Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

 ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ ემზადება ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია, გვაქვს ერთადერთი მიზანი – 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები და აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ მოვიგებთ -ირაკლი კობახიძე 

ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ ემზადება ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია, ჩვენთვის საინტერესოა, როგორ ვემზადებით ჩვენ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველი პარტიის მიზანია 64-ვე მუნიციპალიტეტში მოიგოს როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები.
„ორი თვეა დარჩენილი არჩევნებამდე და თბილისის მერობის კანდიდატზეც კი ვერ არის ჩამოყალიბებული ოპოზიცია. ვისზეც არის საუბარი, ეს კანდიდატები მეტყველებენ იმაზე, რომ ძალიან უჭირს ოპოზიციას. ეს არის მათი საქმე. ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ ემზადება ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია. ჩვენთვის საინტერესოა, როგორ ვემზადებით ჩვენ. ხედავთ, რომ ჩვენ ვემზადებით ძალიან აქტიურად. გვაქვს ერთადერთი მიზანი – 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები და აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით არჩევნებს. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი და მთლიანად ამ დღის წესრიგით ვმოქმედებთ”, – განაცხადა პრემიერმა.

არაფერი ისე არ ინახავს ქართულ სულს და ქართულ ტრადიციებს, როგორც ქართული მთა და ამ კუთხით მაღალმთიანი აჭარა გამორჩეულია -ირაკლი კობახიძე

არაფერი ისე არ ინახავს ქართულ სულს და ქართულ ტრადიციებს, როგორც ქართული მთა და ამ კუთხით გამორჩეულია მაღალმთიანი აჭარა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბეშუმში, „შუამთობის“ დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ მოსახლეობას „შუამთობის“ დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს დღე ყველას აერთიანებს.

„არაფერი ისე არ ინახავს ქართულ სულს და ქართულ ტრადიციებს, როგორც ქართული მთა და ამ კუთხით გამორჩეულია მაღალმთიანი აჭარა. ეს არის თითოეული თქვენგანის დამსახურება. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩამოდიხარ ზემო აჭარაში, ის გაოცებს თავისი ბუნების განსაკუთრებული სილამაზით, მაგრამ ყველაზე გასაოცარი არის ის განსაკუთრებული სითბო, რომელსაც აქაური მოსახლეობა გიზიარებს ყოველ ჩამოსვლაზე, განსაკუთრებული სტუმარმასპინძლობა, რითაც გამოირჩევა ეს ხალხი. ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ.

ძალიან მიხარია, რომ გრძელდება ტრადიცია, ეს დღესასწაული აერთიანებს მთას და ბარს, ერს და ბერს, ყველას გვაერთიანებს და ყველა ერთად ვზეიმობთ ამ არაჩვეულებრივ დღესასწაულს – ეს არის იმ ტრადიციების გამოძახილი, რომელიც საუკეთესოდ არის წარმოდგენილი ამ მხარეში. მინდა ქართულ მთას და მაღალმთიან აჭარას ვუსურვო გაძლიერება, თითოეულ თქვენგანს – კეთილდღეობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სამეცნიერო საბჭო, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ილია II-ს წმინდა ილია თეზბიტელის ხსენების დღეს, ილიაობას ულოცავენ

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სამეცნიერო საბჭო, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს ანგელოზის, წმინდა ილია თეზბიტელის ხსენების დღეს, ილიაობას ულოცავენ.

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მისალოც წერილში აღნიშნულია, რომ ილია II-მ უდიდესი ძალისხმევის ფასად შეძლო ჭეშმარიტი რწმენის აღორძინება და ეკლესიის მაცხონებელი წიაღისგან გაუცხოებული საზოგადოების კვლავ ამ წიაღისკენ შემობრუნება.

„ღმერთმა ინება, რომ 48 წლის წინ აემაღლებინა თავისი რჩეული, სრულიად ახალგაზრდა მღვდელთმთავარი საქართველოს უძველესი სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო საყდარზე, რამაც დიდი სიხარულით და განსაკუთრებული იმედით აღავსო მთელი ქართველი ერი. მიუხედავად უმძიმესი ჟამისა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ უდიდესი ძალისხმევის, ღვთისა და ერის წინაშე დაუცხრომელი მსახურებისა და პირადი თავგანწირვის ფასად შეძლო ჭეშმარიტი რწმენის აღორძინება და ეკლესიის მაცხონებელი წიაღისგან გაუცხოებული საზოგადოების კვლავ ამ წიაღისკენ შემობრუნება. მისმა სულიერმა ხედვამ მოიცვა საეკლესიო მოღვაწეობის ყველა მხარე, რაც გულისხმობს საქართველოს ეკლესიის უძველესი ავტოკეფალიის საყოველთაო აღიარებას, სამონასტრო ცხოვრების აღორძინებას, უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლების დაფუძნებას, ეპარქიების გამრავლებას, მათ შორის, უცხოეთშიც, საგამომცემლო საქმიანობის ახალ სიმაღლეზე აყვანას, ძველი ქართული საეკლესიო გალობის განახლებას, საეკლესიო არქიტექტურის, ტიხრული მინანქრისა და, ზოგადად, საეკლესიო ხელოვნების განვითარებას.

