლის შემდეგ, როცა ქვეყანაში უკანასკნელად ვიყავი. იმ დროს ადგილობრივი მცხოვრებლები მირჩევდნენ, რომ მატარებლით მგზავრობისათვის თავი ამერიდებინა და უფრო სწრაფი მიკროავტობუსებით მესარგებლა.
ამჯერად მრავალდღიანი მოგზაურობა მქონდა ჩაფიქრებული თბილისიდან ბათუმამდე და ამიტომ მატარებლით მგზავრობა ვარჩიე: რკინიგზის საიტის მეშვეობით სამი მატარებლით მგზავრობა გადავწყვიტე და ამისათვის 91 ქართული ლარი (25 გირვანქა სეტრლინგი) გადავიხადე.
რასაკვირველია, ვისაც სურვილი გექნებათ, ბათუმამდე ხუთსაათნახევარში ერთი მატარებლითაც შეგიძლიათ ჩასვლა, მაგრამ მე უპირატესობა მივეცი უფრო ნელ მგზავრობას – ერთი მატარებლით გორში ჩავიდოდი და იოსებ ჯუღაშვილის (იოსებ სტალინის) სახლ-მუზეუმს ვნახავდი, ღამე იქ დავრჩებოდი, შემდეგ კი მეორე მატარებლით ქუთაისს გავემგზავრებოდი, დავათვალიერებდი საბჭოთა პერიოდის ყოფილ სტალინურ კურორტ წყალტუბოს, ამჟამად აღორძინების პროცესში მყოფს, ხოლო მესამეთი ბათუმში წავიდოდი.
გორისაკენ მიმავალი ერთსაათიანი მგზავრობით ვტკბებოდი, ვუყურებდი მტკვრის ნაპირებზე გაშენებულ მწვანე ბაღებს და კოპწია სოფლებს. ვაგონი მეორე კლასისა იყო, ძველმოდური, მაგრამ საკმაოდ ფართო. 13-ლარიანი (4,5 გირვანქა სტერლინგის) ბილეთის კვალობაზე საკმაოდ კომფორტულად ვიმგზავრე.
გორთან ახლოს ერთ-ერთ სადგურზე ძველი საბჭოური პერიოდის ჟანგიანი თბომავლები და ვაგონები შევამჩნიე, თუმცა თვითონ გორის რკინიგზის სადგური, რომელიც კორინთოსებური სვეტებით არის დამშვენებული, გასაკვირად მდიდრული მომეჩვენა. ბოლო წლებამდე მარმარილოთი აგებულ სადგურის მოსაცდელ დარბაზში იოსებ სტალინის ოქროსფერი ქანდაკება იდგა – გორელები დღემდე გამოხატავენ საოცარ მოწიწებას თავიანთი შვილის, აქ დაბადებულ-გაზრდილი ადამიანის მიმართ, რომელმაც „პატარა გორი დიდ“ და მსოფლიოში ცნობილ ქალაქად გადააქცია და რომელიც საბჭოთა ისტორიაში ბევრისთვის ნეგატიური სახელითაც სარგებლობს.
სადგურიდან 20 წუთში გორის ცენტრში მივედი, იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმთან, სადაც უცხოელი ტურისტები ჩაფიქრებული სახით საბჭოთა ბელადის ჯავშნიან სარკინიგზო ვაგონს ათვალიერებდნენ. მათთან ერთად შევედი მუზეუმის შენობაში (…).
ადრე გორის რკინიგზის სადგურიდან მატარებლები მთელ საბჭოთა კავშირში დადიოდნენ, მაგრამ ახლა მოძრაობა არარეგულარულია. ღამე გავათიე ფანტასტიკურ ბუტიკ-ოტელში სახელწოდებით „ძველი უბანი“, რომელიც ვაგზლის შენობის პირდაპირ მდებარეობს. ნომერი ერთი ღამით 118 ლარი (ანუ 32 გირვანქა სტერლინგი) ღირს.
დილით მატარებელში ჩავჯექი თუ არა, ვაგონში საოცარი სუნი გავრცელდა – მატარებლის მემანქანეები ცხელ-ცხელ ხაჭაპურს – ქართულ ეროვნულ საჭმელს მიირთმევდნენ. (…). ამჯერად 32 ლარი (9 გირვანქა სტერლინგი) გადავიხადე, პირველი კლასით სამსაათიანი მგზავრობისათვის ქუთაისამდე, რომელიც საქართველოს სიდიდით მესამე ქალაქია. როგორც აღმოჩნდა, „პირველი კლასი“ იმას ნიშნავს, რომ ძველ საბჭოთა ვაგონში ფეხის გასაშლელად უფრო დიდი ადგილი გაქვს. ფანჯრიდან ისევ მიმზიდველი ბუნების პეიზაჟს ვუყურებდი, შორს კავკასიის დათოვლილი მწვერვალები მოჩანდა.
ყოველ სადგურზე გაჩერებისას ვაგონი ნახევრად ცარიელდებოდა – ქართველები სიგარეტის მოსაწევად ბაქანზე გადიოდნენ ან იქვე ბუტიკებში ჩურჩხელებს (ქართული ეროვნული დელიკატესი, ყურძნის შესქელებულ წვენში ამოვლებული ძაფზე ასხმული ნიგოზი) და „ლობიანებს“ (ხორბლის ფქვილის ცომისგან და ლობიოსაგან მომზადებულ ღვეზელს) ყიდულობდნენ.
„როგორ მოგწონთ საქართველო?“, – ინგლისურად მეკითხება ერთ-ერთი ჭაღარათმიანი ქართველი ქალბატონი, რომელმაც ქვეყნის სახელი ქართულად წარმოთქვა. მე ნამდვილად კმაყოფილი ვიყავი და ასეც ვუთხარი – პეიზაჟი თვალწარმტაცი იყო, მატარებლები გრაფიკის მიხედვით დადიან, ხოლო ვაგონებს რაც შეეხება, ისინი, მართალია, ძველებია, მაგრამ არც იმათზე ძველი, ჩვენთან, ბრიტანეთში, ჩემს მშობლიურ დევონის საგრაფოში გრეით-ვესტერნის რკინიგზაზე რომ დადიან.
რადგანაც რკინგზის სადგური „რიონი“ ქუთაისის გარეუბანშია, ამიტომ ტაქსი დავიქირავე. მძღოლი, სახელად თემო, მოკლედ მიყვება ქუთაისის 3500-წლოვან ისტორიას, ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი ქალაქის ღირსშესანიშნაობებს, გარემომცველი ვენახებით და კანიონებით. მე ეს უკვე კარგად ვიცი, ადრეც ვარ ნამყოფი ქუთაისში, მაგრამ არ ვაწყვეტინებ, სასიამოვნოა მისი საუბარი. ამჯერად ჩემი გზა წყალტუბოსაკენ მიდის. „ოდესღაც წყალტუბო მთელ საბჭოთა კავშირში იყო განთქმული თავისი რადონის შემცველი სამკურნალო წყლებით, აქაურ აბაზანებში იოსებ სტალინიც მკურნალობდა ხოლმე, მაგრამ შემდეგ, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, კურორტი გაპარტახდა. ახლა ბევრი ინვესტიცია იდება მის ასაღორძინებლად და ვფიქრობ, წყალტუბო მალე დაიბრუნებს ძველ დიდებას“, – ამბობს თემო.
წყალტუბოში 1980-იან წლებამდე ბუნებრივ თბილ წყლებზე აგებული 22 სანატორიუმი მუშაობდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ერთი დიდი სასტუმრო-სანატორიუმი, სადაც ადგილობრივი ექიმები საბჭოთა ცნობილ ლიდერებს და რიგით მოქალაქეებს გამაჯანსაღებელ პროცედურებს უტარებდნენ. დღეს ოდესღაც დიდებული სასტუმროები და სანატორიუმები მიტოვებულია, ბევრი კი ქართველი დევნილების (ლტოლვილების) მიერ არის დაკავებულნი, რომლებიც სეპარატისტული რეგიონიდან – აფხაზეთიდან – კონფლიქტს გამოექცნენ, 1990-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ამჟამად ზოგიერთი სანატორიუმის რემონტი უკვე დაწყებულია – წყალტუბოელებს სურთ, რომ ძველ მემკვიდრეობას ახალი სული შთაბერონ და ქალაქი კვლავ გადააქციონ დამსვენებლებისათვის საყვარელ სამკურნალო კურორტად.
ღამე სასტუმრო „ლეგენდაში“ გავათიე და ტაქსით სწრაფად გავემართე ქუთაისის აეროპორტში, საიდანაც ბათუმისაკენ სუპერთანამედროვე შვეიცარიული მატარებლები (Stadler) დადიან. ამჯერად ბილეთში 38 ლარი (10 გირვანქა სტერლინგი) დავხარჯე. წითელ-თეთრ ნათელ ორსართულიან კომფორტულ ვაგონებში სიხალვათესა და სივრცეს ვგრძნობდი, ფართო ფანჯრებიდან ქართული ბუნების ჯადოსნური სილამაზით ვტკბებოდი.
ორ საათზე ნაკლებ დროში უკვე ბათუმში ჩავედი. წინ დიდი შთაბეჭდილებები მელოდება: დიდებული ღვინის ბარები, ოთხკილომეტრიანი ზღვისპირა ბულვარი და სხვა ღირსშესანიშნაობები, რომელიც სასიამოვნოდ დაასრულებს ჩემს სარკინიგზო მოგზაურობას საქართველოში.
წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