ყოველივე ზემოთქმულთან ერთად, განსაკუთრებით ხაზგასასმელია პატრიარქის განსაკუთრებული წვლილი ქართველი ერის დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესების საქმეში. ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ მისი უწმინდესობის ეპოქა ყველაზე არსებითად ხასიათდება უჩვეულო აღმშენებლობითა და ერის სულიერი ამაღლებით. სწორედ პატრიარქ ილია II-ის უდიდესი მოღვაწეობის შედეგად შესაძლებელი გახდა, რომ საქართველოს წმინდა ეკლესიას დაებრუნებინა ის განსაკუთრებული ავტორიტეტი, რასაც იგი განიკუთვნებდა უძველესი დროიდანვე. დღეს მთელი ქართველი ერი გამთლიანებულია პატრიარქ ილია II-ის პიროვნების მიმართ განსაკუთრებული სიყვარულითა და მოწიწებით. ასევე, უდიდესია მისდამი პატივისცემა მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში, რაც ნათლად წარმოაჩენს მის განუზომელ ღვაწლს არა მხოლოდ ჩვენი ერისა და ეკლესიის, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყაროს წინაშე. ღმერთმა მიჰმადლოს საქართველოს უწმინდეს პატრიარქს სულიერი მხნეობა და მრავალჟამიერი სიცოცხლე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მთელი ქართველი ერის საკეთილდღეოდ. ღმერთმა ინებოს, რომ პატრიარქის მიერ ღვთისადმი აღვლენილი წმინდა ლოცვა რაც შეიძლება დიდხანს იყოს შემწე და მფარველი ღვთივკურთხეული ქართველი ერისა“, – ნათქვამია თბილისის სასულიერო აკადემიის მისალოც წერილში.

შუამთობა არის პატარა მაგალითი, როგორი უნდა იყოს საქართველო, როგორ უნდა გადაეცემოდეს ტრადიციები, ღირებულებები, სიყვარული მომავალ თაობას-მიხეილ ყაველაშვილი

შუამთობა არის პატარა მაგალითი, როგორი უნდა იყოს საქართველო, როგორ უნდა გადაეცემოდეს ტრადიციები, ღირებულებები, სიყვარული მომავალ თაობას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „შუამთობა 2025“-ის დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი დღესასწაულები შენარჩუნდეს, რათა მომავალმა თაობამ იცოდეს ტრადიციებისა და ღირებულებების შესახებ.

„ძალიან ბევრი სტუმარია და სასიხარულოა აქ ყოფნა. გილოცავთ შუამთობას, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია აქ თქვენთან ერთად ყოფნა. ეს მართლაც გამორჩეული და სახალხო დღესასწაული, რომელსაც საუკუნეებია ინარჩუნებს ჩვენი უძვირფასესი ხალხი, ზემო აჭარლები. მართლაც საამაყოა და მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რადგან ერთიანდება მთა და ბარი. აქ ვხედავ უხუცესებთან ერთად ძალიან ბევრ ახალგაზრდას. სწორედ ეს არის ტრადიციის გაგრძელება. ეს ნიშნავს, რომ საქართველო არასდროს გადაშენდება. შუამთობა არის პატარა მაგალითი როგორი უნდა იყოს საქართველო, როგორ უნდა გადაეცემოდეს ტრადიციები, ღირებულებები, სიყვარული, სიხარული მომავალ თაობას. ეს შერწყმა არის აქ წარმოდგენილი და მახარებს, რომ თქვენთან ერთად ვარ. ყველასთვის ძვირფასი დღესასწაულია. მინდა, რომ ჩვენ როგორც ხელისუფლებამ და მე, როგორც პრეზიდენტმა, ყველაფერი გავაკეთო, რომ ეს სიხარული გადამდები იყოს საქართველოსთვის. ჩვენი ვალია, რომ ასეთი დღესასწაულები შევუნარჩუნოთ მომავალ თაობას, იცოდნენ, საიდან მოვდივართ, რას ნიშნავს ქართველობა, ჩვენი ტრადიციები, სტუმარმასპინძლობა. სწორედ ამისთვის არსებობდნენ ჩვენი ძლიერი წინაპრები, რომ აქამდე მოიტანეს ეს სიყვარული, რომელიც ასეთი გადამდები და მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ და მინდა, რომ წარმატებული და გახარებული იყოს ზემო აჭარა და საქართველო. უფალი გფარავდეთ და გამარჯვებული იყოს საქართველო“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია საინტერესო შეთავაზება, რომელიც მნიშვნელოვან მოგებას მოგიტანთ. ეცადეთ, საღამო სახლში გაატაროთ.

კურო

მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუარესება. სავარაუდოდ, სიტუაციას არასწორად აფასებთ, ამიტომ ყურადღებით უნდა მიმოიხედოთ და ობიექტური დასკვნები გამოიტანოთ. თავი შეიკავეთ ყველაფრისგან, რამაც შეიძლება ორგანიზმს ზიანი მიაყენოს. განსაკუთრებით ალკოჰოლს და სიგარეტს ერიდეთ.

ტყუპები

ეცადეთ, ამ დღეს თავი შეიკავოთ ყველაფრისგან, რამაც შეიძლება სხეულს ზიანი მიაყენოს. განსაკუთრებით ავტომობილის სწრაფად მართვას და საჭრელ ხელსაწყოებთან მუშაობას ერიდეთ. პირად საქმეებში მოსალოდნელია წარმატება, მაგრამ პარტნიორთან დაკავშირებულმა ილუზიებმა შეიძლება ფინანსური ზარალი გამოიწვიოს.

კირჩხიბი

ამ დღეს მატერიალური საკითხების მოგვარება რთული იქნება. ეცადეთ, ყურადღება სულიერი განცდებიდან გარშემო მყოფ ადამიანებზე გადაიტანოთ. ახლობელი ადამიანები თქვენს დახმარებას ელიან.

ლომი

ეცადეთ, ბუნებაში მეტი დრო გაატაროთ. რომანტიკული შეხვედრა ან საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა შვებას და სიხარულს მოგანიჭებთ.

ქალწული

ვარსკვლავები მზად არიან, ყველაზე ამბიციური გეგმებისა და მიზნების მიღწევაში დაგეხმარონ. სასიხარულო სიახლე ან საინტერესო შემოთავაზება მნიშვნელოვან მოგებას მოგიტანთ. დღის მეორე ნახევარში მსუბუქი დეპრესია და უმიზეზო სევდა გელით, ამიტომ ეცადეთ, საღამო სახლში გაატაროთ.

სასწორი

მოგებიანი შემოთავაზება გელით, მაგრამ გადაწყვეტილების დროულად მიღება გაგიჭირდებათ. შეგიძლიათ, ნებისმიერ საქმეს შეეჭიდოთ, რადგან უახლოეს მომავალში წარმატებას მიაღწევთ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ. უსაფუძვლო ოპტიმიზმმა შეიძლება თქვენი პრაქტიკული თვისებები დაჩრდილოს.

მორიელი

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია მთავარზე კონცენტრირება და ჩანაფიქრის განხორციელება. თქვენ შეძლებთ, განახლების სურვილი და გონივრული ხედვა ერთმანეთთან დააკავშიროთ, რაც დღის მეორე ნახევარში მატერიალურ წარმატებას მოგიტანთ.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა ვარჯიშის, სუფთა ჰაერზე დასვენების, მშენებლობისა და რემონტისთვის. კომერციული საქმიანობა მოგებას მოგიტანთ. შესაძლებელია, საინტერესო ადამიანს შეხვდეთ, რომელიც გარკვეული დროით სერიოზულად გაგიტაცებთ.

თხის რქა

სასიხარულო ამბავი ან საინტერესო შემოთავაზება მნიშვნელოვან მოგებას მოიტანს. სავარაუდოდ, ქალებს ქმრის ან ახლო მეგობრისგან საჩუქარი ელით. ვარსკვლავები სასიყვარულო პრობლემების წარმატებით გადაჭრას გპირდებიან. ეცადეთ, ინიციატივა ხელიდან არ გაუშვათ.

მერწყული

ეს დღე სულიერი წონასწორობის სიმბოლოა. გვერდით მყოფ ადამიანს თქვენი ყურადღება და სიყვარულის აკლია. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია უმიზეზო სევდა ან მსუბუქი დეპრესია.

თევზები

გირჩევთ ოჯახური საქმეები სხვა დროისთვის გადადოთ და საყვარელი საქმით დაკავდეთ, რაც შექმნილი დაძაბულობისგან გაგათავისუფლებთ. თუ თქვენ ცვლილებებისკენ ისწრაფვით, ამისთვის ხელსაყრელი დროა, თუმცა მთავარ შედეგებს ცოტა მოგვიანებით მიიღებთ. ეცადეთ, საღამო სიმშვიდეში გაატაროთ. 

პროკურატურამ სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროსს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროსს ბრალდება წარუდგინა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რომ ააიპ „სოფლის განვითარების სააგენტო“ 2019 წლიდან მთავრობის შესაბამისი დადგენილების საფუძველზე, ფიზიკური პირების და ინდივიდუალური მეწარმეების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად თანადაფინანსებას ახორციელებდა.

2021-2024 წლებში, ხსენებული პროექტის ფარგლებში გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, ბრალდებული აქტიურად იყო ჩართული ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივ საქმიანობაში და სააგენტოს ყოფილ თანამშრომელთან და ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად სახელმწიფოს კუთვნილი დიდ ოდენობით თანხებს, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდა. ამ ეტაპზე, გამოძიების მიერ დადგენილი ზიანი 800 000 ლარს აღემატება.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 210-ე და 362-ე მუხლებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება – გამოყენება და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება – გამოყენება) წარედგინა. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 7- დან 10 – წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ „სასოფლო – სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაცემული გრანტების – 826 815 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, 2025 წლის 18 ივლისს, ბრალდება ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა 12 წევრს წარუდგინა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გრძელდება გამოძიება ზემოაღნიშნული პროგრამის ფარგლებში მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენისა და ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების მხილების მიზნით.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

ჩანაცვლებითი მკურნალობის პაციენტებისთვის რეგისტრაცია იწყება – კერძო სერვისებიდან სახელმწიფო პროგრამაში გადასვლა 4 აგვისტოდან დაიწყება

ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის პროცედურა განისაზღვრა. ცვლილება იმ პაციენტებს ეხება, ვინც, მანამდე, სერვისს კერძო სუბიექტებისგან იღებდა.

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახელმწიფომ, უკვე მოამზადა სარეგისტრაციო პლატფორმა და დეტალურად დაგეგმა პაციენტების გადმოსვლის პროცესი:

„მომზადდა, საკმაოდ, მოსახერხებელი ელექტრონული პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც მოხდება რეგისტრაციის განხორციელება. თუმცა, ვინც უპირატესობას მიანიჭებს, უშუალოდ, ადგილზე ამ განაცხადის გაკეთებას, შეუძლია, ნებისმიერ ცენტრს მიმართოს. დაწესებულებების სია, ასევე, გამოქვეყნებული იქნება იმავე პლატფორმის მეშვეობით. რეგისტრაციის პროცესი აუცილებელია თავად ბენეფიციარების ინტერესებისთვის, იმისთვის, რომ სწორად დაიგეგმოს პროცესი და შესაძლებელი იყოს სერვისით შეუფერხებლად სარგებლობა“, – განაცხადა მინისტრმა.

ბენეფიციარებს რეგისტრაციის გავლა, 4 აგვისტოდან 11 აგვისტოს ჩათვლით, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, ან მის ტერიტორიულ განყოფილებებში შეეძლებათ. რეგისტრაცია განხორციელდება ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 15:00-დან 18:00 საათამდე. რეგისტრაცია შესაძლებელია, ასევე, „ონლაინ“, ვებგვერდზე – www.ost.moh.gov.ge (საიტი რეგისტრაციის პერიოდისთვის ამოქმედდება).

მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფას და აღნიშნა, რომ ეს პროცესი კანონის სრული დაცვით წარიმართება. ამასთან, თუ პაციენტთან დაფიქსირდება ჩანაცვლებითი მედიკამენტების არარეგულარული მოხმარება, მომსახურება შესაძლოა, აღარ გაგრძელდეს, რადგან ეს მიუთითებს რეალური დამოკიდებულების არქონაზე.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ კერძო სერვისის მიმწოდებლებს დაევალათ სახელმწიფოსთან თანამშრომლობა და მონაცემების გადაცემა, რაც მკურნალობის სწორ დაგეგმვას უზრუნველყოფს.

„განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დაგვიანებით განაცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, პრაქტიკულად, იძულებულნი ვიქნებით, თავიდან, ინდივიდუალურად მოხდეს პაციენტის შეფასება და შესაბამისად, ამ გზით დაგეგმვა მკურნალობის კურსისა. ეს გაართულებს მდგომარეობას. ამიტომ, მინდა, მოვუწოდო თითოეულ ბენეფიციარს, რომელსაც სურვილი აქვს მკურნალობის გაგრძელების, დარეგისტრირდნენ დადგენილ ვადაში, ანუ 4 აგვისტოდან – 11 აგვისტოს ჩათვლით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში გადმოსვლისთვის, პაციენტი, 2025 წლის 1 აგვისტომდე, ჩართული უნდა იყოს ჩანაცვლებითი მკურნალობის შესაბამის პროგრამაში. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, პაციენტი SMS შეტყობინებას მიიღებს, სადაც მითითებული იქნება, როდის და სად უნდა გამოცხადდეს წამლის მისაღებად.

დამატებითი ინფორმაციისთვის, მოქმედებს ცხელი ხაზი: 032 230 10 53.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ბატონი პაატას და „ხაბეს“ მიმართ ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ნებისმიერი თარიღის ბოლო ვადად გამოცხადება, ბრძოლის დასასრულის თარიღის დაკიდებას ნიშნავს – ნიკა გვარამია

ბატონი პაატას და „ხაბეს“ მიმართ ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ნებისმიერი თარიღის ბოლო ვადად გამოცხადება, ბრძოლის დასასრულის თარიღის დაკიდებას ნიშნავს. ეს კატეგორიულად არასწორი მგონია, რადგან მაღალი ალბათობით, ბრძოლა ვერ იქნება ასეთი ხანმოკლე და ბევრი რამის გაკეთება მოგვიწევს 4 ოქტომბრის შემდეგაც, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს და 4 ოქტომბერს დაგეგმილ „სახალხო შეკრებასა“ და მასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

ნიკა გვარამიას განცხადებით, ბრძოლის თარიღის დაკიდება კი არ არის პრობლემა, არამედ ბრძოლის დასრულების თარიღის (თუნდაც გამარჯვების თარიღის სახით) გამოცხადება.

„მინდა გამოვეხმაურო იმ დავიდარაბას, რომელიც ოქტომბერთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში განვითარდა:

უპირველესად ვიტყვი, რომ ჩვენ, პარტია „ახალი“ უმთავრეს და უპირობო მიზნად მივიჩნევთ რეჟიმის დასასრულს, რის გარეშეც ვერც საქართველოს მომავალს ვხედავთ და ვერც საკუთარ ადგილს – რუსულ საქართველოში ვერ ვიქნებით ვერც პარლამენტის წევრები, ვერც საკრებულოს და ვერც რაიმე სხვა. ეს რომ გვდომოდა, პარლამენტში ყველაზე ფართოდ ვიყავით წარმოდგენილები და იქ ვისხდებოდით, მაგრამ მანდატებზე პირველებმა ვთქვით უარი. ეს რომ გვდომოდა, გარწმუნებთ, ადგილობრივ არჩევნებშიც ყველაზე წარმატებული ვიქნებოდით, მაგრამ მყისიერად და მკაფიოდ ვთქვით ამაზეც უარი. რაც არჩევნები არ არის, იმის არჩევნებად ვერ გავხდით ჩვენი თანამონაწილეობის მეშვეობით. ან სად უნდა მივიყვანოთ ჩვენი ამომრჩეველი თუ კომისიის წევრები? სადაც დაატერორებენ, სცემენ, უბნებიდან გამოყრიან, მორალურად გაანადგურებენ? და რისთვის? ცხადია, რომ ეს კი არა, უფრო მძიმე ბრძოლები გადაგვიტანია და კიდევ უფრო მძიმეს გადავიტანთ, მაგრამ არა იმისთვის, რომ ვიღაცას რაღაც დავუმტკიცოთ და სამშობლოს ამით არაფერი ვარგოთ, მეტიც, შესაძლოა დავაზიანოთ კიდეც.

ახლა რაც შეეხება 4 ოქტომბერს. სრულიად ცხადია ორი რამ:

  • ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ ვითარებაში ვიდგებით იქ, სადაც ხალხია, სადაც საქართველოს გადარჩენისთვის იბრძვიან.
  • ბატონი პაატას და „ხაბეს“ მიმართ ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ბუნებრივ „დედლაინად” ამ საკითხს ვერაფრით ვერ მივიჩნევ, რამეთუ „დედლაინი” ბოლო ვადას ნიშნავს და ნებისმიერი თარიღის ბოლოდ ვადად გამოცხადება, ბრძოლის დასასრულის თარიღის დაკიდებას ნიშნავს. ეს კატეგორიულად არასწორი მგონია, რადგან მაღალი ალბათობით, ბრძოლა ვერ იქნება ასეთი ხანმოკლე და ბევრი რამის გაკეთება მოგვიწევს 4 ოქტომბრის შემდეგაც.

ღმერთმა ქნას, რომ 4-ში კი არა, ხვალ მორჩეს ყველაფერი. ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება: სამშობლოც გადარჩება და ჩემს ოჯახსაც ვნახავ. მეტი რაღა უნდა მინდოდეს? თუმცა (და აქ მესმის სხვა პოლიტიკოსების სიფრთხილეც და გამწვავებული პასუხისმგებლობის გრძნობაც, შესაძლოა, ზედმეტად ხისტად გამოხატული, მაგრამ მე სხვისი სიხისტე რა ნამუსით დავგმო? ) ბრძოლის გაგრძელებისთვის მზაობა, რისი უპრეცედენტო მასშტაბი გამოავლინა ქართველმა ხალხმა, არ უნდა შეირყეს არც ერთი მილიმეტრით და არც ერთი წამით. ამიტომ, ჩვენს სიტყვებს და ქმედებებს ოდნავ მეტად უნდა გავუფრთხილეთ, ვიდრე სხვა ვითარებაში. არავის შენიშვნას არ ვაძლევ, თუმცა, განვმეორდები, ისიც მესმის, რომ პოლიტიკოსები განსაკუთრებულად გამოხატავენ ზემოხსენებული გამძლეობის მნიშვნელობას და მწვავედ რეაგირებენ ნებისმიერ ფაქტზე, რასაც გამძლეობისა და გრძელ დისტანციაზე შეუდრეკლად სვლის საფრთხედ ჩათვლიან.

ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დრამატული შეცდომის უფლება წართმეული გვაქვს, ისევე როგორც ქვეყანა. ქვეყანას რომ დავიბრუნებთ, მერეღა შევძლებთ იმის თქმას, რომ „Errare Humanum est“. ახლა უშეცდომოდ უნდა ვიაროთ. არჩევნებში მონაწილეობა სამწუხაროდ მძიმე შეცდომაა. მაგრამ ამაზე უარესი შეცდომების ალბათობაც ხომ არსებობს? ცხადია, კი. რვიანს ამის უფლება არ აქვს, რამეთუ პოლიტიკური თვალსაზრისით ის შეიძლება ბოლო ბასტიონი აღმოჩნდეს, რომელსაც ხალხი გამოიყენებს თავისი პროტესტის ფორმალიზაციისათვის, უცხოეთში ურთიერთობისათვის (ხალხის სახელით), მოქმედების კოორდინაციისათვის და ა.შ.

ბრძოლის თარიღის დაკიდება საერთოდ არ არის პრობლემა, ხოლო ბრძოლის დასრულების თარიღის (თუნდაც გამარჯვების თარიღის სახით) გამოცხადება სწორი არ მგონია.

საერთოდ არ გამოვრიცხავ, რომ ვცდებოდე. ეს ჩემი პირველი პატიმრობა არ არის (მეოთხეა) და ამ ხნის განმავლობაში კარგად ვისწავლე, რომ ციხის საკნიდან მზა რეცეპტების წერა არაა მაინც და მაინც პასუხისმგებლობიანი საქციელი. პოლიტიკა, სხვა ბევრ რამესთან ერთად, კონტექსტის შეგრძნების ხელოვნებაცაა, კონტექსტს კი „კანით შეგრძნება“ სჭირდება. ამიტომაც, სრულად ვენდობი ჩემი პარტიის წევრებს და სხვა ჩემთვის სანდო პოლიტიკოსებს (პირველ რიგში, ჩვენი კოალიციიდან) და გადაწყვეტილების მიღებას სრულად ვანდობ.

ბრძოლა ადგილზე მიმდინარეობს, ეს უნდა გვახსოვდეს. პატიმარმა შეიძლება ურჩიოს გარეთ მყოფებს, აზრი გამოთქვას მისთვის დასმულ შეკითხვაზე, მაგრამ ამის იქით წასვლა არცთუ პასუხისმგებლობიანი და არცთუ რაციონალური ამბავი მგონია. პატიმრის ბრძოლა ციხის საკანში ყოფნა და სიმტკიცეა, ჩემი თვალთახედვით, რის მაგალითსაც ჩვენი სინდისის პატიმარი ბიჭები, შესანიშნავი მზია ამაღლობელი და ნინო დათაშვილი გვაძლევენ.

და ბოლოს, მთავარი ის არის, რომ სასწორზე სამშობლოს ყოფნა-არყოფნა დევს და ნებისმიერი შეცდომა თუ მიღწევა სწორედ ამ სასწორზე ბალანსის შეცვლას გამოიწვევს. ჯობია, შენიშვნებში ვიყოთ შემცდრები (გინდა შინაარსით, გინდა ტონით), ვიდრე საყოველთაო მოწონებით კმაყოფილები. ბოლოს მაინც ჩვენ გავიმარჯვებთ! ოლიგარქია უნდა დაემხოს!”, – წერს ნიკა გვარამია.

მზია ამაღლობელის ადვოკატი კვალიფიციურად და დამაჯერებლად ასაბუთებს, რამდენი ტყუილი და ცრუ ჩვენება წარმოადგინეს მოწმე პოლიციელებმა – სალომე ზურაბიშვილი

ბრალდების და მისი ბრალდებების სრული კოლაფსი, ჩვენ წინ იწერება „სისტემური სიცრუის ქრონიკა” , – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ეხმაურება.

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ბრალდების მხარის მიერ ვრცელდება „ერთმანეთთან შეუსაბამო სიცრუეები“.

„მზიას სასამართლო: სამი საათია, რაც ძალიან დეტალურად, ნათლად, კვალიფიციურად და დამაჯერებლად ადვოკატი ასაბუთებს, თუ რამდენი ტყუილი, რამდენი ცრუ ჩვენება წარმოადგინეს მოწმე პოლიციელებმა… ერთმანეთთან შეუთავსებელი სიცრუე, რომელიც „არ იფუთება”, ურთიერთსაწინააღმდეგო, წარდგენილ ვიდეო მტკიცებულებებთან შეუსაბამო… დაცვის კითხვებს გაუცემელი პასუხები, გამოუსწორებელი უზუსტობები, ცვალებადი ვერსიები, ბრალდების მხარის და მისი მოწმეების ( ყველა მოწმე პოლიციელია და “დაზარალებული პოლიციელის” თანამშრომელი)”.

ბრალდების და მისი ბრალდებების სრული კოლაფსი…

ჩვენ წინ იწერება „სისტემური სიცრუის ქრონიკა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესზე დასასწრებად მივიდა.

არაფერში ჯდება, როდესაც ლაპარაკობ მშვიდობიან დამხობაზე, მშვიდობიან მკვლელობაზე, ხალხის მშვიდობიან ამოხოცვაზე და ეს სიტყვა ამ კონტექსტს არ აზღვევს – მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

არც თავის დაზღვევაა და არც არაფერში ჯდება, როდესაც ლაპარაკობ მშვიდობიან დამხობაზე, მშვიდობიან მეკვლელობაზე, ხალხის მშვიდობიან ამოხოცვაზე და ეს სიტყვა ამ კონტექსტს არ აზღვევს, – განაცხადა აპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, რომელმაც უპასუხა შეკითხვას ოპოზიციის სამომავლო გეგმების შესახებ.

მისი განცხადებით, „მშვიდობიანი დამხობა“ ისეთივე ურთიერთგამომრიცხავი სიტყვებია, როგორც “მშვიდობიანი მკვლელობა” ან “ადამიანების მშვიდობიანი დახოცვა”, შესაბამისად, ოპოზიციის მცდელობა, რომ თავი დაიზღვიონ, უშედეგოა.

„რამხელა შიში აქვთ და რა სიმხდალეა ჩადებული იმაში, რომ სიტყვა დამხობასთან ერთად ამბობენ მშვიდობიანს. ან დამხობის მნიშვნელობა არ იციან და ინტელექტი არ ჰყოფნით, ან რაღაც სულელურ დაზღვევასთან გვაქვს საქმე. „მშვიდობიანი მკვლელობა“ – შეიძლება ასე ვილაპარაკოთ? სიტყვა „დამხობა“ თავისი არსით, შეიცავს ისეთ შინაარსს, რომ მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს. თუ დამხობას ამბობს, იმის თავი უნდა ჰქონდეს, რომ მშვიდობიანი არ დააყოლოს და თუ დამხობა უნდა, დაამხოს და გაეცემა შესაბამისი პასუხი. თუ ვერ ამხობს, მშვიდობიანს ნუ ამატებს. „ადამიანების მშვიდობიანი დახოცვა“ – შეძლება ასეთი რაღაც ილაპარაკო? ასეთ სისულელეს ამბობენ, ამიტომ, ვითომ აზღვევენ, იმიტომ რომ, დამხობისკენ მოწოდება სისხლის სამართლის დანაშაულია და ამ სისულელე კონტექსტს თუ შექმნიან, ამით დაიზღვევენ თავს. არც თავის დაზღვევაა და არც არაფერში ჯდება, როდესაც ლაპარაკობ მშვიდობიან დამხობაზე, მშვიდობიან მკვლელობაზე, ხალხის მშვიდობიან ამოხოცვაზე და ეს სიტყვა ამ კონტექსტს არ აზღვევს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Flitt პირველი ფინტექ კომპანიაა საქართველოში, რომელმაც Visa-ს სრული PayFac სერტიფიკატი მიიღო

თიბისის წევრი ფინტექ კომპანია Flitt პირველია საქართველოში, რომელმაც Visa-ს სრული გადახდის ფასილიტატორის (PayFac) სერტიფიკატი მიიღო.

Visa-ს სრულ PayFac სერტიფიკატს იღებენ მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც აკმაყოფილებენ კომპანიის მაღალ ტექნიკურ, იურიდიულ და ფინანსურ მოთხოვნებს. ასეთი კომპანიების გადახდების პლატფორმა უნდა იცავდეს PCI DSS-ის უსაფრთხოების სტანდარტებს, ეფექტურად მართავდეს რისკებს და უზრუნველყოფდეს მომხმარებლის მონაცემთა დაცვას.

აღნიშნული სერტიფიკატით, კომპანია აღიარებულია, როგორც დამოუკიდებელი გადახდების ოპერატორი Visa-ს გლობალურ ქსელში და აღარ არის უბრალოდ შუამავალი. მას შეუძლია მართოს გადახდების პროცესი დამოუკიდებლად, ყოველგვარი გარე შეზღუდვის გარეშე. ასევე, მოემსახუროს ბიზნესების კიდევ უფრო ფართო სპექტრს და არსებულ მერჩანტებს შესთავაზოს გადახდების მიღების უფრო სწრაფი, მარტივი და ტექნოლოგიურად გამართული პროცესი. Flitt მერჩანტებს სრულად ონლაინ, რამდენიმე წუთში არეგისტრირებს და მათ გადახდების მიღების დაწყება დარეგისტრირებისთანავე შეუძლიათ.

სერტიფიცირების პროცესის ფარგლებში, Flitt-მა  გაიარა რამდენიმე კრიტიკული მიმართულების დეტალური შემოწმება და შეფასება, რომელიც მოიცავდა: ტექნიკური უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმება, მათ შორის PCI DSS  მოთხოვნებთან; კომპანიაში არსებული რისკების მართვის ჩარჩოს და პროცედურების ეფექტიანობის შეფასებას, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის (AML) პოლიტიკა/პროცედურების შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან, მერჩანტთა რეგისტრაციის და ტრანზაქციების მონიტორინგის ეფექტიანობას. აღნიშნული პროცესის წარმატებით გავლა ადასტურებს Flitt-ის პროცესების სრულ შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან და Visa-ს მოთხოვნებთან.

სერტიფიცირების შედეგად, Flitt-ს უკვე აქვს შესაძლებლობა:

  • დამოუკიდებლად დაარეგისტრიროს მერჩანტები და მოემსახუროს გადახდების სრულ პროცესში;
  • მოემსახუროს მაღალრისკიან მერჩანტებს და შიდა რისკების მართვის სისტემის გამოყენებით, დაეხმაროს რისკების ეფექტურ მართვაში;
  • უზრუნველყოს ინოვაციური და კონკურენტუნარიანი გადახდების სერვისები.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა ჩვენი კომპანიისთვის. მიუხედავად იმისა, რომ Flitt ახალია, ჩვენ შევძელით პირველებს მიგვეღო ეს სერტიფიკატი საქართველოში, რაც ადასტურებს, რომ ჩვენი ფინანსური სერვისები სიმარტივისა და ინოვაციურობის გარდა არის უსაფრთხო და სანდო” ,- გიორგი ქუთათელაძე, Flitt-ის CE0.

Visa-ს სრული PayFac სერტიფიკატის მიღებით, Flitt კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს იმ მიმართულებით, რომ ფინანსური ტექნოლოგიებით უპასუხოს მომხმარებლების ყოველდღიურ საჭიროებებს და გაამარტივოს გადახდების გამოცდილება ქვეყნის მასშტაბით. მიუხედავად სწრაფი ზრდისა, კომპანია მუდმივად მუშაობს ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით და მაღალი სტანდარტებით იცავს უსაფრთხოების და სანდოობის კრიტერიუმებს, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია გადახდების სერვისის მომწოდებლებისთვის.

(R)

რა ეღირება დოლარი და ევრო 2 აგვისტოს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7050 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7050 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7061 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0872 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0936 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0064 ლარი შეადგინა.